პრემია ივერია 2025 – მაგული ღვინიაშვილის პროზა

179

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

მაგული ღვცინიაშვილი  – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2025 წლის ლაურეატი ნომინაციაში  „ქართული ელიტის წლის მწერალი“

უფლის წყალობა
ის სამ ძმას შორის ყველაზე უფროსია. უფროსიო ვამბობ, თორემ მხოლოდ პირველი კლასის მოსწავლე იყო და ძმები კი საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ძმები მიყოლებით იყვნენ  დაბადებულები. როცა დაიბადა ქუდბედი დაჰყვა. გამოუცდელმა დედამ არ იცოდა თუ უნდა შეენახა და არც არავის უთქვამს. არ ვიცი დასაჯერებელია თუ არა ქუდბედის შესახებ რასაც ამბობენ, მაგრამ ისეთ დროს დაიბადა და იზრდებოდა, როდესაც ქვეყანა ის-ის იყო თავისუფლების მოსაპოვებლად ნაბიჯებს დგამდა. მაშინ ყველას უჭირდა. არც მათი ოჯახი იყო გამონაკლისი, მაგრამ სხვებისაგან განსხვავებით  მოთმენით იტანდნენ გაჭირვებას და ტკბილად ცხოვრობდნენ. ხანდახან საჭმელი თუ ჰქონდათ- პური არა, თუ პური ჰქონდათ- მისაყოლებელი არა. ერთხელ,  მთელი ორი კვირა ლობიოს ჭამდნენ- ხან უცხიმოს, ხანაც უმარილოს. ლობიო მისი საყვარელი საჭმელი იყო, მაგრამ ახლა დანახვაც აღარ უნდოდა. მამა დღედაღამ მუშაობდა, რომ ცოლ-შვილი გამოეკვება
და გადასახადები გადაეხადა, მაგრამ ისეთ მიზერულ თანხას უხდიდდნენ, რომ ძლივს გაჰქონდათ თავი. სკოლასაც თავისი ხარჯი ჰქონდა. არ იყო გათბობა- არც დენი, არც გაზი და შეშის ღუმელით ათბობდნენ საკლასო ოთახებს. არც სახლში ჰქონდათ ყოველთვის შეშა. თუ შუქი მოვიდოდა- კიდევ არა უშავს: მიუსხდებოდნენ კუსტარულად დამზადებულ გამათბობელს, რომელსაც წარამარა ეწვებოდა სპირალი  და ეფიცხებოდნენ. თუ არა და ჩააწვენდა დედა ლოგინში, თვითონაც მიუწვებოდა ბავშვებს და  მათი ასაკის შესაბამისი კითხვა-პასუხებით რებუსობანას, ან ,,ვის უნდა ოციათასი”-ს თამაშობდნენ. ხან მღეროდნენ, ხან ლექსებსა და ზღაპრებს უყვებოდა დედა. ასე გაჰყავდათ დრო და მერე იძინებდნენ. დედა ხშირად უკითხავდა სახარებას. უყვარდათ იგავების კითხვა. ზეპირად იცოდნენ ,,მამაო ჩვენო”. ბევრი რამ მათთვის გაუგებარი იყო და ძალიან ბევრ კითხვებს უსვამდნენ დედას. ისაც მათთვის გასაგებ ენაზე უხსნიდა. ხშირად მოუკრავთ ყური დედა როგორ ლოცულობდა  და შესთხოვდა უფალს მისი ოჯახისათვის წყალობა არ მოეკლო. თუ ვინმე პატივს  სცემდა და საჭმელით ან ტანსაცმლით მოიკითხავდა- მადლობას სწირავდა უფალს – ჩემი ლოცვა შეისმინეო. თვითონ ხომ უჭირდათ და კარზე სათხოვნელად მოსულისათვის უარი არასოდეს უთქვამს, თუ ცოტა ზედმეტი ჰქონდა იმ მომენტში თვითონაც მოიკითხავდა სხვას და ბავშვებს ეუბნეოდა- სიკეთე თესეთ შვილებო, რადგან არ იცით თქვენს მიერ გაკეთებული სიკეთე როდის დაგიბრუნდებათ უკან და იცოდეთ, როცა არ ელით სწორედ მაშინ მოგცემთ უფალი წყალობასაო.
 ერთხელ, სკოლიდან წამოიყვანა დედამ. ჩანთა დადეს სახლში და ფეხზევე გატრიალდნენ. მამა სამსახურში იყო და საღამოს, რომ მოვიდოდა მოიტანდა საჭმელს, მანამდე კი არაფერი არ ჰქონდათ და გადაწყვიტა დედამ თავის დასთან გასულიყო ,,ვაგზალზე” ბაზრობაზე, სადაც ის ტანსაცმელს ყიდდა და ხუთი ლარი ესესხა, რომ საღამოსთვის საჭმელი დაემზადებინა. დედას ჯიბეში მხოლოდ ათი თეთრი აღმოაჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ დადიოდა აქა-იქ ტრამვაი და ტრამვაის გაჰყვნენ. ბილეთი აიღეს და რომ იტყვიან დარჩნენ ჯიბეგაფხეკილები. დედა იმედს არა ჰკარგავდა- ჩემ დას გამოვართმევ ფულსაო. გადაიარეს ხიდი და მივიდნენ ბაზრობაზე. ბედი არ გინდა? არ დახვდათ. იმ დღით არ მუშაობდა. რა უნდა ექნათ?   