მაია დიაკონიძე: მოსწავლეები დაიყვნენ ორ კატეგორიად – მდიდრების შვილები, კერძო პრესტიჟულ სკოლაში რომ სწავლობენ და დანარჩენები… მივიღებთ უსულგულო კასტას…

1918

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

არაორდინალური და ამავე დროს კლასიკური, გემოვნებიანი და გამორჩეული ჩაცმულობით ათას ქალში გამოარჩევ… ასეთივეა შემოქმედებაში, მწერლობასა და მხატვრობაში. მისი შემოქმედებითი განსაკუთრებულობა იმაშიცაა, რომ ერთდროულად ქმნის საბავშვო და დიდებისთვის საინტერესო და გემოვნებიან მხატვრულ ლიტერატურას.

ჩემი რესპონდენტი საინტერესო ადამიანია, ღიად და დელიკატურად საუბრობს, აქვს არგუმენტები, ოჯახური, ტრადიციული ღრმა განათლება და კულტურა, რამაც ის საზოგადოებისთვის საინტერესო პიროვნებად და შემოქმედად ჩამოაყალიბა.

მისი ერთ-ერთი წარმატება ჩვენთვისაც სასიამოვნო და საამაყოა, – 2019 წელს „წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა-პოეზიის პრემია – „ივერიის“ მონაწილე იყო და ლაურეატია, ნომინაციაში – „წლის საუკეთესო ნოველა“.

ეს მშვენიერი ქალბატონი, ხელოვანი მაია დიაკონიძეა, წაიკითხეთ მისი ინტერვიუ…


– ქალბატონო მაია, რა არის ლიტერატურა, რა მოაქვს მას ადამიანისთვის?
– ლიტერატურა, ჩემი აზრით, გზამკვლევია ცხოვრებაში, ის გვაცნობს სხვა ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება არასოდეს შევხვედრივართ, მაგრამ თავიანთი ამა თუ იმ თვისებით რეალობაში გვინახავს კიდეც ან გვექნება ბედნიერება მათი ნახვისა, რაც გაგვაოცებს და სიხარულს გვაგრძნობინებს. ლიტერატურა არის გამოცდილება, რომელსაც ვიღებთ სხვა ადამიანების ცხოვრების მაგალითზე და შეიძლება გამოგვადგეს… ის ისევე აუცილებელია სამყაროს აღქმისთვის, კვლევისთვის, წინსვლისთვის, როგორც მათემატიკის თუ სხვა საგნის შესწავლა. მე თუ მკითხავთ, ლიტერატურა უფრო აუცილებელიცაა, რომ ჩავწვდეთ ადამიანების სულის საიდუმლოს, გავიგოთ რა არის სიყვარული, მეგობრობა, ადამიანობა, რაც ჩვენ სამყაროში სულიერ არსებათა შორის ყველაზე მაღლა გვაყენებს და მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობას გვანიჭებს.
– თქვენი შემოქმედების კრიტიკოსი ვინაა?
– ჩემი შემოქმედების კრიტიკოსები ჩემი შვილები – ვაჟები არიან, როგორც ლიტერატორის ზრდას მოითხოვენ ჩემგან. ქალიშვილი უფრო ლოიალურია და თითქმის ყველაფერს იწონებს ჩემსას, რასაც წავუკითხავ.
– და დღეს ლიტერატურული კრიტიკა თუ არსებობს?
– ნამდვილად მოიკოჭლებს ლიტერატურული კრიტიკა… მის არსებობას მივესალმები, მზად ვარ, ჩემი თავიც გადავუგდო საჯიჯგნად, რომ ეს სფერო წინ წავიდეს. დღეს ყველას ყველაფერი მოსწონს, არავის უნდა ერთმანეთს აწყენინოს, ასე კი საქმე წინ ვერ წავა.

