პრემია ივერია – დავით ტიგინაშვილი

80

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

დავით ტიგინაშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ 2025 წლის ლაურეატი ნომინაციაში  „უფლის სადიდებელი“

ქრისტე აღსდგა საქართველოვ გიხაროდენ!
საუფლო სუფრიდან ვაჟამ გადმომხედა,
მოდი, გაგახარო, აგალაპარაკო,
ამცნე საქართველოს, ქრისტე საუფლოში
ქართულად ღიღინებს და ქართულად ლაპარაკობს.
ღმერთო, დაილოცოს შენი ძლიერება,
ღმერთო, ამ პწკარებმა დრონი გადათელოს,
აღსდექ, საქართველოვ, მზისფერ ბილიკებით,
ქრისტე მობრძანდება, ტურფა საქართველოს.
მალე ყველაფერი ქართულად ამღერდება,
უფლის ბრწყინვალებამ მარად ანათელოს,
მალე იბერია ზეცად გაბრწყინდება,
უფალს მოენატრა დიდი საქართველო.
უფალს მოენატრა ვაზის ყვავილობა,
თუშურ ფარდაგივით ლექსი მზით დართული,
უფალს მოენატრა ღვთისმშობლის იავნანა,
სიყრმის ბილიკები, ენა ღვთივ ქართული.
აბა, პოეტებო, ქრისტეს შევეგებოთ,
ციდან ჩამოისმის ხმები საოცარი,
საქრისტიანოა სვეტიცხოველია,
ქართული მიწაა ღმერთის სალოცავი.
ღვთისმშობელი დაჰყურებს საქართველოს,
ქართული სიბრძნე თაობებს ეყოფა,
მოდის ძლიერი საქართველო…
გვენატრება დავითის ეპოქა.
გალობს ღვთის საუფლო ქართულ საგალობლებს,
უფალს მოენატრა სუნთქვა წამიერი,
გონაშვილმა აამღერა სამოთხის დარბაზები,
ქუხს ჩაკრულო და მრავალჟამიერი.
მოდის, მობრძანდება მადლი მახარობელს,
აღსდექ საქართველოვ! მზით ხარობდე,
საქართველო ქრისტეს სამოთხეა,
ქრისტე აღსდგა! იბერიავ, გიხაროდენ!!!

წმინდა ნინოს თმით შეკრულო ჯვარო
იანვარში, როცა მთებზე ჩამოთოვს,
მცხეთის ჯვარზე გაბრწყინდება სამება,
საქართველო სანთლის შუქზე ლოცულობს
წმინდა ნინოს ქართლში შემობრძანებას.
ნინოწმინდის ღამევ ვარსკვლავიანო,
ქარიშხალში წამოყრილო ჯარო,
ქრისტიანულ სამყაროთა ტაძარო,
წმინდა ნინოს თმით შეკრულო ჯვარო,
ქვითკირივით გაგვამაგრე, შეგვკარი,
აგვამაღლე ვარსკვლავების ხომლამდი,
სამშვიდობოს გაიყვანე, გეთაყვა,
საქართველო – როგორც ნოეს ხომალდი.

ადამიანი ყოველ წუთს!
დამიანი ყოველ წუთს
ღმერთისთვის უნდა კვდებოდეს
ხოლოდ მას უნდა ჰმონებდეს
რჩევას მას ეკითხებოდეს.

რამ დაგაღონა, ჩემო ქვეყანავ
რამ დაგაღონა, ჩემო ქვეყანავ,
კვლავაც გამოვცლით ღვინის ფიალებს…
აქ ხომ ქრისტეს და დედაღვთისმშობლის,
ღვთიური კვართის მადლი ტრიალებს!..
მზეო, ამოდი, ამიყვავილე
მაყვლის ბუჩქი და ლურჯი იები,
ო, მირონმდინარ მცხეთას ვემთხვიოთ,
რომ აგუგუნდეს ეკლესიები!…
გაბრწყინებულა სვეტიცხოველი…
ეკლესიათა დედამშვენება,
და, საქართველოს ღვთიურ
სამოთხეს არ უწერია გადაშენება…

+ + +
დიდება უფალს, შემასწრო
ვარსკვლავთ კრებულის ჩანახატს,
სიცოცხლეშივე სამოთხე…
წინასწარ თვალით მანახა.

