ციური მჭედლიძე: სცენაზე სიმღერის დროს ვიღაცეებმა ჩამცხრილეს…

145


ავტორი: თინათინ ჭედია
80-ნი წლების თბილისი, სასბჭოთა წყობილება, საქართველოც ერთ-ერთი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა 15 რესპუბლიკას შორის და ჩვენი მთავარი, ყველა ერის უდიდესი დედაქალაქი მოსკოვია, კრემლიდან ბრეჟნევი და მისი თანამოაზრეები მართავენ და აკონტროლებენ მთლიანად საბჭოთა სივრცეს. სოციალისტური წყობილების ნგრევა დაწყებულია, მაგრამ ხალხი, მათ შორის მეც ამას ვერ ვგრძნობთ, მშვიდად ვცხოვრობთ ძველ კომუნალურ ბინებში, სადაც რამდენიმე ოჯახს საერთო სამზარეულო, აბაზანა და ტუალეტი აქვს, ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკებში“ უკეთესი სიტუაციაა, უბრალოდ, ჭერის სიმაღლე ნორმაზე დაბალია… შენდება ახალი უბნები, ძირითადად საბურთალო, ვაკე, სადაც კეთილმოწყობილი ბინებია და იქ წარჩინებულ ადამიანებს აბინავებენ, მაგრამ მთავარზე მინდა ყურადღება გავამახვილო, ისეა საქმე აწყობილი, რომ უმუშევარი არავინ უნდა იყოს…
მოკლედ, სწავლასთან ერთად გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო, ქარხანაში და საწარმო არ მინდოდა. მიდგა-მოდგა ჩემი გამზრდელი ბებია და მიშოვა სამსახური სამუსიკო ანსამბლების რესპუბლიკურ გაერთიანებაში… გამამწესეს ამავე გაერთიანების კამერული გუნდის ინსპექტორის პოზიციაზე.
ასაკით ბევრად უფროსი თანამშრომლები დამხვდნენ, მაგრამ სულ მალე, მიიღეს ახალგაზრდა მომღერალი, რამაც უზომოდ გამახარა, რომ კოლექტივში ჩემს გარდა იქნებოდა ჩემივე თაობის წარმომადგენელი, და იცით ვინ იყო ეს გოგონა? ციური მჭედლიძე. ქართველი, მაღალი კლასის მუსიკოსი, პედაგოგი, კომპოზიტორი. მოკლედ, მე და ციური დავმეგობრდით, მე 1987 წლის ბოლოს წამოვედი სამსახურიდან… ჰო და, 31 წლის განშორების შემდეგ, როგორც იქნა შედგა ჩვენი შეხვედრა და ამ შეხვედრის მთავარი მიზეზი „ქართული ელიტა“ აღმოჩნდა.

– ციური, 4 წელია ფეისბუქით ვეკონტაქტებით ერთმანეთს და როგორც იქნა მეღირსა შენთან ჩახუტება.

– მეც ძალიან გამიხარდა ჩვენი რეალური შეხვედრა, ძალიან არ შეცვლილხარ, 31 წელი გავიდა, დედაა?!

– ვიცი, რომ უბედნიერესი ქალი ხარ და შენს საყვარელ საქმეს აკეთებ _ მღერი, ზრდი მუსიკოსების ახალ თაობებს, შეგიძლია მითხრა რამდენი სიმღერის ავტორი ხარ და ძალიან მაინტერესებს სამომავლოდ რის გაკეთებას აპირებ შოუბიზნესში?

– ზუსტად ვერ გეტყვი რამდენი ნაწარმოების ავტორი ვარ, არ დამითვლია, მაგრამ საკმაოდ ბევრია, რასაც ვმღერი, უმრავლესობა ჩემია. ბოლოს რაც შევქმენი ეს იყო სიმღერა თბილისზე. ლექსის ავტორია ქართველი ებრაელი იური ბერიძე. მას დავუწერე სამი სიმღერა, რომლებსაც თავად ასრულებს.

