უყვარს პატრიარქი და აჭარა საქართველოა…

2481

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

მერი დიასამიძე ქედის რაიონში, სოფელ ზენდიდში დაიბადა. სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა გააგრძლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახლმწიფო უნივერსიტეტში და დაასრულა მაგისტრის ხარისხით ფილოლოგიაში, – რუსული ენა და ლიტერატურის მასწავლებელი.

მუშაობდა ბათუმის ვ. ბაგრატიონის სახელობის მრავალდარგოვან კოლეჯში მასწავლებლად და ასევე კოლეჯის კურატორად, იყო საქალაქო სასამართლოს მანდატური, არის სრულიად საქართველოს დიასამიძეთა საგვარეულო კავშირის გამგეობის წევრი… ცხოვრობს ბათუმში, ამჯერად, რა თქმა უნდა, დროებით – თურქეთში… აქტიურია, საზოგადოებრივ სამოღვაწეო ასპარეზზე და, რაც არანაკლებ მთავარია, ძალიან თავმდაბალი და… შენობით მელაპარაკეო, ქალბატონოთი არ მომმართოვო, მოკლედ, ძალიან უშუალო… მაგრამ ინტერვიუს წესს, სუბორდინაციას და კიდევ სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ვერ უარვყოფ…

– ქალბატონო მერი, რა არის საქართველო?

– საქართველო ჩვენი სამშობლოა. ის ჩემთვის ყველაფერია: სიწმინდეა, მშვიდობაა, სიყვარულია, მეგობრობაა, მოყვასის პატივისცემაა, ურთიერთ დაფასებაა, მხარში დგომაა, სახლია,  რომლის კარები მუდამ ღიაა და სადაც მუდამ ბედნიერი ვარ.

– რა შეგრძნება გქონდათ, როდესაც საქართველოს ტოვებდით და არ იცოდით როდის დაბრუნდებოდით?

– საქართველო არასდროს დამიტოვებია, ვერც დავტოვებ, დროებით წავედი და ხშირად  ჩამოვდივარ. პირველი ერთი კვირა მარმარილოს ზღვას გავყურებდი და ფიქრებში ვიძირებოდი, იქ, ზღვის გადაღმა თითქოს ჩემ სამშობლოს ვხედავდი. მაშინ ვიგრძენი თუ როგორ ძლიერ მიყვარდა სამშობლო. ფილმი „მამლუქი“ მაგონდებოდა გამუდმებით. დღიურების წერა დავიწყე. საკმაოდ ბევრი დავწერე, მერე თავი დავანებე, წელს ისევ გავაგრძელე და მალე წიგნად იხილავთ. ბოლო წლებში კი, როდესაც აქაური ქართველები გავიცანი და ერთობლივი ღონისძიებების კეთება დავიწყეთ, საერთოდ ვერ ვგრძნობ თავს უცხოეთში. აქ პატარა საქართველოა.

– რთულია ადგილის მოპოვება უცხოეთში?

– საკმაოდ რთულია. უცხო გარემო, უცხო ხალხი, ცდილობ არაფერი შეგეშალოს. შენი ქცევიდან გამომდინარე ექმნებათ მათ შეხედულება საქართველოზე, ქართველ ქალზე. პირველ რიგში საქართველო, მერე გვარი და ბოლოს ოჯახი. ამ სამივეზე ფიქრით მოვედი დღემდე. ეხლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, უკვე ორი წელია საკვირაო კურსების მასწავლებელი ვარ. დედაენას ვასწავლი აქაურ ქართველებს. ვფიქრობ ჩემი ადგილი ვიპოვე. დიდი ბედნიერებაა მოკრძალებული წვლილის შეტანა უცხოეთში  ქართული კულტურის აღორძინებაში.

– ქალბატონო მერი, როგორია თურქეთის ქართველობა?

