გია ყარალაშვილი: მოგვიანებით, აღარც მუსიკა მშველოდა, აღარც ძველბიჭობა

4129

ავტორი: თინათინ ჭედია

წარმოგიდგენთ თბილისელ, ვორონცოველ კაცს, რომელიც მრავალი წელია პრესტიჟულ რესტორნებში მუშაობს პიანისტად. შერჩეულ რეპერტუარზე ეტყობა, როგორი დახვეწილი გემოვნება აქვს, არც ჰუმანიზმი აკლია, ინტელიგენტურია, კარგად იცის საქართველოს ისტორია და იმ ხალხებისაც, რომლებმაც ჩევნი ისტორიის განვლილ გზებზე კვალი დატოვეს. პატრიოტია, მაგრამ სხვა ერებსაც პატივს სცემს.
მეგონა, მხოლოდ მუსიკოსთან მექნებოდა საუბარი და, გავიცანი ადამიანი-მეომარი, ღირსეული სამხედრო წარსულითა და საინტერესო ბიოგრაფიით. ეს ბატონი გახლავთ, გია (გიორგი) ყარალაშვილი.


– ბატონო გია, თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ, როგორ ოჯახში დაიბადეთ, რომელ სკოლაში სწავლობდით?
– დედაჩემი დასავლეთ საქართველოს პროკურორი იყო, გენერალ-ლეიტენანტი. მამა „გრუზენერგოს“ სამინისტროში, უფროსის, ჭედიას მოადგილე იყო. არ მახსოვს რა ერქვა ჭედიას, მაგრამ მამაჩემზე გიჟდებოდა, ძალიან უყვარდა, აფასებდა, როგორც მშრომელ და წესიერ ადამიანს, რომელმაც ყველა წარმატებას თავისით, სხვების დაუხმარებლად მიაღწია. 23-ე საშუალო სკოლაში დავდიოდი, სადაც გაძლიერებული პროგრამით გვასწავლიდნენ ფრანგულ ენას. მუსიკალურ სკოლაშიც დავდიოდი თერთმეტ წლედში, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაარსებული სასწავლებელი იყო, მაგრამ, რატომღაც არ დავდიოდი სასწავლებელში, სახლში ეგონათ, რომ იქ მივდიოდი, მაგრამ რომელიმე ახლობელს ჩავჭიდებდი ხელს და კინოთეატრში მივდიოდი, რაიმე კარგი ფილმის სანახავად. მოკლედ, სრული მუსიკალური განათლება არ მაქვს.
– არადა მეგონა, აკადემიური მუსიკალური განათლება გქონდათ, ისე კარგად უკრავთ…
– გმადლობთ, არც მთლად მასეა, ბევრ რამეს თავად ვაწყობ ხოლმე…
– რა ვიცი, ზუსტი და უნაკლოა ყველაფერი, რასაც უკრავთ და, ტონალობას თქვენთვის მნიშვნელობა აქვს?
– არა, ტონალობებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, არც დიეზები მიჭირს… მოკლედ, მიყვარს ფორტეპიანო.
– მაშინ, ვინ შეგამჩნიათ და ვისი წყალობით გახვედით მუსიკალურ სამყაროში?
– ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ვიყავი, მკვლელობას ვუყურე ბავშვობაში, რამაც ჩემს ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა, საშინელი ნევროზი დამემართა და არავის არ სჯეროდა, რომ მე რაიმეს გაკეთებას შევძლებდი, მითუმეტეს, ხელოვნების სფეროში. მაგრამ მუსიკისადმი ბუნებრივმა სიყვარულმა, როგორც ჩანს, ჩემი ნიჭი გამოავლინა. როცა სულიერად მიჭირდა, მუსიკას ვუსმენდი და მეც ვუკრავდი ხოლმე ჩემთვის. მეზობელმა შეამჩნია, რომ კარგად ვუკრავდი.
– ის მეზობელი მუსიკოსი იყო?
– არ იყო მუსიკოსი, კარგი მსმნელი იყო, მომკიდა ხელი და წამიყვანა „გორკის კლუბის“, ეხლანდელი ვარდების ბაღის ტერიტორიაზე, კულტურის სახლში. იქ იყო ცეკვის ანსმბლი და მათთვის გარმონზე ვუკრავდი.
– ბატონო გია, ფორტეპიანოს გარდა, სხვა საკრავებზეც ასე კარგად უკრავთ?
– დიახ, გარმონზე, დრამზე, გიტარაზე.
– ყველა გიტარაზე?
– სოლოს გარდა.
– ჰო და, ფორტეპიანომდე მიხვედით ისე, რომ ყველასთვის დაგეკრათ და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის?
– აი, სწორედ მანდ შემამჩნიეს, რომ როიალთანაც არ ვიყავი მწყრალად და გარმონიდან გადავედი როიალის კლავიშებზე, საესტრადო ანსამბლი იყო „გორკის კლუბში“, „მამულო“ და იმათაც დავჭირდი.
– ჩემს ბავშვობაში იქ კიდევ ერთი როკჯგუფიც გადიოდა რეპეტიციებს, „ბერმუხა“ ერქვა.
დიახ, ეს იყო ქიტიაშვილის როკჯგუფი. პატარა ბიჭი ვიყავი და დავიწყე გასტროლებზე სიარული, სსრ-ის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მოგვიანებით, იმის იქითაც მივდიოდით ხოლმე, თან ცალკეც, ანსამბლების გარეშეც ვღებულობდი სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას, სკოლაშიც გაცდენები დამიგროვდა… ეხლა წლები მერევა, რომელ წელს სად ვარ ნამყოფი აღარ მახსოვს, მაგრამ დამღალა ხეტიალმა, თვითფრინავში და „ბორბლებზე“ ჯდომამ, იმ პერიოდში შევჭამე რვაასი ათასი კილომეტრი ძეხვი. 18 წელზე მეტის არ ვიქნებოდი, რომ მივხვდი, ცხოვრების ძველ წესს ვუბრუნდებოდი, საძმაკაცოს, კვლავ ძველბიჭობამ გამიტაცა. მოგვიანებით, აღარც მუსიკა მშველოდა, აღარც ძველბიჭობა, ახალი მინდოდა რაღაც… ავდექი და წავედი რიგაში, ჩავაბარე უმაღლეს სამხედრო აკადემიაში.
– ბატონო გია, როგორც ჩასული სხვა ერის წარმომადგენელი, იქ, როგორ გრძნობდით თავს?
– თავს, ვგრძნობდი ჩასულად და უცხოდ, რუსი მასწავლებლები კარგად მექცეოდნენ, მაგრამ „პრიბალტიკელებს“ შევამჩნიე, მაინცდამაინც არ მოვწონდით ქართველები, არც სხვები მოწონდათ, მაგრამ გამაღიზიანებლად არ იქცეოდნენ. მივიღე, უძლიერეს უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო განათლება, მერე „უჩენიებზე“ გამიშვეს და იქიდან წამოვედი ლეიტენანტის წოდებით, ჩამოვედი სამშობლოში და შევედი ქართულ ჯარში. - აქ, უბრალო ჯარისკაცად არ მიგიღებდნენ, იმედია... - აქაც მომიმატეს წოდება, უკვე ოფიცერიც გავხდი, - უფროსი ლეიტენანტი, ვიმუშავე 116-ე ბატალიონის 11-ე ბრიგადაში, შეიარაღების უფროსის პოზიცია მეკავა. მერე, მოხდა ისე, რომ დავიწყე მუშაობა თენგიზ ჩანტლაძის იუმორისა და სატირის თეატრში. იქაც ვიყავი ჯარში და მუსიკაშიც დავბრუნდი, ანსამბლიც შევქმენი.

