აბრაამ პაატა იოსებაშვილი: ისრაელში ცხოვრება არის თავგანწირული სიყვარული სამშობლოსი… და რა სჭირდება საქართველოს დღეს?!

1856

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

უზარმაზარი პასუხისმგებლობით გამორჩეული ადამინი – ქართულ-ებრაული მეგობრობისა და პატივისცემის, ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითი… საქმით და სიტყვით მზრუნველი პიროვნება, რომელმაც ახალ სიცოცხლეს მისცა დასაბამი, ძველი, ურყევი, უკვდავი სიცოცხლის საძირკველზე – 26 საუკუნოვანი ქართულ-ებრაული მეგობრობა 27-ე საუკუნისთვის მოამზადა და ამის ნათელი მაგალითი მისი თაოსნობით შექმნილი ორგანიზაციაა – „მეგობრობის მერიდიანები“, რომლის პრეზენტაციაც 2 ნოემბერს გაიმართება საქართველლოს მწერლის სახლში.

მოკლედ, ეს ბატონი აბრაამ პაატა იოსებაშვილია და ამ ინტერვიუდან თითქმის ამომწურავად გაიგებთ მის სულისკვეთებას, სახალხო დიპლომატიის დანიშნულებასა და სასიკეთო სამომავლო გეგმებზე…

– ბატონო პაატა, რას ნიშნავს იყო ქართველი ებრაელი?
– იყო ქართველი ებრაელი ჩემთვის ნიშნავს ორი სამშობლოს ღირსეულ შვილობას, ორი სამშობლოს მსახურებას, ბატონო ნუგზარ და, ორი სამშობლოს მუდმივ მონატრებას…
– ხშირად გამიგია, – ებრაელებისგან უნდა ვისწავლოთ საქართველოს სიყვარულიო… რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიგოთ ეს?
– დიახ, ქართველ ებრაელებს განუზომლად გვიყვარს ქართული მიწა, ქართული ტრადიციები, ყველაფერი ის, რაც ჩვენს წარსულთან გვაკავშირებს. ქართველმა და ებრაელმა ერმა 26 საუკუნოვან მეგობრობას გაუძლო, სანდო ხიდები გააშენა წარსულსა და დღევანდელობას შორის. ქართველმა ერმა მთელ მსოფლიოში აჩვენა მაგალითი სასწაული ტოლერანტობისა! აქ დარჩა ჩვენი ბავშვობა, ბედნიერი წლები, წინაპართა საფლავები. საქართველოდან წავიღეთ ქართული სული, რომელსაც სანთელივით ვუფრთხილდებით… ქართული ტრადიციები, ფოლკლორი, ცეკვა, სიმღერა, კულინარია ისრაელში დღემდე ცოცხლობს და გრძელდება ყველა ქართველი ებრაელის ოჯახში. ისრაელში მართლაც შეგიძლიათ ნახოთ პატარა საქართველო…


– რას მოღვაწეობთ ამჟამად?
– „მეგობრობის მერიდიანები“ შევქმები თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად. ორგანიზაციის შექმნის მიზანი გახლდათ ქართულ-ებრაული ურთიერთობების და მეგობრობის გზაზე კიდევ ერთი ქმედითი, საქმიანი ნაბიჯის გადადგმა, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა გზა გავიარეთ ერთად, რა შეუძლია ადამიანურ ერთგულებას. ჟურნალი და ორგანიზაცია მიმართული არ იქნება მხოლოდ განვლილ გზაზე, აქ ქართველი და ებრაელი მეგობრები ერთობლივად დავსახავთ გზებს, როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა კვლავაც მოწოდების სიმაღლეზე.
– და ყველა ერის წარმომადგენელს შეუძლია თქვენი ორგანიზაციის წევრობა და რა ევალებათ?
– დიახ, წევრობა ყველას შეუძლია, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს და  ეფიქრება ორი ერის წარსული და დღევანდელობა, მომავალი… და ვისაც სურს ამ ურთიერთობებში თავისი ადამიანური წვლილი და სიყვარული ჩადოს.
– რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება, კულტურა და რა დატვირთვა აქვს მას?
– ყველამ ვიცით, რომ ხელოვნება და კულტურა არის სწორედ ის ფენომენი, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. ხელოვნების ენა ყველაზე გასაგები ენაა, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე და მოფიქრალი ადამიანები  გააერთიანოს…
– თქვენთვის მეგობრობა როგორ იწყება, რა კრიტერიუმებით მეგობრობთ ადამიანებთან, რა არის თქვენთვის მეგობრობა?
– ჩემთვის მეგობრობა უზენაესი, უწმინდესი გრძნობაა… მეგობრობას სასწაულების მოხდენა შეუძლია. მაქვს პრეტენზია, რომ საუკეთესო მეგობრები მყავს საქართველოში და ჩვენ გვაერთიანებს ყველაზე წმინდა გრძნობა – სიყვარული…


– საქართველოს უახლოეს მომავალზე რას იტყვით, როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის განითარებას?
– საქართველოს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, ნაკლები კონფრონტაცია და ყველას ერთიანობა, სამშობლოსთვის საჭირო იდეების ირგვლივ.
– როგორია ისრაელში ცხოვრება?
– ისრაელში ცხოვრება არის თავგანწირული სიყვარული სამშობლოსი. ჩვენი აღთქმული მიწა არის ჩვენი ცხოვრების ანი და ჰოე… „გახმეს მარჯვენა ჩემი, თუ დაგივიწყო იერუშალაიმ“… ამ სიტყვებს ლოცვასავით ვიმეორებდით საუკუნეები და ვიმეორებთ დღესაც…
– თქვენი ძირითადი პროფესია რა არის,  და რა გიტაცებთ ყველაზე მეტად?
– პროფესიით არქიტექტორი გახლავარ, მაგრამ ჩემი ინტერესების სფერო მრავალფეროვანია. ჩემი ჰობია ხატვა, მოგზაურობა, მეგობრების შეძენა. ბედნიერი ვარ მეგობრების სიმრავლით… ერთგულებაზე და სიყვარულზე დაფუძნებული მეგობრობა დიდი ფუფუნებაა და ამ მხრივ ძალზე მდიდარი ვარ…
– ბატონო პაატა, რა არის სიყვარული, სიძულვილი, ბოროტება, სიყვარული?
– სიყვარული არის ის, რაც სამყაროს ატრიალებს, ალამაზებს და ამკობს, ხოლო სიძულვილი – სამყაროს განვითარებას აფერხებს.
–  უახლოესი გეგმების შესახებ გვითხარით…
– გეგმები ძალიან ბევრი მაქვს. უპირველესად კი ორგანიზაციის და ჟურნალის პრეზენტაცია, სადაც ასევე გაჟღერებული იქნება ჩვენი უახლოესი მიზნები და ამოცანები, რომელიც კვლავ და კვლავ უნდა ემსახუროს ჩვენი ორი მოძმე ერის ფასდაუდებელ ურთიერთობებს.