გიორგი კუხალაშვილი: თუ გენიოსების მშვენიერებას ვერ წვდები, ღვთაებრივ აზროვნებას ვერ შეძლებ

5117

ავტორი: მარი თაბაგარი
როცა ღმერთი დიდ ნიჭს გაძლევს, ეს არის ბედნიერებაა, მაგრამ თუ ამ ნიჭს გენეტიკაში გიდებს, უკვე მადლია. ამ მადლის მატარებელია მხატვარი გიორგი კუხალაშვილი (ჯემალ კუხალაშვილის ვაჟი).

გიორგი კუხალაშვილი ბავშვობიდან ხატავს. მისი პირველი გამოფენაც სკოლაში შედგა. მაშინ ათი წლის იყო და დღემდე თავისი შვიდი პერსონალური გამოფენიდან ყველაზე შთამბეჭდავად პირველს მიიჩნევს. ბავშვის აღქმა და განცდები ხომ ყველაზე დასამახსოვრებელია. სიმრავლის გამო ვერ ასახელებს ჯგუფური გამოფენების რიცხვს და ვრცელია იმ ქალაქების ჩამონათვალიც, სადაც მისი გამოფენები გამართულა. თუმცა ნიდერლანდების სხვადასხვა ქალაქში მოწყობილი მხატვრის თორმეტი სოლო გამოფენა ,,ჰიერონიმუს ბოსხის სიზმარის“ უნიკალურობაზე მიგვანიშნებს. გიორგი კუხალაშვილი 2011 წელს გამართულ კონკურსზე ,,ლევ ტოლსტოი თბილისში“ წარსდგა საინტერესო ტილოთი – ,,შეხვედრა ტოლსტოისთან“ და პირველი ადგილიც დაიმსახურა. 2015 წელს კი ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ,,ახალგაზრდა პროფესიონალი ხელოვანის წოდება“ მიენიჭა.

გიორგის ფერწერა მეტყველია, შესანიშნავად წერს ფერებით, ხოლო მეუღლე, სალომე გონაშვილი, რომელსც გიორგი მენეჯერის სტატუსს ანიჭებს და თავისი ფერწერის კონცეფციისა თუ პრესრელიზების უბადლო ავტორად ასახელებს, არაჩვეულებრივად წერს კალმით. ისე, რომ მისმა პიესამ თბილისში გამართულ ერთ-ერთ კონკურსზე სპეციალური პრიზი აიღო და მინსკში გამართულ ,,თეატრის დღეებზე“ მიწვევაც მიიღო.ჯერ-ჯერობით სამი პიესის ავტორია. გიორგის და სალომეს ჰყავთ ორი წლის ლუკა, რომელსაც გენეტიკური ხაზი უკვე ამჩნევია. განსაკუთრებით უყვარს ფანქრები, ფუნჯები და საღებავები.
გიორგის წარმატებებზე ბევრი დაწერილა და თქმულა, ამიტომ საუბარი ბავშვობის მოგონებით დავიწყეთ:
– გიორგის, მამასთან, მუდამ თავს იყრიდნენ შემოქმედი ადამიანები და მუდმივად იყო საუბარი ხელოვნებაზე. მაშინ მათი თავშეყრა მიხაროდა, მნიშვნელობას ნაკლებად ვაცნობიერებდი.
– თანატოლებისგან რაიმე ნიშნით ან თვისებით განსხვავებული, გამორჩეული თუ იყავით?
– ალბათ ვიყავი. მიყვარდა და მსიამოვნებდა უფროსების მოსმენა. თითქმის ყველა ბავშვი ხატავს, მაგრამ მე ხუთი წლისამ უკვე ვიცოდი, რომ მხატვარი ვიქნებოდი. ახლა რომ ვაკვირდები, ჩემი ბავშვობის ნამუშევრებს, გამოკვეთილი იქ არაფერია, თუმცა გარემო მაძლევდა საშუალებას, მეტი მეკეთებინა. ღრმა ბავშვობის წლებს, რომელიც მეხსიერებას არ შემორჩა, ახლა ჩემს შვილში ვხედავ. ალბათ, მეც ასეთი ვიყავი. ლუკასაც უყვარს ფანქრითა და გუაშით ხატვა.


