ქეთი გაბისიანი: ტყუილად და უბრალოდ არ მომხდარა, ლუკამ შეძლო და დარბაზი ფეხზე წამოაყენა

3295

ავრორი: მარი თაბაგარი

ლუკა მარგველაშვილისგან იმდენჯერ მოვისმინე თავისი პედაგოგის მიმართ გამოთქმული მადლიერი სიტყვები, აუცილებლად ჩავთვალე, მის მასწავლებელს, უნიჭიერეს კომპოზიტორს, ქეთი გაბისიანთან ჩამეწერა ინრევიუ. გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, ქალბატონმა ქეთიმ დრო მაინც გამონახა ჩვენთან ინტერვიუსთვის…

– როდის მოხდა თქვენი შეხვედრა ლუკასთან და რას გვეტყვით ამ ნიჭიერ ბიჭზე?
– როცა მშობლებმა ჩემთან მოიყვანეს, გავიცანი, მაშინ ჩემი დისკი ვაჩუქე. შემდეგ გაკვეთილზე მოსულმა სიურპრიზი გამიკეთა და ჩემი სიმღერა ,,სიყვარულის პატარძალი“ იმღერა. იმდენად ნიჭიერი და ღრმა ხედვის ბავშვია, რა ნაწარმოებზეც არ უნდა ვმუშაობდეთ, არასოდეს უდგება ზერელედ, რაც ჩემთვის, როგორც კომპოზიტორისთვი, მნიშვნელოვანია. შეუძლია სიმღერის ტექსტის ზუსტად გააზრება, და წვდომა. ამიტომ იღებს მაყურებლიდან შესაბამის ემოციასაც.

ლუკა თვითონ არის ძალიან ემოციური და ვფიქრობ ეს ემოციაც მიაქვს მაყურებელამდე

- დიახ, ემოციურია და ამ ემოციაშიც იმდენად გულწრფელი და ნამდვილი, რომ ზუსტად იკითხება. სწორად აწვდის მსმენელს თავის ნამღერს

- არის ნიჭიერი და ძალიან მგრძნობიარეც. სწავლის პროცესში ლუკასთან რამე პრობლემას აწყდებით?

- მასთან მუშაობა იოლიცაა და სასიამოვნოც. ადვილად ითვისებს მელოდიას. იცით, განსაკუთრებით რატომ მეადვილება?

- ბავშვს თითოეული გაკვეთილის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვს

- რა რჩევები მიიღო კონკურსის წინ ლუკამ პედაგოგისგან?

- მუდამ ასე მირჩევდნენ მეც ბავშვობაში და ამას დღესაც ვცდილობ. შესაბამისად, ლუკასაც ვურჩიე, რომ სცენაზე გასვლის წინ ნერვიულობა კულისებში დაეტოვებინა. ეს ყოველთვის არ გამოგვდის, მაგრამ ლუკას ვთხოვე, ძალიან შეეცადე-მეთქი. ღელვას ხმის ტემბრის ცვლილება მოყვება-ხოლმე და მთელ შრომას წყალში ყრის. ლუკას ჰქონდა არაჩვეულებრივი რეპერტუარი და ასევე კარგად იყო მომზადებული

- კონკურსის დროს ყოველთვის ამართლებს გუნდურობისა და ერთსულოვნების პრინციპი. ამ შემთხვევაში პედაგოგის, მშობლისა და მოსწავლის დაუღალავი შრომა. გქონდათ ეს დატვირთვა ყველას თანაბრად გადანაწილებული?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ამ ენერგიის ყველაზე გადანაწილება თუ არ მოხდა, მხოლოდ ერთი ვერაფერს გახდება. ჩემი და ლუკას ტანდემი, როგორც მოსწავლე-მასწავლებლის, მარტივად მოხდა და ენერგიის გადანაწილებაც ამგვარადვე გამოგვდის. მანამდე კი ვიცნობდი მის მშობლებს და ასე ერთად სრულ ჰარმონიაში მოვიყვანეთ ჩვენი სამუშაო გარემოც.

- ქალბატონო ქეთი, ჟანრობრივად გაქვთ მრავალფეროვანი შემოქმედება. ეს მიგვანიშნებს შემოქმედის ნიჭიერბაზე, მაგრამ ხომ არ გვეუბნება რამეს მის ხასიათზეც?

