ინგა ხორბალაძე: მაქვს ამბიცია, რომ…

5961

ქალისთვის ჩანთა, სამკაულები და სხვა მოსართავი აუცილებელი ნივთია ანუ ერთგვარად – ცხოვრების წესი… მანდილოსნებისთვის ჩანთები ერთ-ერთი განუყოფელი და ჯადოსნური ნივთია… მისი შექმნით დავინტერესდით, ამიტომაც – ინგა ხორბალაძეს ვთხოვეთ ინტერვიუ, რომელიც ორიგინალ – მხოლოდ თითო ეგზემპლიარს ანუ განუმეორებელ ჩანთებს ქმნის. ინგა დღეს ჩვენი სტუმარია.

– ინგა, საინტერესოა, „გვირინე“ რას ნიშნავს ეს სიტყვა?

– გვირინე ჩემმა მეუღლემ დამარქვა _ „გვირალი“ მეგრულად ნიშნავს ბრიალა თვალებს, ხოდა ჩემი ბრიალა თვალების გამო გვირინეს მეძახის. ძალიან მომწონს და ვფიქრობ ორიგინალური სახელია, დასამახსოვრებელი.

– რატომ მაინც და მაინც ხელჩანთების ქსოვა?

– ზოგადად ჩანთები ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან მიყვარდა. სკოლაში, 90-იან წლებში დავდიოდი, მაშინ განსხვავებული ტანსაცმლის და აქსესუარების შოვნა ძალიან ძნელი იყო, ყველას ერთნაირად გვეცვა, ხოდა მე და ჩემი მეგობარი თვითონ ვიკერავდით-ხოლმე ჩანთებს. მაშინდელიდან მაქვს გამოყოლილი, ბევრი იდეა მქონდა და აი საბოლოოდ განვახორციელე, ნელ-ნელა ხორცს ვასხამ დაგროვილ იდეებს.

– პროფესიით რა ხართ?

– პროფესიით სოციოლოგი ვარ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე. თუმცა პროფესიით არასდროს მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით ინტერვიუერობას სოც. კვლევებისთვის.

– ყველა ჩანთას ჩანაფიქრის მიხედვით ასრულებთ თუ გიწევთ ხოლმე იდეის შეცვლა?

– განწყობას გააჩნია. ზოგჯერ ვიცი რაც უნდა გავაკეთო და წინასწარ ჩაფიქრებულ-წარმოდგენილი ზუსტად გამოდის-ხოლმე, ზოგჯერ უბრალოდ ფერს ვირჩევ და თავისით იქმნება ქსოვაში რაღაც ახალი. ქსოვა ძალიან შემოქმედებითი პროცესია ჩემთვის.

– ქალი და ჩანთა…

– ჩემთვის ჩანთა არ არის უბრალოდ ნივთი, რომელიც გვჭირდება. ჩანთით გამოვხატავ განწყობას, ხასიათს, შინაგან მდგომარეობას. მოკლედ მე ჩანთებთან ვმეგობრობ. მგონია, რომ ქალების უმრავლესობაც ასე ფიქრობს, არ ვიცი…

– სხვა რა უყვარს ქალს ჩანთის გარდა?

– ყველა ინდივიდუალურია, ქალების სახელით ვერ გეტყვით, მაგრამ მე ჩანთების გარდა კიდევ ბევრი რამ მიყვარს. საფულეები, და ნებისმიერი ფერადი აქსესუარი, რომელიც კარგ განწყობას შემიქმნის. საერთოდ ფერადოვნება.

– რამდენად ძვირია თქვენი პროდუქცია?

– ვფიქრობ ძალიან ხელმისაწვდომია, მიუხედავ იმისა, რომ ხელნაკეთი ნივთები ზოგადად ძვირად ფასობს, მე ვცდილობ გოგონებს მივცე შესაძლებლობა შეიძინონ ბევრი ფერადი გვირინე.  ფასები 35 ლარიდან 80 ლარამდე მერყეობს.

– რა მასალას იყენებთ?

– ძირითადად ტრიკოტაჟის ძაფით ვქსოვ. მრავალფეროვებისთვის სხვა სახის ძაფებს, ზოგჯერ ტყავის შემცვლელს და ზამშსაც ვიყენებ.

– რამდენ დღეს ანდომებთ ერთი გვირინეს შექმნას?

– გააჩნია სირთულეს, ზომას, ზოგჯერ, როცა ძალიან შთაგონებული ვარ და ერთი სული მაქვს დავასრულო და შევხედო ჩანთას, 3 საათშიც დამისრულებია. საშუალოდ, როცა შეკვეთას ვიღებ სამ დღეში მზად მაქვს-ხოლმე.

– დიდი ჩვენებებისთვისაც ხომ არ ემზადებით?

– ახლო მომავალში არ მაქვს რაიმე კონკრეტული გეგმა, მაგრამ დიდი მიზნები მაქვს და ერთ მშვენიერ დღეს ნამდვილად მექნება პერსონალური ჩვენება, გამოფენა.

– ამ საქმიანობას ბიზნესის თვალით უყურებთ თუ ჰობია და ამ დონეზე დარჩება?

– ჩანთების ქსოვა დავიწყე გასართობად. ერთი წლის შვილი მყავს, სახლში მომიწია ყოფნამ და უსამსახუროდ დარჩენილს, ჩემი თავი და პირადი ცხოვრება რომ არ დამეკარგა, ჰობის დონეზე დავიწყე ქსოვა, მაგრამ ახლა ჰობზე ბევრად მეტია. ძალიან მომწონს, რასაც ვაკეთებ და თან შემოსავალიც მაქვს ჯერჯერობით მცირე, მაგრამ აუცილებლად განვავითარებ ამ საქმეს.

– თქვენი პროდუქციის უცხოეთში გატანაზეც ხომ არ გიფიქრიათ?

– დიახ, ვფიქრობ და ვმუშაობ კიდეც ამ მიმართულებით, მაქვს ამბიცია, რომ გვირინე იყოს ცნობილი ბრენდი.

– შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ივერია – ბრილიანტის“ ერთ-ერთი სპონსორიც იყავი და რა მოგცა ამ დღემ და რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი ჩართულობა?

_ პირველ რიგში თვითონ ეს პროექტი ძალიან კარგ საქმეს ემსახურება და გამიხარდა, როცა ასეთი შესაძლებლობა მომეცა. საერთოდ სასიამოვნოა, როცა საკუთარი ნაშრომით ვინმეს გახარება შეგიძლია. ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეტი შემართება მომცა ჩემი საქმიანობისთვის, მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს.

– კრიტიკოსი თუ გყავს შენი საქმიანობისა?

– უფრო შემფასებელს ვიტყოდი. კი, მყავს ჩემი მეუღლე და დედა. ყოველთვის, როცა ახალ გვირინეს ვაკეთებ, პირველად შესაფასებლად ჩემს მეუღლეს ვაჩვენებ, შემდეგ დედას. დიდი მნიშვნელობა აქვს მათ აზრს ჩემთვის. ჩანთებს ჩემი შვილიც მიფასებს-ხოლმე, თავისებურად.