დავით ივანიშვილი: საზომი ერთეული არ არსებობს ჩემთვის, არც ქართველი და არც უცხოელი მხატვრებიდან

5165

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

საინტერესო, რთული, ხშირად დაუფასებელი… ალბათ, საპირისპიროც – დაფასებული, ამაღლებული, უმნიშვნელოვანესი და გავლენიანიც კი… და კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ სფეროს შესახებ და მის მოღვაწეებზე. ეს არის მხატვრობა! მხატვრები და ის ადამიანები, ვინც ამ დიდებულ ხელოვნებაში იღწვიან მაღალი პროფესიონალიზმითა და ენთუზიაზმით, უკვდავ შემოქმედებას ქმნიან და მსოფლიო აღფრთოვანებაში მოჰყავთ…

„ქართული ელიტა“ ინტერვიუს ძალიან საინტერესო და ღრმადმოაზროვნე ადამიანთან, მსოფლიოში უკვე ცნობილ ქართველ მხატვართან, დავით ივანიშვილთან აქვეყნებს.

– ბატონო დავით, რა არის მხატვრობა?

– თუ ტრაფარეტული არ გამოვა, ვიტყვი, რომ მხატვრობა ყველაფერია: ცეკვა, სიმღერა, პოეზია, თერაპია, ფილოსოფია. მხატვრობა ამქვეყნიურს ყველაფერს მოიცავს, სამყაროს ფარგლებს სცდება და გალაქტიკაში გადის… თუ ამას შემოქმედი გრძნობს ესეიგი ასეა!!! ნახატი არის ემოცია, რომელიც მთელს მიწიერ თუ არამიწიერ სამყაროში მოგზაურობს თავისი ენერგეტიკით.

– მხატვრის ცხოვრება რა არის და, ასევე, რა არის მისი ვალდებულებები?

– მე ვეთანხმები იმ აზრს, რომ მხატვრის ცხოვრება მსხვერპლს მოითხოვს. ნამდვილად მსხვერპლის გაღებაა საჭირო, რომ ტიტანური შრომა ჩადო და არ ფიქრობდე იმაზე, – დაგიფასდება თუ არა?! ჭეშმარიტ ხელოვანს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი თავდაუზოგავი შრომა მხოლოდ ინდივიდუალურ ენთუზიაზმზე დაყრდნობით. ბევრი ახსოვს ხელოვნების ისტორიას სიცოცხლეში დაუფასებელი მხატვრები… მიუხედავად იმისა, ხელოვნებათმცოდნეები უხვად იყვნენ ყველა დროში, მაინც რჩებოდა ვიღაც შეუმჩნეველი, მაინც სიდუხჭირეში კვდებოდა და დიდი ხელოვანი, სანამ მსოფლიოს აუდიტორიას არ მოიცავდა მისი შემოქმედება და ღვაწლი, არ ფასდებოდა… უამრავი ხელოვნებათმცოდნე შეცდა, უამრავი ცოდვა დაიდეს კისერზე და არაერთ მხატვრის ცხოვრება დაანგრიეს. ბევრი სიცოცხლეს გამოესალმა იმედგაცრუებით და სასოწარკვეთით, სწორედ ვაიკრიტიკოსების გამო. მაგრამ, მიუხედავად თანამედროვე მსოფლიოსი და უამრავი მსგავსი გამოცდილებისა, ეს შეცდომა კვლავ მეორდება… ამიტომ, მხატვარი ვალდებულია ხატოს, მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად უნდა ხატოს!!!

– როგორ დაიწყო მხატვრობა თქვენს ცხოვრებაში?

– სიყვარულით!!! სიყვაულით დაიწყო მხატვრობა ჩემში, სიყვარულით მოდის დღესაც, მაგრამ რწმენით ვითარდება!!!

– ხელოვანს არ გაგიჭირდათ პოლიტიკაში?

– ჩემს პოლიტიკოსად მოღვაწეობაში და ამ სფეროში რეალიზებაში ხელოვნება ნამდვილად დამეხმარა. პოლიტიკურ ასპექტში მოქნილობაა საჭირო, ალღო, ინტუიცია, ხედვა, რომელიც არ ისწავლება, ადამიანების სწორად დანახვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს ყველაფერი შემოქმედის თანდაყოლილი უნარჩვევებია, რომელიც არსად არ ისწავლება, ამიტომ, ვფიქრობ, მართლა ძალიან დამეხმარა შემოქმედება პოლიტიკაში, ხოლო პოლიტიკამ ნამდვილად დამაბრკოლა შემოქმედებაში არაერთი მიზეზით…

– და მაინც, ხომ არ ნანობთ პოლიტიკაში ოთხწლიან მოღვაწეობას?

– არ ვნანობ იმიტომ, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარე, ბევრს მივეცი მიმართულება, უამრავი ადამიანი გავიცანი, გამოვიცანი და ა.შ. მაგრამ დასანანია ის, რომ ჩემს შემოქმედებას ოთხი წელი გამოაკლდა, ჩემს ჯანმრთელობაზეც უარყოფიდად აისახა, რადგან პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ყოველი დღე სტრესის ქვეშ მიწევდა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების მიღება ოფიციალურად კვირაში ერთი დღე იყო გათვალისწინებული, ჩემი სამუშაო ოთახის კარი ყოველ დღე ღია იყო მათთვის. დიახ, როცა ხელისუფლებას წარმოადგენ ნება უნდა იბოძო, პირადული დაივიწყო და ის დრო ხალხსთვის დაიხარჯო მაქსიმალურად!

– თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა მხატვრობაში?

– ჩემთვის ყველაზე დიდ მიღწევას ორდენები და ჩინმედლები არ წარმოადგენს, თუმცა არაერთი ჯილდო მაქვს მოპოვებული კულტურის დარგში, მაგრამ იმაზე დიდ ბედნიერებას და სიხარულს არაფერი მანიჭებს, რასაც ხალხის შეფასება და ემოციის მაქსიმალურად გამოხატვა ჰქვია, ეს იქნება ხელოვნებათმცოდნე თუ უბრალო დამთვალიერებლი, თუმცა ოფიციალური ჯილდოები მნიშვნელოვანია რასაც დამსახურება ჭირდება, მაგრამ იმად მაინც რა უნდა ღირდეს მხატვრისთვის, ნახატის წინაშე დამთვალიერებელი რომ ატირდება ემოციისგან?! ასეათი შემთხვევა არაერთი იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს არასოდეს დამავიწყდება, ეს იმ შრომის შედეგია, რისთვისაც იხარჯები მთელი ცხოვრება. ეს იმ ემოციის რიალიზებაა რაც მხატვარმა ტილოზე გადაიტანა.

– რომელი ქვეყნის მხატვრობა გიზიდავთ მეტად?

– ძალიან მომწონს ევროპული მხატვრობა… რენესანსის ხანიდან მოყოლებული დღემდე. ზოგადად, ჩემთვის, შემოქმედების ნიმუშის შეფასება მისგან გამოწვეული ემოცია და ენერგიაა, ენერგეტიკა, რასაც ის ასხივებს. მე ყველა შემოქმედი მხატვრის ნამუშევარში ვეძებ ამ ენერგიას და სიამოვნებას ვიღებ.

– რამდენად საჭიროა სამხატვრო პლენერები და ფესტივალები და რას იძლევა ის?

– მე სამხატვრო პლენერების მომხრე ვარ, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო. ტელეპროექტიც კი მაქვს დაწერილი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ფურცელზეა… თუ გვინდა ქართული მხატვრობა განვითარდეს და ევროპული სკოლის ნაწილი გახდეს, ამისათვის აუცილებელია მოქმედება. ახალი პროექტები და პლენერები მოგვიტანს ახალ ურთიერყობებს, რომელიც თანდათან პროგრესულად განვითარდება და საშუალებას მისცემს ჩვენს მხატვრებს და ზოგადად ხელოვანებს გავიდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, გაეცნონ სხვა ქვეყნების თანამედროვე კულტურას და აგრეთვე გააცნონ ქართული შემოქმედება სხვა ქვეყნებს ვაჩვენოთ და ვაზიაროთ. ეს კი თავისთავად განვითარებაა და იმ ჩაკეტილი სივრცის სინდრომი აღარ იარსებებს საქართველოში, რაც უმოქმედობის და გათითოკაცების შედეგიამ სამწუხაროდ…

– ბატონო დავით, თქვენი სამხატვრო სტილი და მის ჩამოყალიბებაში ვისი გავლენა იგრძნობა?

