რატომ გადაწყვიტა ხათუნა ქარაიამ პრემია ივერიის ჩატანა რეჯო კალაბრიაში…

295

„წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის ინტეგრირებული საერთაშორისო პრემია – „ივერია“ აგრძელებს ევროპაში ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას.

საინტერესოა ჩემი რესპონდენტი, რომელიც სამხრეთ იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ქართველია, სოხუმელია და ამჟამად, როგორც ჩვენი სამშობლოს  სხვა არაერთი შვილი, ისიც ემიგრაციაში აღმოჩნდა…

ძალიან პრინციპული და ამავდროულად საოცრად დახვეწილია, როგორც ხელმძღვანელი და საზოგადოებაში საკმაოდ მაღალი ავტორიტეტითაც სარგებლობს. ის გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდი პასუხისმგებლობითა და საქმისადმი ერთგული მიდგომით გამოირჩევა და ყველაზე მთავარი – საქართველოს შვილებს უზრდის შორეულ იტალიაში, რომლებმაც ემიგრანტობის ბედი გაიზიარეს…

მისი საკვირაო სკოლა „იმედი“ უკვე ცნობილია თავისი ღვაწლითა და წარმატებებით. ეს იმ სკოლა „იმედის“ ფილიალია, რომელიც თავდაპირველად, წლების წინ, იტალიის ქალაქ ბარიში დაფუძნდა ქალბატონი ცინარი ღვალაძის მიერ.

სულ ახლახანს, საკვირაო სკოლა „იმედის“ ერთი წლის იუბილე იზეიმა რეჯო კალაბრიაში, რასაც დაემატა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის გახსნა. ამ მნიშვნელოვან საქმეში დიდი დახმარება გაუწია იტალიაში, ქალაქ ბარიში განთავსებულმა საქართველოს გენერალურმა საკონსულომ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, ეს ქალბატონი ხათუნა ქარაია გახლავთ, რომელიც ამავდროულად, პრემია „ივერიის“ ოფიციალური წარმომადგენელია იტალიაში, რეჯო კალაბრიის რეგიონში. მისი ინტერვიუდან უკეთ გაიგებთ თუ რა საზრუნავი გააჩნია, როგორ შრომობს მომავალი თაობისთვის და სამშობლოსთვის, რაზე ოცნებობს…

– ქალბატონო ხათუნა, ასე დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ: ვინ არის ხათუნა ქარაია?

– პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მე ვარ ემიგრანტი, რომელიც ამ ეტაპზე ცდილობს ქართული ენისა და ლიტერატურის, ქართული ფესვების და ქართული კულტურის განვითარებას უცხო მიწაზე.

– ქალბატონო ხათუნა, როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრება?

– 2011 წელს მივიღე ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება… და გავაღე ემიგრაციის ფანჯარა ჩემს ცხოვრებაში.

– რა გასწავლათ სამშობლოდან შორს ყოფნამ?

– სამშობლოდან შორს ყოფნამ მასწავლა როგორია სამშობლოს მონატრება, ოჯახის და მეგობრების მონატრება, მასწავლა ერთმანეთის დაცვა და გატანა უცხო მიწაზე.

– რა გიჭირთ ყველაზე მეტად ემიგრაციაში?

– ემიგრაციაში ყოფნა პირველ რიგში ნიშნავს სტრესულ გარემოს, მაგრამ სკოლა „იმედის“ მეშვეობით მე შევძელი და დავძლიე რთული გარემო და ყოფითი პრობლემები. ჩემი სკოლის საქმიანობის საშუალებით და აქ მცხოვრები ბავშვების წყალობით, ხშირად მავიწყდება, რომ ემიგრაციაში ვარ.

– როგორ აღმოჩნდით საკვირაო სკოლა „იმედის“ რეჯო კალაბრიის ფილიალის ხელმძღვანელად?

– ჩემმა აქტიურობამ დამაკავშირა ძალიან საჭირო ადამიანებთან, ძალიან კარგ, განათლებულ საზოგადოებასთან და ზუსტად ასეთი იყო ქალბატონი ცინარ ღვალაძე, რომელმაც საშუალება მომცა ამეღო ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა რეჯო კალაბრიაში, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვან ემიგრანტ ბავშვებს.

