პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან
ნინო მოდრეკილაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2024 წლის ლაურეატი ნომინაციაში „წლის განსაკუთრებული შემოქმედება“
სადგურის მოედანი
ჩემი ქალაქის მეტრო
სამყაროს მეგაპოლისს ჩამოჰგავს:
ერთბაშად შემოგცინებენ
თანამედროვე სარკინოზები,
თხელ – თხელი ინდუსები,
ბიძია თომას შთამომავლები,
ვიწროთვალება ქალ – თოჯინები,
უსამშობლო ცხვირაპრეხილები…
ომსა და მშვიდობას გამოქცეულები…
შევუყურებ და ვფიქრობ:
– ყველა რაღაცას გამოეხსენით,
ყველამ რაღაც სატკივარი დაიამეთ,
ყველამ ახალი წიგნი დაიწყეთ…
აქაურობის სარჩევს კი არვინ ჩახედეთ…
მოდით, ხალხნო, ჰაიჰარად მაინც გადაფურცლეთ
ენციკლოპედია – საქართველო:
აქ ხომ ადრეც გაგივლიათ,
გაგივლიათ და გადაგივლიათ.
ეს ბეწვის ხიდზე ატორტმანებული ქვეყანა
რა ბრწყინვალებამ მოგაწონათ,
რა გემოვნებამ მოგანდომათ,
რა სალბუნ – წამლად მოგეფინათ,
რომ ყველა ჯურისანი აქ შეგროვილხართ.
თითქოს უფლის სამსჯავრო ყოფილიყოს
ეს დალოცვილი სადგურის მოედანი,
გადასასვლელი –
გადმოსასვლელი…
ჩასასვლელი – ამოსასვლელი…
არის ერთი რუზრუზი და მიეთ – მოეთი!
და ამ გადადენა – გადმოდენაში
კედელ – კედელ აყუდებული
ხელგამოწვდილი ხურდისმთხოვნელნი –
მშობლიური ,,დარიდურებით”…
ჩემი მარადიული იარები,
მოუშუშებელი,
მაჯა გადახსნილი,
მალამოდაუდებელი –
ჩემი ქართული დიდებულება.
არავინ არი
რაც სიყვარულად უნდა იქცეს, ქარმა წაიღო…
ახლა დავტირი გადამსხვრეულ ლორთქო ღეროებს,
ოცნებებისას, ღმერთმა ნუ ქნას, არ მაპატიოს
მიწამ ქვადქცევა, ამაცილოს ფიქრის ჩეროებს…
სადაც მუხლჩახრილს ჭირისუფლად ცრემლებგამშრალი
ჩაძაძული და სიტყვაძვირი ღამე მდარაჯობს,
რადგან ამქვეყნად, მომკალი და არავინ არი,
არავინ არი, – მისმინოს და მელაპარაკოს…
ლავანდის მინდვრები
სიზმარ – ცხადებს ვაყოლებ სევდის თოთო მინორებს,
სიჩუმესაც თავისი გულისფეთქვა ეწყება,
როგორ საინტერესოდ წაგიკითხავთ, მინდვრებო,
როცა ლავანდის ყდებში ჩალაგდებით წყებ – წყებად.
დღეს ხეთათვის მინდოდა თბილი სუნთქვის მოხვევა,
მაგრამ ადამიანებს სული ვეღარ დავსხლიტე,
თვალდახუჭულს როდემდე ამიტანენ ლოცვები,
გზად რომ გულში მისხედან სახლიდან და სახლისკენ.
მერე ყველა მარტოა. მერე, სადღაც მიღმეთში,
ჩემი მერეც ეს არის, სხვისი ჩემთან ვერხილვა,
თვალს როგორ არ დავხუჭავ, როცა
ყვითელ მინდვრებში
მივირწევი მსუბუქად, თავთუხისფერ მზეში ვარ.
ჰოდა, ნუ გეწყინებათ, ხვალ თუ სული გაგიშვით,
მერამდენე ღამეა ვარწევ ზამთრის სიანჩხლეს,
თქვენ, რომლებიც მომდევდით ჩაუმდგარი ქარიშხლით,
როცა ,,სიყვარულს” ვწერდი უდაბნოსფერ სილაზე…
სიზმარ – ცხადებს ვაყოლებ სევდის თოთო მინორებს,
თქვენ არ იცით, სიჩუმეს რა ხმაური ეწყება,
როგორ საინტერესოდ წაგიკითხავთ, მინდვრებო…
როცა ლავანდის ყდებში ჩალაგდებით წყებ – წყებად.
ხელი ჩაჰკიდეთ, კაცებო, ქალებს
ხელი ჩაჰკიდეთ, კაცებო, ქალებს
და აედევნეთ ლამაზად ქუჩებს…
თუგინდ ზამთარი მზის სხივებს კლავდეს,
თოვდეს ან ქუხდეს!
გადმოსულ სითბოს ხელიდან – ხელში,
გულიდან – გულში, ტანიდან – ტანში,
მოჰყვება მზე და სიყვარულისფერ
ყვავილებს გაშლის.
ხელი ჩაჰკიდეთ, კაცებო ქალებს,
გზა იდოს ახლო, ან თუნდაც შორი,
ცხოვრებას უდრის როცა მოდიან
ქოლგის ქვეშ ორნი…
და როცა უყვართ და როცა გრძნობენ,
რა ადვილია ღრუბლებში ცურვა,
შეყვარებულებს, მეგობრებს, ცოლებს…
სჭირდებათ ზრუნვა.
ხელი ჩაჰკიდეთ, კაცებო, ქალებს.
გაზაფხული
ქარმა და გიჟმაჟმა ამინდებმა
უნდა მომიყვანონ გაზაფხული,
გული მერცხალივით მოფრთხიალე
მკერდს ათი ზეცით ამიცილონ,
და სადღაც თოვლ – ტალახს ამოკრული
ვარდისფრად ალანძული ენძელები
ამოსხან, ამოაკისკისონ,
ამოსხან, ამოაგზისპირონ.
მზე შორეთს მოგზაურად დაკარგული
ორთავე თვალის ჩინად დამიბრუნონ,
რომ მერე ჩემებურად ამოვქსოვო
მიწის სურნელი და მზის ნართი…
რომ მითხრას დედამიწამ, უყვარხარო…
რომ მითხრას ამ სამყარომ – ჰყავხარო…
მეც რომ დავუხარო მშვიდად თავი,
მეც რომ შენსწორობა ვახარო.
რაღა დროს სიმორცხვე და სიზმრებია
ანდა რა იწილო და ბიწილო,
ქარია, მეც ქარით ვიხილები,
ქარია, მეც ქარით ვღვიძილობ.
ოღონდ შენში იყოს გაზაფხული,
ოღონდ გხედავდე და გისმინო.