– საინტერესოდ დაიწყეთ თქვენ წერა – ლიტერატურის შექმნა…
– სხვა ინტერვიუებშიც მითქვამს, ლექსების წერის დაწყება მაინც მისტიკასთან იყო დაკავშირებული. იანვრის შუა რიცხვებში, ნამდვილ ახალ წელს რომ ვეძახით, სადღაც თოთხმეტ-თხუთმეტ რიცხვებში,  წინასწარმეტყველურ სიზმრებს ვნახულობ ხოლმე. იმ წელსაც უცნაური რამ მესიზმრა, – მე და ჩემი ქალიშვილი ჯადოსნურ სარკეს ვეძებდით, რომელშიც უნდა ჩაგვეხედა და რასაც ჩაიფიქრებდი, ის სურვილი აგიხდებოდა… სოფიომ, ჩემმა ქალიშვილმა, იპოვა და მომიტანა, სურვილი ჩავიფიქრე, მაგრამ არ ამიხდაო… მე ხელში ავიღე თუ არა, კანკალი დამაწყებინა, რაღაც უცნაური ძალა დამეუფლა და თითქოს ცაში ამწია… შიშისგან გამეღვიძა. გავიფიქრე, წელს რაღაც სასწაული მოხდება მეთქი და მართლაც ასე იყო, მარტში ლექსების წერა დავიწყე. იმ დღიდან ვეღარ ვჩერდებოდი, ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად გადმოდიოდა ქაღალდზე. ზოგჯერ ვფიქრობდი, – ნუთუ ეს მე დავწერე? არც ერთი ლექსი ზეპირად არ მახსოვს, დავწერ და მავიწყდება. მოთხრობებს, ნოველებს და ესეებს კი ახალგაზრდობიდან ვწერდი, თუმცა იშვიათად.
– პერსონაჟებს თავად იგონებთ თუ რეალური ცხოვრების ბინადარნი არიან?
– როგორც მოგეხსენებათ, მე საბავშვო ნაწარმოებების ავტორიც გახლავარ, – მეზღაპრე. ზღაპრებში, რა თქმა უნდა, ბევრი მყავს გამოგონილი პერსონაჟი, ბევრიც – რეალურია, მაგრამ ნოველებში, ესეებში, მოთხრობებში, უფრო ცხოვრებისეული პიროვნებები მყავს ასახული, უბრალოდ სახელებს ვუცვლი მათ. საინტერესო ისაა, რომ ზოგს რამდენიმე ადამიანის თვისებებს მივაწერ ხოლმე.
– რას გინდათ მიაღწიოთ ლიტერატურით?
– მინდა ჩემი სათქმელი მივიტანო ადამიანების გულებთან. ბავშვებს ზღაპრების პერსონაჟები ასწავლიან სიკეთეს, რა არის ერთმანეთის გატანა, ერთმანეთის დახმარება, – სიყვარული, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ გადალახავს დაბრკოლებებს. ამას ვასწავლი ჩემს პატარა მეგობრებს და ყველაზე საყვარელ ადამიანებს ამქვეყნად. დიდებისთვის კი ზოგჯერ ძალიან მძიმე სათქმელი მაქვს, ვეუბნები, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს მათმა ერთმა სიტყვამ, ერთმა დაუფიქრებელმა საქციელმა ადამიანს. ერთმა ცუდად ნათქვამმა, ბოროტი ზრახვით ნათქვამმა შეიძლება, რომ სიკვდილამდეც მიიყვანოს ადამიანი… ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
– რა არის პოეტობა-მწერლობა და არის თუ არა ეს ფუფუნება?
– პოეტობა-მწერლობა, ერთი მხრივ, ძნელი და საპასუხისმგებლო საქმეა და რაც მეტი მკითხველი გყავს, ეს პასუხისმგებლობაც იზრდება. ამავე დროს, ეს ღვთის საჩუქარია მწერლისთვის, ღმერთისგან უდიდესი ჯილდო, რომ შენ შეგიძლია წერო სხვებისთვის, სიამოვნება მიანიჭო ადამიანებს, ასწავლო ფიქრი, აზროვნება, ასევე შენ თავსაც. როცა წერ, თავისუფლდები ემოციებისგან, გადაგაქვს ქაღალდზე, რომელიც სხვებს დატვირთავს იგივე მუხტით, გადაიყვანს სხვა სამყაროში, ამოგზაურებს მრავალ მხარესა და კუთხეში, ხან იცინებენ შენთან ერთად, ხან ცრემლებად დაიღვრებიან… გაგიმხელთ – ბევრჯერ მიტირია ჩემი ნაწარმოებების პერსონაჟების ნაცვლად მათი ბედით გულგულდამძიმებულს.


