ნუკა გაგუა: დიდებს ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ზღაპრები… ხელოვნების გზა…

90

პრემია „ივერიას“ ძალიან კარგი გამოხმაურება
ექნება ჩივიტავეკიაში – რომში…

ძნელია იყო ჭეშმარიტი ხელოვანი და სათქმელი უთხრა სამყაროს ისე, რომ ყველამ გაიგოს მრავალფეროვნად… ურთულესია წერო ისე, რომ ყველას აზროვნება შეცვალო… სწორედ ასეთი ავტორი და ხელოვანია ნუკა გაგუა. მისი შემოქმედება ბევრ წიგნადაა წარმოდგენილი, საინტერესო ავტორია და მისი ნაწარმოებები შევა იმ ნუსხაში, რომელიც ყველა თაობისთვის მუდმივად საკითხავი იქნება, – საინტერესო, სიღრმისეული, განსაკუთრებული…

ქალბატონი ნუკა გაგუა არის დიპლომატი, იტალიაში, რომში, რომელიც საქართველოს საელჩოს ემსახურება და ამ მეტად საპასუხისმგებლო სამსახურის მიუხედავად, მაინც წერს, თარგმნის და ამ მხრივაც ეწევა საქართველოს ლიტერატურის პოპულარიზაციასაც…

– ვინ არის ნუკა გაგუა?
– ნუკა გაგუა არის ორი შვილის, მია მარიამისა და გაბრიელის დედიკო, კარიერული დიპლომატი და მწერალი.
– ქალბატონო ნუკა, როგორ დაიწყო თქვენს ცხოვრებაში წერა?
– წერა არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ბავშვობიდან ვწერდი და ვიგონებდი ამბებს და ეს ყოველთვის დიდ სიხარულს მანიჭებდა. როდესაც წერ, ყოველთვის შეგიძლია შექმნა განსაკუთრებული, საინტერესო და ბედნიერი ამბები. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ხელოვანი ადამიანები ალტრუისტები არიან, რადგან ყოველთვის სურთ იმის  გაზიარება, რაც შექმნეს. იქნება ეს ამბავი, წიგნი თუ ნახატი… სხვებსაც უამბონ, გააცნონ, გაახარონ. გამონაკლისი არც მწერლები ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამბავი, რომელსაც ჩვენ ვყვებით, მოისმინონ, წაიკითხონ და თუ არ შეიყვარებენ, ადამიანებისთვის საინტერესო მაინც იყოს.
– მთავარ პერსონაჟებს იგონებთ, თუ ისინი თქვენი ცხოვრების რეალური ადამიანები არიან?
– ძალიან საინტერესო კითხვაა. პასუხია – ერთიც და მეორეც. პერსონაჟის დაბადება, ისევე როგორც ზოგადად ლიტერატურა, საოცარი და ძალიან საინტერესო პროცესია. პერსონაჟი სანამ საბოლოოდ დაიბადება, ჯერ გონებაში ძერწავს საკუთარ თავს და გიყვება, როგორია ის. შემდეგ ხდება ნამდვილი დაბადება, ანუ წიგნის ფურცელზე გადმოტანა. არის ხოლმე შემთხვევები, საერთოდ არ გეგმავ პერსონაჟის შექმნას, მაგრამ წერისას თავისთავად, ძალიან ბუნებრივად და მარტივად ჩნდება ნაწარმოებში. მერე ხვდები, როგორ უხდება, ამდიდრებს ტექსტს და ამითაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ხარ. ცხადია, რეალურ პერსონაჟებზეც ვწერ, რაც გაცილებით რთულია, რადგან ამ შემთხვევაში მეტი პასუხისმგებლობა მეკისრება ხოლმე იმ ადამიანების წინაშე, რომელთა შესახებაც ვწერ. მაგალითად, ჩემი ისტორიული რომანი „პარალელური ნაპირი“ დიდწილად რეალურ ადამიანებზეა დაწერილი. ამიტომ, ცხადია, მეტი სიფრთხილით და სიფაქიზით უნდა დამეწერა, ვიდრე დავუშვათ გამოგონილ პერსონაჟებზე.