გამოტრიალდნენ უკან. დედა ისეთ დღეში იყო დანა კბილს არ უხსნიდა და თავში ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა: ,, რა უნდა ვქნა? კარგი პატარები ბაღში არიან იქ აჭმევენ. ამას რა ვუყო? სკოლიდან მოვიდა. მხოლოდ ერთი ნაჭერი პური შეჭამა და მშიერი ბავშვი წამოვიყვანე. არა ესაც როგორ გაჩუმებულია? მოგიკვდეს დედა ჩემო პატარა და დიდო კაცო. ხომ ვიცი, რომ გშია და ერთს არ მეტყვი მშიაო”… ასეთ ფიქრებში იყო. გადაწყვიტა ბორჯომის სადგურის ქვეშ გასულიყვნენ და მატარებლების ლიანდაგები გადაეკვეთათ- ესე მოკლე იყო გზა და თანაც კიბეები არ იყო ასასვლელი. თან, რომ გაერთო დედას პატარა ისევ ღმერთზე და წყალობაზე ესაუბრებოდა. როგორც ხიდის ქვეშ გავიდნენ დაინახეს პატარა აღმართის თავში ვიღაცა გლეხს ყუთებით დატვირთული ურიკა მიჰქონდა. გადაუწვა ურიკა და ორი ყუთი გადმოუვარდა. ყუთები ვაშლით ყოფილა სავსე. დაიპნა ვაშლები. მოგორავენ ლოყაწითელა ვაშლები. ისეთებია რომ გაცდუნებს და ნერწყვი მოგადგება. დედამ უთხრა- მოდი შვილო ავუკრიფოთ, მივეხმაროთ. მართლაც დაიხარნენ და რაც მათ მხარეს იყო დაიწყეს აკრეფა. პატარამ გამოიწია ჯემპრი და უბე გაივსო ვაშლით, ზოგიც ჯიბეებში ჩაიყარა. დედამაც ხელში ცელოფანი ეჭირა და იმაში ჩაყარა. დედამ გვერდზე გაიხედა და დაინახა ერთმა ქალმა ჩამოიარა. წამოკრიფა ვაშლები და არც გაჩერებულა სადგურის მხარეს ხიდქვეშ გააგრძელა გზა. გული დასწყდა- ეს როგორ იკადრაო. აღმართის თავში ურიკის პატრონსაც აეკრიფა უკვე  და ამათ უყურებდა გაბრაზებული თვალებით. მივიდნენ მასთან და სულ პირწმინდად ჩაუყარეს ყუთში ვაშლები. პატრონს ალბათ ეგონა იმ ქალივით ესენიც წაიღებდნენ წამოკრეფილ ვაშლსო და რომ ჩაუყარეს სახე გაებადრა მოულოდნელობისგან. პატარამ ჯიბეებისკენ წაიღო ხელი. მის ხელებში ოთხი ვაშლი იყო.
– არ მინდა პაპი, ეგ შენ შეჭამე. ტკბილად შეგერგოს და კარგი ვაჟკაცი გაზრდილიყავიო- დალოცა პატარა. დედა-შვილმა ჯერ იუარეს, როგორ გეკადრება მაგიტომ კი არ დაგეხმარეთო, მაგრამ მერე მათაც მადლობა გადაუხადეს და ლიანდაგებისკენ გააგრძელეს გზა. მოდიან და ალაპარაკდა პატარა:
– დე, ეს ხომ უფლის წყალობა იყო დედი? რომ გადმოტრიალდა, რომ მივეხმარეთ, რომ გვაჩუქა…
თვალნათელი მაგალითი დაინახა  და უხაროდა, რომ უფალმა მოწყალება გაიღოო.
– დე ერთი შენ შეჭამე, ერთს მე შევჭამ, ორს კიდევ ჩემ ძმებს წავუღებ- არ ჩერდებოდა პატარა და ლოყაწითელა ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა.
– არა შვილო, მე არ მინდა. ჩემი წილიც შენ შეჭამე და ორი ცალი შენს ძმებს შევუნახოთ- უთხრა დედამ და ცრემლებით სავსე თვალები მოარიდა შვილს…

+ + +
დარდი
…დაიბადა, არავინ იცის როდის და სად… იქნებ მაშინ, როცა ერთგული და ჭკვიანი ანგელოზი ეშმაკად გადაიქცა და ღმერთთან გატოლება მოინდომა, ან  როცა ევამ შესცოდა. ანდაც როცა კაენმა აბელი მოკლა. ან იქნებ მაშინ, როცა უფალს თავისი ანგელოზები განუდგნენ და დემონებად იქცნენ. მას შემდეგ დადის სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, ქვეყნად არავინ და არაფერი დარჩენილა, რომ არ სტუმრებოდა. არც პატარა ბავშვები დარჩენია და არც პირუტყვი. ის კი არა და  რაღაცა ფორმით უსულო საგნებსაც შეეხო, რამეთუ ადამიანის თვალისთვის და ყურისთვის მიუწვდომელი და აღსაქმელია მოლეკულის დონეზე არსებული მოვლენები. ყველას შეეხო და მათში ჩასახლდა… იყო ასე ჩასახლებული და ხან იცინოდა, ხან ტიროდა. უფრო მეტად ტიროდა და თავის გაჩენის დღეს სწყევლიდა. ოოოხ… რას არ მისცემდა ოღონდაც მასაც სრულყოფილი ცხოვრებით ეცხოვრა ყველასთან ერთად ვისაც და რასაც შეეხო. მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, ყოველთვის სურვილი სურვილად რჩებოდა.
