ქართველებს ხომ დღესასწაულები გვიყვარს, ვქმნით და სხვასაც ვჩუქნით ბედნიერებას… ჰოდა, კიდევ ერთი ასეთი სასწაული დღე – დღესასწაული შექმნა ქართველმა ხალხმა იტალიაში, ქალაქ რეჯო ემილიაში, ცხადია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით. რეჯო ემილიას მერიამ შესთავაზა ქართველებს, რომ ეჩვენებინათ ქართული კულტურა, ხასიათი, რაც პირველი იყო ისტორიაში და, ჩვენდა სასახელოდ ეს დღე ჩაიწერა ასე – ერთი ქართული, ლამაზი დღე რეჯო ემილიაში, საოცარ, ლამაზ ჩრდილოეთ იტალიაში.
სულ ახლახანს, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს იტალიაში, ქალაქ რეჯო ემილიაში პირველი ქართული ფესტივალი ჩატარდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შემოთავაზებით ფეისბუქ ჯგუფის „ქართველები რეჯო ემილიაში“ ადმინისტრაციამ მირანდა მამაგეიშვილმა, ირმა ჯალაღონიამ და თამუნა დათუნაშვილმა რესტორან „ნეტას“ და რესტორან „მადას“ დახმარებით „ერთი ქართული დღე“ მოაწყეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამავე რეგიონში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ხელოვანებმა. იყო ქართული ცეკვა და სიმღერა, ქართული პოეზია და ქართველი ემიგრანტების ხელით შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
მირანდა მამაგეიშვილი: ეს არ იყო უბრალოდ ფესტივალი, ეს იყო ქართველი ემიგრანტების ნიჭის ზეიმი. ბედნიერი ვარ რომ შევძელი და ერთი დღე გავულამაზე ჩვენს ემიგრანტებს. მადლობა უანგარო სამუშაოსთვის დავით ბუცხრიკიძეს, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმით ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია ღონისძიები.ს წარმართვაში. ცხადია, მადლობა ყველა მონაწილეს და სტუმარს, რომელთა გარეშეც ეს პროექტი არ შედგებოდა!
ირმა ჯალაღონია: 20 წელია იტალიაში ვცხოვრობ, ჩემი ოცნება იყო იტალიელებისთვის გვეჩვენებინა ქართველების სხვა მხარე – ნიჭიერება, რადგან ვიცოდი, რომ ბევრი ხელოვანი ქართველი ცხოვრობს ამ რეგიონში. ასევე, ბევრი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს შეჯიბრებებში, იტალიის სახელით და დიდი წარმატება აქვთ. ამიტომ შევკრიბეთ ყველა ერთად და გავაკეთეთ ერთი ქართული დღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი რეჯო ემილიას მუნიციპალიტეტს.
თამუნა დათუნაშვილი: ჩემთვის ემოციური იყო ეს დღე, ვხედავდი ბავშვების ბედნიერ სახეებს. მონაწილეების ერთობლივმა ჩაბმულობამ გული ამიჩუყა, ვხედავდი როგორი სიხარულით და ენთუზიაზმით აწყობდნენ თავიანთ კუთხეს. ულამაზესი გამოვიდა. ვიტყვი, რომ ამისთვის ღირდა ენერგიის დახარჯვა. ჩვენთვისაც პირველი იყო ეს გამოწვევა და შევეცდებით შემდეგ ჯერზე კიდევ უფრო დავხვეწოთ დეტალები.



„ანსამბლი „სტუდია ჯეორჯია“ ჩამოყალიბდა 2024 წლის 8 მარტს. რეჯიო ემილიის ყოვლადწმინდა სამების სამრევლოსთან არსებულმა ანსამბლმა ამ მოკლე დროში დაუღალავი შრომის ხარჯზე შეძლო და მონაწილეობა მიიღო დასავლეთ ევროპის ეპარქიის, მეუფე აბრაამ (გარმელიას) ლოცვა-კურთხევით დაარსებულ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ერთობის ზეიმი“, რომელიც გაიმართა ქალაქ ბარსელონაში (მესამედ 25/05/2025 წ.), სადაც წარმოდგენილი იყო ევროპაში მოღვაწე 12 სხვადასხვა სამრევლოს 18 მგალობელთა გუნდი და ცეკვის ანსამბლები.
რაც შეეხება რეჯო ემილიაში, ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობას, ეს შეიძლება ითქვას, ერთი წლის ნაშრომის წარდგენა იყო ადგილობრივი მაყურებლისთვის. ვფიქრობ, რომ ქართული ცეკვა და საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ღონისძიების მხარდამჭერი და მონაწილე გახდა“, – გვითხრა ანსამბლ „ჯეორჯიას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა გოდერძი კოხრეიძემ.

კარლო კოლომბო (ადვოკატი): ნამდვილი პრივილეგია იყო მირანდასა და ჯგუფის „Georgiani in Regione Emilia“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალში მონაწილეობა, უნიკალური შესაძლებლობა, ჩავძირულიყავი არაჩვეულებრივი ხალხის კულტურასა და ტრადიციებში. მე ვნახე ავთენტური ფოლკლორული ღონისძიებები: სიმღერები, ცეკვები და შემაძრწუნებელი ჩვენებები, რომლებიც საქართველოს სულზე და ძალაზე მოგვითხრობენ. იტალიაში ქართული თემი ძალიან ძვირფას როლს ასრულებს, განსაკუთრებით ხანდაზმულთა დახმარების სფეროში: ისინი იყვნენ და აგრძელებენ ფუნდამენტურ ყოფნას ყველაზე დაუცველი ადამიანების ცხოვრებაში – მათი მოვლისა და კეთილდღეობისთვის. ქართველი ქალები და მამაკაცები წარმოადგენენ ფასდაუდებელ რესურსს, ჩვენი სოციალური სტრუქტურის მნიშვნელოვან ნაწილს. ჩემი გულწრფელი პატივისცემა მათ, რადგან მათ ყოველდღიური წვლილი შეაქვთ იტალიის უფრო ჰუმანურ და მხარდამჭერ ქვეყნად გარდაქმნაში.
ფრანჩესკო ტრეჩი: (მწერალი, 3 წიგნის ავტორი საქართველოს შესახებ იტალიურ ენაზე): რეჯო ემილიაში ეს პირველი ნაციონალური დღესასწაულია ქართველების. მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი ვიმოგზაურე იტალიის სხვადასხვა ქალაქებში წიგნების წარსადგენად, მაგრამ ასეთი მასშტაბის ქართული ღონისძიება პირველად ვნახე. ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივითა საწყისი იქნება, რომელსაც მრავალი მოჰყვება თან. ცეკვები, სიმღერები, პოეზია, – საქართველო საოცარი ქვეყანაა და ჩვენ ის ყველა იტალიელს უნდა გავაცნოთ. უნდა აღვნიშნო, რომ ფესტივალზე ძალიან ბევრი დამსწრე იყო, როგორც იტალიელები აგრეთვე ქართველები. იტალიელებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ტიპიური სამზარეულო, ცეკვების ნახვა და ჩემგან ისტორიისა და კულტურის შესახებ სიახლეების მოსმენა. მშვენიერი დღე იყო. მადლობა ორგანიზატორებს. დიდ წარმატებას გისურვებთ!

ნელი კოვზაძე: ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ, ამ სცენაზე ვიმყოფები და ვართ ქართული ზეიმის მონაწილენი. ჩვენი გუნდი ინტერნაციონალურია, მასში გაწევრიანებულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის ვოკალისტები. გუნდს შევასწავლე „შატილის ასულო“. არ იყო ადვილი, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, „შატილის ასულო“ ცოტა რთული შესასრულებელია, უცხოელებს უჭირთ ჩვენი ყელისებრი ბგერების წარმოთქმა, მაგრამ მე ეს მოვახერხე და ამაყი ვარ, რომ ჩემს გუნდს შევაყვარე ქართული ფოლკლორი. ჩვენ კიდევ ერთ ქართულ სიმღერაზე ვმუშაობთ და მომავალში თუკი დაიგეგმება მსგავსი ღონისძიებები, სიამოვნებით წარვსდგებით.



ნატა გიორგაძე, ბლოგერი: გამარჯობა! მოხარული ვარ გაგეცნოთ, მე ვარ ნატა გიორგაძე, ემიგრანტი, ბლოგერი. უკვე ხუთ წელს ითვლის ჩემი ემიგრანტობა, პირველი ივნისი ამ ხუთ წლიანი ემიგრანტობის ფონზე ჩემთვის ნამდვილი ზეიმი იყო. ტრადიციული ქართული ცეკვა, მუსიკა ხელნაკეთი ნივთები, ნახატები ყველაფერში იგრძნობოდა ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ასეთი დღეები დარწმუნებული ვარ ყველა ენიგრანტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვიქნები თუ ხშირად გაგვანებივრებენ ჩვენი ორგანიზატორები, რისთვისაც მადლობას ვუხდი ფეისბუკ ჯგუფის „ქართველები რეჯო ემილიაში“, ადმინისტრატორებს, ქალბატონ ირმა ჯალაღონიას, მირანდა მამაგეიშვილს, თამუნა დათუნაშვილს და ასევე რეჯო ემილიის კომუნას. მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, რადგან ისინი ჩვენთვის შრომობენ რომ უფრო გამარტივებული იყოს ჩვენთვის იტალიაში ემიგრანტობა და მოქალაქეობის მიღება. უფალი იყოს ყველა ჩვენთაგანის მფარველი!

