ვანიჩკა პავლიაშვილი – ქართული ელიტის წლის მწერალი

2088

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

ვანო პავლიაშვილი – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2016 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის მწერალი“

სიჩუმის ხმაური

რომ გნახავ, ბევრ რამეს გეტყვი…

რომ გნახავ, ცის იქითა სამყაროს ამბებსაც გიამბობ…

რომ გნახავ, შეიძლება, არაფერიც არ გითხრა…

უბრალოდ, ჩუმად ვიქნები და გიყურებ…

გიყურებ დიდხანს, ძალიან დიდხანს, აპოკალიფსამდე…

რომ გნახავ, შენც ჩუმად იქნები…

და ეს იქნება სიჩუმის შეხვედრა…

მერე?

მერე სიჩუმით დავიღლებით და…

სათქმელი რომ არაფერი გვექნება,

ისევ ცის იქითა სამყაროს ამბებს გადავწვდებით…

ესეც მოგვბერზრდება…

ისევ გავჩუმდებით და…

ასე ვიქნებით აპოკალიფსამდე…

მთავარია, ერთმანეთს შევხვდეთ…

შევხვდეთ და… სიჩუმით ვილაპარაკოთ…

+ + +

ადამიანებს ყველაზე მეტად სიჩუმის გვეშინია…

ცის იქითა სამყაროდან მოსული სიჩუმის…

სიჩუმე ხომ ყველა ხმაურზე მეტად ხმაურობს!

***

რომ არ ვიყვირო, გავგიჟდები…

რომ არ ვიყვირო, ემოციას დავემონები…

მე მონობისთვის არ დავბადებულვარ…

ჩემი თანამეცხედრე თავისუფლებაა.

ამიტომაც ვიყვირებ და ემოციას მოვკლავ…

მერე, რა, რომ მკვლელს დამიძახებენ?! –

მე ვიქნები მკველი, მკვლელი, რომელმაც

დუელში საკუთარი ემოცია გამოიწვია…

მე მონობისთვის არ დავბადებულვარ…

მე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლო!..

+ + +

ჩემი ტკივილი დაიხვეწა, 
მე ტკივილის მართვა ვისწავლე…
არც სიყვარული, არც სიძულვილი 
არ შემიძლია…
მე დავიცალე…
მე ტკივილის მართვა ვისწავლე…

თამჩო
თამჩოს არ ვიცნობ… მასზე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემი მეგობრის შვლის დაქალია…

იმ ამბებიდან, რასაც ჩემი მეგობარი მიყვება ხოლმე, ვასკვნი: თამჩო ჩველუებრივი ლაღი და მხირული გოგოა, აი, ისეთი,  რომელიც გულშიც კი არასოდეს გაივლებს, რომ უბედურია. ყოველ შემთხვევაში, გარეშემყოფები, ალბათ, ასე ფიქორბენ…

ჩემი მეგობრის შვილიც კარგი შერეკილია. რაც თავი მახსოვს, სულ ასეთია: ბავსვობაში  ერთ პროვინციულ ქალაქში ცხორვობდა. ჰოდა, უცებ მოგზაურობა მოუნდა, დაჯდა თბილისის მატარებელზე და დედაქალაქში ჩამოვიდა. აი, აქ კი, დაიბნა – ამდენი მაღალსართულიანი სახლისა და ხალხის დანახვაზე, ვეღარ გაიგო, რა უნდა ქენა.

ცოტა ხანს რკინიგზის სადგურში იყურყუტა.

 მაშინდელმა მილიციამ შეიამჩნია. მივიდა, ჰკითხა, შვილო, ვინ ხარ, რას ეძებო. ადგა ჩემი მეგობრის ეს შერეკილი პირმშო და „ძია მილიცეილს“ ჩამოუკაკლა, ესა და ეს ვარ, ამ და ამ ქალაქიდან თბილისში სამოგზაუროდ ჩამოვედი, მაგრამ ვერ ვიგებ, სად უნდა წავიდეო. „ძია მილიცელმა“ ხელები შვილივით გაზრდილ ღიპზე შემოიწყო და სამწუთნახევრიანი პაუზის შემდეგ, შერეკილ მოგზაუროს მკვახედ ჰკითხა:

– მშობლები არ გყავს?

