იოსებ სიბოშვილი, პრემია ივერიის ლაურეატი. ნაწარმოები: „სასოება მარადისობისა“

91

იოსებ სიბოშვილი– წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2026 წლის ლაურეატი ნომინაციაში  „წლის წიგნი“

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

იდგა ათას ცხრაას ოთხმოცდათექვსმეტი წლის თებერვალი. მხედრიონის, გვარდიის და სხვა კრიმინალური დაჯგუფებების მიერ განადგურებული საქართველოს დედაქალაქი შველას ითხოვდა, თუმცა მისი პატრონი არავინ იყო. სამოქალაქო ომით და მოსახლეობის ურთიერთდაპირისპირების შედეგად წარმოშობილი პრობლემების მოგვარებას არავინ ფიქრობდა. აღარ მუშაობდა ქარხნები და ფაბრიკები, რომლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა ჯართად აქციეს და გაუყენეს თურქეთის გზას. ჯართს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებიც „გაჰყვნენ“ და თურქეთის და ევროპის სამუშაოთა მაძიებელ მოსახლეობას შეუერთდნენ. დაიწყო მასიური მიგრაცია, რასაც, რა თქმა უნდა, კარგი შედეგი არ მოჰყვებოდა ქვეყნისთვის და განსაკუთრებით კი დააზარალებდა მომავალ თაობას. თბილისი კი შავ და ნაცრისფერ ფერებში ხვდებოდა შინაურს და გარეულს. აქა-იქ თუ დაინახავდით სხვადასხვა ფერებში შეღებილ ობიექტებს, სადაც კერძო მაღაზია ან სალონი იყო გახსნილი. ქუჩებში ძირითადად მოძრაობდა სამთავრობო და უცხოეთიდან ჩამოსული არასამთავრობო ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებები. მოსახლეობა კი ძირითადად ფეხით ან კიდევ დიდი ხნის წინ ექსპლოატაციიდან გამოსული ავტობუსებით და ტროლეიბუსებით გადაადგილდებოდა…
ერთ დროს, მზის და ვარდების ქალაქი გადაიქცა დიდ საბაზრო მოედნად, სადაც ყველაფერი იყიდებოდა ნემსიდან დაწყებული და ადამიანებით დამთავრებული. ეგრეთწოდებულ „წვრილ“ ვაჭრებს არც ხელისუფლების „მსხვილი“ ვაჭრები ჩამორჩნენ და ყველაფერს ჰყიდდნენ, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ – მიწა, წყალი, წიაღისეული, შენობები და თქვენ წარმოიდგინეთ ადამიანთა მოდგმისათვის ყველაზე ძვირფასი სინდის-ნამუსი და ღირსება…
საქართველოში კატასტროფული ტემპით იზრდებოდა სიღარიბე, სიკვდილიანობა და შუბლისძარღვგაწყვეტილთა რაოდენობა. კუპონგამოვლილი ქვეყნის ისედაც გავერანებული ეკონომიკა, რამდენიმე თვის წინ შემოღებულმა ეროვნულმა ვალუტამ – ლარმა მიწასთან გაასწორა და აღორძინების პერსპექტივაც მოუსპო. ქალაქში კაზინოებმა და „წითელმა ფარნებმაც“ მოიკიდეს ფეხი. ამან კი ქვეყნის გარედან უცხოტომელების შემოსვლა-მომრავლებას შეუწყო ხელი. სახელმწიფოს ისედაც მწირი ბიუჯეტი ხელისუფლებას ჯიბეში ჰქონდა ,,ჩადებული“ და ხალხისკენ არც იყურებოდა. საქართველოს ისტორიული მტერი მურვან – ყრუ ახალ, ქართველ ყრუს ჩაენაცვლებინა.
შექმნილმა მდგომარეობამ ბევრი ადამიანი დააყენა უფსკრულის პირას. არც რუხაძეები  იყვნენ გამონაკლისი. ოჯახის უფროსი სამი წლის წინ აფხაზეთში დატრიალებულ ტრაგედიას შეეწირა, ხოლო ერთადერთი ვაჟის გამზრდელმა დედამ კი ოთხი დღის წინ მიაბარა სული უფალს. დედის სასახლის წინ მდგარ საბას ნერვიულობისაგან სხეულის ყველა უჯრედი სტკიოდა. თვალები ამოშრობოდა. უნდოდა ეტირა, მაგრამ ვერ ახერხებდა, თითქოს ცრემლსაც გზა აბნეოდა და გასასვლელს ვერ პოულობდა თვალებისკენ…
ერთადერთი, დედისერთა ნანატრი შვილი, როგორც ხალხში იტყვიან – „ხელისგულზე“ ჰყავდათ გაზრდილი თავის მშობლებს. ცივ ნიავს არ აკარებდნენ და აი, დატრიალებულმა უბედურებამ საგონებელში ჩააგდო ახალგაზრდა, ოცდაორი წლის ბიჭი.
საბა რუხაძე წუთისოფელს სამოცდაათიან წლებში მოევლინა. ამ დროს, თბილისური ოჯახების უმრავლესობა ათეიზმის სენით იყვნენ შეპყრობილნი და საბჭოთა უძრაობის წლების ლოზუნგით ცხოვრობდნენ: „ვსვათ, ვჭამოთ, დრო ვატაროთ, ამის მეტი მაინც არაფერი შეგვრჩებაო“. თუმცა აუცილებელი იყო შვილებისთვის მომავალი ცხოვრების წესიც განესაზღვრათ. ოჯახების აღზრდა-განვითარების ეს წესი „ხრუშჩოვკების“ ბინებივით ჰგავდა ერთმანეთს. ბავშვს აუცილებლად უნდა მიეღო საშუალო განათლება, შემდეგ აუცილებლად უნდა ჩაებარებინა გამოცდები უმაღლეს სასწავლებელში. თუ მოხერხდებოდა, სპეციალობა ყოფილიყო სამედიცინო ან იურიდიული, ეს უკვე დიდი მიღწევა იქნებოდა არა მარტო ახალგაზრდისთვის, არამედ უპირველეს ყოვლისა მშობლებისთვის. თუმცა ეკონომიურსაც ,,არა უჭირდა“. თუ სასოფლოზე ან პედაგოგიურზე მოხვდებოდა „ბავშვი“, აუცილებელი იყო სტუდენტს ეთქვა საზოგადოებაში, რომ ეს დროებითი იყო და მალე გადაიტანდა საბუთებს სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ანუ „გეპეიში“ ერთ დროს პრესტიჟულად სამშენებლო ფაკულტეტი ითვლებოდა და იქ მოწყობაზეც დიდი კონკურსი იყო, მაგრამ ამ სპეციალობამაც მალე დაკარგა პოპულარობა  და პოლიტექნიკური ინსტიტუტის აბრევიატურას (გპი) საქართველოში უკვე სხვანაირად მოიხსენიებდნენ. დიპლომის აღების შემდეგ აუცილებელი იყო მშობლებს რაიმე სამსახური ეშოვათ შვილებისთვის, რაც ერთ-ერთი პირობა იყო მათი ოჯახის შექმნისთვის. ამ უკანასკნელის განსახორციელებლად კი აუცილებელი იყო ბიჭს დიპლომიანი გოგონა მოეყვანა ცოლად, ხოლო დიპლომიანი გოგონა აუცილებლად უნდა გათხოვილიყო დიპლომიან ვაჟზე. აი, ასე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მშობლები სიცოცხლის ბოლომდე, თავიანთი სურვილის შესაბამისად, აწესრიგებდნენ შვილების ცხოვრებას. ამიტომაც ოთხმოც-ოთხმოცდაათიან წლებში მომრავლდნენ გოგლიმოგლზე გაზრდილი დედიკოს ბიჭები და მზითევისთვის განკუთვნილ ჩემოდანში დიპლომჩადებული გასათხოვარი და გაუთხოვარი გოგონები.
ასეთ კატეგორიას განეკუთვნებოდა საბა რუხაძეც. უფრო მეტიც, აღზრდის ამ მეთოდიკას ემატებოდა ის, რომ ის დედისერთა იყო და, რა თქმა უნდა, ზედმეტად განებივრებული. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად მისი ასეთი მდგომარეობისა, არ იყო ნარკომანი, სიგარეტს არ ეწეოდა და არც ალოკოჰოლისადმი იყო მიდრეკილი. მამის გარდაცვალებამ თავზარი დასცა, თუმცა მალევე შეეჩვია დედასთან ერთად დამოუკიდებელ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი გახლდათ, თავისუფალ დროს ბაზრობებზე მტვირთავად მუშაობდა და არჩენდა თავის თავსაც და დედასაც, რომელიც მეუღლის დაკარგვას ძალიან განიცდიდა და ბოლო დროს ჯანმრთელობაც შეერყა. მკურნალობას საბას მიერ მტვირთავად მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი, რა თქმა უნდა, ვერ გასწვდებოდა და ამიტომ ბევრი ნივთის გაყიდვა მოუწიათ სახლიდან, რამაც მათი ხუთოთახიანი ბინა თითქმის დააცარიელა.
კარგი მამა ჰყავდა საბას. ის ოთხმოციან წლებში ცნობილი ბიზნესმენი გახლდათ. შემოსავალიც სოლიდური ჰქონდა და თბილისში ერთ-ერთ კარგ მაცხოვრებლად ითვლებოდა. მისი ბიზნესი, რომელიც ძირითადად კომერციულ საქმიანობას მოიცავდა, ზოგჯერ სამთავრობო დონეზეც გადიოდა და ამიტომ ხშირად უწევდა მივლინებებში ყოფნა, რაც შვილის აღზრდის საქმეში ერთგვარ ბარიერებს უქმნიდა. მხოლოდ ფულის შოვნა და მატერიალური კეთილდღეობა არ იყო საკმარისი ოჯახის სრულყოფილებისთვის. მეუღლეც და შვილიც სულიერებისგან იყვნენ დაცლილნი. ხშირად იფიქრებდა ხოლმე: „აი, ამ ხელშეკრულებასაც დავამთავრებ და მერე მივხედავ ოჯახს“, მაგრამ ერთს მეორე მოსდევდა, მეორეს მესამე და ასე გადიოდა წლები. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში კი საერთოდ არ ეცალა. მთავრობის მიერ დაევალა ქვეყნის მომარაგება ხალხისთვის აუცილებელი საქონლით, რასაც კარგად ართმევდა თავს, თუმცა შევარდნაძის მობრუნების შემდეგ, ზვიადისტის სახელი დაერქვა და გვარდიის და მხედრიონის სამიზნე გახდა. მან კარგად იცოდა, რით დამთავრდებოდა ეს ურთიერთდაპირისპირება და აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე აიღო იარაღი ხელში და წავიდა საომრად. რუსულ დესანტთან შეტაკებისას დაიღუპა. მხოლოდ ის მოხერხდა, რომ თანამებრძოლებმა მისი გვამი თბილისში გადმოასვენეს  და ოჯახის ახლობლების დახმარებით მიაბარეს საბურთალოს სასაფლაოზე არსებულ პანთეონის მიწას…
საბა რუხაძე ახლა უკვე დედის სასახლესთან იდგა ისევე გაუნძრევლად, როგორც სამი წლის წინ, როდესაც დედასთან ერთად დასტიროდა სათაყვანებელ მამას.