– რას ასწავლით სკოლა „იმედში?

– ქართული ენა და ლიტერატურა, რელიგია, ხელოვნება, ფოლკლორი(ცეკვა, სიმღერა,გალობა.

– როგორ დაიწყო პრემია „ივერიის“ ორგანიზება, საიდან გაგიჩნდათ ამ პროექტის ჩატანის სურვილი რეჯო კალაბრიაში?

– პირადად დაგიკავშირდით თქვენ, ბატონო ნუგზარ, ცხადია გახსოვთ. თქვენგანაც მზაობა იყო და სურვილი, პრემია „ივერია“ ჩამოგვეტანა რეჯო კალაბრიაში. ეს ყველაფერი კი გამოიწვია წლევანდელმა გალა დაჯილდოებამ, რომელიც საქართველოში გაიმართა, 3 მარტს, ტრადიციულად. შემდეგ, რაც მე ვნახე სოციალური ქსელით და პრესის სხვადასხვა საშუალებებით, სრულიად დავრწმუნდი, რომ ეს ის პროექტია, რომელიც აქ უნდა განხორციელებულიყო. თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, პრემია „ივერიის“ რეჯო კალაბრიაში ჩამოტანის სურვილი გაჩნდა მისი შინაარსიდან, მისი პოპულარობიდან გამომდინარე. ეს პროექტი არის ძალიან დიდი საერთაშორისო და სრულად ინტეგრირებული პროექტი, რომელიც სახელოვნებო სფეროებს ერთნაირად ემსახურება და მათ რეალურ პოპულარიზაციას ახდენს. პრემია „ივერიამ“ ძალიან ბევრი ახალი სახე აღმოაჩინა და მათი შემოქმედებითი ცხოვრებაც დადებითისკენ შეიცვალა. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, რომელიც ევროპაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მსგავსი პროექტის წარმომადგენლობის დაფუძნება იტალიაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პრემია „ივერიის“ ორგანიზებაში დამეხმარნენ იტალიაში, რეჯო კალაბრიაში მცხოვრები ქართველები, – გიორგი ყიფიანი, მაკა გამყრელიძე, მირანდა მამაგეიშვილი, ასევე იტალიელი მეგობარი, ცნობილი გამომცემელი და წიგნების ფესტივალის დირექტორი, დომენიკო პოლიტო. პრემია „ივერიით“ დაინტერესდნენ მოწვეული სტუმრები. დაჯილდოების ცერემონიაზე, ისინი აღფრთოვანდნენ, როცა ნახეს თუ როგორი მოტივატორები ვიყავით ამ მნიშვნელოვანი საქმით, რასაც ქართული სულისკვეთების გაღვივება ჰქვია უცხო მიწაზე. მადლობა ყოველივე მათგანს ამ დიდი და ფასდაუდებელი თანადგომისთვის!

– რას მისცემს პრემია „ივერია“ რეჯო კალაბრიის ქართველობას და საერთოდ, იტალიას?

– ქართული იდენტობის გამაღვივებელია პრემია ივერია, ადამიანების მოტივატორი, რომ აკეთონ ბევრი და კეთილი საქმე.

– რას ნიშნავს თქვენთვის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი, ილია მეორე?

– ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ჩვენი პატრიარქი ჩვენი სულიერი მამაა, ჩვენი გადამრჩენელი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ილია ჭავჭავაძე?

– ილია ჭავჭავაძე არის ჩემთვის ქართული ლიტერატურის ჭეშმარიტი ქომაგი, ერთ-ერთი შემქმნელი და რეფორმატორი. ილია, მოკლედ რომ გიპასუხოთ, ჩემთვის არის თავისუფლება, რომელიც ოდითგანვე სჭირდებოდა ჩვენს ერს.

– ასე მოკლე ხანში საკმაოდ მაღალი დონის ღონისძიება გამოგივიდათ, რასაც კულტურული და სამოგზაურო ნაწილიც შეერწყა. რამდენმა ადამიანმა შეძელით ეს. დაგეხმარათ ვინმე იტალიის მხრიდან?