– ქალბატონო მაია, ხელოვანი უნდა იყოს ჩართული პოლიტიკაში?
– ჩემი აზრით, არაფერია ცუდი იმაში, რომ მწერალი და ზოგადად ხელოვანი, პოლიტიკაში იყოს ჩართული და მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდეს. ამით კარგ სამწერლო მასალასაც შეაგროვებს. მწერლის გამდიდრება პოლიტიკის ხარჯზე ჩემთვის წარმოუდგენელია.
– დღევანდელი განათლების ხარისხი და სისტემა თუ მოგწონთ?
– არ მომწონს ნამდვილად! საჯარო სკოლებში ბავშვები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, მასწავლებლები არ არიან დაინტერესებული მოსწავლეებს გადასცენ ცოდნა! გამოცდილება არ აქვთ შესაბამისი და არც ანაზღაურება… მოსწავლეები დაიყვნენ ორ კატეგორიად, მდიდრების შვილები, რომლებიც კერძო, პრესტიჟულ სკოლებში სწავლობენ, მერე ასეთივე  უმაღლეს სასწავლებლებში და სხვა – დანარჩენები… ეს კიდევ უფრო ზრდის უფსკრულს არამდიდარ და მდიდრებს ადამიანებსა შორის, შესაბამისად, მათ ერთმანეთის აღარ ესმით. მაშინ, როცა ყველა სოციუმის ბავშვები ერთად უნდა იზრდებოდნენ და ერთმანეთის დარდს და ტკივილს იზიარებდნენ, როგორ გაიგებს მდიდარი მამიკოს შვილი რა აწუხებს სხვა ღარიბ მოკვდავს?! მივიღებთ უსულგულო ადამიანების კასტას, რომლებისთვის ქვეყნის ბედ-იღბალი და ხალხის ტანჯვა არაფერი არ იქნება. მე მომწონს განათლების ფინური მოდელი, რომელიც მთლიანად ბავშვის მოთხოვნებზე, მის შესაძლებლობებსა და მათ რეალიზებაზეა მორგებული, მაგრამ ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.


– როგორ უმკლავდებით კორონა ვირუსის ჩაკეტილობას – სახლში?
– ნამდვილად არ მომწონს ეს კარჩაკეტილობა! არ იმართება საღამოები, შეხვედრები, მაგრამ როგორც ოჯახის დიასახლისს, ხშირად მიწევს გარეთ გასვლა სურსათისთვის. ასე რომ, საოჯახო საქმეებზე სახლიდან გასვლა ვარჯიშსა და სეირნობაში მეთვლება –  საათობით რიგებში დგომა და… დანარჩენი უკვე შემოქმედებითი წვის პროცესია. ასე რომ, მოწყენილობა დიდად არ მაწუხებს.
– გჯერათ, რომ კორონა ვირუსი მართლა არსებობს და მას მსოფლიოს ადამიანების დიდი რაოდენობის დახოცვა შეუძლია?
– როგორც ჩანს, მართლა არსებობს. თავიდან ცოტა სკეპტიკურად კი ვუდგებოდი ამ საკითხს, მაგრამ იმდენი ხალხი დაიღუპა, უკვე შევშინდი კიდეც… ხანდახან საშინელებათა ფილმის მთავარი გმირი მგონია თავი, სადაა სიკვდილი ჩასაფრებული და საიდან მოგეპარება, არ იცი…
– თქვენი შეხედულება კოვიდზე, ეს შემთხვევითი ვირუსია თუ სპეციალურად შექმნილი?


