კარატეს ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი!

982

საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში (ამბების გამო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, კახა ბასილია დღეს უკრაინაშია…) ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელობის არჩევნების აუცილებლობა დადგა. ფედერაციის ამბები სკანდალური იყო, რომელიც დღესაც არ ჩამცხრალა…

არჩევნების ჩატარების მცდელობა წინა თვეებშიც იყო, თუმცა უშედეგოდ – რიგ საკითხებზე საერთო შეთანხმების, სპორტის სამინისტროსთან კომუნიკაციისა და საერთო აზრამდე მიუღწევლობის, რის გამოც სპორტის სამინისტრომ საკმაოდ მკაცრი განცხადებაც კი გააკეთა… ასევე პრობლემა იყო საპრეზიდენტო და ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატების განხილვისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გამო… დღეს-დღეობით საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია ორად (შესაძლოა სამად) გახლეჩილია და საინტერესო ძვრებია მოსალოდნელი…

ვიდრე ქართულ კარატეში სიტუაცია გაირკვევა, ფედერაციამ, 2022 წლის 5 ნოემბერს არჩევნები ჩანიშნა,  რომელიც ბათუმში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატები მამუკა ყურაშვილი, ერთ-ერთი ძველი ინსტრუქტორი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელი და ნუგზარ ჭიაბერაშვილია, რომელიც ფედერაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელია.

„ვინც არ იცის მათთვის განვმარტავ მოკლედ: საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციაში 1999 წლიდან ვმუშაობ ფედერაციის პრესმდივნის თანამდებობაზე. ჩემი ცხოვრების 30 წელზე მეტი კარატეს მივუძღვენი აქტიური სპორტით, ინსტრუქტორობით (კარატეს კლუბი მქონდა წლების მანძილზე) და შემდეგ უკვე პრესმდივნის საქმიანობით, რომემლსაც უკვე 23 წელია ვუძღვები… აქვე მინდა ვთქვა, ხაზგასმით, რომ ეს საქმიანობა ფედერაციაში უანგარო იყო ჩემი მხრიდან, ვემსახურე, როგორც შემეძლო, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აკი ვთქვი – უანგაროდ მეთქი. ალბათ ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ფაქტი ფაქტია… კარატე ჩემთვის ის სფეროა, რომელიც ადამიანის ჯანსაღ ცხოვრებას, ქვეყნის მსახურებას, სიწმინდეს, ერთგულებას, სიმართლეს და სხვა მაღალ ადამიანურ, სპორტულ და საბრძოლო ხელოვნებათა ღირსებებს მოითხოვს და, ამიტომაც, ახლაც მართალი ვიქნები ჩემი გადაწყვეტილებით კარატეს, ყოველი თქვენგანისა და საკუთარი თავის წინაშე!

გარდა ამისა, საამაყოდ მაქვს ისიც, რომ 2014 წლიდან მე დავიწყე პირველმა საქართველოში პარა კარატეს შექმნა-დაფუძნება და აღორძინება, პირველმა მე გამოვიყვანე საერთაშორისო არენაზე შშმ პირები და სამომავლოდაც ვგეგმავ ამ კუთხით კარატეს მაქსიმალურ განვითარებას. ასევე საამაყოდ მაქვს, რომ პირველი ადამიანი ვარ, ვინც რეალურად ქართულ კარატეს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მაქსიმალური განვითარება მოუტანა. თუ ზედმეტ სიამაყეში ან ამპარტავნებაში არ ჩამომართმევთ, იმასაც ვიტყვი, რომ ყველაზე ბევრი მასალები მე მაქვს ქართული კარატეს პოპულარიზაციისთვის პრესაში (თითქმის ყველა ბეჭდურ მედიაში და არა მარტო…) გამოქვეყნებული, ასევე მაქსიმალურად განვავითარე ტელე და რადიო სიუჟეტები და სხვა…

დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღო, უარი ვთქვა ობიექტური მიზეზების გამო. ეს ჩემი არჩევანია, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი, შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ დღესაც სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ვიცი, რომ ეს ქართულ კარატეს ეს ზიანს არ მიაყენებს. ყოველთვის სიმართლის მხარეს ვდგავარ!

ვიცი, ბევრს გაუკვირდება ჩემი ეს გადაწყვეტილება და ალბათ ზოგიც გამინაწყენდება… მაგრამ, მერწმუნეთ, დღეს ამ მოცემულ სიტუაციაში ყველაზე სწორი ნაბიჯი ეს გახლავთ!

აქვე ვეტყვი დაინტერესებულ ადამიანებს, ვიცი გაუჩნდებათ შეკითხვები და დავასწრებ შესაბამისი პასუხით: ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ძალდაუტანებლად, თავისთავად, ანალიზისა და სიტუაციიდან გამომდინარე. ჩემი ასაკის, ჟურნალისტური ცხოვრების და კარატეს სფეროში ყოფნის გამოცდილების საფუძველზე. სრულიად ჯანსაღია ჩემი ეს ნაბიჯიც, ისევე როგორც, ფედერაციის პრეზიდენტობის ან ვიცე-პრეზიდენტობის, გნებავთ დღემდე დაკავებული თანამდებობის სურვილი. თუმცა, ახლა და ამ ეტაპზე არა! გამორიცხეთ ჩემზე ზემოქმედება ან და სხვა მსგავსი, რადგან საკმაოდ მყარი ადამიანი ვარ, კარგად ვაანალიზებ საკითხებს, ვიცი როდის რა უნდა ვიმოქმედო. ვარ ჩემი საქმის პროფესიონალი, ერთგული და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ადეკვატურია.

მჯერა, რომ საქართველოს კარატეს კარგი ხელმძღვანელი ეყოლება, კარგი მენეჯერი, ღირსეული და საქმისთვის მოტივირებული, გამოცდილი, პატიოსანი, რომელიც ახალ გზას დაადგება და მომავალიც უფრო კარგი ექნება, მეტად წარმატებული!

ასევე მჯერა, რომ ქართულ კარატეში ჩემი ადგილი არის ისევ იქ, სადაც დღემდე  – პრესმდივანი, რომლის მეშვეობითაც ამ უნიკალური საბრძოლო ხელოვნების და თავისთავად უდიდესი სპორტის სახეობის პოპულარიზაციას ვემსახურე და, რა თქმა უნდა, პარა კარატე, რომელიც ასევე მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართული კარატეს ახალ საფეხურებზე განვითარებისთვის, – შშმ პირთათვის და უმთავრესი ჩვენი ქვეყნის ევროპული, ღირსეული მომავლისთვის!

რაც შეეხება ჩემ სამომავლო გეგმებს, ზემოთ უკვე აღვნიშნე, რასაც გავაკეთებ ქართული კარატესთვის, რის შესახებაც გავივლი კონსულტაციებს და სათანადო გადაწყვეტილებასაც მივიღებ თუ სად და როგორ გავაგრძელებ საქმიანობას… იმედია ქართულ კარატეში დღემდე განვითარებული მოვლენები მის მომავალზე უარყოფითად არ აისახება. დანარჩენი საზოგადოებისთვის მიმინდია…

დღეს ისღა დამრჩენია, რომ ქართულ კარატეს წარმატება ვუსურვო, ეს ჩემი ვალიცაა, დიდი სურვილიც და ერთ-ერთი მთავარი საქმეც, – განაცხადა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა!