კეთილშობილი გვარის წარმომადგენელია, დინჯი და სიკეთით სავსე ნამდვილი ქართველი. არაჩვეულებრივი ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ემიგრაციაც გამოსცადა…
მის ნიჭიერებას მისივე ბიოგრაფიაც ცხადჰყოფს: გიორგი შარვაშიძე, დაიბადა 1960 წლის 20 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში. 1977 წელს დაამთავრა კისისხევის საშუალო სკოლა.
მოთხრობების წერა სკოლის პერიოდშივე დაიწყო, თუმცა მისი პირველი ნაწარმოები სათაურით „პირველი სიყვარული“, მხოლოდ 2019 წელს დაიბეჭდა. ამის შემდეგ მისი მოთხრობები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.
2020 წელს გახდა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის საერთაშორისო პრემია – „ივერიის“ ლაურეატი ნომინაციაში – „წლის საუკეთესო პროზა“, მოთხრობით „ინგუში ამორძალი“, რომელიც დაიწერა ემიგრაციაში ყოფნის დროს.
2025 წელს, მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთის“ ჟურნალ „ოლეს“ საიუბილეო 20 წლისთავისათვის პროზაიკოს გიორგი შარვაშიძეს მიენიჭა გურამ რჩეულიშვილის სახელობის საპატიო დიპლომი.
გამოცემული აქვს „ინგუში ამორძალი“, რომელიც მისი პირველი წიგნია.

– ბატონო გიორგი, ვინ არის გიორგი შარვაშიძე?
– გიორგი შარვაშიძე?.. ეს არის ერთი უბრალო ქართველი, სამშობლოსა და ოჯახის მოყვარული ადამიანი.
– რატომ აირჩიეთ ფსევდონიმად ,,ქართველი“?
– ამ სიტყვაში უკვე ყველაფერია ნათქვამი.
– თქვენი მწერლობის დასაწყისი…
– ჩემი მწერლობის დასაწყისი, ალბათ სკოლის ადრეულ პერიოდში უნდა ვეძებოთ, როცა ჩემთვის საინტერესო ფილმების გადმოტანა დავიწყე ფურცლებზე. შემდეგ იყო ნაწერები ამერიკელ ინდიელთა შესახებ. ისე კი, სერიოზული ნაწარმოებების წერა სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე.
– როგორ არჩევთ პერსონაჟებს?
– ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეგხვდეს პიროვნებები, რომლებიც შენი ნაწარმოებების პერსონაჟებად გამოდგებიან.
– ბატონო გიორგი, პერსონაჟების ხასიათი უფრო მხატვრულია, თუ რეალური ტიპაჟები გყავთ აღწერილი?
– რა თქმა უნდა, ჩემს ნაწარმოებებში უფრო მეტად რეალური ტიპაჟების ხასიათები მაქვს აღწერილი, მაგრამ ასევე მყავს მხატვრული პერსონაჟები გამოყვანილი.

– რატომ აიღეთ ერთ-ერთ მთავარ გმირად ,,ინგუში ამორძალი“?
– ამ ნაწარმოებში ვაჩვენე ქართველი და ინგუში ხალხების ურთიერთობები, როცა ჩვენმა ხალხმა, გაჭირვების ჟამს, ინგუშეთს მიაშურა სამუშაოდ. „ინგუში ამორძალი“ კი მხატვრული პერსონაჟია.
– რას ნიშნავს ინგუშეთი საქართველოსთვის, თქვენთვის?
– ინგუშეთსა და საქართველოს დიდი ისტორიული ფესვები გვაკავშირებს. ჩვენს თანამედროვეობაში კი, როცა იმ ავად სახსენებელ, 90-იან წლებში საქართველოს ძლიერ გაუჭირდა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა რაოდენობამ, ტერიტორიული სიახლოვის გამო, ინგუშეთს მიაშურა. ინგუშეთი გახდა ერთ-ერთი წყარო, არ შემეშინდება თუ ვიტყვი, ქართველი ხალხის გადარჩენისა. ჩემი ცხოვრების ნახევარი ინგუშეთში მაქვს გატარებული და ასე ვთქვათ, მას ჩემს მეორე სამშობლოდ აღვიქვამ.
– როგორი ხალხია ინგუში?
– ინგუში ხალხი კავკასიური ტრადიციების მოყვარე, ერთმანეთის გამტანი, ვაჟკაცური ხასიათის ხალხია.
– რას გაიხსენებთ თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეებად?
– როცა მამაჩემი გარდაიცვალა, ოთხი ბავშვი დავრჩით მარტოხელა დედაჩემის ანაბარა. აქედან ყველაზე უმცროსი მე ვიყავი…
– ბატონო გიორგი, რა არის თქვენთვის საქართველო?
– საქართველო ჩემთვის არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც უნდა გიყვარდეს, დაიცვა გარეშე მტრებისაგან და იზრუნო მასზე.