ერთხელ გადაწყვიტა ყველაფრის შემქმნელ ღმერთთან მისულიყო და ეთხოვა  დახმარება. მივიდა მორიდებით საუფლოში და მოწიწებით მოუყვა ყველაფერს თავის გრძნობებსა თუ განცდებზე. უფალმა გულდასმით მოუსმინა და უთხრა:
–  როცა სამყარო შევქმენი შენც შეგქმენი, მაგრამ არ მეგონა თუ ასე მალე დაიტვირთებოდი, რამეთუ შენ დარდი ხარ. შენ სამყაროს შექმნასთან ერთად დაიბადე. დაიბადე ადამის ძის შექმნასთან ერთად, როცა ის გრძნობებით შევმოსე. არ მეგონა თუ ასე ძალიან წახდებოდა სამყარო თავისი შექმნის პირველი დღეებიდან, თორემ ალბათ არ შეგქმნიდი. ვწუხვარ ძალიან, მაგრამ შენ დარდი ხარ და შენი განკურნება ადამიანების ხელშია, მათ ქმედებებშია, მათ გრძნობებში. ადამიანებმა სიყვარული დაივიწყეს და ამიტომაცაა შენ, რომ ასე ნაღვლობ და გიჭირს ამ ტვირთის ზიდვა. სამწუხაროდ ვერ დაგეხმარები. მე არ შემიძლია…
გამობრუნდა დარდი უფლის სამყოფელიდან უფრო დადარდიანებული და უნუგეშოდმყოფი. და ეს ინატრა გულში და მერე ხმამაღლა იღრიალა:
– ადამიანებო! იყავით სიყვარულით სავსენი, იყავით მიმტევებლები, ნუ იქნებით ამპარტავანი და შურით სავსენი.  მიშველეთ ადამიანო…
დაჯდა და მწარედ ატირდა…

+ + +
მეორედ დაბადება
გამთენიისას აფეთქების ხმამ შეძრა ირგვლივ ყოველი. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს-მესამე და ასე შემდეგ. აფეთქებას თან ნგრევა მოჰყვა, ნგრევას კი გრუხუნი, წივილ-კივილი. ბომბავდნენ მძინარე ქალაქს. ეს ის მომენტია  ,, ერთი პირი წყალსაც კი რომ ჩაეძინება”.  ჩაირთო სირენების გამაყრუებელი ხმაც, რომელსაც სასოწარკვეთილი ტირილი, ღრიალი, ისტერიკული სიცილის ხმები ერთვოდა – ვიღაცა ყვიროდა, ვიღაცა შეშლილი ხარხარებდა, ვიღაცა გამორბოდა, ვიღაცა გარბოდა. ირგვლივ ყველაფერი მტვერში და ქაოსში გახვეულიყო. მაშველებიც გამოჩნდნენ. ნელ-ნელა დღის სინათლესაც მოუმატა ძალა და უკვე შეიძლებოდა ყველაფრის გარჩევა. იქ სადაც სახლები იდგა ზოგან ღრმა ორმოებს დაეღოთ პირი, ზოგან კიდევ მთათ ქცეულ ნანგრევებს დაეკავებინათ ადგილები. იყო გადარჩენილი სახლებიც, საიდანაც დამფრთხალი ხალხი გამორბოდა. ისტერიკაში ჩავარდნილები ვერ გარკვეულიყვნენ რა უნდა გაეკეთებინათ და წინდაუკან დარბოდნენ. ეს ქაოსი რამდენ ხანს გაგრძელდა ვერავინ გეტყოდათ, რადგან ეს წამები, წუთები საუკუნედ გადაქცეულიყვნენ და მერე გაყინულიყვნენ. თითქოს მტვრის ბუღიც კი არ იძვროდა ადგილიდან…
როგორც უცებ ჩამოწვა სიჩუმე, ისევე უცებ  ახმაურდა ირგვლივ ყოველი და უკვე აირია ერთმანეთში ხმები – ზოგი დაჭრლიყო და შველას ითხოვდა, ზოგი ცხედართან მუხლზე დამხობილყო და ტიროდა გარდაცვლილს. ერთმანეთში არეულიყო სისხლი და მტვერი… ზოგი ნანგრევების გასუფთავებას შესდგომოდა, საიდანაც გმინვა და ყვირილი ისმოდა. საჭირო იყო სისწრაფე და სიფრთხილე, რომ მოყოლილები უვნებლად ამოეყვანათ. გონს მოსული ხალხი ერთმუშტად შეკრულიყო და ნანგრევებს შესეულიყო. სადღაც გამქრალიყო ის შიშიც დაბომბვის პირველ წუთებში რომ დაემართა. ახლა მხოლოდ იმას ფიქრობდნენ რაც შეიძლება მეტი გადაერჩინათ. ნელ-ნელა  ნანგრევები სუფთავდებოდა. უმეტესობა გარდაცვლილები ამოჰყავდათ. დასახიჩრებულ გვამებს ძნელად თუ იცნობდა ადამიანი. მთელი დღის მუშაობის შემდეგ დაასკვნეს,  რომ აქ უკვე ხელით ვეღარაფერს გახდებოდნენ და საჭირო იყო სპეციალური ტექნიკის გამოყენება. ტექნიკაც მოვიდა და დაიწყეს ბეტონის დიდი ფილების გამოტანა. თან ყვიროდნენ – თუ არის ვინმე ცოცხალი შეგვეხმიანეთო. არსაიდან ხმა არ ისმოდა. ერთი ბეტონის დიდი კარკასი ძლივს გამოიტანეს. ეს ბეტონი ამაგრებდა ქვა-ღორღის უშველებელ მასას. ამის გამოტანა და ხრიალით წამოსვლა ამ მასისა ერთი იყო. მერე თითქოს სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ და ამ სიჩუმეში აშკარად გაისმა ბავშვის ხმა. ჯერ ეგონათ ხალხს მოგვეჩვენაო, მაგრამ ყველამ აშკარად გაიგონა ხმა, რომელიც ნანგრევებიდან აღწევდა. ისე გაისუსა ირგვლივ ყოველი ჰაერში ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგონებდი. აშკარად ბავშვის ხმა იყო. ხმას მიჰყვნენ. ხელით გადაყარეს ქვები და ბეტონის ნამტვრევები. ხმა დროდადრო წყდებოდა. სასწრაფოდ მოქმედება იყო საჭირო, თანაც მალე დაღამდებოდა და სინათლის გარეშე გაუჭირდებოდათ  ბავშვის მოძებნა. ცოტა წვალების შემდეგ მიაგნეს ბავშვსაც, რომელიც აფეთქების ტალღას თუ დედამისს საწოლის ქვეშ შეეგდო, ზემოდან კარადა დაცემულიყო და ერთი ბეტონის ფილაც ისე ეგდო მახვილი კუთხით, თითქოს სპეციალურად გადახურეს ზემოდანაო. სწორედ ამ ბეტონის ქვეშ იყო ბავშვის დედა მოყოლილი, რომელსაც ხელი საწოლის ქვეშ ჰქონდა გაშვერილი, იქ კი ასე სამი-ოთხი წლის პატარა ბიჭი ეგდო მტვერში