თინათინ ჭედია – ქართული ელიტის წლის მწერალი – 12

4642

პროექტი ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

პროექტი ხორციელდება 2013 წლიდან

თინათინ ჭედია – წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) გაზეთ „ივერიის“ სახელობის პროზა პოეზიის პრემია – „ივერიის“ 2018 წლის ლაურეატი ნომინაციაში „ქართული ელიტის წლის მწერალი – 12“

„გაზაფხულის საღამოა მშვიდი.
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“…
ტერენტი გრანელი

იმდენად მშვენიერია გაზაფხული, რომ პოეტს ლამაზი ტყუილი ათქმევინა. როდის ყოფილა ჩიტი საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ ხიდან ხეზე გადაფრენილიყოს?! ის ხომ ვეღარ ხედავს… მაგრამ მე მაინც მინდა ამ ტყუილის დაჯერება, ლამაზად თქვა და იმიტომ. მეც ჩემი ტყუილების თხრობას ვიწყებ, მაგრამ ეს ტყუილებიც რეალობამ შთამაგონა. შთამაგონა ხალხურმა ზღაპრებმა, ბავშვობაში ავადმყოფობის ჟამს რომ მიკითხავდა დედა, ქართულმა და უცხოურმა ზღაპრებმა, კიდევ ჩემმა საყვარელმა კომპოზიტორმა ანტონიო ვივალდიმ, როცა ღონე გამომეცლება ხოლმე მას ვუსმენ,  ენერგია რომ მომემატოს.

იყო დრო, როცა წელიწადის დროებს თვეებითურთ ერთიან კონტექსში მოვიაზრებდი, მაგრამ ერთხელ თავად გაზაფხული დამესიზმრა და მითხრა, – ჩვენ, დროები, ცალკე არსებები ვართ, ჩვენს თვეებს ვმართავთ, მაგრამ იმათაც თავიანთი საქმე კარგად იციანო.

დედა ჩვილობაში ანტონიო ვივალდის „წელიწადის დროებს“ მასმენინებდა, მე ვიღიმოდი და ვიძინებდი. ასე, რომ დიდი ხანია ატკბობს ჩემს სმენას „წელიწადის დროები“ და გულს მითბობს, თითქოს თვეებიც მელაპარაკებიან… გადავწყვიტე,  ემოციები გამეზიარებინა თქვენთვის  და შემექმნა ლიტერატურული სურათი ვივალდის დიდებული მუსიკალური ნაწარმოებისა.

ამ ჩემს ნაცოდვილარს ვუძღვნი ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვებს, მათი ოჯახის წევრებს და ყველას, ვისაც უყვარს სიცოცხლე, სილამაზე. მართალია, ზოგჯერ ვბრაზობ, რომ გავჩნდი ამ ქვეყანაზე, მაგრამ მე მიყვარს სამყარო, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის შექმნა.

მ ა რ ტ ი

ზამთრის წასვლის დრო რომ დგება,  შემოქმედის ბრძანებით გაზაფხულის პირველი თვე ხელოვნურ კომაში იმყოფება.

მას ფერების, სიკეთის, სილამაზის, უბრალოების გადასხმებს უკეთებენ. გააღვიძებენ და უშვებენ ჯიუტ ზამთართან საბრძოლველად. იგი უნდა ებრძოლოს ბუნების სიშიშვლეს, გამოიყვანოს ის საღათას ძილიდან. სასტიკია ეს ბრძოლა, ჯიუტად ცდილობს ზამთარი მეფობას. ზეცაში მარტს ესმის ადამიანების ხმები.

აძაგებენ, ვერ ენდობიან. ქალებზე გაბრაზებული კაცები მარტს ადარებენ ცოლებს, დებს, ქალიშვილებს… მაგალითად, გაიგონა, ერთი ვაჟი როგორ არიგებდა ძმობილს, – თამარი არ გამოგადგება მეუღლედ, მარტივით ცვალებადიაო…

ვიღაც კაცი სამშობიარო სახლის ეზოში იდგა და დარდობდა, ჩემი ბიჭი რატომ გაჩნდა მარტშიო და ასე შემდეგ… არ წყინს, ის კეთილი, მარად ახალგაზრდა ყმაწვილია, მაგრამ არა ქალი, არამედ ძლიერი ვაჟი და ძალიან უყვარს მდედრები. ყველა სიკეთეს მათ უძღვნის. ბრძოლათა შუალედებში, როცა ისვენებს, ფეხმძიმე ქალებს უხილავი ნატიფი ხელებით ეფერება, ზოგჯერ ახალშობილ გოგონებსაც კოცნის და მათ უზადო სილამაზეს ჩუქნის. ზოგი გოგონა მზისა ხდება, ზოგიც მთვარისა…

აპრილის მოსვლამდე მარტი ერთდროულად ებრძვის არა თავად ზამთარს, არამედ მისი ოჯახის წევრებს, დეკემბერს, იანვარს, თებერვალს. დეკემბერი შეუპოვარია, თავს არ ზოგავს, ძალიან უყვარს დედა-ზამთარი და მისი ბრძანების შესრულებას ლამობს.

იანვარი მხიარული და კეთილია, ომი, ბრძოლები, შერკინება არ უყვარს და ტყუილუბრალოდ ბზრიალებს მარტის გარშემო, თითქოს ომობანას თამაშობსო.

თებერვალიც იბრძვის, არ მოსწონს ის დღეები რომ აკლდება, რაც სხვა თვეებს გააჩნიათ.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამივეს ერევა მარტი და ისინიც ზამთართან გარბიან.

ბოლოს თავად გაზაფხული მოდის და ზამთრის პირისპირ დგება. ქალები არიან, თვალებით ესაუბრებიან ერთურთს. გასავათებული მარტი კი, როგორც თავდახრილი, ვალმოხდილი მეომარი რაინდი დგას ორ ულამაზეს არსებას შორის.

