რა სურვილი აქვს იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტ მაკა გამყრელიძეს…

550

უცხო აღარაა სიტყვა ემიგრანტი და ალბათ საქართველოში ოჯახი აღარ დარჩა, რომელსაც ეს მეტად რთული საკითხი – ოჯახის წევრის, ნათესავის, მეგობრის ემიგრანტობა არ აწუხებდეს და არ ენატრებოდეს ისინი…
ჩემი რესპონდენტი ქართველია, საქართველოს შვილი, საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად შორეულ იტალიაში წასული. ჰყავს ორი ლამაზი და ჭკვიანი შვილი, რომლებსაც ზრდის ლამაზად ქართულად, სულიერებით, ფიზიკურად ჯანსაღად და განათლებას აძლევს შესაბამისს.
მოკლედ, კიდევ ერთი ქართველის წარმატებაზე შეიტყობთ ამ მოკლე ინტერვიუდან, რომელიც სამხრეთ იტალიაში, უძველეს და ისტორიულ, პატარა, ლამაზ ქალაქში, რეჯო კალაბრიაში ცხოვრობს
– ქალბატონი მაკა გამყრელიძე.

– ქალბატონო მაკა, ჩვენი ინტერვიუს ძირითად საკითხი თქვენი შვილების სპორტული წარმატებაა. რატომ გადაწყვიტეს მათ სპორტის ეს სახეობა?
– პატარობიდანვე აქტიურები და ენერგიულები იყვნენ, არ ჩერდებოდნენ. მამამ მითხრა – ეს ბავშვები სპორტზე თუ არ მივიყვანეთ ცოდოები არიანო. ასე აღმოჩნდნენ ტანვარჯიშის სკოლაში, რამაც გაამართლა და მათთვის საყვარელ დისციპლინად იქცა.
– რა შეჯიბრი მოიგო ბოლოს და რას უნდა ელოდეს უახლოეს მომავალში?
– უფროსმა შვილმა ელენე წულუკიძემ ბოლო რეგიონალურ (კალაბიის მასშტაბით) შეჯიბრებაში პირველი ადგილი მოიპოვა ბურთის და ლენტის გამოსვლით LB1 კატეგორიაში, ხოლო უმცროსმა შვილმა, ანნალიზა წულუკიძემ რეგიონალურ შეჯიბრებაში (კალაბრიის მასშტაბით) ასევე პირველი ადგილი დაიკავა LD2 კატეგორიაში თავისუფალ და რგოლით გამოსვლაში. მათ შემდეგი შეჯიბრი 19-29 ივნისს უნდა გამართონ, ნაციონალურ (იტალიის მასშტაბით), რომელიც ქალაქ რიმინში გაიმართება. ეს უკვე მეტი წარმატების საწინდარია, რადგან დიდი შეჯიბრია, მაღალი ტიტულის მატარებელი.


– რამდენი მონაწილე იყო ამ შეჯიბრში?
– ზუსტად რამდენი მონაწილე იყო არ ვიცი, მაგრამ კალაბრიის მასშტაბით სხვადასხვა სკოლის ტანვარჯიშე მონაწილეობდა. ელენე 11 წლის ასაკის პირველი ადგილის მფლობელია LB1 კატეგორიაში, ხოლო ანნალიზა 9 წლის ასაკის პირველი ადგილის მფლობელია LD2 კატეგორიაში.
– როგორია ბავშვების და მწვრთნელების დამოკიდებულება?
– „სკოლა ჯებიონე“ ხელმძევანელი როზა ქრისტიანო, მწვრთნელები კატერინა, ნოემი და მარია, ვფიქრობ დიდ ძალისხმევას დებენ ბავშვების წარმატებისთვის, ბევრს მუშაობენ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
– ალბათ რთულია ემიგრანტობაში ასეთი დიდი სპორტული მიღწევები?-
– როგორც ემიგრანტ ბავშვებს, მათ არანაირი წინაღობა არ შეხვედრიათ, არანაირ გარემოში.


