ქეთი ნოგიევას ჟურნალისტური წარმატებები იტალიაში…

91

საქართველოდან ბევრი ემიგრანტია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროპაში. ეს არის კონტინენტი, რომელსაც ყველაზე ადვილად ეგუება ქართველი თავისი მენტალობით და მისწრაფებებით… ალბათ ამ მისწრაფებებმა და ევროპულმა ცნობიერებამ წაიყვანა ჩემი რესპონდენტიც იტალიაში.

ბევრ ემიგრანტს შევხვდი წლების მანძილზე და ვფიქრობ კარგად მესმის მათი საქართველოდან წასვლის მიზეზების, იქ განცდილი მძიმე დღეების, სქართველოში დაბრუნების სურვილის და საკუთარი სახლის სუნის მონატრების…


– ვინ არის ქეთი ნოგიევა?
– მე ვარ ქეთი ნოგიევა, 30 წლის, აფხაზეთიდან, კერძოდ ქალაქ გაგრიდან. 5 წელია რაც ემიგრანტის სტატუსით იტალიაში ვიმყოფები, რასაკვირველია მომიწია ბევრი რთული პერიოდებისა და განსაცდელების გადალახვა, მაგრამ ურყევად ვაგრძელებდი იმ მიზნის განხორციელებას, რისთვისაც ჩამოვედი. მინდოდა შემეძინა სახლი მე და ჩემი ქალიშვილისთვის და მის მამიკოსთან ერთად, მისთვის შემექმნა უკეთესი მომავალი. ჩემს ცხოვრებაში დედობა მთავარი საყრდენია – ძლიერი განცდა, რომელმაც ჩემს არჩევანსა და ფასეულობებს მისცა სწორი ფორმა და მიმართულებაზე სწორედ ამის საფუძველზე აშენდა და განხორციელდა მიზანი, რისთვისაც 5 წლის წინ გავხდი ემიგრანტი და ძალიან მალე, მე ევა ჩვენს ფერად სახლში ერთად შევაღებთ კარს. ჩემი პროფესიული გზა და კარიერა, საქართველოდან დაიწყო და დღეს უკვე იტალიაში გრძელდება. ვარ პროფესიით ჟურნალისტი და ქართულ-იტალიური ონლაინ ტელევიზია KN TV-ის დამფუძნებელი, რომელსაც საფუძველი იტალიაში, კერძოდ ქალაქ ფლორენციაში, 3 წლის წინ ჩაეყარა. ეს არის იტალიაში რეგისტრირებული ტელეკომპანია, რომელსაც აქვს მაუწყებლობის ოფიციალური ლიცენზია… KN TV მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველ ემიგრანტებს აერთიანებს. ეს არის ხიდი, რომელიც საქართველოს აერთიანებს იტალიასთან. KN TV-ის ფარგლებში ვაშუქებ ისეთ მნიშვნელოვან მუსიკალურ ფესტივალებს, როგორიცაა: სანრემოს ლეგენდარული ფესტივალი, ევროვიზიის საერთაშორისო კონკურსი, სან მარინოს რესპუბლიკის მუსიკალურ კონკურსს „San Marino song contest“ მქონდა შესაძლებლობა ჩამეწერა ინტერვიუ ლეგენდარულ იტალიელ არტისტებთან: ალ ბანოსთან, რიკი ე პოვერისთან, კრისტიანო მალჯიოლიოსთან და ბევრ სხვა იტალიელ არტისტთან.


