ნინო ქანთარია: წინა თაობაში მხოლოდ ერთი რამ არ მომწონს და მიუღებელია…

2991

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

ვინ არის ნინო ქანთარია?! – ნინო ქანთარია დაიბადა რუსეთში, ცხოვრობს წალენჯიხის რაიონში, ჯვარში. ამჟამად არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. სწავლობს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და აინტერესებს ლიტერატურა. აქტიური და სიცოცხლით სავსე ცხოვრებით ცხოვრობს.

– ნინო, რატომ მაინც და მაინც პოეზია?

– პოეზია ჩემი სულის მალამოა… პოეზიაში ვპოულობ შვებას.

– არ გეშინია პოეტობის, ეს ხომ ბედისწერასავითაა, – გარდაუვალია, რასაც წერ თავს გადაგხდება, ან თავს გადამხადარს წერ შემოქმედი… პოეტობაზე არასდროს მიფიქრია. ვიცი, რომ მძიმე ტვირთია იყო პოეტი და საკუთარ განცდებს უზიარებდე ფურცლებს.

– საყვერლი პოეტივინაა შენთვის?

– ჩემი საყვარელი პოეტია ტერენტი გრანელი.

– რა არის სიყვარული?

– ჩემი აზრით, სიყვარული ის ერთადერთი გრძნობაა, რომელსაც შეუძლია ადამიანს განუკურნოს სულის იარები. სიყვარული, სიცოცხლის სტიმულია.

– და სიძულვილი საიდან იბადება?

– სიძულვილი იბადება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს უღალატებენ, გულს ატკენენ და მასში ჩაკლავენ ადამიანს.

– ნინო, გაიხსენე ის პერიოდი, როდესაც საქართველოში არ ცხოვრობდი…

– თითქმის 14 წელი ქვეყნისგან შორს ვიყავი. უცხო მიწაზე დავიბადე და გავიზარდე. საქართველოში არყოფნის დროს, ყოველთვის მქონდა ის განცდა, რომ რაღაც მაკლდა… ჩემი სამშობლო მაკლდა. არ მშიოდა, არ მწყუროდა, მაგრამ შინაგანად ქართული სული მონატრებით იტანჯებოდა.

– ქართველი თანამედროვე მწერალი და პოეტი ვინ არის შენთვის მისაბაძი?

– თანამედროვე პოეტებიდან ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ირმა ქურასბედიანს, რომელიც საოცარი ლექსების ავტორია. ხოლო ჩემთვის მისაბაძი და სამაგალითოა ქალბატონი ზეინაბ მეტრეველი. ძალიან განსხვავებულად წერს და ჩემში დიდ ინტერესს იწვევს მისი შემოქმედება. მუდამ მაფიქრებს და ძიების სურვილს მიჩენს.

– ქრისტიანობა რას ნიშნავს შენთვის?

– ქრისტიანობა ჩემი ძალაა. რწმენა მაძლევს იმედს, რომ ყოველი გათენებული დღე იქნება ბედნიერი. არაფერი ხდება უმიზეზოდ. ჩემი აზრით, ყველაფერი უფლის ნებაა. რაღაც უნდა ირწმუნო, რომ შეძლო ცხოვრება. ქრსიტიანობა ადამიანობას გვასწავლის. ადამიანობით კი უფალს ვუახლოვდებით.

– ნინო, საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა გაშინებს თუ მომავლის იმედი გაქვს?

– საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა მაშინებს, მგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ ყველაფერი დალაგდება და ჩვენი საქართველო გამთლიანდება. მინდა, რომ ბედნიერ სახეებს ვხედავდე ირგვლივ.

– „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიაში“ მონაწილეობ. რას ნიშნავს და რას ელი ამ პრემია-პროექტიდან?

– ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ნიჭიერ პოეტს თუ მწერალს ეძლევა საშუალება საკუთარი სულის ამოძახილი გააცნოს ხალხს. ეს პროექტი სტიმულია, რომელიც საკუთარ თავთან შრომას გასწავლის და სულიერად გზრდის.

– ნინო, თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

– თავისუფალ დროს ვსაუბრობ პოეზიაზე ჩემთვის ძვირფას ადამიანთან, ქალბატონ ია სულაბერიძესთან, რომელიც არის სამაგალითო ფილოლოგი და პიროვნება. ქალბატონ იას პოეტური სული აქვს და სწორედ მისი წყალობით ვხედავ ამ სამყაროში ლამაზ ფერებს.

– დღეს ძალიან ბევრი კონკურსი და პრემიაა. რას ნიშნავს ეს ქართული ლიტერატურისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის?

– კონკურსები მნიშვნელოვანია, რადგან ყველა საკუთარ თავს ცდის და იღებს გამოცდილებას. მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მუშაობა და რაღაც ღირებულის შექმნა. ხოლო, რაც შეეხება პრემიებს, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ყველა პოეტი გულისყურით უნდა მოეკიდოს და გაამართლოს მიღებული პრემია.

– ლექსი როგორ უნდა შეფასდეს?

– ჩემი აზრით, როგორც ადამიანში შევაფასებ ჯერ სულს და შემდეგ სხეულს, ასევე ლექსში ჯერ მთავარ სათქმელს შევაფასებდი და შემდეგ სხვა კრიტერიუმებს, რითაც უნდა შეფასდეს კარგი ლექსი.

– ნინო, რით ამაყობ ყველაზე მეტად?

– ყველაზე მეტად ჩემი თავისებურებით ვამაყობ, რადგან არავის არ ვგავარ და შემიძლია ვიყო უნიღბო ადამიანი, უბრალოებას ვაფასებ ჩემში და ვიმედოვნებ არასდროს შევიცვლები.

– რას უსაყვედურებ წინა თაობას და რას ეტყვი შენს თაობას?

– წინა თაობაში მხოლოდ ერთი რამ არ მომწონს და მიუღებელია ჩემთვის, ეს არის ცხოვრება წარასულის კარნახით, არამედ ხალხის ზეგავლენით. ჩემს თაობას ვურჩევ აკეთონ სიკეთე და გულში ბოროტებას არ დაუთმონ ადგილი, ილოცონ და დაუახლოვდნენ უფალს. მინდა, რომ ჩემი თაობა მეტად აფასებდეს და გრძნობდეს წინაპრების დამსახურებებს.

– რა არის ადამიანი?

– ადამიანი ამოცუნობი ფენომენია, რომელიც ცხოვრების რთულ და მაინც ფერად დღეებს უმკლავდება. ადამიანი ისაა, ვისაც შეუაძლია სხვას გაუწოდოს დახმარების ხელი სწორედ მაშინ, როცა თავად რთულ მდგომარეობაშია. ჭეშმარიტი ადამიანი უანგაროდ აკეთებს სიკეთეს, რომლითაც უახლოვდება ღმერთს.

– და ბოლოს, რის თქმა გსურს?

– მინდა, რომ ჩემი სამშობლო გამთლიანდეს და ადამიანებმა მეტად დააფასონ ერთმანეთი, დააფასონ დრო. მინდა უფალმა ყველა იმ ადამიანს გადმოხედოს, რომელსაც უჭირს…