ეკა კვიციანი: ვერ ვიტყვი, რომ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს…

3017

ავტორი:
ნუგზარ ჭიაბერაშვილი


მე, ეკა შოთას ასული კვიციანი (კატერინა) თბილისში, 1968 წლის 29 იანვარს, დავიბადე იურისტების ოჯახში, სადაც ორ უფროს ძმასთან ერთად ვიზრდებოდი. დავამთავრე – ა/კ რკინიგზის N 1 საშუალო სკოლა და შემდგომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სწავლის პერიოდში დავოჯახდი, მყავს ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. ვმუშაობდი ფინანსთა და განათლების სამინისტროში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალის ხელმძღვანელად, ვკითხულობდი ლექციებს, ასევე, ვიმუშავე ბაგა-ბაღის გამგედაც. კარგად მახსოვს, რომ პოეზიის სიყვარული ბაღის ასაკიდან მომყვება, ხოლო ლექსის წერა მესამე კლასიდან დავიწყე, რაც ბავშვურმა სიყვარულმა განაპირობა… – ასე მოკლედ, მაგრამ შთამბეჭდავად გვიყვება პოეტი ეკა კვიციანი თავის ბიოგრაფიას.

ეკა კვიციანი საინტერესო რესპონდენტია, ამაში წინამდებარე ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით…
– ქალბატონო ეკა, თქვენი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი თუ გახსოვთ თქვენს ცხოვრებაში?
– ერთდროულად, ჩემს ცხოვრებში ორი მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი ნაბიჯი გადავდგი: პირველი, როდესაც სწავლასთან შეთავსებით მუშაობა დავიწყე და იმავდროულადვ შევქმენი ოჯახიც.
– რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– იმის შემდგომ,რაც დედობის ბედნიერება მხვდა წილად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი შვილები არიან.
– ლიტერატურა რას აძლევს ადაიანს?
– პირველ რიგში ლიტერატურა იძლევა ზოგად და საერთო განათლებას, შემდგომ კი ამა თუ იმ საკითხის  სწორად შეფასებისა და აზროვნების უნარს.
– პოეტი და მწერალი მართლა ერის გონიერება და შეგონებაა?
– რა თქმა უნდა, რადგანაც ჩვენ გვყავდენენ და ახლაც გვყავს ისეთი პოეტები და მწერლები, რომელთაც გონივრულად შეეძლოთ და დღესაც შეუძლიათ ერის შეგონება.
– და დღეს ვინმე უსმენს ამ გონიერებას – პოეტს?
– მეტ-ნაკლებად, კი.
– პირველი ლექსი როგორ დაწერეთ?


– პირველი ლექსი ბავშვობის ასაკში დავწერე, რომელიც ბავშვურმა სიყვარულმა დამაწერინა.
– კრიტიკოსი თუგყავთ?
-კულუარებში ალბათ კი.
– ვინმეს თუ აძლევთ საშუალებას, რომ თქვენი შემოქმედება ჩაასწოროს და ვინ არის ეს ადამიანი?
– არა, ასეთი ადამიანი არ არსებობს.
– დღეს მაინც კრიტიკოსების ნაკლებობაა და ამიტომაც გამოიცემა ამდენი უშინაარსო წიგნი. რას მივაწეროთ ესპრობლემა?
– ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ კრიტიკოსების ნაკლებობა იწვევეს ამას, შესაძლოა შემოქმედს  არ ჰყავდეს კრიტიკოსი, თუმცა ღირებული და შინაარსიანი იყოს მისი შემოქმედება ან პირიქით.
– დღევანდელი, თანამედროვეობის კორიფეები ვინ არიან ქართულ სამწერლო ასპარეზზე?