თეატრში რა თანამდებობა შემოგთავაზათ ბატონმა თენგიზმა?

მუსიკალური ნაწილის გამგე გავხდი იქ და, თანაც ასაკით ყველაზე პატარა ვიყავი სამსახურში. მერე თეატრში მოვიდა ცირკის დირექტორი და თენგიზს სთხოვა, - შენი პიანისტი ბიჭი მათხოვეო. დავიწყე ცირკის წარმოდგენების მუსიკალურად გაფორმება.

- ამას მარტო აკეთებდით, ორკესტრის გარეშე?!

ადრე იყო ორკესტრი ქართულ ცირკში, ეხლა უკვე აღარაა, მე კიდევ, მარტო ვეჭიდებოდი ამ საქმეს.

მხოლოდ ფორტეპიანოზე უკრავდით?!

სამი ინსტრუმენტი მიყიდეს და ამათი საშუალებით მიმყავდა პროგრამა. კორდის დასახელების პიანო,„როლანდი“ – ჩემი ჩამოტანილი და როიალი.
– ამის მერე რა მოხდა, ბატონო გიორგი?
– 1989 წელს წავედი პარიზში.
– ვინ წაგიყვანათ?
– რუსმა ცნობილმა მსახიობებმა, იური ნიკულინმა და ოლეგ პოპოვმა. ისე, ესენიც ცირკის მსახიობები იყვნენ, მაგრამ ელიტის წარმომადგენლები, ვარსკვლავები. 2 წლის განმავლობაში მქონდა ამ ორ ადამიანთან ურთიერთობა. მთელი ევროპა მაჩვენეს. ჩემს გარდა იქ სხვებიც იყვნენ, 15-ვე რესპუბლიკიდან 2 ან სამი ადამიანი იყო კოლექტივში და გვქონდა ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა და სიყვარული. ჩამოვედი 1992 წლის დსაწყისში და პირდაპირ აფხაზეთის ომში წავედი.
– სამაჩაბლოში გიბრძოლიათ?
– არა, არ გამიშვეს მანდ. ზვიად სამხარაულმა, რომელიც ჩემი ბატალიონის უფროსი იყო, მითხრა: დაეტიე იმ ადგილას, სადაც ხარო.
– ხომ არ დაჭრილხართ ომში ბატონო გია?
– მე კი გადავრჩი, მაგრამ აფხაზეთში ძმა დამეღუპა, ავთანდილი!
– მერე რა მოხდა?!
– ჩამოვედი, აქ ყველაფერი არეული იყო, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, არც სხვებმა და დავიქსაქსეთ ასე რესტორნებში. კარგა ხანია, პრესტიჟულ რესტორნებში ვმუშაობ პიანისტად.
– ეხლა, რომელ რესტორანში უკრავთ?
– „ილოურში“. ილია ხოდელიაა მეპატრონე და ძალიან კარგი პიროვნებაა, იმიტომაც შემოვრჩი იქ ამდენხანს.
– ისიც მუსიკოსი ხომ არაა?
– არა, ბიზნესმენია.
– თქვენი ოჯახის შესახებაც გვითხარით ცოტა რამ.
– ერთი ვაჟი მყავს დავითი და ორი შვილიშვილი: სანდრო და ლიზიკო. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით მეუღლე-თინიკო, მან გააფერადა ჩემი ცხოვრება.
– და ბოლოს, მე ვარ თქვენი ფეისბუქმსმენელი, მომწონხართ, როგორც პიანისტი…
– გმადლობ! ხუთი ათასზე მეტი ფეისბუქმსმენელი მყავს და იმხელა პოზიტივს და სითბოს ვგრძობ ყველასგან, თან მგონია, რომ ყველანი ჩემები ხართ, თითქოს ყველას გიცნობთ.