- გარკვეულწილად ასეა, აისახება გემოვნება. ბავშვობიდან სიმღერას ემოციისა და შთაბეჭდილების ქვეშ ვწერდი. ასეთ დროს კი ხასიათია შიგნით ჩადებული. მერე და მერე კი ცოტა შეკვეთის შემთხვევებიც შემოერია...

- კომერციული ელფერიც დაედო?!

- დიახ, ასეა.

- გაგიჩუქებიათ სიმღერა?

- რა თქმა უნდა, თან არც თუ იშვიათად. ის შემსრულებლები ჩემი მხოლოდ კოლეგები კი არა, მეგობრებიც არიან.

- კარგ ლექსს კარგი დეკლამატორი სჭირდება. ასევეა სიმღერაც, შემსრულებელზე ბევრია დამოკიდებული. როგორ არჩევთ მათ?

- გეთანხმებით, შემსრულებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოთხი წლიდან ვმღერი და ეს ძალიან მეხმარება. როცა ვწერ სიმღერას, კარგად ვიაზრებ და ზუსტად წარმოვიდგენ სტილისტურად, ჟანრობრივად ვის მოუხდება და ვის რა მოერგება.

- თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, ვინც მუსიკის სფეროში მოსწავლეებს პირველ ნაბიჯებს ადგმევინებს. გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც თვითონ თქვენ დაგეხმარნენ მუსიკალური გზის დასაწყისში.

- დედა მუსიკის პედაგოგია და საწყისი ნიადაგი მან შემიქმნა. ვთვლი, რომ გემოვნების ჩამოყალიბება მაინც ოჯახში ხდება. ჩემი და ჩემზე უფროსია და მას ეს გზა უკვე გაკვალული ჰქონდა. არ იყო მარტივი ანსამბლ„მზიურში“ მოხვედრა, მაგრამ შევძელი და ჩემი ხმით პედაგოგები მოვხიბლე. ასე გავხდი მესამე თაობის მზიურელი. შემდეგ, მახსენდება ფორტეპიანოს პედაგოგი გურამ ჯაიანი და ბიძინა ჯკვერნაძე, რომელიც ორი წელი კომპოზიციაში მამეცადინებდა. შემდეგ, დავამთავრე მაგისტრატურა საკომპოზიციო მიმართულებით. ბატონი ბიძინას პედაგოგობამ უდიდესი ცოდნა შემძინა. ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა მის შემოქმედებას.
– მღერით არაჩვეულებრივად. თუ არ ჩავთვლით ბოლო დროს გამართულ რამდენიმე კონცერტს, სადაც თვითონვე ასრულებდით სიმღერებს, ქეთი გაბისიანი არის კომპოზიტორი. არ გქონიათ სურვილი ავტორ-შემსრულებელიც ყოფილიყავით?
– ეს ყველას უკვირს. რატომღაც ჩემი, როგორც მომღერლის მოღვაწეობა ბავშვობის მერე აღარ გაგრძელებულა, თუმცა, ახლა სამი წელია სიმღერა დავიწყე, რადგან საგასტროლო ცხოვრებით ვცხოვრობ.
– რას გულისხმობთ, რის ფარგლებში ხორციელდება ეს გასტროლები?
„თეატრალურ კვარტეტთან“ ერთად გავდივარ გასტროლებზე. ერთობლივი პროექტი გვაქვს, რომელიც მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. შინაარსობრივი დატვირთვაცაა, ქალი სოლისტი და ავტორი. საავტორო მუსიკის პოპულარიზაციაც და ზოგადად, თანამედროვე მუსიკის გაცნობა მსმენელისთვის უმნიშვნელოვანესია.

- თქვენი აზრით, რისი შედეგია ქეთი გაბისიანის წარმატება და პოპულარობა?

- პირველ რიგში ოჯახის. პირადად კი ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი სახელის ხსენებისას ყოველთვის ავღნიშნავთ, ეს გოგო პროფესიონალიაო. ადამიანი ძირეულად და სიღრმისეულად უნდა ფლობდეს თავის პროფესიას.

- ამ ეტაპზე ცხოვრობთ გადატვირთული რეჟიმით. რა პროექტებში ხართ ჩართული?

