სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალების გამო

435

ვინც კი იცნობდა ან ერთხელ მაინც თუ მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისათვის, არასოდეს დაივიწყებს მას, – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, პოეტური სულის, გონიერ, სათნო, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, ერთგულ მეუღლესა და მამას, დედისა და ძმის სიხარულს, მრავალთა იმედს…

დიდად ვწუხვართ და, პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ ოჯახს და საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიას.

მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია.

ახლა კი იგი უფლის ნებით იწყებს იმ ცხოვრებას, რისთვისაც მთელი შეგნებით იღვწოდა ამქვეყნად.

ვლოცავთ მის უკვდავ სულს უფლის სავანესა შინა დამკვიდრების იმედით და შევთხოვთ მაცხოვარსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ნუგეში და სულიერი სიმტკიცე მომადლოს მღვდელ თეიმურაზის ოჯახს, სამწყსოსა და საახლობლოს.

მადლიერების ნიშნად კი მისთვის ლოცვა და მის სახელზე კეთილ საქმეთა აღსრულება ჩვენ ყველას გვმართებს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
21.08.2024

ინფორმაცია მღვდელ თეიმურაზ ქორიძის დაკრძალვასთან დაკავშირებით:
22 აგვისტოს, დილით, მღვდელ თეიმურაზს გადაასვენებენ თბილისიდან სოფელ დიდ ჩაილურში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ხოლო 23 აგვისტოს, დილით, სოფელ ჩაილურიდან – ქ. საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში.

პანაშვიდი:
22 აგვისტოს – სოფელ დიდ ჩაილურში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი),

23-24 აგვისტოს – საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის საკათედრო ტაძარში.

მისამართი: ქალაქი საგარეჯო, ბარათაშვილის ქუჩა N23.

დაკრძალვა: შაბათს, 24 აგვისტოს, 14:00 საათზე, წმინდა დოდო გარეჯელი სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში.

ინფორმაციას ავრცელებს საკუთარი ფეისბუქის საშუალებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

P.S. „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“ და ქრისტიანული მართლმადიდებლური საგანმანათლებლო ჟურნალი „ნათლია“ უსამძიმრებს მამა თეიმურაზ ქორიძის ოჯახს და სრულიად საქართველოს…

ღმერთმა აცხონოს მამა თეიმურაზი. ამინ.