შორენა (ოშო) თალაკვაძე: პრემია ივერიის ლაურეატი – „განსხვავებული პოეზია“

53

შორენა (ოშო) თალაკვაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2026 წლის ლაურეატი ნომინაციაში  „განსხვავებული პოეზია“

პრემია „ივერიის“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული – გრან პრი

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

იცი რა დროა?
ბინდი უკვე შემოიხიზნა,
ისევ დააწვიმს ალბათ ვაზებს წვიმა ტალახის,
ზღვას მოადგება არგო კვლავაც სხვა ნაპირიდან
შემოაპარებს „მახარობელს“, ბოთლის ბარათით.
მოჰყვება ბარათს იანგულის გულწრფელი ფიციც,
ძმობის რომ სჯერა და ღალატი არ უკადრია,
მონატრებია საქართველო, პატარა ბიჭიც,
სანაპიროზე რომ დატოვა დილაადრიან.
იცი რა დროა? მამლუქები რომ დააჭიდეს,
ვინ ვის აჯობა ვერასოდეს გაიგებს მტერი,
რომ აპირებენ შეარკინონ ისევ თავიდან
და ძმობის ბილიკს აუდინონ ღალატის მტვერი.
იცი რა დროა?
არასოდეს რომ არ ყოფილა,
მაშინაც, როცა გაწყვეტილი  ძაფი, იმედის
შემოუვლიათ ისევ ცხრა გზით
და არ ყოფნამდე ნაბიჯიც რომ არ აშორებდათ
კვლავ იქ მივედით,
იცი რა დროა,
სავალია ისევ აღმართი,
სიზიფეს ბედით დავატარებთ ლოდებს, ხავსიანს,
ვიღაცას ისევ არ გავატანთ ჩვენი რაც არის,
არც მოღალატეს დავანებებთ ზრახვებს ავდრიანს.
ჩამოვა ისევ გაცვეთილი სამოსით ქრისტე,
აუხელს თვალებს ბრმას
და უკუნს კვლავ გაანათებს,
ავკაცს რომ სურდეს არასოდეს მოხდება ისე,
არც მომავალში, არც აწმყოში… როგორც აქამდე!

+ + +

უცხო ნაპირზე,
სხვა ზღვის ტალღებს უცქერ და ფიქრიც,
სხვაგვარი იცის თურმე,
მზესაც სხვა ელფერი აქვს,
ჭიამაიებს, ფრთებს რომ შლიან,
გაფრენას ისევ,
ხელის გულები უჯობთ,
სადაც თბილი ხელია,
არავინ იცის რა და როგორ
მოაქვს განწყობას,
როცა გინათებს,
მხოლოდ სხვისი ლამპიონები,
გზას რომ მიჰყვები, თავაწევით,
მაგრამ, მარტო ხარ,
მარტოობაა მეგობარი შენი გონების,
ეწყობი ისე, როგორც სიმი
გიტარის ნოტებს,
რადგან ისმოდეს შენში ისევ
ყველა აკორდი,
რითაც მოხვედი, რაც გაცოცხელებს
და ყოველ დილით,
ხედავდე ცაზე, შენი მზე ,რომ ისევ ამოდის.

+ + +

ოქტომბერია… შენთან მინდა
როგორც მაისში,
მინდოდა მაშინ, აგვისტოში
ზუსტად ისევე,
როგორც მარტში და სექტემბერში,
ისე აპრილში
ნოემბრის ბოლოს,
დეკემბერიც მაძლევს იმედებს,
მე შენთან მინდა
თებერვლიან უდღეურობას,
წუთებს რომ ართმევს
თითქოს ზამთარს ხალის_ხალისით,
მე შენთაან მინდა
…დარში, ქარში, უმზეურობას,
მე შენთან მინდა
და არც ვიცი შენსკენ რა ისმის

+ + +

მებადური გზას მიჰყვება ღიღინით,
ბილიკებზე დაეწევა დილა,
თამბაქოს კვამლს ჩამორჩა და იღიმის,
სახლში ალბათ დაბრუნდება გვიან,
რაზე აღარ უფიქრია გზადაგზა,
საკუთარ თავს დიალოგით ართობს,
ცხრა მთას იქით, ჩეროების გადაღმა,
ეგულება მარჩენალი, სანდო,
სახლი – ისლით დახურული, მორჩილი,
ეზო-კარი მოკრძალებით მისებრ,
გზამდე სწვდება პატარების, მოზრდილის,
ყიჟინი და ჟრიამული, სივრცე,
ეზოში ჭა, ჭაში წყალი ანკარა,
ჯაჭვის თოკზე დაკიდული ვარცლი,
ალბათ ასჯერ მოიმდურეს პატარა,
მძიმე ჭურჭელს რომ აწვდიდნენ დაცლილს,
სულ ასეა, მეორდება დროება,
წლები გადის, არ ეცვლება ფერიც,
მებადურობს მებადურის ცხოვრება,
ოჯახი კი…
ბედნიერად ელის.

+ + +

გალაკტიონი
გალაკტიონზე მბობდნენ ურჩი იყოო,
გამგონე მხოლოდ ღამის და თბილისის
არ  აწუხებდა ივლისის გახურებული დუქანი
თავზე ადგაო უფალი.
ვინ დაინახა, ვინ იცის რამდენ ხანს იჯდა იმის წინ
სანამ წერდა და ამკობდა,
რასაც უფალი ამბობდა,
მერე შრიალით ფურცლავდა ამ ნაკარნახევს ქუჩები
ყინვისგან დასუსხულები იმეორებდნენ ტუჩები
მოდარაჯე კაცის მზერით წუხდებოდა მესაფლავე,
თიბათვეში მზერა მერის ათენებდა მხოლოდ ღამეს
და მტვრიანი ყვავილების სურნელება ისევ იდგა
იმ ქუჩაზე სადაც ბავშვმა წეღან ფეხი წამოიკრა,
ურჩობდა?
მარტო წუხდა დარჩენას,
მადლობა უფალს და მის გაჩენას.
ფიქრით მთვრალი ფეხშიშველი და მშიერი
წერდი,თითქოს თავს გეხვია მსახურები
დრო რომ მიწას მტკაველითაც ვერ სცდებოდა
შენ სამყაროს იალბუზით დაჰყურებდი
მეგობარი..? ეჰ რას იზამ გალაკტიონ
ახლაც არვინ ეტანება სიღარიბეს,
მაგრამ, როგორც დაუწერელ კანონშია
ქალაქი ხომ სამარესთან უგებს დიდებს,
რამდენ რამეს იტევს ახლაც შენი ფიქრი,
რამდენ მართალს, სინათლე რომ აირიდა
ვერ გაიგეს იალბუზით შენი სიტყვის,
გააგონე გამოღებულ აივნიდან.