                                                               II 

დედის დაკრძალვის შემდეგ, ტრადიციული ქელეხისა და ახლობლების, ხშირ შემთხვევაში ფარისევლური ნუგეშისა და ხვევნა-კოცნის შემდეგ, საბა დარჩა მარტოდ დაცარიელებულ ხუთოთახიან ბინაში, საყვარელი დედის, კანდელანთებულ გადიდებულ ფოტოსთან ერთად. ჩაბნელებული თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა ციდან და ანთებული კანდელის სხივი მიისწრაფვოდა მთვარისკენ, თითქოს კიდევ ერთხელ ავედრებდა საბას ახლადშესვენებული დედის სულს ზეციურ მარადიულ სამყოფელს…
სამყაროს ყოვლისმხილველი თვალი კი ბადრი მთვარის მეშვეობით დასცქეროდა უფლის მიერ კურთხეულ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, რომელიც დემონის ფრთებით იყო დაბნელებული და შველას ითხოვდა…
თუმცა მშველელიც არ ჩანდა, რადგან ადამიანთა ცოდვებით დამძიმებულიყო უფლის კვართის საბრძანისი…
დედის გარდაცვალებით განცდილი ტკივილისა და უძილობით გამოწვეული ემოციების გამო საბას თვალს რული არ ეკარებოდა. თავდახრილი იდგა დედის ფოტოსურათის წინ, რომელიც თბილისელი პროფესიონალი მესურათეების დიდი შრომის შედეგად პასპორტის ფოტოდან იყო გადიდებული და აცრემლებული თავისთვის ბუტბუტებდა:
– ღმერთო დიდებულო, თუ მართლა არსებობ, გამაგებინე, რა დაგიშავა ჩვენმა ოჯახმა, ასე რომ გაგვწირე? უკვე ეჭვი მეპარება შენს არსებობაში… მარქსიზმ-ლენინიზმიც ამას ქადაგებდა მუდმივად, რომ ღმერთი არ არსებობს და აგერ მე თვითონ დავრწმუნდი ამაში… რა ვქნა ახლა? როგორ გადავიტანო ეს უბედურება?  ღმერთი არ არსებობს, სამართალი არ არის ამ ქვეყანაზედ! ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა!
საბამ ვეღარ გაუძლო სიმარტოვეს და დაცარიელებულ ბინაში ჩამომდგარ სიკვდილგამოვლილ ჯოჯოხეთურ სიჩუმეს, უცებ წამოდგა სკამიდან, გაიჯახუნა ბინის რკინის კარი და დაეშვა სადარბაზოს კიბეზე. ეზოში ჩამოსული უცებ შეჩერდა, არ იცოდა საით წასულიყო. იქვე გვერდით აშენებული კორპუსის  პირველ სართულზე მამა ალექსანდრეს ბინიდან წამოსულმა ხმაურმა მიიპყრო მისი ყურადღება. საბა დაინტერესდა, რა ხდებოდა მეზობლის ბინაში და აჩქარებული ნაბიჯით გაეშურა კორპუსისკენ. მამა ალექსანდრეს ბინის ლოჯიაში, ანთებული ღუმელის გარშემო, თითქმის მთელი სამეზობლო იყო შეკრებილი და ამ უშუქობა-უტელევიზორობაში ერთმანეთთან საუბრით იყვნენ გართულნი. მამა ალექსანდრეს, რომელიც თბილისში ერთ-ერთი უბნის პატარა ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ, ცხრა შვილი ჰყავდა. ისინი სამოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ. ლოჯიაში კი მამაოს სვანებისგან ნაჩუქარი დიდი რკინის ღუმელი დაედგა და მთელი ოჯახი იქიდან წამოსული სითბოთი უმკლავდებოდა ზამთრის სუსხიან ღამეებს. ვინაიდან მამაოს კეთილმორწმუნე მრევლმა ერთი სატვირთო მანქანა შეშა აჩუქა, ღუმელი დღე-ღამის განმავლობაში არ ქრებოდა და ეს არა მარტო მრავალშვილიან ოჯახს, არამედ მეზობლებსაც აძლევდა იმის საშუალებას, რომ ბუნებრივაირ და ელექტროენერგია შეწყვეტილ ქვეყანაში ამ ღუმელზე მოემზადებინათ საჭმელი. ოჯახის დიასახლისებთან ერთად მათი მეუღლეებიც მოდიოდნენ ხოლმე მამა ალექსანდრეს სამზარეულოდ გადაქცეულ ლოჯიაში და იყო გვიან ღამემდე გაუთავებელი ლაპარაკი პოლიტიკაზე, გაჭირვებაზე და აკუმულატორებზე  მომუშავე ტელევიზორებში ნაჩვენებ სერიალებზე. ზოგჯერ იქამდეც კი მიდიოდა საუბარი, რომ პარალელებს ავლებდნენ ხოლმე შევარდნაძის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სერიალებში მარიასა და მარიანას მოღალატე ადამიანებს შორის და ამ უკანასკნელთა სახელებითაც მოიხსენიებდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრებს. ამ დროს კი მამაო ჩაიკეტებოდა ოთახში, სადაც ხატების კუთხე ჰქონდა მოწყობილი და ლოცულობდა სამშობლოსა და ხალხისათვის.
საბა ხშირად ხედავდა მამა ალექსანდრეს ბინაში მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა, რადგან მღვდლის დანახვაზე მას არასასიამოვნო გრძნობები ეუფლებოდა. ეს არც იყო გამორიცხული, რადგან იგი ათეისტურ ოჯახში იზრდებოდა და რელიგია და მით უმეტეს ეკლესია მას ისტორიულ გადმონაშთად მიაჩნდა. ახლა კი, რატომღაც, რაღაც ძალამ აიძულა, წასულიყო მამა ალექსანდრეს ბინისკენ.
მეზობლებს საბას მისვლა გაუკვირდათ, თითქოს საუბრის შეჩერებაც გადაწყვიტეს, მაგრამ შემდეგ ერთმანეთს თვალით ანიშნეს, არ შეემჩნიათ თავის თავში ჩაკეტილი მეზობლის გამოჩენა და ერთხმად შესძახეს:
– საბას გაუმარჯოს! მოდი, მოდი ჩვენთან, კარგი სითბო ტრიალებს, გესიამოვნება!.
საბა ნელი ნაბიჯით ავიდა სადარბაზოს კიბეებზე, შევიდა ბინაში, მიესალმა ოჯახის წევრებს და მალევე გავიდა ლოჯიაში, სადაც მეზობელ მამაკაცებს სათითაოდ ხელი ჩამოართვა, მოიკითხა და რკინის ღუმელს მიუშვირა შეციებული ხელის გულები.
მცირეხნის დუმილის შემდეგ, ასაკით ყველაზე უფროსმა მეზობელმა, გაიოზმა დაარღვია სიჩუმე:
– ასეთი ტრაღიკული დღეების შემდეგ შეიძლება უადგილოც იყოს ეს შეკითხვა, მაგრამ მეზობლები ვართ და მაინც გკითხავ, როგორ ხარ, საბა?
საბამ მხრები აიჩეჩა, ღუმელიდან წამოსული სითბოთი გამთბარი ხელის გულები თმებზე გადაისვა და უპასუხა:
– აბა, რა გითხრა, გაიოზ ბიძია, მე თვითონ არ ვიცი, როგორ ვარ. აღარც სწავლის ხალისი მაქვს და აღარც მუშაობის. ყველაფერს ნაძალადევად ვაკეთებ. თითქოს მოვალეობას ვიხდი და ისიც არ ვიცი, ვის მიმართ.
– ღმერთის და სამშობლოსთვის აკეთებ ამას, შვილო, – შეაგება სიტყვა გაიოზმა საბას, – და კიდევ შენი ძვირფასი მშობლების ცხონებისთვის.
– ეეჰ! – ამოიოხრა საბამ, – ღმერთმა დიდი ხანია მიგვატოვა, სამშობლო თავზე დაგვაქციეს, ხოლო ჩემი მშობლები მიწაში წვანან, რომელ ცხონებაზეა საუბარი. ღმერთი თუ აღარ არის, არც ჩემების და არა მარტო ჩემების სულებიც გამქრალი იქნებიან იმქვეყნიური სავანედან, როგორც მას ჩვენი ეკლესია მოიხსენიებს.
– ღმერთი არასდროს მიგვატოვებს, შვილო, – მშვიდად მიუგო გაიოზმა, – ის მყოფია – იყო, არის და იქნება უკუნითი უკუნისამდე. აგერ, ახლა მამა ალექსანდრე განმარტოებულია ხატების ოთახში და ლოცულობს. თუ ღმერთი აღარ არის, ღმერთმა დაგვიფაროს, მაშ, ვისი მისამართით აღავლენს ლოცვებს? დედაშენს ახლადშესვენებულად მოიხსენიებს და თუ სული გამქრალია, მაშ ვისთვის ლოცულობს? ჩვენი ქვეყანა კიდევ ღვთისმშობლის წილხვედრია და მას დედა ღვთისა არ გასწირავს.
– სწორს ამბობს გაიოზი! სწორს ამბობს! – დაუდასტურეს საბას მეზობლებმა.
– თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, რასაც თქვენ მეუბნებით ახლა, მაშ, რატომ დაგვექცა თავზე ქვეყანა და ოჯახები!? – წამოიძახა საბამ და წასასვლელად მოემზადა.
– მოიცა, საბა, – შეაჩერა გაიოზმა ახალგაზრდა კაცი, – აგერ მამა ალექსანდრე გამობრძანდა სამლოცველო ოთახიდან და დანარჩენს ის გეტყვის, დაელოდე, უხერხული იქნება, რომ წახვიდე.
წასასვლელად მომზადებული საბა უცებ შეჩერდა. ოჯახში აღზრდილ კაცს ზრდილობა სულსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი და ამიტომ თავშეკავების უნარიც გააჩნდა. ანაზდად შემობრუნდა, ღუმელთან მივიდა, თავი დახარა და ღუმელში აგიზგიზებულ ცეცხლს დაუწყო ყურება.
ამასობაში მამა ალექსანდრეც გამოჩნდა, კიდევ ერთხელ მიესალმა მეზობლებს, ჯვარი გადასახა და თქვა:
– შეშა არ დაინანოთ, შეუკეთეთ ღუმელში, ბევრი გვაქვს, გვეყოფა მთელი ზამთარი!
შემდეგ თვითონ აიღო ორი დიდი შეშის ნაჭერი, დაიხარა, ღუმელში შეაგდო და წამოდგომისას საბას მოჰკრა თვალი.
– საბა! – წამოიძახა გახარებულმა მამაომ, გადაეხვია მეზობელს და განაგრძო, – როგორ გამიხარდა შენი დანახვა, ღმერთმა დაგლოცოს, შვილო. აი, ასე, შემოიარე ხოლმე. ახლავე ვეტყვი ფოფოდიას, რომ გაჭამოს რამე, მშიერი იქნები.
– არა, მამაო, – დაიმორცხვა საბამ, – ნუ შეწუხდებით, ახლახანს ვივახშმე.
– ჩაი მაინც დალიე, სიცივის წამალია. – არ ეშვებოდა მამა ალექსანდრე.
– გმადლობ, მამაო, ნუ შეწუხდებით, თან უკვე წასვლას ვაპირებ.
– რა გეჩქარება, შვილო, მარტო რა უნდა აკეთო იმ გაციებულ ბინაში, აგერ ვისაუბროთ, ცოტას გულს გადააყოლებ, – ამბობდა საბას ტკივილით შეწუხებული მამაო და თან პირჯვარს იწერდა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და განაგრძო, – კარგია, რომ მოხვედი. მე ვაპირებდი შენს ნახვას, კარგია, რომ დამასწარი. იქნებ ერთხელ მოხვიდე ჩვენს ტაძარში და შენი მშობლების სულის საცხოვნებელი პანაშვიდი აღვავლინოთ. კარგი ადამიანები იყვნენ და ღმერთს შევავედროთ მათი სულები.
ღუმელთან გალურსულმა საბამ შეხედა მამაოს და თავისთვის ჩაილაპარაკა:
– მე არ მწამს ღმერთი.
საბას წარმოთქმულმა სიტყვებმა იქ მყოფთა ყურადღება მიიქცია. ყველამ მამა ალექსანდრეს მიაპყრო მზერა და პასუხის მოლოდინში ერთ ადგილას გაშეშდნენ. მამაომ ჯერ ჯვარი გადასახა საბას და შემდეგ მშვიდად და აუღელვებლად მიუგო:
 – ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ შენ ათეისტი იყავი. ამდენი უბედურების გადატანის შემდეგ ღმერთის როგორ არ გჯერა?
 – რა და როგორ უნდა დავიჯერო, მამაო? ქვეყანა თავზე დაგვემხო, მამა ომში მომიკლეს, დედამ ეს უბედურება ვერ გადაიტანა და ისიც გარდაიცვალა. მე გზააბნეული დავდივარ სიცოცხლისა და სიკვდილის სამანზე და სად არის ღმერთი!? რატომ არ მანუგეშებს!?…
– ოდესმე გითხოვია დახმარება უფლისთვის? – შეაწყვეტინა სიტყვა მამა ალექსანდრემ.
– არა! – წამოიძახა განცვიფრებულმა საბამ.
– აბა, მაშინ რატომ საყვედურობ შემოქმედს? ღმერთი სიყვარულია. იგი არავის ტოვებს ნუგეშის გარეშე. ის მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს ჩვენგან, რომ გვწამდეს მისი. შევიყვაროთ იგი  ყოვლითა გულითა ჩვენითა, ყოვლითა სულითა ჩვენითა, ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ყოვლითა ძალითა ჩვენითა…
–  მაპატიეთ… ბოდიშს ვიხდი… – აღარ დაამთავრებინა სიტყვა საბამ მამაოს და ჩქარი ნაბიჯით დატოვა ბინა.
სახტად დარჩენილი მეზობლები გასცქეროდნენ ეზოში მიმავალ საბას, რომელიც მალევე შეუერთდა ჩაბნელებული ქალაქის ზამთრის ღამეს…