– ფაქტიურად ემიგრაციაში გიწევთ შრომა, ცხოვრება, ნაწარმოებების შექმნა. ძნელი არაა?
– 30 წელიწადია, რაც ასეა. ოჯახს რომ ხარ მოწყვეტილი, ეს საკმაოდ რთულია. ამას გარდა – ახლობლები, მეგობრები, ცოცხალი, თუ მიცვალებული, ყველაფერს აკლიხარ.
– რა არის თქვენთვის ოჯახი?
– ოჯახი არის ის წმინდა ადგილი, რომელზეც უნდა ილოცო ყოველი დღე. ოჯახის სიყვარული და მასზე ზრუნვა, ყველასთვის უპირველესი მოვალეობაა.
– შარვაშიძეები როგორ მოხვდით თელავში?
– შარვაშიძეების კვალი თელავში, ალბათ ერეკლე მეორის დროიდან უნდა ვეძებოთ.
– რას ნიშნავს იყო შარვაშიძე?
– შარვაშიძეები ყოველთვის იყვნენ სამშობლოსათვის მებრძოლთა ავანგარდში. ამიტომ შარვაშიძე ჩემთვის ნიშნავს საქართველოს მიმართ მეტ პასუხისმგებლობას, მეტ სიყვარულს.
– გაიხსენეთ პრემია „ივერია“, რას ნიშნავს ის თქვენთვის?
– პრემია „ივერია“ ჩემთვის არის სტიმული. ამ პროექტში გამარჯვებამ დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობაში.

– პრემია „ივერია“ და მსგავსი პროექტები რას აძლევს ქართულ და გნებავთ უცხოურ კულტურას?
– პრემია „ივერია“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული პროექტია, რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ ქართული კულტურის სფერო, არამედ გასცდა მის საზღვრებს და საერთაშორისო აღიარება მოიხვეჭა. ეს არის უფრო მეტი ავტორის აღმოჩენა და აღიარება.
– არ გიფიქრიათ, რომ პრემია „ივერიის“ წარმომადგენელი გახდეთ ინგუშეთში, სადაც გაიმართება ხოლმე ეს პროექტი?
– ეს ჩემი სურვილიც არის, რომ ჩვენი მოძმე ერი ჩაერთოს ამ პროექტში.
– რა არის თქვენთვის ილია ჭავჭავაძე და ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქი, ილია მეორე?
– ილია ჭავჭავაძე იყო საქართველოს მედროშე, როგორც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა, ასევე ლიტერატურული მიმართულებით. ილია მეორე კი არის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გამაერთიანებელი და სულიერი წინამძღოლი.
– რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რომ უკეთესად ვიცხოვროთ?
– პირველ რიგში ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. პოლიტიკა, პოლიტიკოსმა უნდა მოაგვაროს, მწერალმა – წეროს, სპორტსმენებმა – სპორტის საქმეს მიხედონ, მოკლედ, პური – მეპურემ აცხოს…
– როგორ მდგომარეობაშია დღეს საქართველო?
– ვერ ვიტყვი, რომ საქართველო დღეს კარგ მდგომარეობაშია. ასე რომ იყოს, არ გვეყოლებოდა ამდენი მშიერი, ამდენი გაჭირვებული, ამდენი ემიგრანტი. და რაც ყველაზე სამწუხაროა, დღითი დღე უარესდება მდგომარეობა.

– და ბოლოს…
– პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ბატონ ნუგზარ-პეტრე ჭიაბერაშვილს, ამ ამაგდარ ადამიანს, პრემია ,,ივერიის“ დაარსებისათვის. ვულოცავ ყველა მონაწილეს ამ პროექტში მონაწილეობას, რადგან ოლიმპიური დევიზისა არ იყოს, მთავარია მონაწილეობა. ეს პროექტი ხელს უწყობს ადამიანთა დაახლოვებას და მეგობრობის განმტკიცებას, ახალი სახელებისა და სახეების წარმოჩენას. და ბოლოს, ყველას ვუსურვებ ახალ-ახალ წარმატებებს და საინტერესო ნაწარმოებების შექმნას.











