ირინა ბოლქვაძის ემიგრანტობის ისტორია და გზა წარმატებისკენ იტალიაში…

105

ეს ვრცელი ინტერვიუ ერთ ქართველს ეკუთვნის, რომელიც ემიგრანტობაშიც საქართველოს ემსახურება, ისე, როგორც თავად ესმის, თუმცა ყველასთვის მისაბაძად. ჰყავს ქართული, ტრადიციული ოჯახი და ამაყობს იმით, რომ მისი ინარჩუნებს საკუთარ იდენტობას ნებისმიერ ქვეყანაში.

ჩვენი რესპონდენტია ირინე ბოლქვაძეა, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს, რომში და სურვილი აქვს, რომ „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ანუ ქართული კულტურის პოპულარიზაცია მოახდინოს იტალიაში ისევე, როგორც იტალიური ახალი კულტურისა და ხელოვნებისა – საქართველოში!

– ვინ არის ირინე?
– ირინე არის ერთი უბრალო ადამიანი,  რომელიც დაიბადა მრავაშვილიან ოჯახში… სადაც მასწავლეს სიყვარული და შრომა. მასწავლეს დედმამიშვილების სიყვარული, უფროსების პატივისცემა და ზრდილობა ყოველთვის პირველ ადგილზე იყო და დღესაც ასეა. მასწავლეს, რომ ტყუილი დიდი ცოდვა იყო და ღალატიც იგივეა. დედა მყავს მკაცრი და ძლიერი სულის ქალბატონი. მან მასწავლა ყოველი წაქცევისას როგორ უნდა ავმდგარიყავი ფეხზე, მომეკრიბა ძალები და როგორ უნდა გამეგრძელებინა სვლა, ცხოვრებასთან ჭიდილი. მამა – უზომოდ კეთილი და პოზიტიური, რომელიც სულ მინერგავდა როგორი უნდა ვყოფილიყავი მაშინაც კეთილი, როცა გულს მატკენდნენ. დიდი ზეგავლენა მოახდინა მშობლების და დედმამიშვილების სიყვარულმა, შრომამ. მათმა რჩევებმა მასწავლეს ცხოვრებაში როგორ გავმხდარიყავი დამოუკიდებელი და ჩემი თავი ჩამომეყალიბებინა.
– მე ვარ ირინე. მამაჩემის დარქმეულ სახელს ვატარებ, რომელიც არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მშვიდობას.პროფესია როგორ აირჩიე?
– ჩემი ჰარმონია და მოძალებული ენერგია მკარნახობდა პატარაობიდან, უნდა გამეკეთებინა არჩევანი იმ საქმეზე, რაც მასულდგმურებდა და ეს იყო ცეკვა. თუმცა, გული რომ არ დამწვეტოდა მოვსინჯე ბევრი პროფესია და ვიაზრებდი, რომელ პროფესიაში ვიგრძნობდი თავს ბედნიერად. გავიხსენებ, ერთ-ერთ რეპეტიციის დროს, პედაგოგის,  თენგიზ ჭაღალიძის სიტყვებს: – ეს გოგო არის საოცარი მოძრაობების მქონე, თვითონაც არ იცის როგორ გარდაქმნის ილეთებს… ანუ იმდენად ვიკარგები ცეკვის დროს, წამებში შემიძლია შევქმნა ახალი მოძრაობებისგან ლამაზი ილეთები და ეს ხდება ჩემდა უნებურად… ამის შემდეგ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ქორეგრაფი. 15 წლიანი ცეკვის შემდეგ დავამთავრე ქართული ქორეგრაფიული სასწავლებელი.
– რა არის თქვენთვის ხელოვნება?
– ხელოვნდბა არის ჩემთვის განსხვავებული განზომილება. ხელოვნება არის ვიზუალურად, მეტყველებით ან ტექნიკურად გამოაჩინოს თავისი ნიჭი. ხელოვნება ჩემს სულში და გულშია და ვერ ვსაუბრობ ვრცლად, ამომწურავად ძნელია ვთქვა…


– თქვენი მთავარი მიზანი რა არის?
– ჩემი მთავარი მიზანია?! ოოო… რთული და ამავდროულად საინტერესო კითხვაა  და მარტივად პასუხის გაცემა ძნელია. მესამე ქვეყანა, სადაც არ დავნებდი უარს შვილის გამო და ვიცი, დარწმუნებული ვარ, მივაღწევ შედეგს. ჩემს შვილს შევუქმნი ევროპულ მომავალს. ასევე გავზრდი ქართული წესებითა და ტრადიციებით. ჩემი მიზანია, როგორც სხვა ქვეყნებში წარმოვაჩინე და ვასახელე ჩემი ქვეყანა, ასევე მიზნად დავისახე, რომ იტალიაში, ამჯერად რომშიც შევქმნა მსგავსი პრეცენდენტი, გამოვაჩინო ჩემი საქართველო ღირსეული კუთხით.
– ქალბატონო ირინა, როგორ აღმოჩნდით ემიგრაციაში?
– ერთ-ერთი მთავრობის წევრის დახმარებით, სადაც ჩემნაირების ხარჯზე და ჩემნაირების აქტიურობით… დიდი პატივისცემა მქონდა ხალხში. დიდ შეკრებებს ვაკეთებდი რევულუციამდე, უამრავი ხალხი თან დამყვდბოდა აქციებზე, მაშინ როცა „ნაციონალების“  შიშით ჩუმად იყვნენ და ჩემნაირი გაბედულების ხარჯზე მოვიდნენ… როცა ჩემი სიძლიერე იგრძნო ყველგან იმ ერთმა პიროვნებამ, მბლოკავდა, რადგან თვითონ არ ყოფილიყო ჩრდილში. ტესტირება ჩავაბარე, ბარიერი გადავლახე. ერთერთი კანდიდატი ვიყავი ჩაქვის გამგებლობის და გამიყალბეს, იმედები გამიცრუეს, მიზნები გამინადგურეს, ჩამიკლეს ხალისი და, რა თქმა უნდა, ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. ასევე მქონდა ცეკვის საბავშვო სტუდია და გამოვეთხოვე პატარებს, ჩემს დასთან, სიძესთან ცოტა ხნით წავედი თურქეთში, სადაც წყენას დავივიწყებდი… რასაც საქართველოში ვერ მივაღწიე ჩემი ნიჭით, თურქეთში დააფასეს ჩემი შესაძლებლობები…
– ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო როგორია?
– ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო?! რთული და ცრემლი მადგება… ყველაზე დიდი ტკივილია. დიდი ტკივილის და ნერვების ხარჯზე გიწევს ემიგრანტობა. თითქოს თავიდან იბადები, თავიდან იზრდები, ეს იგივეა მშობლების გარეშე ცხოვრება, საქართველოს – სამშობლოს გარეშე ცხოვრება.
– შორიდან გიყურებ…
– მენატრება და მესიზმრება გაბზარული ფანჯრები, მთაზე თოვლი და ეზოში ყვავილები, სადაც ბავშვობა დამრჩა…
შენში დარჩა ჩემი სახლი…
და შენში დარჩა ჩემი დედა, ჩემი ენა,
ჩემი  სიმღერა…
დავდივარ აქ უცხო ქუჩებში,
მაგრამ შენ მიტრიალებ გულში ისე,
როგორც დედა,
როცა შვილი შორსაა.
მალე…
სულ მალე დაგიბრუნდები ჩემი
ქმარშვილით ჩემო ყველაფერო…


– საქართველო ყველაზე მეტად რა გენატრებათ?
– ყველაზე მეტად მენატრება ჩემი საქართველო, ის უზარმაზარი მთები, რომელიც ახალგაღვიძებულს მეშინოდა არ წამოვიდეს ჩვენსკენ თქო. ცვრიანი ბალახი მენატრება და მდინარეში ხავსმოკიდებული დიდი ქვები, სადაც ფეხშიშველი დავდიოდი, ხმელ ფოთლებში გავლილს მისი ხრაშუნის ხმა რომ მსიამოვნებდა, ჩემი სახლი მენატრება, სადაც გავიზარდეთ ყველა. ერთად რომ ვიზრდებოდით და ერთმანეთის გარეშე რომ არ შეგვეძლო ყოფნა, ის ხალხი მენატრება… მენატრება როგორ მიწნავდა უფროსი დაიკო თმებს, როგორ მიცხობდა მეორე დაიკო ნამცხვრებს… მენატრება ჩემი უფროსი ძამიკო, ირაკლი, რომელიც ჩემამდე იყო ემიგრანტი და მან მასწავლა გონებით როგორ გამომემუშავებინა ფული, მენატრება ჩემი შუათანა ძამიკო რესანი, რომელსაც სულ ვაწვალებდი და ფეხსაცმელში წყალს ვუსხამდი, რომ არ წასულიყო სახლიდან… მომენატრა ჩემი პატარა ძმა იაგო, რომელმაც მაქცია გამბედავ და ამაყ ადამიანად. მასწავლა რა იყო ჩვენი ოჯახისთვის მიუღებელი და როგორ უნდა მეტარებინა ჩვენი გვარის ღირსება. ჩემი მამიკოც,რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია. თვითონ სამყაროა ჩემი, დედა, რომელიც თვითონ ხიდია ჩემი ცხოვრების, გზის მაჩვენებელი. მან მასწავლა არაფრისგან ყველაფრის შექმნა. მან მასწავლა ცხოვრებას როგორ უნდა გავუმკლავდე… მენატრებიან უზომოდ, ყველა და ყველაფერი მენატრებასაქართველოში…
– რა არის სიკეთე და ბოროტება? და კიდევ, სიძულვილი და სიყვარული რა არის?
– სიკეთე ვიცი რა არის, მაგრამ ბოროტება არ ვიცი… არც მინდა ამ საშინელ რამეზე ვიფიქრო, არ მინდა განვმარტო… სიკეთე არ არის სიკეთე, თუ სწორედ, საჭირო დროს და საჭირო მომენტში არ გააკეთე. მაგალითად: სიკეთეა, როცა ექიმი ავადმყოფს სწორე მიმართულებას მისცემს მკურნობისთვის, საჭირო წამალს გამოწერს, რომელიც მოარჩენს და არ ავნებს. სიკეთეა, როცა ადამიანს ტკივა და ტკივილს შეუმსუბუქებ, დახმარების ხელს გაუწოდებ. მშიერს ლუკმას რომ გაუყოფ, ავადმყოფს წამალს უყიდი. სიკეთე არის ჩემთვის, როცა ვინმეს ვეხმარები და მის თვალებს ვხედავ ბედნიერს. არ ვიცი რა არის სიძულვილი და წარმოდგენა და განცდაც არ მინდა ამისი… სიყვარულია გარშემო ყველაფერი რაც ბედნიერებას განიჭებს.


– თუ სხვას სიკეთე გაუკეთე და არ გიპასუხა იგივენაირად ან ბოროტად გამოიყენა, მაშინ როგორ იქცევით?
– თუ სიკეთეს ვაკეთებ, არ ველოდები ვინმესგან სამაგიერი მივიღო, ამ დროს უფლის იმედი მაქვს, რომელიც დაინახავს და მე განსაცდელის დროს დამიფარავს. თუმცა, ერთ შანს ადამიანს კიდე მივცემ, იქნებ ისწავლოს, გამოსწორდეს, ადამიანებს ადამიანურად მოექცეს. დაინახოს, რომ მის ბოროტებას სიკეთით პასუხობენ სხვები. თუ ვერ დავანახე, ვერ ვასწავლე, უხმოდ გავერიდები.
– რას ნიშნავს თქვენთვის ახალი ოჯახი, რომელსაც პრემია ,,ივერია’’ ჰქვია?
– პრემია „ივერია“, ჩემთვის ოჯახია, სადაც ვიცი, რომ ინტელიგენტი ადამიანები არიან გაერთიანებული. პრემია „ივერია“ ახალი, ბევრი სიხარულის, წარმატების, საინტერესო მოღვაწეობის მომტანი იქნება ჩემთვისაც. თქვენთან ერთად იმედი მომეცა, რომ მეტს შევძლებ.
– მაინც რას ელით ამ დიდი საერთაშორისო პროექტიდან, პრემია „ივერიდან“?
– ამ დიდი პროექტიდან ველოდები ბევრ რამეს. პირველ რიგში, რომ გავიცნობ ქართულ ელიტას. საინტერესო და მეტად საჭირო ადამიანებს. მინდა გავეცნო თქვენს შემოქმედებას და მოღვაწეობას. განვავითარო და საინტერესო, მნიშვნელოვანი გავხადო ჩემი მოღვაწეობა საქართველოსთვის, იტალიისთვის.


– ქალბატონო ირინე, შშმ პირებთან თუ გიწევთ მუშაობა?
– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვისაც. ინკლუზიური, თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად მათი ჩართულობა ნებისმიერ საქმიანობაში პრიორიტეტული უნდა იყოს, ღირსეული, რეალისტური და შთამაგონებელი – და არა მოწყალებაზე დაფუძნებული ან სტერეოტიპული აქტიური როლი – არა მოწყალება. შშმ პირები არ უნდა ჩანდნენ მხოლოდ დახმარების მიმღებებად. ისინი რეალურად, ხშირად არიან ლიდერები, ინოვატორები, მშობლები, სპეციალობებში პროფესიონალები ანუ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები და, შესაბამისად, ჩვენ უნდა ჩავრთათ ისინი ჩვენს საქმიანობაში ზუსტად ამ მიზნებით და მიდგომებით, და არა ზოგადი ვალდებულებების ან მოწყალების მიზნით. პრემია „ივერიაში“  ბატონ ნუგზარის დამსახურებით შშმ პირების წარმოჩენა არის ადამიანური – ღირებულებებზე დაფუძნებული, ბარიერების ნაცვლად შესაძლებლობებზე ორიენტირებული და თვითგამოხატვის უფლებით გაჯერებული.ამ ყველაფრის შემდეგ, მეც მაქვს ჩემი ამბიცია და სურვილი, რომ პრემია „ივერიაში“ ამ მიზნითაც ვიმუშაო.
– რას ეტყვით საქართველოს?
– საქართველოს ვეტყვი: ნუ დავიშლებით, სადაც არ უნდა ვიყოთ, ნუ დავკარგავთ ერთმანეთს. ნუ შევიძულებთ ერთმანეთს. სიკეთე ჩვენი პლანეტის მამოძრავებელი ძალაა, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს. ერი გავამრავლოთ, შვილები გავზარდოთ და მამულის სიყვარული ვასწავლოთ.

საყვარელო საქართველო, გთხოვ:
გვისმინე – და არა მხოლოდ ისმენდე.
ვხედე – და არა შეგვეცოდო.
გვცნე – და არა მხოლოდ გვაღიარო.
შეგვქმენი სივრცე, სადაც დავდგ.
– და ბოლოს, ჩვენ არ გვჭირდება მოჩვენებითი თანაგრძნობა.