პადრე ჯუზეპე პაზოტო ქართველების ნაკლზე, რომელსაც ქართველები უყვარს…

182

ავტორი: თინათინ ჭედია

ჯუზეპე პაზოტო, პადრე, საქართველოში მსახურობს, ქართველი ხალხი უყვარს და კარგად იცის ჩვენი ენა, კითხულობს და წერს ქართულად. ახლა 64 წლისაა. 1994 წელს ჩამოვიდა, მაშინ, როცა ქართველებს გვტანჯავდა ელემენტარული რამეების უქონლობა. პადრეს არ შეშინებია, არც გაბრაზებულა იმის გამო, რომ ხშირად არ ჰქონდა შუქი, წყალი და გაზი… დღეს უკვე ეღიმება იმ წლების გახსენებისას. თვლის, რომ ის პერიოდი თავის ცხოვრებაში სასარგებლო იყო, ვინაიდან, იმ ხალხის გაჭირვების თანაზიარი გახდა, ვის სამსახურშიც ჩადგა. მაშინვე დაიწყო ქართული ენის შესწავლა, მასწავლებელიც კი აიყვანა, რომ სწრაფად ამეტყვებულიყო ჩვენს ენაზე. სანამ პადრე გახდებოდა, სპორტით იყო გატაცებული – ფეხბურთით. ფიზკულტურის დარგში – პროფესორის ხარისხი აქვს. ბავშვებთან მუშაობდა. ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ საკუთარი თავი გახარჯა, როგორც პედაგოგმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები ამ სფეროში. ახალ გზას დაადგა და ბედმა ჩვენთან მოიყვანა.
მოკლედ, საქართველოში იმიტომ გამოგზავნეს, რომ იტალიაში იცოდნენ, აქ იდგა კათოლიკური ტაძრები, ცხოვრობდნენ კათოლიკეებიც, მაგრამ არ ჰყავდათ კათოლიკე ღვთის მსახური. ტაძრები კი იდგნენ მდუმარედ…
და კიდევ, – საქმე ისაა, რომ პადრე ჯუზეპეს მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები კათოლიკეებისთვისაც უნდა ეზრუნა, ასეც მოიქცა…
– დღეს საქართველოში არის ოცი კათოლიკური საკრებულო და ეკლესია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, უდეში, ივლიტაში, აფხაზეთშიც, სადაც პადრე ჯუზეპე ხშირად ჩადის ხოლმე…
– პადრე ჯუზეპე, როგორ არიან იქ დარჩენილები, ნორმალური ცხოვრების პირობები აქვთ?
– ადრინდელ წლებთან შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ ბევრი მიტოვებული სახლია, ბევრი რამ მისახედია, ვამბობ, იქ დარჩენილები უკეთ ცხოვრობენ ახლა, წინა წლებთან შედარებით, მაგრამ საქართველოს ამ ნაწილში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა. ზაფხულში აფხაზეთს ტურისტები ჰყავს, შავი ზღვის გამო, ოჰ, ძალიან ლამაზია აფხაზეთი!
– მსოფლიოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ აფხაზეთს მამა ჯუზეპე?
– ესე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უმეტესად რუსეთიდან ჩამოდიან დასასვენებლად.
– აფხაზეთში კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს დიდი მრევლი?
– დიახ, ძირითადად რუსი კათოლიკეები არიან…
– პადრე, აქ რომ ჩამოხვედით, პირველი, რაც ქართველებზე გითხრეს, რა იყო?
– ის, რომ ქართველები იტალიელებივით ხალხია.
_ და თქვენი აზრით ასეა?
– ყველა ერს დამახასიათებელი ტემპერამენტი და ხასითი აქვს, თქვენ ემოციური და თბილი ხალხი ხართ, თქვენი აღქმა და დანახვა იოლია იტალიელებთან შედარებით.
– რატომ მამაო?
– თქვენ პატარა, კოხტა ქვეყანა ხართ, აი, იტალია შედარებით გრძელი და ჭრელი ქვეყანაა ანუ დიდია, ცოტა მემგონი ჭირს ხასიათის დანახვა, თან ქართველებს ბევრი კარგი სახასიათო თვისებები გაქვთ.
– და რა მოგწონთ ყველაზე მეტად?
– სტუმართან შეხვედრა და სტუმრის სიყვარული იცით, სხვაგან ესე არაა.
