კიბე

267

წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერია“

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით

პრემია-პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

იზო სანთელაძე – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2017 წლის მონაწილე

ავტორი: იზო სანთელაძე

– კიბეა შვილო, კიბე!
– რა კიბე დედა, რას აბობ, ვერ გავიგე?!
ქალი ფიქრიდან გამოერკვა. მიხვდა, რომ ფიქრი ხმამაღლა გააგრძელა.
– რას გეუბნებოდი შვილი? – ჰკითხა შვილს.
– რაღაც კიბეს ახსენებდი.
– ჰო, იმას ვამბობდი, რომ ცხოვრება მარლაც კიბეა,- თქვა ცუცამ და შვილი მაგიდასთან მოიხმო:
– ნოდარ, მოდი, ჩაი გაგიცივდება შვილო. – თან განაგრძო, – გახსოვს? შენს ბავშვობაში რა პატარა ბინა გვქონდა. მზის სხივი ძლივს ეტეოდა იმ ციცქნა სარკმელში. როგორ გვიხაროდა სტუმრების მოსვლა. რამდენ სითბოს, სიყვარულს და სიხარულს იტევდა ის დალოცვილი კედლები. რა ბედნიერები ვიყავით მაშინ.
შემდეგ, ახალი ბინა რომ მივიღეთ მამას სამსახურიდან, სანამ შევეჩვეოდით სასახლეში გვეგონა თავი. მაშინაც ბედნიერები ვიყავით… ეჰჰჰ… თუმცა არ ვნანობ, ის ბინა რომ არ გაგვეყიდა, რა უნდა გვექნა, რით გადავიხდიდით ლიკას მკურნალობის თანხას. არც იმ სოფლის სახლს მივტირი. კიდევ კარგი, გვქონდა რაღაც ხელმოსაკიდი. ღმერთმა დამილოცოს ჩემი ცქრიალა გოგო. ყველაფერი მის თავზე შემოსავლები ყოფილიყოს.
– ჰოდა, იმას ვამბობდი ჩემო ნოდარ, კიბეა-თქო ცხოვრება, ხან ადიხარ, ხარ ჩადიხარ…ასეა, ასე!
ნოდარმა კარაქიან პურს ჩაის ბოლო ყლუპი დააყოლა. ფრთხილად დადო ფინჯანი ლამბაქზე. დედას მადლობა გადაუხადა გემრიელი საუზმისთვის და სამსახურში წავიდა.
არსად ეჩქარებოდა ცუცას. შვილი და რძალი სამსახურში გაისტუმრა. შვილიშვილი სკოლაში. დარჩა მარტო. სახლი დაალაგა. ეს კიბე, რაღაც ძალიან აიკვიატა დღეს. არადა, მართლაც კიბეს ჰგავს ცხოვრება, ხან ადიხარ, ხან ჩადიხარ, მთავარია საფეხური არ ჩაგიტყდეს, თორე, ისე რა უშავს… მაგრამ, ეს სიბერე რა ცუდი ყოფილა, ფიქრობს ცუცა. ეჰ, ჯანი მაინც მომდევდეს, ვერაფრით ვეხმარები შვილს. ეს პენსიაც არ უქნია ღმერთს, წამლებში და ორი დღის სადილად თუ ეყოფა კაცს… როგორ გაჭირდა ყოფა. რამდენს შრომობენ ჩემი შვილი და რძალი, მაგრამ, თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ… ადგა, გაიარ-გამოიარა ოთახში, მაგრამ ფიქრებს თავი მაინც ვერ დააღწია… რა ქნას, დედაა, დედა ხომ დარდისთვის არის გაჩენილი.
