მადონა ხიდაშელი: არ დაკარგოთ არცერთი ქართველის ნიჭი და უნარი, ვინც უცხო მიწაზე ცხოვრობს…

59

უცხო მიწაზე საქართველოს დესპანის, სამშობლოზე უანგაროდ  შეყვარებული საქართველოს ემიგრანტის ნახვა სიამაყით გავსებს, მეორეს მხრივ სევდით შეგბოჭავს…

არაფერი სჯობს ერთია, მეორეა, რომ ძალიან ძნელია უყურო მათ თვალებში და საკუთარი თავი დამნაშავედ არ იგრძნო, – მე ვბრუნდები რამდენიმე დღეში ჩემს სამშობლოში, ოჯახში, ის კი გაურკვეველი დროით, ისევ ცრემლიანი თვალებით რჩება იქ, შორს, ემიგრაციაში…

რჩება სამშობლოში მალე დაბრუნების ოცნებებით, მოგონებებით და ჩვენი ნახვით დროებით დაპურებული, საქართველოდან ჩასული ქართველების ნახვით ნასაზრდოები… გამომშვიდობების დროს კი საგზლად გამოგატანენ შეუფასებელ სიტყვას – თქვენ საქართველო, მისი სიყვარული და სურნელი ჩამოგვიტანეთ, მადლობა თქვენი სტუმრობისთვის, კიდევ გელოდებითო…

ერთ-ერთი ასეთი ემიგრანტია ქალბატონი მადონა ხიდაშელი, რომელიც იტალიაში, რომში ცხოვრობს და მოღვაწეობს საკუთარი ოჯახის, სამშობლოს და ქართული კულტურა-ხელოვნების შემწედ…

– ვინ არის მადონა ხიდაშელი?
– პირველ რიგში ვარ ჩვეულებრივი ქართველი ქალი, დედა, ბებია და ემიგრანტი. პროფესიით ინჟინერი, რომელმაც ოჯახზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღე. დავტოვე სამშობლო, მოხუცებული დედა, სასოებით გაზრდილი შვილიშვილები… მათივე კეთილდღეიბისთვის.
– ქალბატონო მადონა, რა არის ემიგრაცია?
– ემიგრაცია… ეს არის მონატრება, საკუთარი თავის გაცნობა, ხელახალი ცხოვრების დასაწყისი სრულიად უცხო მიწაზე, ახალ სამყაროში. ცხოვრება იმედით, შიშით, ცრემლით, ენის ბარიერით, დიდი განცდებით და მოლოდინებით იმ დროისა, რომ ერთ ლამაზ დღეს აიღებ ჩემოდანს და დაადგები შენი საყვარელი სახლის გზას.
– რა მოუტანა საქართველოს ემიგრაციამ?
– ემიგრაციამ საქართველოს ბევრი ოჯახი იხსნა მრავალი გასაჭირისგან. დღესაც, უამრავი ოჯახი ემიგრანტების გზავნილებით არსებობენ. სულიერად ემიგრაცია არის დიდი ტკივილი. უდედოდ დარჩენილი შვილები, მოხუცი მშობლები, რომლებიც შიშნარევი ცრემლიანი თვალებით სულ კარებისკენ და გზისკენ იყურებიან.
– რას საქმიანობთ ძირითადად?
– როგორც ყველა ჩემი მეგობარი და ქართველი ემიგრანტი, მეც ვშრომობ ერთგულად, თავდაუზოგავად. სიყვარულით ვეპყრობი თითოეულ იტალიელს, რადგან ჩემი ყოველი საქციელი სახეა ჩემი სამშობლოსი და ოჯახის.
– რა არის თქვენთვის ადამიანი?
– ადამიანი ჩემთვის ბიბლიურად უფლის სახეა, რომელიც მისი სიკეთით, მადლიერებით, ქცევით და სულგრძელობით ფასდება. ადამიანს უნდა შეეძლოს სხვათა სიხარულუს, ტკივილის, გაჭირვების გაზიარება. სხვაგვარად ადამიანი მე არ მესმის. თუ ამგვარი არაა ადამიანი, გულს მტკენენ.


