თამარ ალადაშვილი: უფლება არ მაქვს ყველაფერი ვთქვა…

8557

ავტორი: სალომე ჭიკაძე

თამარ ალადაშვილი – სიყვარულით გაჟღენთილი გოგონა, პროფესიით ბიზნესმენი, მომღერალი, ავტორ-შემსრულებელი, ანსამბლ „თსუ გორდელას“ წევრი და ანსამბლ„თორდას“ მუსიკალური ხელმძღვანელი – ახალ ამპლუაში ანუ კინოთეტრებში მალე ახალი ქართული კომედიური ფილმი „იღბალი“ გამოჩნდება და რესპონდენტთან ამ ამბების გამო ჩავწერე ინტერვიუ. ფრაზა„იღბალი ყველასია“ ფილმის სლოგანად იქცა. ფილმი ერთნაირად ყველასია, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს და სქესს… ვფიქრობ, ყველასთვის, ვისაც იუმორის გრძნობა და სიყვარული აქვს, ერთნაირად საყვარელი გახდება ეს ფილმი. ამ ფილმში გამოყენებული არ არის უწმაწური სიტყვები და, როგორც რამაზი იტყვის ხოლმე „არ ვიგინებით, არ ვეწევით – ცუდს არაფერს არ ვაკეთებთ“…

– თამარ, როგორ მოხვდით გადასაღებ მოედანზე?

– რამაზ ბლუაშვილის წყალობით, რომელიც არის სცენარის ავტორი და რეჟისორი, ჩემი დიდი ხნის მეგობარია, გამომიგზავნა სცენარი, რომ გადამეხედა და ჩემი აზრი მეთქვა. წავიკითხე, პირველი რეაქცია იყო – აუ, რა მაგარია! და გამიჩნდა სურვილი, რომ ფილმად მენახა და ვუთხარი – რამაზ, ეს უნდა გადაიღო.

– რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ხატიას როლი უნდა გეთამაშათ?

– წაკითხვიდან, სადღაც ერთი თვის მერე, რამაზმა მითხრა, – ისე, ხატიას როლზე რას ფიქრობო? იქამდე ვერც წარმომედგინა, რომ ამ ყველაფრის მონაწილე გავხდებოდი. რაღაც საჩემო ვიპოვე ამ როლში და ძალიან გამიხარდა, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემზე ბედნიერი იმ დღეს არავინ არ იყო.

– როლის მორგება გაგიჭირდათ?

– არა. იმიტომ, რომ შვიდი წელი თეატრში ვიმუშავე, ბევრ სპექტაკლში ვითამაშე. მართალია, მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ სასცენო გამოცდილება შევიძინე. ყოველთვის მინდოდა ფილმში მეთამაშა და აი, ღმერთმა გამომიგზავნა საჩუქრი.

– რამდენად ახლოს არის ხატიას პერსონაჟი თქვენს პიროვნებასთან?

– ახლოს არის, რადგან ხატია არის ძალიან ბევრ ტკივილგადატანილი გოგონა, სევდიანიც, თავისი წილი ტკივილი აქვს ზურგზე აკიდებული და თავისი გზით მიდის. ძალიან მგავს, ვიტყვი იმიტომ, რომ სიყვარულით არის სავსე, რაც მთავარია, ხატიას დათო შეუყვარდება, რომელსაც ისეთი სასაცილო შემთხვევითობით გაიცნობს. მოკლედ, ხატიასაც ისევე სწყურია ეს ბედნიერება, როგორც დათოს და გადაწყვეტენ, რომ ეს ბედნიერება ერთად გამოსცადონ. უბრალოდ, უფლება არ მაქვს, რომ სცენარი ბოლომდე გავამხილო…

– აქამდე ურთიერთობა გქონია გიორგი ცხადაძესთან?

– გიორგი ცხადაძეს ბავშვობიდან, „ერისიონიდან“ ვიცნობ. უკეთ ლადო დონღვანთან და გიორგი გოგოლაურთან ტრიოში სიმღერის დროს გავიცანი. ახლო ურთიერთობა არ მქონია გიორგისთან. ახლა ძალიან ახლო მეგობრებიც გავხდით.

– ხატია არშბა რას ეტყოდა ჩვენს მკითხველს?

– ყველას უნდა უყვარდეს ადამიანი, სიყვარული – ეს არის გრძნობა, რომელიც ამოძრავებს დედამიწას და რომლითაც შეგიძლია ტკივილის, ტანჯვის, განსაცდელის, მოკლედ ყველაფერის გადალახვა, მისთვის დაბრკოლება არ არსებობს. ხატიას სათქმელი ალბათ ეს იქნება, რომ არ მთავრდება არასდროს რაღაც ისე თუ არ იწყება ახალი. მისთვის შეიძლება რაღაცები დამთავრდა, მაგრამ ძალიან კარგიც დაიწყო. დაიწყო სიყვარულით და იღბლით. სადაც შემეძლება ყოველთვის ვიტყვი, რომ არასდროს არ არის გვიან, თუნდაც იყოს სიცოცხლის ბოლოს, მაგრამ ისიც არ იქნება გვიან. ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოსცადოს, არ აქვს მნიშვმელობა, როდის…

– გადაღებები სად მიმდინარეობს?

– მთელი საქართველოს მასშტაბით. ჯერჯერობით თბილისის აეროპორტში და მცხეთაში. ნელ-ნელა გავალთ რაჭაში, მესტიაში, კახეთში, რა თქმა უნდა, იმერეთში, სამეგრელოში. მოკლედ, ყველა კუთხეს მოივლიან დათო და ხატია. ჯერ მხოლოდ დათო და მერე გზად ხატიაც გადაეყრება.

– პრემიერა როდის შედგება?

– პრემიერა იქნება წელს, ნოემბერში, სავარაუდოდ მხოლოდ კინოთეატრებში, ამას რეჟისორი და ფილმის მენეჯერი გადაწყვეტენ. ალბათ, ზაფხულში დასრულდება ყველანაირი გადაღება და მერე წავა მონტაჟზე.