ფიქრებიდან ლიკას წკრიალა ხმამ გამოიყვანა.
– ბებო, მოვედი!
ასადილა ბავშვი. ბევრი იმუსაიფეს. ლიკას აინტერესებდა და ბებოს ეკითხებოდა, თუ როგორი იყო მამა ბავშვობაში. ცუცა ხალისით უყვებოდა ლამაზ ეპიზოდებს შვილის ბავშვობიდან. სამსახურიდან დაბრუნებულ ნოდარს ლიკამ ბავშვობა გაახსენა და გაახალისა მთელი დღის შრომით გადაღლილი მამა.
ბეჯითი ბავშვი იყო ლიკა. კარგად სწავლობდა.სანამ გაკვეთილებს საფუძვლიანად არ მოამზადებდა არ დაიძინებდა. სამეცადინო მაგიდა დედ-მამის საძინებელში ედგა.მორჩებოდა სწავლას, ჩააქრობდა მაგიდის სანათს, გადახედავდა მძინარე მშობლებს, ფრთხილად ასწევდა საბანს და წვებოდა.
ერთხელ ცუცას სამზარეულოდან შვილის და რძლის საუბარი შემოესმა:
– დიდი გოგოა უკვე ლიკა, სანამ უნდა იწვეს ჩვენ საძინებელში. ნეტა ერთი ოთახი კიდევ გვქონდეს.- უთხრა ნანამ ქმარს.
– კი, გაიზარდა ჩვენი თვალისჩინი. ხომ არ აჯობებს ბებოსთან დაიძინოს. იჭუკჭუკებენ ბებია-შვილიშვილი. თანაც ორივე კმაყოფილი იქნება.
– არა, რას ამბობ ნოდარ, იმ წამლების სუნში როგორ უნდა მოისვენოს ბავშვმა.
გული დასწყდა ცუცას. ნოდარის აზრი კი მოეწონა, მაგრა ვერც რძალი გაამტყუნა.
გავიდა დრო.
ცუცა საწოლს დაუმეგობრდა. დასუსტდა. ძველებურად ადრიანად ვეღარ დგებოდა.
– ნოდარ, იქნებ ხელფასამდე ვინმეს ფული სთხოვო. ელ. ენერგიის თანხა თუ არ გადავიხადეთ, გაგვითიშავენ და როგორ იმეცადინოს ბავშვმა სანთლის შუქზე.
– ვეცდები ნანა, – უპასუხა ქმარმა, ქურთუკი ჩაიცვა და გავიდა.
საგონებელში ჩავარდა ცუცა. ფიქრობდა რა ემოქმედა, რით დახმარებოდა ოჯახს. გასაყიდი არაფერი ებადა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ლახვარი ჩასცეს გულში და გაუპესო.
ოთახიდან იშვიათად გამოდიოდა მოხუცი.
– ბებო, რა მოგიტანო, რას შეჭამ? – ხშირად ეკითხებოდა ლიკა.
– მადა არ მაქვს, ბებოს სიხარულო, მოვკეთდები და მერე რასაც მეტყვი, ყველაფერს შევჭამო. – პასუხობდა ცუცა.

