ლევან ზვიადაური: მისთვის ღირსეული სიცოცხლე და შესაძლო, ღირსეული სიკვდილი…

112

უანგაროდ გიყვარდეს სამშობლო რჩეულთა ხვედრია – ნამდვილი მამულიშვილის წილია ენის, მამულისა და სარწმუნოების სიყვარული. რა თქმა უნდა, ყველა ეროვნების წარმომადგენელს თავისებურად უყვარს სამშობლო, მაგრამ, რატომღაც, მაინც მგონია, რომ საქართველოს შვილებს თავისი ადგილის დედა, ეკლესია, მიწა-წყალი, პური და ღვინო და მამა-პაპათა საძვალე, სხვანაირად, მეტისმეტად ემოციურად და ამაღლებულად უყვარს – ღმერს უტოლებენ!

ჩემი რესპონდენტი სწორედ ასეთი ჭეშმარიტი მამულიშვილია და სადაც არ უნდა იყოს, სამშობლოს ემსახურება – საქართველოს!

იყო ჯარისკაცი და დღესაც მზადაა წინა რიგებში ჩადგეს… უმალ გადაეფარება წმინდა ხატის ტოლფასს საქართველოს…

ეს ახალგაზრდა, გონიერი და განათლებული კაცი პირველ შეკითხვაზე, თუ ვინ არის ლევან ზვიადაური, ძალიან საინტერესოდ პასუხობს, – ლევან ზვიადაური არის მეუღლე და ოთხი

შვილის მამა… პირადად ჩემთვის ყველაფერი გასაგებია – მეც ოთხი ვაჟიშვილის მამა ვარ და კარგად მესმის!


– ბატონო ლევან, რას საქმიანობდით საქართველოში, ვიდრე ემიგრაციაში წამოხვიდოდით?
– საქართველოში ყოფნისას გამოვყოფდი პერიოდს, როდესაც ვმსახურობდი შეიარაღებულ ძალებში. ეს იყო უდიდესი პატივი და მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება, ასევე ჩემის ცხოვრების ოცნებაც. გარკეული მიზეზების გამო მუდმივად ვეღარ განვაგრძე სამხედრო სამსახური, თუმცა ახლაც, განსაკუთრებით რთულ პერიოდში ვცხოვრობ ისე, როგორც  უნდა ცხოვრობდეს ჯარისკაცი.
ამავე მოტივით ვსწავლობდი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში. შემდეგ ვმსახურობდი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, 2016 წელს.
– როგორია ლექსის წერა ემიგრაციაში?
– უპირველეს ყოვლისა ემიგრაცია არ შეიძლება იყოს ადამიანის არჩევანი. ის ყოველთვის რაიმეს ნაკლებობითაა გამოწვეული. ეს ჩემი ინდივიდუალური შეხედულებაა. ეს შეიძლება იყოს მატერიალური ან  არამატერიალური პრობლემა, მაგრამ რაიმეს ნაკლებობიდან აუცილებლად გამომდინარეობს და სამწუხაროდ, როგორც პირველმა, ისე მეორე ფაქტორმა მოიცვა სრულიად საქართველო. ჩვენ ძალიან ამაყი ერი ვართ და როგორიც არ უნდა იყოს აწმყო, ამის საფუძვლები, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია. ვფლობთ უნიკალურ კულტურას, ღირებულებებს და ჩვენი აღქმის უნარი კარგი გვაქვს, ჩვენი გააზრების თუ გადმოცემის შესაძლებლობა განსაკუთრებული და ალბათ ერთადერთია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ახალ გარემოსთან ადაბტირება ძალიან, ძალიან რთულია, შერწყმა კი პირადად ჩემთვის შეუძლებელი. საკუთარ კედლებში არ იმყოფები და თავის თავად ცხადია ბევრია ბრძოლა, როგორც საკუთარ თავთან, ისე ადგილობრივ წეს-ჩვეულებებთან. ეს არის ცხოვრება, რომლის განმავლობაშიც კი რა თქმა უნდა ყოველთვის ხარ მოწოდების სიმაღლეზე, ცდილობ ყოველთვის კარგად იყოს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ საკუთარ კედლებში არ ხარ. ეს ყველაფერი ბრძოლას ჰგავს. ბრძოლას კი ყოველთვის თან ახლავს განსაკუთრებული შეგრძნებები, სიმძაფრე, ტკივილი, შეიძლება წამიერი დაცემაც კი… წამოდგომასაც, თავისთავად, ცხადია, რომელიც თანმდევი პროცესია პირველისა. ასეთია ემიგრაციის ყოველდღიურობა. ის ამდიდრებს, ან აღარიბებს ადამიანის ქვეცნობიერს. სწორედ ეს სიმდიდრე თუ სიღატაკეა თითოეული ტაეპის, თითოეული სტროფის საძირკველი. ემიგრაციაში ლექსის წერა ჩემთვის არის მოწოდება, თანაგრძნობა, მონატრება და დიდი ძახილის ნიშანი იმის, რომ მე ქართველი ვარ. ემიგრაციაში ლექსის წერა დიდი პასუხისმგებლობაა.