– არც იტალიაში?
– არა, სად იციან ესე სტუმრისთვის თავდადება, როგორც თქვენთან. ისიც მომწონს, როცა ქართველები რამე საქმეს აკეთებენ გულით, შეუძლიათ სამსახურში ღამეები გაათიონ, დროზე არ წავიდნენ სახლში, არც დაისვენონ და ბოლომდე დაიღალონ. ასეთ რამეს არც იტალიელი აკეთებს, არც ფრანგი, არც გერმანელი და არც არავინ მემგონი, დამთავრდა სამუშაო? უნდა წახვიდე, დაისვენო. მომწონს თქვენი ტრადიციები, მომწონს, რომ იცავთ, იტალიელებიც ესე ვართ, ვიცავთ ტრადიციებს.
– ახლა ისიც გაამხილეთ, რა არ მოგწონთ.
– კარგი, ვიტყვი, დაგვიანებები გიყვართ შეხვედრებისას, ეს არ მომწონს, დრო მნიშვნელოვანია… დროის კარგვა კარგია?!
– ოოო, ეს ჩვენი დიდი ნაკლია, გაცნობიერებული გვაქვს და დაწყებულიც ამის წინააღმდეგ ბრძოლა. პადრე ჯუზეპე, თქვენი აზრით, რა არის ჩვენი გაჭირვების მიზეზი, სიზარმაცე? ამბობენ, ყველა ქართველში რაღაც დოზით ნაცარქექია ზისო…


– ვიცი მე ეგ ზღაპარი, ცოტა ნაცარქექია ყველა რჯულის ადამიანში ზის, ეგ არაფერია, ვინაიდან ქართველი ერი არაა ზარმაცი. საქმე ისაა, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან ღარიბია. ვითარება არაა შექმნილი იმისთვის, იყოს სამუშაო ადგილები, საჭიროა იყოს გარანტირებული მშვიდობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის განვითარებისთვის და გამდიდრებისთვის და რაც მთავარია, განათლებას უნდა მიექცეს ყურადღება, საქართველოში ბევრი განათლებული და მოაზროვნე ადამიანი უნდა გაიზარდოს, იმიტომ ვარ აქ, რომ დავეხმარო ღარიბებს, დავეხმარო ნიჭიერ ახალგაზრდებს განათლების მიღებასა და განვითარებაში, ჩემი დახმარებით, მრავალი ადამიანი წავიდა იტალიში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, რაც ჩემთვის სასიხარულოა. კიდევ ერთი ნაკლი შევამჩნიე ქართველებს, მაგალითად: ადამიანი კიდებს ხელს რამე საქმეს, ჯერ ის რაც აქვს დასასრულებელ-დასახვეწი, ძლივს აქვს დაწყებული და იქვე რამდენიმე ახალ საქმეს და პროექტს კიდებს ხელს და საბოლოოდ ან ვერაფერს აკეთებს ან აკეთებს უხარისხოდ. ამგვარი შრომა ადამიანს გაფანტულს ხდის. ჩვენთან სხვაგვარადაა, როცა საქმეს ხელს კიდებენ, არის მხოლოდ ერთი და ბოლომდე მიყვებიან, მუდმივი სრულყოფისკენ მიილტვიან და ვითარდებიან…
– რა არის თქვენი მიზანი აქ ყოფნისა?
– დახმარება განათლების დაგში, სიღარიბის დაძლევაში, კულტურული ღონისძიებების ჩატარება, მეგობრობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რომ ერთად ვაკეთოთ კეთილი საქმეები, ვინაიდან, მართალია, ჩვენ ცოტა განსხვავებული გზებით მივდივართ ქრისტემდე, მაგრამ ქრისტე ხომ ერთადერთია, აი, ის თავისთან გვაერთიანებს.
– კათოლიკური ეკლესიის წიაღში დაბადებულ ერთ ლამაზ დღესასწაულზე მინდა გკითხოთ – ვალენტინობაზე, რომელიც მსოფლიომ აიტაცა და ამდენი საუკენეა პოპულარობა არ დაუკარგავს…
– ვალენტინი კათოლიკე მღვდელმსახური იყო. გოგო და ბიჭს უყვარდათ ერთმანეთი, უფროსები დაქორწინების საშუალებას არ აძლევდნენ, ვალენტინი შეყვარებულების მხარეს დადგა და მათი ერთად ყოფნა ღვთით კურთხეული გახადა…
– და ვალენტინი ამის გამო დასაჯეს?