ქრისტინა კასარინი, მრავალეთნიკური ხალხური და ტრადიციული ცეკვის ასოციაცია. „ვიცეკვოთ მსოფლიოში“: როგორც იქნა ვიხილეთ რეჯო ემილიაში ლამაზი ფესტივალი, სადაც უცხო ქვეყანას გამოაქვს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელსაც მე მრავალი წლის განმავლობაში ვავრცელებდი და ცხადია ბევრ ქვეყანას ვსწავლობდი. ნამდვილად დიდი სიხარულია დღევანდელი დღე. ნელის წყალობით ჩვენ მჭიდრო კავში გვაქვს ქართველ საზოგადოებასთან, ხშირად დავდივართ ქართულ რესტორნებში და ძალიან მოგვწონს ქართული კერძები. თქვენი ცეკვები კი საოცარი რამ არის. ყველანი პირდაღებული დავრჩით, თქვენი ქორეოგრაფიული სტილი საოცარია. ადამიანს რომელსაც წლების განმავლობაში უყვარს კულტურა და უცხოური ცეკვები, მადლობას გიხდით, რომ თქვენი კულტურული მემკვიდრეობა რეჯო ემილიაში მოიტანეთ.

ანა მაისურაძე: დავიბადე და გავიზარდე უკრაინაში. მუსიკალური განათლება მივიღე იტალიაში, რეჯო ემილიის კონსერვატორიაში. უკრაინაში ცხოვრების წლებში, ჩემი მშობლები ცდილობდნენ გამეცნო და შემყვარებოდა ქართული კულტურა.

ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ამას ყოველთვის ვამბობდი, ჯერ კიდევ ბავშვობიდან, ალბათ სამი წლის ასაკიდან. დავიწყე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლში, ვიყავი უკრაინის ქალაქ ხარკოვის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ „მეტეხის“ სოლისტი. ბედმა იტალიაში მომიყვანა, სადაც ძალიან მაკლდა ჩემი სულის ეს ნაწილი… 1 ივნისის ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო არამარტო ჩემთვის, არამედ ჩემი თანამემამულეებისთვისაც. სამყარო მშვენიერია. ზოგჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯია საჭირო, რომ გაიცნო უცხო ქვეყნის კულტურა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შენგან შორს არის, შეიძლება აღმოჩნდეს ულამაზესი და ძალიან მნიშვნელოვანი, ისეთივე როგორიცაა ჩვენი მშობლიური ქართული, თავისი სამზარეულოთი, ცეკვებით, სიმღერებით და საერთოდ მრავალფეროვანი და მრავალსაუკუნოვანი კულტურით და ისტორიით. გულით ვუხდი მადლობას ყველას, ვინც შესაძლებლობა მომცა გამეზიარებინა ქართული კულტურის სილამაზე და ვყოფილიყავი ამ საოცრად ლამაზი დღის მონაწილე.
ანჟელა ჯავახაძე. მხატვარი: ყველას მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ირმა ჯალაღონიას, რომელიც პირველი დამიკავშირდა და მთხოვა მონაწილეობა მიმეღო ამ ღონისძიებაში. ყველა მონაწილე დამეთანხმება, რომ მადლიერი დავრჩებით ჩვენი ცხოვრების მანძილზე, რათა შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ნიჭის და ნამუშევრების გამოვლინების. ულამაზესი დღე, ემოციებით დატვირთული საათები. ყველა დეტალი ქართული სილამაზით იყო გადმოცემული, ცეკვა სიმღერა და ქართული სუფრა ღვინო – არაჩვეულებრივი! მადლობა ყველას!

ანა აბესაძე, მხატვარ-დიზაინერი, თვითნასწავლი კონდიტერი: ღონისძიებამ დამიტოვა ძალიან დადებითი შთაბეჭდილება, შესანიშნავი ორგანიზება, თბილი გარემო და ინსპირაციული გამოცდილება. ბედნიერი ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე! გულწრფელი მადლობა ამ შესანიშნავი ღონისძიებისთვის! საოცრად ორგანიზებული იყო თითოეული დეტალი.

ბელა მარტიაშვილი, თინიკო დევსურაძე და ქეთი ქველიაშვილი, ტრიო „არგო“: ეს იყო დაუვიწყარი საღამო და ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა რეჯო ემილიას მუნიციპალიტეტს თანადგომისათვის და ადლობა ორგანიზატორებს გაწეული შრომისთვის.

პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო რეჯო ემილიას მუნიციპალიტეტს და ქალბატონ ნინო ნიორაძეს იმისთვის, რომ მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყანა წარმოგვეჩინა, ასევე მადლობა ირმა ჯალაღონიას მადლობა ბატონ გოდერძის და ყველა ორგანიზატორს. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ტრადიციათ იქცევა…
მარეხი ფერაძე (პიანისტი) და მის ვაჟიშვილი გუგა ლაზუაშვილი, რესტორან „მადას“ ერთ-ერთი წარმომადგენელი: სულ ახლახანს, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს იტალიაში, ქალაქ რეჯო ემილიაში პირველი ქართული ფესტივალი ჩატარდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შემოთავაზებით ფეისბუქ ჯგუფის „ქართველები რეჯო ემილიაში“ ადმინისტრაციამ მირანდა მამაგეიშვილმა, ირმა ჯალაღონიამ და თამუნა დათუნაშვილმა რესტორან „ნეტას“ და რესტორან „მადას“ დახმარებით „ერთი ქართული დღე“ მოაწყეს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამავე რეგიონში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ხელოვანებმა. იყო ქართული ცეკვა და სიმღერა, ქართული პოეზია და ქართველი ემიგრანტების ხელით შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
