ქეთევან ტრაპაიძე: საუკეთესო დებიუტი

12

ქეთევან ტრაპაიძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2026 წლის ლაურეატი ნომინაციაში  საუკეთესო დებიუტი

პრემია ივერიის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი ნომინაციაში ფესტივალის საუკეთესო წიგნი

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ფერთა შერწყმული, ბარაქიანი, დინჯი შემოდგომა.
მინდვრად გადაშლილი ველური ბალახები გაუხუნებია  მეწამულ შემოდგომას.
მზე დახამებული დაჰყურებს და უფერადებს ტყეს ფოთლებს, ქარი კი ურცხვად ტრიალებს და უნადა, მალე მოსწყვიტოს  ფოთლები, გაიტაცოს სივრცეში, სადაც უსასრულობაა.
ნორჩ ხეებთან გამკლავება უჭირს ქარს, ამიტომ ჯერ დაბერებულ ხეებს ეძგერება.
არცერთ ფოთოლს არ  ტოვებს, გაშიშვლებული ხეები ზამთრის მოსვლას ელოდებიან.
მათ სიცივის არ ეშინიათ, პირიქით ,ითხოვენ სამოსს ზამთრისა, რათა სირცხვილის გრძნობა დამალონ.
ზამთარი კი პატივსაცემად თეთრ სამოსში ახვევს მათ.
საოცარია ბუნების კანონები, მაგრამ მათშიც იგრძნობა სულის არსებობა: გაბრაზებაც სჩვევია, სისასტიკეც, ზოგჯერ კი სრულიად დაუნდობელიც ხდება, როგორც ადამიანი. თითქოს ერთი შერწყმა ვართ დედაბუნებასთან.
ტყის ბოლოს, გადაშლილ მინდორზე, სადაც ველური ბალახები გაუხუნებია შემოდგომას, დგას მარტოდმარტო, ყველასგან განრიდებული მუხის ხე.
ტანმაღალი, მაგრამ დარდიანი, ღრმად მოხუცებული, დაკოჟრებული, დახმელებული.
ქარის ამოვარდნისას აქეთ-იქით ირწევა და კრაჭუნობს, თითქოს ვიღაცას ეძახის გადასარჩენად, მაგრამ არავის ესმის —განდეგილია, მარტოა ტიალ მინდორზე და ებრძვის ქარს, მყარად დგას თავის ფესვებზე, რათა არ წაიქცეს.
მაგრამ რატომ იბრძვის ასე გამალებით?
ხომ დაბერდა, ნუთუ არ დაიღალა?
ხომ ხედავს, რომ ყოველდღე ქარი უტეხავს ტოტებს?
ნუთუ რამის იმედი აქვს?
ალბათ ფესვები დაუკოჟრდა და მალე ვეღარ დაიკავებს…
ალბათ მალე წაიქცევა, დაეცემა გმირულად,  ველზე მიტოვებული.
მაგრამ – არა! რა ხდება?!
საოცრება!
ფესვებიდან ახალ ნაყოფს თავი აუმაღლებია, გაზრდილა, მშვენდება და ისე მტკიცედ ჩასჭიდებია ბებერ მუხას, რომ არ აძლევს დაცემის საშუალებას.
ბებერი მუხა კი იმედის სახით მოსულ თავის ნაყოფს ფესვებიდან უფრთხილდება და იცავს.
ეს არის ბუნების  ღირსეული კანონი.
ადამიანთა შერწყმა დედაბუნებასთან…