                                                       III

 – საბას გაუმარჯოს! – დაბალ ხმაზე ძლივს წაილუღლუღა წრიპა მიშკამ, რომელიც კორპუსის ეზოში მდგარ ხის მაგიდასთან მოკალათებულიყო და პაპიროსში „შეკეთებულ“ პლანს ეწეოდა.
– გაგიმარჯოს, მიშკა! – მიესალმა მეზობელს სადარბაზოდან გამოსული საბა, – ვხედავ დილაადრიან დაგიწყია. გასაგებია, რომ ცოლ-შვილი არ გყავს, მაგრამ შენი თავი მაინც არ გეცოდება, სულ კაიფში რომ ხარ!? შენი მშობლები მაინც შეიცოდე, შეწყვიტე ეგ ნემსი და პლანი!
– გშუურს, ძმაო!? – თითქოს იწყინა მიშკამ, – მოდი ჩავიწევი და შენც გიწილადებ. სანამ ცოცხალი ხარ ეს სიამოვნება არ უნდა მოიკლო. ჯერ გასინჯე და მერე ილაპარაკე.
საბამ შეხედა ნარკოტიკების მოხმარებისაგან გაუბედურებულ მეზობელს, ხელი ჩაიქნია და გზა განაგრძო.
სამსახურში მისულ საბას ცუდი ამბავი დაახვედრეს. ბაზრობა, სადაც საბა მტვირთავად მუშაობდა დამფუძნებლებს დროებით დაეკეტათ. მიზეზი კი, როგორც ხალხში ამბობდნენ, სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყოფილა. როდის გაიხსნებოდა ობიექტი, ამას ბაზრობის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებდა.
ბაზრობასთან შეკრებილი, უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები ათასნაირ ჭორებს ავრცელებდნენ. ზოგი ამბობდა – „ვალები ჰქონდათ ბანკში და დაუყადაღესო“, ზოგმა – „კაზინოში წააგესო“, სტაჟიანი ვაჭრები იმასაც ამბობდნენ – „წილების გამო იჩხუბესო“ … ფაქტი კი ერთი იყო – ყველა თანამშრომელი უმუშევარი დარჩა…
საბა, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო ბაზრობაზე მტვირთავად მუშაობა იყო, გაოგნებული იდგა და ჯერ კიდევ ვერ გაეაზრებინა, რომ ხვალ პურს ვერ იყიდდა, ინკასატორს ბინაში მალულად შემოყვანილ დენში თვის ბოლოს ფულს ვერ გადაუხდიდა და საერთოდ ვერ იმოძრავებდა ქალაქში. ბოლოს იქვე მდგომ თავის კოლეგას მიმართა:
– ტოგარა ძია, რა გვეშველება?
 – ეეჰ! შენ რა გიჭირს, საბაჯან! მარტო კაცი ხარ. მე რა უნდა ვქნა, ხუთი შვილი რო მელოდება სახში პირდაღებული…
– ხუთი შვილი დიდი სიმდიდრეა, ტოგარა ძია…
– სიმდიდრე კი არი, მაგრამ შენახვა და გაზრდა ხო უნდა, ტო!? – იყვირა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ტოგარამ და ტვირთის თრევისგან დაგრძელებული ხელები ჯერ თითქმის მიწამდე ჩამოუშვა და მერე თავზე შემოირტყა.
– კარგი რა, ტოგარა ძია, – კოლეგის დამშვიდებას შეეცადა საბა, – ძველების ნათქვამია: „ბევრი დედმამიშვილები ერთმანეთსა ზრდიანო“…
– ეეე! აბა, შენა ხარ რა! – შეაწყვეტინა სიტყვა ტოგარამ საბას, – წამო, აბა, ნახე როგო ზრდიან ერთმანეთსა, სახში რო მივალ ოთხი ერთად დაიჩხავლებს ხოლმე – „რა მოგვიტანეო!“. მეხუთემ ლაპარაკი ჯერ არ იცის და მაგიდაზე სულ მუშტებს აბრახუნებს… ერთმანეთსა ზრდიან არა ფლავი! …
ტოგარა უცებ შეჩერდა, შუბლზე მარჯვენა ხელის გული შემოირტყა და წამოიძახა:
– მართლა! ცოლმა დამაბარა ბრინჯი წამოიღეო, წავალ ტამარას მაღაზიაში, იქნება ნისიად მამცეს ბრინჯი.
საბამ  თვალი გააყოლა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ტოგარას და თავისი გაჭირვება დაავიწყდა, რა თქმა უნდა, დროებით. მერე ხელი ჩაიქნია და გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. ხალხს მთელი ქალაქი დიდ ბაზრობად გადაექცია. ტროტუარები სახელდახელოდ მოწყობილი დახლებით იყო გადავსებული. ვისაც რა ებადა სახლში ყველაფერი გასაყიდად გამოეტანა, რათა პურის ფული მაინც მიეტანა ოჯახში. გამყიდველი უფრო მეტი იყო, ვიდრე მყიდველი. სიცივისაგან თავის დასაცავად რკინის სათლებში დაენთოთ ცეცხლი. თბებოდნენ და თან გამვლელ-გამომვლელს ეხვეწებოდნენ, ეყიდათ რამე. ქუჩის ბიჭები, ჯიბის ქურდები, როგორც მტკვრის თავზე თევზის დასაჭერად მფრინავი თოლიები, ისე დასტრიალებდნენ მოვაჭრეებს. ზოგი მიზანსაც აღწევდა და იყო ერთი კივილი და გინება, რომელიც მხოლოდ ბოროტს ანიჭებდა სიამოვნებას და ადამიანებს კი ენით აუწერელ განსაცდელში აგდებდა.
მიუხედავად იმისა, რომ საბასთვის ეს სანახაობა უცხო არ იყო, მაინც ყოველთვის მწარედ განიცდიდა და წარმოუდგენელ ტკივილს გრძნობდა. ახლაც იგივე განცდა დაეუფლა, სანაპიროსკენ წავიდა, მტკვართან მისული ჯებირს დაეყრდნო, თვალებით დააშტერდა ბევრი უბედურების მნახველ დედამდინარეს და ფიქრებს მიეცა: „რა უბედურება ხდება ჩვენს თავს, რა დრო დაგვიდგა? ყველაფერი ჩამოიშალა. მზის და ვარდების ქალაქი თუ ასეთ დღეში ჩავარდებოდა, ვინ წარმოიდგენდა? ინგრევა და ნადგურდება წლებით ნაშენი და ნაფერები კოლორიტი. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერი გახდა. ერთ დროს სიხარულის და სიყვარულის ქალაქად ცნობილი თბილისი სადღაც გაქრა და ამ ყველაფრის მიზეზი ურთიერთობების მოშლაა, რომელიც მთავრობის არასწორი პოლიტიკისა და ბანდიტური ფორმირებების თარეში გახლავთ. აი, რა არის მამა ალექსანდრესთან მეზობლების თავშეყრის მიზეზი. ადამიანები, კაციც და ქალიც, სახლში ვეღარ ჩერდებიან, ნუგეშის საძებნელად ერთმანეთთან მიდიან და მოდიან, ამისთვის ხან ყავის ერთად დალევას იმიზეზებენ ან კიდევ მამა ალექსანდრეს ღუმელზე სადილის მომზადებას… მე სად მოვძებნო ნუგეშის მცემელი? გარეთ ყოფნა არ მინდა… სახლში მისვლა არ მინდა, იქ ცივა და სიცარიელეა… გალაკტიონი გამახსენდა, კარგად აქვს ნათქვამი თუ სწორად მახსოვს:
მიფსმული ბოძები, ფეთხუმი ბოზები, ფანჯრებზე ნიფხვები.
სახლში შეხვალ და სული აღგმოხდება ყ……ს ფხანვაში,
გარეთ გამოხვალ და თავზე დ……..ნ,
მოდი და იცხოვრე ასეთ ქვეყანაში!
თითქმის იგივე მდგომარეობაა დღეს ქალაქში. განსხვავება იმაშია, რომ ახლა უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ბევრი ლტოლვილია და ბევრი ნარკომანი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი კორპუსის ერთ მხარეს ღმერთის მორწმუნეთა თავყრილობაა, ხოლო მეორე მხარეს – ნარკომანების. მე სახლში მისვლა არ მინდა. არ მინდა, რომ სიცივის და ბოროტი სულების სამყაროში შევაბიჯო. საით წავიდე? მარჯვნივ თუ მარცხნივ. მარჯვნივ, მორწმუნეებში, უკვე ვიყავი, მათი ვერაფერი გავიგე, არ მწამს ღმერთი, რომელიც ისევ ჩემნაირი ადამიანების მოგონილია და ძლიერთა გასაძლიერებლად სუსტებს იმორჩილებს, მათ ცხვრებად ყოფნას აჩვევს, რათა მგლებმა შეუფერხებლად ითარეშონ. თუ ასე არ არის, მაშინ სასულიერო პირები რატომ ეფერებიან ქვეყნის დამაქცეველ მთავრობის წევრებს და ყაჩაღთა ლიდერებს? მარცხნივ წავიდე და წამლისგან გათიშულ ახალგაზრდებში უნდა მოვხვდე, რომლებთანაც ერთად გავიზარდე ამ ზოში. სამუშაო აღარ მაქვს, ამ სწავლას სწავლა არ ჰქვია, სახლში ჯდომა არ მინდა, მამაოსთან არ მინდა, არც ნარკომანებთან მინდა, თავს ნამდვილად არ მოვიკლავ იმიტომ, რომ სიცოცხლე მინდა… სად წავიდე!?
საბამ დიდხანს იხეტიალა ქალაქში. სამუშაოც ეძება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, დაიღალა და გადაწყვიტა სახლისკენ წასულიყო. პირველად თავის სიცოცხლეში საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის დანახვა არ გაუხარდა, ამიტომ სადარბაზოში აღარ შევიდა და კორპუსის უკან მდებარე ეზოსკენ აიღო გეზი.

                                                               IV                                          

კორპუსის უკან მდებარე ეზოდან უცნაური და ხალისიანი ხმები ისმოდა. საბას გაუკვირდა – „ამ სიცივეში ქეიფის ხასიათზე ვინ არისო?“ როგორც კი გასცდა კორპუსს, დაინახა უბნის ახალგაზრდები შემოსხდომოდნენ მაგიდას და მხიარულობდნენ. საბას დანახვა ყველას გაუხარდა და მიიპატიჟეს. საბასაც გაუხარდა – „ცოტას გავერთობიო“. როგორც კი მიუახლოვდა მაგიდას და მის გარშემო მსხდომ „თანამეინახეებს“, შეცბუნდა. მაგიდაზე რამდენიმე ბოთლი მეზობელ სურიკას სახლში ჩამოსხმული ლიმონათი იდგა, ხოლო ათამდე ახალგაზრდა კაცი კი სიგარეტს ეწეოდა და ბოლო ხმაზე გაჰკიოდა. ერთმანეთს არ უსმენდნენ. მხოლოდ მიშკა იჯდა ჩუმად, დასისხლიანებული თვალები გადმოჰკარკლოდა, მიშტერებოდა თავის სადარბაზოს მეზობელ ჯაბას, თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
– რა გინდა, შე ჩემა! – იყვირა ჯაბამ, – რას მომშტერებიხარ, ხო ვიცი, რაც უნდა მითხრა და რას წვალობ, ტოო!?
 მიშკამ თავი მარჯვნივ გადასწია და ერთი თვალი მოჭუტა, რაც როგორც ჩანს იმას ნიშნავდა, რომ ჯაბას უნდა გაეგრძელებინა საუბარი. ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა, გულის ჯიბიდან არყის ბოთლი ამოიღო, სახურავი მოხსნა, ორი ყლუპი არაყი მოწრუპა, ისევ დაახურა სახურავი და ჩაიდო გულის ჯიბეში.
– შე ჩემა! – ძლივს წაილუღლუღა წრიპა ზურიამ, რომელიც ისეთი გამხდარი იყო, სასწორზე რომ აგეწონა, ერთი რუსული ინდაურის წონა არ გამოვიდოდა, – რუსი ხარ, ბოთლით რო სვამ! ფლიაშკა მაინც იყიდე, ვინმე რო შემოგხედავს იტყვის, ბასიაკი არ არიოოო…
– ეეე! დასტოინათ, ბიჭო! არ მომიყვანო მანდ, შე ნარკუშავ! – იწყინა ჯაბამ, – ფლიაშკა იცი რა ღირს!? მაგ ფულით ათი ბოთლი არაყი მომივა… თან ფლიაშკაში ორასი გრამი ჩადის, რა სირად მინდა…
– გამოსირებული ხარ, შე ჩემა, – ჩაიბურდღუნა წრიპა ზურიამ, მერე პლანით „შეკეთებული“ პაპიროსი მოქაჩა, ნელ-ნელა გამოუშვა პირიდან კვამლი, გაიხედა ახლადმოსული საბასკენ და დაიკნავლა, – მოწეევ, ძმაო?
სანამ საბა წრიპა ზურიას პასუხს გასცემდა, ჯაბამ გულის ჯიბიდან არყის ბოთლი ამოიღო, ხელში შეათამაშა, საბასკენ შეტრიალდა და წამოიძახა:
– დალეევ, მეზობელო!?
საბა კი იდგა მდუმარე, გაოგნებული და არ იცოდა რა მოემოქმედა. სახლში ასვლა არ უნდოდა, მამა ალექსანდრეს ღუმელის კაცებთან მისვლა გუშინდელს აქეთ გადაიფიქრა, ქალაქში იმდენი იხეტიალა, რომ ფეხზე ძლივს იდგა. კიდევ ერთხელ თვალი მოავლო თავისი სამეზობლოს ახალგაზრდებს, რომელთაგან ერთი – ჯაბა სასმელზე იყო „შემჯდარი“ და ცოცხიან ბაბაიაგასავით ქანაობდა, ხოლო დანარჩენები – პლანზე და წამალზე. ზოგი მათგანი ცას მიშტერებოდა, ზოგს მაგიდაზე დაედო თავი, ხოლო ზოგი კი გიჟივით იცინოდა.
 „ხედავ? – გაიფიქრა საბამ, – სწავლა-განათლება და სამსახური გავიარე, მღვდელი და მისი მიმდევრები გავიცანი, მაგრამ ამ ცხოვრების ავან-ჩავანი მაინც ვერ ამოვხსენი. დავდივარ წინ და უკან და მე თვითონ არ ვიცი, რა მინდა და რას ვეძებ, ამათ კი თავისი გზა მოძებნეს და მშვენივრად გრძნობენ თავს. ვითომ ეს არის ცხოვრებისეული ჭეშმარიტება? ხომ არ მომესინჯა? ამბობენ, ჩათრევა იცისო, ეშმაკისეულიაო, ვეღარ მოეშვებიო… განა რა ეშმაკი უნდა იყოს ისეთი, რომ მე რაც არ მომწონს ის დამაძალოს? არ მჯერა სისულელეების…“
– კაროჩე, მოწეევ, ძმაო? – გააწყვეტინა ფიქრი საბას წრიპა ზურიამ, – რა ქალიშვილივით იპრანჭები, შე ჩემა…
– არ გინდა, მეზობელო! – წაილუღლუღა არყით გაბრუებულმა ჯაბამ, – მოსაწევი გაგაფუჭებს… მაგას სჯობს დალიო… დამიჯერე.- სიგარეტი თავის დღეში არ მომიწევია, – გაეცინა საბას, – და ახლა დავიწყო?
– ეს სიგარეტი არ არის, ძმაო, – არ ცხრებოდა წრიპა ზურია, – ეს სასაცილო მოსაწევია, კარგ ხასიათზე დაგაყენებს… – წამოდგა წრიპა, ხელები მაღლა ასწია, ისევ დაჯდა სკამზე და განაგრძო, – ნახეე… რა შალახო მივეციი…
– არა! ვერ მოვწევ, – თქვა საბამ, – სჯობს ჯაბას არაყი დავლიო, ცოტა გამათბობს მაინც.
საბას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჯაბამ არყით ნახევრადსავსე ბოთლი მიაწოდა და თან დააყოლა:
– აი, ეგრე რა, ძმაო! ჯიგარი ხარ!
– გაგვიმარჯოს! – წარმოთქვა ხმამაღლა საბამ და ბოთლიდან რამდენიმე ყლუპი არაყი დალია, მაგრამ ვაი, იმ დალევას, სახე მთლიანად აერია და ძლივს ამოიღო ხმა: – დასაყოლებელი არა გააქვთ რამე!?
ჯაბას გაეცინა და მიუგო:
– საბურთალოს ჰაერი დააყოლე, ძალიან გემრიელია, ბრატ!
საბა ჯაბას გაფართოებული თვალებით მიაშტერდა და ძლივს ამოთქვა:
– ეეეე!
– რა ეეეე, შე ჩემა… ამას რო რამე დააყოლო, მაშინ როგორღა უნდა დაკაიფდე!?
– მოდი, ძმაო, აი, ეს დააყოლე, – აწრიპინდა ისევ წრიპა ზურია და საბას პაპიროსი გაუწოდა, – მაგრად გაგისწორდება… შენ ძმობას ვფიცავარ…
არყისგან გაბრუებულმა საბამ წრიპა ზურიას ვეღარ უთხრა უარი და პაპიროსიც მოწია…
საბას ხველებამ შეძრა მთელი საკორპუსეთი…
ნაცრისფერ ქალაქს ნაცრისფერი ღრუბლები დასცქეროდნენ ციდან…
ერთ დროს მზის და ვარდების ქალაქი ნაცარქექიების ადგილსამყოფელს დამსგავსებოდა…
მეორე დღეს ახალგაზრდებმა საბას სახლში მიაკითხეს. სიცივისაგან გათოშილმა საბამ ძლივს გააღო ბინის კარი. როგორც ჩანს ახალი გაღვიძებული იყო.
– მგონი გადავურჩი გაციებას. – ძლივს წარმოთქვა საბამ.
– ჩვენ მოგაცილეთ სახლამდე, ძმაო, – თქვა წრიპა ზურიამ, – გარეთ ხომ არ დაგტოვებდით, ძმა ხარ. ახლა კი ისეთ უებარ წამალს გაგიკეთებთ, რომ საერთოდ ვერ იგრძნობ სიცივეს. ცოტა კიშკა გაგეხსნება და ეგეც მოვიტანეთ.
ბიჭები უცებ დატრიალდნენ, აფუსფუსდნენ სამზარეულოში, გაამზადეს შპრიცები. ხუმრობა ხომ არ არის, როგორც იქნა იშოვეს თავისუფალი ბინა ანუ ბაითი, როგორც თვითონ უწოდებდნენ და პირველი დოზა ბინის პატრონს გაუკეთეს, რომელიც გუშინდელი დღის „შთაბეჭდილებებიდან“ ჯერ კიდევ გამოსული არ იყო…
საბამ მალევე იგრძნო შვება და სადღაც უკიდეგანო სივრცეში ჩაიძირა…

