თინათინ მღვდლიაშვილის მისტიკური პოეზია

5968

ავტორი: თინათინ ჭედია

ძნელია შეაფასო პოეტი ქალი-ლეგენდა, თანამედროვე პოეზიის დედოფალი, რომელმაც თავისი შემოქმედებით გააოცა არა მხოლოდ ქართველი პოეზიის მოყვარულები, არამედ ყველა ის ერი, რომელთა ენაზეც ითარგმნა თინათინ მღვდლიაშვილის ლექსები.
თინათინი ქართულ პოეზიაში დამკვიდრდა, როგორც სამშობლოსთვის თავგანწირული, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალი – პოეტი, რომელსაც „ამა სოფლის ძლიერთა“ მხრიდან არ მოჰკლებია არანაირი ტანჯვა-წამება, დამცირება, ტყვეობა, მაგრამ მაინც ვერ მოკლეს მის არსებაში ქართველობა, საკუთარი მიწა-წყლის სიყვარული; ქალი, რომლისთვისაც საქართველო ერთადერთი საფიქრალი და საესავია, ქალი, რომლის კალმისაც ეშინოდათ დიდი იმპერიის წარმომადგენლებს აქაც და იქაც, – დიდ რუსეთში.
სიტყვებითაც შესაძლოა შექმნა მელოდია, სიმფონიაც თავისთავად, თინათინმა მოახერხა თავისი პოეზიით შეექმნა სიმფონია, ესაა დიდი სიყვარულის სიმფონია. არ მინდა განვმეორდე და ვწერო თინათინის სამშობლოსადმი მიძღვნილ ლექსებზე, მინდა დაგანახოთ არა მებრძოლი, უშიშარი, დაუმორჩილებელი, პირდაპირი და მართალი თინათინი, არამედ, როგორც ქალი, სათუთი, ნაზი, გულში ჩასაკვრელი.
სიყვარულით შექმნა უფალმა სამყარო და დედამიწაზე ადამიანები გაგვაჩინა. სიყვარულით წარმოსთქვა ღმერთმა – ლოგოს! თავად იყო უფალი სიტყვა, შემდგომ ენები წარმოიქმნენ… დღეს ენების საშუალებით ადამიანები მეტყველებენ. სიტყვები ამოსდით გულიდან, სულიდან. სიტყვებს ამბობენ აღტაცებით, გაბრაზებით, გულმხურვალედ ან ისე სასხვათაშორისოდ, მაგრამ სადაც სიყვარულია, ჯანსაღი, ნამდვილი, აი, სწორედ იქ ჩნდება სიყვარულის სიმფონიაც.


თინათინი ულამაზესი და შინაარსიანი ქართული სიტყვების საბადოს მატარებელია, უნიჭიერესი, გემოვნებიანი, მაღალი კლასის პოეტი, რომელმაც პატრიოტული ლექსების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანი სატრფიალო შინაარსის შედევრები შექმნა.
სიყვარულს სძალუძს ცას ჩააცმევინოს თეთრი კაბა, მაგრამ ჩვეულებრივი კი არა, სხვანაირად თეთრი – მტრედის ანაფრენის ფერი. შეიძლება ცა ღრუბლებითაც დაიფაროს, მაგრამ ღრუბლები კეთილები არიან, საკმეველით ანაფრენნი…
შობის ღამეს დაიწყო სიყვარულის გაძლიერება, ვინაიდან ქრისტე დაიბადა.
მას მერე გამსუბუქდნენ ნისლებიც, მზემ სარკმელი გააღო და აი, სწორედ აქედან იღვრება ის დიდი სიყვარული, სიმფონიად რომ იკვრება.
„სიყვარულის სიმფონია“, ესაა ლექსი-ანალიზი სიყვარულის არსისა და მაინც, ის ყველასთვის გასაანალიზებელი ფენომენია, ვინაიდან სიყვარულიც დროს მისდევს და მუდმივ ფერისცვალებას განიცდის.
ყოველ ეპოქას, საუკუნეს თავისებური სიყვარულის ელფერი დაჰკრავს. ფაქტი კი ყოველთვის ერთია, ტრფობის ალთან ნებისმიერი ადამიანი უძლური ხდება.
დედამიწა იმიტომ სუნთქავს და გიზგიზებს, რომ აქ ყველა სულიერი ეძებს თავის მიჯნურს. ზოგს უმართლებს, ზოგსაც – არა. ამ ქვეყანაზე დადიან ცალადაც, ერთ დროს რომ უყვარდათ ჩუმად და თავისთვის. უყვარდათ და ღალატმა დააშორათ. უყვარდათ და სიკვდილმა ერთს მეორის თავი წაართვა. უყვარდა და ვერ გაბედა რჩეულთან მიახლოება. უყვარდათ და მაინც მარტო დარჩნენ, ვერ გაბედეს სიყვარულისთვის ბრძოლის დაწყება, დანებდნენ მარტოობას და ცოდვილობენ. თინათინი ამ ლექსის საშუალებით სინანულს გამოხატავს:
„მიწაზე რომ ცოდვილობენ,
ერთი მათგანი მეცა ვარ…
როგორ მინდოდა ძვირფასო,
შენი თვალების მეწამა.“