– დიახაც, მყავს, – ამაყად მიგო შერეკილმა, – დედაჩემი აქა და აქ მუშაობს და იცოდე, თუ დამიყვრებ, ვეტყვი და სამსახურიდან გაგადებსო!

„ძია მილიციელმა“ გოგონას თავზე ხელი გადაუსვა, შენ რა კარგი ვინმე ხარო…

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შუაღამისას, ჩემს მეგობარს რკნიგზის სადგურის მილიციის განყოფლებიდან  დაურეკეს, ქალბატონო, ეგებ, მობრძანდეთ და თქვენი ქალიშვილი წაიყვანოთო.

გაუსკდა გული ამ ჩემს მეგობარს, ჩემს 8-9 ქალიშვილს რკინიგზის მილიციაში რა უნდა და შინიდან ისეთი თავქუდმოგლეჯილი გავარდა, მხოლოდ ქუჩაში გასულმა აღმოაჩინა, რომ პიჟამოს გამოცვლა დაავიწყდა…

რაღა ბევრი გავაგრძელო და, სულაც არ მიკვირს, რომ ჩემი მეგობრის შვილის დაქალი თამჩოც ჩემი მეგობრის შვილივით შერეკილია.

ისე, ხანდახან მგონია, რომ შერეკილები ყველაზე სევდიანები არიან.

გუშინ თუ გუშინწინ, ჩემი მეგობრის შვილმა სამსახურში შემომიქროლა; ჯინსის „შორტები“ ეცვა, ენერგეტიკულ სასმელს წრუპავდა…

იქოთქოთა, იქოთქოთა…

რაღაცნაირი მომეჩვენა.

– რა გჭირს-მეთქი?

– არაფერიო…

არ მოვეშვი.

– მომაწევინე და გეტყვი, რაც მჭირსო, – გარიგება შემომთავზა.

– ქალი და სიგარეტი-მეთქი? – გავეხმურე.

– ნეტამც, შენო, – მადიანად გაბოლა, – წავიდაო, – წამოისროლა.

– ვინ წავიდა, ან სად-მეთქი, – დავიბენი.

– ერთი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდანო…

– ეგეთ რაღაცებზე როდის აქეთ ჯავრობ-მეთქი?

– არ ვჯავრობ, „პროსტა“, მე კი არ გავაგდე, თავისით წავიდა და ამაზე „ვჭედავო“…

გამეცინა…

იმანაც გაიცინა, თუმცა ეს უდარდელი სიცილი არ იყო…

– აბა, წავედიო, – პაპიროსი საფერფლეს მიასრისა…

მინდოდა, მეკითხა, თამჩო როგორ არის-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე…

…თამჩოც და ჩემი მეგობრის შვილიც შერეკილები არიან…

ჩემი მეგობარიც შერეკილია..

მეც შერეკილი ვარ…

კიდევ რამდენიმე შერეიკლს ვიცნობ…

აუ, რა მაგარი იქნებოდა, რომ დედამიწაზე მხოლოდ შერეიკელბი ცხოვრობდნე?!. მაშინ, ამ პლანეტას „დედამიწა“ კი არა, „შერეკილთა მიწა“ ერქმეოდა და… ადამიანებიც უფრო ბედნიერები ვიქნებოდით…

თამჩოს არ ვიცნობ, თვალითაც არასოდეს მინახავს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ თამჩო ამ დუნიაზე ყველაზე სევდიანი გოგოა…

ყველა შერეკილი, სინამდვილეში, სევდიანია, მაგრამ არ იმჩნევს…

გინდათ, თქვენც შერეკილი იყოთ?

კი ბატონო, რა პრობლემაა, ოღონდ ერთი პირობის შესრულება მოგწევთ!

მზად ხართ?!

თუ დიახ, მაშინ, ახლავე, ამ წამს დაიწყეთ ფიქრი… გაფრენაზე.

და გახსოვდეთ:

ჩვენ, ყველანი, აუცილებლად გავფრიდნებით და „შერეკილთა მიწას“ ზემოდან გადმოვხედავთ!