                                                         V

წლებმა ნარკოტიკებში ჩაძირულ საბას უამრავი ჭრილობა დაუტოვა. იგი ადამიანს აღარ ჰგავდა. უნივერსიტეტში სწავლას და სამსახურის ძებნას თავი დაანება. ეგრეთ წოდებული „საძმო“, რომელიც მის ბინაში მისცემოდნენ „ნეტარებას“, სანაცვლოდ იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს და საჭმელ-სასმელითაც ამარაგებდნენ უკვე სტაჟიან ნარკომანს – საბას.
მიუხედავად გაუკუღმართებული ცხოვრების წესისა, ნარკომანიამ ერთი „დადებითი“ თვისება შესძინა საბას. როდესაც წამლისგან „ნეტარებას“ მიეცემოდა, იწყებდა სახლის დალაგება-დასუფთავებას, ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვას. კარგად რომ იჯერებდა გულს, მერე წამოწვებოდა და „ძმაკაცების“ მოსვლამდე ძილ-ბურანში ატარებდა დროს.
ერთხელაც, ბინის დასუფთავების შემდეგ, სავარძელში ჩაძინებულ საბას დედა ესიზმრა, რომელიც ცხარე ცრემლებით ტიროდა, უყურებდა თავის ერთადერთ გაუბედურებულ შვილს და ნერვიულობისაგან საუბარსაც ვერ ახერხებდა. ბოლოს, როგორც იქნა ამოთქვა:
– შვილო! რას დაემსგავსე!? შენი თავი თუ არ გეცოდება მე და მამაშენი მაინც შეგვიცოდე, რომ შენი საქციელის გამო მუდმივად საყვედურებს ვიღებთ ანგელოზებისაგან… ნუთუ ასე გაგზარდეთ, რომ რაღაც ეშმაკის მიერ მოგონილი საწამლავის გამო მიგეტოვებინა ყველაფერი და ჩვენი საცხოვრებელი ბინა ავაზაკთა ბუდედ გაგეხადა! არ მოველოდით ამას შენგან! საერთოდ აღარ გახსოვართ, სანთელსაც არ გვინთებ, ლოცვაზე ხომ ზედმეტია საუბარი! არადა, ჩვენთვის მთავარი შენგან ხშირად მოხსენიებაა! მოიკრიბე ძალა და დაუბრუნდი ნორმალურ ცხოვრებას, თორემ შენს თავსაც დაიღუპავ და ჩვენ სულებსაც არ დაადგებათ კარგი დღე!
საბას უცებ გამოეღვიძა. გაუკვირდა, რომ ფხიზელი იყო და გონებაც ნელ-ნელა ეწმინდებოდა. უცებ, შიმშილმა შეაწუხა. წამოდგა, მაცივარი გამოაღო და იქ მხოლოდ ცარიელი ბოთლი დახვდა. მერე სამზარეულოს კარადა გამოაღო. საჭმელი კი არა, პურიც კი არ იდო არსად. ლოჯიაში გამოვიდა, მაგიდაზე საფერფლეში ჩაყრილ ხურდა ფულს მოჰკრა თვალი, გაიფიქრა: „პურს მაინც ვიყიდიო“. მონეტები ჯიბეში ჩაიყარა, ბინის კარი გაიჯახუნა და სადარბაზოს კიბეებზე დაეშვა.
პურის მაღაზია იქვე, მეზობელი კორპუსის პირველ სართულზე იყო. საბას ესიამოვნა გარეთ გამოსვლა. გაზაფხული ძალას იკრებდა და სახალისოც იყო გამოცოცხლებულ ქალაქში გავლა.
– აქამდე გამოვსულიყავი გარეთ, – თავისთვის ჩაილაპარაკა საბამ, – რას ვაგდივარ სახლში, შეხედე რა სიცოცხლეა და რა სურნელი.
პურის მაღაზიასთან ბევრი ხალხი შეგროვილიყო. საბა დაიბნა, „რაღა დროს პურის რიგებიაო?“ – გაუელვა გონებაში, – „იქნებ მე მეჩვენებაო“. ახლოს, რომ მივიდა, ასეთი სურათი დახვდა. პურის მაღაზიის გვერდით გაეხსნათ არჩევნებში ახლადგამარჯვებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და ხალხიც მის წინ იყო შეგროვილი, თან აღელვებულები ჩანდნენ. საბამ იქვე მდგომ შუახნის მამაკაცს ჰკითხა:
– რა ხდება ხომ არ იცით? მე ამ უბნელი ვარ და მაინტერესებს.
– რა ხდება და ამათ როცა ხალხის ხმები სჭირდებათ, მაშინ ანგელოზების ფრთებს იბამენ, ახლა კი ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. თავისი უკვე გაინაღდეს. ერთი საწყალი ახალგაზრდა მარტოხელა, ორი შვილის დედაა. ქმარი მოუკლეს თურქეთში, ბინა ბანკში ჰქონდათ ჩადებული. კაცი აღარ იყო ამ ქვეყნად, ამ გოგოს კრედიტი რით უნდა დაეფარა, გამოაგდეს სახლიდან ქუჩაში. ხან ნათესავი იფარებს, ხან მეზობელი, პატიოსანი ბავშვია. მერე ამათ დაეხმარა არჩევნებში ხმების მოგროვებაში. შეპირდნენ, რაღაც პატარა ბინას გიშოვითო. ამის გამო ყველა გვერდში დავუდექით და ხმები მოვუგროვეთ ამ უჯიშოებს და უკუღმა დაბადებულებს. ჰოდა, როგორც ხშირად ხდება, თავისი გაინაღდეს და მერე ფეხებზე დაიკიდეს ეს საწყალი.
– სად არის ახლა ის გოგო? – ჰკითხა საბამ.
– აგერ მოსაცდელში ზის ბავშვებთან ერთად და ტირის. ოფისის ხელმძღვანელს უთქვამს: „მე დედა ტერეზა ხომ არა ვარ დაგეხმაროო“.
საბას მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა, სისხლი მოაწვა თავში. უნდოდა შევარდნილიყო ოფისში და დაელეწა იქაურობა, მაგრამ რაღაც ძალამ შეაჩერა. ჯერ ერთი, მარტო ვერაფერს გახდებოდა და მეორე, დაიჭერდნენ, ნარკოლოგიურ შემოწმებას ჩაუტარებდნენ და ციხიდან ვეღარ გამოვიდოდა. ამიტომ ხალხს ბოდიში მოუხადა და სთხოვა ოფისში შეეშვათ. კართან დაცვის თანამშრომელი გადაეღობა.
– ვისთან მიბრძანდებით?
– აი, იმ ქალბატონს მინდა დაველაპარაკო, ორ ბავშვთან ერთად რომ ზის და ტირის. – მიუგო საბამ.
– შიგნით ბევრი ხალხია და ჯერ ვერ შეგიშვებთ. დამელოდეთ! იმ ქალს
ოვიყვან აქ!
ახალგაზრდა ქალი დაცვის თანამშრომელს არ გამოჰყვა, როგორც ჩანს იფიქრა, რომ ოფისიდან გაგდებას უპირებდნენ. სხვა რა გზა ჰქონდა საბას. იძულებული გახდა დალოდებოდა. მისთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა სახლში იჯდებოდა თუ გარეთ. რამდენიმე საათში ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად ატირებული გამოვიდა ოფისიდან, როგორც ჩანდა, მისი თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. ხალხმა ატეხა ყვირილი. ზოგი პრეზიდენტს აგინებდა, ზოგი მთავრობას, ზოგი პარტიას. რა თქმა უნდა, არც წინა მთავრობა და პრეზიდენტი დავიწყებიათ და ამ გინებ-გინებით, ნელა-ნელა შემოეცალნენ დედას და შვილებს ეგრეთ წოდებული „გულშემატკივარნი და ჭირისუფალნი“ და როგორც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში, აღსრულდა მრავალჭირგამოვლილი ნათქვამი – „სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი“.
თბილისის პრესტიჟული უბნის ერთ-ერთ ტროტუარზე ერთმანეთის პირისპირ დარჩნენ ერთის მხრივ ცხოვრებისგან განაწამები დედა ორ შვილთან ერთად და მეორეს მხრივ, თბილისურ ოჯახში, კარგი მშობლების აღზრდილი აწ კი ნარკოტიკებისგან განადგურებული ახალგაზრდა კაცი.- ქალბატონო. – მოწიწებით მიმართა საბამ ახალგაზრდა ქალს.
ქალი ოდნავ შეკრთა. ისევ ოფისისკენ გაიხედა, იქიდან ხომ არ დამიძახესო. ნათქვამია: „იმედი ბოლოს კვდებაო“. მაგრამ მან ოფისის მხრიდან მხოლოდ სიცივე იგრძნო. საბამ დაბნეულ ქალს მეორედ მიმართა. ამჯერად ქალმა საბასკენ გამოიხედა. განაწამებ და ნამტირალევ სახეს თეთრი ფერი გადაჰკვროდა. ალაგ-ალაგ ჩამოშვებულ შავ თმებში შიშჩაბუდებული ორი გიშრისფერი თვალი მოჩანდა. კბილებისგან დაკვნეტილი ტუჩები წითლად ღვიოდა და ეს ყოველივე ერთ მთლიანობაში ისეთ სურათს ქმნიდა, რომ ქალს შეეძლო თავისთვის კი არა, არამედ შვილების გადარჩენისთვის მთები გადაედგა. საბას თავდაპირველად თითქოს შეეშინდა, მაგრამ მალევე მიხვდა, ქალის გონებაში რა დარდიც ტრიალებდა და მასში ძველი საბა, ძველი კაცი წამიერად დაბრუნდა.
– ქალბატონო, – ენის ბორძიკით წარმოთქვა საბამ, – მე მინდა, რომ თქვენ დაგეხმაროთ.
ქალი იდგა ქვასავით ერთ ადგილას, არ განძრეულა, მხოლოდ ბაგეებიდან გამოსცრა:
– თქვენ ვინ ხარ, რომ დახმარების ხელს მიწვდით!?
– საბა ვარ რუხაძე. უფრო სწორად ვიყავი. ახლა მისი აჩრდილი ვარ, თუმცა გული არ შემცვლია და მინდა, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.
– ვერ გავიგე, ბატონო. იყავით, ახლა აღარ ხართ? – იკითხა ქალმა, – მაპატიეთ, რებუსებისთვის დრო არ მაქვს, ბავშვებისთვის თავშესაფარი უნდა მოვძებნო.
– ჩათვალეთ, რომ უკვე მოძებნილი გაქვთ, – მიუგო გაღიმებულმა საბამ, რომელსაც უნდოდა ქალისთვის ბინა შეეთავაზებინა, მაგრამ არ იცოდა, ეს როგორ ეთქვა ისე, რომ მისი წყენა არ დაემსახურებინა, – წამობრძანდით, მე ამ უბანში ვცხოვრობ.
ქალი შეყოყმანდა. კიდევ ერთხელ შეხედა საბას. ბოლოს დათანხმდა, მოჰკიდა ბავშვებს ხელი და გაჰყვა სახლისკენ. ბინაში შესვლისას, დაინახა რა ასეთი დიდი სივრცე, მაშინვე იკითხა:
– თქვენ მარტო ცხოვრობთ?
– სამწუხაროდ, დიახ, – მიუგო საბამ. – მშობლები გარდაიცვალნენ.
ქალი აწრიალდა, შვილებს ჩასჭიდა ხელი და თქვა:
– იცით…
– ვიცი, – შეაწყვეტინა სიტყვა საბამ, – თქვენ და თქვენს შვილებს აქ არავინ აწყენინებს…
– არა, – დაიმორცხვა ქალმა, – იცით რა არის, ეს ძალიან დიდი და კეთილმოწყობილი ბინაა და ჩემი მწირი შემოსავლით ბინის ქირას ვერ გადავიხდი.
– თქვენ არაფერს გადაიხდით, ქალბატონო. მე ხომ თქვენ დახმარება შემოგთავაზეთ. იცხოვრეთ რამდენი ხანიც გინდათ…
– ეს როგორ? – თითქოს იწყინა ქალმა, – ასეთი რამ დღეს არ ხდება… მე პატიოსანი ქალი ვარ და შვილების დედა…
– ვიცი, ქალბატონო, რომ პატიოსანი ხართ და იმიტომაც მინდა თქვენი დახმარება.
– საიდან იცით, – გაეღიმა ქალს, – თქვენ ხომ სულ ახლახანს გამიცანით?
საბას გაეღიმა და უპასუხა:
– თქვენ რომ პატიოსანი ქალბატონი არ ბრძანდებოდეთ, ნაციონალების ოფისში არ დაიღვრებოდით ცრემლად და სულ სხვაგან იჯდებოდით გალაღებული, მით უმეტეს, რომ მაპატიეთ, მიიღეთ, როგორც ქათინაური და ძალიან ლამაზი შესახედაობა გაქვთ. აქ თქვენ არავინ გაწყენინებთ. დამიჯერეთ. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს…
– ბრძანეთ! – წარმოთქვა გაკვირვებულმა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა ქალმა.
– შეგიძლიათ, რომ ხელახლა აღმზარდოთ და დამაყენოთ ცხოვრების სწორ გზაზე. დედაჩემი მესიზმრა და მთხოვა, რომ გამოვსწორდე. ამას კი ჩემი საძმო ვერ გააკეთებს…