თვალები მიჯნურისა სიყვარულით იყო სავსე და ქალმაც იწამა, თუმც რა იცოდა, თვალებიც რომ სტყუოდნენ. მოსწყდა ცას ცისკრის ვარსკვლავი და მთვარის უბეში ჩავარდა, მთვარემ მკერდში ჩაიკრა ვარსკვლავი და შთანთქა. ასეა ქალის ჩამქრალი გულიც, რომელიც მიჯნურისგან იმას ვერ იღებს, რასაც ელის და ქალის ბედნიერებაც ქრება. მერე მდედრი ღობე-ყორეს ედება, ხავსს და ქვიშას ეჭიდება, განაგრძობს ოცნებას, მაგრამ ქვიშაზე აგებული ბროლის სასახლე, განა დიდხანს სძლებს?!
ყუილად არ უთქვამთ ბრძენ წინაპრებს – „ ლამაზი ქალი ბედნიერი არააო“. დიახ, ხშირ შემთხვევაში ასეა, თუ ის ძლიერმა კაცმა არ შეიყვარა და შეიფარა. ლამაზებს, როგორც სანატრელ ლუკმას, ისე უმზერენ და დასაღუპადაც იმეტებენ, თუმც ძლიერ ქალებს მაარტოობაშიც სძალუძთ თავის დაცვა.
საოცარი ლექსია „ლიმნის ჩაი“, ვინაიდან პოეტმა სრულიად უბრალო ნატვრა ლექსად აქცია და ეს ნატვრა რეალურია, რომელიც აუცილებლად ახდება, როდის? – წელს, თუ არადა, მომავალ წელს!
სრულიად უბრალო ამბავი ლექსად თქმული, ულამაზესად მოგვაწოდა. ლექსში მოხსენიებულია კალები, კარერასი, კალასი, და უკვე შეგიძლიათ იდეალური გარემოს წარმოდგენა, აქ მთავარი მიზეზი რომანტიკული განწყობების შექმნისა ლიმნის ჩაია, მისი სურნელი, გემო და ლიმნიან ჩაის ამგვარი მაგიური ძალა რომ მიანიჭო, თავად უნდა იყო კეთილი ჯადოქარი – ფერია.


„ვიცი, მოხვალ, წელს თუ არა-გაისს,
და მომართმევ ულამაზეს კალას…
მოგიდუღებ ლიმნის ყვითელ ჩაის
და მოვისმენთ – კარერასს და კალასს.
დღე იქნება ალბათ, – ლიმნისფერი,
ლიმნის სუსხში შევაკვდებით აისს.
როდის მოხვალ? რა ხანია გელი…
როდის დალევ ჩემთან ლიმნის ჩაის?“

