ვინ არის ნამდვილი სამურაი ლაშა კოდუასთვის და რა დგას თავმდაბლობის უკან…

3034

ავტორი: ნუგზარ ჭიაბერაშვილი

დაიბადა 1977 წლის 21ივლისს, თბილისში. პროფესიით სპორტული ჟურნალისტი და მწვრთნელია. საქართველოს შიტოკაი კარატედოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის მწვრთნელი და ასევე უმთავრესი – WKF საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელი. შიტო-რიუ (WSKF) მე-2 დანი, WKF მე-3 დანის მფლობელი, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციაში მე-4 დანი. საქართველოს 4 გზის ჩემპიონი და მრავალგზის სხვადასხვა სინჯის პრიზიორი შიტო-რიუ კარატე დოში. რუსეთის ღია ტურნირის ვერცხლის პრიზიორი, უტალიის OPEN WORLD CUP ბრინჯაოს პრიზიორი და სპეციალური პრიზი მფლობელი კარგი გუნდის წარდგენისათვის, LION CUP ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ჩეხეთი. ალბათ ბევრ საიდუმლოსაც ინახავს კარატეს ეს ოსტატი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკია…

თავმდაბალია და ღირსეული ოჯახის წარმატებული სპორტსმენი. მათ ოჯახში ყველა კარატეს ოსტატია, რაც ერთ-ერთი საამაყოა ჩემი რესპონდენტისთვის. მოკლედ, ეს მიზანმიმართული და მშრომელ-ნიჭიერი კაცი ლაშა კოდუა გახლავთ.

– ლაშა, რა არის კარატე?

– გაცვეთილი ტერმინებით არ ვისარგებლებ, უბრალოდ ვიტყვი, – კარატე ჩემთვის არის სამყაროს სწორად აღქმის საშუალება.

– დღეს რამდენად პოპულარულია საქართველოში ეს სპორტი?

– საქართველო ძალისმიერი სპორტის სახეობებში ყოველთვის მოწინავე პოზიციებზე იდგა და დგას დღესაც. ჭიდაობა, ძიუდო, სამბო, კრივი… თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარატესაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი საქართველოში. ძალიან კარგი თაობა იზრდება, უბრალოდ მეტი ყურადღება და მეტი მხარდაჭერა სჭირდება მათ. სახელმწიფოსაგან, მასმედიისაგან, ჟურნალ-გაზეთებისაგან, საჭიროა სწორი მენეჯმენტი… ასე უფრო პოპულარული გახდება ეს სახეობა. ქართველი მოწინავე კარატისტები საზოგადოებაში ისეთივე ცნობადი სახეები უნდა იყვნენ, როგორც ძიუდოისტები, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები, მოკრივეები და სხვა… საზოგადოება მეტად ინფორმირებული უნდა იყვოს ამ მიმართულებით.

– თქვენი ფედერაციის მიღწევები რა არის?

– ჩვენს ფედერაციაში გაწევრიანებულია კლუბები, როგორც თბილისის, ისე რეგიონების. დიდი ხანია ჩვენ ამ სფეროში ვმოღვაწეობთ და ამ ხნის მანძილზე არაერთი კარგი სპორტსმენი აღზრდილა ჩვენთან. ფაქტობრივად, ყველა თაობაში გვყავდა და გვყავს შედეგიანი სპორტსმენები. ჩვენს ფედერაციაში აღზრდილან საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები, რუსეთისა და პან-ემერიკის ტურნირების გამარჯვებულები, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორები და ეს ყველა შედეგი გვაქვს კარატეს სხვადასხვა მიმდინარეობებში (სტილებში). ამჟამად ძირითადად WKF-ის მიერ შემუშავებული წესებით ვმუშაობთ, სადაც ასევე ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, როგორ საქართველოს მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

– ოლიმპიადა ახლოვდება, რისი იმედი გვაქვს?

