ლალი ბურდული: რამდენი წელიც შორს ვართ ჩვენი ოჯახებიდან, იმდენი წელი სიცოცხლე გვაკლდება…

175

ბევრი ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი და ყოველთვის მაოცებს მსგავსი ნიჭიერი, მოაზროვნე, მამულიშვილი და სიკეთით სავსე ადამიანები ხშირად რატომ რჩებიან ჩრდილში?!

ბევრი საინტერესო, შემოქმედებითად ღირებული და მნიშვნელოვანი ადამიანი ჰყავს აღმოჩენილი პრემია „ივერიას“ და კიდევ ბევრს ვიპოვნით, განსაკუთრებით კი ემიგრაციაში, რის გამოც კიდევ ერთხელ მადლიერი ვარ ჩვენი უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორისა, რომ თავიდანვე გვთხოვა და ლოცვა-კურთხევა მოგვცა – პროექტში ემიგრანტები ჩართეთ, ყველა, რადგან მათში ბევრი ხელოვანი და ნიჭიერი ადამიანი არის. სამშობლოსაც არ მოსწყდებიან და ეცოდინებათ, რომ უნდა დაბრუნდნენო…

ჩემი რესპონდენტი ლალი ბურდული გახლავთ, საინტერესო ხელოვანი და გულწრფელი, კეთილშობილი ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა…

– ვინ არის ლალი ბურდული?
– ლალი ბურდული არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაც თავიდან ბოლომდე მუსიკას უკავშირდება. პროფესიით ვარ გუნდის დირიჟორი, ქართული-ხალხური საკრავების პედაგოგი. სტუდენტობის პერიოდში ვიყავი ხალხურ საკრავთა ორკესტრ „ჩონგუროს“ წევრი და ქალთა ვოკალური ანსამბლ „ქალგულოს“ წევრი. შემდეგ ვმუშაობდი რამოდენიმე საჯარო სკოლებში მუსიკის პედაგოგად. ყოველთვის მგონია, რომ მუსიკასთან და სიმღერებთან ერთად დავიბადე. ჩემთვის სიმღერა მხოლოდ პროფესია არ არის – ჩემი ცხოვრების გზაა.
– ვიდრე ემიგრაცია, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საქართველოში?
– საქართველოში ჩემი ცხოვრება და ყოველდღიურობა მუსიკით, ბავშვებთან მუშაობითა და ქართული კულტურის მსახურებით სავსე იყო.
– ბურდული – გვარი, რომელიც ალბათ დიდ წარსულს ინახავს…
– მართლაც ასეა-ბურდული ჩემი მხოლოდ გვარი არ არის, – ეს ჩემი ფესვებია, ჩემი ოჯახის ისტორია და პასუხისმგებლობა ღისეულად ვატარო ის ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო. განსაკუთრებით ემიგრაციაში გრძნობ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი  წარმოშობა. სხვათაშორის, ჩემს გვართან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ამბავია და მინდა მოგიყვეთ: ბურდულებს ჰქონდათ ერთი დაუწერელი კანონი, რომელსაც მთაში ყველა გვარი ემორჩილებოდა, – ქალის სათხოვნელად მისულ ბურდულს და მის ოჯახის წევრებს უარს ვერ ეტყოდა ქალის ოჯახი, რადგან უარის თქმა პირდაპირ შეურაცხყოფად და მტრულ ნაბიჯად აღიქმებოდა. რაც ორ გვარს შორის სისხლიან დაპირისპირებას გამოიწვევდა…


– ალბაღ ბევრს აინტერესებს, როგორ მოხვდით ემიგრაციაში?
– ჩემი ემიგრაციაში წამოსვლა ცხოვრების აუცილებლობამ მოითხოვა, უკეთესი მომავლისა და ოჯახის მხარდაჭერის სურვილმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. გავხდი ჯერ თურქეთის შემდეგ კი იტალიის ემიგრანტი. მიუხედავად სამშობლოსგან შორს ვარ, საქართველოზე ფიქრი ერთი წუთითაც კი არ მიმიტოვებია. მისი მონატრება და სიყვარული მუდამ გულით დამაქვს, სადაც ვარ…
– მაინც რა არის ემიგრაციაში სირთულე?
– პირველ რიგში შეჩვევა უცხო გარემოსთან, უცხო ადამიანებთან. ოჯახის მონატრება, მეგობრები არ გყავს გვერდით, ახლობლებისგან შორს ხარ, მშობლიურ ენაზე საუბრი გენატრება, ტრადიციებს ვერ იცავ ისე კარგად, როგორც წესია… ემიგრაციაში სწავლობ, რომ ძლიერი უნდა იყო, მაგრამ სამშობლოს მონატრების სურვილი არასდროს ქრება.
– როგორები არიან რეალურად ადამიანები?
– ადამიანები ყველგან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი წეს-ჩვეულებებით, ხასიათით. ბევრი სირთულე და ბევრი სიკეთე მინახავს აქ, თუმცა მჯერა, რომ გულწრფელობა, პატივისცემა და სიკეთე ბევრგან ფასობს.
– რის გეშინით?
– ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ აქ მყოფმა და იქ დარჩენილმა ოჯახის წევრებმა ერთმანეთის თანაგრძნობა და სიყვარული არ დაკარგონ… რაც ძალიან ხშირია ჩვენში და კიდევ იმის, რომ წლები არ გამეპაროს უცხოეთში ყოფნის დროს, რადგან ჩემი აზრით რამდენი წელიც შორს ვართ ჩვენი ოჯახებიდან, იმდენი წელი სიცოცხლე გვეკარგება და გვაკლდება.