ზამთარი ნებდება დამარცხებას და გაზაფხულს უთმობს ასპარეზს.

ეძახის მარტი აპრილს. მოატრიალებს თავის ლამაზ თავს დედამიწისკენ, შაქარს მოაფრქვევს, თვალს ჩაგვიპაჭუნებს და მიფრინავს, რომ დაისვენოს.

გახსოვდეთ, მას ულამაზესი ჭაბუკის სახე აქვს, ძლიერია და კეთილი, თანაც არაფერი არ სწყინს…

ა პ რ ი ლ ი

ვუძღვნი მარინა იმნაძე-დობრინსკის!

მოფრინავს აპრილი და დასცქერის დედამიწას, რომელიც დაულაგებელ სახლს ჰგავს. ის, ერთი შეხედვით, უნაზესი ქალია, მაგრამ დიდებული დიასახლისი. მიყრილ-მოყრილი ფერების დალაგება, მიწიდან ულამაზესი მცენარეების ამოყვანა, დანგრეულის აღდგენა-დასუფთავება ევალება. ეს დაუწესა შემოქმედმა. ჰო, აპრილი კიდევ პარფიუმერთა ცხვირებს მფარველობს. მსოფლიოს პარფიუმერიისა და ზოგადად სუნამოების შემქმნელთა მუზა აქტიურდება. სურნელოვანი დუშგელების, შამპუნების, საპნების, ტუალეტის წყლების, სუნამოების შექმნაც ხელოვნებაა.

ჩიტები რომ ჟღურტულებენ, ჭიკჭიკებენ, მგალობლები რომ მღერიან, ეს ხომ იგივე აპრილია.ყოველივე ცოცხალთა გულებში თბილ გრძნობებს აღძრავს. საშინლად ბოროტი ხალხიც კი კეთილი ხდება, დროებით, მაგრამ მაინც, თორემ ბოროტად და ბოღმად დაბადებულთა ბუნებას სამუდამოდ როგორ შეცვლის… ვერა და ვერა!

ცნობისმოყვარე დიასახლისია აპრილი, ყველგან და ყველაფერში სურს ჩახედვა, ლამაზი ცხვირის ჩაყოფა, ასეთია და რა ქნას!

უყვარს მარტი, რომელსაც სინამდვილეში არ იცნობს, უყვარს იმიტომ, რომ თავის დამსაქმებლად მიაჩნია. რა კარგია, ამდენი ხნის დასვენების შემდეგ ენერგიას დახარჯავს, სასიამოვნოდ დაიღლება, აფრინდება ზევით, მაღლა, წამოწვება თავის თეთრ, ქათქათა ტახტზე და ჩაეძინება. ყურები ძილშიც დაცქვეტილი აქვს, რომ გაიგონოს მარტის ძახილი, საყვარელი ხმა, ვაჟკაცური, ბუბუნა ხმა. ის ეძახის, – მოდი, ჩემდაუნებურად ავურ-დავურიე, გოგო, მოდი, ლამაზო და მშვენიეროო!

რა ტკბილია მარტი, ფიქრობს აპრილი, რა საყვარლად ამბობს სიტყვას მშვენიერო-ს! მიყვარს, ვგიჟდები მის ხმაზე, ნეტა როგორია?!

ასე, თითქმის პლატონურად, უყვარს აპრილს რაინდი-მარტი.

ეხუჭება თვალები და როცა გაიღვიძებს ჩვენი გოგონა, იმაზე მეტად ძლიერი და მშვენიერია, ვიდრე წინა წელს იყო!

მ ა ი ს ი

უცნაური ვინმეა ეს მაისი. ჯერ კიდევ მზის შუქის ნაკლებობას განიცდიან იმ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები, სადაც წელიწადის ოთხივე დროს ეგებებიან

ხალხი ზამთრის მიერ დატოვებული სევდის განდევნაში ხარჯავს ენერგიას. გადაღლილია ადამიანთა ორგანოები, განსაკუთრებით ღვიძლი, კუჭ-ნაწლავი, ისინი დიდი ხნის მანძილზე ამუშავებდნენ ტკბილეულს, ხორცეულს, ცხიმებს.

მაისს ევალება ადამიანები აიძულოს მიირთვან უმი და მსუბუქი საკვები. ექიმივითაა მაისი. ჩაფიქრებული და ფრთხილი, არამდგრადი ხასიათიც აქვს. ალერსიანი, მზრუნველი მამაკაცია. ახარებს კენკროვნებს, ახალი ხილი შემოდის. ადამიანები ნეტარებით მიირთმევენ ტყემალს, ალუჩას, ბალსა და ალუბალს…

ახალი ბოსტნეული, ბაღჩეულობა… ახალ კარტოფილს რა სჯობს!

განცხრომისა და სიყვარულის თვეა, მაგრამ საქართველოში ამ თვეში ერიდებიან ქორწინებას, ეს ტრადიციაა, რომელიც საკუთარ თავს დაუკანონეს, საშიშარი კი არაფერია.

ოოო, ლამაზი სახე აქვს მაისს, მაგრამ ორგვარი პროფილით, ანუ, ვისაც კი დაუნახავს პროფილში, ჰგონიათ, რომ ორნაირი სახე აქვს. მარჯვენა პროფილი ემიჯნება მარცხენას, ასეა.

სიქორფეს ეტრფის ეს ლამაზი მაისი, – „არაფერი ძველი, ყველაფერი ახალი! – ესაა მისი დევიზი, სლოგანი.

თავად ექიმი ექიმთა ქმედებებს დაჰყურებს, ქირურგებს ეხმარება, რომ ყველას და ყველაფერს ხარისხიანად შეაშველონ ხელი.