                                                               VI

საბამ და ახლადგაცნობილმა ქალბატონმა, რომელსაც საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის, მოციქულთა სწორის – ნინოს სახელი ერქვა, ბავშვების დაპურების შემდეგ, დიდხანს ისაუბრეს. ნინოს მეუღლე კარგი ქართველი ვაჟკაცი ყოფილა, თავისი შრომით არჩენდა ოჯახს. ბოლოს, რომ გაჭირდა ცხოვრება, ევროპიდან მანქანების შემოტანისა და მისი რეალიზაციისთვის მოუკიდია ხელი. საწყისი ფული არ ჰქონია და ბინის ბანკში გირაოში ჩადებით აუღია კრედიტი და დაუწყია საქმიანობა. ბიზნესს შედეგიც გამოუღია, ბანკის ვალსაც ეტაპობრივად ფარავდა და ოჯახსაც საარსებო სახსარი გაუჩნდა. მაგრამ ერთი წლის წინ, თურქეთში ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურის ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს, შესაბამისად გაძარცვული და გერმანიაში ნაყიდი მანქანაც გაეტაცებინათ ყაჩაღებს. ნინომ ახლობლების დახმარებით შეძლო მეუღლის თურქეთიდან გადმოსვენება და დაკრძალვა. მაგრამ ბანკის კრედიტის დაფარვის საშუალება მას არ გააჩნდა, რის გამოც ბინა ბანკმა წაიღო. ხელფასი, რომელსაც ის იღებდა სამსახურში, მცირეწლოვანი ბავშვების გამოკვებასა და მოვლა-პატრონობაში ძლივს ჰყოფნიდა. ამას დაემატა უსახლკარობა. ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად დააწვა ქალს. ბოლო იმედი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება იყო და მათაც ზურგი შეაქციეს. ნინო პროფესიით ფილოლოგი გახლდათ და მუშაობდა ერთ-ერთ რედაქციაში კორექტორად. ხელფასი დიდი არ ჰქონდა, მაგრამ როგორღაც ბავშვებთან ერთად, როგორც იტყვიან ხოლმე – „იოლად გადიოდნენ“. ბავშვები – სალომე და გიორგი საბავშვო ბაღში დადიოდნენ და იქ აღმზრდელები მათზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ, რათა რამენაირად შეემსუბუქებინათ ის მდგომარეობა, რაც მათ გადაიტანეს მამის გარდაცვალების შემდეგ და რასაც ახლა განიცდიდნენ უბინაობით. მშობლები ნინოსაც გარდაცვლილი ჰყავდა, ხოლო მათი ბინა, ასევე საბურთალოზე, ბიძამ მიისაკუთრა და საერთოდ ახლოს არ იკარებდა არავის, მათ შორის ნინოსაც.
საბაც მოუყვა ნინოს თუ როგორ მიატოვა ყველაფერი და განარკომანდა. მას შემდეგ კი, რაც დედა ნახა სიზმარში, გადაწყვიტა, რომ როგორმე გამოსწორდეს და იქნებ ისევ გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში. ამაში ალბათ ნინოც დაეხმარება, ისიც ხომ ფილოლოგია.
საუბარი საბასა და ნინოს შორის ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ ამ დროს ზარის ხმა გაისმა კარზე.
– ვიცი, ვინც არიან, – თქვა საბამ, – დაველაპარაკები და ახლავე მოვალ.
კართან წრიპა ზურია დახვდა თავის ამფსონებთან ერთად. საბას დანახვაზე ყველა ერთად ახარხარდა.
– რა იყო? რა მოგელანდათ, ტო? – იკითხა გაკვირვებულმა საბამ.
– გავიგეთ ცოლი მოგიყვანია, შე ჩემა. ეგ როგორ დაგვიმალე? – თქვა წრიპა ზურიამ და ბინაში შესვლა დააპირა.
საბამ გააჩერა და უთხრა:
– უნდა დავამთავროთ ყველაფერი, დილას დედა დამესიზმრა და მითხრა, თავი დამენებებინა ამ ყველაფრისთვის. მერე ეს უსახლკარო დედა შევიფარე შვილებით. უნდა მაპატიოთ, ბიჭებო…
– მაიცა, ატხადნიაკი არა გაქ, შე ჩემა? – იკითხა ჩმორიკამ, რომელიც წრიპა ზურიას ზურგს უკან იდგა, – გავიკეთოთ და წავალთ რა!
– ვაა! ესე მალე როგორ დაინიშნე, ტო… – ყბა მოებრიცა წრიპას.
– თან შვილების გაკეთებაც აღარ დასჭირდება, უკვე გაზრდილები ჰყავს… -თავისთვის ბურტყუნებდა ჩმორიკა.- ეეე! შენ ნუ გაუბერე! ცოტა ნამუსი იქონიე, პატიოსანი ოჯახია! – ხმას აუწია საბამ.
ჟორჟიკამ, რომელსაც ისეთი „ლომკა“ ჰქონდა, რომ კიბის სახელურს ეჭიდებოდა და თან ეფერებოდა, ძლივს ამოიხავლა:
– ნარკუშა რო ნამუსზე დაიწყებს ლაპარაკს… ჰი, ჰი, ჰიიიი…
– კარგით! მოკვდა ბაზარი! – თქვა წრიპა ზურიამ, – წავედით ჩვენს ძველ ბაითში! ახალ მეზობლებს ნუ ვაწყენინებთ! შენ კი, – მიუბრუნდა საბას, – თუ ლომკა დაგეწყო, ბაიანს გადაგინახავ ყოველ შემთხვევისთვის!
– მადლობა, ბიჭებო. ჩემზე იყოს. – თქვა გაღიმებულმა საბამ და ის იყო კარი უნდა დაეხურა, რომ წრიპა ზურია უკან მობრუნდა, საბას ცელოფანის პარკი გაუწოდა და უთხრა:
| აქ საკიშკაო რამეებია, ბავშვებს გაუსწორდებათ.
სახტად დარჩენილ საბას თვალზე ცრემლი მოადგა. კიბეებზე ჩამავალ ბიჭებს თვალი გააყოლა და დაღონებული შებრუნდა ბინაში. ნინო სამზარეულოში დახვდა, ცდილობდა სახე მოერიდებინა სახლის მეპატრონისთვის, მაგრამ ვერ მოახერხა და თავისი ცრემლიანი თვალებით საბას დაღონებულ სახეს მიაშტერდა. ვერაგი ოთხმოცდაათიანი წლების ლაბირინთებში გაუბედურებული ორი ადამიანი იდგა ერთმანეთის პირისპირ. ერთი, რომელიც ყველანაირი პატიოსანი გზებით ცდილობდა თავი დაეღწია ეშმაკის მიერ დაგებული მახეებისთვის, რომელიც არ იცოდა ვისი ცოდვების გამო ხდებოდა. ხოლო მეორე – რომელმაც გადაუხვია ჭეშმარიტების გზას და ისე მიჰყვებოდა ჯოჯოხეთისკენ მიმავალ მდინარეს, რომ ხავსსაც კი არ ეჭიდებოდა.
უხერხული მდგომარეობიდან თავის დაღწევისთვის, საბამ წრიპა ზურიას გადმოცემული ცელოფანის პარკი, რომელშიც სხვადასხვა სახის ტკბილეული ელაგა, სამზარეულოს მაგიდაზე დადო, გახსნა და ნინოს უთხრა, ისე, რომ თვალებში არ შეუხედავს:
– ეს მეზობლებმა დატოვეს და ბავშვებს აჭამე, გაუხარდებათ. მე კი წავალ ჩემს საძინებელში, იქნებ დავიძინო.
საბა ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში იყო, რომ უცებ ქუთუთოებზე რაღაც სისუსტე დააწვა, თითქოს სიბნელეში წითელ-ყვითელი ლაქები დაფრინავდა, თავში რაღაცამ დაიბრახუნა და ძლიერმა, მაგრამ ყრუ ტკივილმა სხეულის ყველა კუნჭულში დაუარა და ერთიანად მოკუნტა. თვალები თავისით გაეხილა, თავში გაფანტული ბურანი აზროვნების უნარს უზღუდავდა. მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ საწოლიდან წამომდგარიყო, მაგრამ წამოდგომის მაგივრად გადმოვარდა და სამზარეულოსკენ გახოხდა, როგორც იქნა გამოაღო სამზარეულოს კარადა, გუშინდელი ნაყიდი პური გამოიღო და გაშმაგებით დაიწყო ჭამა. მერე ტუალეტში შევიდა და რაც ჭამა ერთიანად ამოიღო. მაინც შეძლო ადგომა და საძინებლისკენ წასვლა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წაბარბაცდა და დაეცა იატაკზე. ხმაურზე ნინო გამოვარდა საძინებლიდან, შუქი აანთო, დაიჩოქა და საბას შუბლზე ხელი დაადო. საბას სხეული მთლიანად გაყინული იყო. ქალმა არ იცოდა, რა უნდა მოემოქმედებინა. მაშინვე ტელეფონის აპარატისკენ გაიქცა, რომ სასწრაფო გამოეძახებინა. სამწუხაროდ, საბას ტელეფონი გადაუხდელობის გამო დიდი ხნის გათიშული იყო. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ნინომ ისღა შეძლო, რომ სახეზე ურტყამდა საბას. როგორც იქნა საბამ თვალები გაახილა. ნინომ შეხედა რა მის ჩაშავებულ თვალებს შეეშინდა, მსწრაფლ წამოდგა და კედელს მიეკრა. საბამ ძლივს ამოთქვა:
– ნემსის გაკეთება იცი?
– კი, კი ვიცი! – უცებ გამოცოცხლდა ნინო, სად არის? რა გავაკეთო?
– ჩვენ ზევით, მეოთხეზე ადი და ზურია გამოგატანს გამზადებულს, აქ გამიკეთე და გადავრჩები… – თქვა საბამ, მარცხენა ხელი იატაკზე გაშალა, თავი გვერდზე გადასწია და თვალები დახუჭა.
 ნინო მიხვდა, რომ საბას გადარჩენისთვის მხოლოდ ეს გამოსავალიღა რჩებოდა და ამიტომ მოიქცა ისე, როგორც ეს საბამ უთხრა. წრიპა ზურიამ საბასთვის გამზადებული „ბაიანი“ თავის ხელით გამოუტანა ნინოს და თან დაამშვიდა:
– ეს გაუკეთე და ყველაფერი კარგად იქნება, დაიკო. იცის ხოლმე ჩვენმა საქმემ ესეთი ამბები. არ დამიჯერა. ნახე მე რა კარგად ვარ.

                                                               VII

საბას საღამომდე  გაუნძრევლად ეძინა. ბავშვობიდან სჩვეოდა, როდესაც თვალს გაახელდა მაშინვე მისი საწოლის წინ აღმართულ კედელზე დაკიდებულ საათს შეხედავდა ხოლმე. ახლაც ასე მოიქცა, მაგრამ საათის მაგივრად კედელზე ქრისტეს ჯვარცმა დახვდა. ჯერ დახუჭა თვალები, მერე მოისრისა, მაგრამ ისევ იგივე დაინახა. საათი ვიღაცას სამხრეთის კედელზე მიემაგრებინა. საბამ სასწრაფოდ დახუჭა თვალები და გონებაში განვლილი მოვლენების აღდგენა დაიწყო:
„ნინო წავიდა ალბათ. აბა, ყოველივე მომხდარის შემდეგ აქ როგორ გაჩერდებოდა… როგორი სირცხვილია… სად წავიდა ნეტავ, ბოდიშს მაინც მოვუხდიდი… თუმცა… მოიცა!  თუ წავიდა ეს ჯვარი ვინ მოიტანა და დაკიდა კედელზე? იქნებ მეჩვენება… ამ ბოლო დროს ხომ სულ ჰალუცინაციები მეწყება ხოლმე…“
ძლივს წამოდგა საწოლიდან, ბარბაცით მიუახლოვდა ჯვარცმას, ხელით შეეხო და მაშინვე უკან დაიხია, თავი ვერ შეიმაგრა და მოწყვეტილი დაეცა იატაკზე. ხმაურზე, რომელმაც მთელი ბინა შეაზანზარა, გაიღო საძინებლის კარი და ნინო შემოვარდა.
– ხომ კარგად ხარ!? – იკივლა შეშინებულმა ქალმა.
იატაკზე დაგდებულმა საბამ, რომელიც ჯვარცმას მიშტერებოდა, უცებ თვალებზე აიფარა ხელის გულები, პირქვე გადაბრუნდა და ძლივს წარმოთქვა:
– მაპატიე, ნინო, ეს აღარ განმეორდება.
ნინომ წყალი მოიტანა, სახე დაუზილა ცივი წყლით, დაალევინა, დაეხმარა საწოლამდე მისულიყო. საბა თვალებში ვერ უყურებდა ნინოს, მხოლოდ ერთი და იგივეს იმეორებდა:
– ბოდიში… ბოდიში… ბოდიში…
– დაისვენე ცოტა და მერე ივახშმე. – თქვა ნინომ და საძინებლიდან გასვლა დააპირა.
  – მოიცა არ წახვიდე, ნინო, – სთხოვა საბამ, – კიდევ ვიმეორებ, ეს აღარ განმეორდება, როგორმე გამოვალ ამ მდგომარეობიდან. ბოლო-ბოლო ვიმკურნალებ.
– მკურნალობის სახელმწიფო პროგრამები ჯერ კიდევ დასახვეწია, – მიუგო ნინომ, – ამიტომ ნარკომანების მკურნალობას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, რომელიც არც შენ გაქვს და არც მე.
– აბა, რა უნდა ვქნა? ლომკა რომ მეწყება, მხოლოდ ნარკოტიკი მშველის, მაგრამ მერე ეს უბედურება მეწყება, რაც შენ იხილე. ასე როგორმე უნდა გადავაგორო ხოლმე და იქნებ შევძლო, რომ შევეშვა ამ საზიზღრობას.
– მესმის, საბა, რომ ძნელია, მაგრამ არის ერთადერთი უებარი წამალი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაგავიწყებს ამ მავნე ჩვევას.
– ვითომ? – დაინტერესდა საბა.
ნინომ საბას ჯვარცმისკენ მიუთითა და უთხრა:
– ღმერთი ყოვლისშემძლეა და თუ შეიყვარებ მას მთელი გულით, სულით, გონებით და ძალით, ის არ მიგატოვებს და ყველაფერში დაგეხმარება.
– მე რომ არ მწამს ღმერთი? – თქვა დაღონებულმა საბამ და ნინოს შეხედა თვალებში.
– მონათლული ხომ ხარ? – ჰკითხა ნინომ.
– კი. ქაშუეთში მომნათლეს.
– ჰოდა, აბა, რა გინდა. ქრისტიანი ყოფილხარ და არ უნდა იწამო ღმერთი?
– ასე მგონია, რომ ვერ შევძლებ.
– თუ უფლებას მომცემ დაგეხმარები, – თქვა ნინომ, პირჯვარი გადაიწერა და დაღონებულმა განაგრძო, – დროის უქონლობის გამო ეკლესიაში ვერ დავდივარ, მხოლოდ სახლში ვკითხულობ მოკლე ლოცვებს, რაც არ არის საკმარისი. თუ გვერდში დავუდგებით ერთმანეთს, ამ საკითხს მარტივად მოვაგვარებთ და ორივეს ხელი მოგვემართება.
– შენ ისე საუბრობ, – გაეცინა საბას, – რომ მგონი უკვე ქრისტიანი გავხდი, – მერე მის წინ კედელზე დაკიდებულ ჯვარცმას შეხედა და განაგრძო, – ღმერთი ჩვენი ცოდვებისთვის გაეკრა ჯვარზე, ევნო და ჩვენ პირჯვრის გადაწერაც კი გვეზარება. მგონი შენმა დარიგებამ დადებითად იმოქმედა ჩემზე და დამაფიქრა. თან ეს ყოველივე ბავშვების აღზრდასაც შეუწყობს ხელს… – აქ შეწყვიტა საუბარი საბამ, ხელის გული შუბლზე დაიდო, ნინოს შეხედა და თითქოს ამოიკვნესა, – აუ, როგორ მრცხვენია ბავშვების, ხომ არ დაუნახავთ ეს უბედურება?
ნინოს გაეცინა:
– არა. გადავრჩით.
– მადლობა ღმერთს! – აღმოხდა საბას.
– ყოჩაღ, – შეაქო ნინომ საბა, – ღმერთისთვის მადლობის გადახდა უკვე ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ამიტომ თუ უფლებას მომცემ ლოჯიაში ხატების კუთხეს მოვაწყობ და ნელა-ნელა შევუდგეთ საქმეს.
– რაზეა საუბარი. პირიქით. – მიუგო საბამ და როგორც იქნა მის სახეს ღიმილი მოეფინა.
– გმადლობ. ახლა კი მოწესრიგდი და ბავშვებთან ერთად ვივახშმოთ.

