ლიანა კვაშილავას ბავშვობის ოცნება, პრობლემები და სამომავლო გეგმები

1810

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

უბედური შემთხვევა რომ არა, მისი ნიჭი და შრომისმოყვარეობა მეტ სიკეთეს მოუტანდა მისსავე ოჯახს და ქვეყანას… რთულია ისაუბრო ადამიანთან, რომლისთვისაც ცხოვრება იმაზე მეტად რთულია, იდრე ჩვენ წარმოგვიდგენია… მაგრამ, ხშირად ეს ადამიანები ჩვენთვის მაგალითები და რწმენის ქვაკუთხედები ხდებიან, რომლებიც გვავიწყებენ საკუთარ უძლურება-გასაჭირს და ჩვენც, თავაწეულები, გამარჯვებისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას ცხოვრებისთვის, მომავლისთვის!…

ნიჭიერია, შრომობს, თვითგანვითარების გზა აირჩია და საქმეც გამოიჩინა… საინტერესო რესპონდენტია ლიანა კვაშილავა, რომელიც ქალაქ მარტვილიდანაა. ჩემი რესპონდენტი „ივერია – ბრილიანტის“ ლაურეატი და ნომიმანტია და მისთვის ამ სფეროში კარი უკვე გაიღო, რომ მეტ წარმატებას მიაღწიოს…

სასიხარულოა, რომ საქართველოს არაერთი ქალაქის მუნიციპალიტეტი ჩაერთო შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – „ივერია – ბრილიანტში“… მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ეს საკითხი-პრობლემა გაითავისა და ხელს უწყობს შშმ პირებს განვითარებაში. მათ შორისაა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია, ალექსანდრე გრიგალავა…

– ლიანა, როდიდან დაიწყეთ სიმღერა?

– სიმღერა ყოველთვის მიყვარდა, სახლში ჩემთვის ხშირად ვმღეროდი, თუმცა მუსიკალურ სასწავლებელში არ მისწავლია.

– ეტლში როგორ ჩაჯექით, რა მოხდა…

– 25 წლის წინ უბედური შემთხვევის გამო… 15 წლის ასაკში ხიდან ჩამოვვარდი და ხერხემელი დამიზიანდა.

– რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?

– ჩემმა მდგომარეობამ სხვა კუთხით მომცა თვითგანვითარება და ჩემი შესაძლებლობების გამოვლინება. აღმოვაჩინე, რომ მეხერხება ხელსაქმე, კერვა, ქსოვა, ე.წ. ხელთნაკეთი ნივთების გაკეთება, მიყვარს ხატვა, ვწერ ლექსებს და სიმღერის ტექსტებს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ვიყო დასაქმებული და მქონდეს ჩემი შემოსავლის წყარო.

– პირველად სად იმღერეთ დიდ სცენაზე?

– ბავშვობის ოცნება იყო, რომ დიდ სცენაზე მემღერა. მეგონა, რომ ვერასდროს ავიხდენდი ამ სანუკვარ ოცნებას… „ივერია – ბრილიანტმა“ მომცა ამის შესაძლებლობა და პირველად ქუთაისში შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე – „ივერია ბრილიანტზე“ ვიმღერე დიდ სცენაზე – ოპერის თეატრში.

– და რა მოგცათ „ივერია – ბრილიანტმა“?

– „ივერია – ბრილიანტმა“ მომცა გამოცდილება, საკუთარ თავში დამარწმუნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს.

– ლიანა, რუსთავშიც აპირებ კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობას, – „ივერია – ბრილიანტზე“. რას იმღერებთ?

– შევარჩიე ორი სიმღერა, „ვერხვის ფოთოლთა“ და „დაუკარით დაუკარით“.

– ვინ გეხმარებათ სიმღერის რეპერტუარის შერჩევაში?

– სიმღერებს თვითონ ვირჩევ, ვხვდები რა შემიძლია და რა მომწონს, რა არის ჩემი.

– ხელშეწყობა რამდენად გაქვთ?

– ვერ გეტყვით, რომ ამ მხრივ კმაყოფილი ვარ, კარგი იქნებოდა მყავდეს მასწავლებელი, რომელიც შემასწავლიდა სწორად სიმღერას და უფრო განვვითარდებოდი, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობებით ამას ფინანსურად ამ ეტაპზე ვერ ვახერხებ.

– შშმ პირების რეალური პრობლემა რა არის დღეს?

– ჩვენ, შშმ პირებს, ბევრი პრობლემა გვაწუხებს, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა არაადაპტირებული გარემოა. არ არის ყველგან ეტლით გადასასვლელები, შენობებში შესასვლელი პანდუსები… ხშირად გვინდა ჩვენთვის ძალიან საჭირო დაწესებულებაში შესვლა ეტლით და იმის გამო, რომ შენობა არაადაპტირებულია… სოფელში არ არის მოსახერხებელი გზები, რაც ხელს გვიშლის ეტლით გადაადგილებაში და სრულფასოვნად ცხოვრებაში.

– სამომავლო გეგმები…

– ჩემი სურვილია ვიყო დასაქმებული, მქონდეს ჩემი საქმე-სამსახური და შემოსვლის წყარო, რომ თავი სრულფასოვან ადამიანად ვიგრძნო. მე სოფელში ვცხოვრობ და ეს მეტად რთულია. ამიტომ ჩემი თხოვნაა, შესაბამის სამსახურებს, ვისაც ეს საკითხები ეხება, რომ დამეხმარონ და დამასაქმონ. მადლობა, რომ დამითმეთ დრო და ყურადღება.

პ.ს. „ივერია – ბრილიანტი“, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება და უდიდეს ძალას, მადლს, სიკეთეს, რწმენას და სათნოებას აძლევს ამ ფესტივალის ყოველ მონაწილეს და ამიტომაც გვჯერა, რომ ლიანა კვაშილავასთვის ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება…