როგორ დაიმკვიდრა ანა ბარათაშვილმა ლიტერატურულ წრეში თავი…

44

ანა ბარათაშვილი ბათუმელია. მწერალი, მხატვარი და საკმაოდ განათლებული, მრავალმხრივ ნიჭიერი და საღად მოაზროვნე გოგო. საზოგადო მოღვაწეა და საკმაოდ ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ევროპული სტანდარტები შშმ პირებისთვის, მოხდეს მათი სრული ინტეგრაცია და ნიჭიერების დაფასება ქვეყნის საკეთილდღეოდ.
„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ორგზის ლაურეატია.
ბევრი რამის თქმა შეიძლება ანაზე, თუმცა ამ ინტერვიუს წაკითხვა სჯობია და თავად მიხვდებით ბევრ რამეს…


– ვინ არის ანა ბარათაშვილი?
– მწერალი. და რაც მთავარია, მებრძოლი გოგონაა. ვიბრძვი ყოველთვის – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რაც არც ისე იოლია. ვიბრძვი იმიტომ, რომ მიმიღონ ისეთი ადამიანად, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია და არ ეშინია დაბრკოლებების. მერე რა, რომ შშმ პირი ვარ? ასეთი საკუთარი თავის სიყვარული ვისწავლე.
– რა უყვარს ანას ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად მიყვარს კითხვა და წერა – ეს ჩემი სულია. ასევე ხატვა – ფერებით საუბარი. ძალიან მიყვარს ახალი ადამიანების გაცნობა. და ყველაზე მეტად – ჩემი სამი სულიერი შვილის ყურება: როგორ მეხმარებიან, როგორ მიმიღეს ისეთად, როგორიც ვარ.
– საინტერესოა, რატომ აირჩიე მწერლობა?
– ყველა ადამიანს აქვს ემოციების გამოხატვის თავისი გზა. ემოციები – ტკბილი ბედნიერება, წუხილი, სიყვარული, რომელსაც მთელი გულით და სულით ვატარებ – რომანში გადამაქვს. ჩემი გზა მწერლობაა.
– როგორ ირჩევ პერსონაჟებს?
– არასდროს ვგეგმავ წინასწარ, ვინ როგორი იქნება – ყველა ერთად ჩემი სულის ნაწილია და, როცა რაღაც დოზით ვჩერდები, გმირები უკვე თავისთავად იქმნებიან. ამას ხშირად ვერც მე ვხსნი პერსონაჟები როგორ შევქმენი და რანაირად მივეცი მათ სახე, სული, ხასიათი, გარეგონობა…
– თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა რა არის სამწერლო გზაზე?
– ყველაზე დიდი მიღწევა პირველი წიგნი იყო! სამწუხაროდ, მეორე რომანს კოვიდ-პანდემია დაემთხვა, ბუნებრივია იმ პერიოდში ხალხი ვერ ყიდულობდა. დღეს კი ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა უკვე ახალი რომანია, რომელსაც ვარედაქტირებ.
– ანა, შშმ პირების საკითხები როგორ ვითარდება საქართველოში?
– ვფიქრობ – ძალიან ცუდად. ვერ ვხედავ სიახლეებს, ახალ პროექტებს, სადაც არც ასაკი იქნება და არც დაბრკოლება, არც ადაპტირებული გარემოს ნაკლებობა. შშმ პირები, ვინც აქტიურები არ არიან, კიდევ უფრო მეტად იკეტებიან დროთა განმავლობაში… ამაზეც სერიოზული მუშაობაა საჭირო.
– რა აწუხებთ ძირითადად შშმ პირებს საქართველოში?
– ბულინგი და მიუღებლობა! ადაპტირებულ გარემოზე აღარაფერს ვამბობ – ეს ისედაც ცხადია. მაგრამ ყველაზე დიდ საზღვრებს ადამიანები აგებენ. ყველა საკითხში.
– თქვენ რა აქტივობებში მონაწილეობთ შშმ პირების საკითხების მოსაგვარებლად?
– ბოლო აქტივობა იყო პროექტი „დედა და შვილი“. სამწუხაროდ, დანარჩენი პროექტები ასაკობრივ საზღვრებს აჩენს, რაც, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ბევრი პროექტი სწორედ ასაკის გამო დაიხურა ჩემთვის – მითხრეს, უკვე დიდი ხარო.
– ანა, დავუბრუნდეთ ლიტერატურას – ლიტერატურულ წრეებში თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდა?
– „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ჯილდო და ორდენი, ამ დიდი პრემიის ლაურეატობა იყო და არის ჩემი სტიმული, რომელიც ყოველთვის მომცემს ბიძგს, უკეთ ვწერო და საკუთარი თავის რეალიზაცია მოვახერხო. პრემია „ივერიის“ საშუალებით თავი დავიმკვიდრე და მჯერა, რომ ჩემი ლიტერატურული კარიერაში მეტი წარმატება მექნება.
– რამდენი წიგნის ავტორი ხართ და რომელმა მოგიტანათ წარმატება და აღიარება?


