არჩილ ალექსიშვილი: კილომეტრიან ლექსებს წერენ სამშობლოზე და რწმენაზე, ამ დროს, ზოგს სულიერი მოძღვარიც არ ჰყავს

344

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

შრომობს, თითქმის არაოსდეს არ ისვენებს… საკუთარ თავს აკრიტიკებს, სხვისგანაც იღებს კრიტიკას, მხოლოდ დამსახურებულს… ცდილობს საკუთარ თავს პოეტი არ უწოდოს, არ უყვარს საკუთარ თავზე ამაღლებულად საუბარი. პატრიოტია და ალბათ ცოტა მეტიც, თუმცა იცის დრო, როდესაც უნდა იბრძოლოს, იცის ბრძოლის ხერხებიც. არავის პატიობს ჩვენი პატრიარქის შეურაცხყოფას და პირდაპირ ებრძვის! საკმაოდ რთული ადამიანია, მოთხოვნები დიდი აქვს და განსაკუთრებით საკუთარი თავის წინაშე და ცხოვრობს თავისი ხასიათის შესაბამისად.

როგორც თავად ფიქრობს, შეიძლება შემოქმედებაში საკრიტიკოც ბევრი მოეძებნოს და სიამოვნებით მიიღებს პროფესიონალისაგან კარგ რჩევებს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ჩემი რესპონდენტის დამოკიდებულება: რომ შესაძლოა ადამიანი ბრწყინვალე პოეტი არ იყოს, მაგრამ, რასაც წერს, მისი სადარი მაინც უნდა იყოს – საქმით, რადგან მან სიტყვა უკვე თქვა სამშობლოს სასარგებლოდ…

ეს ქართველი, უკვე ყველასთვის ცნობილი, მრავალშვილიანი ოჯახის მამაა და საინტერესო რესპონდენტი, არჩილ ალექსიშვილი.

– ვინ არის არჩილ ალექსიშვილი?

– ერთი რიგითი ხალხთმოყვარე ადამიანი.

– და რით ამაყობს არჩილ ალექსიშვილი?

– ვამაყობ, რომ ვარ ქართველი და მართლმადიდებელი.

– პოეტობა როდიდან გადაწყვიტეთ?

 – 15 წლის წინ დავწერე პირველი ლექსი, რომელიც მიეძღვნა ულამაზესს ქალბატონს, რომელიც დღეს ამერიკაში ცხოვრობს.

– ბატონო არჩილ, არ გეშინიათ პოეტური რთული გზის?

– ვისაც პოეტური რთული გზის ეშინია, კალამი ხელში არ უნდა აიღოს, მარტო წერა არ არის საქმე, პოეტი რასაც წერს, საქმითაც უნდა ამტკიცებდეს.

– თქვენი შემოქმედება უფრო პატრიოტულ მოტივებზეა. რამ განაპირობა ეს?

– მოგეხსენებათ, ბოლო ათეული წლებია ძალიან დაძაბული ვითარეებაა საქართველოში… ომებმა შეიწირა ბევრი ჩვენი თანამემამულე… ასე რომ, ყველა პოეტის მთავარი თემა პატრიოტული უნდა იყოს ასეთ ვითარებაში.

– ბოლო პერიოდში პატრიარქს ხშირად ავად ახსენებენ. რისი ბრალია ეს?

არჩილ ალექსიშვილის გამოსვლა

– ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება ყველა ვინც ჩვენი სულიერი მამის და მწყემსმთავარის წინააღმდეგ არის ამხედრებული! თვითონ, ჩვენმა პატრიარქმა აღნიშნა, როგორც ბიბლიურად არის დღევანდელი დროება აღწერილი, – მასიური მცდელობები იქნება ხალხი რწმენას დააცილონ და ეკლესიას ჩირქი მოსცხონ, მაგრამ საქართველოში ვერ მიაღწევენ ამას, გავაძლიეროთ ლოცვები! სამწუხაროა, რომ ხშირად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ ბრალდებებს უყენებენ მის უწმინდესობას, – იქ ისე რატომ მოიქცა და აქ ასე რატომ… ნებისმიერ ეპოქაში, სულიერი მამა პირველ რიგში იმას უნდა ფიქრობდეს, რომ საკუთარი ხალხის სისხლი არ დაიღვაროს, აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. ზოგი კი მას ასე ცუდად ახასიათებს. ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ უწმინდესს ვერ ვასწავლით, რა დროს როგორ უნდა მოიქცეს. ავადმახსენებლებს კი ვურჩევ მოინანიონ ეს დიდი ცოდვა და შეუდგნენ ჭეშმარიტ გზას. ჩვენ უწმინდესი და უნეტარესი გაგვიყვანს ჭეშმარიტ გზაზე და გადაგვარჩენს თუ დავუჯერებთ მას.