                                                          VIII      

ახლადგაღვიძებული საბა იჯდა ლოჯიაში, უყურებდა ნინოს მიერ მოწყობილ ხატების კუთხეს და ფიქრობდა: „ამან როგორ უნდა მიშველოს? მიყურებენ კედლიდან სურათები და არაფერს მეუბნებიან. ეს ხომ აბსურდია. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა… ჩაბარდა იმიტომ, რომ მაშინ სიბნელეში ცხოვრობდა ხალხი და თუ რაიმე მოხდებოდა ბუნებაში, დედამიწაზე, ყველაფერს ღმერთს მიაწერდნენ. თან ეკლესია თავისი ქმედებით ზეგავლენას ახდენდა, როგორც ხალხზე, ისე ხელისუფლებაზე. ღმერთის შიშით იმორჩილებდნენ ხალხს… თუმცა, არის მედლის მეორე მხარეც. ეს ამდენი ხალხი გიჟები ხომ არ არიან, რომ ზოგი სასულიერო პირია, მოსახლეობამაც მიაშურა ტაძრებს, სახლში აწყობენ ხატების კუთხეებს. ბევრმა მესამე შვილის ყოლაც გადაწყვიტა, რომ პატრიარქი გახდეს მათი შვილის ნათლია… საინტერესოა ვინ არის მართალი? ვნახოთ… იქნებ თავი დავაღწიო ამ ჯოჯოხეთს… უნდა დავუჯერო ნინოს, ის ცუდს არაფერს მეტყვის, წესიერი ადამიანი ჩანს. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო და ჩემი ასეთი საქციელი დაენახა, გაიქცეოდა აქედან…“
საბას ფიქრი ლოჯიაში ნინოს შემოსვლამ შეაწყვეტინა:
– გამარჯობა, საბა, როგორ ხარ?
– რა ვიცი, შინაგანად მთელი ორგანიზმი მიკანკალებს, თითქოს რაღაც დადის შიგნით და ეხეთქება აქეთ-იქით.
– ახლა მამა ალექსანდრესთან ვიყავი, – მორცხვად წარმოთქვა ნინომ, – მაპატიე, რომ შენს დაუკითხავად გავაკეთე ეს, მაგრამ დრო არ ითმენს, თან ვჩქარობდი და მივუსწარი, ტაძარში მიდიოდა. დამითმო ათი წუთი, რომ შენი მდგომარეობა ამეხსნა. ასეთი წესია ჩვენს ეკლესიაში, მოძღვრის კურთხევის გარეშე არაფერი არ უნდა გააკეთო, თუ გინდა, რომ ღმერთმა გადმოგხედოს და შედეგი მიიღო.
საბას გაეღიმა. ნინომ მის ასეთ ქცევას ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო:
– მამა ალექსანდრემ ყურადღებით მომისმინა. საღამოსთვის დაგვიბარა – „მწუხრი რომ გადავა, მობრძანდითო“.
– ეს მწუხრი რაღაა? – იკითხა საბამ და კვლავ ღიმილი მოეფინა სახეზე.
– არ გჯერა ხომ? – იკითხა საბას უღმერთოებით შეწუხებულმა ნინომ, – მწუხრი საღამოს ხანია. მართლმადიდებელ ეკლესიაში დღე იწყება საღამოდან – მწუხრის მსახურებიდან…
– მაგათ სხვა კალენდარი აქვთ? – გაეცინა საბას, თუმცა მაშინვე მიხვდა, რომ ასეთი საქციელით ნინოს ამცირებდა და მალევე დაამატა, – ბოდიში, ეს ჩემი უვიცობით და უცოდინრობით მომდის. მაპატიე.
– ღმერთმა გაპატიოს, საბა, – მიუგო ნინომ, – მე მესმის შენი. ძნელია შეეგუო ყოველივე იმას, რასაც ჩვენ ბავშვობიდან არ გვასწავლიდნენ. მაგრამ ერთს გეტყვი, გული მიგრძნობს და ჩვენ ქალებს ინტუიცია იშვიათად გვღალატობს, შენ ბევრს გაასწრებ ეკლესიური ცხოვრებით, მათ შორის მეც. ეს სიტყვები კარგად დაიმახსოვრე და ნუ იცინი. ასე იცინოდა ოთხმოცი წლის სარაც, როდესაც ანგელოზმა უთხრა, რომ შვილი გეყოლებაო. ასეც მოხდა და ცხრა თვის შემდეგ შვა ისააკი. ასე რომ, ბევრ ახალ რამეს გაიგებ ახალ ცხოვრებაში. ისე, როგორც მე გავიგე დღეს ძალიან სასიამოვნო ამბავი მამა ალექსანდრესგან.
– ასეთი რა გაიგე? – დაინტერესდა საბა.
– მამა ალექსანდრეს ცხრა შვილი ჰყოლია…
– და მეათეზეა მისი მეუღლე ფეხმძიმედ! – შეაწყვეტინა სიტყვა საბამ, – ყოჩაღ მაგათ, მაგარი გული აქვთ ამ სიდუხჭირეში ამდენ შვილებს რომ აჩენენ.
– მეც დამპატიჟეს ჩემი შვილებით, – გაეცინა ნინოს, – გადმოიყვანე ხოლმე ბავშვები, გაიცნობენ ერთმანეთსო. მოშივდებათ ვაჭმევთო, ცივ ნიავს არ მივაკარებთო. როცა ბავშვების დატოვება დაგჭირდეს, არ მოგერიდოსო. ყველა ასაკის ბავშვი გვყავს, ისე რომ, თავის ჭკუისას ადვილად მოძებნიანო. თან ლოცვებსაც ვასწავლითო, – მერე პირჯვარი გადაიწერა და განაგრძო, – საბა, შენი წყალობით მგონი სამოთხეში მოვხვდი… დიდი მადლობა, ამ სიკეთეს არ დაგიკარგავ და დაგაბრუნებ ნორმალურ ცხოვრებაში, თუ, რა თქმა უნდა, შენი სურვილიც იქნება.
– რა საინტერესოა არა, ნინო? – გაეღიმა საბას, – ორი კორპუსი დგას ერთმანეთის გვერდით და ერთში სამოთხეა, მეორეში – ჯოჯოხეთი. – მერე წამოდგა სავარძლიდან, გადაიხედა ეზოში, ხელი ჩაიქნია და თქვა, – ისევ იქ სხედან და ისევ იმას აკეთებენ, რასაც აქამდის ანუ ეს ჯოჯოხეთია და ამის ამოძირკვა ძნელია, თუმცა…
– თუმცა, უფლისთვის შეუძლებელი არაფერია. – დაამთავრა ნინომ წინადადება და კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი.
საღამოს საბამ, ნინომ და ბავშვებმა ტკბილეულით ხელდამშვენებულებმა მამა ალექსანდრეს ბინას მიაკითხეს. იქ, როგორც ყოველთვის, უამრავი მეზობელი ტრიალებდა. ზოგს საქმეც არ ჰქონდა, მაგრამ დროის მოსაკლავად სხვა ადგილს ვერ პოულობდა მრავალ ჭრილობაგამოვლილ დედაქალაქში. მამა ალექსანდრემ, როგორც კი დაინახა საბა და ნინო, მიეგება, ბავშვები თავის უფროს შვილს ჩააბარა, რომელმაც კარგად იცოდა, როგორ უნდა მიეხედა მათთვის, ხოლო ახალგაზრდები თავის სამლოცველო ოთახში მიიპატიჟა.
მამა ალექსანდრეს სამლოცველო ოთახი პატარა იყო. სამ ადამიანს იტევდა, მეოთხე უკვე ზედმეტი იყო. ოთახის კედლები მთლიანად ხატებით იყო დაფარული. აღმოსავლეთის კედელზე დიდი ჯვარი ეკიდა, რომლის მარჯვნივ მაცხოვრის ხატი იყო დაბრძანებული, ხოლო მარცხნივ – ღვთისმშობლისა. ცოტა დაბლა ქართველი ერის მფარველი წმიდა გიორგის, ქართველთა განმანათლებლის – წმიდა ნინოს და საქართველოს ეკლესიის მფარველი – წმიდა ნიკოლოზის ხატები ბრწყინავდნენ. რამდენიმე კანდელი ენთო ხატებთან. მამა ალექსანდრემ სასანთლეზე დამაგრებული დიდი კელაპტარი აანთო, პირჯვარი გადაიწერა, საბას და ნინოს მათ უკან მდგარ სკამებზე მიუთითა დამსხდარიყვნენ, თვითონ მათ წინ დაჯდა და გაღიმებულმა წარმოთქვა:
– ღმერთმა გაგახაროთ. ისე გაიხაროს თქვენმა გულებმა, როგორც მე თქვენი მოსვლით გამახარეთ, – მერე საბას შეხედა, რომელიც მამაოს თვალს ვერ უსწორებდა და განაგრძო, – საბა, ბოლოს ჩემი და შენი შეხვედრა უსიამოვნოდ დამთავრდა და დღესაც ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, რომ ვერ მოგხედე ისე, როგორც ეს ქრისტიან მოძღვარს ევალება. შენდობას ვითხოვ, მაპატიე, შვილო. აღარც მახსოვს რა სიტყვები გითხარი მაშინ…
– სამაგიეროდ მე მახსოვს, მამა ალექსანდრე, – უეცრად აღმოხდა საბას, – მიუხედავად ჩემი არასწორი ცხოვრების წესისა, დღემდე გონებაში ჩამრჩა თქვენს მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვები: „რატომ საყვედურობ შემოქმედს? ღმერთი სიყვარულია. იგი არავის ტოვებს ნუგეშის გარეშე. ის მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს ჩვენგან, რომ გვწამდეს მისი. შევიყვაროთ იგი  ყოვლითა გულითა ჩვენითა, ყოვლითა სულითა ჩვენითა, ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ყოვლითა ძალითა ჩვენითა…“
– ხედავ, საბა, – თქვა მამა ალექსანდრემ, – მფარველ ანგელოზს არ მიუტოვებიხარ, ეს ძალიან სასიხარულო ამბავია. „დიდ ხარ, შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი“, – ამ სიტყვებით მიმართავს უფალს წმიდა დავით ფსალმუნთმგალობელი. ღმერთის დიდება და საკვირველმოქმედება მის ზოგად თვისებებში გამოიხატება. უფალი, როგორც სული, აბსოლუტურად განსხვავდება სხვა დანარჩენი არსებებისაგან იმით, რომ უსასრულო და სრულყოფილია, მაშინ, როდესაც ჩვენს ირგვლივ ყველაფერი სრული და მეტ-ნაკლებად არასრულყოფილია. კერძოდ, სხვა დანაჩენი არსებები შექმნილნი არიან და მათი არსებობა სრულია – ისინი უფალმა შექმნა და მასზე არიან დამოკიდებულნი, ღმერთი კი არავის შეუქმნია და არავისზეა დამოკიდებული – ის თვითმყოფადი და დამოუკიდებელია. ამქვეყნიური ქმნული არსებები სრულები არიან თავიანთი არსებობის ფორმით, რადგან დროისა და სივრცის კანონებს ემორჩილებიან და იცვლებიან. შემოქმედი კი განუზომელი, ყველგანმყოფი, მარადიული და უცვლელია. ყველა არსების ძალასა და შესაძლებლობას ზღვარი აქვს, უფალი კი ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერია. უსაზღვრობა, უსასრულობა და ყოვლად სრულყოფილება – ღმერთის ამ თვისებაში იგულისხმება, რომ ის თავისუფალია ყველა ნაკლულოვანებისაგან და ყოველმხრივ სრულყოფილია, თანაც უსაზღვროდ და განუზომლად. ამიტომაც შენს გულში, შენს სულში, შენს გონებაში მუდმივად უნდა გქონდეს სასოება მარადისობისა.
საბამ, როგორც იქნა თვალებში შეხედა მამაოს, რომელსაც საუბრის დროს სახე ისე გაბრწყინებოდა, რომ რაღაც არაამქვეყნიურ სითბოს აფრქვევდა. მართალია გაუჭირდა საუბრის დაწყება, მაგრამ ბოლოს მაინც შეძლო და წარმოთქვა:
– მამაო, ბოდიშს ვიხდი, რომ ჩაგეჭერით, მაგრამ მე მაინც ვერ ვაცნობიერებ ერთ რამეს. თუ ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა და ვუყვარვართ მას, მაშინ რატომ ვართ ამ დღეში? ცოტა ხნის წინ ნინოსაც ვეუბნებოდი, რომ ჩემს კორპუსში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი ნარკომანები ვართ, მათ შორის მეც, რომელმაც ნინოს დახმარებით გადავწყვიტე, რომ გამოვსწორდე. რატომ ჩაგვაგდო ღმერთმა ამ დღეში? მას ხომ შეეძლო ეს ყველაფერი ჩვენი თავიდან აეცილებინა და ნორმალური ცხოვრების წესით გვეცხოვრა? რატომ? ის ხომ ყოვლისშემძლეა? ნუთუ ვერ ერევა იმ ეშმაკს, რომელიც ჩვენში ზის და ბილიარდის შარებივით გვაგორავებს და გვახეთქებს ერთმანეთს? რომ ვიწამო ღმერთი, რომელიც ყოვლისშემძლეა, ეს ხომ უნდა ამიხსნას ვინმემ?