– რა არის ხელოვნების წყარო?
– ვფიქრობ, ხელოვნების მთავარი წყარო ღმერთის, სიცოცხლის და სამშობლოს სიყვარულია. როცა ეს გრძნობა გულშია, ხელოვნებაც გულწრფელია და ადამიანების გულამდე ადვილად აღწევს. ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული ნაწილი საეკლესიო გალობაც არის, საქართველოში ყოფნის დროს რამდენიმე ტაძარში ვგალობდი, დღეს კი იტალიაში, შეძლებისდაგვარად ვმონაწილეობ ქართული სამრევლოს ნეაპოლის ეკლესიის გალობაში. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, მუსიკასთან, სიმღერასთან და გალობასთან ერთად დავიბადე.
– და მაინც, გკითხავთ, რატომ აირჩიეთ სიმღერა, როგორც ხელოვნება?
– მე არ ამირჩევია, სიმღერამ თავად ამირჩია, ყველაფერი კი უფლის ნებაა. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია ბავშვობიდან. განათლებაც ამ მიმართულებით მივიღე და მივხვდი, რომ ეს იყო გზა, რომლითაც მთელი უნდა მევლო. სიმღერა ჩემთვის ყველაფერია, ხშირად მიფიქრია რა მეშველებოდა ემიგრაციაში, უფალს ეს ნიჭი რომ არ მოეცა… სიმღერამ გადამარჩინა და დამაძლევინა უამრავი სირთულე და მარტოობა. ბევრჯერ ცრემლიც მიღვრია შვილების მონატრებაში და ისევ სიმღერით გადამიტანია, უფლის წყალობით…
წლების მანძილზე ბევრჯერ ეკლიან გზებზეც მივლია, მაგრამ მაინც მყარად ვდგევარ ფეხზე. მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. დაბადებისთანავე სიმღერა მესმოდა ოჯახში, ყველა ვმღეროდით. როცა ჩემი მშობლები მღეროდნენ და უკრავდნენ სულგანაბული ვუსმენდი…


ხუთი წლის ასაკში უკვე ხმების გარჩევა შემეძლო. მაშინ არ ვიცოდი, რომელი რომელი ხმა იყო, არასდროს ავცდენილვარ მელოდიურ ხაზს. სკოლის გუნდშიც ვმღეროდი. სადაც არ უნდა მემღერა ყოველთვის გულს და გრძნობას ვატანდი სიმღერას… მახსოვს, ერთ წელიწადს ოჯახების კონკურსშიც მივიღეთ მონაწილეობა, სადაც დიპლომი და მეორე ადგილიც დავიმსახურეთ.
– რა ნიშნით არჩევთ სიმღერებს?
– ვმღერი იმ სიმღერებს, რომელიც სულს და გულს ეხება და სათქმელს ამბობს. განსაკუთრებით მიყვარს ქართული ხალხური სიმღერები – სატრფიალო, საბრძოლო, პატრიოტული ხასიათის სიმღერები, რადგან მათში ჩვენი ისტორია და იდენტობა ცოცხლობს.
– რას გაძლევთ სიმღერა?
– სიმღერა მაძლევს ძალას, იმედს, სიმშვიდეს. როდესაც ვმღერი თითქოს ყველა სირთულე ცოტა ხნით ქრება. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი სიმღერა სხვის გულს ეხება და ამ ემოცას თავად ხედავ…
– თუ გაქვთ ისეთი ოცნება, რაც დიდ სცენას უკავშირდება?
– რა თქმა უნდა, ეს ყველა მომღერლის ოცნებაა, სხვა ქვეყნებშიც გავაცნო ადამიანებს ქართული კულტურის სიდიადე.
– რას ნიშნავს თქვენთვის პრემია „ივერიაში“ მონაწილეობა მმნღერლის სტატუსით?
– ეს ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო. ბედნიერი ვარ რომში, ჩივიტავეკიაში ვიმღერე ქართული პატრიოტული სიმღერები და მსნენელის სიყვარული დავიმსახურე. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საპატრიარქოს და მის პრემია „ივერიის“ დამფუძნებელს, ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილს, რათა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ვიყავი. ქართველი და იტალიელი საზოგადოების წინაშე ქართული სიმღერით წარვსდგე, მნიშვნელოვანია ჩემთვის.