– რა სტილში მღერის ეს ადამიანი, რაც დაუწერე?

– სოულის სტილში მღერის. მამა გაბრიელზე დავწერე კიდევ, ტექსტი ეკუთვნის მარინა ხონელიძეს. ბოლოა დედა ქეთევან იეღუმენის ლექსეზე, დანარჩენს ტექსტს კითხულობს მსახიობი ზვიად დოლიძე, ძალიან კარგი გამოვიდა და ვფიქრობ, გავაკეთო კლიპი.

– ციური, ეს ნაწარმოები საგალობელია?
– მე საგალობლები მიყვარს, თანაც საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე ვსავლობდი კულტურის ინსტიტუტში და მიხარია, რომ შემიძლია ვწერო საგალობლებიც.

– კიდევ რა ჟანრებში გრძნობ თავს კარგად?

– ფოლკი მიყვარს, ქალაქური სიმღერები, ბაიათებსაც ვმღერი ხოლმე.

– ფანოღი გიცდია?

– უიმე არა, არ მიყვარს! ივერიის სპექტაკლში „ფიროსმანი“ _ ქარქუხელი ირინეს როლი შევასრულე და ვიმღერე _ „ყარაჩოღელი“, ესაა ქალაქური და კულტურულ დონეზე გაკეთებული სიმღერა, რომელსაც ფლამენგოს სტილის მელოდია შევუთავსე.

– მოკლედ, შენ ასრულებ ფიროსმანის „ქალი დაირით“ პერსონაჟს-მარინეს და გავხარ მას?

– ფიროსმანის დაირიანი ქალი არის ფერხორციანი, საკმაოდ სრული და მე ბატონმა ჯემალ ბაღაშვილმა მაჩვენა თავად იმ ქალის ფოტო, ვინც ფიროსმანმა დახატა და ის საოცრად თხელი და ჰაეროვანი ქალია და ცოტათი მგავს. მშრალ ხიდზე ერთ მხატვარს აქვს ამ სურათის კოპიო და აუცილებლად შევიძენ მისგან ამ სურათს. მიყვარს ეს როლი. საგუნდო მუსიკა არის ჩემი სფერო. ცხრა წელი „ალილოს“ ხელმძღვანელი ვიყავი, მყავდა ანსამბლი „ივერონი,“ „ზარები“. სახელმწიფო კაპელაში მიმღერია, სხვადასხვა საგუნდო სიმღერის კოლექტივებში. მრავალი კარგი მუსიკოსი გავუზარდე სამშობლოს, ცნობილი მუსიკოსებია მერაბ ვარდოსანიძე, ავთანდილ ჩადუნელი, ფატი ბროლაშვილი, დათუნა სირბილაზე, გიორგი გაბუნია… მოკლედ, ბევრნი არიან და ჩამოთვლა რომ დავიწყო, შესაძლოა ვინმე გამომრჩეს და ვაწყენინებ…

– ეხლაც მოქმედი პედაგოგი ხარ, ხომ?

– რა თქმა უნდა.

– მართალია, რომ ვოკალში ვინც ბავშვებს ამეცადინებს საკუთარ ხმას იფუჭებს?

– კი ასეა, ყველას სხვადასხვა რეგისტრი აქვს, თანაც მე ძირითადად ბიჭებთან ვმუშაობ, ბიჭების რეგისტრი გოგონებისგან მკვეთრად განსხვავებულია.

– რეგისტრს რომ ამბობ, რას ნიშნავს?

– ტონალობებს თიკო! მაღალი ბგერა, საშუალო, დაბალი…

– არ მითხრა ეხლა ხმა გავიფუჭეო.

– არა, ჯერჯერობით არ ვუჩივი.

– ციური, რომ ბერდება ხმა ვიცი, მაგრამ ცვდება კიდევაც დაბერებამდე?