ამ ლექსის წაკითხვისას მიხვდები, რომ საყვარელი ადამიანის გვერდით ჩაის დალევა და მუსიკის მოსმენა ასმაგად სასიამოვნოა, რომ შეიძლება ხვევნა-კოცნის გარეშეც, უბრალოდ და დიდებულად გრძნობდეთ ერთმანეთს.
„ჭრიჭინები“ მთელი ერის საყვარელი ლექსია, რომელიც კომპოზიტორმა რუსუდან სებისკვერაძემ სიმღერად აქცია და მას შემდეგ მრავალი ადამიანი ღიღინებს, განსაკუთრებით, ქალები. ამ ლექსის წყალობით თინათინი მარტოობის მარადიულ თემას შეეხო.
მარტოობა ცუდია, ერთხელაც მარტოობასთან დამეგობრებულს სინანული დაგეუფლება, ვინაიდან მონატრება დაუმარცხებელია და ადამიანები ვერ უძლებენ მარტოობის დარდებს.
„არ დამტოვო, გევედრები, არ დამტოვო,
სინანული აგიცრემლებს თვალებს,
მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო,
ვერ გაუძლებ მარტოობის დარდებს.“

„მარტოობის სონეტი“ – კვლავ მარტოობის მშვენიერი სევდა, მეგობარი მთვარე თეთრი სამოსით. საოცარი დრამატიზმით აღწერს თავის შვილობას კოსმიური სტიქიონებისა, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე,, როგორც ქალი- სალოსი, არავის ჰგავს, მკვეთრად განსხვავებულია და გარიყულივით დადის იმ სამყაროში, რომელშიც ცხოვრობს და თავს გრძნობს უცნაურ, ლურჯ ფრინველად და ამ შეშლილ ეპოქაში უცნაური რამ აირჩია საბრძოლველად-კალამი!
მშვენიერი სულისა და ღვთის ანაბარა დარჩენილი ცდილობს სიტყვებით ებრძოლოს შეშლილობას. ის თავს გრძნობს ქრისტიანად და მსოფლიოს სევდის ჯვრის მტვირთველად.
პოეტი ცხოვრობს აწმყოშიც და თითქოს არაფერშიც, ამიტომ იბრძვის რითმებით, ძველი დროითა და მითებით. ცდილობს გამოაფხიზლოს ადამიანთა დაბინდული, უტილიტარულსა და ყოფითზე მიჯაჭვული სულები.
უკვე ბერდება და მაინც ვერ შეიცნო ადამიანთა შინაგანი სიჭრელე, ავი ზნე-ბუნებანი.
„… და, თუმც ვბერდები, ხელი აღარ მემორჩილება,
ძაფით მივიბამ ფუნჯს თითებზე რენუარივით…
ვცხოვრობ აწმყოში-ძველი დროით, ძველი მითებით…
იდუმალია მარტოობის თეთრი არილი…
მე მიწა ვჭამე, ასი ფუთი ვჭამე მარილი!“

უცნაური და სულში ჩამწვდომი ლექსია „ბებრის ყვავილობა,“ მაგიური, ორაზროვანი, თან გჯერა და აღარც გჯერა, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. ეს ერთი ამბავია მოკლე სიტყვად თქმული, თუ როგორ უყვარს ხანდაზმულ ქალბატონს ახალგაზრდა ვაჟი, მთელი არსებით, სულით, გულით, მაგრამ თმობს მას, ასაკი აბრკოლებს.


„შენ ახალგაზრდა ხარ, მორჩა და გათავდა!
და შენ ხარ სამყაროს მეფეც და ბატონიც!
და ვინ გეტყვის, სიყვარულს თუ როგორ ფარავდა,
ოდესღაც ლამაზი ერთი ქალბატონი.
შენ ახალგაზრდა ხარ. მე უკვე ვბერდები.
და მაინც უზომოდ მსურხარ და მინდიხარ.
ბებრის ყვავილობას ტკივილით ვნებდები
და არ მწყინს, რომ შენს გზაზე უჩემოდ მიდიხარ…“

