თამარ მეტრეველი: მუსიკის რიტმში ჩაფლული თბილისი მაშინ, როცა ქართლის ორღობეებში სამშობლოსათვის მშველელის გარეშე სულს ღაფავდნენ…

3181

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

პოეტობა, მწერლობა რთულია! თუმცა ყველა პროფესია თავისებურად რთულია და საპასუხისმგებლო, პროფესიონალობა კი რჩეულთა ხვედრია ყველა სფეროში. ჩემი რესპონდენტი, ქალბატონი თამარ მეტრეველია, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. მისი ინტერვიუ საინტერესოა და საკამათო, რადგან მის პასუხებში არის მრავალგვარი და შეიძლება ითქვას – ურთიერთგამომრიცხავიც… წაიკითხეთ, საინტერესოა…

– რა ქვეყანაა საქართველო?

– საქართველო – სამოთხეა დედამიწაზე, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი ცხოვრობს და ყველას სათავისოდ ეჩემება, არადა, ავიწყდებათ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და „დრონი მეფობენ და არა მეფენი“…

– როგორი ხალხია ქართველები?

– ამას მოკლედ გეტყვით, ჩემი ლექსით, რომელიც ჩემი შვილიშვილისთვის, ოთიკო მაჩაბელისთვის დავწერე:

მე ქართველი ვარ…

მე ქართველი ვარ, ვამაყობ ამით,

სისხლით და ხორცით გმირთა შვილი ვარ,

პატარა კახის, დიდი დავითის,

ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი ვარ…

ლეკვი ვარ ალგეთს დაბადებული,

და ჩემს ტაოზე მიდგას ეს თვალი,

ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქართულ მიწას,

აღარ გვექნება წინაპრის ვალი…თამარ მეტრეველი ვინაა?

პურია მიწის, ხავსდაფენილ ჟამიან ბელტის… ლიტერატურული არტ. სალონის „სინათლის საფეხურების“ დამფუძნებელი, რომელიც ცდილობს ქვეყანაზე კეთილი კვალის დატოვებას.

– პოეტობაა ძნელი, ქალობა თუ დედობა?

– ყველაზე ძნელი დედობაა, – ურთულესია. შეიძლება იყო მარტო პოეტი, მარტო ქალი, მაგრამ დედა, მარტო დედა არ არის… დედა – ბევრის დამტევია, უფრო ღრმაა… თუმცა, არც კარგი პოეტობა და არც კარგი ქალობა არის ადვილი, სამივე ერთად მითუმეტეს, რთულია.

– დღევანდელი მწერლობის ბედი როგორაა?

– უკიდურესად გაჭირვებული ყოფა არის დღეს ხელოვნების ყველა სფეროში, ჰონონარის გარეშე არის დარჩენილი მწერლობა. ვფიქრობ უმკაცრესი კრიტერიუმებით უნდა მოხდეს ამ სფეროში პრივილეგიების მინიჭება და შემდეგ დამსახურებულად იქნეს მათი შემოქმედებისთვის გადახდილი შესაბამისი ანაზღაურება ხელისუფლებისგან, თუნდაც მინიმალური… პოეტს, რომ გზის ფული არა აქვს, მეგობრის პოეზიის საღამოზე წასასვლელად, ეს დამამცირებელია.

– რა უფრო ჭირს დღეს, პროზა თუ პოეზია?

– უფრო პროზა ჭირს, ხარისხიანი, ასევე საბავშო  ლიტერატურა…

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი მაგალითი ან წარმატებული, დღევანდელი პოეტებიდან?

– ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ყველა მისაბაძია, არ მიყვარს ადამიანის გულის ტკენა. დღეს ვერ წერს? იქნებ ხვალ დაწეროს, დაე წეროს… დრო დაალაგებს ყველაფერს, ყველას და ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილზე, თუმცა მყავს ფავორიტი მწერლები და მათ იციან ამის შესახებ, მათ მიმართ სიყვარული არასოდეს დამიმალავს.

– ახალგაზრდებს რამდენად ნათელი მომავალი აქვთ ლიტერატურულ სფეროში?