ამოსვრილი. ბიჭს სახე ტირილისაგან დასიებოდა და ცრემლის ღარები ემჩნეოდა მტვრით დაფარულ სახეზე. ბავშვი აღარ სუნთქავდა. მაშველები შეწუხდნენ – ნუთუ დავაგვიანეთ, ნუთუ არაფერი ეშველებაო. ფრთხილად ამოიყვანეს პატარა. დააწვინეს ძირს და დაუწყეს ხელოვნური სუნთქვის პროცედურების ჩატარება. ის იყო იმედი გადაეწურათ, რომ ბოლო მცდელობაზე ბავშვს პულსი გაესინჯა. ცოტა კიდევ და თვალი გაახილა. მოასულიერეს პატარა. შეშინებულმა ტირილი დაიწყო. ვიღაცას ჯიბეში კანფეტი აღმოაჩნდა. მიაწოდეს. ბავშვმა უმალ იტაცა პირში და გაეღიმა. რახან გაეღიმა ყველას გადაავიწყდა თითქოს ის კოშმარი, რაც მთელი დღე განიცადეს. მალე პატარამ ფეხზე გაიარა. არსად დაზიანება არ ჰქონდა. საღ-სალამათი იყო და ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა. ცოტა ხანში კი სირბილიც დაიწყო…

+ + +
ცრემლი
იყო ერთი პატარა ცრემლი, რომელიც გაჩენის დღიდან სულ ტიროდა. მობეზრდა და დაიღალა თავისი უბედურებით. აღარ უნდოდა ეტირა, აღარ უნდოდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა და გაიბუტა. გადაწყვიტა ემოგზაურა. გაუდგა გზას. ერთ სოფელში მივიდა. დაინახა მიცვალებული მოჰყავდათ, რომელსაც ქვადქცეული დედა მოაცილებდა. მხოლოდ ამას იძახდა – შვილო ცრემლი გამიშრა ვეღარ გტირივარო. შეეცოდა ცრემლს გამწარებული და განადგურებული დედა და ჩაუხტა ისევ თვალებში. სამარის პირთან მისულ დედას თვალთაგან ცრემლის ნიაღვარი წასკდა. ტიროდა. მისი მოთქმა-გოდება ქვასაც კი აატირებდა. გული უკვდებოდა ცრემლს და ცდილობდა აღარ გაბუტულიყო, მიუხედავად იმისა,  რომ ძლიერ დაიღალა. მიაბარეს მიწას და წამოვიდნენ სახლისკენ. სახლში დედას მელოგინე რძალი დაუხვდა, რომელსაც მშობიარობა დასწყებოდა. ცოტა ხანში პატარაც დაიბადა. ბებია-ქალმა თეთრ ჩვრებში გაახვია და გამწარებულ ბებიას მიაწოდა. ბებიამ ერთი კი შეუბღვირა – რა დროს ეგ არის ჩემი შვილი მიწას მივაბარეო. მაგრამ ცალი თვალი მაინც გააპარა ჩვილისკენ და ჰოი საოცრებავ… მისი შვილის ანარეკლი დაინახა. სწორედ ისეთი იყო, როგორიც თავისი ახალდაბადებული შვილი. სწორედ მის ასლად და კვალად მოვლენილიყო პატარა ანგელოზი. გულმა ვეღარ გაუძლო, გამოართვა ბებია-ქალს პატარა და გულში ჩაიკრა. ცრემლი გაშტერებით უყურებდა გამწარებულ ბებიას, რომელმაც სულ ახლახანს შვილი დაასაფლავა. გული აუჩქროლდა, სული აუფორიაქდა, ვეღარ გაუძლო უპეებში ყოფნას, აზვირთდა და ბებიას თვალებიდან წამოვიდა. ბევრი იდინა და ცოტათი დაწყნარდა. დაფიქრდა ცრემლი და გადაწყვიტა არასოდეს გაბუტვოდა არავის, რადგან უიმისოდ არც სიმწარე იქნებოდა და არც დიდი სიხარული. მხოლოდ იმასღა ფიქრობდა: არ ვყოფილვარ სულმთლად ცუდი და გამოუსადეგარიო…

+ + +
ჰორიზონტი 
პატარა იყო გიგლა და ბევრი რამ არ გაეგებოდა. არც სიტყვების მნიშვნელობა იცოდა და არც თვითონ სიტყვები. მაგრამ თუ ყურს მოკრავდა რაიმე სიტყვას წაგჭამდა ტვინს კითხვებით და კარგი დედის შვილი იყავი ნუ გასცემდი პასუხს. არ მოგისვენებდა – რა არის, როგორ არის, რატომ არის, ეს რისია, მერე, მერე და ასე დაუსრულებლად გეკითხებოდა. ისე, ერთის მხრივ კი კარგი იყო ბავშვის ინტერესი ამა თუ იმ საგნებისა თუ მოვლენების მიმართ, მაგრამ თან ამავე დროს  დამღლელი, გამოგწურავდა თავისი კითხვებით. ვერც ტყუილად ეტყოდი რაიმეს, რადგან არ შეიძლება ბავშვს ბაღზე უთხრა უდაბნოაო და პურზე უთხრა მარილიაო. თან,  ისე უნდა აგეხსნა, რომ მისთვის გასაგები ყოფილიყო.
ყველაზე ძალიან უყვარდა პაპასთან საუბარი, რადგან მხოლოდ პაპა ხდებოდა ხოლმე მისი ჭკუისა და მხოლოდ პაპას არ აბეზრებდა თავისი  კითხვებით. ხშირად დაუნახავს პაპა ქარაფის პირზე დიდ ლოდზე ჩამომჯდარი, რომელიც შორს იყურებოდა და მისი სახის გამომეტყველება ხან სიხარულს გამოხატავდა, ხანაც დარდს. ხანდახან ცრემლიც მოადგებოდა ხოლმე თვალებზე, რომელსაც გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა და უკან აბრუნებდა. პატარა იყო გიგლა და ვერ ხვდებოდა ვერაფერს, ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელ, ის იყო შეკითხვა უნდა დაესვა პაპისათვის, რომ დაინახა პაპის ლოყაზე ცრემლი როგორ ჩამოგორდა. გიგლას არასოდეს უნახია მანამდე მომტირალი პაპა და თვითონაც ცრემლი მოერია. ამოისლუკუნა. პაპა ფიქრებიდან გამოერკვა. დაინახა, გიგლა მის გვერდით იდგა და ცრემლიან თვალებს ისრესდა:
– ვახ, მოხვედი პაპას ბიჭო-  გაუღიმა პაპამ და კალთაში ჩაისვა .
– რაო, გიგლა? რა გატირებს პაპი ჰა. ამხელა ვაჟკაცს ტირილი როგორ გეკადრება. აბა, ჩქარა შევიმშრალოთ ცრემლები – და თვითონაც გიგლას მალულად თვალის უპეები პერანგის სახელოებით ამოიმშრალა.
– პაპი, პაპი!  რატომ ტიროდი? – კითხვა შეუბრუნა გიგლამ.