– არა, არ დაუსჯიათ, ეს მერე მოგონილი, დამატებული ამბებია, ლეგენდის დონეზე აიყვანეს, ამიტომაც გახდა ვალენტინობა ზოგადად ხალხის დღესასწაული.
– იცით, საქრთველოში მრავალ ვერსიას ყვებიან და იმიტომ გკითხეთ, ვითომც ისინი, ვინც დააქორწინა ერთსქესიანები იყვნენო და ამიტომ დასაჯესო სიკვდილით.
– გოგო და ბიჭი დააქორწინა და არც ვალენტინი დაუსჯიათ ამის გამო.
– აი, იმასაც ამბობენ „რომეო და ჯულიეტაში“ ღვთისმსახური ვალენტინის პროტოტიპიაო.
– არ ვიცი, იტალიაში შექსპირს არ უკავშირებენ ვალენტინს. მე არ მომწონს ერთი რამ ვალენტინობასთან დაკავშირებით. მეწარმეები კომერციული მოგების თვალსაზრისით ვალენტინურ პროდუქციას უშვებენ, განსაკუთრებულ საჩუქრებს, შოკოლადებს, რომ დიდი ფინანსური მოგება ნახონ.
– ადრე კათოლიკე ღვთის მსახურებს დაქორწინების უფლება არ ჰქონდათ, დღესდღეობით შეიცვალა რამე?
– არაფერი შეცვლილა, ჩვენ არ გვაქვს ცოლის მოყვანის უფლება, კათოლიკური წესით, თუ ოჯახი გყავს, იმათ უნდა მიხედო და წახვიდე ღვთისმსახურებიდან, ვინაიდან არ ხარ თავისუფალი იმისთვის, რომ ღმერთის სახელით ხალხს ემსახურო.
– მართლმადიდებელს კი მღვდლად მანამ არ აკურთხებენ, სანამ არ დაოჯახდება. მამა ჯუზეპე აბა მე ფილმები მაქვს ნანახი იმგვარი, სადაც პერსონაჟები პადრეები არიან და ცოლშვილი მაინც ჰყავთ.
– მე ვარ ლათინურ-რომაული, დასავლური კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი, ამიტომ არც მე მყავს ცოლ-შვილი, თავისუფალი ვარ ოჯახისგან იმიტომ, რომ ვემსახურო ადამიანებს, როგორც სასულიერო პირმა, მაგრამ არის აღმოსავლური წესებიც, მაგალითად ბერძენ კათოლიკე ღვთისმსახურებს აქვთ უფლება ჰყავდეთ საკუთარი ოჯახი, კოფთ კათოლიკეებსაც, ქართველ კათოლიკეებსაც, სომხებსაც, მაგრამ ლათინურ-რომაულმა შტომ ეს თავდაპირველი წესი სასულიერო პირის ცხოვრებისა არ შეცვალა. დაოჯახების უფლება აქვთ დიაკვნებს მანამ, სანამ დიაკვნები გახდებიან, მერე უკვე აღარ.
– ეხლა ამ ეტაპზე რა საკითხზე მუშაობთ?
– ახლა ვმუშაობ მეტად მგრძნობიარე საკითხზე, საქართველოს კათოლიკური რწმენის მოსახლეობის ნაწილი წუხს იმის გამო, რომ მრავალ კათოლიკურ ტაძარში მსახურება მართლმადიდებლური წესით ტარდება, ვინაიდან იქ მართლმადიდებელი ღვთის მსახურები მოღვაწეობენ და კათოლიკეებს სურთ, რომ კათოლიკურ ტაძრებში კათოლიკური ღვთისმსახურება იყოს. წერილობით მივმართე ქალბატონ პრეზიდენტს და მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით.
– პასუხი მიიღეთ?
– ჯერჯერობით პასუხები არ მიმიღია.
– და ბოლოს…
– მიყვარს საქართველო და ქართველებთან თავს ბედნიერად ვგრძნობ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ხართ, მეც მარიამის სახელობის ტაძარში ვმოღვაწეობ და ყოველ დღე ვლოცავ მე თქვენს ქვეყანას.