– რამოდენიმე სტილით ვხატავ და ვფიქრობ, ყველა თვითმყოფადია, რადგან არავისთვის არასოდეს არ მიმიბაძავს. ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობებისა, მაქსიმალურად ვიხარჯები და ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც ჩემშია. მიყვარს ძიება და სიახლეები… ეს დიდ სტიმულს მაძლევს და შემოქმედებითად მეტად ვიხარჯები… მაქვს უამრავი ჯერ არ განხორციელებული იდეა, ალბათ ამ იდეებსაც თავის დრო აქვს. ჩემი იდეებისა და საქმიანობის გამო, ასე მგონია, ვალი მაქვს ქვეყნის წინაშე და ისე არ წავალ ამქვეყნიდან, სანამ ამ ყველაფერს არ განვახორციელებ.

– ქართველი და უცხოელი თანამედროვე მხატვრებიდან ვინ არის თქვენი საზომი მეტრი და რატომ?

– როგორც ასეთი საზომი ერთეული არ არსებობს ჩემთვის არც ქართველი და არც უცხოელი მხატვრებიდან. საზომი ერთეული მხატვარმა და შემოქმედმა იმ შეგრძნებებში უნდა ეძიოს, რომელიც ჯერ კიდევ მიუწვდომელია მისთვის… ანუ სულ მხატვარი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს.

– და მაინც, ვინ არის დავით ივანიშვილი?

– დავით ივანიშვილი – არის მხატვარი, მხატვრად დაბადებული, რომლისთვისაც სხვა ყველა სფერო და ყველაფერი, მეორე ხარისხოვანია… მე ამას ბავშობიდან ვგრძნობ და ეს ტრაფარეტი არ არის! ეს ჩემი შეგრძნებაა, რომელიც სულ თან მახლავს, ამას უნდა გრძნობდე, ეს არ ისწავლება, ეს არის რწმენა!

– ბატონო დავით, თქვენს წოდებებზე და სხვა მიღწევებზე გავამახვილოთ ყურადღება და რას ნიშნავს ყოველივე ეს?

– ჯილდოს არავინ მოგცემს თუ არ იმსახურებ… ეს არის ერთგვარი დაფასება… რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა შენივე ქვეყნის ღირსების ორდენის მფლობელი ხარ! რა თქმა უნდა, სასიხარულოა სხვა ქვეყნის ჯილდოებიც გაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შენი საყვარელი საქმის პატიოსნად და მაღალ დონეზე კეთებით და წარმოჩენით მოიპოვე, ეს იგივეა, შენი ღვაწლი, გარკვეულწილად, დაფასებულია და, რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი სტიმულია, მეტის შესაქმნელად!

– რა არის თქვენთვის ოჯახი?

– ჩემთვის ოჯახი არის მიზანი, რომელსაც მხოლოდ ბედნიერება უნდა მივანიჭო, ბოლომდე დავიხარჯო მისთვის და უამრავი სიხარული მოვუტანო, თუნდაც ჩემი შემოქმედებით. მე კი მათი ბედნიერებით გავიხარო… ეს არის წრე, რომელიც შემოსაზღვრულია ბედნიერებით და მუდმივ დინამიკაშია ერთმანეთთან.

– პოზიაშიც ხელგეწიფებათ და…

– კი, პოეზია მიყვარს და თავადაც ვწერ ლექსებს… ალბათ, ლექსის წერას თავისი დრო აქვს, თვითონ იცის როდის მოვა და დაგაწერინებს თავს… მაგრამ, ვინაიდან, ჩემთვის მხატვრობაა უპირატესია, ასე ვხუმრობ ხოლმე: როცა ვერ ვხატავ, ლექსის წერით ვაკავებ მუზებს… პოეზიაც ხომ მხატვრობასავით უსასრულოა. ამ შეკითხვას დაურთავ ჩემს ერთ პატარა ლექსს, რომელიც გამოხატავს მხატვრობისადმი დაუოკებელ სწრაფვას და ალბათ, ამით ბევრი რამ იქნება ნათქვამი:

უმწეობას ვგრძნობ რადგან მსოფლიოს „ბრძოლას“ ვუცხადებ!!!