– დღევანდელ სამყაროში, ჩემი აზრით, შემთხვევით არაფერი ხდება. არ მგონია, ის შემთხვევით გაჩენილიყო, ექსპეტიმენტების შედეგი უნდა იყოს. შეიძლება თავიდან კეთილი მიზნებიც ამოძრავებდათ ვირუსის შემქმნელებს, მაგრამ ბუნების კანონების უგულვებელყოფას და მათ წინააღმდეგ წასვლას, ხშირად ცუდი შედეგები მოაქვს.
– ქალბატონო მაია, თქვენ ხატავთ კიდევაც…
– ხატვა ჩემი ჰობია, უფრო ხშირად პასტელებით ვხატავ, სადმე მყუდროდ მოვეწყობი და… მიყვარს პასტელური ფერები და ყვავილები. ზეთის საღებავებით რომ ვიმუშავო, ადგილი არ მაქვს, ფართობი მჭირდება, სახელოსნო.
– რატომ დაიწყეთ ხატვა?
– ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა, ეს მამის დამსახურებაა. ხელოვნებას ბავშვობიდან გვაზიარა. ხუთი და-ძმა ვიყავით, გვამუშავებდა ხეზე, ცარცზე, პლასტელინზე, ფიგურები უნდა გამოგვეძერწა, თვითონაც კარგად ხატავდა, მაგრამ არ გაჰყვა ხელოვნების ამ დარგს, ეკონომისტი გახლდათ. სამაგიეროდ ჩემი და-ძმა პროფესიონალი მხატვრები არიან, ია და მიხეილ დიაკონიძეები. მე თვითნასწავლი გახლავართ. სამივე და-ძმა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრები ვართ, ია მოსკოვის მხატვართა საერთაშორისო გაერთიანების წევრიცაა. ხატვის გარეშე ვერ წარმომიდგენია თავი. თითოეულ ნახატში ადამიანის სულიერი სამყარო ჩანს, მისი მისწრაფებანი, ხასიათი… მაჩვენეთ მხატვრის ნამუშევარი – ნახატი და მე გეტყვით, ვინ არის ის.
– რა სტილია თქვენი მხატვრობა?


– ჩემი ნახატები და მიმართულება უფრო პრიმიტივიზმისკენ იხრება, ვინაიდან კლასიკური აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიმიღია.
– მხატვრობას რა დანიშნულება აქვს სამყაროში?
– მხატვრობა, ისე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, შემეცნებით ხასიათს ატარებს. პირველყოფილი ადამიანი შეიმეცნებდა სამყაროს და თან ხატავდა. სწავლობდნენ ადამიანის ანატომიას – ხატავდნენ. ადამიანის ფიზიკური აღქმა და შემეცნება უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი რენესანსის პერიოდის მხატვრობაში. დღეს მხატვრობას უფრო სხვა მოთხოვნილებებს უყენებენ, – მან ადამიანის სულიერი არსი და განცდები უნდა გადმოსცეს. ის მხატვრის თვითგამოხატვის საშუალება უფროა, თავისი მეს წარმოჩინება, ზოგის მე – მოგვწონს, ზოგის – არა.
– რამდენად ამართლებთ, ნახატები მილიონები რომ ღირს?
– ზოგი ნახატი შეუფასებელია, ზოგი მილიონებიც უნდა ღირდეს. მე ამას გეუბნებით, როგორც მხატვარი და როგორც, ხელოვნების მოყვარული. შეუძლებელია დაინახო ვან გოგოს ან ფიროსმანის ტილო და ის მილიონებად არ შეაფასო. ისინი მუზეუმების საკუთება უნდა იყოს და ხალხს უნდა ჰქონდეს მათით ტკბობის საშუალება. ხელოვნება აუცილებელია ღარიბისთვისაც და მდიდრისთვისაც. თუ უნდა მდიდარს ჰქონდეს მილიონიანი ნახატი, – ჰქონდეს, ჯობია, ვიდრე კაზინოებსა და უსაგნო, უსარგებლო დროსტარებაში ფლანგოს ფული.
– ღირს კი ნახატები მილიონები მაშინ, როცა ადამიანები შიმშილით იხოცებიან მსოფლიოში?