– როგორ მიაღწიეთ ასეთ დიდ წარმატებებს იტალიაში?
– როგორ მივაღწიე წარმატებას: მთავარი გასაღები ამ წარმატების არის ოჯახი, რომელმაც მხარი დამიჭირა, ეს არის ევას მამიკო, ჩემი ყოფილი მეუღლე და მისი არაჩვეულებრივი დედა. ძალიან ხშირად უკვირთ და ალბათ, ბუნებრივიცაა, როგორ მოვახერხე 5 წლის განმავლობაში ბინის შეძენა და ამასთან, პროფესიული თვალსაზრით ზრდა. მე როდესაც ჩამოვედი, არ მიწევდა ოჯახის რჩენა, თანხის გაგზავნა ან ვალების დაფარვა, შესაბამისად ის რასაც გამოვიმუშავებდი, იყო ბინის საფასურის თანხა.. ვიყავი მშვიდად, რომ ჩემი შვილი საიმედო ხელში დავტოვე და ასე ერთიანი ძალებით მოვახერხეთ საერთო მიზანი სისრულეში მომეყვანა… წარმატების კიდევ ერთი ფორმულა იყო ემიგრანტების სიყვარული და თანადგომა, რომელმაც მომცა სტიმული და უდიდესი მოტივაცია.. როდესაც ქ.ფლორენციაში ტელევიზიის გახსნა მქონდა, უამრავი ემიგრანტები ესწრებოდა და ყველამ თავისი წვლილი შეიტანა KN TV-ის განვითარებაში..
– მსგავს სიმაღლეზე საქართველოში თუ ახვიდოდით?
– ვფიქრობ, რომ ვერა… მიუხედავად იმიასა, რომ საქართველოში 18 წლიდან ჟურნალისტად ვმუშაობდი, წარმოუდგენელია ახლაც იმის გაფიქრება, რომ საქართველოში მუშაობის შემთხვევაში, ოდესმე შევძლებდი ჩემივე ტელევიზიის დაარსებას და ასეთი მნიშვნელივამი ფესტივალების გაშუქებას.
– რა უფრო მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ემიგრაციაში წასვლისას, ფინანსური კეთილდღეობა თუ საკუთარი თავის რეალიზება?
– როდესაც ემიგრანტი ხდები ფინანსური კეთილდღეობის მიზნით და ტოვებ მცირეწლოვან ბავშვს, წარმოუდგენელია იმის გაფიქრება, რომ საკუთარი თავის რეალიზებას მოახდენ. ეს იყო ოჯახის თანადგომის, ემიგრანტების მხარდაჭერის და ძალიან ბევრი ადამიანის თანადგომის დამსახურება, რომლებიც ჩემი ცხოვრების თითოეულ ეტაპზე უფალმა გამომიგზავნა, უდიდესი მოთმინების, შრომის, სიძლიერის დამსახურება.

– როგორი ქვეყანაა იტალია და მაინც და როგორი ხალხია ეს იტალიელები?
– იტალია ქვეყანაა, სადაც ყოველი ქუჩა ისტორიას ყვება და ყოველი დღე ემოციით არის სავსე. ეს არის ადგილი, რომელიც ადამიანს ზრდის და ახალ ხედვებს აძლევს. იტალიელები კი სიცოცხლით სავსე, გულწრფელი და ექსპრესიული ხალხია- მათთვის ოჯახი, ტრადიციები და ადამიანური სითბო უმთავრეს ღირებულებებს წარმოადგენს.
– მართლა ასე ძალიან ვგავართ იტალიელებს ქართველები და რაში?
– იტალიელებსა და ქართველებს ერთმანეთთან ბევრი საერთო აქვთ. ორივე ერი ემოციურია, გულღია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ოჯახს. ადამიანური ურთიერთობები, ტრადიციების პატივისცემა და სუფრის კულტურა ორივე ქვეყნისთვის განუყოფელი ნაწილია.
– რა არის ძირითადი განმასხვავებელი თვისებები ჩვენსა და იტალიელებს შორის?
– მიუხედავად მრავალი საერთო მახასიათებლისა, იტალიელები და ქართველები გარკვეულ საკითხებში ერთმანეთისგან, ცხადია, განსხვავდებიან. იტალიელები მეტად არიან მიჩვეული ცხოვრების მშვიდ რიტმსა და პროცესით ტკბობას, მაშინ როცა ქართველებისთვის ემოცია და სპონტანურობა ხშირად უფრო წინ დგას. განსხვავებულია დროის აღქმაც. ხშირ შემთხევავაში, როდესაც რაიმეს დაგეგმვა სურთ, შესაძლოა რამდენიმე კვირით ადრე ან ერთი თვით ადრე დაიწყონ ამაზე ფიქრი. რასაკვირველია, იტალიის ყველა რეგიონში მენტალიტეტი და ტრადიცია განსხვავებულია, მაგრამ ძირითად შემთხვევაში, ჭამის კულტურაც განსხვავებულია. რესტორნებში სადილის პერიოდში, სამზარეულო 13:00 იღება და 15:30 იხურება, ვახშმის დროს კი, 19:00 დან 23:00 მდე მუშაობენ.