– რა დაინახეთ პრემია „ივერიაში“ მნიშვნელოვანი და რას მოუტანს იგი ქართულ-იტალიურ კულტურას?
– ასეთი ღონისძიებები აერთიანებს და აძლიერებს ერებს შორის კულტურულ კავშირებს, აღრმავებს მეგობრობას და მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის. უცხოელებს აცნობს საქართველოს და პირიქით… ვფიქრობ, ეს არის მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და კულტურული დიალოგის ძალიან კარგი მაგალითი.
– რა მოგწონთ იტალიურ კულტურაში?
– იტალიელებში მომწონს ხელოვნების სიყვარული, კერძოდ მუსიკის მიმართ მათი დამოკიდებულება. ეს ქვეყანა ხომ მუსიკის დედასამშობლოა. მომწონს ოჯახის პატივისცემა და კულტურის დაფასება. ეს ის ღირებულებებია, რომელიც ქართველებისთვისაც ძალიან ღირებულია.
– უცხოურ სიმღერებს რამდენად მღერით?
– თურქეთში ცხოვრებისას ენასთან ერთად დავიწყე მათი სიმღერების შესწავლაც მაქვს starmaker-ში ნამღერი რამოდენიმე თურქული სიმღერა, ხოლო იტალიურ სიმღერებს ჯერ ნაკლებად ვმღერი დროის უქონლობის გამო, თუმცა ჩემს რეპერტუარში არის ერთი სიმღერა უკვე „bella ciao“. მომავალში სხვა სიმღერების დამუშავებაც მსურს.
– რა მოგცათ იტალიაში ცხოვრებამ?
– იტალიამ მომცა ახალი გამოცდილება, ახალი ადამიანები მიბოძა და მასწავლა ის, რომ ნებისმიერ გარემოში შეიძლება საკუთარი საქმის ერთგული დარჩე.
– ემიგრაციაში წამოსვლის შემდეგ როგორი გახდა ქალბატონი ლალი ბურდული?


– ვფიქრობ უფრო ძლიერი, უფრო მომთმენი და მადლიერი გავხდი. ემიგრაციამ ბევრი რამ მასწავლა და დამანახა, მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა მხოლოდ – ჩემი სიყვარული სამშობლოსა და სიმღერის მიმართ, თუმცა ესეც შეიცვალა – გამიძლიერდა სამშობლოს სიყვარული და თავისთავად სიმღერისაც…
– დაბოლოს…
– მინდა მადლიერება გამოვხატო ორი უსაყვარლესი ქალბატონის მიმართ ვისი წყალობითაც მათ კვალს მივყვები დღესაც. ქალბატონი მარინა მეტრეველი – ხალხური საკრავების პედაგოგი და აწ გარდაცვლილი ქალბატონი ვენერა შოშიაშვილი, იგივე (ჩიტო მასწავლებელი), რომელსაც ჩემზე დიდი ამაგი აქვს. ის ყოველთვის მეუბნებოდა „შენ დიდი მომავალი გაქვს და ეს ნიჭი არ უნდა დაიკარგოს“. სამწუხაროდ იგი ვერაგი დაავადების შედეგად 55 წლის ასაკში გარდაიცვალა… დღემდე მახსოვს მისი თითოეული დარიგება. ხშირად ვფიქრობ, მაშინ ვერ ავუსრულე, მაგრამ დღეს, როდესაც ემიგრაციაშიც კი ქართულ სიმღერას ვემსახურები, მგონია რომ იქ, ზეცაში ისმენს და უხარია. სწორედ მისი ხელმძღვანელობით 19 წლის ასაკში დავიწყე თბილსის ერთ-ერთ მუსიკალურ სკოლაში ხალხური საკრავების პედაგოგად მუშაობა დამეწყო, სადაც ის იმ სკოლის დირექტორი იყო. შემდეგ კი, წლების განმავლობაში საჯარო სკოლებში ვიმუშავე. ეს წლები იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი. ასე რომ, თუ ჩემს სიმღერას ერთი ადამიანის გულშიც კი შეუძლია სიკეთის, სამშობლოს და ღმერთის სიყვარულის გაღვიძება, ჩავთვლი, რომ ჩემი ცხოვრება და ჩემი ნიჭი უფლისგან ტყუილად არ მიმიღია. დაბოლოს ვიტყვი იმას, რომ სადაც არ უნდა იყოთ, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყოთ, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლო, ქართული კულტურა და ტრადიციები. მინდა აქ მოვიშველიო ქართველი პოეტის რ. ერისთავის ლექსი „სამშობლო ხევსურისა“, რომელიც მუდამ ყველა ქართველს გულის ფიცარზე უნდა ეწეროს:


„სადაც ვშობილვარ გავზრდილვარ
და მისროლია ისარი,
სად მამა-პაპა მეგულვის
იმათი კუბოს ფიცარი,
სადაც სიყრმითვე ვჩვეულვარ
ჩემი სამშობლო ის არის.
არ გავცვლი სალსა კლდეებსა
უკვდავებისა ხეზედა,
არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს
სხვა ქვეყნის სამოთხედზედა“.