ივერია – ბრილიანტში ევროვიზიის გამარჯვებული მონაწილეობს?!

918

წელს, 29-30 ივლისს, შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი „ივერია – ბრილიანტი“ წელს მეექვსედ გაიმართება, ამჯერად ონში, ულამაზეს რაჭაში. ცხადია მხარდამჭერი, გენერალური სპონსორი და მასპინძელი ონის მუნიციპალიტეტის მერიაა.

წელს რვა ქვეყანაა ჩართული – პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, ლიეტუვა, სომხეთი, თურქეთი, უზბეკეთი, და მასპინძელი საქართველო. სადაც, საერთო ჯამში 70-მდე მონაწილეა.

„წლევანდელი წელიც განსაკუთრებულია, ჟიურის წევრები ცნობილი და პროფესიონალი მუსიკოსები და მომღერლები არიან, თუმცა ისევ და ისევ, აქტიური ჩართულობის და დიდი ინტერესის გამო, ასევე გამოცდილების მიღების მიზნით და მუსიკალური გემოვნების  მრავალფეროვნებისთვის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც არიან ჩართული. კონკურს-ფესტივალის მაღალი ხარისხისა და გამჭვირვალეობისთვის ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდანაც შევარჩიეთ. ჟიურის წევრები არიან: სერგი ხიდეშელი (ონის მუნიციპალიტეტის მერი) ციური მჭედლიძე (ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი), ნანა ცინცაძე (პოეტი), ნანა ჯიქია (პროფესორი, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე), ქრისტინე კობახიძე (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე), გიორგი რეხვიაშვილი (პროფესიონალი ფოლკლორისტი), სოფო არსენიძე (პროფესიონალი მუსიკოსი), იურეკ ტურეკი (პოლონეთი, პროფესიონალი მუსიკალური თერაპევტი), ზავენ ჰარუთუნიანი (სომხეთი, პროფესიონალი მუსიკოსი). აღნიშნული ფაქტი ონის მერიის მაღალ ჩართულობაზე და შშმ პირთა საკითხებისადმი დიდ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

პირველი პრეცენდენტია საქართველოში, რომ 30 ივლისს გაიმართება მასტერ კლასები შშმ პირთათვის, ვოკალის შესასწავლად. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელსაც საქართველოშიც დავნერგავთ და ყოველ წელს გვექნება მსგავსი სასწავლო კურსი. მასტერ კლასებს გაუძღვება ევროპის აღიარებული პედაგოგი ბიატა ჩაიკა როლინსკა. ეს ფესტივალისთვის სპეციალური საჩუქარია.

სპეციალურ პრიზს ოსკარ შინდლერის აკადემია გადასცემს რჩეულს, რომლის ხელმძღვანელი, პროფესორი, მხატვარ-დიზაინერი და ამავე აკადემიის დამფუძნებელი, მაქს შავიტია.

ჩვენი ფესტივალის საამაყოდ ვიტყვი, რომ წელს ძალიან პოპულარული მონაწილე გვეყოლება – ევროვიზიის გამარჯვებული. თუ ვინ, ამას სიურპრიზად შევინახავთ“ – განაცხადა ფესტივალი დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

ფესტივალში სასიმღერო მონაწილეობის პირობები ასეთია:
პირველი ტური:

1. მშობლიურ ენაზე სოლო სიმღერა, მინუს ფონოგრამა (ნებისმიერი ჟანრი);

მეორე ტური:
2. უცხოური  სიმღერა, სოლო, მინუს ფონოგრამა (ნებისმიერი ჟანრი);

მესამე ფინალური ეტაპი:
3. დუეტი ცნობილ მომღერალთან ერთად (ნებისმიერი ჟანრი);

ფესტივალში საცეკვაო მონაწილეობის პირობები ასეთია:

პირველი ტური:
1. სოლო ცეკვა, ნებისმიერი  ჟანრი;

მეორე ტური:
1. წყვილში – დუეტი, სამეჯლისო-სპორტული ცეკვა შშმ პირი და არა შშმ პირი;

მესამე ტური:
1. ნებისმიერი ცეკვა – თავისუფალი.

უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტების ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია შშმ პირთა რესოციალიზაციის და განვითარების საკითხებში. გარემოს შეცვლაში, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში და ამ საკითხებთან დაკავშირებული სხვა უამრავი პრობლემის მოგვარებაში. დიდი წვლილი შეაქვს ონის მუნიციპალიტეტს ამ მხრივ. მადლობა მათ ფესტივალის მონაწილეების სახელით.

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქი, ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

ჩვენ ვიცავთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების 349-ე მუხლის დ პუნქტს.

ახორციელებს ააიპ. „სოციალური საწარმო განსაკუთრებული ჟურნალი“. გენერალური პარტნიორი პირველი ინტეგრირებული გამოცემა საქართველოში „განსაკუთრებული ჟურნალი“.