წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

2583

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ლადო კახაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2014 წლის ლაურეატი ნომინაციაში „განსაკუთრებული შემოქმედება“

ლადო კახაძე

+ + +

ორ მივიწყებულ სიტყვას დავეძებ,
დავბერდი ბედის ძებნა-ლოდინში,
თავის ადგილზე მინდა დაბრუნდეს,
სიტყვა მადლობა, სიტყვა ბოდიში,
მე ერთხელ ალბათ უკვე ვიყავი
და იმ ცხოვრებას ერქვა გართობა,
ქვეყნად მეორედ მიტომ მოვედი,
მეთქვა ბოდიში, მეთქვა მადლობა.

ყოჩები
ბიჭო, არ დატოვოთ ქალაქი მარტო,
ქალაქს უხდებიან ყოჩები,
ნიაზ, ასტამურ, თაობა გნატრობთ,
იმ ქვეყნად გართობას როდის მორჩებით?
ტვინი დაემგვანა სტომაქის ბატონს,
სუფრებს დაეძენძათ ფოჩები.
გული ჯიუტად სიყვარულს არ თმობს,
გამოცარიელდნენ ქუჩები.
ბახუსი ასხამს საოცარ სათრობს,
ყანწებით ქეიფობენ ურჩები,
ვერ გუობს ბოთლი მორგებულ საცობს,
ტკივილს ბუტბუტებენ ტუჩები.
თავს წლები თეთრად ფიქრებად ათოვს,
სატრფონი რჩებიან ნორჩები,
ბიჭო, არ დატოვოთ თბილისი მარტო,
თბილისს უხდებიან ყოჩები…

+ + +
მეეზოვე ეზოს გვის,
დილით ადრე დგებაო,
მიმღებში კი მორიგე,
ღამით არა წვებაო,
საქეიფოდ მოსული,
ყანწით ხათრით დგებაო,
ჭრელი არის ცხოვრება,
ისეც, ასეც ხდებაო.
ზოგი ოქროს პოულობს,
მაინც ვერა ძღებაო,
ზოგი ვერც იმართება,
საწყლად ისე კვდებაო,
ვერ დაუშლი ლოთს ღვინოს,
ეტანება, თვრებაო,
სადაც სუსტი რგოლია,
ჯაჭვიც იქა წყდებაო.
ვინც სიმართლეს აფასებს,
ხშირად მასაც ხვდებაო,
დამნაშავეს საჯიჯგნად,
ასპარეზი რჩებაო,
არც ის უნდა გიკვირდეს,
ფოლადი რომ ტყდებაო,
ასეთია ცხოვრება,
ისეც, ასეც ხდებაო…

+ + +
მადათოვს ათოვს,
ვერას სჯერა,
მთაწმინდა წმინდავს,
ოქროს უბანში ქორწილია,
დიდუბე ფიქრობს,
მზის აზარფეშა სოლოლაკს ლოკავს,
ხარფუხი ტოკამს და
ორთაჭალა ღვინის ჭიქით სატკივარს იქრობს.
შაითან ბაზარს ესალმება გაღმიდან რიყე,
კრწანისი უსტარს გაუგზავნის მარტყოფს და დიდგორს,
ზემელი ზომავს,
აბანოთუბანს მექისე უყვარს,
სამღებროს ქუჩას ფუნჯები უჩანს და
ბამბის რიგი არჩევანს მითმობს…
სალამი ძველი თბილისის უბნებს,
დიღმიდან ურმებს,
ჩავიცვამ „ბუკლეს“ და ზურგს გავითბობ…

+ + +
ჩიხიდან გამოსავალი ჩიხიდან გამოსვლაა. გამოსვლა კი მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი. ან უკუსვლით, ან 180 გრადუსით შეტრიალებულზე, ისევე როგორც შეხვედი, მხოლოდ ახლა უკან. პირველ შემთხვევაში მორჩილად უნდა აიტანო ყველაფერი რაც უკუსვლის დროს მოხდება, და მეორე შემთხვევაში შეგნებულად თვალი გაუსწორო იმას რაც მოხდება. მეორე შემთხვევაში გამოსვლის პროცესის დამთავრების შემდეგ ჩიხის შესასვლელთან ამკრძალავი ნიშანი უნდა დაიკიდოს სხვათა დაცვის მიზნით. წარწერის შინაარსი დაახლოებით ასეთი წარმომიდგენია: ,,აქამდე მოსულმა შეგნებით სთქვი უარი წინ წასვლაზე. ამას აქ უკვე მოხვედრილი გულწრფელად გთავაზობ!!!“

