გენერალური კონსული ირაკლი ქოიავა ბარიში მცხოვრები ქართველების
იმიჯის შემლახავ სტატიაზე კომენტარს აქვეყნებს

105

„La gazzetta del mezzogiorno“-ს, 4 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა პუბლიკაცია პულიაში მცხოვრები ქართული დიასპორის შესახებ, რომელიც დაიბეჭდა ამავე გაზეთში ცოტახნით ადრე გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ. მიმდინარე წლის დასაწყისში გაზეთში „La gazzetta del mezzogiorno“ გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „მდუმარე ქართული მაფია“, რომელმაც სერიოზული შეშფოთება და გულისტკივილი გამოიწვია იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრებ ქართულ დიასპორაში. სტატია შეეხებოდა ქალაქ ბარიში ე.წ. ქართული მაფიის არსებობას, რის შესახებაც მოთხრობილი იყო ქალაქში გავრცელებულ ხმებზე, „ურბანულ ლეგენდებზე“ დაყრდნობით, ქართული კრიმინალური სლენგის მოშველიებით, მკითხველზე უარყოფითი შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით. ყოველგვარი ფაქტების გარეშე საუბარი იყო ქართველების მხრიდან „უხილავ, მაგრამ საშიშ დანაშაულზე“. იმ განწყობის გათვალისწინებით, რაც სტატიამ გამოიწვია ქართულ დიასპორაში, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ითანამშრომლა გაზეთთან „La gazzetta del mezzogiorno“ ახალი, საქართველოსა და ბარის ქართული დიასპორის მიმართ პოზიტიური შინაარსის პუბლიკაციის გამოქვეყნების მიზნით. გაზეთისათვის მიწოდებულ იქნა გენერალური კონსულის, ირაკლი ქოიავას კომენტარი, სადაც ხაზი გაესვა პულიაში მცხოვრები ქართული დიასპორის როლს და ინტეგრირებულობას რეგიონში. აღინიშნა, რომ დაუშვებელია, საგაზეთო პუბლიკაცია უსაფუძვლოდ ნეგატიურ იმიჯს უქმნიდეს მთელ ეთნიკურ ჯგუფს ქართულ დიასპორას. ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნებულია „La gazzetta del mezzogiorno“-ს 4 თებერვლის ნომერში.