მრუდე ვაზების ჩამონაჟურო
მრუდე ვაზების ჩამონაჟურო,
შენ ჩაამაჭრე ადამის მრევლი,
შენ მირონი ხარ საქართველოსი
და წმინდა ნინოს ალალი ცრემლი.
ქართული სუფრა არის რჩეული.
სტუმართმოყვარე აკადემია,
პურმარილისთვის დავბადებულვართ,
ისე სიკვდილიც არ გვიწერია!…
მრავალჟამიერ, ჩემო ქვეყანავ,
შენი სახელი ზეცამ გვაცნობა,
შენ შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე
ჩემი ლექსი და ჩემი კაცობა!…
ო, საქართველოვ, ჩემი სიცოცხლის
აღმაფრენა ხარ და გულის ფეთქვა,
შე დალოცვილო, ვაზო ქართულო,
შენი დუღილით მტრის გულებს ხეთქავ.
ხანდახან ჩემთვის ჩავფიქრებულვარ,
რამ წამიკიდა ამ გულზე ცეცხლი,
ან სიზმარშიაც რად მელანდება
ქამარ-ხანჯალი ქართული ვერცხლის.
რა წინაპრების სისხლით ვიარეთ
და არ დავღლილვართ სიკვდილთან დავით,
თითქოს ცამდე ხარ ამაღლებული
როცა დალოცავ თამარს და დავითს!…
დაგრეხილ ვაზის ჯვარის წინაშე
მადლობა შენდა უფლის ნათელო…
მაშ გაუმარჯოს ღმერთის ნაჩუქარ,
ღვთისმშობლის წილხვედრ დიდ საქართველოს!…

კახეთო, ჩემო კახეთო
რატომ არ მკითხავთ, რადა ვარ
დაღონებული ხარივით,
მოვარდი, მუზავ ტიალო,
 ბორბალოს ნიაღვარივით.
მოდი, ერთხელაც ლომებმა
ლომებრ ვიომოთ, რაც არი,
გულში არ გამამილიო
ნაღვერდალი და ნაცარი.
სულ სხვაა ლექსის წარაფი,
კლდეს შეგახეთქებს ფრიალოს,
ქვირითიანო კალმახო,
არაგვზე ჩავიგრიალოთ.
დედის ხმასავით ყურს ვუგდებ,
არაგვო, შენს ტკბილ საუბრებს,
გამლექსე მტკვარზე, იორზე,
ალაზანს გამასაუბრე.
ცივ გომბორიდან აფრენილს
სად არ მიწვდება ხელიო,
 ყვარელო, ღვინო დამისხი,
ალვანო, ჩასჭერ ყველიო.
ტირიან ქართულ გარმონზე
დაღესტან – ლეკ – ინგუშეთი,
ბერმუხა პაპავ, დასჭექე,
ამოაკივლე თუშეთი!
მომნატრებია მაჭრობა,
მზით გარუჯული მტევნები,
და პაპაჩემის მარანში
დადუღებული ქვევრები.
კახეთო, შენი ნაჟურით
ჩამავთვერ, ჩავიცრემლეო,
ღვთით კურთხეულო სამოთხევ,
აგრემც შენ შამაგევლეო.

რამ ჩამაქსოვა სისხლძარღვებში შენი ფესვები
რამ ჩამაქსოვა სისხლძარღვებში
შენი ფესვები,
რომ ვეღარა გთმობ, მადლიანო,
ვეღარ გეშვები!
ჟამთა გრიგალში მოსწყდებოდა
სამოთხეს მდელო,
ვაზის ფესვებზე რომ არ იდგეს
ეს საქართველო!
ვაზის ცრემლებით თუ ყვავილობს
მიწა მშობელი,
მაშინ დამისხით ეს ოხერი
ჩემი მთრობელი.
ხარივითა ვსვამ და სუფრაზე
ლექსით ვთამადობ,
და სტრიქონებად ვამზეურებ
სიტყვის საბადოს.
ვაჟავ, მაგიჟებს შენი ლექსის
ცეცხლის რუხები,
ლამის აცეკვდეს ხევსურულად
ძველი მუხები!
გარმონს გადავშლი, მთა-თუშეთო,
იქნებ მიშვილო,
ტკბილი დუდუკი დამიკარი,
„ზუბიაშვილო!“
ჩემო ქვეყანავ
შემოგბედავ ლოცვას წამიერ
ო, საქართველოვ… იდღეგრძელე მრავალჟამიერ!…

მუზავ, შე გულის ღვარცოფო
მუზავ, შე გულის ღვარცოფო,
უშენოდ რას ვიტანჯები,
მოდი, ჩაგავლო მარჯვენა,
როგორც არწივის კლანჭები…
გადავუქროლოთ საჯიხვეს,
დავლანდოთ კლდე და ღრეები
ჩამამაწურე გულზედა
არაგვის სათავეები.
კიდევ მანახე ჭიუხში
ცისკრის ვარსკვლავის ციალი,
დამაფრთხობინე, ოხერო,
ხარ-ჯიხვთა ჯოგი ტიალი.
სისხლო, რას ჩამაჭრიანდი,
თაფლად დაღვრილო, ბუნებით,
ქართულო ჯიშო, ჯილაგო,
აამდუღარეთ გულები!
გულო, შეასკდი ცის თაღებს,
არწივის კლანჭებ გაკრულო,
ღმერთო, ვაჟაღა მაცოცხლებს
და გონაშვილის ჩაკრულო.

***
დედას გიტირებ ცხოვრებავ,
ბანი მომეცით მთა-გორო,
კამათელი ხომ არა ვარ
დუშაშზე  გადამაგორო!

პატრიარქს
დიდება, უფალო, შენს სახელს
ტაძრები გაივსო მრევლით!..
პატრიარქს მოადგა თვალებზე,
ქრისტეს უმანკო ცრემლი!…