- ბოლო წლებია, როგორც პროდიუსერი, ჯგუფებთან ვმუშაობ. არის სხვადასხვა სახის პროექტების შემოთავაზებებიც. ამ ეტაპზე ინტენსიურად ვმუშაობ ანსამბლ „ფორტესთან“. ოქტომბერში იგეგმება ამ ანსამბლის ვარსკვლავის გახსნა. ვაკეთებთ სიმღერების ახალ ვერსიებს. ასევე სულ ახლახანს რუსთავი ორზე საბავშვო პროექტი „მასტერკლასი“ დაიწყო. მე ვმუშაობ ამ ბავშვებთან და ეს არის ერთი დიდი სიამოვნება. თანაც უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის ის ასაკი, როდესაც უნდა ვიყოთ ყველაზე ფრთხილები. ამ დროს ყალიბდება გემოვნება და უდიდესი მნიშვნელობა აქვს რას ვასწავლით ბავშვებს. რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, როგორც უკვე გითხარით,თეატრალურ კვარტეტთან“ ერთად დაგეგმილია პროექტის ფარგლებში საგასტროლო გასვლა ივნისსა და სექტემბერში. ასევე ზაფხულში ბათუმში იგეგმება კონცერტი და ჩემს საყვარელ, მშობლიურ რაჭაში ჩემი შემოქმედებითი საღამო.
– წარმატებებს გისურვებთ! ისევ ლუკაზე გკითხავთ, თქვენ უამრავ პროექტში ჩართული ბრძანდებით, ლუკამ ,,ნიჭიერში~ მონაწილეობაზე სურვილი გამოთქვა. რას ურჩევდით?
– კონკურსის მოყვარული არ ვარ, რადგან ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს. არცერთი ბავშვი არ მემეტება სტრესისთვის. აჟამად, „მასტერკლასში“ თანამშრომლობას იმიტომ დავთანხმდი, რომ პროექტის მსვლელობის მანძილზე, არცერთი ბავშვი არ ტოვებს მას. მხოლოს ჟიური აფასებს და ამის საფუძველზე ვლინდება საბოლოოდ გამარჯვებული. ხშირად მეკითხებიან კონკრეტულ კონკურსებზე ჩემი მოსწავლეების მშობლებიც და მიჭირს, რამე ვურჩიო. მქონია პრაქტიკა გასვლით კონკურსებზე. წამიყვანია ბავშვები იტალიაში, ბულგარეთში, დანიაში. ეს საერთაშორისო ფესტივალის გამოცდილება კიდევ სხვაა. უამრავი ქვეყნის კონკურსანტთან თუ უკვე შემდგარ მომღერალთან ამყარებენ კომუნიკაციას.
– საწყის ეტაპზე თუ საკუთარ ქვეყანაში არ გაიარა ბავშვმა კონკურსი (თუნდაც ამას, უხეშად რომ ვთქვათ, პატარა მოთელვა დავარქვათ), პირდაპირ საერთაშორისო ფესტივალზე გასვლა უფრო რთული და ემოციურად დატვირთული არ იქნება?
– ცუდი ნამდვილად არ არის თუ აქაც მოსინჯავს ძალებს. მხოლოდ ვისურვებდი, გამარჯვებულსაც და ყველა ნიჭიერ კონკურსანტსაც, შემდეგ სათანადოდ აქცევდნენ ყურადღებას. ლუკა თავისი ენერგიით განსაკუთრებული ბავშვია. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, გარდა იმისა, რომ კარგად მღერის, მისგან სხვა ენერგიაც მოდის. ტყუილად და უბრალოდ არ მომხდარა, შეძლო და დარბაზი ფეხზე წამოაყენა. ლუკას აქვს ის, რასაც ადამიანს ვერ ასწავლი – გულწრფელობა… და ეს მსმენელისთვის ყველაზე მთავარია.
– ლუკა ყოველთვის იქნება ჩემი ფრთის ქვეშ, ყოველთვის დავეხმარები მას რეპერტუარის შერჩევაში და რჩევებსაც არ დავიშურებ. საზოგადოებას კი მოვუწოდებ, მეტი ყურადღება, მზრუნველობა და თანადგომა გამოიჩინონ შშმ ადამიანების მიმართ. მათ ჩვენგან განსაკუთრებული სიყვარული სჭირდებათ!