შორენა გაბელაშვილი: რა უბედურებებიც გვჭირდა და ქრონიკულში გვაქვს გადაზრდილი უკვე!

3253

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ერთი შეხედვით მარტივი საკითხები ავიღეთ, თუმცა, იმავე ერთი შეხედვით – რთულიცაა ყოველი მათგანი…
დღეს ახალგაზრდა მწერლებს, ისევე, როგორც ძველ თაობას, ძალიან უჭირს სიმართლისთვის თვალის გასწორება და ხმამაღლა რეალური პრობლემის გაჟღერება, რაიმის შეცვლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… მხოლოდ შემოქმედებითი ცხოვრება და ბოლომდე, ჩვენს სამოთხეში მოყვასისთვის ვერ ნათქვამი სიტყვა მტერზე გასამარჯვებლად, თორემ, რომელ უდაბნოზეა ლაპარაკი, „ხმა მღაღადებლისა“… ვერ აღიარება, თუნდაც შენი თანამედროვე პოეტისა, მწერლისა ან… რომელიც თანამედროვეობის მწვერვალად მიგაჩნია, წარსულსაც არ ჩამორჩება და მომავალ საუკუნეებსაც გაუძლებს! რა არის ეს, შიში თუ… და სხვა დანარჩენ პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ…
ჩემი რესპონდენტი „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია ივერიის 2019 წლის ლაურეატია, ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“, შორენა გაბელაშვილი…

– შორენა, როგორ ფიქრობთ, პოეზია სათავეს საიდან იღებს?

– უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით და მადლობა ინტერვიუსთვის! პოეზია ადამიანის მეორე სულია და ჩემი აზრით, ის ჩვენთან ერთად თანაარსებობდა… ყველაზე უკეთ ამ ფაქტზე, ბიბლიური წმინდა მეფის, დავითის ფსალმუნები მეტყველებენ. ცალკე დგას დანარჩენი, ძველი სამყაროს ის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რამაც ჩვენამდე მოაღწია.

– ქართველ ადამიანში პოეზია რას ქმნის?

– ვფიქრობ, ქართველი ადამიანის ცალკე გამოყოფა ამ შემთხვევაში არასწოორი მიდგომაა, რადგან ღირებული პოეზია ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, მათი ეროვნების მიუხედავად.

– თქვენი პოეზია რას აძლევს ადამიანს?

– არც ისე იოლია საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი…

– დღემდე რა თქვით თქვენი შემოქმედებით?

– როგორც ერთ-ერთ ლექსში ავღნიშნე:
„აქამდე რაც კი მინდოდა მეთქვა,
ბოლომდე მაინც ვერა ვთქვი მგონი“…

– რომელი უფრო გიადვილდებათ – პროზა თუ პოეზია?

– ვფიქრობ, პოზია. დღემდე ის უფრო ახლოს დგას ჩემთან, ვიდრე თხრობის გაულექსავი ფორმა.

– ხშირად კამათობენ პოეტები, რომ ვიღაც, ვიღაცას რითმებს ჰპარავს…

– კი, მსმენია… სამწუხაროდ! მეც მქონია მსგავსი ფაქტები სხვების მიმართ… თუმცა, ვფიქრობ რომ შეიძლება არსებობდეს დამთხვევებიც. ეს დახლოებით ის შემთხვევაა, რაც ფიზიკაში ჯოულ-ლენცის კანონი.

– თქვენ ვისი ზეგავლენა გაქვთ?

– მე უფრო იდეოლოგიური ზეგავლენა მაქვს, ვიდრე სტილისტური და ამაში შეიძლება ზოგადად მწერალი არც ვიგულისხმო. ზეგავლენას ამა თუ იმ სახით, მაშინ აქვს აზრი, როცა სხვათა კარგი მაგალითით პიროვნულად იზრდები.

– დღეს ვინაა პოეზიაში ნომერ პირველი, ან პროზაში?

– გაცილებით იოლი იქნებოდა პასუხი, წარსულს რომ შეეხებოდეს. არა იმიტომ, რომ დღეს ნიჭიერები აღარ არიან… თუმცა, ყველაფერი პირობითია და კლასიფიკაციაში შეიძლება ის, ვინც თქვენთვის იყოს მესამე, სხვისთვის ნომერ პირველი აღმოჩნდეს… ისე, მე მაინც თანამედროვეთა შორის, ორ უძლიერეს ქალბატონს და ორჯერ მეტ, უძლიერეს ბატონს დავასახელებდი.

– პოეტის დანიშნულება რა არის და რამდენად ასრულებთ მას თავად თქვენ?

– პიროვნება, მიუხედავად იმისა, ემსახურება თუ არა პოეზიას, ხელოვნებას, მის უპირველეს დანიშნულებას უნდა მიხვდეს, რადგან ყველაზე დიდი ხელოვნება სინამდვილეში ისაა, ხელოვნური არ გახდე, როგორც ადამიანი!

– საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა…

– პირად პატივმოყვარეობამდე დაყვანილი ეროვნული თვითშეგნება! აი, ეს იყო და არის უპირველესი მიზეზი იმისა, რა უბედურებებიც გვჭირდა და ქრონიკულში გვაქვს გადაზრდილი უკვე!

– დავით გარეჯი რომ დავკარგოთ…

– არ უნდა დავკარგოთ!

– დღეს მწერალს რამდენად ექცევა ყურადღება?

– გააჩნია, რას გულისხმობს კითხვა… მკითხველის სიყვარულს თუ ზოგადად, მწერლის ხელშეწყობას, რომ მას მისცენ სტიმული და წინსვლის საშუალება… ეკონომიკური იქნება ეს თუ მორალური.

– მწერლის გზის გაკვალვაზე და მის პოპულარიზაციაზე ვინ უნდა მუშაობდეს?

– ვფიქრობ, ვერცერთ სფეროში ვერ მიაღწევს ადამიანი წარმატებას, თუ პირველ რიგში, თავად არაა მოწადინებული საამისოდ.

– მნიშვნელოვანი ის უფროა, რომ სწორედ პოპულარობის სურვილი არ იქცეს მუზის რეალურ მიზეზად!…

– დღეს სამწერლო საზოგადოება რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. რას ნიშნავს ეს?

– გაყოფა გაყოფას ნიშნავს… ერთობა ერთობას… მხოლოდ დღეს არაა გაყოფილი და ასე იქნება ალაბთ მუდამ. ის კი გვავიწყდება, რომ პოეზია ადამიანის მეორე სულია და ჩვენი ადამიანური სისუსტეებით მას ვამატერიალიზებთ!

– ვინ არის შორენა გაბელაშვილი?

– ვფიქრობ, მოკლე ბიოგრაფიისთვის ცოტა დაგვიანებული კითხვაა. რაც შეეხება, რას ვფიქრობ საკუთარ თავზე, მოკლედ გეტყვით ჩემივე ლექსის სტრიქონებიდან:
„როგორც ალალი, ბევრის მცოდნე მოხუცი გლეხი,
მე ვარ არავინ, სრულად უცხო და ვიღაც ვინმე“…

ლექსი, რომლითაც თავს იწონებთ…
გურამ გაბესკირიას..
ვიდრე ცოცხალი ვარ,
არასდროს!”
ეს გული ქართულად გამათბობს…

ვიდრე ცოცხალი ვარ,
ძნელია,
მუხლზე მაჩოქებდეს მტერია!

ბოლომდე გაჩვენეთ,
ტიალნო,
კაცურად თუ როგორ იარო!

წამშია ყოველი ფიქრები
როცა ზედმეტია სიტყვები…

ცრემლები?
არ გვშვენის ვაჟკაცვებს,
სიკვდილიც ლამაზად გვჩვევია…
როდესაც
გმირობა გვაკაჟებს,
ეს – სისხლში ქართული გენია!

არ გესმით?
ეს ჩემი სამშობლო,
ნაგვემი, გაყიდულ – დაშლილი…
და მაინც,
ოდესმე იქნება,
არწივი- ლაღად ფრთებ გაშლილი…

ძნელია,
ამდენი იარა,
ღალატი,
შური და გოდება…
ფეხებზე მკიდია- ეგ თქვენი,
მლიქვნული, მაღალი წოდება!

სამშობლოს თუ სჯობნის პირადი!
თამაშს თუ შეყავხართ მახეში!
ისე არ გეცხოვროთ – მომავალს,
რომ ვეღარ შეხედოთ სახეში!