თამჩო შერეკილია…

ჩემი მეგობრის შვილიც შერეკილია…

ჩემი მეგობარიც შერეკილია…

მეც შერეკილი ვარ…

ჩვენ, ადამიანები, შერეკილები ვართ და… სიცოცხლე სწორედ ამიტომაცაა მშვენიერი!

დიახ, ჩვენ, ადრე თუ გვიან, აუცილებალდ გავფრინდებით, რადგან სხვა შემთხვევაში, გაფრენის სევდა ბოლოს მოგვიღებს!..

რძალი

ლილიკოს დილა ნაშუადღევს ყავითა და სიგარეტით იწყებოდა – უშაქრო ყავა და „მალბორო“ სოფელში გათხოვილი ქალაქელი გოგოსთვის ნამდვილი ნირვანა იყო, თუმცა ამ „აბსოლუტურ ნეტარებას“ დედამთილის გაუთავებელი ვიშვიში მდუღარესავით ესხმეოდა. ბევრი ეცადა ელიკო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

– რა ვქნა, ქა, გულმა ვერ მიიღო, – თვალზე მომდგარ ცრემლს წინსაფრის ბოლოთი შეუმჩნევლად იმშრალებდა და მეზობლის დედაკაცებთან რძლის „დამუშავებას“ განაგრძობდა, – სკდება ყავით, ქა, დღეში ორ ლიტრს მაინც სვამს. ახლა, პაპიროსს აღარ იტყვით? აფუილებს და აფუილებს, რა ენაღვლება მაგას ჩემი საწყალი ბიჭის მონაგარი… ქალი შიშით სახლიდან ვერ გამოვდივარ, პაპიროსის ნაპერწკალი რამეს არ მივარდეს და ერთიანად არ ამოვიბუგოთ…

ავია, მაგრამ მეოჯახე ქალია, შვილზე გადამკვდარი დედააო, _ ამბობდნენ სოფელში ელიკოზე. ელიკოც აღიარებდა, რომ ავი იყო, მაგრამ თავს იმართლებდა, ძაღლის ყბა რომ არ მქონოდა გამობმული, ჩემი ბოთე ქმრის შემყურე, ოჯახს ფეხზე ვერ დავაყენებდიო.

არადა, სარდიონი ბოთე არ იყო. უბრალოდ, სხვა სოფლელ კაცებს არ ჰგავდა – „ბირჟაზე“ დგომას კითხვა ერჩია, მინდროში ცხვრისა თუ საქონლის დევნას – კარგი ფილმის ყურება… თეატრი, უფრო სწორად, ოპერა უყვარდა და თუკი შემთხვევით ტელევიზორში „აბესალომისა და ეთერის“, ან რომელიმე სხვა სპექტაკლის ნაწყვეტს აჩვენებდნენ, ეკრანს თვალს ვეღარ სწყვეტდა ხოლმე.

– მამა გიცხონდა, შენც არ მყავდე კარუზოო, – ქოქოლას აყრიდა ელიკო ქმარს და სწორედ მაშინ მოუნდებოდა „ზალაში“ „უბორკის“ ჩატარება.

– რა იყო, ქალო, მტრის ოჯახში ხომ არ ხარ, უხმაუროდ არ შეგიძლია დაგვა-დაწმენდაო? – წამოილუღლუღებდა ხოლმე სარდიონი და ელიკოსაც მეტი რა უნდოდა, სარდიონის წყევლით გულს რომ იჯერებდა, მერე, მის სანათესაოს მისდგებოდა…

ოთარმა რომ თქვა, ცოლს ვირთავო, სარდიონმა შეუმჩნევლად გაიღიმა და ბიჭს მხარზე ხელი დაარტყა, შვილი მომესწროო. ეს ახალი ამბავი არც ელიკოს სწყენია, მაგრამ ოთოს შეკითხვები ავტომატის ჯერივით დააყარა:

– როგორი გოგოა, შვილო?.. ჩვენი სოფლელია?.. დედისერთაა, ორნი დანი არიან თუ ძმაც ჰყავს?.. გამხდარი ხომ არაა? ხომ იცი, გამხდარი ქალი ოჯახს არ გამოადგება… არ გახსოვს, „ტაოტაანი“ რა დღეში ჩააგდო ზურიას თვალებამოღამებულმა ცოლმა – იგეთი გამხდარი და უდღეური იყო, ოდნავ ნიავი დაუბერავდა თუ არა, ავად ხდებოდა. ჰოდა, დროზე მოიცლეს… – ელიკომ, ალბათ, იმის ხაზგასასმელად, რომ თვითონ „თვალებამოღამებული“ არ იყო, თურაშაული ვაშლივით აღაჟღაჟებულ ლოყაზე ხელი მადიანად მოისვა…

– დე, ჩემს ლილიკოს შენსავით ლოყები არ აქვს, – გაიღიმა ოთომ და დედას მხარზე ხელი გადახვია. ელიკოს გულმა რეჩხი უყო, მაგრამ ხმა აღარ ამოუღია…

…დედამთილის ვაი-ვუშით შეწუხებულმა ლილიკომ ნახევრად დამწვარი „მალბორო“ გამოცარიელებულ ყავის ფინჯანში ჩაუძახა და ფანჯარაში გაიხედა – უბნის ბავშვები სევერიანს ელაზღანდარავებოდნენ. მას შემდეგ, რაც სამოცდაათს გადასცილდა, სევერიანი, ფეხებითაც რომ დაგეკიდათ, თავის ნამდვილ ასაკს არ გაგიმხელდათ. უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო, _ ამბობდნენ სოფელში სევერიანზე…

მამამისი გასაბჭოების სათავეებთან მდგარა. მერე, ბოლშევიკებს ამაგი დაუფასებიათ და კოლმეურნეობის ბუღალტრად დაუნიშნავთ… მერე, ზაქათალაში გაუგზავნიათ, სევერიანიც სასწავლებლად იქაურ სკოლაში გადასულა… საშუალო რომ დაუმთავრებია, ქალაქში მოუწადინებია წასვლა, მაგრამ მამას არ გაუშვია, სოფელში მუშა-ხელი გვაკლიაო. სევერიანი ბედს შერიგებია… თანასოფლელი შეჰყვარებია სევერიანს, მაგრამ მშობლებს უარი უთქვამთ, რა დროს შენი ცოლიაო… მერე, რამდენიმე წელი რომ გასულა, დედის დაჟინებული მოთხოვნით, ბაკურცხიელი ქალი შეურთავს. რამდენიმე თვე ყოფილან ერთად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დედამთილს `სანაქებო რძალი~ თვალში აღარ მოსვლია, მეზობლებთან ნამეტანი დიდხანს ჭორაობსო და ვაჟს შესჩენია, გინდა თუ არა, გასცილდიო. სევერიანს კი გაუპროტესტებია, მაგრამ უფიქრია, ცოლს კიდევ ვიშოვი, დედას – ვეღარ, ვიღაც ქალის გამო დედაჩემს რატომ უნდა ვაწყენინოო და დაუნგრევია ოჯახი. რამდენიმე წლის შემდეგ, ხელმეორედ დაქორწინებულა სევერიანი. მეორე ცოლიც დედის რჩევით შეურთავს, მაგრამ დედამთილს მეორე რძალიც აუთვალწუნებია, ერთ ჭამაზე 7 ტოლმა შეჭამაო… მესამედაც დაქორწინებულა სევერიანი, მაგრამ წინა რძლების მსგავსად, მესამისთვისაც აღმოუჩენია დედამთილს წუნი და დაუფიცია სევერიანს, ჩემდათავად ცოლის მომყვანის დედა ვატირეო… 

სევერიანის ცოლების ამბავი სოფელში ლეგენდასავით დადიოდა, ზოგი რაღაცას უმატებდა, ზოგი – აკლებდა… ეს ლეგენდა ლილიკოს უამრავჯერ ჰქონდა მოსმენილი და სევერიიანს დაინახავდა თუ არა, უნებურად ეღიმებოდა. თავი ახლაც ვერ შეიკავა, თან მოხუცი რაღაცნაირად შეეცოდა, ფანჯარა გამოაღო და მოხუცთან მოლაზღანდარე ბავშვებს გასძახა, გაანებეთ თავი, ამ ხნის კაცს რა დღეში აგდებთო. მერე, სევერიანს გამოელაპარაკა:

– როგორ ხართ, ძია სევერიან?

– ლლ-იი-ლიკო, გგ-აიხარე, – ენის ბორძიკით მიუგო სევერიანმა.

– ყავაზე გვესტუმრეთ, ძია სევერიან, – შესთავაზა ლილიკომ.

– დდდ-ავლიე უკვე და ბბ-ევრი მმმ-ომივა, – კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა სამნაცოლარი მოხუცი, მაგრამ ჭიშკარში ელიკო გამოჩნდა და სევერიანმაც ფეხს აუჩქარა. ვიღაცამ ამბავი მიუტანა, სევერიანი ლილიკოს ძალიან აქებსო. ის დღე იყო და ის – ელიკოს სევერიანის დანახვა აღარ უნდოდა.

– რა ხეთაგანი ხალხია, ქა, თუ ჩემთვინ კარგი უნდათ, იმ ჩემს ძუძუებგასახმობ რძალს რაღა ფიანდაზად ეგებიან? განა, არ იციან, რომ ჩემი ოჯახი მაგ არგასაჩენმა დაღუპა? – კრიახობდა ელიკო და ყველას, ვინც კი ლილიკოზე ოდნავ თბილ სიტყვას იტყოდა, მტრად მიიჩნევდა. ისე, ვინმეს რომ ეკითხა, ამ კაფანდარა გოგომ ასეთი რა დაგიშავა, რომ თვალში ეკლად გესობაო, ელიკო არგუმენტირებულ პასუხს ვერ გასცემდა. ქალაქელი გამხდარი რძალი, უბრალოდ, არ მოსწონდა, მორჩა და გათავდა!

– დედა მოუკვდეს ჩემს ოთარის, მე დავუნგრიე ცხოვრებაო, – ამბობდა ხოლმე ელიკო, – სკოლა რომ დაამთავრა, ჩემმა მაზლმა მითხრა, მოსკოვში გამატანე, ვასწავლი, მუშაობას დავაწყებინებ და კაცად ვაქცევო, მაგრამ შემეშინდა, ყმაწვილი უჩემოდ ვერ გასძლებს-მეთქი. ახია ჩემზე, ახი. რატო ფეხი არ მომტყდა, თბილისში რომ წავიყვანე, ან ამ კატების ნათრევმაც რაღა მაინცდამაინც იმ სასწავლებელში ჩააბარა, სადაც ოთარიმ შეიტანა საბუთები?! – „კატების ნათრევი“ ყველაზე „სასიყვარულო“ ეპითეტი იყო, რომელსაც ელიკო რძლის მისამართთ ხმარობდა. ათასჯერ უთხრა მხოლოდშობილმა ვაჟმა, ჩემს ცოლს ლილიკო ჰქვია და პატივი ეცი, თორემ შინიდან წავალ და ვეღარასოდეს მნახავო, მაგრამ ელიკო დარწმუნებული იყო, რომ ოთო, უბრალოდ, აშინებდა.

– ჩემი შვილის ხასიათს ვინმე მასწავლის? – ფიცხია, თორემ ალალგულაა, – თავს იმშვიდებდა ელიკო, – უჩემოდ ერთ საათსაც ვერ გასძლებს, ან მაგ „მაიმუნზე“ გამცვლის?!

რა იცოდა ელიკომ, რომ ეს „მაიმუნი“ და „კატების ნათრევი“ ლილიკო ოთოს საკუთარ თავზე მეტად უყვარდა?! ლილიკოსთვისაც მთავარი სწორედ ეს იყო და დედამთლის „სართულებიან“ წყევლა-ქოქოლას ყურადღებას არ აქცევდა.

– დედაჩემი ძველმოდური ქალია, თავისი ფილოსოფია და შეხედულებები აქვს. ყურადღებას ნუ მიაქცევ, ლილ, გთხოვ… ხომ გიყვარვარ?.. ჰოდა, მეც მიყვარხარ და გეძახოს დედაჩემმა „კატების ნათრევი“, – ღიმილით ეუბნებოდა ოთო სათაყვანებელ ქალს და მკერდს უკოცნიდა.

– მოგწონს „კატების ნათრევის“ მკერდი, ხო, ოთო? – კისკისებდა ლილიკო და ქმრის მკლავებში მოქცეული ბედნიერად კრუტუნებდა.

ერთხელ, მოალერსე წყვილს ელიკო თავზე წამოადგა. ახალგაზრდებმა უხერხულად გაღიმეს. ელიკო კი, სიწმრისგან გაწითლდა.

– ეგ არაქალი ჩემს ჩემს შვილს ბოზივით ლოკავდა, ქა. ამ ხნის ქალი ვარ და დღის შუქზე ქმრის თანდასწრებით „ჩულქებიც“ კი არ გამიხდია, – ჩურჩულით ეუბნებოდა ელიკო ბენაანთ ანეტას.

– რას ამბობ, ქალო, გააჩერე ენა, ემანდ, არავინ გაიგოს, თორე შენ რძალს კაცების რიგი დაუდგება, – ცეცხლზე ნავთს ასხამდა ანეტა.

– ვიცი, ანეტ დეიდ, ვიცი, მაგრამ გულის ქარი ხომ უნდა ამოვიღო?!..

– გაიგე, ის მიწადასაყრელიც გაბოზებულა, – ტუჩების ცმაცუნით წარმოსთქვა ანეტამ.

– ვინა? – ყურები ცქვიტა ელიკომ.

– ვინა და, აი, ელგუჯაანთ ბიჭის ნაცოლარი… დაიცა, რა ჰქვია?..

– ვინა, ქა, მაკა? – შეიცხადა ელიკომ.

– ჰო, მაკა მაგასა და ჯანდაბა…

ელგუჯაანთ ბიჭის ნაცოლარი მაკა ლილიკოზე სამი-ოთხი წლით უფროსი იყო. გათხოვება აზრადაც არ ჰქონდა _ სამედიცინოზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მაგრამ შეუჩნდა ელგუჯაანთ ბიჭი, მოსვენება დაუკარგა და, მეთერთმეტე კლასი დაამთავრა თუ არა, ხელი მოჰკიდა და შინ წაიყვანა. ქალიშვილის „მოტაცება“ მაკას მშობლებს მაინცდამაინც არ გაუპროტესტებიათ.

– კარგი ბიჭია, შეძლებული ოჯახი აქვს, თან ჩემს შვილსაც უყვარს, – თავს იმშვიდებდა მაკას დედა, ქალბატონი გულისა… მაკას, მართლაც, უყვარდა ელგუჯაანთ ბიჭი, თვალებში შესციცინებდა და, ქმრის ხათრით, დედამთილ-მამათილსაც თავზე ევლებოდა.

– ჰა, მაკო, ხომ მაჩუქებ პატარა ელგუჯას? – წარამარა ეკითხებოდა მამათილი მაკას და გოგოც, თანხმობს ნიშნად, თავს უქნევდა, მაგრამ არ იქნა და არა, – მაკა არ დაორსულდა.

_ უშვილო ეგ ქალბატონია, თორემ ჩემი შვილის „კაცობაში“ ეჭვის შეტანა როგორ შეიძლებაო?! – ირწმუნებოდა ელგუჯას ცოლი და შვილ-რძალი ექიმბაშიდან ექიმბაშთან, ექიმიდან ექიმთან დაჰყავდა… ამასობაში, ხმა დავარდა, ელგუჯაანთ ბიჭს საყვარელმა ტყუპი გაუჩინაო.

– ჭორია, გაიგე, ჭო-რი! – უმტკიცებდა ქმარი მაკას. გოგოსაც სჯეროდა, მაგრამ ქმარმა ჯერ დაგვიანება დაიწყო, მერე, ორი-სამი დღით სადღაც იკარგებოდა და… მაკა მიხვდა, რომ მისი ადგილი სხვამ დაიკავა… ერთხელაც, მაკას „პრინცი“ შინ ნასვამი მოვიდა, დედ-მამა და ცოლი „დიდ ოთახში“ იხმო და გამაოცხადა:

_ იასთან გადავდივარ საცხოვრებლად!

– ია ვინაა? – ლამის ერთხმად იკითხეს მშობლებმა და მაკამ.

– ვინ უნდა იყოს?.. ვინაა და, – ჩემი შვილების დედა!

მაკა ატირდა…

– მეხი კი დაგაყარე ამ გოგოს გაუბედურებისთვის, _ მიაძახა შვილს და აქვითინებული მაკა გულზე მიიხუტა დედამთილმა.

– არც ამღამ დარჩები? _ მოულოდნელად ჰკითხა მაკამ ქმარს, უფრო სწორად, ყოფილ ქმარს.

– არა…

– ნუ გეშინია, შვილო, შენ მე და ელგუჯა გყავართ, _ დაამშვიდა დედამთილმა რძალი…

სამი წელი ცხოვრობდა მაკა დედამთილ-მამათილთან. სამი წელი ელოდა გაქცეულ ქმარს და, ბოლოს, როგორღაც მიხვდა, რომ თვითონაც უნდა წასულიყო. ბევრი ეხვეწა დედამთილი, ხალხი რას იტყვის, სოფელში თავს ნუ მომჭრიო, მაგრამ მაკამ გადაწყვეტილება აღარ შეცვალა…

– ისე ტიროდა და ისე შემეცოდა, ბოლოს წუთს წამოსვლა კინაღამ გადავიფქრე, – გამოუტყდა მაკა მეგობარს.

– გოგო, შენ ავად ხომ არ ხარ? ან ეს სამი წელი რას იჯექი მაგ ბებრებთან? – გაოცება ვერ დამალა მეგობარმა.

– ანი, ხომ იცი, სოფელს თავისი წესები აქვს…

მოგცლია, რა?! ისე, თუ იცი, ამ სამი წლის განმავლობაში მთელი სოფელი რომ ზურგს უკან დაგცინოდა? დასაცინი კი იყავი, ჩემმა მზემ, – ქმარი გაგექცა და შენ დედამთილ-მამათილს უვლიდი. შვილი რომ გყოლოდა, კიდევ ჰო, მაგრამ…

– დამცინოდა? – მაკამ მეგობარს სიტყვა გააწყვეტინა.

– ჰო…

– აი, ახლა მე ვიცინებ, – ორაზროვნად ჩაილაპარაკა მაკამ…

ელგუჯაანთ ბიჭს ყოფილი ცოლის გათხოვება არ გაჰკვირვებია. სამაგიეროდ, სამძიმარს მაკას ყოფილი დედამთილი იღებდა…

– მაკა მართლა ბოზია? – ჰკითხა ლილიკომ ოთოს.

– კარგი, რა, ლილიკო, შენც რა დედაჩემივით ლაპარაკობ, – გაიცინა ოთომ, – ხომ იცი, სოფელს თავისი კანონები აქვს.

– ჰო, ვიცი და ამიტომ გეკითხები, თან ამ კანონებით, მეც ბოზი ვარ.

– რატომ? – გაოცდა ოთო.

– სიგარეტს ვეწევი… გამხდარი ვარ… ჰო, კიდევ: შვილი რომ მეყოლება, არც მამაშენის სახელს დავარქმევ და არც – დედაშენის. გეწყინება? – გამომცდელად ჰკითხა ლილიკომ ქმარს.

– ჩემი საბრალო ლილიკო, რა დღეში გაქვს ნერვები, – ოთომ ცოლს ხელი გადახვია და შუბლზე აკოცა…

ლილიკოსა და ოთოს სოფელში დიდხანს არ უცხოვრიათ, ქალაქში წავიდნენ… პირველი ბიჭი შეეძინათ, ლუკა დაარქვეს… გოგონა რომ დაიბადა, ელიკო სამი თვის გარდაცვლილი იყო. ოთო ამბობდა, მარიამი დავარქვათო, მაგრამ ლილიკომ არ დაანება, ელა მშვენიერი სახელია, თან დედაშენსაც გაუხარდებოდა…

– ხო-მმმ ვვ-ამმ-ბობდი, ლლ-ილიკო კარრ-გი გგ-ოგოა-მეთქი, – სიხარულს ვერ მალავდა სევერიანი…