მარიამ ჯავახიშვილი: მე ხომ უგვირგვინოდაც დედოფალი ვარ…

2951

ხალასიანი, გულითადი, უბოროტო და პოეტური… უყვარს მუდმივად და ამითაა ბედნიერი. განსხვავებული ხედვა აქვს პოეზიაში და საინტერესოდ აღიქვამს შემოქმედებას. ამბიციურია და ნიჭიერი… პატრიოტია და უყვარს საქართველო! პროფესიით ფილოლოგია და მუშაობს ახმეტის მერიაში. მოკლედ, ეს ნიჭიერი გოგონა მარიამ ჯავახიშვილია.

– მარიამ, დღევანდელი პოეზია, რაც საქართველოში იქმნება, მოგწონს?

– მეტ-ნაკლებად მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ საოცრებები იქმნება, თუმცა სასიამოვნოა, რომ ბევრ ადამიანს აქვს წერისა და საკუთარი თავის, ემოციის გამოხატვის სურვილი. დიდი ალბათობით, არც წინა საუკუნეებში იქმნებოდა მასობრივად დიდებული ნაწარმოებები, თუმცა, რაც ღირებული იყო – გადარჩა.

– და რა მოგწონს დღევანდელ ქართულ პოეზიაში და რა – არა?

– დღეს უფრო გახსნილია და თავისუფალია ლექსი ჩარჩოებისგან და ვთვლი, რომ პოეზია არ ემორჩილება გრამატიკულ ნორმებსა და თავისებურებებს. ლექსი არის ცოცხალი ორგანიზმი,  ამბავი, ემოცია და განცდა და არა საკლასო ან საშინაო დავალება, რომელშიც ვინმემ ნიშანი უნდა დაწეროს.

– იუმორით ხარ ცნობილი…

– კი, ზოგადად იუმორი ძალიან მიყვარს და მაშინ ვხუმრობ ყველაზე მეტს, როდესაც შინაგანად ძალიან ცუდად ვარ. ზოგადად, საკმაოდ დეპრესიული ადამიანი ვარ და იუმორი მეხმარება, რომ საკუთარ თავს დავეხმარო. მსიამოვნებს, როდესაც ადამიანებს ვაცინებ და დადებითი ემოციებით ვმუხტავ.

– მართლა ასე მხიარულად ცხოვრობ?

– ვერ ვიტყვი, რომ მხიარული ცხოვრება მაქვს, თუმცა ვთვლი, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ არის ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ვიმსახურებ.

– შენი დარდი რა არის?

– უჰ… რა მოსთვლის… დარდის გარეშე ადამიანი არ არსებობს… საკუთარი თავი რომ დავკარგეთ, ყველაზე მეტად ეგ მადარდებს… ღმერთი რომ არაფრად მივიჩნიეთ, მაგაზე მეტი დარდი რა არის… ეგაა ყველაფრის სათავე…

– მოგვიყევი შენ ცხოვრებაზე, რას საქმიანობ და როგორ ატარებ თავისუფალ დროს?

– ვმუშაობ საჯარო სამსახურში. თავისუფალი დრო როცა მაქვს, ან ვწერ, ან მეგობრებთან ერთად ვარ… თუმცა, ბოლოს როდის მქონდა ეგ ბედნიერება, აღარ მახსოვს.

– მარიამ, როგორი ქვეყანაა საქართველო?

– საქართველო ჩემი სამშობლოა, ჩემთვის საამაყოა თავისი დადებითი თუ უარყოფითით. არასდროს, არც ერთ ქვეყანაში არ ვიცხოვრებდი საქართველოს გარდა.

– და ქართველები როგორი ხალხია?

– ქართველები საამაყო ხალხია. ყველა ერს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემსას ვაღმერთებ!

– შენი შემოქმედებიდან რომელი ლექსი მოგწონს ყველაზე მეტად?

ჩემი ლოცვა

უფალო ჩემო, ჩვენ არაფრით ვგავართ ერთმანეთს,
უკვდავი რომ ხარ, სატანჯველი მეტი რა გინდა.
დღეს გულწრფელობას აფასებენ თითქმის ერთმანეთს
და კლავენ აწმყოს, როგორც ქრისტეს, დასაბამიდან .

უფალო ჩემო, დაგემსგავსო მინდა იერით,
სანამ შევცოდავ, მანამდე მსურს ძლიერ ამტკივდე.
და მაქვს სხეული ავხორცი და სული მშიერი.
ღმერთო, ჩემს გამო გოლგოთაზე გთხოვ, არ ახვიდე.

უფალო ჩემო, ქაოსია ჩემს სამყაროში.
დედამიწაზე ჩემთვის ბინა ვერსად ვერ ვპოვე.
ერთადერთ იმედს გეჭიდები შამბიან დროში
და სადიდებლად შენდა ღმერთო, ლექსსაც ვერ ვტოვებ.