შავი მერნის აჩრდილი
მთის ქედებზე, სადაც ქარი დაქრის უგზოუკვლოდ და თავის ზუზუნით მიუმღერის კლდოვან მთებს, ღრუბლები კი მთებს ეხვევიან ვნების ალში, გზააბნეული  დაეხეტებოდა შავი მერანი, როგორც ღამის მოჩვენება. თვალები კი – ცეცხლივით წითელი, როგორც დაუმორჩილებელი სულის ალი. მერანი მოყვარული იყო თავისუფლებისა, მაგრამ მას თან სდევდა ბედისწერის უხილავი ჩრდილი.
ერთ დილას წითლად აფეთქებულ ზეცაზე მზე ოქროსფრად ამობრწყინდა და თავისუფლების მწვერვალებს ოქროსფრად აბრწყინებდა, შავმა მერანმა შორიდან დაინახა თეთრი ლანდი. იგი მთაზე იდგა, უმანკო და მშვიდი, თითქოს სამყაროს ყველა სინათლე მასში შეკრებილიყო. ლანდის თვალები ლურჯი იყო, როგორც მთის ტბები, და მისი მოძრაობა – მადლიანი, როგორც გაზაფხულის ნიავი. შავი მერანი გაოცებული გაჩერდა, რადგან მანამდე მხოლოდ ბნელეთში ცხოვრობდა, მხოლოდ ქარიშხალში დაქროდა, მაგრამ ახლა თეთრი ლანდი მისთვის გახდა სინათლის სიმბოლო – იმედისა, რომელმაც შავ სიბნელეშიც კი შეიძლება იარსებოს.
მერანი დაეშვა მდელოზე, ფაფარაშლილი,და მიუახლოვდა ლანდს: „შენ თეთრიხარ, როგორც სიზმარი, რომელიც არასოდეს მინახავს“, – უთხრა მან. ლანდმა  თავი ასწია და მშვიდად უპასუხა: შენ კი შავი ხარ, როგორც ღამე, რომელიც ყველაფერს ფარავს, მაგრამ შენში სინათლეს ვხედავ. გამომყევი, ნუ გეშინია!“ დაწყვილდა შავი მერანი თეთრ ჩრდილთან და დაიწყეს ხეტიალი მთებში.
შავი მერანი ლანდს უყვებოდა თავისუფლების ტკივილზე, იმაზე, როგორ დევნის მასში თავის შავ ბედისწერას, როგორ უწევს მარადიული ჭენება უსასრულო გზაზე. თეთრი ლანდი კი უსმენდა და თავისი სინათლით ამშვიდებდა მას. შავი დათეთრი ერთმანეთს სჭირდება, „ეუბნებოდა იგი, რადგან ერთის გარეშე მეორე ვერ იარსებებს. შენი შავი ფერი ჩემს თეთრ სხეულს იცავს ქარიშხლისგან, ჩემი თეთრი სინათლე კი შენს ბნელს ანათებს“.
დღეები გადიოდა და მათი სიყვარული მთებს ავსებდა ახალი სიცოცხლით. მაგრამ ბედისწერა არ იძინებს. ერთ ღამეს შავი მერანი მიუახლოვდა კლდეს, სადაც უსასრულო სიბნელე სუფევდა და კლდემ დაჩრდილა შავი ფერით შავი მერნის თეთრი ლანდი. მერანი დაუღალავად მიაჭენებდა მაღლა და მაღლა, თითქოს ცად უნდოდა აწვდომა, რომ დაეცვა თავისი თეთრი ლანდი, მაგრამ იცოდა – ბრძოლა უსასრულოა.
წითლად აფეთქებულ ზეცაზე, სადაც მზე ოქროსფერ სხივებს აფრქვევს იმ მთებში, დღესაც ჩანს შავი მერანი, რომელიც თეთრ ლანდთან ერთად დაეხეტება უგზოუკვლოდ. შავი და თეთრი – ერთი სული, ერთი გზა, ერთი თავისუფლება.

იასამნისფერი აღმართი
ქალაქის დასასრულს მოჩანს იასამნისფერი აღმართი, თითქოს იასამნები დაეწვათ და მის კვამლში გახვეულა გზა. ჰაერში საოცარი სურნელება იგრძნობოდა, ზეციდან ეშვებოდა იასამნისფერი ნისლი და ერთბაშად უნდოდა მზის დატყვევება.
აღმართი გახვეულა იასამნისფერ კვამლში და არ ჩანს დასასრული, თითქოს ცის დასალიერს მიჰყვებოდა აღმა და აღმა. ქალაქი კი უკან იყო, საკმაოდ შორს. ქარი ნაზად გადაუვლიდა იქვე, აღმართის ნაპირას, მდგარ ხეებს და უგზავნიდა იასამნისფერ კვამლს. სურნელით გაბრუებულ ხეებს ქარი ეშმაკურად მოსტაცებდა შეფერილ ფოთლებს, მიჰქონდა  და მიმოფანტავდა იასამნისფერ აღმართზე. შეშინებული ხეები ტოტებს ეხვეოდნენ და ფოთლებს იკრავდნენ, თითქოს არ უნდოდათ მათი გაშვება, მაგრამ ქარი მაინც არ ნებდებოდა და მოწყვეტილ წითელ ფოთოლს ჰაერში აფრიალებდა. ცა იასამნისფერ ალში იყო გახვეული. ალბათ ამ აღმართზე არავინ ასულა, რადგან ნაკვალევი არ არის.
– ეშინიათ?!
ალბათ!..
რატომ?!
არ ვიცი!
სად მთავრდება აღმართი?
არ ვიცი!
ალბათ ცამდე ან ცაზე მაღლა!
გამოუჩნდება მგზავრი აღმართს? ალბათ დრო უნდა ალბათ!
ცხოვრება ჰგავს ლამაზ ზღაპარს! წასჩურჩულა ქარმა მოწყვეტილ ფოთოლს  და აიტაცა უფრო მაღლა და მაღლა.
იასამნისფერი აღმართი ისევ ელოდება მგზავრს.