წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2493

ავტორი: ლია გიგიტაშვილი

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ლია გიგიტაშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2019 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის პოეტი“

შობის დილა

აელვარდა ცისკრის რაში,

ცა სიწმიდით მოჭედილა,

მართლის ქება-დიდებაში

გვითენდება შობის დილა.

ხარობს ბაგა, მღერის ბინა

მწყემსებისგან ნათხოვარი,

დედას შვილი შეეძინა,

სამყაროს კი – მაცხოვარი!

ინატრე, რომ დაიბედო,

რა სიკეთეც გულით გინდა,

რწმენით გვავსებს საიმედო

მამა, ძე და სული წმიდა!

საქართველო – გიორგია

ვისთვის – ვრცელი მამულია,

ვისთვის – ერთი გოჯია,

ჩვენთვის წმინდა გიორგია,

უცხოთათვის – ჯორჯია.

რა ენა გვაქვს საოცარი,

რა მარტივი, რა რთული…

სავსე ღვთიურ გამოცანით,

სული წმინდით, ქართულით!

მოწამეთას სასწაული

მეწამული ფერია,

წყალწითელას წითელ მელნით

„აი – ია” წერია!

წინაპართა მადლი გვმოსავს,

ჟამი გვაძლევს არჩევანს,

დროა, შეძლოს ჩვენმა მოდგმამ

მტრის და მოყვრის გარჩევა!

ვაზის ჯვარი დაგვიფარავს,

რწმენით ნასულდგმულები…

დავახვედროთ უფლის კარავს

დაწმენდილი გულები!

ღვთისმშობლისადმი

შენ ხარ დედა,

ვის წინაშეც მუხლზე დგება ჩვენი ერი.

უჭკნობელი,

ტკბილსურნელი ყვავილი ხარ მშვენიერი…

შენი შობით

შემოდგომა შეედარა გაზაფხულებს,

შენი ლოცვით

გადარჩენის ვრცელი კალთა გადაგვხურე!

შენი ხილვით

ბოროტს გული ებზარება, ეგმირება!

შენი მადლით

სანამყენე შვილებს დავზრდით დევგმირებად!

შენი ცრემლით

დაგვიწმინდე, გაგვინათლე ეს გულები!

შენი ძალით

გვიმსახურე მარად ქრისტეს ერთგულებით!

ღვთისმშობელო,

მოგვიტევე უგნურების ცოდვა-ბრალი,

მაგ სიკეთით

გვაპოვნინე ზეციური სამართალი!

გეფერებით,

შენი გული ტკივილისთვის გვებრალება!

იქნებ შევძლოთ…

მაგ თვალთაგან სისხლის ცრემლთა შემშრალება!

მშობლის წერილი

დილაა შენთან,

გონებით გხედავ,

გიხდება ლურჯი,

ახალი ზედა…

აწონებ სარკეს ქოჩორს და

სახეს…

წიგნით ასუქებ

დიდ ჩანთას – სამხრეს…

ჩაირბენ კიბეს…

გახვალ ქუჩაში,

(მოედანს რეცხავს ფოლადისრაში…)

მერე… შენებურ, ფშაური გზნებით

მაღალ შენობას შეეხიზნები.

მე მოედანზე ვრჩები ნიავად…

წარმოსახვები –

ფრაგმენტებად რომ აფრიალა…

მოთვალთვალე ვარ,

უთოვლო, თბილი…

ზამთრის ასფალტი

მიწვევს ცქრიალა…

მე მწვანე ტბისკენ ბილიკებს ვირჩევ…

ძველი ფოთლებით მოფენილა

კორდი ნარნარი…

დუმფარებს შორის,

ყვავილებს შორის

ქათქათებს წყალი…

დგაფუნებს შხეფი –

მოლიცლიცე თევზების ვნებით…

აქვეა ბორდო ხავერდის მთები

და შთაგონება, ხელოვანთა

სულის მხმეველი…

სილამაზეა მდუმარე და აუწერელი…

ერთხელ მითხარი: რომ მაგბუნებას

რაღაც აკლია… რაღაც აკლია…

გულმა მოგიგო სხარტი პასუხი:

რომ შენი ღმერთის მადლი აკლია!

ვბრუნდები, ღამის სანათურს ვინთებ…

სამია ჩვენთან…

ჩაბნელებულ ფარდებ-შორისში

ვარსკვლავი ითბობს გათოშილ თითებს…

ლოცვით გიგზავნი უფლის წყალობას…

ახლა ლოგინში რა გამაჩერებს…

სიფხიზლით მავსებს

მშობლიური სოლიდარობა.

დილაა შენთან, დილის შვიდია,

უღიმი ჩინურიეროგლიფებს

და გეგონება უცხო სამყარო,

ედიდგულება, როგორც ზიზიფე…

აქ კი სამია, ოთხის თხუთმეტი,

ჩემთვის დილაა,

რა ხანია ძილი გავლალე…

რადგანაც ერთად გაიღვიძა

დედა-შვილობამ…

დედამიწის სხვადასხვა მხარეს!