ერთ დღეს ცუცამ შვილს უთხრა:
– შვილო, მართალია სოფელში სახლი აღარ გვაქვს, მაგრამ, ნათესაობა ხომ გვყავს. წავალ ცოტა ხნით, მათაც გაეხარდებათ და იქნემ მეც მოვმჯობინდე კიდევაც.

ერთი კვირის შემდეგ, სამსახურიდან დაბრუნებულ ცოლ-ქმარს მაგიდაზე ცუცას წერილი დახვდათ.
,,შვილებო, ჩემი დარდი არ გექნეთ, სოფელში წავედი. ასე აჯობებს. ვერ დაგელოდეთ. გამომშვიდობება გამიჭირდებოდა. ლიკუნას გაუფრთხილდით. დროებით“.
იმ საღამოს ვახშამს არავინ გაჰკარებია. ლიკამაც უარი თქვა ჭამაზე. აუხსნეს ბავშვს, ბებო იმიტომ წავიდა, რომ ავად არის და იქ უკეთ გახდებაო. დაიჯერა პატარამ.
საგულდაგულოდ დაალაგა ცუცას ოთახი ნანამ. სამეცადინო მაგიდა კუთხეში მოხერხებულად ჩადგა. ბავშვის ნივთები ლამაზად შეაწყო კარადაში და ცუცას საწოლზე გვირილებით მოჩითული ქვეშაგები დაუფინა ბავშვს. ბალიშს ბებოს თმების სურნელი შერჩენოდა და ლიკამ ძილის წინ მკერდში ჩაიკრა ფუმფულა ბალიში.
ერთ დღეს, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მაღაზიაში მომუშავე ქალმა, სამსახურიდან დაბრუნებულ ნოდარს დაუძახა:
– მოიცა ნოდარ, – ქალი მაღაზიაში შებრუნდა, მოზრდილი ჩანთა გამოიტანა, – ეს ჩანთა ვიღაც ბიჭმა დაგიტოვა. დედაშენის გზავნილია სოფლიდან.
გაკვირვებულმა ნოდარმა მხრები აიჩეჩა, მადლობა გადაუხადა ქალს და ჩანთა გამოართვა.
ლამაზად ჩაულაგებია ცუცას ჩანთაში სოფლის ნობათი: ლობიო, სიმინის ფქვილი, ყველი, ქათამი… სნიკერსიც არ დავიწყებია ლიკასთვის…მოკითხვის და ნატვრის ბარათიც დაუწერია. ატყობინედათ, რომ კარგად იყო.
დრო მიდიოდა.
რამდენჯერმე მიიღო ოჯახმა ასეთი ნობათი. გზავნიდა ცუცა, ხან კაცის, ხან ქალის და ხანაც ვისი ხელით, იმისდა მიხედვით თუ ვინ სტუმრობდა ქალაქს იმ სოფლიდან, სადაც ის იმყოფებოდა.
მორიგი ნობათის მიღების მეორე დღეს , ერთმა მეზობელმა ეზოში ნოდარი შეაჩერა და უთხრა:
– ნოდარ, გუშინ ქუჩის მოპირდაპირე მხრეს დედაშენი დავინახე. ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა, აქეთ ანიშნებდა. შემდეგ ბიჭს ჩანთა გადასცა, რომელიც მან ჩვენს მაღაზიაში გადმოიტანა. დედაშენი კი ავტობუსში ჩაჯდა და წავიდა.
– რას ამბობთ, ხომ არავისში შეგეშალათ?
– არა, ნამდვილად ქალბატონი ცუცა იყო.
ნოდარი საგონებელში ჩავარდა. რა დამთხვევაა, სწორედ გუშინ მიიღეს დედის ნობათი. დაფიქრდა. გონება მოიკრიბა …ეს რა არის, რა თანაბარი შუალედებია გზავნილებს შორის. თვეთა რიცხვებიც კი ემთხვევა ერთმანეთს… ამ რიცხვში ხომ პენსის იღებდა დედა… ეჰჰჰ, დედა, ამოიგმინა ნოდარმა. არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურთან. ოპერატორს რაიონის, სოფლის, ნათესავის სახელი და გვარი ჩააწერინა. ერთ საათში დაგაკავშირებთო, უთხრა მორიგემ.
იქვე ჩამოჯდა. უსიამოვნო განცდა დაეუფლა- ზარის მოლოდინი, შენელებული დრო, მოუსვენრობა, გულის აჩქარება, დაბნელებულ თვალებში გაწოლილი დედის სახება… უსასრულოდ გაწელილი ერთი საათი…