– დღეს ბევრ ცნობილ მხატვარს ევროპასა თუ ამერიკაში საკუთარი დიდი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებში გაჭირვებულების და დაავადებული ადამიანების დასახმარებლად. საქართველოშიც არის ასეთი მაგალითები, – ჩვენს ოჯახსაც, როგორც, მხატვრებს, არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ქველმოქმედებაში, დახმარება გაუწევია მატერიალურად შეჭირვებული თუ ავადმყოფი ადამიანებისთვის. რაც შეეხება, ხელოვნების ნიმუშებს, შედევრებს, ისინი ფასდაუდებელია და დიდი სიკეთის მომტანია თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ხელოვნების გარეშე ადამიანი არაფერი არ არის! ადამიანი ხელოვნების გარეშე ეს იგივეა, ვიკითხოთ, ლუჩანო პავაროტის რატომ უხდიდნენ მილიონებს კონცერტებში?! მისი ხმა ხომ განუმეორებელია – დადებითად ატყვევებდა და ატირებდა ადამიანებს, ეს იყო საოცარი ემოციების ზღვა. ასეა, როცა ვუყურებ ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილის, პეტრე  ოცხელის, დავით კაკაბაძის ნახატებს, ხანდახან ვტირი კიდეც – აღფრთოვანებით.
– ვინ არის მაია დიაკონიძე?
– მაია დიაკონიძე ერთი უბრალო ქალია, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული. ლექსების წერა რომ დავიწყე, თავდაპირველად სულ საქართველოზე ვწერდი, სანამ არ შემაჩერეს და არ მითხრეს, მხოლოდ სამშობლოზე წერა და მუშტების ბრახუნი არ არის მოდაში, ახლა სხვა მოთხოვნებია პოეზიაშიო.
– რა ჰობი აქვს ერთ უბრალო ქალბატონ მაიას?


– ჩემი ჰობი ხატვის გარდა ნახატების შეგროვებაა. ზოგჯერ უავტორო ნახატები მიყიდია, მეცოდება, უპატრონოდ, მშრალ ხიდზე, ნავთლუხის ბაზარში გამოტანილები ნახატები, ადამიანები ლუკმა-პურისთვის რომ ჰყიდიან… მომაქვს სახლში ვწმენდ, ვაწესრიგებ და ვინახავ. მათ „გადაყრილ“ ნახატებს ვეძახი, რომელთა მთელი კოლექცია მაქვს უკვე. აქ ჩანს სწორედ, როგორ უჭირს ხალხს, აქ ჩანს თუ როგორ ჰკარგავს ნახატი თავის ფუნქციას მათთვის.
– რა უყვარს და რა არ უყვარს ყველაზე მეტად მხატვარ-პოეტს მაიას?
– მიყვარს ადამიანები თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებებით… მიყვარს ბუნება, მთელი სამყარო, სიცოცხლე. არ მიყვარს უზრდელობა, უხამსობა, უსამართლობა, როცა ვინმეს ჩაგრავენ, ეს ჩემს განრისხებას იწვევს.
– ქალთა უფლებები მართლა ირღვევა საქართველოში?
– მე ვთვლი, რომ საქართველოში ირღვევა ქალთა უფლებები… ხშირად შევხვედრივარ ქალის მიმართ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ მოპყრობას და ეს ზოგიერთისთვის ჩვეულებრივი ამბავია… რაც მაკვირვებს ხოლმე! მამამ ჩვენ, სამივე ქალიშვილი, ლიდერებად, მებრძოლებად გაგვზარდა. ბავშვობაში ქართული ჭიდაობის  ილეთებს გვასწავლიდა, თავდაცვა რომ შეგვძლებოდა. არც ერთ სპორტში არ ვუდებდი ტოლს თანატოლ ბიჭებს, რაც მამას ძალიან ახარებდა ხოლმე.
– და მამაკაცის უფლებები თუ ირღვევა?


– არ მგონია, პირიქით, ქართველი მამაკაცები ძალიან გათამამებულადაც კი მეჩვენებიან… იმედია, ჩემი ეს აზრი რისხვას არ გამოიწვევს საწინააღმდეგო სქესში.
– საერთოდ, დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ თუ მონარქიული ან რაიმე კავშირის შემადგენელი ნაწილი?
– რა თქმა უნდა, დემოკრატიული, ხალხი ძალაა, რომელსაც ვერაფერი დაუდგება წინ. მისი აზრი გადამწყვეტი უნდა იყოს. მთავრობას კი არ უნდა ემსახურებოდეს ხალხი, ხალხს უნდა ემსახურებოდეს მთავრობა.
– და ბოლოს, რისი თქმა გსურთ ხშირად?
– ხშირად ვუთხრათ ერთმანეთს მიყვარხარ, რადგან ყოველი დღე შეიძლება უკანასკნელი იყოს ჩვენთვის… ვეღარ მოვასწრებთ იმის თქმას, რაც უნდა გვეთქვა ასჯერ და ათასჯერ საყვარელი ადამიანებისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, ჩვენ კი ამ შანსს ყოველ დღე ვუშვებთ ხელიდან…