– საბავშვო მწერლობა უფრო ადვილია თუ დიდებისთვის?
– ადვილს ვერც ერთს ვერ დავარქმევდი, თუმცა ბავშვებისთვის როდესაც ვწერ, მეტი სიფრთხილით, მეტი გრძნობითა და ყურადღებით უნდა დაიწეროს ყოველი სიტყვა თუ წინადადება. რაც შეეხება დიდებისთვის წერას, ისინი მეტად განსჯიან, შეიძლება ითქვას, უფრო არგუმენტირებული ტექსტის მოლოდინი აქვთ. შესაბამისად აქცენტებიც სხვაგვარად უნდა დაისვას. აქვე ვიტყვი, რომ არ მიმაჩნია მართებულად, საბავშვო ლიტერატურა მხოლოდ ბავშვებისთვის იწერებოდეს. დიდებს ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ზღაპრები. ამ მხრივ, ძალიან მიხარია, რომ ძალიან პოზიტიური უკუკავშირი მაქვს ხოლმე როგორც ბავშვებისაგან, ასევე უფროსებისგან. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ნამდვილად დიდი მოტივაციაა, რომ ჩემი ტექსტები მივიდა მკითხველის გულებამდე და ისინი სწორად არის აღქმული.
– პროზის შექმნის მოტივაცია რა იყო?
– როცა გონებაში სიტყვები, წინადადებები და ტექსტები იბადება, სანამ ფურცელზე არ გადმოვა, თავს არ დაგანებებენ. ესაა ჩემი პასუხი – გონებაში დაბადებული ტექსტები უბრალოდ ფურცელზე გადმოვიტანე და ახალი სიცოცხლე ვაჩუქე.
– და მაინც, თქვენი შემოქმედების ინსპირაცია – ყოველდღიურობა და ზღაპრული სამყარო.
– ყველაფერი ალბათ იმით დაიწყო, რომ ძალიან ზღაპრული და ბედნიერი ბავშვობა მქონდა. საოცარ გარემოში და ძალიან დიდ სიყვარულში გავიზარდე. მგონი, დღემდე მჯერა ზღაპრების. მჯერა საოცარი ამბებისა თუ ისტორიების.  ვფიქრობ, რომ ცხოვრება ბევრს სწავლობს ზღაპრისგან და პირიქით. შესაბამისად, ჩემი ინსპირაცია ის ულამაზესი ზღაპარია, რომელსაც ცხოვრება ჰქვია. ის პერსონაჟები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ და ვისი შემჩნევაც უნდა ვისწავლოთ.
– თქვენი შემოქმედებიდან თქვენთვის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები რომელია?
– ძალიან რთული კითხვაა. თუმცა, გეტყვით, რომელია ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი პერსონაჟი – ეს ქალბატონი ფელისიდადი ანუ ქალბატონი ბედნიერებაა საბავშვო წიგნიდან „რა ღირს მოგზაურობა მზეზე“. ქალბატონ ფელისიდადს არ სჭირდება განსაკუთრებული მიზეზები იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს – ის ყოველდღიურობასა და უმარტივეს დეტალებში ხედავს ბედნიერებას. მისთვის დიდი სიხარულის მომტანია სხვების გახარება და სხვებზე ზრუნვა. ის არასდროს დახარჯავს დროსა და ენერგიას უმიზეზო ბრაზზე, რადგან იცის, ამის ნაცვლად მას ათასი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია.