– ვინ არის ჩვენთვის პატრიარქი?

 – ჩენი პატრიარქი არის გზა ჭეშმარიტებისა, გზა უფლისკენ.

– ბატონო არჩილ, მწერლების ვალი რა არის სამშობლოს წინაშე?

– მწერლების და პოეტების წმინდა ვალია, კარგად განუმარტონ ერს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და თვითონვე უნდა იყვნენ ჩაბმულები ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში. ასე რომ, მხოლოდ ლამაზი ფრაზები არაფერს ნიშნავს…

– კრიტიკოსებთან თუ ურთიერთობთ, რომ თქვენი შემოქმედება მუდმივად მზარდი და კარგი იყოს?

– ყოველთვის გამიხარდება პროფესიონალი ლიტერატორების და კრიტიკოსების მითითება, რადგან ამის გარეშე წარმოუდგენელია ლექსის წერა. ბევრი პოეტს მიწოდებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს ღირსეული წოდება რომ დაიმსახუროს ადამიანმა, დიდი და რთული გზა უნდა განვლოს, როგორც ავღნიშნე მარტო ლამაზი ფრაზები არ ნიშნავს პოეტობას. პოეტი უნდა იყოს პატრიოტი, ყველასათვის მისაბაძი და თავმდაბალი! უამრავი კარგი პოეტია, მაგრამ საკუთარ თავს აბნელებენ ამპარტავნობით და ზემოდან ცდილობენ ყურებას… აქ კი ნულია მათი არსებობა! ეს ყველაფერი კარგად შეიმჩნევა შორიდან, – წერენ ერთს, ცხოვრობენ სხვა ცხოვრებით… კილომეტრიან ლექსებს წერენ სამშობლოზე და რწმენაზე, ამ დროს, ზოგს სულიერი მოძღვარიც არ ჰყავს, აღსარებაც კი არ ჩაუბარებია არასოდეს… სხვას როგორ უნდა ასწავლონ ჭეშმარიტად მამულიშვილური ცხოვრება თუ თავად არ ცხოვრობენ ისე?! ბოდიში მკითხველთან, სხვა თემაზე გამიგრძელდა საუბარი მაგრამ ეს დიდი ტკივილია…

– დღეს გახშირდა ფსევდო-პატრიოტიზმი და ფსევდო ქართველობა უფროა წინა პლანზე. რა გვჭირს?

– სამწუხაროდ ასეა, არეულია ხალხი, შიდა მტერი უფრო ბევრია ვიდრე გარე… გამოსავალი ერთია, – ვისაც საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა და არა მარტო ფულის კეთება, ნებისმიერ სფეროში, ასეთი ხალხი უნდა გაერთიანდეს და უნდა გამოიხშიროს მოღალატეები და ფსევდო პატრიოტები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ მილიონობით ჩვენი თანამემამულე გახდა ემიგრანტი, ოჯახის გადასარჩენად…

– რეალურად რა არის ამ ქვეყანაში საზრუნავი და რაზე საუბრობს ანუ რაზე ზრუნავს ხალხი?