– ასი ბავშვიდან გამოკითხვა რომ ჩაატარო, არავინ იტყვის, რომ მას უნდა იყოს მწერალი, რადგან მწერლობით დღეს ოჯახს ვერავინ შეინახავს. სახელმწიფო არ ზრუნავს ჩვენზე. ამიტომ, ისინი ირჩევენ სხვა პროფესიას და წერის მოთხოვნილება რჩება, როგორც ჰობი. სახელმწიფო ნაკლებად ზრუნავს ახალგაზრდა მწერლების წარმოჩენაზე. დღეს ასე ჩანს, იმედია შეიცვლება რამე…

– საქართველოს რა სტკივა ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად? დაკარგული სხეულის ნაწილები, ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, მოყვარისგან და გარეშე მტრისაგან მიყენებული ჭრილობები, უდროოდ დაღუპული ლომგულა ვაჟკაცები, გაუტანლობა, ორგულობა, სისხლის დაკარგული ყოველი წვეთი, ემიგრანტები…

– ქართველები გაუტანლები არიანო…

– არც მთლად ასე ცუდად არის საქმე, მაგრამ, სანამ ქართველები, ნიჭიერი ადამიანებისა და ნაღდი მამულიშვილების სიყვარულსა და მათ ერთგულებას, დაფასებას არ ვისწავლით, მტერი ყოველთვის მოგვერევა…

– ომი უცხო არაა თქვენთვის, რას გაიხსენებდით ომიდან?

– ომმა ნიღაბი ჩამოხსნა ადამიანებს, გამოაშკარავდნენ ისინი, ორად გაიყვნენ, მტაცებლებად და ადამიანებად. ომის დროს მეუღლე სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა, სამი ბავშვით, (აქედან პატარა, ნიკოლოზი, ხუთი თვის იყო) შემოვლითი გზით ოთხი დღე მივდიოდით ნიქოზიდან თბილისამდე, მწარედ მახსოვს სამმაგად გაძვირებული ტრანსპორტი… მახსენდება უცხო ადამიანის მიერ ნაჩუქარი ჭიქა და ერთი ბოთლი წყალი, რომელიც აგვისტოს ხვატში ოქროს ფასად გვიღირდა, სამარშრუტო ტაქსში, უკვე თბილისში, უცხო ქალბატონისგან გადახდილი სამგზავრო თანხა 50 თეთრი. არ დამვიწყებია არც ერთი ადამიანი, ვინც მაშინ დამხმარა, უფალმა დალოცოს ისინი… მწერალი თამარ გაბროშვილი, რომელმაც მომძებნა და დიდი დახმარება გამიწია. არასოდეს დამავიწყდება, როცა თბილისში შემოვედით, მტკვარზე, სანაპიროზე გადაკიდებული ანკესები… მუსიკის რიტმში ჩაფლული ქალაქი, მაშინ როცა, ქართლის ორღობეებში სამშობლოსათვის დაუნდობელად დაცხრილული ქართველი ვაჟკაცები ღია თვალებით, მშველელის გარეშე სულს ღაფავდნენ, თითქოს ეს ომი სადღაც ქვეყნის დასალიერში იყო და არა ქართლის – საქართველოს გულში… ეს არასოდეს დამავიწყდება!

– გჯერათ, რომ ისევ გამთლიანდება საქართველო?

– მე უფლის მჯერა, მის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება, უფრო უარესი დღეები უნახავს ჩემს ქვეყანას, უფალი მოწყალეა…

– მწერლის ვალი, ვალდებულება და სინამდვილეში ვინაა მწერალი, რა ევალება მას ერისა და ქვეყნის წინაშე?

– შვილი ოჯახის სარკეა, მწერალი ქვეყნის. მწერლის ვალდებულება და მისია, დიდია ქვეყნის წინაშე მაგრამ, თუ ქვეყანას არ უნდა მათ გაუფრთხილდეს, იმ ქვეყნის მომავლის საქმე ცუდად არის. უამრავი ნიჭიერი ადამიანი: სპორტსმენი, მუსიკოსი, მწერალი, მსახიობი დღეს სამწუხაროდ, ემიგრაციაში იმყოფება…

– თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით.

– მეუღლე, თამაზ მეტრეველი, მხატვარი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ომის ვეტერანია. უფროსი შვილები, 27-25 წლის, ოლიკო და ლაშა დაოჯახებულები არიან, გვყავს ოთხი შვილიშვილი. მესამე შვილი, ნიკოლოზი 11 წლისაა, ის პატრიარქის ნათლულია. ჩვენ სოფელ ზემო ნიქოზში ვცხოვრობთ, მავთულხლართიან ცხინვალთან ორასიოდე მეტრში…

– ჰობი…

– ჩემი ჰობი, ყვავილების მოვლა და წიგნის კითხვაა.