– გეთანხმები, საბა, – მიუგო მამა ალექსანდრემ, – ეს აუცილებელია, განსაკუთრებით ჩვენი თანამედროვე ადამიანებისათვის, რომლებმაც ათეისტური ჯოჯოხეთი გაიარეს და მხოლოდ ამქვეყნიურ არსებობას განიხილავდნენ სიცოცხლედ. ღმერთმა თავისი ძე – უფალი იესუ ქრისტე სწორედ იმისთვის მოავლინა ამქვეყნად, რომ ადამიანებისათვის ეხარებინა ცათა სასუფეველი, რომ მიწიერი სიცოცხლის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლე გრძელდება. ქრისტემდე ცოდვილი ადამიანების სულები ჯოჯოხეთში მიდიოდნენ, ხოლო მართალთა – აბრაამის წიაღში. ქრისტემ, მამა ღმერთის კურთხევით, ადამიანთა სულებს გაუხსნა სასუფევლის კარი, სადაც მათ შეეძლოთ მოხვედრა ცოდვების მონანიების შემდეგ. უფალმა იესუ ქრისტემ, როდესაც მრავალგვარი უბედურებანი გვიწინასწარმეტყველა, რომლებიც კაცთა მოდგმაზე სამყაროს აღსასრულის წინ მოიწევს და ამ განსაცდელთა სიმძიმისთვის გაგვაფრთხილა, ბრძანა, რომ „ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხონდება“. ამრიგად, ცხონებისთვის განსაცდელთა დათმენა აუცილებელია, მაგრამ გაგვაჩნია კი ამგვარი მოთმინება? განა ხშირად არ გვესმის ბუზღუნი საკუთარი ბედის სიმძიმესა და მოწეულ განსაცდელთა უსამართლობაზე? განა ხშირად არ განვიკითხავთ უფალს ამ გაჭირვებათა გამო? სად ვეძებოთ ამგვარი მოუთმენლობისა და სულმოკლეობის მიზეზი? გაჭირვების ჟამს სულმოკლეობის უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მრავალს მის თავზე მოწეული განსაცდელი უდიდესი გაჭირვება ჰგონია, ხოლო საკუთარი თავი უკიდურეს უძლურად წარმოუდგენია. „ჩემზე უბედური არავინაა ქვეყანაზე! არავინ ისეთ უბედურებებს არ განიცდის, როგორსაც მე!” ასე დრტვინავს ზოგიერთი განსაცდელთა გამო. ეს უკვე სასოწარკვეთილებაა, რომელიც ერთ-ერთი მძიმე ცოდვაა. ამისათვის კი რა არის საჭირო? ლოცვა, ლოცვა და ლოცვა.
– ესე იგი, რომ ვილოცო, ეშმაკი დამანებებს თავს და ამ ყველაფერ უბედურებას შევეშვები? – იკითხა საბამ.
– მართლმადიდებელ ეკლესიას, უფლის შეწევნით, აქვს ამის საშუალება, – უპასუხა მამა ალექსანდრემ, – პავლე მოციქულის ეპისტოლეში „ებრაელთა მიმართ“ ვკითხულობთ: „რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“. ამას სხვადასხვა ფორმით აკეთებს უფალი. არც ეშმაკს შეუძლია ღმერთის გარეშე რაიმე მოიმოქმედოს. ბიბლიაში, იობის წიგნი გვასწავლის ამას. ამიტომ თუ გვინდა, რომ მიწიერი სიცოცხლის დასრულების შემდეგ ცათა სასუფეველში დავიმკვიდროთ ადგილი, აუცილებელია ვიაროთ ეკლესიაში და დავემორჩილოთ მოძღვრის კურთხევას, რადგან წმიდა კვიპრიანე კართაგენელი გვასწავლის: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა ვერ იქნება“. აი, სწორედ ეს ის წმიდა კვიპრიანეა, რომლის ლოცვაც აუცილებელია ჯადოს მოსახსნელად. ასე რომ, ჩვენს ეკლესიაში შაბათის ლოცვას ვიწყებთ ოთხ საათზე და ორივენი მობრძანდით. ბავშვები ჩემთან დატოვეთ, აქ მიხედავენ.   

                                                           IX

– ჰოი, წმიდაო, სათნო-მყოფელო ღუთისაო, მღუდელ-მოწამეო კვიპრიანე, მსწრაფლ-შემწეო და მლოცველო ყოველთა შენდამი მოლტოლვილთათვის, მიითვალე ჩუენ უღირსთაგან სადიდებელი ესე, ევედრე უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რათა მოგვმადლოს ჩუენ, უძლურებათა შინა განმტკიცებაი, მწუხარებათა შინა ნუგეშისცემაი და მოგვანიჭოს ჩუენ ყოველი სარგებელი ცხოურებისა ჩუენისათვის. აღავლინე უფლისა მიმართ მრავალ-ძალი ლოცვაი შენი, რათა დაგვიცვას ჩუენ ყოველთაგან შეცოდებათა, გვასწაოს ჩუენ ჭეშმარიტი სინანული, გვიხსნას ჩუენ ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთა ჩუენთაგან. გვეყავნ ჩუენ მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, მოგვანიჭე ჩუენ განსაცდელსა შინა მოთმინებაი და ჟამსა სიკუდილისა ჩუენისასა შეწევნაი მოგვივლინე მაწამებელთა ჩუენთაგან, რომელნი შეგვემთხვივნეს ჰაერთა შინა საზვერეთასა, რათა შენს მიერ ძღვანებულნი, მივიწივნეთ ზეციურსა იერუსალემსა და ცათა სასუფეველსა შინა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! ჰოი, წმიდაო, სათნომყოფელო ღმრთისაო, მღვდელმოწამეო კვიპრიანე, იხსენ ტყვეობისაგან ეშმაკთა, ბოროტთა სულთა და ჯადოქრობის მანქანებათაგან და ყოველთა მაჭირვებელთაგან, მონაი ღმრთისა საბა. ეყავ მას მცველად შეურყევლად, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, დაიხსენ იგი ჯადოქართა კლანჭებისაგან, რათა შენს მიერ დახსნილნი, დაცულნი და ძღვანებულნი, მოიქცნენ მართალსა სარწმუნოებასა ზედა, დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! – შეჰღაღადებდა ყოვლადწმიდა სამებას და მღვდელმოწამე კვიპრიანეს მამა ალექსანდრე.

მამაოს მარჯვენა ხელში ეპყრა საცეცხლური, ხოლო მარცხენაში – კელაპტარი. საბა კი დაჩოქილიყო წმიდა კვიპრიანეს ხატის წინ, გახვეულიყო საცეცხლურიდან გამომავალ საკმევლის კვამლში და პერიოდულად იწყებდა რაღაც უცნაურ ხველას, ზოგჯერ ისეთ ძლიერს, რომ შუბლით ტაძრის იატაკს ეხებოდა, მერე იქიდან ძლივს სწევდა მაღლა თავს და ზოგჯერ დუჟიც გადმოსდიოდა ბაგეებიდან.
მამა ალექსანდრემ ლოცვა დაამთავრა. დაღლილი და ენერგიაგამოცლილი საბა წამოაყენა, სკამზე დასვა, მერე თვალებში ჩახედა და უთხრა:
– ძალიან ცუდად ხომ არ ხარ? ახლავე წყალს დაგალევინებ.
მამაომ ნაკურთხი წყალი დაალევინა საბას. ეს უკანასკნელი გონს მოეგო, კიდევ ერთხელ ჩაახველა, ცრემლმორეული თვალებით შეხედა მამაოს და ძლივს ამოთქვა:
– ბოდიშს ვიხდი, მამაო, რომ ვახველებდი. რაღაც მიჭერდა ყელში და თითქოს ხველებისგან  შეღავათს ვღებულობდი. რა იყო ეს, მამა ალექსანდრე?
– მაგას ჰქვია, შვილო, ეშმაკი. – მიუგო მამაომ, – არ უნდა შენი სხეულიდან გამოსვლა და ამიტომ ცდილობდა შენს დახრჩობას. მაგრამ წმიდა კვიპრიანე დაგეხმარა და ეშმაკს არ მისცა უფლება თავისი ავი განზრახვა აღესრულებინა. ასე რომ, მოგვიწევს ლოცვების მრავალჯერ წაკითხვა, თან სახლშიც უნდა იკითხო ლოცვები, გეტყვი, რაც უნდა წაიკითხო და ამ საქმეში ნინოც დაგეხმარება, რომ ყველა ლოცვა დროულად წარმოთქვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტი არ გაჩერდება და ისევ წამალს მოგანდომებს, რაც საბოლოოდ დაგღუპავს. მე არ გაშინებ, სხვანაირად არ გამიგო, მაგრამ რომ გადალახო ეს განსაცდელი, ლოცვა აუცილებელია. უფლის შეწევნით უნდა დავამარცხოთ ბოროტი.
მამა ალექსანდრემ საბას და ნინოს ყველა საჭირო წიგნი გადასცა და დაარიგა, როგორ და რომელი ლოცვები უნდა წაეკითხა საბას.
საბა გულისყურით უსმენდა მამა ალექსანდრეს, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ ორჭოფობდა. მამაოს არ გამოჰპარვია მისი ასეთი მდგომარეობა და ჰკითხა:
– ეჭვი გაგიჩნდა საკუთარ შესაძლებლობებში?
საბამ თავი დახარა და არაფერი თქვა.
– გასაგებია, – გაეღიმა მამა ალექსანდრეს, – შენ გაქვს ვნება და ეს გამოიხატება ნარკოდამოკიდებულებაში და იმის მაგივრად, რომ ებრძოლო მას, წუწუნის მდგომარეობაში აგრძელებ ვნებებში ცხოვრებას. ამგვარად, შენ ქარს ატან საკუთარ ძალებს, ამით აძლიერებ ეშმაკს, რომელიც დაბუდებულია შენში და არ უნდა არსად წასვლა. ამ დროს, შენ ნებაყოფლობით გადასცემ მას საკუთარ ძალას. აგრეთვე ხარჯავ გონებრივ მონაცემებს, საკუთარ გულს. დემორალიზებისგან სნეულდები და მერე არაფრის კეთება აღარ შეგიძლია. ცოტა უკეთ რომ იგრძნობ თავს, ისევ იწყებ წუწუნს: „რატომ გავხდი ავად? რატომ დამემართა ეს?“ მე არ ვამბობ, რომ არაა საჭირო საკუთარ თავზე დაკვირვება. ნუ მისცემ საშუალებას საკუთარ ცოდვებს, დაგრჩეს შეუმჩნეველი. მაგრამ, ჩემო საბა, დარდი ამაზე საჭიროა გარკვეულ ზღვრამდე. არ უნდა ვიყოთ გულგრილნი, მაგრამ სასოწარკვეთისა და უბედურების გრძნობაც უნდა მოვიშოროთ. შენ ჩაიდინე რაღაც არასწორი? დაფიქრდი ამაზე? გაიაზრე, რაშია შენი შეცდომა? გააცნობიერე ის? მოინანიე? თუ ეს ასეა, მაშ გააგრძელე შენი გზა, ნუ შეჩერდები ამ შეცდომაზე. ის შეინახე მხოლოდ შენს მეხსიერებაში, რათა შემდეგ ჯერზე, როცა კვლავ საბაბი გიბიძგებს, არ გაიმეორო ეს შეცდომა, შენ იყო ყურადღებით თუ ჩვენ არ ვცდილობთ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები, მაშინ მათ გამო მწუხარება უსარგებლოა. შეცდომებზე მწუხარება, თუკი არ ვცდილობთ მათ გამოსწორებას, ეს იგივეა, რომ ვწუხდეთ რაღაც სნეულებაზე და არ ვცდილობდეთ, ვზრუნავდეთ მის გამოჯანმრთელებაზე. ეშმაკის საცეცები სწორედ აქ არის ჩაბუდებული და თუ მას ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით, ამით გავაძლიერებთ ბოროტს და ის აუცილებლად დაგვამარცხებს. ეშმაკი დაცემული ანგელოზია, ის დაცემამდე ღმერთთან მსახურებდა, იცის მისი ძალა, ყოვლისშემძლეობა და ამიტომ ეშინია მისი. ადამიანი, მართალია ღმერთის ქმნილებაა, მაგრამ ეშმაკთან შედარებით სუსტია და ამიტომ ბოროტთან საბრძოლველად ადამიანმა, წმიდათა მეოხებით, დასახმარებლად უფალს უნდა მიმართოს. მოწყალე ღმერთი კი ადამიანს გაჭირვებაში არასდროს მიატოვებს.
საბა უსმენდა მამა ალექსანდრეს და მის გონებაში ათასი აზრი ტრიალებდა. ახლა მიხვდა, რომ ნარკოტიკების და ალკოჰოლის გადამკიდეს აზრთა გაანალიზების უნარი მინიმუმამდე დაქვეითებოდა. ახლა მას აღარ დარჩენოდა სხვა გზა, უნდა დამორჩილებოდა მამა ალექსანდრეს კურთხევას. ამიტომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თქვა:
– მე მზად ვარ, მამაო, შევასრულო თქვენი ყველა რჩევა-დავალება, თქვენ როგორც ამბობთ – „კურთხევა“, თუ, რა თქმა უნდა, შევძელი.
– ამ საქმეში ნინოს უნდა ვთხოვოთ დახმარება, – მიუგო მამა ალექსანდრემ და ნინოს შეხედა, – მართალია, ძალიან დატვირთულია პირადი საქმეებით, შვილებსაც დიდი ყურადღება სჭირდებათ, მაგრამ იქნებ გამონახოს შენთვის დრო.
– აუცილებლად დავეხმარები, მამაო, – არ დააყოვნა პასუხი ნინომ, – ყველაზე ძალიან გვერდში დგომა ახლა საბას სჭირდება.
– ნინო, შენ თუ ახერხებ ლოცვების კითხვას? – ჰკითხა მამაომ ნინოს.
ნინომ დაიმორცხვა, დამნაშავესავით თავი ჩაღუნა და თვალებზე ცრემლებმომდგარმა უპასუხა:
– დროის უქონლობის გამო, ტრანსპორტში მგზავრობისას თუ ვამბობ იმ ლოცვებს, რომელიც ზეპირად ვიცი – „მამაო ჩვენოს…“, უფლისა და ღვთისმშობლის სადიდებლებს…
– ეგეც კარგია, რომ ამდენს ახერხებ, – შეაქო მამაომ მარტოხელა დედა, – იქნებ საღამოს მოახერხო და დედის ლოცვა წაიკითხო, შენი ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება.
– მამაო, აუცილებლად წავიკითხავ ხოლმე, ბავშვებს რომ დავაძინებ, – წარმოთქვა გახარებულმა ნინომ, – მე სხვა დროსაც ვლოცულობ, განსაკუთრებით საქმეს რომ ვაკეთებ. არ ვიცი ეს რამდენად სწორია. აი, როცა ვგვი, ვთხოვ ღმერთს: „ღმერთო, გაწმინდე ჭუჭყი ჩემი გულიდან, ისე, როგორც მე ვასუფთავებ ჩემს სახლს. დაე, ისე მოგეწონოს, როგორც მე მომწონს სუფთა სახლი“. ხოლო, როცა სარეცხს ვრეცხავ, ასე ვამბობ: „უფალო, ჩამორეცხე ბოროტება ჩემი გულიდან, რათა სუფთა ვიყო, როგორც სუფთაა ეს პერანგი“. როცა ჩემს ბავშვებთან ვარ, ასე ვამბობ: „ღმერთო, როგორი სუფთა და გულიანი სიყვარულიც მე მაქვს ჩემს შვილებთან, ასეთი სიყვარული მოამრავლე მთელს ქვეყნიერებაზე“. აი, ასე ვამბობ ყველაფრის მიმართ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე. მამაო, რამდენად სწორია ჩემი ქცევა?|მამაოს გაეღიმა, ჯვარი გადასახა ნინოს და უთხრა:
– ღმერთმა დაგლოცოს. ასე იცხოვრე მთელი ცხოვრება. ესაა გონების უწყვეტი ლოცვა. ანუ ყველა ვითარებაში, რასაც არ უნდა აკეთებდე, უფლის მყოფობა დაინახე და ასე აკეთე შენი საქმე. ეს ცხონების გზაა, შვილო ჩემო.
როდესაც მამაო ტაძრიდან აცილებდა საბას და ნინოს, შეამჩნია, რომ საბას კიდევ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვერ გაუბედა მამაოს.
– საბა! რის თქმა გინდოდა?
საბა შეჩერდა. მობრუნდა, მიუახლოვდა მამა ალექსანდრეს და ჰკითხა:
– მამაო, ცოტა უხერხული კითხვაა და ამიტომ ვერ შემოგბედეთ.
– მითხარი, შვილო, აბა, აქ რისთვის ვართ?
– დავუშვათ და ამ ლოცვებმა არ მიშველა, როგორც თქვენ იტყვით ხოლმე: „გაძლიერდა ბოროტი“, მაშინ რა უნდა ვქნა?
მამაომ საბას დაბნეულ გამოხედვას ღიმილი შეაგება და უპასუხა:
– მაინც შეორგულდი, არა? ეგ არაფერი. ბოროტი ვერასდროს აჯობებს უფალს. საეკლესიო ცხოვრებაში უამრავია ამის მაგალითი. ჩვენს ეკლესია-მონასტრებში მოღვაწეობენ ღირსეული მეუფეები და მამები, რომლებსაც კვეთებულის ლოცვებით ადამიანისაგან ეშმაკის გაგდება ძალუძთ, მაგრამ საამისოდ თვითონ ადამიანის მომზადებაა საჭირო, რათა თავის სხეულიდან გაგდებული ბოროტი უკან არ დააბრუნოს. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება.