რაოდენი სიკეთეა ასაკოვანი ბანოვანის გულში, რომ არ სურს თავისი არსებობით დააბრკოლოს ან დააფრთხოს ლამაზი ქალი და შორიდან ცქერით ტკბება, ენანება ეს სილამაზე საკუთარი თავისთვის. კიდევ ვინ იცის, რას ფიქრობს მოხუცი…
ფიქრი ამეკვიატა, იმ მშვენიერმა არსებამ იცოდა თუ არა ხანდაზმულის გულმა ასე მხურვალედ რომ შეიყვარა მეთქი. ვიფიქრე, ვიფიქრე და თავად თინათინს ვკითხე ფეისბუქის საშუალებით, რაც მაინტერსებდა. თინათინმა იცით რა მიპასუხა? – ესაა მისი უდიდებულესობა – პოეზია!
თავადვე გავეცი პასუხი ჩემსავე შეკითხვას: – არა, არ იცოდა იმ ბიჭმა, არ იცოდა!!! – ასე დავიჯერე მე.
ჯორჯ გორდონ ბაირონი ქალებს მოსწონდათ, ზოგს უყვარდა კიდეც, ქალბატონმა თინათინმა ლექსები შექმნა მასზე შეყვარებულ ქალებზე, ეს მოხდა 2007-2008 წლებში.
მერი ჩოვორტი – აი, რა ათქმევინა პოეტმა მერის. სიყვარულმა შეშალა და შეარყია ქალი, ის საბოლოოდ გაგიჟდა. მერის სხეული თავისდაუნებურად გახდა ტყვე დიდი პოეტისა, რომ ის მუდმივად კრთის საყვარელი მამაკაცის წინაშე. ფერმიხდილია ქალი და სულით დასნებოვნებული. ძლიერმა სიყვარულმა მას სევდისა და დარდის მეტი არაფერი არგო და ცოცხლადვე მოკლა, ვინაიდან სიყვარულის ბოლო აკორდი გაცხადდა მის ცხოვრებაში, როგორც ბოროტი სიზმარი, რომ უბედობა მერის ხვედრია, ვინაიდან თავად საყვარელმა მამაკაცმა შეადარა ის ფანტასტუკურ დეედოფალს და მწუხრე აჩრდილს.
ერთსტროფიანი ლექსი – შედევრი იმედგაცრუებულ, გალახულ, შეურაცხყოფილ სიყვარულზე. ქალის გული გალიაა და გადაქცეულა იმ თუთიყუშების საცხოვრისად, რომლებიც უცხო, გაუგებარ ენაზე რაღაცას ამბობენ, ჭიკჭიკებენ კიდეც, მაგრამ თუთიყუშები იმიტატორები არიან და მათ ჭიკჭიკ-ლაპარაკს ფასი არა აქვთ, არ გააჩნიათ გულიდან ამოსული ხმები, ცივები და უგრძნობელნი არიან.
არ ვიცი, ლურჯი თევზები არსებობენ თუ არა ბუნებაში, და თუ არსებობენ, აუცილებლად აკვარიუმის თევზები იქნებიან, ხელოვნურად, ადამიანის გონით და გემოვნებით შექმნილნი. ლურჯ, დასაღუპად განწირულ თევზს ჰგავს პოეტი, უწყლოდ დარჩენილი რომ ფართხალებს, ვინაიდან, თავად სიყვარულმაც „ჩაილურის წყალი დალია“.
„ელეგანტური თევზი“ – შესაძლოა ირონიად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის, რაც აქ წერია, შესაძლოა იყოს აბსოლუტური სიმართლე, თანაც თინათინი რეალურ ცხოვრებაშიც პირდაპირი ადამიანია, ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მით უფრო ქალებს ახასიათებთ მამაკაცის იდეალის გამოგონება, ეს აუცილებელიც კია, რომ თავი ქალად იგრძნო. აბა, რა უნდა ქნა სხვა, როცა არავინ გიყვარდება ხორცშესხმული, ნამდვილად არსებული კაცთა შორის?!
„თითქოს მამაკაცს ჰგავდა…
(თურმე ატარებს ნიღაბს…)
არვინ მიყვარდა, რადგან,
გამოვიგონე ვიღაც.
არვინ მიყვარდა, რადგან,
რადგან არ შემხვდა ზევსი,
დავიმეგობრე ზღვა და
ელეგანტური თევზი.“