– მამის პოპულარობამ გზა გაგიკვალათ, მაგრამ რაიმე ხელის შემშლელიც ხომ არ იყო?
– ხელისშემშლელი ალბათ მხოლოდ კომერციული კუთით. შემოქმედებით წინსვლაში კი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იყო, ასეთი ძლიერი მხატვრის შვილი რომ ვარ. ეს მოდუნების უფლებას არ მაძლევდა. თვითონ მამა იყო აქტიური და ეს დადებითად მოქმედებდა ჩემზეც.
– მამის მუშაობის პროცესიდან რა გახსოვთ და როგორ აღიქვამდით ბავშვობაში მის შემოქმედებას, რამდენად მარტივად კითხულობდით ნახატის შინაარსს?
– მამა ხშირად გვრთავდა ხოლმე ბავშვობაში მე და ჩემს ძმებს მუშაობის პროცესში. დაგვიძახებდა და აზრს გვეკითხებოდა, როგორ სჯობდა კონკრეტულ ტილოზე რაიმე ფიგურის გამოსახვა. ეს იყო ძალიან საინტერესო პროცესი და ყოველთვის მზად ვიყავი ჩემი აზრი გამომეთქვა. ბევრჯერ ალბათ, არასწორად ვამბობდი, მაგრამ მამა ყოველთვის ყურადღებით მისმენდა.
– შემდგომში თვითონ თუ ჩარეულა თქვენი მუშაობის პროცესში?
– კი, მოუცია რჩევები. როგორც ცხოვრებაში გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობაა ხოლმე მამასა და შვილს შორის, მხატვრობაშიც ასეა, აზრისა და გემოვნების კუთხით დავაც გვქონია. ისეთი შემთხვევაც მახსენდება, რჩევის გამო გაბრაზებულმა ტილო რომ დავაზიანე. როცა ხარ ახალგაზრდა შემოქმედი, გაქვს შენი ინდივიდუალიზმი, ჩარევა არ მოგწონს. მამის საინტერესო მხარეს ყოველთვის ვხედავდი და ვიცავდი ჩემს ინდივიდუალიზმსაც. ვახერხებდი, ჩემი სათქმელი მეთქვა.
– საყვარელი ჟანრი?
– კომპოზიცია, ყველაფრის სინთეზი. ადამიანის ხასიათის გადმოცემა კომპოზიციაში ყველაზე ღრმადაა შესაძლებელი, თუმცა მოდილიანი ამას პორტრეტშიც შესანიშნავად ახერხებდა.


– გაქვთ რელიგიურ თემაზე შექმნილი ტილოები. თვითონ რელიგიასთან რა დამოკიდებულება გაქვთ?
– რელიგიასთან ვერ მივა ადამიანი თუ ხელოვნების საფეხურები არ გაიარა. მაშინ ის აუცილებლად ფანატიზმში გადაუვა. თუ გენიოსების მშვენიერებას, მათში გამოვლენილ აზროვნებას ვერ წვდები, ღვთაებრივ აზროვნებას ვერ შეძლებ. ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელი რელიგიური ადამიანების არ მწამს. სიმაღლეებისთვის ჯერ ადამიანის ბუნება უნდა განვითარდეს. ამას წლები სჭირდება. თავიდან თოთხმეტი წელი 10-12 საათი ვმუშაობდი, ვხატავდი…
– საიდან ითვლით ამ თოთხმეტ წელს?
– დაახლოებით იქიდან, მეცხრე კლასი რომ დავამთავრე და თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ჩავაბარე. ხელწერის გამომუშავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამას სჭირდება დრო. როგორი დიდი თანდაყოლილი ნიჭიც არ უნდა გქონდეს, შრომა აუცილებელია. ამ მხრივაც ყველა გენიოსს დასაწყისში წინამორბედის გავლენა ჰქონდა და აქვს. თუ მაესტრო არ გყავს, ვერ გახდები მაესტრო.
– თქვენი მაესტრო ვინ იყო?
– მამაჩემი!
– მაშინ კიდევ უფრო წინა სათავეს გავარკვევ… მამათქვენი ვის თვლის მაესტროდ?
– ფიროსმანსა და პიკასოს. ბევრს საუბრობდა სამხატვრო აკადემიის პედაგოგებზეც. ბავშვობა ქუთაისში გაატარა და ახლაც იხსენებს ხოლმე, ცოცხალი მხატვრის ნახვა მენატრებოდაო. ერთხელ უნახავს ქუჩაში ვიღაც მხატვარი და უკან გაყოლია, რომ ზუსტად აღექვა და დაკვირვებოდა მის ყოველ მოძრაობასა და ჩაცმულობას. ეს ყველაფერი კი ჩემთვის ფუფუნება იყო.
– კლასიკოსი მხატვრებიდან ვინაა თქვენთვის საინტერესო და მისაბაძი?
– ადრეულ წლებში ფრანსისკო გოიათი ვიყავი გატაცებული, შემდეგ ჰიერონიმუს ბოსხის, პაბლო პიკასოს და სალვადორ დალის შემოქმედება მომწონდა. დღეს უკვე მიქელანჯელოც, ლეონარდოც, რაფაელიც, ტინტორენტოც ჩემშია. ამ გენიოსების გზაზე მავალი ხელოვანი მწვერვალამდე აუცილებლად მიაღწევს.