– იცით რა არის? თუ კარატეზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ ეს სახეობა ბევრისთვის მხოლოდ საბრძოლო ხელოვნებასთან ასოცირდება და დიახ, ეს ნამდვილად ასეა და ამას არც არავინ უარჰყოფს, მაგრამ, კარატე, სპორტის ისეთივე სრულყოფილი სახეობაა, როგორც სპორტის სხვა ოლიმპიური სახეობები. მეტსაც გეტყვით – კარატეს ასევე ესაჭიროება მიდგომა, როგორც სპორტის სხვა ოლიმპიურ სახეობებს, რომ ოლიმპიადაზე შედეგი ჰქონდეთ, ისეთივე კომპლექსური მიდგომაა აუცილებელი, რაც სხვა ოლიმპიური საეხეობების მიმართ. ეს არის ფინანსები, სწორი კვება, რეჟიმი, პროგრამულად გათვილილი ვარჯიშები სპორტული შეკრებები, სარეიტინგო და სალიცენზიო ტურნირებზე ასპარეზობა და პრაქტიკა, შესაბამისად საჭირო ქულების მოპოვება და ა.შ.. დღევანდელი გადმოსახედიდან, ოლიმპიადაზე თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენი გამორჩეული სპორტსმენის, მსოფლიო ჩემპიონის და მინსკში გამართული ევროპული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის გოგიტა არქანიას იმედი გვაქვს მხოლოდ ისაა რეალური კანდიდატი ოლიმპიადისა.

– ლაშა, ძალიან ცოტა ხომ არ არის რეალური კანდიდატი ოლიმპიურ თამაშებზე?

– რა თქმა უნდა, ცოტაა, რადგან სამი წონითი კატეგორიიდან მხოლოდ ერთ წონაში ასპარეზობის რეალური შანსი გვაქვს მაშინ, როცა შესაძლებელი იყო დანარჩენ ორ წონით კატეგორიაშიც გვყოლოდა ოლიმპიური თამაშებზე სპორტსმენი! არადა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, პოტენციალი საამისოდ საკმაოდ დიდია.

– რეალურად რა შანსები გვაქვს საქართველოს 2024 წლის ოლიმპიადაზე?

– თუ კარატემ საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი ოლიმპიურ ოჯახში, დარწმუნებული ვარ ყველა წონით კატეგორიაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სპორტსმენები ღირსეულად წარსდგნენ და მოიპოვონ სხვადსხვა სინჯის ოლიმპიური მედლები, მაგრამ ამისათვის საჭიროა ბევრი რამ, ძირეულად შეიცვალოს სისტემა… და ამის შემდეგ მე იმედი მაქვს, რომ შედეგი აუცილებლად დაიდება!

– კარატე რომ არ შესულიყო ოლიმიურ თამაშებში, ხომ არ აჯობებდა? რადგან თავის თავს ჰკარგავს სპორტული ხედვისა და მიდგომა-ბიზნესის გამო…

– სხვათაშორის, კარატეს სამყაროში ყველა არ იყო და დღესაც არ არის ოლიმპიურ თამაშებში კარატეს გაწევრიანების მომხრე, რადგან ამაში ხედავენ კარატეს ფესვებიდან მოწყვეტის საშიშროებას… თუ გადავხედავთ ისტორიას თუ რისთვის შეიქმნა კარატე, გავეცნობით მის არსსა და დანიშნულებას, ნათლად გამოჩნდება, რომ დღევანდელი სპორტული კარატე კარდინალურად განსვავდება ძველი მილიტარისტული (საბრძოლო) კარატესაგან. ეს ერთის მხრივ ცუდია, მაგრამ რომ არა სპორტული მიმართულებით კარატეს განვითარება, დღემდე ვერ იქნებოდა ეს უნიკალური საბრძოლო ხელოვნება ისეთი პოპულარულის მსოფლიოში, როგორიცაა ახლა. ასე რომ, ვფიქრობ ოლიმპიურმა თამაშებმა კარატეს ახალი სისხლი გადაუსხა პოპულარიზაციის თვალსაზრისით და ამაში ცუდი არაფერია. იმაში კი ნამდვილად გეთანხმებით, რომ კარატე ვიღაცისთვის ბიზნესია, მცირერიცხოვანთათვის ცხოვრების არსი, ზოგისთვის სპორტის სახეობა…

– კარატე სამურაის გზასაც ითვალისწინებს და ღირსებას ყველაზე მაღლა აყენებს. ვინ არის დღეს ამის ნათელი მაგალითი საქართველოში?

– მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ხალხი არაერთი გვყავს საქართველოში. ჩემთვის ამის ნათელი მაგალითია მამაჩემი, რომელიც მართლაც უანგაროდ შრომობს და ზრდის თაობებს და ღირსეულად აკეთებს თავის საქმეს. მინდა კარატეს ცოცხალი ლეგენდის სენსეი ზურაბ ლეჟავას თაოსნობით ძველი თაობის ყველა წარმომადგენელის წინაშე დიდი პატივისცემა გამოვხატო მათდამი.

– ისევ კარატეს ოსტატიდან გამივიძიოთ: რას ნიშნავს ტყუილი შეგირდის ან საკუთარი ოსტატის წინაშე?

– ტყუილით თუ აიგო ურთიერთობა ოსტატსა და შეგირდს შორის, წარმატება არცერთი მიმართულებით არ იქნება, რადგან ტყუილი წარმოქმნის უნდობლობას, სადაც ნდობა არ არის და აბა მითხრას ვინმემ – რა შედეგებზე უნდა იყოს ამ დროს საუბარი?!

– როგორი ინდა იყოს ოსტატი?

– თავის საქმეში გულწრფელი!

– ლაშა, დღეს გახშირდა მოზარდებში ძალადობა და უბედური შემთხვევები… რას მივაწეროთ ეს?

– მოგიყვანთ ერთ მაგალითს, რაც მოხდა კუნძულ ოკინავაზე… პოსტ-ომიანობის პერიოდში, როცა მაკარტურმა რიუკიუს არქიპელაგი დაიკავა და მათ შორის ოკინავაც. სტატისტიკის მიხედვით ამ კუნძულის მაცხოვრებელთა საშუალო ასაკი იყო 45 წელი. კუნძულ ოკინავაზე იყო ძალადობის ფაქტებიც, მკვლელობები და ა.შ.. კუნძული ბოლომდე იყო დემორალიზებული, იაპონია კაპიტულირებული, ხსნა თითქოს არსაიდან ჩანდა… ამ დროს ოკინავას პრეფექტურაში შეიკრიბნენ მაღალი ჩინის პირები, განათლების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროდან, ასევე ჯანდაცვის ჯანდაცვის სისტემიდან და ერთობლივად დაიწყეს პრობლემის გადაჭრის გზების ძებნა. პრიორიტეტული გახდა სკოლებში სპორტის სახეობების პროგრამულად შეტანა, რათა მასები ჩართულიყვენენ ამ მოძრაობაში, მოსახლეობაში რადიოსა და ჟურნალ-გაზეთების საშუალებით ჯანსაღი ცხოვრების წესის აგიტაციას ეწეოდნენ. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კვების სწორი რაციონის შერჩევას. მასებს უბიძგებდნენ ინტენსიურად ჩართულიყვნენ საბრძოლო ხელოვნების აღორძინების საქმეში და ეს მესიჯები ყოველდღიურად საზოგადოებას მიეწოდებოდა წლების მანძილზე. ანუ საზოგადოება გახადეს პროგრესის და წარმატების თანამონაწილე. ამაში, კიდევ ვამბობ, რომ ლომის წილი შეიტანეს საინფორმაციო საშულებებმა: რადიომ და ჟურნალ-გაზეთებმა და ა.შ.. დაახლოებით ხუთ წელში უკვე შედეგი მიიღეს. ოკინავაზე სოციუმი მეტად მოწესრიგდა, დამშვიდდა, მკვეთრად იკლო კრიმინალურმა შემთხვევებმა. თქვენ წარმოიდგინეთ, ამან ისეთი შედეგი გამოიღო, რომ კვების რაციონში ოკინაველები დღსაც კი ყველაზე მინიმალური რაოდენობით იყენებენ მარილს, ყველაზე მეტი რაოდენობის 100 წელს გადაცილებული ადამიანი სწორედ ამ კუნძულზე ცხოვრობს, რომელიც ვალდებულად თვლის თავს ყოველ დილით ივარჯიშოს და სუფთა ჰაერი შეისუნთქოს. ოკინავაზე ძალადობა საერთოდ არ არის, ყველა იღიმის და ასე პოზიტიურად გესალმება.
– წარმოიდგინეთ, რომ კარატეს ჩამოცილდით…