ვარდის სურნელს ატრიალებს ჰაერში. ამიტომაც უწოდეს ქართველებმა ვარდობისთვე.

ზ ა ფ ხ უ ლ ი

არიან ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ სიცხე, მაგრამ ზოგადად ზაფხული ყველას ახარებს.

ზაფხულს შვილებივით უყვარს თავისი თვეები, სულაც არ ფიქრობს, რომ მათი მმართველი და უფროსია, მუდმივად  ენატრება აგვისტო, ვინაიდან ის ყოველთვის ადამიანებთანაა, შედარებით ქვემოთ, დედამიწაზე.

ი ვ ნ ი ს ი

ივნისი – მარადიული ბავშვი. გაიზარდა, მაგრამ ცუღლუტია. ნებიერაა, მოფერება უყვარს. არავის ეუბნება, მოდით და თავზე ხელი გადამისვითო. ის თავად მიდის ყველასთან და თავად ეფერება ხან მარტს, რომელსაც საწოლში ჩაუხტება ხოლმე, კოცნით რომ ვერ აღვიძებს, უღიტინებს და ცხვირზე ცხვირს უხახუნებს, მერე მაგრად ეხუტება და მარტსაც უხარია. მერე იანვარს ესტუმრება, ხან ვის მიადგება და ხან ვის, მოსწონს სტუმრის ამპლუაში ყოფნა. იესოსთანაც მიდის. გარშემო შემოურბენს და ეუბნება – ხელში ამიყვანე! ისიც ხათრს არ გაუტეხავს და მკერდში იკრავს ამ მოსიყვარულე დიდ ბავშვს. მომთხოვნია ივნისი. სულ მაჩუქე – მაჩუქეს გაიძახის. მარტს სიგიჟე მოსტაცა, სექტემბერს – წვიმები, აგვისტოს – მზის მცხუნვარება. აი, თოვლი ვერ დაითრია, იმიტომ, რომ ზამთარმა არ დაუთმო  და იმის მერე მუდმივად ჭუჭყუნებს, მის პრეტენზიებს არა აქვს დასასრული, სულ რაღაცას აპროტესტებს, ითხოვს. კეთილია და თამაში უყვარს. თამაშობისას სათამაშოები ეცოტავება. სათამაშოებია წვიმა, ელვა, მეხი, ზღვის ღელვა, მზეს ღრუბლებს რომ ააფარებს ესეც მოსწონს, თოვლი უნდა, თოვლი, რომლებიც მაღალ მთებზე ისევ დევს და დნება სამწუხაროდ.

იესო ხშირად ეუბნება – ისე ვერ იქნება ყველაფერი, შენ რომ გინდა, პატარავ!

– რატომ, რატო?!

– იმიტომ.

– მაინც, მაინც!.. ვერ ისვენებს ივნისი და პასუხი ყოველთვის ერთია.

– წესრიგი დაირღვევა.

– ოოო! – საყვარლად იჭყანება. მერე უნდა, რომ იტიროს, იჭუჭყუნოს, ფეხები აბაკუნოს. ბავშვური ამბოხების მოწყობის სურვილი იპყრობს, მაგრამ იესოს კოცნა ამშვიდებს და მორჩილს ხდის.

ი ვ ლ ი ს ი

ივლისი ივნისის ტყუპის ცალია, ოღონდ ივნისი ბიჭია, ივლისი – გოგო.

სულ ჩხუბობენ, მერე ისევ რიგდებიან, მერე ისევ ჩხუბობენ, რაღაცას ვერ იყოფენ, თუ კონტროლი დაკარგეს და ზღვარს გადავიდნენ, მტრისას, მაშინ დედამიწა  მოყვება ხოლმე მათ მიერ წამოწყებული ომების ნანგრევებში.

არა, კი არ ინგრევა ჩვენი პლანეტა, უბრალოდ მათი კინკლაობის შედეგები ადამიანებს აწუხებთ. ხან გადაუღებლად წვიმს ხოლმე, ხანაც გვალვებია, ხან ზღვები და ოკეანეები ღელავენ, ცუნამები და ქარბორბალები წარმოიქმნება, რაც ხშირად მსხვერპლს იწვევს.

ასე ჩხუბობენ და რიგდებიან, დამსჯელი და დამტუქსავი კი არავინაა. ივნისმა და ივლისმა იციან, რომ წელიწადის დროებს და მათ თვეებს მხოლოდ მამა ჰყავთ, დედა კი – არა. არადა, ამ ორს საშინლად სტანჯავთ უდედობა, განსაკუთრებით ივლისს, ის ღვთისმშობელს ეტმასნება ხოლმე და ბედნიერია, როცა ძმის ოინების შესახებ უყვება და მარიამი ღიმილით უსმენს. თუ გულში ჩაიკრავს და თავზე ხელს გადაუსვამს, მასზე ბედნიერი ხომ არავინაა, მაშინ სჯერა, რომ დედა ჰყავს, მხოლოდ მისი და საკუთარი.

ოღონდაც დედა ჰყოლოდა, თუნდაც მიეტოვებინა, თუნდაც გადაეგდო, უარეყო, მაინც იპოვიდა და თავს ისე მაგრად შეაყვარებდა, დედა აღარასდროს განშორდებოდა.

ივლისმა იცის დედის ფასი, მაგრამ ის არც ადამიანია, არც რაიმე ძუძუმწოვარი, დედა რომ ჰყავდეს. მხოლოდ მამა ჰყავს, ეგაა და ეგ.