– არა პაპიკო არ ვტიროდი, მტვერი ჩამივარდა თვალებში და ცრემლი წამომივიდა – აუხსნა გიგლას. მაგრამ გიგლა რისი გიგლა იყო ასე ადვილად დაენებებინა თავი პაპისთვის და მორიგი შეკითხვა დაუსვა
– პაპი, როგორ უნდა შეგეყაროს მტვერი ქარი, რომ არაა?
– ახლა არაა ქარი, მაგრამ ჩვენი თვალებისთვის შეუმჩნეველი მტვრის ნაწილაკები დაჰქრიან ხოლმე ჰაერში და ეტყობა ის ჩამივარდა.
– პაპი როგორ დაჰქრიან? თუკი არ ჩანან შენ, როგორ მიხვდი, რომ ჩაგივარდა? – არ ეშვებოდა გიგლა.
რამდენი პასუხიც მიიღო, იმდენი ახალი კითხვა დაებადა გიგლას. ხან რა ჰკითხა, ხან რა. პაპაც ღიმილით პასუხობდა.
– პაპი აქ რომ ზიხარხოლმე, სულ შორს რატომ იყურები? რას ხედავ პაპი შორს? – ახლა სხვა თემაზე გადაიტანა გიგლამ.
– არაფერი პაპი ჰორიზონტს ვუყურებ.
– ჰორიზონტი რა არის?
– ჰორიზონტი არის პაპი აი, ის მანძილი ჩვენს გარშემო რასაც თვალი ხედავს. უყურე პაპი? აი, გახედე მთებსა და ცას შორის ხაზივით რომაა? ეგაა ჰორიზონტის ხაზი, ეგ ყოფს ცასა და დედამიწას – პაპა ცდილობდა გიგლასთვის გასაგებ ენაზე აეხსნა რა იყო ჰორიზონტი.
– მერე? პაპი ყოველთვის, რომ იქით იცქირები, იქ ეძებ რაიმეს ? – არ მოეშვა გიგლა.
– არა პაპი, არაფერს ვეძებ.
– აბა, მაშინ წეღან რატომ ტიროდი?
– არ ვტიროდი, ხომ გითხარი მტვერი ჩამივარდათქო.
– არა პაპი მატყუებ, გუშინაც ტიროდი.
– არა პაპიკო მოგეჩვენა.
– არ მომეჩვენა პაპი, იმის წინა დღითაც ტიროდი და ვიღაცას ელაპარაკებოდი – არ ცხრებოდა გიგლა.
პაპამ თავი უხერხულად იგრძნო. მიხვდა,  რომ პატარა გიგლას დაფიქსირებული ჰქონდა მისი ტირილი და ისაც იცოდა, რაღაცა უნდა აეხსნა, თუ არადა ვერ მოიშორებდა ასე ადვილად გიგლას.
– პაპი შორს, რომ ვიყურები ჩემს მოგონებებში ვიძირები. იქ, შორს დავტოვე ჩემი ბავშვობა, მშობლები, ჩემი ახალგაზრდობა, ბედნიერი წლები, და ჩემი ცოლ-შვილი პაპი ასე, რომ მენატრებიან…  ხანდახან ცრემლი წამომივა ხოლმე პაპი, გაიგე ? – კითხვით მიუბრუნდა პაპა. გიგლამაც დიდი კაცივით გასაგებიაო ჩაილაპარაკა, უკან ხელები შემოიწყო და სახლისკენ გაბრუნდა. პაპა დარჩა ლოდზე ჩამომჯდარი, რომელიც სიყვარულით შეჰყურებდა სახლი კიბეზე ამავალ პატარა სეხნია გიგლას:
– „ღმერთო! შენ გამიმრავლე ჩემი გიგლა, ჩემი შვილის მონიშნე და გვარის გამგრძელებელი“ – ჩაიდუდუნა, პირჯვარი გადაიწერა და ისაც სახლისკენ გაემართა…
დილით მძინარე პაპამ იგრძნო ვიღაცის დაჟინებული მზერა და ფრთხილად გაახილა თვალები. დაინახა თავს წამომდგარი გიგლა, რომელსაც სქელძირიანი ფეხსაცმელი ჩაეცვა, შარვლის გრძელი ტოტები საგულდაგულოდ აეკეცა, საწვიმარი ქურთუკი მხრებზე მოეგდო, ზურგზე პატარა აბგა გადაეკიდა, საიდანაც პურის ყუა მოჩანდა, ხელში პაპის სახრე დაეჭირა და ელოდა პაპა როდის გამოფხიზლდებოდა და ადგებოდა.
გამოფხიზლდა პაპა, საწოლზე წამოჯდა და ღიმილით ჰკითხა გიგლას:
– პაპას ბიჭო! საით გაგიწევია, რომ ასე გამოწყობილი ხარ?
– ჰორიზონტი უნდა მოგიტანო პაპი – უთხრა გიგლამ დიდი კაცივით და პაპას ჩაეხუტა. ცოტა ხანში, პატარა გიგლამ იგრძნო პაპის თვალიდან ლოყაზე დაგორებული ცრემლის სისველე და გაირინდა…

+ + +
გული
იყო ერთი კაცი, რომელიც კომაში იყო ჩავარდნილი. გარეგნულად ყველაფერი რიგზე ჰქონდა. ერთი შეხედვით სასიკვდილო არაფერი სჭირდა.მისი სიცოცხლე მხოლოდ გულზე იყო დამოკიდებული.აპარატზე შეერთებულს პულსაცია ხან აუჩქარდებოდა და ხან  უსუსტდებოდა. ამ  დროს მისი გული ღმერთთან სათხოვნელად  იყო მისული. ღმერთს სიცოცხლის გახანგრძლივებას სთხოვდა – ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი და გთხოვ მიშველე რამეო. ღმერთმა დიდი ეკრანის წინ დააყენა და უთხრა:
– დააკვირდით,  ეს შენი განვლილი ცხოვრებაა. ნახე, აქ რამხელა ნაკერი გაქვს? ეს, როდესაც პირველად გატკინეს მაშინ გაგიკერე. აგერ კიდევ მეორე, აგერ მესამე, მეოთხე… და აჩვენა ყველა ნაკერი. უყურებდა ნაკერებად ქცეული გული და ხედავდა, რომ ადგილი აღარ იყო დარჩენილი სადაც შეიძლებოდა ნაკერის დადება. ღმერთსაც უნდოდა მისი შველა, მაგრამ სიკვდილმა აჯობა და დამარცხდა გული…

+ + +
სიყვარულის მარადიული ზღაპარი
მთის ფერდობზე ნელა მორაკრაკებს წყარო ანკარა. ცოტა ქვემოთ მას უერთდებიან  თავისნაირი პატარა წყაროები და მერე ნაკადულად ეშვებიან დაღმა. უფრო ქვემოთ  კიდევ სხვა  ნაკადულები და ღელეში ერთად  მოჩუხჩუხებენ.