ვიღაცის გამოგონება შინაგანად ძლიერი, მებრძოლი და შემოქმედებითი სულის მქონე ქალებითვისაა დამახასიათებელი, როცა ვერ ხვდები ცხოვრებაში ისეთს, რომელიც შიგნიდან დაგინახავს. უმეტესობას ქალები მოსწონთ გარეგნულად და ვერ აფასებენ თავიანთ რჩეულს, როგორც პიროვნებას და რა მწარეა შეგრძნება ქალისთვის იმისა, რომ სატრფო, როგორც პიროვნება შენზე სუსტია, ამიტომ იძულებული ხარ გამოიგონო ვიღაც.
„თუ ვილამაზებ ფასადს, რა ენაღვლებათ თევზებს?!
და ამ სიცრუის ფასად, ვწერ „ელიტარულ“ ლექსებს…
დაშვებულია ფარდა. ყველა ატარებს ნიღაბს,
არვინ მიყვარდა რადგან, გამოვიგონე ვიღაც.“

და საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ქალნიც და კაცნიც ნიღბოსნები არიან, ნამდვილ სახეებს მალავენ, ამგვარ ხალხთან ურთიერთობა კი რთულია, ისინი იმედგაცრუებას იწვევენ, ღონეს გაცლიან და რეალურ ცხოვრებაში ეშვება ფარდა, სწორედ ამიტომ, პოეტი იგონებს არარსებულ მიჯნურს და მეგობრად ზღვას და ელეგანტურ თევზს ირჩევს იგონებ ვიღაცას და ამისი შესაძლებლობა მისცა მეგობარმა ზღვამ და მშვენიერმა თევზმა, რომელიც მუდამ ელის.
„მოდი, ერთად დავსხდეთ ბერიკაცო!“
ამ ლექსში ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს, ახალგაზრდა ქალს და ხანდაზმულ მამაკაცს გააერთიანებს სასაუბრო თემა – სიყვარული. ამ თემაზე აზრების გაზიარება ამეგობრებთ მათ. მამრი თავის ნაზამთრალ სიყვარულს იხსენებს, ქალი კი – ნატაძრალს.
დასრულდა ძველი სიყვარული, გაქრა, მისი ადგილი მწუხარებამ დაიკავა. მოხუცს უსაზღვროდ ახალგაზრდად ეჩვენება ქალი და არ იცის, ამ ახალგაზრდას რამდენჯერ წაუგია ან მოუგია ომი, რამდენჯერ წაქცეულა და გაჭირვებით წამომდგარა… სატანაც კი მიჰპარვია და გასაფრენად აზიდული ფრთები მოუკვეცავს, მაგრამ ქალი სულიერად იმდენად ძლიერია, რომ გადარჩენილი ნაწილით ყოველთვის ახერხებს თეთრი ტაძრის აგებას, ამიტომაც არაა ის ბერიკაცივით დაღონებული.
„ბევრჯერ მომრევია ბოროტება,
ბევრი ქარიშხალი დამტეხია…
ფრთები – სატანისგან მოკვეცილი,
ისევ გასაფრენად გამიშლია.
გული-მოყვასისგან ნატყვიარი,
ისევ მოყვასისთვის დამიგია…
სულის გადარჩენილ ნანგრევებზე,
თეთრი ეკლესია ამიგია.
მოდი, ერთად დავსხდეთ ბერიკაცო,
ერთად მოვიგონოთ სიყვარული,
შენი ნაზამთრალი მწუხარება,
ჩემი ნატაძრალი სიხარული.
მოდი, გამიმხილე სადარდელი,
ასაკს ჩვენი ჭირიც წაუღია!..
შენ რომ ახალგაზრდად გეჩვენები,
ომი უამრავი მომიგია.“