ვნანობ მოძღვარო, მომიტევო უნდა უფალმა,
ლოცვაც ვერაფრით ვერ ვისწავლე, ვერ ვიზეპირებ
და ამიტომაც, ჩემებურად ვწერ და მოგმართავ:
შემინდე ღმერთო, გადავედი ზღვარს და ჯებირებს.

აპათიასაც ვერ ვუთხარი ისევ უარი,
ჩემს არსებაში მცირე, მაგრამ დარჩა სიმართლე.
და ჭეშმარიტი სიყვარული ღმერთით უარი,
შემოდი ჩემში, სიყვარულით გამასამართლე!

უფალო ჩემო, დაგემსგავსო მინდა მცირედით,
სანამ შევცოდავ, მანამდე მსურს ძლიერ ამტკივდე.
და მაქვს სხეული ავხორცი და სული მშიერი.
ჩემს გამო, ღმერთო, გოლგოთაზე აღარ ახვიდე…

– ეს მთელი ჩემი ემოციაა…

– წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის  პრემია „ივერიაში“ მონაწილეობდი, ვერ გახდი ლაურეატი ამჯერად… გული ხომ არ დაგწყდა?

– არა, გულის დაწყვეტის მომენტი ნამდვილად არ მქონია, რადგან არასდროს გამჩენია არც მონაწილეობის და არც გამარჯვების სურვილი რაიმე სახის ლიტერატურულ კონკურსებში. ეს პირველი იყო. მე ხომ უგვირგვინოდაც დედოფალი ვარ…

– მარიამ, რა სიკეთე ან რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსგავსმა პრემია-კონკურსებმა ქართულ ლიტერატურას?

– ზიანი, ალბათ უფრო იმედგაცრუება შეიძლება იყოს, რადგან ვინმეს ჰქონდეს გამარჯვების სურვილი და ვერ გაიმარჯვოს… სიკეთე კი იქნება წახალისება, ცნობადობის ამაღლება, საინტერესო ადამიანების გაცნობა და ა.შ..

– როგორ ქმნი პოეზიას, შენც მუზას ელოდები ხოლმე თუ?

– ზოგადად, ყოველთვის მოულოდნელად ვიწყებ წერას, უცებ რაღაც სიტყვები და სტრიქონები ირევიან ხოლმე თავში და არ მასვენებენ. მეზარება წერა, მაგრამ როდესაც არ მცილდებიან, იძულებული ვარ, რომ დავწერო. ერთი ხელის მოსმით ვწერ, ერთი ამოსუნთქვით და ვცდილობ არ შევასწორო. ასე პირვანდელი სახით უფრო მომწონს, ვიდრე გადაკეთებულ-გალამაზებული. ნაცოდვილარი ხომ ლექსი აღარ არის.

– რა არის სიყვარული ან სიძულვილი საიდან მოდის?

– სიყვარული არის ყველაზე მთავარი, მამოძრავებელი და მაცოცხლებელი ძალა. სიძულვილი კი სიყვარულის არარსებობა, შიშისა და შურის  ერთობლიობაა.

– ბავშვობაში რაზე ოცნებობდი, რა პროფესიის გინდოდა გამხდარიყავი?

– ხან რა მინდოდა და ხან რა,მაგრამ მთელი გულით მსურდა,ელფი ვყოფილიყავი…

– ტყუილის ფსიქოლოგია თუ იცი?

– არა, არ ვიცი.

– და ჭორის ფსიქოლოგია?

– არა, არ ვიცი …

– ამბავი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება…

– არასდროს დამავიწყდება ჩემი არც ერთი კურიოზი, რომელიც ამდენი წელია ყოველი ფეხის ნაბიჯზე თან მდევს…

– როგორი იქნება შეყვარებული მარიამი?

– მარიამი მუდმივად შეყვარებულია, ოღონდ არა რომელიმე ადამინზე… სიცოცხლეზე ვარ შყვარებული…

– და გაბრაზებულიც აღწერე…

– უჰ… ძალიან იშვიათად ვბრაზედები, რადგან მეზარება და მერე დიდხანს მიმყვება ხოლმე უარყოფითი ემოციები.ვნერვიულობ და განვიცდი, რა მოხდებოდა ,რომ მომეთმინა, არ ავყოლოდი, არაფერი მეთქვათქო… მაგრამ თუ ვბრაზდები, საერთოდ ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე… ხომ გაგიგიათ, ცხვარი ცხვარიაო…

– და ბოლოს, დაემშვიდობე მკითხველს…

– ძალიან დიდი სიყვარული მინდა გადავცე თითოეულ მათგანს. მინდა ვუსურვო მხნეობა და სულიერი სიმშვიდე. ყველაფერი კარგად იქნება.

– ის, რაც გინდოდა გეთქვა ამ ინტერვიუში და შეკითხვა ვერ დავსვი…

– ვთვლი, რომ ამომწურავი ინტერვიუ გამოვიდა და ასე თუ ისე, მკითხველი შეძლებს ჩემს გაცნობას… ვიტყოდი, რომ ადამიანებო, გვიყვარდეს ერთმანეთი.