– უამრავ რამეზეა საზრუნავი ქვეყანაში, ხალხი ნაგვის ბუნკერში ეძებს საჭმელს, ქუჩაში ძინავს ბევრს, ქართული, ეროვნული ტრადიცია აღარ აინტერესებთ, ეკლესიაში არ დადის უამრავი, მიზეზად მოძღვრებს და ფულს ასახელებენ… ამ დროს, რომ დავფიქრდეთ, მოძღვარსაც ოჯახი ჰყავს და ბევრი მრავალშვილიანია. მათ ოჯახებსაც ხომ უნდა რჩენა. მართალია, კონკრეტულად განსაზღვრული თანხა არ უნდა დაწესდეს არაფერზე და რასაც შესაწირის სახით გაიღებს მრევლი, ალალი იყოს. შეკითხვაზე თუ რაზე ზრუნავს ხალხი, ბოლო ათეული წლებია მთავარი საზრუნავი გახდა ოჯახის გამოკვება, ხოლო დასასვენებლად წასვლა, ჩაცმა-დახურვაზე საუბარი და სხვა ადამიანური, მარტივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, უმრავლესობისათვის ზედმეტია ფიქრიც კი. დღეს ხალხი ზრუნავს იმაზე, რომ ოჯახი გამოკვებოს, აქედან გამომდინარე ეროვნული ინტერესები მიძინებულია და გარე ძალები ცდილობენ ათასგვარი სიბილწეების დაფუძნებას ჩვენს ქვეყანაში, ფსევდო-პატრიოტების დახმარებით. ამ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზეა საქართველოს პატრიარქი და ეკლესია, ცდილობენ ყოველგვარი ძალადობის გარეშე შეასმინონ ზოგს, რომ მსგავსი რამეები საქართველოში ვერ დაფუძნდება.

– ვინმეს თუ გაუკრიტიკებიხართ?

არჩილ ალექსიშვილის დაჯილდოება

– მწარედ მახსოვს, ლექსის წერა ახალი დაწყებული მქონდა, როდესაც ერთ პოეტ ქალბატონს მივწერე ჩემი ლექსი მანდილოსნებზე, მან ასეთი პასუხი მომწერა: ბავშვური სისულელეა და დადე კალამი… რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მაშინ წარმომედგინა, რომ ყველა პოეტის სიტყვა დასაჯერებელია… მადლობა გადავუხადე ამ ქალბატონს, რომ თვალები ამიხილა და ერთი წლის განმავლობაში არ გამიხედავს კალმისაკენ. ერთი წლის შემდეგ შემეხმიანა ერთი მეგობარი, როინ მუსერიძე (მისი დიდი ღვაწლია თუ რაიმეს ვწერ დღეს) და მკითხა, – აჩიკო, რატომ აღარ ჩანხარ, რატომ აღარ წერ? ხალხი ჯგუფებში გკითხულობს, სად გაქრა ეს ბიჭიო… ბატონო როინ, მე ქალბატონმა (სახელსა და გვარს არც დღეს ვასახელებ) მითხრა ჯობია დადო კალამიო, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მას ბატონო როინ და დავუჯერე… რას ამბობთ, არჩილ, თქვენ კარგად გამოგდით წერა და უნდა გააგრძელოთ. თქვენ რა გგონიათ, ამ სფეროში ყველა დიდი პოეტი და წმინდანია?! არა ბატონო! აქ რა სიმდაბლეებიც ხდება, არსად მინახავს მეგობარო… გააგრძელეთ წერა, არავის აქვს უფლება გითხრათ დადე კალამი… ხალხი გელით და მათი გული რომ უკვე ერთხელ მოიგეთ, მათ გულისათვის დაბრუნდით. ამას ყველა ვერ ახერხებს… სხვათაშორის, ქალბატონია და არ მინდა მის სულმდაბალ საქციელებზე ვისაუბრო, როგორც მომექცა, ერთს კი ვიტყვი, იმ პოეტესას, რომელი ლექსიც გავუგზავნე დღემდე პოპულარულია, ძალიან…  როდესაც ამ ლექსით წარვსდგები ხოლმე აუდიტორიის წინაშე, ხალხიც ამყვება ხოლმე, რადგან იციან ეს ლექსი და მიხარია. იმ ქალბატონს ღმერთმა გაუმარჯოს თავის გზაზე.

– რამდენად თვითკრიტიკული ხართ?

– ადამიანი თუ თვითკრიტიკული არ არის, ძალიან ცუდია. რა მნიშვნელობა აქვს პოეტია თუ არა, ყველა თვით კრიტიკული უნდა იყოს.