– წლების მანძილზე იხვეწები, შესაძლებლობები მაღალი გაქვს, მერე იკლებს თანდათან და ამასობაში სიბერეც წამოგეწევა ხოლმე, დიაპაზონის შენარჩუნებას აქვს დიდი მნიშვნელობა.

– ფილმები გაგილამაზებია შენი სიმღერით?კონკურს-ფესტივალებზე მიგიღია მონაწილეობა?

– მამა გიორგი ყიფშიძის სამ ფილმში მივიღე მონაწილეობა, სოსო ჯაჭვლიანის ფილმი რომაა „სვანი“, იქაც გავაკეთე საუნტრეკი, მოსფილმმა გადაიღო თორმეტ სერიიანი ფილმი“ტრიუკაჩ“, იქ ვიმღერე. პროექტი იყო ასეთი,“ პატრიოტი“, გავიმარჯვეთ და შევასრულეთ სიმღერა „შენ ხარ ქართველი“, 2008 წელს ამ სიმღერას ყველა არხზე ატრიალებდნენ. სანამდეც მუშაობდა ეს პროექტი ყოველ წელს ვიმარჯვებდით.

– „პატრიოტი“ კონკურსი იყო თუ ფესტივალი?

– კონკურსი იყო პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერებისა და ეს იყო კულტურის სამინისტროს კონკურსი. „ფოლკშიც“ გამოვდიოდით,“ არტგენზეც,“ ესენი ფესტივალებია.

– გახსოვს, 1987 წელს „ჩვენ ვეძებთ ტალანტებში“ შენ და გია სურამელაშვილმა რომ გაიმარჯვეთ?

– რა კარგი კონკურსი იყო…

– და შენ ჩემი ყავისფერი ბლესკი რომ გესვა ტუჩებზე, ისე გიხდებოდა თუ უხდებოდი…

– მახსოვს, სახარის ფერი მაკიჟი რომ იყო მოდაში, ბუნებრივი, გაწონასწორებული.

– ციური, მრავალი წლის შემდეგ, როგორც მახსოვს მე გიპოვე ფეისბუქზე, 4 წელია მანდ გრძელდება ჩვენი მეგობრობა და იცი რატომ გეძებდი?

– ახალგაზრდობა გაგახსენდა ალბათ…

– მე სულ მახსოვდი, მაგრამ აზრად არ მომსვლია, რომ ფეისბუქი დამეხმარებოდა შენს პოვნაში. გეტყვი რაც მოხდა, ტაქსში ჩავჯექი, სახლში მოვდიოდი, მძღოლს რადიო ჰქონდა ჩართული და ამ დროს შენ ამღერდი. მძღოლი ამბობს, – აუ, რა გოგო იყო და ესეც წავიდა… გული გამისკდა, რას ქვია წავიდა მეთქი! – ჰო, ამერიკაში წავიდა თავის ოჯახთან ერთად და იქ მოღვაწეობსო.

– არა თიკო, მე საქართველო არასდროს დამიტოვებია, რუსთავში დავიბადე და დღესაც რუსთავში ვცხოვრობ, მეამაყება, რომ რუსთავიდან ვარ.

– გითხრა მერე რაც მოხდა, სახლში მივედი, შევვარდი ფეისბუქში, გიპოვე და მეგობრობა გამოგიგზავნე, თან ვფიქრობდი იქნებ აღარც ვახსოვარ… 31 წელი გასულა ციური…

– კი, 1987 წელს წახვედი შენ სამსახურიდან, მაგრამ მე მახსოვდი ყოველთვის.

– მჯერა, ციური. შენი ამერიკაში წასვლის ცრუ ამბავი შენს შესახებ ვინ გაავრცელა და რა მიზნით?

– მიზეზი ვიცი, მაგრამ ვინ გამივრცელა ეს არ ვიცი.

– და რატომ, რა მიზეზით?