– რატომ პოეზიის შექმნა, არ გეშინიათ ამ რთული გზისა?
– პოეზია არ ამომირჩევია. ეს პასუხი საზოგადოებისთვის ვერ იქნება თანაბრად მისაღები. პოეზიის  გზა ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს. თავისთავად მას თან ახლავს როგორც აპლოდისმენტები, ისე დამსახურებული თუ დაუმსახურებელი კრიტიკა. თუმცა ადამიანს თუ კი რეალურად სურს საკუთარ ხალხსა  და ქვეყანას ემსახუროს და აკეთოს რეალური საქმეები მათთვის, ჩემი აზრით სტროფების არ უნდა ეშინოდეს.
– რა არის თქვენთვის ლექსი?
– ლექსი, ზოგადად  შემოქმედება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შეიძლება ერთ დღეს მან გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. ლექსი არის დასაპყრობი სივრცე. ლექსი არის სტროფში ჩატეული დედამიწა
– ლექსის წერის დროს როგორია ლევან ზვიადაური?
– ლექსს ვწერ უჩვეულოდ ლამაზ ბაღში ქვის სკამთან და ქვის მაგიდასთან. ჩემთვის ეს ადგილი მთელი სამყაროა. აქ თითქმის ყველაფერი გამოვიარე, რაც ცხოვრებამ მომიტანა. ეს ბაღი ჩემი ფიქრების სახლია. როცა ვგრძნობ, რომ რაღაც შიგნიდან მიბიძგებს და ლექსად უნდა იქცეს, ვრთავ მუსიკას. ისეთ  მუსიკას, რომელიც სულს მიფორიაქებს. ქვის მაგიდაზე ვშლი ფურცლებს და ჩემს თავს ყოველთვის ერთსა და იმავეს ვუმეორებ:დავწერ ლექსს, რომელიც აღარ განმეორდება და რაც მთავარია ვერავისგან ვერ განმეორდება. ამის შემდეგ მეღიმება და ვიწყებ წერას. წერის პერიოდი ჩემთვის ერთი დიდი ადრენალინია. ჩემს მუსიკას და „ქვის მაგიდას“ აქვს ძალა, რომ ჩეულებრივი დღე უჩვეულო ლექსად აქციოს.
– ვინ არის პოეტი არის ანუ როგორი ადამიანია პოეტი?
– პოეზია, პოეტის ცხოვრება ეს არის ჩემთვის თავგადასავლებით სავსე გზა, სივრცის მუდმივი ნაკლებობა, განსწავლის ყოველწუთიერი წყურვილი. პოეტს  განსაკუთრებით შეუძლია უყვარდეს, განსაკუთრებით  სტკიოდეს და განსაკუთრებით უძლებდეს ამ ყველაფერს.
– ლექსი, რომელიც ვერ დაწერეთ და აღარ დაუბრუნდით მის დასრულებას…
– დაუსრულებელი ლექსები არ მაქვს იმიტომ, რომ დაუსრულებელი ლექსი ჩემთვის ერთგვარი მარცხია. ის ჰგავს საქმეს, რომელიც ბოლომდე არ მიგიყვანია-და თან საქმეს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა მაქვს ლექსები, რომლებიც მხოლოდ ჩემთან რჩებიან.ზოგჯერ ხდება, რომ სტროფები უსწრებენ აწმყოს, უსწრებენ ჩემს ცხოვრებას და ჩემს ქმედებებს. ჩემთვის კი ლექსი და ქმედება თამდევი უნდა იყოს. რა თქმა უნდა შეიძლება ლექსის გათავისუფლება, მაგრამ  ყოველთვის არა, რადგან ასეთ შემთხვევაში ყველაფერი უბრალოდ ოცნებად დარჩება. თუ რამეს გადმოსცემ, თუ რამე გტკივა უნდა იზრუნო, რომ  შენიც და სხვისი ტკივილიც შეამსუბუქო. პოეზია სურვილია და თუ გსურს-უნდა აკეთებდე.


– რა არის სამშობლოს მსახურება?
– ეს მთელი ცხოვრებაა. მისთვის ღირსეული სიცოცხლე და შესაძლო, ღირსეული სიკვდილი – ორივე შემთხვევაში დიდი პატივია.
„ვიცი, ყველაფერი დასრულდება,
არსად ფასიც არ აქვს თარეშებს.
ღმერთო, დედამიწაც არ მჭირდება
ჩემი საქართველოს გარეშე“!

– თქვენთვის ვინ არის გამორჩეული პოეტი?
– ამ კითხვის პასუხი შემიძლია თამამად დავიწყო სიტყვა, რა თქმა უნდ, ათი. და, რა თქმა უნდა გალაკტიონი. ჩემთვის  ის არის პოეზიის „ა“ წერტილი, რომელსაც  „ბ“ უბრალოდ არ გააჩნია. ვფიქრობ, რომ გალაკტიონმა პოეზია დაასრულა, დაამთავრა და რაღაც ახალს, კიდევ უფრო ლამაზს  ქმნიდა. სამწუხაროა, რომ ეს უფრო დიდ ხანს არ გაგრძელდა. ჩემთვის გალაკტიონის გარეშე სამყარო გაცილებით პატარა იქნებოდა.
– რას ნანობთ ყველაზე ძალიან?
– არსებობს სიტუაციები, როდესაც მეტი შეიძლება. მეტი ყოველთვის შეიძლება. ხანდახან ვმარცხდებით, ხანდახან მარცხის მიზეზი შესაძლოა გულსატკენიც კი იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად არაფერს ვნანობ, საერთოდ არაფერს.
– სად იწყება სიყვარული და სად მთავრდება სიძულვილი?
– სიყვარული ღიმილიდან იწყება. შეცნობის სურვილები ფიქრებს ბადებს და თუ ფიქრმა დაუგეგმავად წარმოშვა ღიმილი ის უკვე იწყება. ღიმილი წყაროა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ფეხდაფეხ მოგყვება, შენ  კი აღარ გწყურია. ეს დიდი ფუფუნებაა. სიძულვილი გაცემული პასუხისთანავე სრულდება, რადგან მისი საჭიროება უბრალოდ აღარ არსებობს.
– ბატონო ლევან, რატომ აირჩიეთ ემიგრაციისთვის იტალია?
– იტალია ჩემთვის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. მრავალი საუკუნის განმავლობაში განუზომლად ძლევამოსილი იყო, მათ მსოფლიოს ბევრი რამ წაართვეს და ბევრი რამ მისცეს. ერთს ძალა სჭირდება, მეორეს კი ნიჭი. ორივე შემთხვევაში დიდი პატივისცემა იტალიას ჩემგან. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, არც ემიგრაცია და არც იტალია არ ყოფილა ჩემი არჩევანი. ეს უბრალოდ ცხოვრების ერთი პერიოდია, რომელიც აუცილებლად დასრულდება. ჩემი  ერთადერთი არჩევანი საქართველოა.
– თქვენი შეხედულება პრემია „ივერიის“ მიმართ…
– როდესაც პირველად შევიტყვე პრემია „ივერიას“ შესახებ მე მას დიდ საქმეთა დიდებული გაგრძელება და იტალიაში მონაწილეობის შემდეგ ოაზისი ვუწოდე. პრემია „ივერია“ ჩემთვის ძალაა, ღირებულებაა, პასუხისმგებლობაა. ღირსეულთა სახლია ღირსეული დამფუძნებლითა და ხელმძღვანელით ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილით, რომელიც ატარებს და ავრცობს ქარულ ეროვნულ, კულტურას, ხელოვნებას და ქრისტიანულ ფასეულობებს. აგრძელებს გზას, რომელიც გაჩერდა წიწამურთან.
– როდის აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
– ამ კითხვაზე პასუხს ყოველთვის თან ერთვის შეიძლება. ადამიანმა საკუთარი საქმე, თავისი საქმე უნდა აკეთოს და ამისთვის მზაობა უნდა გააჩნდეს. ჩემს შემთხვევაში ეს მზაობა შესაძლოა  იყოს ერთი ან ორი  წლის შემდეგ, შესაძლოა ნახევარი წლის შემდეგ. ეს ჯერ არ ვიცი. ეს მზაობა, რომ  ახლა, ამ კონკრეტულ მომენტში არსებობდეს მე ამ კონკრეტულ მომენტში დავბრუნდებოდი საქართველოში.


– რას ეტყვით საქართველოში მცხოვრებთ?
– ეს არ არის უბრალოდ პასუხი კითხვისთვის. მე თქვენ, თითოეული თქვენგანი ძალიან მიყვარხართ. გჯეროდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
– და ბოლოს…
– ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ერი…

პ.ს. აუცილებლად აღსანიშნავია: რომში, ჩივიტავეკიაში, დაჯილდოებულია პრემია „ივერიის“ სიგელით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნომინაციაში „ქართულ-იტალიური კულტურის განვითარებისთვის“.

ჰო, მართლა, საინტერესო ფსევდონიმი აქვს ჩემს რესპონდენტს: „აჩრდილების იმპერატორი“… ჰოდა, წარმატებები ქართველო აჩრდილების იმპერატორო პოეტო!