– თქვენს სავალ გზაზე მეტოქეობას და შურს თუ გრძნობთ?
– როცა ორი გენიოსი ვლინდება, იქ მეტოქეობა ყოველთვისაა. ქრისტეს მოწაფეებშიც იყო მეტოქეობა. სახარებაში ყველაზე კარგადაა მსგავსი პრობლემები გადაწყვეტილი. როცა საიდუმლო სერობის წინ მოწაფეებს ერთმანეთში დავა მოსდით, მაცხოვარი ბავშვს მოუხმობს, მათ შორის ჩააყენებს და ეუბნება, ვინც თავის თავში ჩემი სახელით ბავშვს გააღვიძებს, ის არის ყველაზე დიდიო. თავმდაბლობა ჩვენი სულიერებისა და აზროვნების საფუძველი უნდა იყოს. ნიჭიერ და ხელოვან ხალხში ამის გაწონასწორება ცოტა რთულია. ვფიქრობ, ხელოვანებს ცოტა ამბიცია ეპატიებათ კიდეც.
– პოეზია გიყვართ. საყვარელი პოეტი ვინ არის?
– გალაკტიონი. მიყვარს ლექსების მხატვრულად წაკითხვა. მახსოვს, სკოლაში ჩემს წაკითხულ ლექსზე პედაგოგს ცრემლიც კი მოადგა.
– ნახატი, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე ხატავდით და რა პერიოდს მოიცავდა (წლებს, თვეებს)?
– შვიდი წელი ვხატავდი ,,საიდუმლო სერობას“. მაქვს სხვა ნამუშევრებიც, დასრულებას წლები რომ დასჭირდა, ზოგიერთს – რამდენიმე თვე. ახლაც პერიოდულად ვუბრუნდები სხვადასხვა დაწყებულ ტილოს. ზოგიერთ შემთხვევაში ფერის ძიებაში ვარ.
– მოგვიყევით იმ პროექტის შესახებ, რომელსაც სათავეში უდგახართ. რა განხორციელდა პროექტის ფარგლებში და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– მამას თაობის მხატვრებს ყველა იცნობდა. ჩვენ, ახალგაზრდები არ ვჩანდით. ბევრი ფიქრის შემდეგ (მეგობრებთან ერთად), 2010 წელს დავაფუძნე ორგანიზაცია ,,ხელოვნების ენა“. ჩვენი თავი გავაცანით წინა თაობასაც და საზოგადოებასაც. პირველი გამოფენაც ,,წარსულისა და აწმყოს შეხვედრა“ იყო. იმ ინფორმაციის გზავნილი, რომ ჩვენ საფუძვლად გვიდევს ტრადიციები, ვართ დაზგური ფერწერის მიმდევრები. ამ პროექტის ფარგლებში შევასრულეთ სხვადასხვა ცნობილი ხელოვანი ადამიანის პორტრეტი. ჯერჯერობით ოცდაათამდე პორტრეტი გვაქვს შექმნილი. მათგან ზოგიერთი მუზეუმს, ზოგიც პირადად მათ გადავეცით. პროექტს აფინანსებდა თბილისის მერია. ორ-სამ წელიწადში ერთხელ ვიმეორებთ მსგავს ღონისძიებებს და მომავალშიც გავაგრძელებთ. აღსანიშნავია ზურაბ წერეთლის მუზეუმში გამართული საქველმოქმედო გამოფენაც, სადაც პაატა ბურჭულაძის ფონდ ,,იავნანას“ შევუერთდით. სასიამოვნო იყო, როგორც ხელოვანი ადამიანებისთანხვედრა, ასევე ქველმოქმედებაც.