– რა და, ხომ იცი, შოუბიზნესში როგორ მაღალ დონეზეა აყვანილი არაპირდაპირი და ზურგსუკანა მტრობა. ერთი ქართველი ქალი იყო, ბიზნესმენი, რუსეთში მოღვაწე, მას ჰქონდა ქართული რესტორნების ქსელი და ჩემი მიწვევა უნდოდა, როგორც მუსიკოსის, ჩამოვიდა, მეძებდა, მომაგნო, მაგრამ იმ მომენტში ვერ შემხვდა… ვიღაცამ უთხრა, ციური ამერიკაში წავიდაო და დამანება იმანაც თავი, მერე გავრცელდა ხმა ხალხშიც, ეს მოხდა 90-იან წლებში და აქამდე ბევრს ასე ჰგონია.

– იყო კიდევ სხვა ჭორი შენს შესახებ?

– იყო, რომელიც თავად გავიგე შემთხვევით. ჩემი გოგონების მასწავლებელი საბავშვო ბაღში იყო ნათლიაჩემი და ერთ მშვენიერ დღეს ბავშვების გამოსაყვანად რომ მივედი, თანამშრომელი ეუბნება ნათლიაჩემს: უიო, საწყალი ციური მჭედლიძე, როგორ მიყვარდა და ეს გოგო რა მაგრად ჰგავსო, არადა მართლა მე ვიყავი. აღმოჩნდა, რომ თურმე მე ავტოკატასტროფაში მოვყევი და დავიღუპე. მეორე ცრუ ისტორიის თანახმად, სცენაზე სიმღერის დროს ვიღაცეებმა ჩამცხრილეს თურმე… არადა, ეხლაც ცოცხალი ვარ, ვმუშაობ ღვთის წყალობით!

– ციური, რას ეტყვი ჩვენი ჟურნალის საშუალებით ხალხს?

– მადლობელი ვარ ამის საშუალებას რომ მაძლევ. პირველ რიგში მშობლებს ვუხდი მადლობას, განსაკუთრებით დედიკოს, მან იცოდა, ჩემგან კარგი მუსიკოსი რომ დადგებოდა, მაძალებდა, რომ მემუშავა საკუთარ თავზე. მადლობა ჩემს ორ ძმას, შვილებს, რომ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში, სიძეებს, ჩემს ქალიშვილებს კარგ ქმრობას რომ უწევენ და დედამთილს – ვენერა კომახიძეს განსაკუთრებულად, რომელმაც ფაქტიურად გაზარდა ჩემი პატარები, ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ ჩემგან კარგი მუსიკოსი გამოსულიყო.

– მეუღლე არ გიწყობდა ხელს?

– მთავარი ისაა, რომ ზოგიერთი ქმარივით არ ეჭვიანობდა, იცოდა, რომ თუ მაგვიანდებოდა შინ მისვლა, ესე იგი, ისევ შრომაში ვიყავი და არა გართობაში. მადლობელი ვარ ლალი ჯანელიძის, თემურ ჯანელიძის, ნანა კიკნაძის, ლალი ჩაჩიბაიასი, ტარიელ ონაშვილის, ზურაბ ერქომაიშვილის, მალხაზ ლებანიძის, – ჩემი საყვარელი მასწავლებლებია! უღრმეს მადლობას ვუხდი ჯემალ ბაღაშვილს, რომელმაც ბევრი სიკეთე გამიკეთა, როგორც ადამიანს და როგორც მუსიკოსს, მან მე ბოლომდე აღმომაჩინა და შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი წამაშველა. ჩემთვის ძვირფასი და მისაბაძი ადამიანია აგრეთვე ბატონი თემურ წიკლაური. სხვათაშორის, მე და ბატონმა თემურმა სხვა ფიროსმანიც ვიმღერეთ მარიკა კვალიაშვილის ვარსკვლავის გახსნაზე და იქ უკვე მარინა კი არა, მარგარიტა ვიყავი. მელოდია თავად კვალიაშვილისაა.