ეგონა, რომ ივნისის გარდა კიდევ ჰყავდა ნახევრად ადამიანი და ნახევრად ღმერთი ძმა იესოს სახით, მაგრამ სწავლის დრო რომ დაუდგა, მასწავლებელმა აუხსნა, თუ ვინაა სინამდვილეში იესო. ეხლა კია უფლისა და ადამიანის შვილი, მაგრამ ადრე, როცა უფალი სამყაროს ქმნიდა, იესო ღმერთის სიტყვა ანუ ლოგოსი ყოფილა, ესე იგი იესო და მამა ღმერთი ერთნი იყვნენ, განუყრელნი.

მერე, როცა ადამიანები ცოდვამ და ბოროტებამ დაიპყრო, ღმერთმა თავისი თავის რაღაც ნაწილი ადამიანებისთვის მიწაზე ჩამოიტანა და მარიამის საშუალებით მოუვლინა ძე ღვთისა და ძე კაცისა, ანუ ღმერთმა თავისი თავი მიწაზე განაკაცა და ივლისი სულ ფიქრობს, თუ ვინაა იესო, იგივე ღმერთი? თუ ცალკე ღმერთი და კაცი…

– ვერა ხარ რაა, ვერა ხარ რაა! – ეჩხუბება ძამიკო, მას ნიჭი აქვს, ფიქრების მოსმენა იცის, – დაეტიე რა შენს ადგილას, დაეტიეეე, შენი საქმე არაა შე ჩლუნგო შენა!

გაბრაზებული ივლისი გამოუდგება ძმას, რომ ერთი კაი მუშტი თავზე დაჰკრას, მაგრამ ივნისი მუხლმაგარია, მაიმუნობს და იჭყანება, როგორც ყოველთვის…

ოოო, ბედნიერია ივლისი, ერთადერთია თვეებს შორის, რომელსაც ძმა ჰყავს, მაიმუნი, ცუდი და შინამტანჯველი, მაგრამ მაინც უზომოდ საყვარელი და იმედი, დამცველი, მაინც ყველაზე დიდი გულშემატკივარი.

ივლისმა არ იცის, რა მასალისგან შექმნა ისინი უფალმა, მაგრამ ის კი იცის, რომ ყველა თვე სხვადასხვა მასალითა და რეცეპტითაა შექმნილი, ტყუპი და-ძმა კი ერთი მასალისგან, ოღონდ ღმერთს ივლისის შექმნისას რაღაც კიდევ დაუმატებია მასალისთვის, რომ ივლისიც ბიჭი არ გამოსულიყო.

გითხრათ ერთი საიდუმლო? ვორჭოფობ და ვყოყმანობ… გეტყვით!!!

იცით, წელიწადის რომელ დროსაა საუკეთესო ამინდები? როცა დედაღვთისა, იგივე მარიამი, მიწაზე ჩამოდის და ადამიანებს ეხმარება, ის აქ მარტო არ მოდის, მას თან ახლავს ან ივნისი ან ივლისი. ერთად სჩადიან კეთილ საქმეებს და ადამიანებს ახარებენ. სიდუხჭირიდან, ავადმყოფობიდან და ათასგვარი უბედურებიდან გამოჰყავთ.

მარიამი აქ ხორცშესხმულია, მაგრამ არავინ იცის, იესოს დედა რომაა.

მოილევს საქმეებს, ჩასჭიდებს თანამგზავრს ხელს და იმ დროს, როცა ყველას სძინავს ერთი საუდუმლო ადგილიდან კვლავ ზეცას უბრუნდება და ეს საიდუმლო ადგილი დედამიწაზე, საიდანაც ჩამოდის და საიდანაც ზეცად მიემგზავრება, საქართველოშია.

ა გ ვ ი ს ტ ო

აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა, ის მოწყვეტილია თავის ოჯახს, ვინაიდან დედამიწაზე მუშაობს და მუდამ ჩვენთანაა, ადამიანებთან, იმის გამო, რომ დედამიწაზე არის ქვეყნები, სადაც სულ მუდამ ზაფხულია.

ორი სახლი აქვს აგვისტოს, ერთი ინდოეთში, მეორე ტაილანდში და როცა დედა მარიამი დედამიწაზე ჩამოდის, აგვისტო დედამიწურ ისტორიებს უყვება, იმგვარ ამბებს, რომელიც არაა კარგი, მაგრამ რომელთა გამოსწორება შეიძლება.

აგვისტო ადამიანი რომ ყოფილიყო, ადამიანთა შორის საუკეთესო, დაუღალავი მუშაკი იქნებოდა, საუკეთესო მეგობარი კაცთა შორის. უბადლო შვილი, მამა, მზრუნველი მეუღლე, თავდადებული და უღალატო მეგობარი, ფუსფუსა ტიპი. ის საუკენეების განმავლობაში ზრდიდა და სრულყოფდა საკუთარ თავს. აგვისტო პოეტია, ნამდვილი შემოქმედია…

დიდი ხნის წინ, რენესანსის ხანაში, ჩრდილოეთ იტალიის ერთერთ ქალაქში პატარა გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც თავისი მამიკო ძალიან უყვარდა, ჰოდა, ამ პატარა გოგოს აკვირდებოდა, თან დასდევდა ლანდად და ჩრდილად  ყველგან და ყოველთვის.

აგვისტომ იმიტომ ამოიჩემა ის პატარა, რომ ბავშვს ერთი უცნაურობა სჭირდა, შუაღამით ეღვიძებოდა შეშინებულს და ისტერიულად ტიროდა, მშობლებს ვერ სცნობდა, იკლაკნებოდა, სიზმრიდან ვერ გამოდიოდა და სანამ ერთს კარგად არ გაულაწუნებდნენ სახეში, მანამდე ვერ იაზრებდა, რა ხდებოდა მის თავს.

ისე ძალიან ეცოდებოდა გოგონა აგვისტოს, რომ გადაწყვიტა მის სიზმარში შესულიყო. მან იცოდა, რომ სულ ერთი და იგივე ესიზმრებოდა და წინასწარ არ იცოდა, რას იზამდა, მაგრამ პაწია ანა-მარიას დაცვის სურვილი სტანჯავდა.