– ხელოვნებასთან რა გაკავშირებთ?
– ხელოვნება ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი არ არის, მაგრამ მაინც ჩემი სულის დამამშვიდებელია, მით უფრო უცხო მიწაზე. მაბედნიერებს, როცა ვუყურებ ამ ორი ქვეყნის ხელოვნების კავშირს. ტირილამდე მივდივარ სიხარულით, ვტკბები ჩემი ქართველების მიღწევებით.
– რა არის ქართველისთვის ოჯახი?
– ქართველისთვის ოჯახი ოდითგანვე არის სიწმინდის, ერთგულების ნავსაყუდარი. ძველების ნათქვამია – ნავი ნაპირთან არ იძირებაო… ოჯახი ანუ ეს არის ადგილი, სადაც დაცულად გრძნობ თავს. სწორედ ოჯახებისთვის, ოჯახის ბედნიერებისთვისა არის ამდენი მარგალიტივით ქართველი მარგალიტებად. ვის როგორ გამოგვდის ოჯახის შვილობა ან პატრონობა, ამას ცხოვრება აჩვენებს.
– რატომღაც, ხშირად, ქართველი ემიგრანტები ცუდთან ასოცირდებიან ხოლმე…
– ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ხშირად უსამართლიდაც ექცევიან ქართველ ემიგრანტებს. რამოდენიმე ადამიანის არასწორი საქციელით მთელ ერს უწევს პასუხისგება…
– როგორია ქართველი?
– ქართველი ყველასგან გამორჩეულია, – თბილია, სტუმართმოყვარე, შრომისმოყვარე, მოყვასის მოყვარული და უფლის მადიდებელი. ამასთანავე გამოდჩეულად უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული.
– თქვენი შვილები რას საქმიანობენ?
– მყავს ორი ბიჭი, კარგი ვაჟკაცები. წარმატებით უძღვებიან თავიანთ ოჯახებს. უფროსი ისრაელის ემიგრანტია. ყველაზე მეტად ჩვენ ვუგებთ ერთმანეთს…
– მაინც რა არის, როგორია ემიგრანტის ცხოვრება?
– ემიგრანტის ცხოვრება არის ბრძოლა… პირველი ენის ბარიერი, უცხო ოჯახი, საკუტარი ოჯახის მონატრება და ამ ურთულესთან გამკლავება, მძიმე ფიქრები, ტირილში გათენებული ღამეები… ფოტოების საათობით ცქერა და მათთან საუბარი. ძნელია ემიგრანტობა!


– როგორი ერია იტალიელი?
– იტალია ბავშვობიდან იყო ჩემი ოცნება. იტალიელი ბევრი თვისებით ჰგავს ქართველს. არიან თბილები, ოჯახის მოყვარულები. ბევრი კარგის თქმა შემიძლია მათზე. სწორედ იტალიელების დამსახურებაა, რომ ვუყურებ ჩემი ოჯახის გახარებულ სახეებს… დიდებული ერია იტალია!
– როგორი ქალაქია რომი?
– რომი – მარადიული ქალაქი… რომი არის დაუსრულებელი ზღაპრული ქალაქი, სადაც თითოეული ნაგებობა, ადგილი თუ კენჭი დიდებული ისტორიული, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაა. რომის დახასიათება არც ისე ადვილი თემაა. ეს დიდებული ქალაქი არაერთხელ უნდა ნახო, შეიცნო, შეიგრძნო, წაიკითხო მის შესახებ, მოუსმინო და… იგი არის ხელივნების და ისტორიის უზარმაზარი სამყარო!
– როცა საქართველო გენატრებათ, რანაირად ახერხებთ ამ დანაკლისის შევსებას?
– როცა საქართველოს მინატრება მომეძალება, პირველი რასაც ვაკეთებ, ესაა ქართველი მეგობრების მონახულება, მათი ჩახუტება, რაც ჩემთვის ერთგვარი საოცარი თერაპიაა. ასევე ჩვენ ქართულ ეკლესიაში წასვლა, სადაც ჩვენ სურვილებს უფალს გავანდობთ ხოლმე… ვლოცულობ, მადლობას ვწირავ შემოქმედს ოჯახისთვის, ყველაფრისთვის. ამით შვებას ვგრძნობ…
– რა გახდა მიზეზი, რომ პრემია „ივერიაში“ ჩართულიყავით?
– პრემია „ივერია“ – ჩემთვის უდიდესი ბედნიერების განცდა გახსა, ქართული ხელოვნების და კულტურის ხილვა რომში, მარადიულ ქალაქში. მისი საშუალებით გავიცანი არაჩვეულებრივი, გამორჩეული ქართველები. პრემია „ივერიაზე“ და მისგან მონიჭებულ ერთ ბედნიერ დღეზე დაუსრულებლად შემუძლია ვისაუბრო…


– ხელოვნების რომელი სფერო გიტაცებთ?
– განსაკუთრებით მიყვარს მუსიკა, პროზა, პოეზია, ეს ცხოვრებას გვიადვილებს, განსაკუთრებით უცხო მიწაზე. ამ დროს ფიქრებით ვმოგზაურობ სამშობლოში.
– გავა დრო და ალბათ დაბრუნდებით საქართველოში და რის გაკეთებას აპირებთ სამშობლოში?
– სამშობლიში დაბრუნება ჩემი ოცნებაა. მიზნად დავისახე მშობლების ნაჩუქარი სოფლის სახლის მოწყობა. მას მე სამეგობროსა და სიბერის სახლი დავარქვი. მინდა აქ მიღებული გამოცდილება იქ, ჩემ ახლობლებს მოვახმარო, ვიზრუნო მათზე…
– ვინ არის თქვენთვის ქართველის ნამდვილი სახე, გონი, სინდისი…
– ჩემთვის ქართველის ნამდვილი სახე ილია ჭავჭავაძეა, – ენა, მამული, სარწმუნოება… ამ სამი სიტყვით ყველაფერი ნათქვამია! ეს სამი სიტყვა სამებასავით რომ ჟღერს, ყველა ქართველის ცხოვრების წესია. ასევე არის სახე, რომელიც ხშირად არ ჩანს, ქართველი ქალი – დედა! მუხლჩაუხრელად  მშრომელი, პატიოსანი ქართველი დედა, რომელიც მუდმივად ოჯახის გადარჩეაზე ზრუნავს.
– რას არ აპატიებთ ადამიანს?
– ვერასდროს ვაპატიებ ადამიანებს ღალატს, უმადურობას, ტყუილს, პირფერობას. უნდა ვარჩევდე ვინ მტერია და ვინ მოყვარე.
– როგორი უნდა იყოს ადამიანი?
– ადამიანი უნდა იყოს კეთილი, თავმდაბალი. გაჭირვებაში უანგაროდ შეეძლოს დახმარების სხვისთვის ხელის გამართვა. მოყვასის სიყვარული უნდა შეეძლოს.


– რას ეტყვით საქართველოს?
– რას ვეტყოდი ჩვენს საქართველოს… ჩემო მონატრებულო სამშობლო, ერთადერთი ხარ სამყაროში, რომლის კეთილდღეობისთვისაც ყველაფერს გავიღებ! ძლიერი უნდა იყოს ჩვენი სამშობლო – ერთსულოვანი, ისეთი, როგორიც ჩვენს უწმინდეს პატრიარქს, ილია მეორეს სურს, – იყოს გამთლიანებული, მშვიდობიანი, ყველა ადამიანი ბედნიერი… მიყვარხარ საქართველო!
– და ბოლოს…
– და ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ პრემია „ივერიას“, რადგან მუხლჩაუხრელად ზრუნავთ ემიგრანტებზე, ქართულ კულტურაზე. ცდილობთ არ დაკარგოთ არცერთი ქართველის ნიჭი და უნარი, ვინც უცხო მიწაზე ცხოვრობს. მადლობა იმისთვის, რომ არ გვავიწყებთ სამშობლოში ჩვენი დაბრუნების აუცილებლობას და მნიშვნელობას.
მინდა ჩემს ქართველებს ვუსურვო გამძლეობა, ჯანმრთელობა, ერთმანეთის სიყვარული.
და კიდევ ერთხელ ბოლოს, – ჩვენ დავბრუნდებით სამშობლოში! ჩვენი სამშობლო გულში ჩაიკრავს თავის მონატრებულ შვილებს…

პ.ს. მადლობა უწმინედსო – გვიყვარხარ უწმინდესო, რომ პრემია „ივერის“ ასეთი დიდი მისია დააკისრე, კურთხევა და გზა მოგვეცი ამ პროექტის ფარგლებში, რომ საქართველოს ემიგრანტები ასე ახლოს გვყოლოდნენ საკუთარი ნიჭით და სამშობლოსადმი სიყვარულისთვის, არ დავკარგოთ და დაბრუნება გავუადვილოთ…