– ქეთი, რა არ მოგწონთ და რა მოგწონთ იტალიაში?
– იტალიაში განსაკუთრებით მომწონს თავისუფლების განცდა. აქ არავის აინტერესებს რა გაცვია, რა ბრენდის ჩანთა გაქვს, სად მიდიხარ ან ვისთან ერთად ხარ. ადამიანები ნაკლებად განსჯიან ერთმანეთს და უფრო მეტად საკუთარ ცხოვრებაზე არიან კონცენტრირებულები. ამასთან ერთად, იტალია განვითარების თვალსაზრისით ბევრ შესაძლებლობას გაძლევს – პროფესიულადაც და პიროვნულადაც. რაც შეეხება სირთულეებს, არ მომწონს ცხოვრების ნელი რიტმი. ზოგჯერ პროცესები ზედმეტად გაწელილია, ძირითადად ბიუროკრატიულ საკითხებში და ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა.
– როგორია ემიგრანტის ყოველდღიურობა?
– ემიგრანტის ყოველდღიურობა პატარა ბრძოლებისგან შედგება-საკუთარ თავთან, გარემოსთან, მონატრებასთან. თუმცა სწორედ ამ ბრძოლებში იბადება ახალი ძალა, გამოცდილება და საკუთარი თავის ახალი ვერსია.
– რა არის ემიგრანტისთვის ბედნიერება?
– ალბათ ყველა ემიგრანტისთვის ბედნიერების აღქმა სხვადასხვანაირად ხდება. რთულია შენს სამშობლოს, ოჯახს, შვილებს მოსწყდე და უცხო მიწაზე, უცხო გარემოში ბედნიეტების მიზეზი იპოვო, რაც ოდნავ შვებას მოგგვრის. აქ, ყველას აქვს თავისი ფორმულა, ოჯახის და შვილების ძლიერ მონატრებას როგორმე გაუძლოს და ფსიქოლოგიურად არ დაეცეს… მე ეს შვება ჩემმა პროფესიამ მომცა და ჩემმა ემიგრანტობის მეგობარმა ლალიმ, რომელიც იტალიაში ჩემი ნომერ პირველი გულშემატკივარია. მან მომცა ის სითბო, სიყვარული, მხარდაჭერა, მოტივავია, რომ დამეძლია შიში, უდიდესი მონატრება და ტკივილი, რაც ემიგრაციას ახასიათებს.

– რამ გადაგაწყვეტინა ჟურნალისტიკისთვის მოგეკიდა ხელი იტალიაში?
– თავდაპირველად, სოციალური ქსელისთვის, ბლოგების ჩაწერა დავიწყე, სადაც ჩემი ქართველი ემიგრანტების ისტორიებს ვყვებოდი, ნელ-ნელა ვიდეობმა ათი ათასობით ნახვების დაგროვება დაიწყო, ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ ჩემს ჩართვებს ემიგრანტების დიდი არმია ადევნებდა თვალს. ამან მომცა ბიძგი იმისა, რომ შემექმნა ინოვაციური ინტერნეტ პლატფორმა, ონლაინ ტელევიზია, სადაც მსოფლიოში მიმოფანტულ ემიგრანტებს გავაერთიანებდი.
– როგორ გაიგო თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა იტალიაში მყოფმა ქართულმა ემიგრაციამ და თავად იტალიელებმა როგორ მიგიღეს ამ პროფესიით?
– ემიგრანტებმა უდიდესი მხარდაჭერა გამომიცხადეს და დღემდე ასეა. მათგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ და მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ.იტალიურმა აუდიტორიამ, სანრემოს ფესტივალის შემდეგ გამიცნო. 3 წლის წინ, მე გახვდი პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც 74 წლის განმავლობაში, პირველად აიღო აკრედიტაცია, მას შემდეგ ყოველ წელს ვაშუქებ ამ ლეგენდარულ ფესტივალს და მაქვს შესაძლებლობა 200 ჟურნალისტს შორის, ვიყო ერთ-ერთი, რომელიც კონფერენციაზე პირდაპირ ეთერში კითხვას სვამს არტისთან ქართულ-იტალიური ტელევიზიი სახელით. ჩემს იტალიელ კოლეგებთან, ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა მაქვს, მათ შორის სანრემოს ფესტივალის მუსიკალურ პროდიუსერებთან. ერთ ისტორიას გავიხსენებ: ევროვიზიის საერთაშორისო კონკურს ვაშუქებდი, სადაც იტალიურ დელეგაციასთან ერთად მოვხვდი. მათ საერთო სურათის გადაღება გადაწყვიტეს და მე უკან დავიხიე, ერთ-ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ მე უკვე მათიანი ვარ და ამიტომ მათ გვერდით უნდა ვიდგე. ეს იყო ენით აუღწერელი სიხარული.

– რა არის, როგორც ჟურნალისტის თქვენი ყველაზე დიდი წარმატება იტალიაში?
– ქართულ-იტალიური ტელევიზიის დაფუძნება და სანრემოს ფესტივალის გაშუქება.
– კიდევ რის გაკეთებას აპირებთ იტალიაში?
– სამომავლო გეგმები ძალიან ბევრი მაქვს, რაზეც ახლო მომავალში აუცილებლად ვისაუბრებ.
– რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
– ჩემი ქალიშვილი ევა და საქართველოს სუნი… რომ მალე ყველა ემიგრანტმა შეძლოს ერთიან, ძლიერ, ევროპულ სამშობლოში დაბრუნება. საქართველო მიყვარხარ და მენატრები! საქართველოში ძალიან მალე დავბრუნდები…

პ.ს. ამ ინტერვიუდან ბევრის სწავლა შეიძლება… და ბოლოს, ყველა ემიგრანტს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას და საკუთარ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას, სამშობლო, რომელიც ბედნიერი ხალხით უნდა ცხოვრობდეს, ერთიანი და ერთსულოვანი…