დიდი ხნის მცდელობის შედეგად, აგვისტომ მოახერხა ანა-მარიას ქვეცნობიერში შეძრომა და დამალვა.

გოგონა თავის ხის გისოსებიან საწოლში იწვა, მშვიდად ეძინა, საიდანღაც გამოჩნდნენ  მახინჯი პატარა კაცუნები, დაახტნენ ბავშვს და დაიწყეს მის სხეულზე სირბილი, ბავშვს სინამდვილეში ისევ ეძინა, მაგრამ სიზმარში გაეღვიძა, ეს ვირთხისთავიანები ეჭყანებოდნენ, საზარლად ზმუოდნენ, ნემსებს  არჭობდნენ, გატანჯული ბავშვი ატირდა, ისინი ხარხარებდნენ, ცოტახანში შედარებით მოზრდილი და კიდევ უფრო მახინჯი გომბეშოს სხეულიანი ჯუჯები გამოჩნდნენ და ხის ჯოხების რტყმევა დაუწყეს საწოლის გისოსებს, ალყა შემოარტყეს გოგონას და ემუქრებოდნენ,- ჩვენ მამას მოგიკლავთო!

ისეთი საზიზღრები და რეალურები იყვნენ, ერთი წამით აგვისტოსაც კი შეეშინდა მათი, მაგრამ ეს კოშმარი თავად დაიჭირა, მოახერხა და სიზმარი დაიჭირა.

გოგონამ მშვიდად გააგრძელა ძილი და დილით რომ გაიღვიძა,  სიზმარი აღარც კი ახსოვდა.

ამ შემთხვევის შემდეგ იქცა აგვისტო ბოროტი სიზმრების დამჭერად.

მოწყენილი იყო, თავისნაირებთან რომ არ ჰქონდა დედამიწაზე ურთიერთობა. ამიტომ დროდადრო ამოიჩემებდა ვინმეს და დასდევდა  ლანდად და ჩრდილად, რომ დახმარებოდა ცუდი სიზმრების განდევნაში, რომ გაქცეოდა ადამიანი დეპრესიას, კაეშანს, ზღვარგადასულ ეჭვიანობას, სიბრაზეს… მაგრამ დედამიწაზე ერთი  იყო აგვისტოს მსგავსი მოდგმისა – ზამთარი.

დიდხანს ვერ ბედავდა აგვისტო ზამთართან მიახლოებას. ერიდებოდა, თავად ზამთრის არ ეშინოდა, მაგრამ მისი არასტუმართმოყვარეობა აფრთხობდა.

დიდი ხნის განმავლობაში ზამთარი სრულიად მარტო იყო, არც ოჯახის წევრები ჰყავდა, ამიტომ ხასიათი მკაცრი და გოროზი ჰქონდა. აგვისტოს კი რბილი ხასიათი აქვს. არ მოსწონდა ზამთარი, მასთან მეგობრობა არც კი უფიქრია, მაგრამ სასწაული მოხდა და დაუმეგობრდა. უკვირდა აგვისტოს, რატომ იყო ზამთარი ასეთი გაბოროტებული, ცივი და უკარება. ვერ ხვდებოდა და სურდა თავად ზამთრისგან გაეგო ეს. იფიქრა, იფიქრა და ზამთრის გაცნობა გადაწყვიტა. მის სახლთან მივიდა და ჰოი საოცრებავ, რა დაინახა! ლუცი, ლუციფერი, რომელსაც ხელში თეთრი ძაღლის ლეკვი ეკავა. უცერემონიოდ, კარზე დაუკაკუნებლად შევარდა ზამთრის საცხოვრისში, რომელიც ზამთარს უფალმა აუგო.

დიახ, ზამთარი დროს მარტოობაში ატარებდა, დაბოღმილი და გაბოროტებული. ეს ის დრო იყო, როცა დედამიწაზე მხოლოდ სამი დრო მეფობდა გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა. წელიწადში სამჯერ დედამიწა მოსავალს იძლეოდა. სულ სითბო იყო. ღმერთი ზამთარს მალავდა და არც ზამთარმა  იცოდა, რისთვის შეიქმნა და თუ შეიქმნა, რატომ იყო ასე უმოქმედოდ. საუკუნიდან საუკუნემდე ბრაზი ემატებოდა. მას დაავიწყდა, რა არის სიყვარული, მეგობრობა, სიტყვებიც რომ არ დავიწყებოდა საკუთარ თავს ხმამაღლა ელაპარაკებოდა ჩვენი ბრაზიანი გოგო. ჯადოსნურ სარკეში აკვირდებოდა ადამიანთა ცხოვრებას, მათ განვითარებას, მაგრამ ესეც აღარ აინტერესებდა, როგორ იქმნებოდა სიმდიდრე, დოვლათი, როგორ მდიდრდებოდნენ, ბელადდებოდნენ, ქმნიდნენ სამეფოებს, იგონებდნენ ცრუ რელიგიებს. იმდენი ომები და უბედურებები დაინახა, შესჯავრდა ადამიანები. ვერ გაეგო თუ რატომ შექმნა ისინი ღმერთმა.

ბრაზობდა გაზაფულზე, ზაფხულზე და შემოდგომაზეც, ვინაიდან ისინი ბედნიერები იყვნენ, ეს კი უაზროდ, უმოქმედოდ სიცარიელეში კი არადა, არაფერში ცხოვრობდა. ამიტომაც ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, არსებობა არ უნდოდა,  არ სურდა ასე ცხოვრება, ათი საუკუნე ჩუმად ტიროდა, ღმერთი ხედავდა მის ცრემლებს, მაგრამ  ყურადღებას არ აქცევდა.

