ქართული საკვირაო სკოლები და ბიბლიოთეკები იტალიაში

21

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს ქალაქ რეჯო-კალაბრიაში ქართული საკვირაო სკოლა „იმედის“ ერთი წლის იუბილეს დაესწრო.

ამავე დღეს გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა, რომლის თანაორგანიზატორი იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. რეჯო კალაბრიის ახალ ბიბლიოთეკას კონსტანტინე გამსახურდიამ საკუთარი წიგნები, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: იტალიის ქალაქ ბარის გენერალური კონსული ირაკლი ქოიავა, ვიცე-კონსული მარიამ ალფაიძე, რომლებიც ორგანიზატორები იყვნენ აღნიშნული ღონისძიებისა. ასევე ორგანიზატორები იყვნენ რეჯო კალაბრიის სკოლა „იმედის“ ფილიალის პრეზიდენტი ხათუნა ქარაია და პრემია „ივერიის“ დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

კონსტანტინე გამსახურდია და ირაკლი ქოიავა ქართული კულტურისა და განათლების განვითარებასა და პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია „ივერიით“ დაჯილდოვდნენ.

20 ოქტომბერს იტალიურმა გამომცემლობა „ლეონიდე ედიზიონემ“ და მისმა დირექტორმა დომენიკო პოლიტომ ქართულ დელეგაციას უმასპინძლეს. კონსტანტინე გამსახურდიამ, სხვა მწერლებთან ერთად, თავისი სამი წიგნის პრეზენტაცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ქართული ლიტერატურისა და კულტურის შესახებ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ღონისძიება ლოცვა-კურთხევით გახსნა დეკანოზმა ექვთიმე ჩივაძემ, რომელიც პრემია „ივერიის“ დელეგაციის წევრი იყო. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მხატვარ ელენე გამგონიძის ნახატების გამოფენა, რომელმაც იტალიელი კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ასევე, საქართველოდან პრემია „ივერიის“ ეგიდით იყვნენ პოეტები ეთერ მეფარიშვილი, დაკო თუშაბრამიშვილი და მწერალი მორის როსტიაშვილი, რომლებმაც რეჯო კალაბრიის ქართულ ბიბლიოთეკას უანგაროდ გადასცეს ქართულ ბიბლიოთეკას საკუტარი წიგნები.

ამის შემდეგ კი 2025 წლის 2 ნოემბერს, ისევ იტალიაში, ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ეწვივნენ ბარიში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლა „იმედს“, რომლის დამუძნებელი და ხელმძღვანელი ცინარი ღვალაძეა.

გენერალურმა კონსულმა ირაკლი ქოიავამ საკვირაო სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაგზავნილი სასწავლო და საკითხავი ლიტერატურა გადასცა. სიტყვით გამოსვლისას, გენერალურმა კონსულმა საკვირაო სკოლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ღონისძიების ფარგლებში, სკოლას საკუთარი ხარჯით შეძენილი, იაკობ გოგებაშვილის წიგნები – „დედაენა“ გადასცა ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, ზვიად მესხმა.

საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას თანამშრომლობისა და წიგნების მოწოდებისათვის.