– ქართველები ყოველთვის გამოვირჩეოდით გამოჩენილი მოღვაწეების სიმრავლით და საბედნიეროდ არც ახლა განვიცდით მათ ნაკლებობას.  დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გამოვარჩევ ბატონი ტარიელ ხარხელაურს, ერეკლე საღლიანს და ა.შ….
– ახალგაზრდებს ვინმე უთმობს გზას?
– რა თქმა უნდა! დღეს ახალი თაობის ბევრი ნიჭიერი შემოქმედი დგას წინ.
– დღეს რა სტილის და შინაარსის პროზა და პოეზია ჭარბობს?
– დღეს ჭარბობს თხრობა (ლიტერატურული პროზა) და ლირიული ჟანრის პოეზია.
– რეალურად რა მდგომარეობა გვაქვს მწერლობაში?
– ვერ ვიტყვი, რომ სახარბიელო…
– დღეს მომრავლებული პრემია-კონკურსები რას იძლევა?
– დიდად კონკურსების მომხრე არასდროს  ვყოფილვარ, პირველად მივიღე კონკურს-პრემია „ივერიაში“ მონაწილეობა. ვერ ვიტყვი რომ შემოქმედებითად ზრდის პოეტს, თუმცა სტიმულის მომცემია.
– „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია „ივერიას“ რა ადგილი უჭირავს თქვენთვის, რომლის მონაწილეც იყავით გასული წლიდან?


– როგორც აღვნიშნე, ჩემთვის ერთგვარი სტიმული იყო ამ პრემია-კონკურსში მონაწიელობა.
– და ამ სფეროში რა ადგილი უჭირავს ამ პრემია „ივერიას“?
-ალბათ, არც თუ ისე უმნიშვნელო.
– ქალბატონო ეკა, ასე, თითქოს კასტა-კასტა დაყოფილი მწერლობა რას მიგანიშნებთ?
– კარგს არაფერს, ნამდვილად არ მომწონს ასე ჯგუფებად დაყოფილი მწერლობა, ჩემთვის კარგი შემოქმედი რომელ კასტასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს, კარგი შემოქმედია!
– რა არის მაინც მწერლობა, რომ ამხელა აჟიოტაჟი მოაქვს ხოლმე ახლის – ნიჭიერის ან თავხედი უნიჭოს გამოჩენისას?
– მწერლობა ყველა დროში იყო მნიშვნელოვანი, ვინაიდან ქვეყნის და მომავალი თაობების განვითარება მწერლობაზეა დაფუძნებული, ამიტომაც იწვევს აჟიოტაჟს.
– კვიციანების გვარზე მოგვიყევით.
– კვიციანების გვარი სვანეთის ულამაზესი უშბისძირა, სოფლ ბეჩოდან იღებს სათავეს. ასე თუ ისე, გამორჩეული გვარი იყო ყოველთვის და ვფიქრობ, დღესაც ასეა, რითაც ვამაყობ. სამწუხაროდ სვანეთში პირველად ორი წლის წინ ვიყავი, ისიც მცირე ხნით. აი ეს ლექსი თბილისში დაბრუნებისას, ემოციებით სავსემ  გზაში დავწერე.

ზეცაში ვთვალე ფერთა სიწმინდე,
გაფითრებული იდგა თეთნულდი,
სული კიოდა აჭრილი მზესთან,
როს, საკუთარი თვალით დავრწმუნდი,
რომ ჩემი სისხლი იშვა ლაჟვარდში,
სადაც მზე ქსოვდა უფლის სამოსელს
და წინაპრებმა სადაც გიორგის
წმინდა ხატება, რწმენით შემოსეს.
გარს ეხვევიან მზისებრ ფრესკები
პატარა ძეგლებს, უძველეს ხანის,
სადაც გალობით მგლოვარე კაცებს,
ლაფანლის ზართა ხმები უხარის.
ჰაწვალში ცასთან მღეროდნენ მთები,
სადაც ხელის გულს სამოთხეს წვავდა
და ყოველივე ამაღლდა მზესთან,
რაც კი მიყვარდა და რაც კი მწამდა.
ღმერთო, ქვის კოშკნი მზის გულს
სწვდებოდნენ და მთები,
გრანიტ-კრისტალდაწნული,
ამაყად იდგა დიდრონი შხარა,
წმინდა ფიქალით, ვითარც ქალწული.
იქ ყველაფერი მარიამს ჰგავდა,
ლოცვაზე ცამდე იყო ასული,
სიყვარულივით ლამაზ სამყაროს,
არც ბოლო ჰქონდა, არც დასასრული.
ორთავა უშბა სვანურს ცეკვავდა,
თითქოს ბებიის ეცვა მზეს ქოში,
ვით ჩემი გვარი და სალოცავი,
დღეს ჩემი სული დარჩა ბეჩოში.
მე დავიბადე იქ ხელმეორედ,
სისხლით, სამოთხის შევაღეკარი,
გმადლობ უფალო, ამ საოცრების
უხილავ, უბრად, რომ არ მომკალი.