ლუციფერი, დაცემული ანგელოზი, სწორედ ის ანგელოზი, დემონი, რომელმაც პირველი ადამიანები – ადამი და ევა ცოდვაში შეიყვანა, უკვდავება დააკარგვინა და ღმერთს სამოთხის ბაღიდან გამოაძევებინა, აი, სწორედ ის ეშმაკიც აკვირდებოდა ზამთარს, მასთან დაახლოება უნდოდა, ვინაიდან გათვალა, თუ როგორ გამოიყენებდა ზამთარს ადამიანთა წინააღმდეგ.

ბევრი საუკუნის განმავლობაში ზამთარს მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა-ლუციფერი, რომელიც სინამდვილეში არც მეგობარი იყო და არც მტერი ზამთრისა.

მოკლედ, სატანამ ძაღლის ლეკვი აჩუქა ზამთარს და მისი გული მოიგო. ძაღლი მოსიყვარულე და საოცრად კეთილი იყო. ცხოველის ალერსი და ერთგულება გულს უთბობდა ზამთარს. ერთად თამაშობდნენ, ერთად ეძინათ და უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ.

გაიზარდა ძაღლი, მხოლოდ 14 წელი იცოცხლა, ბოლო თვეებში დაბრმავდა და ბოლოს და ბოლოს ხელებში ჩააკვდა ზამთარს, ღიად დარჩა ძაღლს თვალები, ლამაზი ცისფერი და წყლიანი თვალები. გადაირია ზამთარი, ის წყევლიდა სიკვდილს და მკერდში იკრავდა გულკეთილ ოთხფეხა ბეწვიან არსებას, მეგობარს, თავადაც მოუნდა სიკვდილი, მაგრამ არ შეეძლო, ის ხომ უკვდავი იყო, მუდმივი ტყვე, ციხეში მჯდომი, საიდანაც ვერ გამოდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც ურდულით ჩაკეტილი კარები იყო, არც მცველები და საერთოდ არავინ. რაღაც მანქანებით მხოლოდ ლუცი სტუმრობდა ხოლმე.

დარჩა ასე ძაღლის გაქვავებულ უსულო სხეულთან. გონს რომ მოეგო მეგობრის სულის ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა, არ ჰქონდა ძაღლს უკვდავი სული და სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც გამქრალიყო. იმედი ჰქონდა, ლუცი მოვა და გამიცოცხლებს ჩემს ფაფუკასო.ყინულის ლამაზი ფორმის დასასვენებელი შექმნა და იქ დაასვენა ძაღლი. თვალები არ დაუხუჭა, ვინაიდან ის თვალები უყვარდა, ცისფერი, მაგიური, სიმშვიდითა და სინაზით სავსე, სველი და ცრემლჩამდგარი.

ერთ დღესაც მოვიდა ლუცი, მაგრამ მას არ შეეძლო ძაღლის გაცოცხლება, მაშინ ახალი რამ შესთავაზა ზამთარს, ეს იყო საიდუმლო ლაბორატორიის შექმნის იდეა, რომლის საშუალებითაც გაანადგურებდნენ და თუ ამას ვერ მოახერხებდნენ,  გამწარებით მაინც გაამწარებდნენ ღმერთს.

ლუცის ეზიზღებოდა ღმერთი, არც ზამთარს ეხატებოდა გულზე და დასთანხმდა, შეექმნათ საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ ათასგვარ ავადმყოფობებს, ვირუსებს, ინფექციებს, უხილავ პარაზიტებს, ანუ რას, – სიკვდილის ლაბორატორიას დააარსებდნენ!

იხარა სატანამ, დაუმთავრდა ქვების შეგროვების პერიოდი, ეგონა, ახლა კი გულს ვიჯერებ ქვების სროლითო, ახლა კი გავამწარებ უფალსო. ახლა ზამთრის დახმარებით დაამტკიცებდა, თუ რა ძლიერია, თუ უფალი ქმნის, ის მოსპობს და პირველ რიგში ადამიანებს მოსპობს, რომლებითაც ასე ამაყობს ღმერთი.

ბრიყვი ზამთარი კი შემოქმედებითად შეუდგა ადამიანთა მოდგმის უხილავი მტრების შექმნას. ის მარტო იყო საქმეშიც, მაგრამ შრომობდა და ეს პროცესი მოსწონდა, ასრულებდა ლუცის მითითებებსა და ბრძანებებს და ვერ გრძნობდა თავადაც სატანის მსახურად და მონად რომ ქცეულიყო.

პირველ საუკუნეებში პანტაპუნტით იღუპებოდნენ ადამიანები და ეს მოსწონდა ზამთარს, ადამიანებთან მცხოვრებ ცხოველებსაც ის დაავადებები ემართებოდათ, რაც ადამიანებს და ისინიც რომ იღუპებოდნენ, სიხარულით კისკისებდა ზამთარი.

მეთვრამეტე საუკუნეში შავი ჭირი მოუვლინა კაცობრიობას და ეს იყო შედევრი ზამთრისა.

ტიფი, ჭლექი, სიმსივნეები… ბოლოს ადამიანთა გენეტიკური დაავადებების შექმნაზე დაიწყო მუშაობა და ისე ახლართ-ჩახლართა საქმეები, რომ დიდხანს მედიცინა უძლური აღმოჩნდა ამ დაავადებების წინაშე.

არადა, დადგა დრო, როცა ზამთარი ღმერთმა სახლიდან გამოუშვა, უხსოვარ დროს, როცა მან საჭიროდ ჩათვალა დედამიწაზე ზამთარსაც უნდა ჰქონოდა თავისი დრო, მაგრამ ის განაგრძობდა თავის საქმიანობას მიწისქვეშეთში, გზავნიდა და გზავნიდა ავადმყოფობებს. დარჩა ბოლომდე მიწაზე, ვინაიდან ღმერთმა დააწინაურა და დააუთმო ადგილები დედამიწაზე, სადაც მუდამ ზამთარი იდგა.

