წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

67

პრემია „ივერიის“ გაფართოებამ და პოპულარობამ ახალი მოთხოვნები დააყენა – წიგნის საერთაშორისო ფესტივალი მოითხოვეს მწერლებმა და არა მარტო მათ… ეს გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის აქტუალობას, მნიშვნელობას, პრესტიჟს და მუდმივი განვითარების ფართო საშუალებას.

„როგორც იცით, 2025 წლის დეკემბრიდან პრემია „ივერია“ იტალიაში, ქალაქ მატერას მერიამ თავის კულტურულ ღონისძიებათა ნუსხაში შეიყვანა. ამისთვის დიდი მადლობა ქალაქის მერს, ბატონ ანტონიო ნიკოლეტს – Antonio Nicoletti Sindaco! ამ ფაქტმა ჩვენი პროექტის მნიშვნელობა და პოპულარობა ძალიან გაზარდა, რამაც, თავისთავად, სხვა ქვეყნების დაინტერესება გამოიწვია, ბევრი მსურველი გამოჩნდა, რომ მათთანაც გაიმართოს ქართული კულტურის ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი.

ასევე მადლობა პრემია „ივერიის“ ოფიციალურ წარმომადგენელს იტალიაში, თამარ კაკაურიძეს, რომელმაც ამ მოკლე ხანში ბევრი გააკეთა ჩვენი პროექტისთვის. ცხადია, მადლობა მატერას მერის, ანტონიო ნიკოლეტის მრჩეველს, ბატონ პაოლო გრიეკოს – Paolo Grieco და ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვან წარმომადგენელს, რენატო ფესტას – Renato Festa, ასევე ინგა ივანეიშვილს – Inga Ivaneishvili, გურანდა გაბრავას – Gabrava Guranda, მანანა ტაბატაძეს – Manana Mari Tabatadze, ფრანკო ფონტანას – Francesco Fontana, მაგული ღვინიაშვილს – Maguli Gviniashvili, შორენა დუმბაძეს – Shorena Taso Dumbadze და სხვებს, ვინც ასე მაღალ დონეზე აიყვანა პრემია „ივერია“ ქალაქ მატერაში, იტალიაში და, შესაბამისად – ევროპაში.

ჩვენი მკითხველისთვის კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მატერა აღიარებულია ევროპის კულტურის დედაქალქად და ეს უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენთვის, პრემია „ივერიისთვის“ და ყველასთვის, ვინც ევროპულ ცივილიზებულ სივრცეში კულტურას ემსახურება.

მაშ ასე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, პრემია „ივერიის“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2026 წლის 2 მარტიდან აიღებს სტარტს და განვითარებისა და პოპულარიზაციის მეტ საშუალებას მისცემს თანამედროვე ლიტერატურას და ხელოვნებას.

პრემია „ივერიის“ მატერადან დაწყებულმა ევროპულმა მოგზაურობამ დასაბამი მისცა იტალიის სხვა რეგიონების ათვისებას და პროექტის განვითარებას, – რეჯო კალაბრია, სადაც ხათუნა ქარაიაა ჩვენი ოფიციალური, საუკეთესო წარმომადგენელი, ნეაპოლი, რომელსაც არაჩვეულებრივი ლაურა სარალიძე ხელმძღვანელობს და ბარი, ყველა ქრისტიანისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი, პროექტის ოფიციალური წარმომადგენელი, კარგი მოღვაწე, ფიქრია კუჭუხიძე.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს იტალიელი კოლეგის და პარტნიორის, გამომცემლობა „ლეონიდეს“ დირექტორის, დომენიკო პოლიტოს – Domenico Pòlito ღვაწლი ჩვენი პროექტის მიმართ, რომელმაც რეჯო კალაბრიში დიდი პოპულარიზაცია გაუწია პრემია „ივერიას“, ორჯერ პრესკონფრენცია და ქართველი ავტორების წიგნების პრეზენტაცია მოგვიწყო და საკმაოდ მასშტაბურად გაგვიშუქა იტალიურ პრესაში ქართული კულტურა.

ყველაფერთან ერთად არც ბარში მოღვაწე საქართველოს გენერალურმა საკონსულომ დაიშურა მხარდაჭერა და მადლობა მათ ამისთვის, გენერალურ კონსულს, ბატონ ირაკლი ქოიავას – Irakli Qoiava და მის გუნდს.

ყველაფერმა ამან და კიდევ ბევრმა სხვა ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ პრემია „ივერიამ“ მნიშვნელოვანი ფუნქცია დაიმატა – წიგნის საერთაშორისო ფესტივალი.

თუმცა, ეს ყველაფერი ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევის მადლით მომდინარეობს.

წელს პირველად პრემია „ივერიის“ წიგნის საერთაშორისო ფესტივალს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. მადლობა ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის რექტორს, ბატონ მამუკა თავხელიძეს,“ – თქვა პრემია „ივერიის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

თქვენ გელოდებათ ძალიან საინტერესო ლიტერატურული საღამო, რომელსაც შვიდი ქვეყნის პოეტი წარმოადგენს. დასწრება თავისუფალია, დასაწყისი 14:00 საათზე. მისამართი:
თბილისი: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

„მადლიერებას გამოვხატავთ ბატონ ჯაბა სამუშიას მიმართ, რომ წელსაც გვმასპინძლობს თსუ. შეგახსენებთ, რომ პრემია „ივერიის“ მეცამეტე გალა დაჯილდოება გაიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის დიდ დარბაზში, 15:00 საათზე,“ – დაამატა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

მონაწილეობის ფორმატი:
მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს.

ყველა მონაწილისთვის დამზადდება სპეციალური ბანერი, რომელზეც დაიბეჭდება ავტორის ფოტო და იმ წიგნის ყდის ფოტო, რომლის წარდგენაც ხდება ფესტივალზე.

ასევე იქნება ვიდეო ჩაწერა და მონტაჟი, რომელიც განთავსდება იუთუბის ქსელში, სოციალურ ქსელებში.

ყველა მონაწილეს აქვს 20-25 წუთი, რომელ დროშიც ავტორმა უნდა მოასწროს საკუთარი წიგნის პრეზენტაცია და მსმენელთა შეკითხვებზე პასუხების გაცემა.

ასევე ავტორს შეუძლია წიგნის გაყიდვა.

ავტორს უფლება აქვს მხოლოდ გამოფინოს საკუთარი სხვა გამოცემებიც, რომლებიც პრეზენტაციაში, განხილვაში და ფესტივალში არ მონაწილებენ.

ვისაც ფესტივალში მონაწილეობის მიღება სურს, მოგვწერეთ ან ფეისბუქზე ან ელექტონულ ფოსტაზე: chiaberashvili@gmail.com  ან ფეისბუქზე https://www.facebook.com/profile.php?id=100063081918192  – ილია მართლის – ჭავჭავაძის პრემია „ივერია“

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერია“ ხორციელდება 2013 წლის 28 ნოემბრიდან.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და პატრონაჟით.

ჩვენ ვიცავთ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების  349-ე მუხლის დ პუნქტს!