– და რამდენად ადექვატურია დღეს საზოგადოება თავისი სიტყვასთან მიმართებაში?

– ვფიქრობ ბოლო ათეული წლების მანძილზე სიტყვის ძალა და ფასი საერთოდ დაიკარგა… ამიტომ, როდესაც ითქმება სიტყვა და მას ექნება ადექვატურობა, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მაშინ იქნება შესაძლებელი.

– რა არის თქვენთვის ოჯახი?

– ოჯახი არის ადამიანის სახე და სიწმინდე! ოჯახში უნდა იყო ძალიან თბილი მეუღლისადმი და ისიც ადექვატური იქნება მუდამ. ექვსი შვილი გვყავს ჩვენ, უფალმა დალოცოს ყველა პატარა, მათზე ზრუნვაა მთავარი, რომ ტრადიციულები აღიზარდნენ, ღვთის მოსავები. ოჯახსა და სამშობლოს ერთნაირად უნდა გაუფრთხილდეს ჭეშმარიტი მამულიშვილი.

– როგორ წარმოგიდგენიათ ნამდვილი ქართველი, ქრისტიანი მართლმადიდებელი?

– ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანი მართლმადიდებელი უნდა იყოს ვაჟკაცი, თავმდაბალი, თავდადებული ერის, ქვეყნისა და საკუთარი მშობელი ეკლესიისთვის. შემიძლია რამდენიმე ბოლოდროინდელი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები დავასახელო, რომლებიც სამშობლოსა და ღირსებას შეეწირნენ, ისინი დღეს ჩვენი ეროვნული გმირები არიან, რომლებზეც უნდა გვქონდეს მუდამ სწორება – გიორგი ანწუხელიძე, ვახტანგ გზირიშვილი, არჩილ ტატუნაშვილი! მათზე უამრავი ლექსი დაიწერა და მეც მაქვს მიძღვნილი, მუსიკალური კლიპიც შევქმენით ჩემს ლექსზე, სახელწოდებით „დაჭრილი მეომრის ბოლო ამოძახილი“, ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩავწერეთ. მღერის ბატონი გოჩა ჭაბუკაიძე, მუსიკის ავტორიც თავადაა და დუეტში ასრულებს თავად მარიამ მაქაძესთან ერთად კლიპის ავტორი პოეტი იმედა კვარაცხელიაა.

– ბატონო არჩილ, ქართული სუფრა აკადემიააო… რას ნიშნავს და რითია აკადემია იგი?

– პირველი წიგნი გამოვეცი სახელწოდებით „ლექსები და სადღეგრძელოები“. წიგნში ყველა სადღეგრძელოზე ორი ლექსი მაქვს შეტანილი. მყავს უკარგესი ნათესავი, საამაყო მამულიშვილი, ჯონი ბარამიძე, რომელიც განთქმული თამადაა ბათუმში, ამ ლამაზ ზღვისპირეთში ცხოვრობს ოჯახით. 400-ზე მეტ ქორწილშია ნათამადები, გამოირჩევა იუმორითა და მჭერმეტყველი სიტყვა-პასუხით, მისგან ბევრი რამ მაქვს ნასწავლი. მას ეკუთვნის წიგნები „თამადა 1“ და „თამადაც 2“. სხვა საინტერესო საკითხებზეც აქვს წიგნები ფამოცემული, აკადემიკოსი გახლავთ. დიახ, აკადემიაა ქართული სუფრა, იქ არ უნდა იყოს მარტო სმა, აუცილებლად თამადამ უნდა აირჩიოს ორი აქტიური მოადგილე და ქალთა თამადაც, უნდა იყოს მოსმენა, ერთმანეთის სიტყვა კარგად უნდა მოისმინოს ყველამ. ქართული სუფრა ლოცვა და დალოცვაა. რაც გადამეტებულია, ის მოგონილია, მაგალითად – განსხვავებული სასმისი რომ ისმება, რითიც ძირითადად სვამენ, იმისაგან ფორმით უნდა იყოს განსხვავებული და არა მოცულობით. იმდენი უნდა დალიოს ადამიანმა, რომ მშვიდობიანად მივიდეს სახლამდე. არასოდეს არ უნდა უყურონ სასმისში ერთმანეთს, ვისაც რამდენი შეუძლია, იმდენი უნდა მიირთვას. ასე რომ, ქართული სუფრა ურთიერთობაა, როგორც ავღნიშნე ლოცვა და დალოცვაა, ლექსია, სიმღერა, ცეკვა და იუმორი. ამიტომაც ჰქვია აკადემია.