– თურქეთის ქართველობაზე სასაუბრო არ გამომელევა. ისინი ძალიან თბილები, გულიანები, განათლებულები არიან. ძალიან უყვართ საქართველო და კარგადაც ქართველობენ. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც აქ ვიპოვე, ესენი არიან, აქაური ქართველობა.

– რა არის თქვენთვის ხელოვნება, კულტურა?

– ხელოვნება ჩემთვის ნიჭია, ფასეულიობების შესაქმნელად. ეს ფასეულობები კი ერთად კულტურაა, ეს არის ის ყველაფერი რაც საქართველოს ან სხვა ქვეყანას წარმოაჩენს.

– თურქეთში ქართული კულტურა რამდენად ვითარდება და რა დონეზეა დაფასებული?

– თურქეთში ქართული კულტურა ძალიან სწრაფად ვითარდება, დაფასებაც საკმაოდ მაღალ დონეზეა. არის შექმნილი ასოციაციები. „ქართული კულტურის ცენტრი“, „ბეიქოზი-ბათუმის ქართული კულტურის საზოგადოება“, „შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი“, „ქართული კულტურის სახლი“, „ქართული ენის ცენტრი“, ინეგოლისა და ორჰანგაზის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ცენტრები და უამრავი სხვა კარგი ორგანიზაციაა, რომლებიც ატარებენ სხვადასხვა სახისა და მიმართულება-შინაარსის ღონისძიებას, – ფესტივალებს, საღამოებს, შეხვედრებს და ეს ყველაფერი, ქართული კულტურის გაცოცხლებასა და აღორძინებას ემსახურება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის თითოეულ მათგანს.

– რა არის თქვენთვის ლექსი?

– ლექსი ჩემთვის სულის ამოძახილია, მასში ადამიანის სულიერი მდგომარეობაა ასახული. ჩემთვის ემოციებია, იმედია, დარდია, აღფრთოვანებაა, მონატრებაა, მიყვარს ლექსის წაკითხვა. ბევრჯერ ემოციისგან ცრემლებამდეც მივსულვარ.

– რას ხედავთ შემოქმედ ადამიანში და როგორი უნდა იყოს იგი?

– შემოქმედ  ადამიანში  მომავალს, იმედს ვხედავ. ის მუდამ ახლის, უკეთესის  ძიებაში უნდა იყოს. ასევე თავმდაბალი და უბრალო – რაც ძალიან უხდება ადამიანს. პატრიოტი უნდა იყოს ხელოვანი, გული სითბოთი და სიყვარულით უნდა ქონდეს სავსე. საქმე გულით უნდა აკეთოს და არა საკუთარი პიარისთვის. მიხარია, რომ ჩვენ ბლომად გვყავს შემოქმედი ადამიანები.

– დღეს რა მდგომარეობა აქვს საქართველოს?

– არის რაღაცეები რასაც ვერ მივესალმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საშინელ მდგომარეობაში ვართ. მიუხედავად ეკონომიური კრიზისისა, საქართველო ყოველთვის ამბობს თავის სიტყვას, მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის. ულამაზესი ბუნება, ულამაზესი ენა, უძველესი ტრადიციები, კულტურა, განსაკუთრებული ხიბლი აქვს საქართველოს და ეს ყველაფერი უფლისგან გვაქვს. დანარჩენი ყველაფერი გამოსწორდება, მე მჯერა ამის.

– ვინ არის მერი დიასამიძე და რით ამაყობს იგი?

– მერი დიასამიძე, ერთი რიგითი ქართველია,  რომელსაც  უყვარს თავისი სამშობლო და ხალხი, რომელსაც ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მეამაყება ქართველობა, რომ ასეთი უძველესი, ძლიერი ერის შთამომავალი ვარ. აქ ყველგან ქართული დროშით დავდივარ. საჭმელსაც კი არ შევჭამ თუ მაგიდაზე ქართული დროშა არ დავდე. მას ყველგან პატივს სცემენ.

– რა არის ქართველისთვის ოჯახი?