ღელეს ნაპირზე ორი ტირიფი იზრდებოდა. აქეთ-იქედან მყოფები ერთმანეთისაკენ უხილავად მიილტვოდნენ. დილით, მზე, როცა ამოვიდოდა სიხარულით აბრიალდებოდნენხოლმე. ცელქი ნიავი კი, მათ მოსვენებას არ აძლევს და ორივეს სიყვარულის სიმღერას ეჩურჩულებოდა. ტირიფებიც მის ნებას დამორჩილებულნი  მორცხვად აჰყვებოდნენ და მღეროდნენ. ერთი ტირიფი  თამამი იყო, მეორე უფრო მორცხვი. ყოველ დილით თამამი ტირიფი მიილტვოდა მორცხვისაკენ. ისაც ჯერ დაიმორცხვებდა, მერე კი,  გაუშვერდა ხოლმე ხელს, რომ მისწვდომოდა. მაგრამ პატარები იყვნენ ტირიფები, პატარები ჰქონდათ ხელებიც.
დღე დღეს მისდევდა და იზრდებოდნენ ტირიფებიც. ერთ დღესაც გაიშვირა თამამმა ტირიფმა გულისწორისაკენ ხელი, მორცხვმაც ნაზად გაუშალა და აჰა, მისწვდნენ  ერთმანეთს. გულმა თრთოლვა და ბაგა-ბუგი დაუწყო ორივეს. ეს მათი პირველი შეხება იყო, ეს მათი პირველი კოცნა იყო. გულში ორივე ფიქრობდა: ცოტა კიდევ და მაგრად ჩაგეხუტებიო. და მართლაც, ცოტა ხანში ისე ჩაეხუტნენ ერთმანეთს, ისე ჩაეფსკვნენ, რომ ვერა ძალა ვერ დააცილებდა უკვე. მათ ყურებას არაფერი სჯობდა. მითუმეტეს, როცა ნიავზე აშრიალდებოდნენ და მღეროდნენ სიმღერას სიყვარულის მარადიულ ზღაპარზე…
დღე დღეს მისდევდა. ამასობაში დადგა შემოდგომა. ორივეს დასცვივდა ფოთლები, მაგრამ ისინი ისე მჭიდროდ იყვნენ ჩახუტებულები, რომ არად ადარდებდათ სიშიშვლე,  სიცივე, რადგან ერთმანეთს სითბოს უნაწილებდნენ.
აი, დადგა ზამთარიც. ბუნებამ უხვად დაიფერთხა კალთა ტირიფების თავზე და თეთრად შემოსა ისინი. თითქოს საქორწინო სამოსიაო ისე გამოაწყო და სიხარულით ააბჭყვიალა ზარმაცი მზის სხივებით. არც მთვარეს დაავიწყდა მათი  სიყვარულის ამბავი და მანაც უფრო მეტი ძალით დაანათა თავზე. მთელი ღამე ბდღვიალებდნენ ტირიფები, მაგრამ მათ არ გაუგიათ, რადგან ღრმა ძილით ეძინათ ჩახუტებულებს. მერე იყო ქარბუქები. იყო ყინვები, მაგრამ მათ მაინც მშვიდად ეძინათ…
დრო გადიოდა. ზამთარი ნელ-ნელა ძალას კარგავდა. ბუნება იღვიძებდა და ახალი სიცოცხლე იბადებოდა. დადნა თოვლი. მზე ცდილობდა თავისი მწველი სხივებით აეშრო და დაედნო არემარე. პირველი სხივები მათთვის უნდა ეტყორცნა. შეუღიტინებდა და უცდიდა როდის გაიღვიძებდნენ. და ჰა, დადგა ეს დღეც. ტირიფებმა გაიღვიძეს. ჯერ პატარა მეჭეჭებივით დაიყარეს ტანზე კვირტები, მერე ნელ-ნელა დაიბერნენ და დასკდნენ. ცოტა ხანში კი მწვანე სამოსელი მოირგეს ტანზე და ერთმანეთს შესცინეს. სამყაროს შემომქმედს მადლობას სწირავდნენ გაზაფხულისათვის, სიცოცხლისათვის. მერე, როცა საბოლოოდ გაიჯახუნა ზამთარმა კარები, როცა არემარე ათასნაირი ფერით შეიმოსა და სასიამოვნო სურნელით გაიჟღინთა  მათაც დაიწყეს სიმღერა სიყვარულზე.
მთაშიც ნელ-ნელა იწყო თოვლმა დნობა. ნაკადულები ივსებოდნენ ნადნობი წყლით და კალაპოტში აღარ ეტეოდნენ. დაღმართზე კი სიჩქარეაკრეფილები ერთმანეთს  ეხეთქებოდნენ და ღრიალი მიექანებიდნენ დაბლა.
ერთ  დილასაც აღარ  ამოვიდა მზე. ტირიფებმა მაღლა აიხედეს და დაინახეს ღრუბელთა ჯარი, რომლებიც ცუდად ირეოდნენ მათ თავზე. ავი ძალები რაღაც ცუდს აპირებდნენ აშკარად. უცებ ღრუბელი ღრუბელს შემოსტყორცნა და ატყდა ჭექა-ქუხილი. წამოვიდა კოკისპირული წვიმა. ღელე გაივსო წყლით და კალაპოტში აღარ ეტეოდა. უცებ, ტირიფს რაღაც მაგრად მოხვდა ფეხზე. ეტკინა, მაგრამ არ გაამხილა. მერე მეორე, მესამე. ტკივილები გაუსაძლისი იყო და ამიტომ უფრო მაგრად ჩაეხუტა სატრფოს. ავი ძალები კი უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ ავისმომასწავებლად. შეშინებულმა ტირიფებმა ლოცვა დაიწყეს. ჩუმად ბუტბუტებდნენ უფლის სახელით. ავი ძალების მბრძანებელმა სატანამ ყური მოჰკრა მათ ლოცვებს და გავეშებული ეტაკა მათ:
– მაღიარეთ მე, ჩემი ძალა და მოგცემთ სიცოცხლეს…
– განვედ სატანა- ერთხმად უპასუხეს მათ. გაბრაზდა სატანა და ახლა ქარბორბალა გამოაგდო  მათთან საომრად. რაც უფრო მაგრად დაუბერავდა,  მით მეტად ეკვრებოდნებ ტირიფები ერთმანეთს და ლოცვას არ წყვეტდნენ. გაავებული სატანა აღმა-დაღმა აწყდებოდა და ყველაფერს აკეთებდა მათ დასასჯელად. გული მოსდიოდა- რატომ არ მაღიარებენო. ამასობაში დაღამდა. დაიღალნენ ტირიფებიც. მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ და მთელი ღამე სულ ლოცულობდნენ. დილით სატანამ ახალი ძალები გამოიყვანა მათთან საომრად და თან ღრიალებდა
– მაღიარეთ მე და მოგცემთ სიცოცხლეს- მაგრამ ტირიფებს არ უნდოდათ მისი ხმის გაგონებაც კი. ამასობაში,  ღელე უფრო ივსებოდა და ახლა უკვე დიდ ლოდებს მოაგორებდა კალაპოტში. მორცხვ ტირიფს მაგრად მოხვდა ფეხში. თითქოს წაიბორძიკა კიდევაც. შიშით შეხედა თავის გულისწორს, რომელიც უფრო და უფრო იხუტებდა გულში. კიდევ უფრო ძლიერად მოხვდა. დაიხედეს და დაინახეს მორცხვ ტირიფს ფესვები გამოუჩნდა. ეს უკვე აღარ იყო სახუმარო საქმე. სატანა ისევ ღრიალებდა, მაგრამ ტირიფებს მისი ხმის  გაგონებაც კი არ უნდოდათ. სატანა უფრო ძლიერდებოდა. სულ გამოაცალა მორცხვ ტირიფს ფეხქვეშ მიწა და მხოლოდ გულისწორთან გადახვეული ხელები აკავებდა მას. შეეშინდა თამამ ტირიფს და სატანას დაუწყო ხვეწნა:
– თუ, გინდა ჩემი სიცოცხლე წაიღე, ოღონდ მას დაანებე თავი- მაგრამ სატანას გაგონებაც კი  არ უნდოდა. ის, მათგან მისი ძალებისა და მის აღიარებას მოითხოვდა. მაგრამ არ გატყდნენ ტირიფები და არ მიჰყიდეს სული ეშმაკს. ბოლოს კი დაღლილებს და ძალა წართმეულებს განძვინვარებულმა ჯერ ერთი ხელი ჩამოატეხა, მერე მეორე და დანარჩენი ტოტებიც ადვილად  ჩამოასხიპა. ერთი მძლავრად დაჰქნია და ღრიალით გაიტაცა მორცხვი ტირიფი.ხან ჩაძირავდა, ხან მაღლა ასტყორცნიდა, რომ უფრო ძლიერად დაენარცხებინა გაავებულ ღვარცოფზე მორცხვი ტირიფი, მაგრამ სულთმომაბრძავი მაინც მამაოჩვენოს ლოცულობდა. თამამი ტირიფი კი უყურებდა შორიდან თავის სატრფოს, როგორ იღუპებოდა სატანას სათამაშოდ გადაქცეული მისი რჩეული, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა და მწარედ აქვითინებული შენდობასა და პატიებას სთხოვდა განგებას…
ავმა  ძალებმა გაიტაცეს ტირიფი და დიდ მორევში დაღრჩობით ამოხადეს სული. თითქოს ამას უცდიდდნენო ნელ-ნელა დადინჯდნენ. ქარიც ჩადგა. წყალმაც იკლო. კალაპოტს დაუბრუნდა ღელე და ისევ რაკრაკ – ჩხრიალით დაიწყო დინება. მაგრამ თვალს ვერ უსწორებდნენ თამამ ტირიფს, რომელიც იდგა ნაპირზე  დიდ ბრძოლაგამოვლილი მეომარივით ჩამოსხეპილი ტოტოებითა და წელში გადატეხილი, რომელსაც სიცოცხლე აღარ უღირდა და სიკვდილს ნატრობდა…
სატანამ აქაც არ დაინდო და ახლა მწველი მზე გამოუშვა მასთან და უთხრა :
– მაღიარე მე- მაგრამ ტირიფს გაგონებაც არ უნდოდა. მაშინ გაბრაზებულმა სატანამ ისე დააცხუნებინა მზეს, რომ სულ დაუწვა  ღიად გამოჩენილი ფესვები. კვდებოდა თამამი ტირიფი და მაინც ლოცულობდა. მისი გულის რჩეულის ხატება მიუძღვოდა წინ და სიკვდილს უადვილებდა….
მოკვდა ტირიფი. დარჩა მხოლოდ სიყვარულის მარადიული ზღაპარი…

+ + +
იმედი
თოვს. ბარაქიანად თოვს. თოვლის ფანტელები ჰაერში ცეკვა – ცეკვით მოფრინავენ. მიწაზე დაშვებისას თითქოს ბოლო აკორდს აკეთებენო ფრთხილად ეცემიან და ყუჩდებიან. ფიფქი ფიფქზე ესვენება და ეწებებიან. საბანივით ეფარებიან დედამიწას, რომელიც გარინდებული და გათოშილი ეხვევა ამ ფაფუკ საბანში. თითქოს დროც შეჩერდაო- არსაიდან ჩქამიც კი არ ისმოდა. მხოლოდ თოვის სიმფონიის ხმები იღვრებოდა, რომელიც კაცთა სმენას ვერ სწვდებოდა. ირგვლივ მდუმარებამ დაისადგურა.  თოვლის ფანტელებსაც მობეზრდათ ბზრიალ-ტრიალი, უმაყურებლო და მსმენელებს მოკლებული სიმღერა, ნელა-ნელა მიყუჩდნენ. მხოლოდ აქა-იქ მოფარფატე ზარმაცი ფიფქი თუ გამოჩნდებოდა დაგვიანებული მგზავრივით და ისაც ფრთხილად ეშვებოდა ძირს. ძე- ხორციელის ჭაჭანება არსაიდან არ იყო. კაცთა ხმას და მათთან თამაშს მონატრებული თოვლი გაიბუტა, გაირინდა რაღაცის მოლოდინში. არც ნიავი იძვროდა. სიჩუმე და მდუმარება მეფობდა ირგვლივ. ლოდინში კი გადიოდა წუთები, საათები.