მაშ რა ძალაა, რომ დაიწყო ეს ორთაბრძოლა?!

მე შემოქმედის უსასრულო წადილი მიბყრობს,

და ჩემი რწმენა მის გარეშე გარდაცვლილია!!!

მადლობა უფალს, რადგან მარჩია მე თავის წიგნში,

რომ ვიღაც ერთმა, კიდევ ერთმა ეს ტვირთი ზიდოს,

რომ მაზიარა და ჩამინერგა მე სიყვარული,

არ მაპატიებს თუ ამ ვალის შერჩენას ვითხოვ!!!

…დიახ შემოქმედება შემოქმედისთვის მძიმე ხვედრია და ვალია ქვეყნის, ერის და ღვთის წინაშე!

– პროზა არ გიცდიათ?

– როგორც ასეთი, რაიმე მოთხრობა ან რომანი დამეწეროს – არა, მაგრამ მცდელობა ნამდვილად მქონდა ბავშობაში… დავიწყე წერა და არ დამიმთავრებია, თუმცა ის მხატვრული ხედვა ნამდვილად გამომადგა და წინადადებებით ვხატავდი სამყაროს. გულდასაწყვეტია, მაგრამ ალბათ მას არასოდეს მივუბრუნდები, სამაგიეროდ ვწერ და აუცილებლად გავაგრძელებ ჩემი შემოქმედების საინტერესო დეტალებს, რომელიც ერთ დროს ვინმესთვის საინტერესო იქნება…

– გამოფენა, რომელმაც თქვენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა?

– არ მავიწყდება გამოფენა „Art Caucasus 2005“ სადაც მართლაც პირველად დავრწმუნდი, რომ ჩემს შემოქმედებას შეეძლო ფართო მასებისთვის სიამოვნება მიენიჭებინა. ამ გამოფენაზე ორ სატელევიზიო სივრცეში „იმედსა“ და „რუსთავი 2“ უამრავ მხატვარს შორის ჩემი ნამუშევრების კოლაჟი გაუშვეს გამოფენის რეკლამად, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ერთგვარი სტიმულიც იყო და აღიარებაც. კიდევ უამრავი შემოთავაზება და დამთვალიერებლის რიგი ჩემს კედელთან არ შეწყვეტილა… მართლაც წარუშლელია ჩემ ცხოვრებაში! ეკონომიურად ყველაზე პროდუქტიული კი ნიუიორკის „Art Expo New York 2019“ იყო.

– არ დაგავიწყდეს, გაუზიარე მკითხველს, რა არის თქვენთვის საქართველო – სამშობლო და როგორ უნდა იცხოვროს ამ ქვეყნის შვილმა, გინდ ქართველმა და გინდ – არაქართველმა?

– საქართველოს ფასს მაშინ იგებს ადამიანი, როცა მთელს მსოფლიოს შემოივლის და მის მსგავს სიკეთეს, მის მსგავს სითბოს, სიყვარულე ვერსად ვერ აღმოაჩენს! როგორც დედაა შეუცვლელი, ისე საქართველოა ჩვენი ქვეყნის შვილისთვის. ვფიქრობ, ამ სიყვარულს თავად ეს ქვეყანა გაძლევს და ვერაფრით ჩაანაცვლებ რა გინდ უზრუნველი ცხოვრება მოიპოვო უცხოეთში. რაც ამ ქვეყანას გააჩნია, არსად არ მოიპოვება. საქართველოს მიწა-წყალი და ჰაერი გაჯერებული სიყვარულითა და კეთილშობილებით. ყველა ამ ქვეყნის მოქალაქემ ქართველმა თუ არაქართველმა მიიღოს ამ ქვეყნის დედობრივი სითბო და გაუფრთხილდნენ მას!

– და ბოლოს, რას იტყვით?

– ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო თქვენ გამომცემლობას – ჟურნალებს კოლექტივს, რომელიც პატივსაცემ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მკითხველს მივმართავ: ჩემო ძვირფასებო, მადლობა უფალს, რომ ერთმანეთის თანამედროვები ვართ და ერთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება. გვაქვს იმის შანსი, რომ ერთმანეთს ვიცნობდეთ და ერთმანეთი გვიყვარდეს…