– ოჯახი ქართველისთვის სიწმინდე და  სიყვარულია. ის ჩემთვის საყრდენიცაა, მაძლევს ძალას უფრო მეტი საქმე ვაკეთო.

– მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ…

– ოჯახი 1986 წელს შევქმენი. ჩემი მეუღლე ოთარი გოგუაძეა, კეთილსინდისიერი და მშრომელი ადამიანი. 1989 წელს რაიონიდან ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად და დღემდე იქ ვცხოვრობთ. გვყავს ორი ვაჟი, გიორგი – 32 წლის და გენრი – 33 წლის. უმცროსი შვილიდან ორი შვილიშვილი, ქალ-ვაჟი შეგვეძინა. უფროსი არ არის ქორწინებაში. ძალიან კარგი რძალი მყავს. მელანო დევაძე – თბილი, მოსიყვარულე, მოხერხებული. მისი იმედით წამოვედი აქ. უფროსი შვილიშვილი უკვე მეორე კლასშია, საოცარი გოგოა. ქმარი და შვილები დასაქმებული არიან.

– ბედნიერი ხართ?

– რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ! მყავს ოჯახი, უამრავი მეგობარი, ვაკეთებ საყვარელ საქმეს. ვუყვარვარ საზოგადოებას, ეს კი ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო და ბედნიერებაა.

– რა არის ტყუილი?

– ტყუილი არის ადამიანის  ნაკლი, მანკიერი ჩვევა, რომელიც ყოველთვის ჩანს, მას ხომ მოკლე ფეხებიც აქვს, ვერსად დამალავ… ჩემთვის ის დიდი სირცხვილია.

– სიმართლე რაღაა?

– სიმართლე სიძლიერეა, ღვთის წყალობაა. ადამიანმა მუდამ სიმართლით უნდა იაროს, მაშინ ბევრად ძლიერები ვიქნებით.

რა გახსოვთ წინაპრებისგან, რა არის აჭარა, რა არის საქართველო…

– აჭარა, ჩემი მშობლიური კუთხეა, დიდაჭარა, ვაზის ჯვარია, ჰოიდა ნანაა. აჭარა – საქართველოა, საქართველო კი – სამშობლოა, ერთადერთი, ყველაფერზე ტკბილი.

– ყველაზე მეტად რა გიჭირთ?

– სიმარტოვე, ძალიან მიჭირს… მე საზოგადოების ნაწილი ვარ და მის გარეშე ვერ ვიარსებებ.

– ქალბატონო მერი, საქართველოს პატრიარქის გარშემო მომხდარი ამბები რას გეუბნებათ?მე მიყვარს ჩემი პატრიარქი… ის დღემდე იცავს ჩვენს სამშობლოს, ვენდობი, მჯერა მისი! ვიცი, რომ მისი ლოცვით საქართველო გამთლიანდება და გაძლიერდება.

– ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობები რა სტადიაშია ამჯერად? – აღორძინების სტადიაშია. მიხარია, რომ ყველა კუთხეში ისმის ქართული სიმღერა, ცეკვავენ ქართულად, წერენ, კითხულობენ ქართულად. კვირა არ გავა ქართული ფესტივალი ან რაიმე ღონისძიება არ ჩატარდეს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამას არავინ კრძალავს, ეს კი დიდად დასაფასებელია. დიდი წვლილი აქვთ ამ ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ელჩი  და კონსული გვყავს.

– ყველაზე ხშირად რის თქმა გსურთ ხმამაღლა?

– არა ომს, არა სიძულვილს, არა შურს!!! გვიყვარდეს ერთმანეთი!!!

და ბოლოს…

– …ძალიან მინდა მსოფლიოში მშვიდობაიყოს, ყველა ბედნიერად ცხოვრობდეს… ვაჩუქოთ ერთმანეთს ხვალინდელი დღის იმედი, ღიმილი. მინდა გითხრათ უკვე მილიონჯერ ნათქვამი – მიყვარხართ, ხალხო!!!