„ფოთოლცვენა“ შეყვარებული რომც არ გყავდეს, სიყვარულს განატრებინებს და თბილისსაც თავიდან და ახლებურად შეგაყვარებს, რანაირადაც უნდა გიყვარდეს, რა სიძლიერითაც დედაქალაქი, სხვა რაკურსით დაგანახებს თითქოსდა ჩვეულებრივ ალექსანდროვის სახელობის ბაღს, ჭადრის ხეებს, ჩვეულებრივი, ჭუჭყისფერი მტკვარიც კი გასაყვარლდება და ულამაზეს მდინარედ წარმოჩინდება, რომელმაც ციდან ვარსკვლავები ჩამოიღო, დაისაკუთრა და გასპეტაკდა, აბრჭყვიალდა. მწიფე ალუბლის გემოც გაჯადოსნურდება, როცა მას შეყვარებულთან ერთად დააგემოვნებ. ბნელი ღამეც თეთრზე თეთრად მოგეჩვენება. პარკში მდგარი ცისფერი სკამიც ჯადოსნურად მოგასვენებს. „საღამო იყო მშვიდი და სიყვარული-მუნჯი… შენი ნაკვთები თლილი, შენი თვალები – ლურჯი“… და ბედნიერია ზრდასრული ქალი, როცა თავს ბავშვად აღიქვამს, რომელსაც შინ ის თლილნაკვთიანი, ლურჯთვალება, მფარველ ანგელოზად ქცეული კაცი, მტკვარი და თბილისი მიაცილებენ. წმინდაა ეს სიყვარული, ღვთისგან დალოცვილი. რადგან მეფე ხარ! ლექსები ციკლიდან „ლურჯი იების ვატერლოო“ სავსეა ეროტიზმით, ესაა ლექსები სულით ხორცამდე შეყვარებულ წყვილზე – ნაპოლეონსა და ჟოზეფინაზე. ესაა ლექსები ტკბილ-მწარე სიყვარულზე, მუდმივად მომლოდინე ჟოზეფინაზე, მუდმივად რომ ელოდება მეუღლეს, კაცსა და მეფეს, რომელსაც მიანდო ქალმა სულიცა და ხორციც, ძლიერ კაცთანაა და ამიტომაც ელოდება შიშით, რამეთუ არ იცის დაბრუნდება თუ არა ბრძოლის ველიდან. ის ელოდება კაცს, რომელსაც გამარჯვება, დიდება და სიკვდილი თან სდევს… „ო სარეცელი! საჩუმათო, სავსე ხაზები… ელეგანტური მოძრაობა მდედრის და მამრის!… ორი სხეული, ვით ბაღნარში უსურვაზები და იდუმალი ვერ შეგრძნება დროის და დაღლის…“ სად ხარ ხელმწიფევ? ეს ლექსიც მონატრებაზეა. ცოლ-ქმრულ სარეცელზე წყვილი ბედნიერია, მოწყვეტილნი არიან ყოფით პრობლემებს, დარდს, ვარამს, და ერთურთს ცხოვრებას ულამაზებენ, ისეთ ცხოვრებას უქსოვენ ერთმანეთს, რომ ღირს ამის შესაგრძნობლად ცოცხლობდე, ამგვარი სიყვარული ზეციურ, სამოთხის მსგავს სამყაროში ამყოფებს ადამიანებს, მაგრამ რთული მომენტებიც იკვეთება შეყვარებულთა ცხოვრებაში და ერთერთია მონატრება, აგრეთვე შიში საყვარელი ადამიანის დაკარგვისა. ძრწოლა და შფოთვა იმის გამო, რომ შესაძლოა ის არასდროს შეგეხოს, რომ ვეღარ შეიგრძნობ მისი ალერსისგან მონიჭებულ სიამოვნებას და ამ დროს ქალსაც და კაცსაც, განურჩევლად ყველას ენამებათ წამწამები. ქალი ელოდება გულისწორს, მანრს, ვისთანაც გრძნობს საკუთარ სინაზეს, მშვენიერებას, ქალურობას. გაჰყვირის ჟოზეფინას გული! „მე როგორ მიყვარხარ!!!“ „ახლა ჩემი ხარ! მხოლოდ ჩემი! შენ სხვას არ ჰგავხარ“! მე შენ მიყვარხარ; „ხელმწიფეო, მე შენ მიყვარხარ“.
და ეჭვი იპყრობს მდედრს და ეს ეჭვი კიდევ მეტად აღაგზნებს!
„საღამოს ხვატში მომესურვა შენი ალერსი…
სად ხარ ხელმწიფევ? დამენამა მე წამწამები!“…


მსოფლიო ლიტერატურაში მრავალი რამ დაწერილა ნაპოლეონისა და ჟოზეფინას სიყვარულის შესახებ. თინათინმა კი შექმნა ლექსები იმპერატორის მეუღლის გრძნობების შესახებ, სულში ჩაუსახლდა მას და ქალის ვნებები, ფიზიკურიც და სულიერიც სამზეოზე გამოიტანა, თანაც, ამდენი საუკუნის გასვლის შემდეგაც მოახერხა ახალი სიცოცხლე მიენიჭებინა ჟოზეფინასთვის, თანაც ჟოზეფინასთვის, როგორც ქალისთვის, პიროვნებისთვის.
2017 წლის 17 აპრილს ახალი ლექსი დაიბადა ქალბატონი თინათინის წყალობით – „კესანე“. მსუბუქი, ჰაეროვანი, ლირიული ლექსი წარსულ სიყვარულზე, უკვე ჩავლილზე, მაგრამ დაუვიწყარზე.
კესანე ულამაზესი ყვავილია და პოეტი მას თითქოს ძაფად იყენებს, რომ წარსულიდან მოყოლილი სიყვარული, ალაგ-ალაგ რომ ამოგლეჯილა, დამდნარა და განლეულა, ამოკემსოს. დიახ, ბედნიერი წუთები, რომლებიც გვქონია, არამც თუ არ უნდა დაგვავიწყდეს, მუდმივად ვაახლებდეთ სულში, გულში, მთელს არსებაში. არ უნდა დავღონდეთ და დავიბოღმოთ იმის გამო, თუ ჩვენი კუთვნილი სიყვარული ვიღაც სხვამ, მესამემ წაგვართვა ან მოგვპარა.
„ზამთრის თოვლს გაჰყვა სიყვარული, რაც იყო, იყო!..
რაც იყო, იყო! ვიღაც უცხო, ვიღაც მესამე…
არ დამივიწყო გევედრები, არ დამივიწყო,
არ დამივიწყო შენი კვნესამე!“

კეთილი ლექსი და დალოცვაა – „ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა“.
ერთ გოგონას ლოცავს პოეტი, განუმეორებელს, მშვენიერს, ლამაზს, ბედნიერი უნდა, რომ იყოს სიცოცხლის ბოლომდე, ეს ის ბედნიერებაა, რომელსაც ქალთა ბედნიერებასაც ეძახიან, ერთის მეშვეობით ყველა გოგონა იგულისხმება, რომლებიც ოჯახის შექმნას აპირებენ ან ახლად დადგმული უღელი აქვთ. ცოტათი არიგებს მათ, მორჩილნი და მომთმენნი იყავითო, ეცადეთ, მუდამ ბედნიერები იყოთო და ასე შემდეგ…
„იყავ მშვიდი, მორჩილი და მომთმენი,
შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა…
ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი,
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა…
ქვეყნად არსად აღარ დარჩა,
ერთი ქალიც, შენი ფეხის მტვერი,
ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა!“

სიყვარული ყველა ადამიანის არსში ბუდობს, მაგრამ ამ გრძნობას ზემოთ ამოტანა სჭირდება, ეს ყველას არ ძალუძს, ვინაიდან სიყვარულის გაცემა ნიჭია, თუ ვერ გაეცი ან უნიჭობის გამო ცუდად, ბოროტად და მახინჯი ფორმებით გამოიყენებ, გაგინაწყენდება და სულში საღათას ძილით დაიძინებს.
თინათინმა სიყვარულის სახელით იმდენი გაიღო, სამართლიანად დაიმსახურა ერის სიყვარული.
როგორია თინათინ მღვდლიაშვილის პოეზია? – ის ლაგამამოუდებელი ლამაზი ცხენივითაა, მიწაზე კი არა, ზეცისკენ რომ მიაქანებს თავის ლამაზ, ნაზ და იმავდროულად მამაც ქალ – მხედარს.

პ.ს. თინათინ მღვდლიაშვილი 2014 წლის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ დაჯილდოებაზე მიენიჭა „პოეზიის დედოფალი“ წოდება (ლაურეატი)…