– სპორტის გამო ხელი ხომ არ ეშლებათ სწავლაში?
– სპორტი სწავლაში ხელს არ უშლით, სკოლაში წარჩინებული მოსწავლეები არიან.
– როგორ ფიქრობთ, ეს სპორტი დროებითია თუ სერიოზულ კარიერაზე ფიქრობთ?
– ამ ეტაპზე ტანვარჯიში მათი ცხოვრების მთავარი დისციპლინაა, მომავალში რა იქნება, დრო არ ვიცი.
– ქალბატონო მაკა, თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ მოხვდით ემიგრაციაში?
– ოცი წლის ვიყავი იტალიაში რომ წამოვედი. ვერ ვიტყვი გაჭირვების გამო მომიწია წამოსვლათქო, ბევრი არ გვქონდა, მაგრამ არც ეკონომიური პრობლემა იყო ოჯახში იმდენად, რომ… ბავშვობიდან მინდოდა დამოუკიდებლად, ჩემით მეშრომა და მქონოდა ის, რაც მინდოდა. აქ წამოსვლა რომ გადავწყვიტე, მშობლები გვერდით დამიდგნენ, დამეხმარნენ და ხელი შემიწყვეს წამოსვლაში. ცხადია, კიდევ ერთხელ საქვეყნოდ მადლობა მათ!
– ალბათ რთული იყო თავიდან ემიგრაციაში…


– ემიგრანტობა განსაკუთრებით რთულია პირველ წლებში, მაგრამ, შეუძლებელი არაა,  დრო და დრო ყველაფერს ეჩვევი და ითავისებ. ემიგრაციაში საქართველოს მონატრება სულ თან დაგყვება, უსასრულო ფიქრი და ნოსტალგია არ გასვენებს…
– რას საქმიანობთ იტალიაში?
– რდენიმე ოჯახში ვმუშაობ, დატვირთული სამუშაო დღის გრაფიკით.
– საქართველო არ გენატრებათ?
– დიახ… ჩემთვის საქართველო ერთი დიდი მონატრებაა…
– ქალბატონო მაკა, როგორია ქართველი ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო და იტალია?
– იტალია ჩემი მეორე სამშობლოა. საქართველო უპირველესი, უპირველეს ყოვლისა… და საამაყო, საფიცარი…
– თქვენი ოცნება…
– ვისურვებდი გამთლიანებულ საქართველოს ბედნიერი ქართველებით, ასევე ყველა ქალი იყოს ბედნიერი დედა და ყველა დედას ჰყავდეს ჯანმრთელი და ბედნიერი შვილები.

პ.ს. ჩვენი რედაქცია წარმატებებს უსურვებს ამ მშვენიერ ბავშვებს და ყველა ქართველ ემიგრანტს!
ქალბატონი მაკა გამყრელიძე პრემია „ივერიის“ ერთ-ერთი ორგანიზატორია რეჯო კალაბრიაში, რაც მეტად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, რამეთუ ეს ქართული კულტურის მსახურებას ნიშნავს. მადლობა ვუხდით ჩვენი რედაქციის სახელით ქალბატონ მაკას! ინტერვიუს მომზადების პერიოდში ვისაუბრეთ და ქალბატონმა მაკამ მითხრა, რომ ყველა იტალიელის მადლიერია (ცხადია იტალიისა) ვინც მას ხელი გაუმართა, როგორც ემიგრანტს, რომელ სიკეთესაც არ დაუვიწყებს იტალიელ ხალხს და საუკუნოდ ემახსოვრება, სიყვარულით დაუბრუნებს უკან…

და კიდევ, ქალბატონი მაკა საქართველოსთვის თავს არც შორეულ ქვეყანაში ზოგავს, საზოგადო სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის – პრემია „ივერიის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი და ორგანიზატორია იტალიაში, რეჯო კალაბრიაში. მადლობა მას ჩვენი გუნდის სახელით!