გიორგი ალიმბარაშვილი: ღრმად დამამახსოვრდა ჩემი დაბადების დღე, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ნოე ჟორდანიას საფლავზე…

2357

ავტორი: ბესო ბოჭორიშვილი

ქართული ცეკვა თავისთავად გენიალურია და მას პატრონობას, მის სწავლას და სწავლებას, წარმოჩენას მსოფლიო ხელოვნებაში, დიდი ნიჭი უნდა! „განსაკუთრებული ჟურნალის“ სტუმარია ანსამბლ„ივერიელის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი, გიორგი ალიმბარაშვილი.

– ბატონო გიორგი, როგორ დაიწყო თქვენს ცხოვრებაში ქართული ცეკვა?
– თავიდან დედაჩემის სურვილით შემიყვანეს ცეკვის წრეზე, ხუთი წლის ასაკში. ძალიან უნდოდა დედას, რომ მოცეკვავე ვყოფილიყავი, რადგან თავად იყო სუხიშვილების მოცეკვავე. მოკლედ, არის ცნობილი და კარგი ქორეოგრაფი, ანსამბლ „იმედის“ ხელმძღანელი, გია დავითაშვილი, რომელსაც მიმაბარეს. ჩემი პედაგოგები იყვნენ ბატონი ჯემალ რეხვიაშვილი და ქალბატონი ნუნუ ღვინელია. გიას ხელშეწყობით ძალიან მალე მოხდა ჩემი ანსამბლში გადაყვანა. ფაქტიურად ორ წელიწადში მოვხვდი ძირითად ანსამბლში.
– პირველი გასტროლი როდის და სად გქონდათ?
– შვიდი წლის ასაკში გავემგზავრე საფრანგენთში. ორთვენახევარი ვიყავით. მოკლედ, ასე დაიწყო ჩემი საცეკვაო კარიერა.
– ბავშვს ხშირად ეზარება ცერებზე დგომა და სხვა მოსაწყენ-დამღლელი ვარჯიშები. პირველადი სიძნელეები როგორ გადალახე?
– პირველი სიძნელეები გადამალახინა იმან, რომ ბიძაჩემი იყო ჩემი პედაგოგი, გაასმაგებული პასუხსმგებლობა მქონდა ჩემს თავზე აღებული. არ მეზარებოდა, ბევრს ვვარჯიშობდი… რა თქმა უნდა, ბიძა არ შემერცხვინა და დედის სურვილის გამო ყველაზე კარგად და ლამაზად მეცეკვა. ცეკვის ჯგუფში მეგობრებიც გამიჩნდნენ და ვცდილობდი შენიშვნა არ მოეცათ.
– მოკლედ, უფროსებთან ცეკვავდი?
– მე ვიყავი ყველაზე პატარა ანსამბლში, რვა წლის საფრანგეთში, გასტროლებზე გავხდი. ძალიან ღრმად დამამახსოვრდა ჩემი დაბადების დღე, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის და ნოე ჟორდანიას საფლავთან მიგვიყვანეს, ერთ-ერთი მოძღვრის სურვილით. ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო პატარა ბიჭის დაბადების დღეზე, როცა საქართველოს უდიდესი შვილების საფლავები მოვინახულე… მადლიერი ვარ უფლისა, რომ მასწავლა სამშობლოს უანგარო სიყვარული. მადლიერი ვარ იმ ხალხისა, ვინც ამ გზაზე მატარა…
– დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ცეკვა და ისევ ისეთი პოპულარულია, როგორც ადრე?


– ამას მტკიცება, რეკლამა, ახსნა და განმარტება არ სჭირდება – ქართული ცეკვა იყო, არის და იქნება ყოველთვის პოპულარული, მოთხოვნადი და საქართველოში ნომერ პირველი ხელოვნება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ქართულმა ცეკვამ მსოფლიოს აჩვენა ჩვენი რეალური სახე და შინაგანი მდგომარეობა. ქართული ცეკვა დღესაც წინ მიიწევს, ვითარდება, იხვეწება და სულიერ-ფიზიკურად მაღლდება ადამიანებში, ქართველებშიც და უცხოელებშიც. ვინარჩუნებთ ძველ ტრადიციებს და ახალსაც ვაძველებთ თუ კი რამ კარგი შეიქმნება და მოხდება ამ სფეროში. ქართული ცეკვა არა მარტო ჩვენთვის, არამედ, ზოგადად კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც ხელოვნების უმაღლესი კულტურა.
– ქართული ცეკვა ბავშვს რას ჰმატებს?
– ბევრი რამ შეიძლება მიიღოს ბავშვმა ქართული ცეკვიდან, – მეგობრობა, ურთიერთობები, გასტროლებზე ყოფნისას დამოუკიდებლობა, ახალი განვითარება და პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას, როგორც საკუთარი თავის, ოჯახის, ისე მეგობრის და მისი ოჯახის წინაშე და, რაც მთავარია, მას ყოველ დღე ესმის, რომ ის სამშობლოს წარმოადგენს უცხოეთში და ეს ძალზედ დიდი პატივია მისთვის, როგორც ძველთაძველი, მაღალი ზნეობისა და კულტურის, ქრისტიანი ერის შვილისა. ჩვენთან, ცეკვაში, ხომ ტრადიციაა, _ მომავალ თაობას ზრდის უფროსი თაობა. სწავლობენ ერთმანეთის სიყვარულს, მანდილოსნის პატივისცემას. მოკლედ, ქართული ცეკვა ყველაფრით ფენომენია.


– ხშირი სტუმარი ხართ უცხო ქვეყნებისა?
– კი, ყოველ წელს არაერთი გასტროლი გვაქვს. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ძლივს ვახერხებთ მწირი ფინანსების გამო.
– რა არის საჭირო, რომ შეინარჩუნო და საბოლოოდ მუდმივმოქმედ ანსამბლად აქციოთ თქვენი ჯგუფები?
– სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა და დაინტერესება! მეტი ფესტივალი უნდა იმართებოდეს საქართველოში და ჩვენც უფრო ხშირად უნდა მივდიოდეთ უცხოეთის ფესტივალებზე. ბულგარეთში მიწვევა უფასოა, სამჯერ მაქვს მიღებული ეს მოწვევა ზედიზედ იმის გამო, რომ კარგი ცეკვა გვაქვს და მოსწონთ. შინაგანაწესი დაარღვიეს და ზედიზედ მიგვიწვიეს ამდენჯერ. ბულგარეთში რუსებმა და უკრაინელებმა მკითხეს, რომ თქვენ სახელმწიფო დაგაფინანსებთო?!… გამეცინა…