– არ მიფიქრია ამაზე, რადგან ვერ წარმომიდგენია…

– უცხოელი ოსტატი, რომელმაც გადამწყვეტი და რეალური ცოდნის მომცემი გახდა თქვენთვის…

– იშიმი იასუნარი, ტადაში იამაშიტა, ასევე ძალიან დიდ პატივს ვცემ მორიო ჰიგაონას, მიკიო იაჰარას, ჰიროკაზუ კანაძავას.

– მოსწავლეებთან როგორი ურთიერთობები გაქვთ?

– მეგობრული, კომუნიკაბელური, მაგრამ ამასთანავე მომთხოვნი. ჩვენი ფედერაცია დისციპლინას ვაქცევთ დიდ ყურადღებას…

– მთელი ოჯახი კარატეშია. საინტერესოა როგორ ცხოვრობთ?

– ჯანსაღი ცხოვრების წესით და, რაც მთავარია ერთ მუშტად ვართ შეკრული.

– მამას როგორ მიმართავთ სახლში, ჩვევა ხომ არ დაგრჩათ – სენსეის…

– არა, ჩვეულებრივად მივმართავ. მამაჩემს დიდ პატივს ვცემ!

– ხშირად გსტუმრობენ სხვა სტილის კარატეს ოსტატები თქვენს დოჯოში…

– დიახ, ეს ძალიან კარგია განვითარებისათვის.

– ვინ არის და რა სიმაღლის ოსტატია ლაშა კოდუა?

– ამაზე ვერაფერს გეტყვით. როცა მიზანს მივაღწევთ მაგაზე აუცილებლად ვისაუბრებთ. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.

– ლაშა, თვითშეფასება რეალური გაქვთ თუ სპორტმა მეტად თავმდაბლობა მოგცათ ან ზედმეტად აფასებთ საკუთარ თავს?

– არის ასეთი იაპონური გამოთქმა: თავმდაბლობის უკან ღირსება დგას.

– ბოლო შეკითხვებით თვითკრიტიკისკენ და თვით შეფასებისკენ წავედით… და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში და რა მოგწონთ?

– დროის ყველა მონაკვეთს, ყველა წუთსა და წამს დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში. მე სათანადოდ ვერ გამოვიყენე ეს დრო, და ეს ჩემი დიდი ნაკლია. დადებიტად მიმაჩნია – არ მეზარება შრომა

– ჰობი რა გაქვთ?

– მიყვარს ძალიან წიგნის კითხვა და მოგზაურობა.

– საბოლოოდ კმაყოფილი ხართ საკუთარი სპორტული შედეგებით?

– არა, რადგან ტრავმებმა შემაწუხა. ეს დღესაც გულში ხინჯად მაქვს ჩარჩენილი… სპორტული შედეგები მქონდა თუმცა მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა

– სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით…

ვემზადებით ახალი სეზონისათვის. მიწვევა გვაქვს უნგრეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, მონტენეგროდან, – ვეცდებით ღირსეულად წარვსდგეთ ამ მაღალი დონის ტურნირებზე. ამის იმედი ნამდვილად მაქვს, რადგან ჩვენს კლუბში კარგი თაობა იზრდება.