+ + +
ცის გაბრაზების მიზეზი,
ჩვენში ძევს და ინახება,
რაც ტელესკოპში არა სჩანს,
სარკეში დაინახება.
უარყოფილი სიმართლე,
სიბრაზედ შეინახება,
უკადრებელის მოყვარე,
საჯაროდ გაილახება.
ღვინოსთან ცუდად მომქცევი,
სუფრასთან გაიშხლართება,
ტყუილი თავის ბადეში,
თევზივით გაიხლართება.
არჩევანს თვითონ აკეთებს,
ვინც ქვეყნად დაიბადება,
ყველა კითხვაზე პასუხი,
ერთბაშად არ იბადება…

+ + +
ადათს არ უგანო, სიბილწეს მოერიდე,
ეშმაკი საკუთარ თავშივე შეიპყარი,
შურიან გარემოს ნებითვე განერიდე,
შენობით მომმართე და თქვენობით მომეპყარი.
სათქმელი ბოლომდე სთქვი და დაისვენე,
ბილიკის შარაზე გასვლას მოესწარი,
კეთილი ნაფიქრი საქმითვე დაიმშვენე,
შენობით მომმართე და თქვენობით მომეპყარი.
სიმართლის ახალუხს საყელო გაუსწორე.
ცხოვრების ნიმუში შეიქმენ შესადარი,
ჩემს შემდეგ მომავალს მოგმართავ ასე სწორედ,
შენობით მომმართე და თქვენობით მომეპყარი.
დროში გახედნილი სიტყვა გაიხსენე,
ცისკენ შენი მზერა ხშირად აღაპყარი,
როცა მოგენატრო ლექსით გამიხსენე,
შენობით მომმართე და თქვენობით მომეპყარი…

+ + +
შედეგის გაკრიტიკება,
ადვილი, არა ძნელია,
შენ დასაწყისის მითხარი,
სანამ ჯერ ჭიქა მთელია.

მდუღარე არ ჩაასხა გაყინულ ჭიქაში…
გარდასულ დროსთან ჭიდილი,
მინახავს, კი არ მსმენია,
ტოლობის ნიშნის ერთ მხარეს,
უცნობი რომ დგას შენია.

მდუღარე არ ჩაასხა გაყინულ ჭიქაში…
უვადო თავისუფლებით
შემკული მხოლოდ ბრძენია,
ყოველი ცოდვის მიზეზი,
არ ახალია, ძველია

მდუღარე არ ჩაასხა გაყინულ ჭიქაში…
არამი ლუკმა დაგახრჩობს,
ალალი ლუკმა მხსნელია,
ხელს ნუ ჩაიქნევ ნურასდროს,
გახსოვდეს სადღაც გელიან.
მდუღარე არ ჩაასხა გაყინულ ჭიქაში…

+ + +
ისე ჩქარა მოდიან დანიშნული დღეები,
ვეღარ ვასწრებ კალენდრის ფურცლის თვალის შევლებას,
გზაზე მეღობებიან მოგონების ტყეები
და მშობლების ლოცვები თავზე ფრთხილად მევლება.
გარინდულა კარებთან დრო გასული სახლიდან,
ალაყაფის გასაღებს სხვა ბრძანება ეძლევა,
გადაფურცლულ კალენდარს ვინ იყიდის თავიდან
დროც ხომ შენი კბილაა და შენსავით ბერდება…

+ + +
ადამის ბუნება განძია დიდების,
ეგოთა ვიტრაჟებს ზვერავენ თვალები,
იცვლება კანონთა ლიმიტი მიგნების,
ნერვებით ომობენ პირწმინდად ჟღალები.
რუმბების სატკივარს ტვირთავენ ურმებით,
ფიქრების ქოთნები ღამეშიც ყვავიან,
შუადღე ჩაკერეს ცხენების ძუებით,
წაწყმედილ ჭაობებს ხეები ჯაბნიან…
ჰაერში ჰკიდია ჰიმნების ჰამაკი…