– იტალიის მხრიდან ბევრი დაგვეხმარა, მაგრამ  ერთ-ერთი, ვინც დიდი როლი ითამაშა, გამომცემელი და საკმაოდ საინტერესო ადამიანი, ბატონი დომენიკო პოლიტოა, რომლმაც პრემია „ივერიის“ წარმატებით ჩატარებას დიდად შეუწყო ხელი. მის გამომცემლობაში გაიმართა ქართველი და უკრაინელი პოეტების, ეკა ქაჯაიას, ხათუნა ცომაიას, მარიზა ჯიქიას, მარინა ვასილიუკის და მათ შორის ერთი მეცნიერის, ეთნომუსიკის მკვლევარის, პროფესორ გიორგი კრავეიშვილის წიგნების პრეზენტაცია. ცხადია ამ ყველაფერს მოჰყვა სატელევიზო და რადიო ინტერვიუები, რამაც პროექტის პოპულარობას შეუწყო ხელი, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში და ევროპაშიც კი. ბატონი დომენიკოს მეშვეობით ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა რეჯო კალაბრიის მერიაში, ვიცე მერთან, ბატონ პაოლო ბრუნეტთან (Paolo brunetti), რომელმაც გვითხრა, რომ ყოველთვის დაეხმარება, ცხადია შესაძლებლობების ფარგლებში, ქართველებს მის ქალაქში, ასევე პრემია ივერიას და ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

– ქალბატონო ხათუნა, პრემია „ივერიის“ მომავალი წლის გეგმები თუ გაქვთ უკვე?

– სამომავლო გეგმების, ღონისძიებების, კულტურული საღამოების ორგანიზების პერსპექტივა, ამავდროულად ჩვენგან ნებისმიერი სახით თანამშრომლობის და მეგობრობის პერსპექტივა დიდია და ორივე მხარეს გვაქვს – მეც და თქვენც… რა თქმა უნდა, პრემია „ივერია“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორისთვის და გვაქვს მზაობა ისევ ჩამოვიდნენ ქართველი ხელოვანები სამხრეთ იტალიის ამ ლამაზ კუთხეში. კიდევ გავიმეორებ: ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ლიტერატურულ-სახელოვნებო და სოციალურ-კულტურული საერთაშორისო ინტეგრირებული პროექტი არა მარტო საქართველოში…

– რას ნიშნავს სკოლა „იმედი“ და რას ასწავლით სკოლაში?

– დავიწყებ იქედან, რომ როცა ადამიანი უცხო ქვეყანაში იბადება და ის ეროვნებით ქართველია, მისთვის აუცილებელია მიიღოს ქართული განათლება, ისწავლოს ქართული-წერა კითხვა, ბავშვებისთვის სკოლა ნიშნავს ქართული ენის სწავლას, განვითარებას, და მომავლის იმედს. მშობლებისთვისაც ქართული სკოლა არის გარანტი იმის რომ მათი შვილები ეზიარებიან ენის სწავლასთან ერთად ქართულ კულტურას. ცხადია უპირატესად ვასწავლით ქართულ  ენას და ლიტერატურას, რელიგიას, ფოლკლორს და, რაც მთავარია, ერთმანეთის, ქართველების, საქართველოს სიყვარულს!

– დიდი რაოდენობა გყავთ სკოლაში ბავშვების?

– ამჟამად ჩემი ბავშვების რაოდენობა შეადგენს სამოცს შეადგენს და ეს დიდი რაოდენობაა პატარა საქართველოსთვის.

– ვინ გიწყობთ ხელს სკოლის მუშაობაში?

– ამ ეტაპისთვის მე და სკოლა „იმედის“ პედაგოგები ვართ ხელის შემწყობნიც და ყველაფერი… ძალიან დიდი დამსახურება აქვთ სკოლის წარმატებაში ანა ყიფიანს, ეკა ბერიკაშვილს, ია გურეშიძეს, ნინო კევლიშვილს, სვეტლანა გველებიანს.