დიდხანს უთვალთვალებდა აგვისტო ზამთარს. არ მოსწონდა სატანისა და ამ თეთრი მზეთუნახავის მეგობრობა, ხვდებოდა, რა საშინელებებს სჩადიოდნენ ერთად, იმასაც მიხვდა ზამთარი რომ ვერ ინელებდა თეთრი ძაღლის სიკვდილს.

ადამისა და ევასი არ იყოს, აკრძალული ხილის გასინჯვის შემდეგ სირცხვილით ღმერთს რომ ემალებოდნენ და ეგონათ, რომ მართლა უხილავები იყვნენ.

უფალს ვერავინ ვერსად დაემალება. სატანისა და ზამთრის ოინებიც იცოდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა, აინტერესებდა ზამთარი როგორ მოიქცეოდა, მაგრამ ის უკვე სატანის გავლენის ქვეშ იყო, გონებადაბნელებული, უმადურობით შეპყრობილი, ცივი და დაუნდობელი.

ყველა წელიწადის დროს შეუქმნა ზამთარმა პრობლემები ადამიანთა საზიანოდ, მერე მისი დრო რომ დგებოდა, დაბუდებულ სიბინძურეს თავადვე სპობდა, თუმცა თავისასაც ტოვებდა ლუცის ბრძანებით, რომ ღმერთს ეჭვი არ შეპარვოდა და არ მიმხვდარიყო რამეს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, უფალმა ყველაფერი იცოდა.

აგვისტომ გადაწყვიტა ზამთართან დაახლოება, ჰოდა მისთვის საჩუქარი შექმნა და ისე მივიდა.

კარზე დააკაკუნა როგორც მგზავრმა, მაშინ ზამთრის დრო იყო და მარტო არ ცხოვრობდა. კარი თებერვალმა გაუღო და სასახლეში შეიპატიჟა სტუმარი.

ოჯახის უფროსი გამოვიდა და პირქუშად შეხვდა აგვისტოს, სხვებიც გამოლაგდნენ, მხოლოდ იანვარი იღიმებოდა.

– მგზავრი ვარ მე, სადაც მივდიოდი იქ ვერ მოვხვდი, შიშმა შემიპყრო და თქვენი სასახლე დავინახე. არ მეგონა აქ თუ ცხოვრობდა ზამთარი. დიდი პატივია ჩემთვის თქვენი გაცნობა. მსმენია თქვენს სილამაზეზე და რა საკვირველია, რომ მეღირსა თქვენი ხილვა. მოლოდინს გადააჭარბეთ, უსაზღვროდ მშვენიერი ხართ ქალბატონო!

ეჭვიანად შეხედა ზამთარმა. აგვისტოს სიტყვები გულმა აისხლიტა. აგვისტომ გააგრძელა, – მე მინდა რაღაც გაჩუქოთ, არ ვიცი, მოგეწონებათ თუ არა, მაგრამ როცა ამას ვქმნიდი, თქვენზე ვფიქრობდი, მე უფრო ნაზ ქალად მყავდით წარმოდგენილი, არც ასეთი თეთრი მეგონეთ, ქალბატონო!

– რა არის, მაჩვენე! – მედიდურად წარმოთქვა ზამთარმა.

აგვისტომ უბის მარჯვენა მხრიდან იების უზარმაზარი კონა ამოაძვრინა. იის სურნელმა გააბრუა იქ მყოფნი, სუნს რომ შეეჩვივნენ, ნეტარებისგან მილულული თვალები გაახილეს და შეხედეს იებს. ვერ დაფარა აღფრთოვანება ზამთარმა.

– აგვისტოვ, რა მცენარეა ეს, რა ჰქვია!

– იებია, დედოფალო.

ზამთარი ხელებით შეეხო იებს: – ეს მართლა შენი შექმნილია?!

– დიახ, თქვენთვის შევქმენი!

– მართლა შენ მოიფიქრე?!

– რა თქმა უნდა, ღმერთს გეფიცებით!

– ოჰ, ოჰ, არ გინდათ დაფიცება, მჯერა!

– შენი სუნია, დედა, ეს! – თქვა იანვარმა.

– კი, ასეა, დიდებულია, – თქვა თებერვალმა.

– მდააა! – ჩაფიქრდა დეკემბერი: – იისფერიც შეგეფერება, შენია, შენი ფერია.

ასე დარჩა იმ ღამეს აგვისტო ზამთრის სასახლეში და პირველი სიკეთე და მშვენიერება, რომელიც ზამთარმა თოვლში გამოაჩინა და ადამიანებსაც უწილადა, სწორედაც რომ იები იყო.

შ ე მ ო დ გ ო მ ა

„შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან,

ერთი შორი ოცნება, მახსოვს ძველ მოტივიდან…“

გალაკტიონი

შემოდგომა ულამაზესი და ორიგინალური წელიწადის დროა, ესაა მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი ოჯახი.

აგვისტოს ცხრამეტ რიცხვში შემოდგომა უკვე დედამიწაზეა და აგვისტოს სახლში ცხოვრობს. სამი თვის მანძილზე ერთმანეთს ვერ სცილდებიან და სულ საუბრობენ.