და მათ კი სიცოცხლე გასწირეს…
სამშობლოს შეიბეს ხუნდები!
ვფიქრობ და
ტკივილი მატირებს
იმ მძიმე,
დიადი წუთების…

თუ როგორ ესროლეს ტყვიები,
მუხლებზე ვერ სცემდნენ
მატადორს…
ბოლომდე ჯიუტად ამბობდა:
„ვიდრე ცოცხალი ვარ,
არასდროს!“

ცხოვრება ღირდა

რა გინდა?
რა გსურს?
გრძნობისგან დაცლილ მიწაზე დახვალ…
გგონია, ნახავ,
არნახულს და არ მიწიერს,
ახალს?

აქ, სადაც მტვერი მეტია უფრო,
ვიდრე ჰაერი…
სადაც უცხენოდ
ჰქრიან ნალები..

ცხენები სადღაც
ნაბიჯით ნელით,
ნაბიჯით მშვიდით,
იძრობენ ლაგამს…
რადგან უმისოდ
ქარიც ვერ აბამს…
ისე ზრუნვით და ისე მოზომვით,
როგორც ბუცეფალს
თვით ალექსანდრე
ჭენებით, ქშენით
დაღლილს გაწვრთნიდა…

თუ ყველაფერი:
კარგიც და ცუდიც
მოდის აკვნიდან…
მაშინ ფუჭია
რწმენა სწავლების!
წრთნობის უხეში
მხარე გაცვითა
ამ ბედისწერამ…
რაც წერებულა ალბათ აკვნიდან…

მითხარ,
დაფიქრდი,
და ყარე წილი…
მითხარ, მშვიდი თუ მეომარი
ვინაა უფრო
სიმართლის სწორი?

მისდევს დინებას ბედისწერის,
რასაც საერთოდ,
არაფერი აქვთ შლეგ ტალღებთან
რამე საერთო…?!
თუ ვინმე,
ვინც კი ცოცხალია ცოცხალთა შორის!
რომელიც არის
გორგალივით
გზების მეგზური
და უგემოვნო გემოვნების
მკაცრი ცენზორი!?

სიყალბე გახრჩობს…
და გიხშობს გრძნობის
რეალურ სარკმელს,
მრუდე გვერდიდან გახედებს მიღმა
თანაც ჩაგირთავს
ფირებს გაცრეცილს,
და გტოვებს მერე
ფიქრებაწეწილს…

რომ ფანჯრის იქით
ვერ ეძებო ის სუფთა, წმინდა,
რისთვისაც ალბათ
ტკბილიც და მწარეც
შლეგიც და მშვიდიც
ცხოვრება ღირდა…

+ + +
„მეც სიკვდილივით მაშინებენ შენზე ფიქრები“
(შექსპირი)

მე გამუდმებით მაშინებენ მწველი ფიქრები,
რომ მზის ქვეშეთში შენ ოდესმე აღარ იქნები…

რომ დამაკლდება უშენობით წამის ფერება,
და მერე ცრემლის მლაშე გემო ტუჩზე მერევა…

წვიმა წალეკავს წამწამების ჩრდილთა ნათებას,
ვგრძნობ, დრომ ყოველი დროებითი როგორ გათელა…

მაგრამ სიყვარულს ვერ ეხება მისი ხელები,
რაც ნამდვილია, ვერასოდეს ვერ შეელევი.

დაიმორჩილებს გულის ძახილს მუდამ გონება?
ერთხელაც გრძნობებს ყველა ფიქრი დაემონება!

და მხოლოდ შენში სამუდამოდ დავიდებ ბინას,
მომენატრები მაშინაც კი, როდესაც მძინავს…

ჰო, სიკვდილივით მაშინებენ შენზე ფიქრები,
რომ მე უშენოდ, ცოცხალიც კი მკვდარი ვიქნები…

– დღევანდელი მწერალი, რომელიც არაქართულ საქმეებს აკეთებს…

– რა კარგი იქნებოდა, ასეთი კითხვის საბაბი რომ არ არსებობდეს!

– და ვინ არის მწერალი, რომელიც მაგალითია ყველასთვის?