მეშვიდე კაბინაში გამოიძახეს. ისაუბრა ნათესავთან, რომელმაც აუწყა, რომ ცუცა სოფელში არ ჩასულა.
გაფითრებული დაბრუნდა ნოდარი შინ.
პოლიციის განყოფილებაში განცხადება დაწერა დედის დაკარგვის შესახებ.
ერთი კვირის შემდეგ, განყოფილებიდან აცნობეს, რომ მოქალაქე, რომელსაც თქვენ ეძებთ, მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებაო.
დაუყოვნებლივ მიაკითხეს შვილმა და რძალმა ცუცას. მან ბოდიში მოუხადათ და პატიება სთხოვათ ტყუილისა და გულისტკენისთვის. მაგრამ, სახლში გაყოლაზე უარი განუცხადათ. აუხსნათ და დაარწმუნათ, რომ იქ თავს კარგად გრძნობს, რომ არ უნდა ტვირთად დააწვეს ცხოვრებისგან ისედაც წელში გაწყვეტილ შვილს და რძალს.
გაწბილებულები დაბრუნდნენ შინ ნოდარი და ნანა. დიდხანს ისაუბრეს ცუცას საქციელზე, საქციელზე, რომელშიც თანაბრად მტყუანი და თანაბრად მართალნი იყვნენ ყველანი, სრულიად მართალი კი ლიკა. ბავშვი, რომელიც ისმენდა მშობლების საუბარს და რომელიც მათ დაძინებული ეგონათ.
მთელი ღამე არ უძინია ლიკას. დილით სიცხემ აუწია. არავის ელაპარაკებოდა. ერთი კვირა სკოლაში არ წასულა.
სამსახურიდან დაბრუნებულ მშობლებს ლიკა შინ არ დახვდათ. გოგონას ოთახის კედლები ბებოს ნივთებით, კაბებით, სურათებით მოურთავს. კარებზე დიდი ასოებით წარწერა დაუტოვებია ,,დამიბრუნეთ ბავშვობა!“
კითხვა-კითხვით იპოვა ლიკამ მოხუცთა თავშესაფარი. რეგისტრატორს ბებოს სახელი და გვარი უთხრა. მაჩვენეთო სთხოვა. მოულოდნელი იყო ლიკას გამოჩენა ცუცასთვის. გულში ჩაიკრა თვალისჩინი. მდუმარედ ტიროდნენ დიდხანს.
– ბები, ახლა თუ სახლში არ გამომყვები, იცოდე, მეც აქ დავრჩები, ან ბავშვთა თავშესაფარში ჩავბარდები და სახლში არასოდეს დავბრუნდები. -ულტიმატუმი წაუყენა ბებოს პატარამ.
– არა, ჩემო ანგელოზო, ასე როგორ შეიძლება, ახლა დირექტორი არ გამომიშვებს და გპირდები, მალე დავბრუნდები.
– შენი დირექტორი ახლა მე ვარ და ჩემი სიტყვა კანონია! – სიმკაცრე შეეპარა ხმაში პატარას.
ცუცას უარი არ გაუვიდა შვილიშვილთან.
შებინდებული იყო სახლში რომ მივიდნენ. ჯერ ლიკა შევიდა.
– სად ხარ შვილო, როგორ შეგვაშინე! – ერთხმად შესძახეს მშობლებმა.
– ბავშვობა დავიბრუნე, ბავშვობა! – თქვა ლიკამ და კარები გააღო, სადაც ცუცა იდგა თავის ბარგით.
მშობლებს ეგონათ, რომ ლიკამ ბებოს შესახებ არაფერი იცოდა. არ იცოდნენ, თუ ბავშვმა მათი საუბარი მოისმინა. ახლა მათთვის ყველაფერი ნათელი გახდა.
ტკბილად ივახშმა ოჯახმა იმ ღამით. მთელი ღამე საამურად ფშვინავდა ლიკა ბებოს მკერზე თავმიდებული.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. გაიზარდა ლიკა. ბეჯითი გოგო წარმატებულ ქალად იქცა. ოჯახმა კიბეზე აღმასვლა დაიწყო. ლიკას სახით ოჯახს კეთილი ანგელოზი ჰყავდა, ხოლო ცუცას სახით მლოცველი ოჯახის დედაბოძი.
ცხოვრება კი… მართლა კიბეა. მთავარია, საფეხური არ ჩაგიტყდეს, თორე, ისე რა უშავს. ხან ახვალ და ხან ჩამოხვალ.