მამა იოანე საბანაძე: არ იციან რაზე გაამახვილონ ყურადღება, რა თქვან, როგორ მოვემზადოთ…

3690

ავტორი: ნათია გრიგალაშვილი

აღსარება საკუთარი ცოდვების გამო უდიდესი სინანულის გამოხატვაა. თუ პიროვნებას არ აქვს ჭეშმარიტი სინანული და იმედი, რომ ღმერთი მოძღვრის შუამავლობით ცოდვებს მიუტევებს, მაშინ აღსარება მოვალეობის მოხდას ემსგავსება, რომელიც ადამიანს სულიერ სიმშვიდეს ვერ მოუტანს. ამ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრა ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელი იოანე საბანაძე.

– დაგვლოცეთ მამაო…
– ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
– მამა იოანე, რა არის აღსარების საიდუმლო, რატომ არის აუცილებელი ცოდვების აღიარება მოძღვართან?
– აღსარება ერთ-ერთია იმ შვიდ საიდუმლოთაგან, რომელიც წმინდა მართლმადიდებელურმა ეკლესიამ დააწესა, ადამისა და ევას დაცემის შემდეგ, ადამიანის ბუნება მიიდრიკა ცოდვისაკენ. იგი ყოველდღიურად უამრავ ცოდვებს ჩადის, ნებსით თუ უნებლიედ, რომელთა აღიარების ანუ აღსარების გარეშე ღმერთთან მიახლოება შეუძლებელია. გულწრფელი აღსარება, რომელსაც თან ახლავს სინანული წმენდს ცოდვებისგან სულს და იძენს მადლმოსილებას. სწორედ ამიტომ ადამიანმა ხშირად უნდა თქვას აღსარება მოძღვართან, რომელიც თავად უფალმა დაადგინა შუამავლად ღმერთსა და ადამიანს შორის. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: „უკეთუ ვიეთნიმე მიუტევეთ ცოდვანი მიეტევნენ მათ“, ამ სიტყვებით მიმართავს მაცხოვარი მოციქულებს, რომელთა საქმის გამგრძელებელნი არიან ეპისკოპოსები და მღვდლები, ღვთისმსახურნი ღვთისაგან ფლობის ხელმწიფებით. ადამიანს ღვთის სახელით შეუნდოს ცოდვები. ის ხილული იარაღია, ამ საიდუმლოს აღსრულებისა, რომელსაც თავად უფალი უხილავად აღასრულებს. მღვდელი მოწმეა აღსარებისა, ცოდვათა მიმტევებელი კი თავად უფალია. დაადგინა რა ღმერთმა აღსარების საიდუმლო, მანვე განსაზღვრა, რომ ადამიანმა ადამიანს ჩააბაროს აღსარება, რადგან ადამიანთა უმრავლესობას ღვთის წინაშე ცოდვის ჩადენისა არ რცხვენია, ადამიანთან ცოდვათა აღიარება კი ძალაინ უჭირთ.
– პირველი აღსარების ჩაბარებისას, როგორც წესი, ძალიან უჭირთ, არ იციან რაზე გაამახვილონ ყურადღება, რა თქვან, როგორ მოვემზადოთ პირველი აღსარებისთვის?
– ხშირ შემთხვევაში უჭირთ პირველი აღსარება, სწორედ ამიტომ უხსნის მოძღვარი აღსარების არსს, მისი თქმის აუცილებლობას და ეხმარება სწორი გზის ჩვენებით ღმერთამდე მიყვანაში. სასულიერო პირი უხსნის ცოდვათა სიმძიმეს და მოუწოდებს სინანულისკენ. სინანული ალბობს ადამიანის გულს და ავსებს მას ღვთის მადლით, რომლის ერთხელ შეგრძნებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა აღარასოდეს დაკარგოს ის. სინანულის მაგალითები უამრავი გვაქვს წმინდა წერილში, წმინდანთა ცხოვრებაში. პეტრე მოციქულისა და დავით მეფსალმუნეს სინანული ყველაზე დიდი მისაბაძია.
– და ბოლოს, მამაო, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ჯვარს, სახარებას, რომელსაც აღსარების შემდეგ ვემთხვევით?
– აღსარების შემდგომ სახარებისა და ჯვარზე მთხვევა გულისხმობს მათდამი პატივისცემას და თაყვანისცემას. „ნაყოფიერი და ჭეშმარიტი სინანული სიყვარულისგან იშვება~, გვასწავლის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი. ამისთვისაც ვიშრომოთ საყვარელო ძმებო და დებო, განვიწმინდოთ გული და გონება, რათა შევიყვაროთ უფალი ჩვენი ყოვლითა გულითა, გონებითა და მოყვასი ჩვენი, როგორც საკუთარი თავი, რათა სრულ ვიქმნეთ და დავიმკვიდროთ სასუფეველი.