– პოეზიას თუ ქმნით?
– დიახ, ვწერ ლექსებსა და პოემებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ბაბუა, გიორგი (გაგა) კუხიანიძე შესანიშნავ პოემებს წერდა. საბედნიეროდ მაქვს სახლში პოემების საოცარი წიგნი, რომელიც ბებიაჩემს მიუძღვნა. მათ საოცარი სიყვარულის ისტორია აკავშირებდათ – 14 წლის იყო ნუნიკა კვინიკაძე (ბებია) როდესაც ერთმანეთი შეუყვარდათ და მას შემდეგ მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. ეს სიყვარულის ისტორია ერთგვარი მაგალითი იყო ჩემთვის და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ამ ამბის შესახებ ჩემს ახალ წიგნშიც ვწერ რომელსაც „7“ ეწოდება. ბაბუა ასევე იყო სხვადასხვა სამეცნიერო სახელმძღვანელოს ავტორი მეფუტკრეობაზე მის ძმებთან ვახტანგ და ავთანდილ კუხიანიძეებთან ერთად. ჩემი აზრით წერის ნიჭი ბაბუისგან გამომყვა, რაც ჩემთვის ამ ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია და ძალიან მადლიერი ვარ ამის გამო.
– თქვენი გამომცემლებისა და რედაქტორების შესახებ გვითხარით, როგორ მუშაობთ მათთან, გაკრიტიკებენ ხოლმე?
– ძალიან გამიმართლა ამ კუთხით. კრიტიკას ვერ დავარქმევდი, რადგან არასდროს ყოფილა ასეთი შემთხვევა. აი, სწავლა კი ნამდვილად. მათგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ და ვიზრდები, სიხარულით ვიღებ შენიშვნებს. საერთოდ ადამიანმა ყოველთვის უნდა ისწავლოს იმისგან, ვინც ამ სფეროში იცის მეტი და აქვს უკეთესი გამოცდილება. მე ძალიან გამიმართლა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ გამომცემლობებთან ურთიერთობის მხრივ.
– იმედგაცრუება თუ გქონდათ იმისა, რომ ნაწარმოები არ მოიწონა საზოგადოებამ?
– გულწრფელად გითხრათ, არასდროს. პირიქით, ძალიან ბევრ დადებითს ვისმენ და ვკითხულობ ჩემი მკითხველისგან. ყოფილა შემთხვევები, როცა რომელიმე გამომცემლობასთან არ გამოსულა თანამშრომლობა. როდესაც დამწყები მწერალი ვიყავი, ბევრი პასუხსაც არ მიბრუნდება ხოლმე, თუმცა ალბათ ესეც  საბოლოო ჯამში ისევ ჩემს სასიკეთოდ იყო, რადგან ახლა საქართველოს გარდა, მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის ვებსაიტებზე დევს ჩემი წიგნები და სიმართლე  გითხრათ, ეს ფაქტი ძალიან მახარებს და მეამაყება. აქვე მინდა ვურჩიო დამწყებ მწერლებს, რომ არასდროს შეწყვიტონ ცდა ერთი, ორი, ხუთი იმედგაცრუების გამო. საბოლოოდ ყველა წიგნი იპოვის მის ღირსეულ, საუკეთესო გამომცემელსა და გზას.