– როგორც ვიცით კათოლიკე მოძღვარმა დაგითმოთ ადგილი სკოლისთვის…

– დიახ. რეჯო კალაბრიის პეტრე-პავლე მოციქულის ტაძრის წინამძღვარმა გაგვიწია ფასდაუდებელი სამსახური… ამ ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა ქართულად მისი წინამძღვარი არის იტალიელი პრესვიტერი დანიელ კასტრიციო, რომელმაც სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცა სკოლა „იმედისთვის“ ფართი, რითაც უზარმაზარი თანადგომა გამოიჩინა და პატივი დაგვდო, გვქონოდა სკოლისთვის შენობა…

– ქალბატონო ხათუნა, სულ ახლახანს ქართული ბიბლიოთეკაც გახსენით რეჯო კალაბრიაში…

– დიახ, ამ მნიშვნელოვან საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია იტალიაში, ქალა ბარიში განთავსებულმა საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, ბატონმა ირაკლი ქოიავამ და ვიცე კონსულმა, ქალბატონმა მარიამ ალფაიძემ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და მისმა გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა კონსტანტინე გამსახურდიამ. ცხადია, ჩვენს გვერდით იყავით თქვენ, პრემია „ივერია“, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა რეჯო კალაბრიაში აღნიშნული, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის გახსნაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც კი წვლილი შეიტანა ქართულ საქმეში.

– სკოლას რა სამომავლო გეგმები აქვს სკოლას?

– სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა საგნების დამატებას, რითაც უფრო მეტ ცოდნის მიცემას შევძლებთ ბავშვებისთვის. ასე მეტი განვითარების საშუალება გვექნება.

– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?

– საქართველო – სამშობლო! არის ჩემი ხატი, ჩემი გულის ნაწილი, რომლისგან შორს ცხოვრება ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ქართულ იდენტობას, ქართულ სულს ვძენ ყველაფერს აქ, შორეულ იტალიაში, რაც ჩემს ირგვლივ არსებობს… ამაში ჩემს ძალებს, დროს, ენერგიას და რესურსს არ ვიშურებ.

– საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებთ?

– რა თქმა უნდა, ყველა ემიგრანტის უმთავრესი  ოცნება არის სამშობლოში დაბრუნება.

– რას ეტყვით შორეული იტალიიდან საქართველოს?

– ჩემს სამშობლოს პირველ რიგში ვეტყვი, რომ მშვიდობა ჰქონდეს მუდამ! ვუსურვებ კაცთა შორის სათნოებას, ეღტსულოვნებას და სიყვარულს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, განვითარებას და, ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას.

– და ბოლოს…

– და ბოლოს, მადლობა თქვენ, რომ მამოგზაურეთ საკუთარ თავთან და ეს ხმამაღლა გავახმოვანე ჩემი სათქმელი, მომეცით საშუალება მესაუბრა აქტუალურ თემებზე, რაც რეჯო კალაბრიის რეგიონში გვაქვს ქართულ დიასპორას. მადლობა, რომ მომეცა საშუალება გულითადი მადლობა გადამეხადა პრემია „ივერიისთვის“ და ასევე მადლობა, რომ ვარ ამ დიდი და მეტად მნიშვნელოვანი საერთაშორისო სოციალურ-კულტურული, ინტეგრირებული პროექტის წარმომადგენელი იტალიის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ კი რეჯო კალაბრიაში! მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით ჩემით და ჩემი საქმიანობით.

როგორც იცით, პრემია „ივერია“ 2013 წლიდან დაიწყო და მოიცავს ლიტერატურას, ხატწერას, მხატვრობას, ფოტოხელოვნებას და სხვა სახელოვნებო სფეროებს. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პროექტში პირველივე დღიდან ჩართულნი არიან შშმ პირები, მსაჯავრდებულნი, საქართველოს ეროვნული უმცირესობები, სასულიერო პირები და მსოფლიოს ქვეყნებიდან ყველა ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად ნებისმიერი მსურველი, ვინც კი კულტურის სფეროში მოღვაწეობს.