– რა არის სიყვარული და რა არის სიძულვილი?

– სიყვარული არის ამაღლება, თავგანწირვა და სიძულვილი – სიმდაბლე, მომაკვდინებელი დაავადებაა.

– ბოროტება, როგორ შემოდის ადამიანში და სიკეთე როგორ…

– სიკეთე მადლია, სიმშვიდე, სიხარული და სიყვარული მოაქვს მას ამ დროს. ნეტარებს სულიც და ხორციც, როცა ამის ნაკლებობაა გულში, მაშინ შემოდის ბოროტი და მის ადგილს იკავებს. ბოროტებას კი შფოთვა, ნერვიულობა, განსაცდელი ახლავს თან და ადვილი წარმოსადგენია, რაც ემართება სხეულს, სულს…

– ლიტერატურული კრიტიკა თუ დაუწერიათ თქვენს შესახებ?

– ასეთი რამ არ მახსოვს, თუმცა, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია, მას, ღვარძლი და ლანძღვა-გინება არ უნდა ახლდეს…

– საბავშო ლექსებსაც ქმნით?

– დიახ, საბავშო კრებულის „გოზინაყის მინდორის ანუ აღარ გვინდა ომობანას“ ავტორი ვარ. საბავშო ლექსების გარდა მათთვის მოთხრობებს და პიესებსაც ვწერ.

– რა ბარიერს აწყდებით სამწერლო გზაზე?

– ბარიერი, მხოლოდ წიგნის დაბეჭვდის დროს მხვდება, რაც ფულის არქონას უკავშირდება.

– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერია“?

– უზომოდ მადლიერი ვარ, მისაბაძი საქმეა, ეს დიდი სტიმულია დამწყები მწერლისთვის, ეს არის დაფასება, ეს არის ყურადღება, ბედნიერი ვარ რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ეს პრემია მიიღო…

– ლიტერატურული კონკურსებისა და პრემიების შესახებ რა აზრის ხართ?

– ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ კონკურსის შესახებ მაშინ გამიგია, როდესაც უკვე გამარჯვებულები გამოცხადებულა, ვისურვებდი, რომ უფრო მეტად ინფორმირებულები ვიყოთ მანამდე, ვიდრე… პრემიაც არის, ერთგვარი ყურადღება, მაგრამ სასურველი იქნება, რომ პრემიას ფულადი წახალისებაც ახლდეს თან.

– ვაჟა უფრო გიყვართ თუ….

– ვაჟაც მიყვარს, გალაკტიონიც, მაგრამ ჩემში რაღაცნაირად, ტერენტი გრანელის მიმართ არის უდიდესი პატივისცემა.

– და ბოლოს….

– ასეთი რთული პერიოდი საქართველოს ბევრჯერ ჰქონია, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ხვდება ადამიანს, არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, განსაცდელმა უნდა გაგვაძლიეროს, გამოგვწვრთოს. გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ერთმანეთი ეროვნების, რელიგიისა და სოციალური მდგომარეობის გარეშე! იმედს ვიტოვებ, ყველაფერი კარგად იქნება.

ჩვენს ინტერვიუს, თქვენის ნებართვით, ლექსით დავასრულებ…

ქართული მიწა არ იყიდება!!!

შენ ხარ დავითი, თუ სამშობლოს ტკივილი გტკივა,

თუ ფეხშიშველი ჯარს წინ უძღვი, გქვია თამარი,

უქართველებოდ, სამაჩაბლოს ცრემლები სცვივა,

დღეს აფხაზეთში, უქართველო ლურჯი ცა არის…

პური ვარ მიწის, ხავსდაფენილ, ჟამიან ბელტის,

ჭრელ საწუთროში, დაბნეული მორცხვი მდგმური ვარ,

ვსაზრდოობ მისგან ცოდვა – მადლით, ან კი რა მეთქმის,

როგორც ცვარ-ნამი, თავთავებზე შეხიზნული ვარ,

დღეს ვარ და ხვალაც, თუ ვიქნები, ვინ იცის ნეტავ,

გვდევნიდნენ მუდამ, ჩვენ კი ამ მთებს ვერ ველეოდით,

დღეს ამ მადლიან, მთაგორიან, საქართველოში,

მჯერა, ქართველნი, ბევრად მეტნი დავეტეოდით…