– მაგალითია ის, ვინც ცხოვრებაშიც ისეთივე ნამდვილია, როგორც ფურცლებიდან სჩანს! როცა მისი შემოქმედება არა იმდენად პირადი ამბიციების ნაყოფია, არამედ რეალურად ემსახურება სიმართლეს, სამშობლოს, სიყვარულს, როგორც თავის დროზე დიდი ილია, ვაჟა და სხვები იყვნენ…

– „პრემია „ივერია“. რა არის ეს ლიტერატურული კონკურსი-პრემია თქვენთვის და საერთოდ…

– აღნიშნული ლიტერატურული პრემიის მნიშვნელობაზე, თავად სახელი: „ივერია“ მეტყველებს… რაც დიდ ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების გაზეთს და ის კიდევ თავის მხრივ, ქართველთა უძველეს ფესვებს უკავშირდება… (რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ფაქტორზე ამ პროექტში) პრემია „ივერია“, ყველა სხვა ლიტერატურულ პრემიებზე საპასუხისმგებლო და ღირებულია და ამ ყველაფერს თითოეული ჩვენგანი უნდა ვუფრთხილდებოდეთ.

– ლიტერატურული კონკურსები უნდა იყოს თუ არა?

– მიუხედავად იმისა, რომ რეგალიების და პრემიების რაოდენობა ნამდვილად არ განსაზღვრავს მწერლის დონეს, უნდა იყოს… ისევე, როგორც არსებობს მუსიკალური და სხვა სახის კონკურსები. არა მარტო იმიტომ, რომ გამოცდილება მიიღო ან ლაურეატი გახე, არამედ იმიტომაც რომ მიხვდე, ვინაა ნამდვილად შენი მეგობარი ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, სამწერლო გზაზე… მიხვდე, თავად როგორი ხარ შენ, როცა სხვათა სიკეთეებს ხედავ!…

– რა არის სიყვარული და ბოროტება?

– მათი ძალიან ბევრი განმარტება არსებობს, როგორც წმ. მამები განმარტავენ, ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის ნაკლებობა… სიყვარული კი უანგარო თავგანწირვის უნარია…

– მწერლის საერო და საღვთო, სახელმწიფოებრივ დანიშნულებაზე ვისაუბროთ…

– ამისათვის საკმარისია ისევ დიდ ილიას, ვაჟას დავუბრუნდეთ. წარმოიდგინეთ, მათი შემოქმედება მათი ეროვნული საქმეების გარეშე! მწერალი და მწელობა კი არა, რწმენა და მოძღვარი არაა ნამდვილი, თუ გულიდან არ მოდის მისი საქმე და სიტყვები… როგორც ლოცვა…

– როგორ ფიქრობთ, 20 წლის შემდეგ, ვინ და რამდენად წარმატებული იქნება შორენა გაბელაშვილი?

– ბალზაკის ცნობილი სიტყვები მახსენდება: ერთია სურვილი, მეორე შესაძლებლობა, მესამე რეალობა“… თანაც ვფიქრობ, არა მარტო წარმატებების მიღწევაა მთავარი, არამედ უფრო ის, რამდენად ღირსეულად მიაღწიე მას! უფლის ნებაა როგორ ვიქნები 20 წლის შემდეგ და ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, არასოდეს დავშორდე მას!

– რა არის პატრიოტიზმი?

– ამის მაგალითებია: ბერი თევდორე, დემეტრე მეორე, სამასი არაგველი და კიდევ რამდენი… ანუ, როცა სამშობლოსათვის უპირობოდ შეგიძლია თავის გაწირვა ისე, როგორც მათ შეძლეს!.. რადგან ისევ და ისევ გაგრძელდეს მრავალ გენში სასწაულებრივად გადარჩენილი ქართული გენი!

– სამომავლო გეგმებზეც გვითხარით…

– ცხოვრებაში დაგეგმილზე მეტად, დაუგეგმავი სიახლეები მიზიდავს… ვცხოვრობ თითოეული დღის სრული შეგრძნებით.

– სათქმელი, რომელიც მუდმივად გინდა თქვა…

– რამდენი რამ მაქვს კიდევ სათქმელი… მაგრამ სახარებისეული სიტყვებით დავასრულებ:

– თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო; და – არა, არა. (მათე. 5.. 37)