                                                          X

გამუდმებულმა ლოცვებმა თავისი შედეგი გამოიღო. საბა ნელ-ნელა უბრუნდებოდა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს. მამა ალექსანდრე მისთვის კითხულობდა პარაკლისებს, რამდენჯერმე შეკვეთილი წირვაც ჩაატარა. ნინო და ბავშვები, თავის მხრივ, ყველანაირად ხელს უწყობდნენ საბას, რათა როგორმე თავი დაეღწია ეშმაკის მახისთვის. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შუაღამისას, ერთი და იგივე დროს, რაღაც უხილავი ძალა აღვიძებდა. საბა ძლივს ახერხებდა შეეხედა მისი საწოლის წინ ნინოს მიერ დაკიდებული ჯვრისთვის და პირჯვარი გადაეწერა. როგორც კი გადაიწერდა პირჯვარს, მაშინვე წყნარდებოდა და ირგვლივ სამარისებური სიჩუმე დაისადგურებდა ხოლმე.
– მაინც არ განებებს თავს, – ამბობდა მამა ალექსანდრე, როდესაც შეწუხებული საბას აღსარებას მოისმენდა ხოლმე, – როგორც ჩანს მაგ ეშმაკს ბოროტთა იერარქიაში დაბალი ხარისხი არა აქვს.
– არ ვიცი, მამაო, – წუხდა საბა, – ერთი და იგივე დროს, სადღაც სამ საათზე, მაჯანჯღარებს, გაღვიძებულს გული საშინლად ამიჩქარდება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მიჩვეული ვარ ამ სიტუაციას, მაინც მეშინია და ძლივს ვახერხებ პირჯვრის გადაწერას. ერთხელ ვერ მოვახერხე და ირგვლივ თითქოს ყველაფერმა ზანზარი დაიწყო. როგორც კი გადავიწერე პირჯვარი, მაშინვე დაწყნარდა ყველაფერი.
მამა ალექსანდრე დაფიქრდა. წვერზე ხელი რამდენჯერმე ჩამოისვა, შეხედა საბას და უთხრა:
– მოგიწევს ძამის ხეობაში წასვლა. მე ერთ ბერთან გაგაგზავნი და ის კვეთებულის ლოცვას ჩაგიტარებს. დროა საქმეში შავები ჩავრთათ.
– ვინ შავები, მამაო! – იკითხა გაოცებულმა საბამ.
– შავი სამღვდელოება, – გაეღიმა მამა ალექსანდრეს.
– შავები თქვენთანაც არიან?
მამაო მიხვდა, საბა რასაც გულისხმობდა და საუბარში ცოტა იუმორიც გაურია:
– ნამდვილი შავები ჩვენთან არიან. ერში კი თავის თავს შავებს რომ უწოდებენ, ჩვენ მათ გადაღებილებად მოვიხსენიებთ. კომუნისტების დროს წითელი სამღვდელოებაც ჩამოყალიბდა. მათი მიზანი იყო ხალხისათვის შეეძულებინა ქრისტიანობა, გაეხადათ საზიზღარ და ამაზრზენ რელიგიად. ისინი ეწეოდნენ სიგარეტს, სვამდნენ და ლოთობდნენ. მხოლოდ ტაძარში იმოსებოდნენ საეკლესიო შესამოსელით, ხოლო ერში უკანასკნელი მოდის ტანსაცმლით ჩნდებოდნენ. ახლაც არიან მათი ნარჩენები ეკლესიის წიაღში, მაგრამ იმედია, ღმერთის შეწევნით, ეს მანკიერი მოძრაობა მალე წარსულს ჩაბარდება. თუმცა მათთან ურთიერთობას დიდი სიფრთხილე სჭირდება.
– წითელი გასაგებია, მაგრამ თეთრი და შავი სამღვდელოება რას ნიშნავს, მამაო? – არ ისვენებდა საბა.
– როგორც თეთრი‚ ასევე შავი სამღვდელოება, ორივე სასულიერო დასია, თუმცა‚ რა თქმა უნდა‚ მათ შორის განსხვავებაც არსებობს. ბერმონაზვნობა – ეს განსხვავებული ღვაწლია, რომლის დამაარსებელი ანტონ დიდი იყო, თუმცა, პირველ საუკუნეებშიც არსებობდა  ასკეტური, განდეგილური ცხოვრება, მაგრამ მეოთხე საუკუნიდან ყალიბდება მონასტრული ცხოვრების ტიპიკონი. ასე რომ‚ განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ ამაშია, ანუ ცხოვრების წესში, თორემ, ერთიც სასულიერო პირია და მეორეც, მადლი არც ერთში არ განსხვავდება. მადლი, რომელიც ქირიტონიით ენიჭება შავ სამღვდელოებას და ის ხდება სასულიერო პირი, მღვდელ-მონაზონი, არქიმანდრიტი ან იღუმენი, ეს იგივე მადლია, რომელიც ასევე ენიჭება თეთრ სამღვდელოებას დიაკონის, მღვდლის ხარისხით. ჩვენ რომ მადლი განვასხვავოთ‚ მივალთ იქამდე, რომ ჩვენი აზროვნება, მსოფლმხედველობა იქნება არა მართლმადიდებლური, არამედ სექტანტური, პროტესტანტული, არაჯანსაღი, რადგან მადლი ყველგან ერთნაირია – სამრევლო ეკლესიებშიც და მონასტრებშიც. იმ მადლს ღმერთი გვანიჭებს სულიწმიდის მეშვეობით, ის ერთი ღმერთია ჩვენთვის: მამა, ძე და სულიწმიდა, რომელიც არ განსხვავდება არც მონასტერში და არც სამრევლო ეკლესიაში. აქ მეორე საკითხია, როგორ მოვიხმართ მადლს, რა თქმა უნდა‚ კარგი გაგებით და როგორ ვემსახურებით მას, იმის მიუხედავად, შავი სამღვდელოება ვარ თუ თეთრი. ანუ განსხვავება მხოლოდ ცხოვრების წესია, ტიპიკონი, რომელიც‚ რა თქმა უნდა‚ ბერ-მონაზონისა და თეთრი მღვდლის განსხვავებულია.
– ანუ, მაინც არის განსხვავება, მამაო? – დაინტერესდა საბა, რომელიც გულისყურით უსმენდა მამა ალექსანდრეს.
– მღვდელმონაზვნობა არის  რთული გზა. ამ დროს ადამიანი განერიდება ყველაფერს, არ მოღვაწეობს ერში და უპირველეს ყოვლისა, ის საკუთარ თავს უძღვნის ღმერთს და არა ოჯახს, ნათესავებს, შვილებს, თუმცა‚ როგორც ყველა ქრისტიანი, ისიც ლოცულობს მთელი ქვეყნისთვის. მაგრამ‚ უპირველეს ყოვლისა, ეს ადამიანები ირჩევენ აღმატებულ ღვაწლს და თვითონ კუკულ-ბარტყულიც, რომელიც შავი სამღვდელოების შესამოსელის ერთ-ერთ ატრიბუტს წარმოადგენს, იმავდროულად, განასახიერებს კუბოს, ანუ ადამიანის გარდაცვალებას, რადგან ეს ადამიანი გარდაცვალებულია ამ ქვეყნისთვის. რისთვის? მომხვეჭელობისთვის, ვერცხლისმოყვარეობისთვის, ფულისთვის, ქონებისთვის ანუ ადამიანი არის უპოვარი. მონაზვნის საზრუნავი განსხვავებულია საერო პირის საზრუნავისგან, რომელიც იმიტომ არის დადგენილი, რომ ემსახუროს ერს, ერში  იყოს, დაარიგოს, განსწავლოს ღვთის გზაზე და ეს სულაც არ არის მონაზვნის საზრუნავი. შავ სასულიერო პირს, იღუმენიც რომ იყოს, არ აქვს უფლება, აღასრულოს ჯვრისწერის საიდუმლო. იმიტომ კი არა, რომ მას ამის ძალმოსილება არ გააჩნია, როგორც სასულიერო პირს, არამედ, ის მოწოდებულია განმარტოებისთვის, აღმატებული ღვაწლისთვის, პირადი ასკეტიზმისთვის. გარეგნულ მხარეს რომ შევეხოთ, ჯვრისწერის საიდუმლოზე პატარძალი მოდის არაშესაბამისად ჩაცმული. ესეც რომ არ იყოს, შავ სამღვდელოებას არ აქვს კანონიკურად, რომელიც დღეს არ სრულდება, ამ საიდუმლოს შესრულების უფლება, რადგან ის ამქვეყნიური სიხარულისთვის მკვდარია. მან სხვა გზა აირჩია და მისთვის ეს მდგომარეობა – ჯვრისწერა უცხოა. ამიტომაც არის ამისთვის თეთრი სამღვდელოება დადგენილი. მაგალითად, როდესაც წმიდა დავითი თბილისიდან წავიდა და უდაბნოში განმარტოვდა ლუკიანესთან ერთად, მასთან მისულ ქართველ ბერს – დოდოს, შემდგომში ასევე ღირს გარეჯელად წოდებულს, მღვდლობის კურთხევა მისცა და ის აღასრულებდა ერის ადამიანებთან ყოველგვარ საეკლესიო მსახურებას. თვითონ დავით გარეჯელი კი ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა და იყო განმარტოებული.
 – თუ მსახურების ჩატარებაში განსხვავება არ არის, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, მე კვეთებულის ლოცვას თეთრი მღვდელი ჩამიტარებს თუ შავი? თბილისშიც ხომ კითხულობენ ამ ლოცვას? – იკითხა საბამ.
– რა თქმა უნდა, საბა, აქაც შესაძლებელია, – მიუგო მამა ალექსანდრემ, – მაგრამ მონასტერში იმ მხრივ არის კარგი, რომ იქ გაჩერდები ერთი-ორი კვირა და საერო საზრუნავისაგან მოწყვეტილი იქნები. იცხოვრებ მონასტრის განწესებით და ეს დადებითად წაადგება შენს მდგომარეობას.
– მაინც ამისთანა რა არის ეს კვეთებული? ასეთს რა სასწაულს ახდენს?
– სწორედაც, რომ სასწაულს ახდენს, – განაგრძო მამა ალექსანდრემ, – კვეთებულის ლოცვა არის ბოროტების დამარცხება და ჭეშმარიტ გზაზე დადგომა. წმიდა მღვდელმთავრებმა – ბასილი დიდმა, იოანე ოქროპირმა და სხვა სასულიერო პირებმა შეადგინეს სპეციალური ლოცვა, რომელიც ადამიანს აძლიერებს ბოროტი სულის ზეწოლის დროს. ამ ლოცვას ჰქვია – „შერისხვა და განდევნა ბოროტ სულთაგან კვეთებულსა ზედა“. კვეთებული ნიშნავს ბოროტი ძალების ადამიანზე კვეთებას. მათ ზეწოლას სულსა და სხეულზე. კვეთებულის ლოცვას სჭირდება დიდი ძალა და რწმენა, შემართება, ძლიერი ლოცვები. ამიტომ მოძღვარს უნდა მიეცეს სათანადო კურთხევა პატრიარქის მიერ. კურთხევა შეიძლება გასცეს მღვდელმთავარმა, ქორეპისკოპოსმა, ეპარქიის მმართველმა. ლოცვა იკითხება უფლის ხატთან, ღვთისმშობლის ხატთან. კარგი იქნება თუ წმიდა კვიპრიანეს და წმიდა იუსტინეს ხატებთან შესრულდება, რადგან ისინი ეშმაკთან მებრძოლი წმიდანები იყვნენ. კვეთება ხდება მხოლოდ იმ მორწმუნეებზე, რომელსაც განსაცდელს უწყობს ბოროტი. ამ დროს ადამიანი ითრგუნება, აქვს გაზვიადებული უძილობა, ნევროზი, დავრდომილობა. ლოცვა, ეკლესიური ცხოვრება და კვეთებულის ლოცვები მორწმუნეს აახლოებს უფალთან. კვეთება არის ეკლესიის ბრძოლა ბოროტებაზე, რომელიც სრულდება ეშმაკის დათრგუნვით. ამიტომ არის შენთვის საჭირო კვეთებულის ლოცვა, რათა ეშმაკმა საბოლოოდ დაგანებოს თავი. მან შენში არასწორი ცხოვრების გამო ჩაიბუდა და არ განებებს თავს. ასე რომ, საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ლოცვა. მე მჯერა, რომ ჩვენ უფლის შეწევნით გავიმარჯვებთ ბოროტზე.