– როგორც ვიცი, თქვენი შემოქმედება ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, რას გვეტყვით ამის შესახებ?
– დიახ, ჩემს ნაწარმოებებს ინგლისურად თავად ვთარგმნი. ასევე, ერთ-ერთი წიგნი ნათარგმნია პორტუგალიურად. მსოფლიოს გარშემო რაც მეტი ადამიანის გულს დაიპყრობენ ჩემი წიგნები, ცხადია, მეტად სასიხარულო და საინტერესო იქნება.
– წიგნის ფესტივალებსა და პრემია-კონკურსებში თუ მონაწილეობთ?
– ცხადია, როდესაც საქართველოში ვარ, ყოველთვის ვცდილობ აქტიურად მივიღო მონაწილეობა წიგნის ფესტივალებში – ეს ჩემთვის პასუხისმგებლობაცაა და სიხარულიც. რაც შეეხება პრემიებსა და კონკურსებს, ჩემი წიგნი „პარალელური ნაპირი“ წარდგენილი იყო პრემია „საბა“-ზე, როგორც საუკეთესო დებიუტი, ჩემი საბავშვო წიგნი ,,რა ღირს მოგზაურობა მზეზე“ კი იაკობ გოგებაშვილის ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია. გავხდი ჟიურის რჩეული რეცენზიების კონკურსში „დაწერე თანამედროვე ქართულ პოეზიაზე“. ზოგადად, ძალიან ხშირად დავდივარ სკოლებში, ვაწყობ ბავშვებთან შეხვედრებს, ვპასუხობ მათ კითხვებს, რადგან ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, და ჩემი მკითხველისთვისაც. რამდენიმე დღის წინ გავმართე შეხვედრა ემიგრანტ ბავშვებთან რომის სამრევლოს საკვირაო სკოლა „ფესვებთან“. ვფიქრობ, ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა. დიდი მადლობა საკვირაო სკოლის ყველა წარმომადგენელს ამ შეხვედრისა და ყველა ღონისძიებისათვის, რაც ამ სკოლაში კეთდება ქართველი ემიგრანტი ბავშვებისათვის.


– როგორ უხამებთ ერთმანეთს დიპლომატიურ სამსახურს და წერას?
– ბავშვობიდან ვოცნებობდი წერასთან ერთად ჩამებარებინა საერთაშორისო ურთიერთობებზე. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ოჯახმა ეს არ ისურვა და ბევრი ფიქრის მერე ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა, როგორც კი დიპლომი ავიღე, არასდროს მიფიქრია იურისტობაზე. როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა 2009 წელს, საბუთები შევიტანე, გამოცდები ჩავაბარე და მალევე დავიწყე სტაჟირება. 2010 წლის დასაწყისიდან ვმუშაობ საგარეო საქმეთა სამინისტროში. პარალელურად ვწერდი, ზოგჯერ ხშირად, ზოგჯერ – არა. ჩემთვის ორივე საქმე არის უმნიშვნელოვანესი, უძვირფასესი და უსაყვარლესი, შესაბამისად, სამსახურისგან თავისუფალ დროს ყოველთვის შემიძლია დავწერო და შევქმნა ახალი ნაწარმოებები.
– რას ნიშნავს თქვენთვის, წარმოადგენდეთ ქართულ დიპლომატიას იტალიაში, რომში?
– ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო იტალიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და აქტიურად ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რომლებსაც ესოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების წარმოებაში/წარმართვაში. იტალია ჩემთვის ძალიან საყვარელი და ძვირფასი ქვეყანაა, იტალიელი ხალხი კი, მათი გულთბილი ხასიათიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ქართველებს. ჩემთვის, როგორც დიპლომატისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იყოს წარმოჩენილი იტალიაში.
– პრემია „ივერია“. 
– მოგეხსენებათ, იტალია უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა. შესაბამისად, აქ კულტურულ ღონისძიებებს შესაბამისი დატვირთვა აქვს. საელჩო მაქსიმალურად ცდილობს არაერთი კულტურული ღონისძიების ორგანიზებას და მიხარია, რომ ჩვენც ჩვენი წვლილი შეგვაქვს პრემია „ივერიის“ ორგანიზების საკითხში, რომელიც 18 ივნისს, ჩივიტავეკიაში გაიმართება. მოგეხსენებათ, ჩივიტავეკიას ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში მოგზაურობისას (1713-1715 წ.წ.) იტალიაში ჩასვლისას სწორედ ჩივიტავეკიაში გაჩერდა. მჯერა, პრემია „ივერიას“ ძალიან კარგი გამოხმაურება ექნება.

– და ბოლოს…
– მინდა მადლობა გადაგიხადოთ საინტერესო ინტერვიუსათვის და თქვენს გვერდს ვუსურვო დიდი წარმატება და ბევრი მკითხველი. ასევე, წარმატებები იმ მნიშვნელოვან საქმეში, რასაც ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისათვის ასე წარმატებით ართმევთ თავს.