დაღამდა. არემარეს ყინვამ შეახსენა თავი, რომელმაც მარწუხებივით მოუჭირა ცივი ხელები და ბოთლში გამომწყვდეული ჯინივით, გასაქანს არ აძლევდა. შესცივდათ თოვლის ფანტელებსაც და ერთმანეთს უფრო ძლიერად ჩაეხუტნენ, ჩაეკვრნენ. ყინვა გაგულისდა, გათამამდა და ხარხარი დაიწყო. იმდენი იხარხარა, სანამ ქარბუქი არ დააყენა. ქარმა მიყარ-მოყარა ერთმანეთს ჩაკრობილი თოვლის ფანტელები. ზოგი ჰაერში აიტაცა, ზოგი ღობის ძირებში მიყარა, ზოგი ჩამსხვრეულ ფანჯრებში შეყარა. ზოგი სად და ზოგი სად. ფანტელებიც მის ნება-სურვილს უსიტყვოდ დამორჩილებულნი შიშით ცახცახებდნენ და ყუჩდებოდნენ. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ბოლოს ყინვასაც მობეზრდა გაუთავებელი აღმა-დაღმა ხეტიალი და დადინჯდა, დაწყნარდა. აქა-იქ შეგროვებულმა თოვლის ფიფქებმა თვალი გაახილეს და დაინახეს პატარა ნაკვალევი. დააკვირდნენ და ხელში შერჩათ ბავშვი- სიცოცხლის სიმბოლო, მომავლის იმედი…

+ + +
ია და მზე
გაზაფხულდა. ჰაერში გაზაფხულის დამათრობელი სუნი დატრიალდა. მთა და ბრმა მწვანე მოსასხამები მოისხეს. აყვავილდა ბაღში ხეები და მინდვრად ყვავილები.
ბუჩქი ძირას პატარა იამაც გაახილა თვალი. გაიწ-გამოიწია, გაიზმორა და თავაწეულმა მზეს შესცინა:
– გამარჯობა მზეო! როგორ მომანატრე თავი. რომ იცოდე როგორ მიყვარს და როგორ მათბობს შენი ერთი გაცინება, შენი სხივები. გამათბე და შემატეს ძალა, მიძინებული და ძალაწართმეული მომაღონიერე, დამატკბე ქვეყნიერების ცქერით.
მზესაც უყვარდა ლურჯთვალება და ნაზი ია. გაათბო, მოაღონიერა. დილით ამოვიდოდა თუ არა პირველი სხივი  მისთვის უნდა ეტყორცნა. შეუღიტინებდა და სიცილით გამოაღვიძებდა:
– დილა მშვიდობისა პატარა! გაიღვიძე დობილო!- გახარებული იაც გაახელდა თვალებს და შეჰხაროდა მზეს, სიცოცხლეს. მთელ დღეს სიცილში ატარებდა…
მაგრამ ერთ დღეს აღარ ამოვიდა მზე, აღარ გაათბო ია. იას შესცივდა და კანკალი დაიწყო. შიშით მაღლა აიხედა. დაინახა შავ ღრუბლებს ერთად მოეყარათ თავი და ცა სულ დაებნელებინათ. უცებ ატყდა ჭექა-ქუხილი. იას  რაღაცა მაგრად დაეცა ფოთოლზე. ეს არ ჰგავდა მზის სხივის დაცემას. იას შეეშინდა და ცახცახი დაიწყო. ცოტა ხნის შემდეგ ისევ იჭექა და წამოვიდა კოკისპირული წვიმა. ია მოიკუნტა. სულ დაპატარავდა და დაუწყო მზეს ძახილი:
– დობილო სადა ხარ, დობილო მიშველე, გამოანათე, გამათბე თორემ ვიღუპები-ო.
მაგრამ მზეს არ ესმოდა მისი ძახილი, რადგანაც ღრუბელთა ჯარი გარს შემორტყმოდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
ია კი ელოდა ერთ დღეს, მეორე დღეს და ამ ლოდინში გავიდა რამოდენიმე დღე. სულ შემოეძაეცვა ტანისამოსი. გაშიშვლებული, ღონემიხდილი და სიკვდილის პირას მისული საცოდავად კანკალებდა. იმედი ჰქონდა, რომ მზე მოუსწრებდა, მოასულიერებდა და ღონეზე მოიყვანდა.
იას ძალიან სწყუროდა სიცოცხლე, ცხოვრება, რადგანაც ისედაც ხანმოკლე იყო მისი წუთისოფელში ყოფნის ხანგრძლივობა. მას არად ადარდებდა შემოძარცვული სამოსი… ოღონდაც ეცოცხლა… ოღონდაც მოესწრო მზეს და გაეთბო…
რამოდენიმე დღის შემდეგ  წვიმამ გადაიღო. მზემ გამოანათა, გაიცინა და პირველი სხივი იას სტყორცნა. მაგრამ იას არ უგრძვნია მზის სხივის შეხება.  შემდეგ მზემ ყველა სხივი იას მიაშუქა  და დაუძახა:
– დილა მშვიდობისა  დობილო!გაიღვიძე, რა ხანია შენ გეალერსები, გაიღვიძე პატარავ!-
ია მიწაზე გართხმული იწვა უმოძრაოდ. ღონემიხდილს თვალის გახელის თავიც არ ჰქონდა. მხოლოდ რაღაც სითბო იგრძნო ტანზე. ესიამოვნა და გაიფიქრა: რადგან სითბო ვიგრძენი აღარ მოვკვდებიო.
მზე სხივებს არ იშურებდა და მალე დაინახა, როგორ წამოიმართა ფეხზე ია. თუმცა შიშველი და ღონემიხდილი, მაგრამ მზეს არ ადარდებდა იას სიშიშვლე. უხარიდა მხოლოდ გადარჩენილი, ცოცხალი მეგობრის ხილვა და გახარებულმა სიმღერა დაიწყო.