– მსოფლიოს სხვა ერი, რომელიც გიყვართ და რატომ, რა ნიშნით?

არჩილ ალექსიშვილი სამსახურში

– ღმერთის შექმნილია სამყარო და ყველა ერი, მას ყველა უყვარს. ასე რომ, ჩვენ, ადამიანებს, ყველას უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი განურჩევლად ფერისა, ერისა და სარწმუნოებისა. არ გამოვარჩევ არც ერთ ერს. ვიტყვი, რომ მიყვარს პირველ რიგში საქართველო და ქართველები, შემდეგ კი ყველა ერი. იციან ხოლმე თქმა, ჩემი ცუდი ქართველი მირჩევნია უცხოს და კარგსო… რაშიც ვერ დავეთანხმები, რადგან ცუდი რასაც ჰქვია, ცუდია და გინდ საკუთარი შვილი იყოს. უპირატესად ჩავთვლი ადამიანთა შორის, რასაც ჩვენი სარწმუნოება ქადაგებს, ისე უნდა მოვიქცეთ ყველა მსოფლიოს ადამიანთან მიმართებაში. ყველა ერს აქვს რაღაც ისეთი, რაც გამორჩეულია და მარტო მათ ეკუთვნის. ქართველებს ყველაფერი კარგი და სასწაული გვაქვს, – სტუმართმოყვარეობა, ტრადიციები, ხელოვნება, მაგრამ, რაც მთავარია და სამწუხარო, ერთმანეთის სიყვარული დავკარგეთ… ასე სურთ ჩვენს მტრებს… იმედი მაქვს აღზევდება ქართული სული, უფლის წყალობით.

– ვის აღიარებთ დღეს თანამედროვეობის დიდ პოეტად, პროზაიკოსად?

– თინათინ მღვდლიაშვილს ვაღიარებ უძლიერეს პოეტად და ლევან ფანჩვიძეს! ტარიელ ხარხელაურს, დავით ახლოურს, ჯუბა ღებელს, თამარ ხოჭოლავას, ედუარდ უგულავას, გაგა გომართელს, გოჩა ჭაბუკაიძეს, თემურ ცერცვაძეს, ნეკა ბაკურაძეს, ლალი ასაბაშვილს. კიდევ ბევრია, რომლებიც გამორჩეულები არიან, მაია გიუნაშვილი, შორენა გაბელაშვილი, ნანი გულბანი, მაია ხოფერია. ბელა ალანია ძალიან კარგ ლექსებს ქმნის და ამავდროულად არაჩვეულებრივი პროზაიკოსია. ასევე უძლიერესი პროზაიკოსია გიორგი აღნიაშვილი და ჯაბა ქვლივიძე. ჩამონათვალს კიდევ ბევრი აკლია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაპატიეთ.

– დიდი მწერლებიდან ვინ გიყვართ და რატომ?

– შეიძლება კი რომელიმეს გამორჩევა? იმდენი ბუმბერაზი მწერლები და პოეტები გვყავდა, თუმცა მაინც გამოვარჩევ: წმინდა ილია მართალს (ჭავჭავაძეს). ალბათ ჩნდება შეკითხვა – რატომ? იმიტომ, რომ დაუცხრომელი და შეუჩერებელი პატრიოტი იყო, ის სამშობლოსათვის იბრძოდა, როგორც ფიზიკურად, ისე კალმით! სამწუხაროდ მისნაირები იშვიათად იბადებიან, რომ მშობელი ერი გაძლიერდეს. მან უამრავი პროფესია შეიძინა და ღრმად განისწავლა, ყოველი მათგანის არაჩვეულებრივი მცოდნე იყო. მისი ტკივილი და საზრუნავი მისი სიტყვებიდან მკაფიოდ ჩანს, -„მამული, ენა, სარწმუნოება“.