– სულ ორი რომანი მაქვს გამოცემული: პირველი – „სიყვარულის ზღაპარი“, მეორე – „იგრძენი, რომ ვარსებობ“. ყველაზე დიდი გამოხმაურება და აღიარება სიყვარულის ზღაპარმა მომიტანა – რომანი, შშმ პირ გოგონაზეა, რომელიც ყველა სტერეოტიპს ამსხვრევს. ასევე ორი პატარა ნაწარმოები, მაქვს ონლაინ-გვერდებზე, რომლებსაც წიგნად ვერ გამოვეცი, თუმცა საკმარისად კარგი გამოხმაურება ჰქონდა ორივეს. ყველაზე დიდი მოლოდინი კი ახალ ნაშრომზე მაქვს, რომელსაც უფლის წყალობით ძალიან მალე წიგნად წარვუდგენ მკითხველს.
– საყვარელი მწერალი ვინ გყავთ?
– ნიკოლოზ ბარათაშვილი – მის მსგავსად ვერავინ გადმოსცემს ტკივილსა და სიხარულს. ვაჟა-ფშაველა – მან მკითხველს ბუნება გაუცოცხლა და სულში ჩაუსახლა. ეს ორი უდიდესი მწერალი ჩემთვის ყოველთვის შთაგონების წყაროა. რაც შეეხება ჩემი თაობის ავტორებს – ბევრი მეგობარი მწერალი მყავს, რომელთა შემოქმედება ჩემთვის უსაყვარლესია.
– გაქვთ ჰობი?
– დიახ – ხატვა და სიმღერა. ვხატავ, რადგან იმ ფერების ნაზავს ვგრძნობ, რასაც ტილოზე გადმოვცემ. არ ვქმნი საზღვრებს. სიმღერა კი ჩემი ბავშვობის უტკბილესი ნაწილია, ხშირად ვღიღინებ. ჩემ დედიკოს შესანიშნავი სმენა და ხმა აქვს – ბაბუამისისგან ერგო. ძმაც კარგად მღერის. მე ხმა არ მაქვს – ხშირად უკვირთ, რატომ ვმღერი მაშინ, როცა ხმა არ მაქვს. მაგრამ სიმღერას ვგრძნობ, მიყვარს და სხვანაირად არ შემიძლია… ალბათ სიმღერის სიყვარული ჩემი წინაპრებისგან მერგო.
– რა არის თქვენთვის ქრისტიანობა?
– იმედი, რწმენა, სიყვარული და ყველაზე მთავარი – რიდი. ტაძარში სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ. თუნდაც ტაძარში არ ვიყო, როცა გალობას ვუსმენ ან ლოცვას ვკითხულობ, ყოველთვის ვგრძნობ, რომ უფალი ჩემს გვერდით არის.
– რას ეტყვით საზოგადოებას?
– ძალიან მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი: მიგვიღეთ ისეთი ადამიანები, როგორებიც უფალმა შეგვქმნა!

ანა ბარათაშვილის ნამუშევრები