– ბატონო არჩილ, მწერლობის დანიშნულებაზეც რომ გვესაუბროთ…

– მწერლობის დანიშნულებაა ერს მიაწოდონ მიმდინარე მოვლენების ზუსტი იმფორმაცია, იზრუნონ მომავალი თაობის განვითარებაზე, მათზეა დამოკიდებული როგორ მიიტანენ ერამდე წარსულს და აწმყოს, მათ უნდა იცოდნენ რა არის საკეთებელი, უნდა იყვნენ ეროვნულ საქმეებში ჩაბმულები, პრესტიჟის გულისათვის არუნდა იყვნენ მწერალთა კავშირის წევრები.

– რა არის თქვენთვის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია~?

– პრემია „ივერიის“ ლაურიატი მეც გახლავართ. 2019-წლის დაჯილდოების ცერემონიალს ტელეფონით ვიღებდი, რა დროსაც ჩამესმა ჩემი სახელი და გვარი, უცებ ფეხები მომიდუნდა… შემდეგ ვიფიქრე, ალბათ პატივი დამდეს და ვინმე უნდა დავაჯილდოვო მეთქი, როგორც ხდება ხოლმე მსგავს ღონისძიებებზე. რომ გავედი ხელი გავიშვირე, რომ მოეცათ ყველაფერი, რითიც ჯილდოვდება ნომინანტი, მაგრამ ჩემთვის უწმინდესი ჯილდო, მე ჩამომკიდეს კისერზე, გაოგნებული დავრჩი, ფოტო არსებობს, რომელშიც საკუთარ თავზე ვიდებ ხელს და ვკითხულობ – ეს მე მეკუთვნის? – დიახ თქვენ გადმოგეცათ მიპასუხეთ თქვენ, ბატონო ნუგზარ… არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ, მსგავსი სიხარული ენით აღუწერელია. არცერთი პროცენტით არ ველოდი ჩემ დაჯილდოებას. ჩემთვის ყველაფერია ეს ჯილდო, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დიდი მადლობა გადაგიხადოთ! მადლობა ყველას, ვინც ხელი შეუწყო აღნიშნული პროექტის დაფუძნებას და განვითარებას.

– საჭიროა მსგავსი პროექტი–პრემიები და რას მოუტანს ისინი საზოგადოებას?

– მსგავსი პროექტი დიდ სტიმულს მატებს პოეტს, რომ უფრო მეტად იღვაწოს და განვითარდეს. პრემია „ივერიაში“ ჟიურის წევრებმა არ იციან ვის ლექსს განიხილავენ და მსმენია, რომ ძალიან ცნობილი პოეტების ლექსებსაც ვერ გაუმარჯვია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პროექტი მიუკერძოებელია გადაწყვეტილების მიღების დროს და ვისი ლექსიც არ უნდა იყოს, იმ დროისთვის მხოლოდ ღირსეული იმარჯვებს. ეს არის უფრო მეტი მოტივაციის მომცემი. მსგავს პროექტში გამარჯვება კი ერთგვარი ადრენალინია, ენით აღუწერელი, ასე რომ, აღნიშნული და სხვა მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ლიტერატურის განვითარებას.

– დღეს საქართველოს უამრავი პრობლემა და ჭრილობა აქვს… გზა ხსნისა?

– გზა ხსნისა ნამდვილად არ არის პატრიარქის აუგად ხსენება. ეს დიდი შეცდომაა! გზა ხსნისა სწორედ პატრიარქმა იცის და თუ გავყვებით მის ნაჩვენებ გზას, ხსნასაც მოგვივლენს უფალი! ხსნა ერის ერთსულოვნებაშია, ერის გაერთიანებაშია ხსნა.

– და ბოლოს…

არჩილ ალექსიშვილის ოჯახი

– კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მწერლებს და პოეტებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამშობლოს წინაშე. პირნათლად უნდა შეასრულოს ყველა მწერალმა ეს წმინდა მოვალეობა.