შემოდგომა ძალიან მდიდარი არსებაა, გულუხვი, ქველმოქმედი, პატიოსანი, რასაც გვაძლევს, სიყვარულით და დაუნანებლად გვაძლევს. არ ჰგავს იმ ადამიანებს, რამეს რომ გჩუქნიან და თან რასაც გაძლევენ ერთი ხელით, მეორეთი ისევ გართმევენ, ან სიკეთეს გიკეთებენ და მერე ცხვირში ძმრად გადენენ, გაშანტაჟებენ, გამადლიან…

ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ მეგობრობა მხოლოდ მაშინ იბადება, როცა საერთო ინტერესები და საერთო საქმე გაქვთ. სცდებიან ასეთები. მეგობრებს ჩვენი გულები ირჩევენ და არა საერთო საქმე და ინტერესები. მეგობრობაში მთავარი პერსონაჟი ნდობაა, შემდგომ სიმპატია და იმედი იმისა, რომ მეგობარი, მართალია, შენს გვერდით ერთ ჭერქვეშ არ ცხოვრობს, მაგრამ მაინც შენთანაა, ახსენდები, ეფიქრები, ესმის შენი, მეგობრები ერთმანეთის ფსიქოთერაპევტები არიან, ერთად ერთობიან, საუბრობენ, ერთმანეთს ასვენებენ, დარდსა და წუხილს იქარვებენ და ერთმანეთს სულს უთბობენ. ასე არიან აგვისტო და შემოდგომა. შემოდგომა ზევით ცხოვრობს ზეცაში, აგვისტო კი მიწაზე და მათი მეგობრობა არ ხუნდება.

შემოდგომაზე ყველაზე ღარიბი ადამიანებიც კი მაძღარნი და ბედნიერები არიან. დიდი ხანია, აგვისტო და შემოდგომა, როცა სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ, აფრიკის კონტინენტზე, ძალიან ფრთხილობენ, ისე, რამე რომ არ გააფუჭონ, პატარა ოაზისებს ქმნიან. დიდების გაკეთებაც შეუძლიათ, მაგრამ იციან, რომ უდაბნოები საჭიროა დედამიწისთვის და ამიტომ ქმნიან პატარა ტერიტორიებს.

ეცოდებათ მუდამ მშიერი, გამხდარი და მუცელგასიებული აფრიკელები, ამიტომაც უდაბნოსა და ქვიშაში ოაზისებს ქმნიან, რათა საბრალო აფრიკელები იქ დასახლდნენ, მოსავალი მოიყვანონ, სუფთა და ანკარა წყლები მოიძიონ, მორწყან და დალიონ.

შემოდგომამ აგვისტოსავით არ იცის ადამიანების ამოჩემება, ის ყველას ეხმარება, არ ვიცი რატომ, შესაძლოა იმიტომ, რომ სახეებს ვერ იმახსოვრებს, მხოლოდ ადამიანთა ფერებს, იცის, რომ დედამიწაზე ცხოვრობენ თეთრკანიანები, შავკანიანები და ფერადკანიანები. ის საყოველთაო მეთოდებით ხელმძღვანელობს, ცდილობს, რომ ადამიანები მეტისმეტმა სიცხემ და  უსაშველო სიცივემ არ შეაწუხოს. მკაცრად აკონტროლებს თავისი ოჯახის წევრებს, _ ფერადოვან სექტემბერს, ტკბილ ოქტომბერს და სევდიან ნოემბერს.

შემოდგომა მას შემდეგ მეგობრობს ბუდასთან, რაც იესო ქრისტემ ქრისტიანობამდე გარდაცვლილთა სულები დაიხსნა უკუნეთისგან და ჯოჯოხეთისგან.

ბუდა მამაზეციერის გვერდით დგას და ბრწყინავს, ის სამოთხის ხშირი სტუმარია და იქაც აოცებს გარდაცვლილთა სულებს თავისი სიბრძნითა და ჰუმანურობით.

ბუდამ, სიცოცხლეში უფლისწულმა, შექმნა დიდებული რელიგია, გამოგონილი ღმერთისა და ღმერთების გარეშე.

მაშინ, როცა მამაზეციერი ადამიანთა მოდგმის ფიზიკურ დახვეწაზე მუშაობდა, სწორედ მაშინ ბუდამ აქ ადამინებს ასწავლა ნებისყოფის გამომუშავება, ნაყროვანების, უსაქმურობის, ბოროტი ფიქრების თავიდან მოშორება და ამქვეყნიური ტანჯვებისგან თავის დაღწევა.

ბუდა აგვისტოს მრჩეველი და მეგობარია, ასევეა მუჰამედიც, ისიც მამაზეციერის გვერდითაა, რჩეული და ღვთის საყვარელი ადამიანია. მან მართალი და კეთილი რელიგია შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ვერ მიიღეს და ვერ გაითავისეს ქრისტიანობა, ჰოდა გამოჩნდა მუჰამედიც. იქადაგა, იცხოვრა, იღვაწა, სამყაროში მისი წყალობით არა მხოლოდ ახალი რელიგია, არამედ განსხვავებულად გამორჩეული და საინტერესო კულტურაც ჩამოყალიბდა.

ახლა მუჰამედიც იტანჯება, ცრემლებად იღვრება, მოსვენება აქვს დაკარგული იმის გამო, მუსლიმთა ერთმა დაჯგუფებამ რელიგია რომ გადააკეთა. ისინი ემტერებიან ქრისტიანებს და ზოგადად არამუსლიმებს.

მუჰამედი დაუღალავად ლოცულობს და უფალს პატიებას სთხოვს უგუნური ვაიმუსლიმების გამო, ალაჰის სახელით ადამიანთა სასაკლაოებს რომ  აწყობენ და არც საკუთარი სიცოცხლე ანაღვლებთ.

სასოწარკვეთა სტანჯავს მუჰამედს, მაგრამ მის გვერდით დგანან იესო, ბუდა, მოსე და ამხნევებენ!

უფალი არას ეუბნება, იმიტომ, რომ ადამიანები თავისუფლები არიან კეთილი და ბოროტი გზების არჩევისას. დამოუკიდებლად უნდა მიხვდნენ, გაიაზრონ, რას აკეთებენ და თავადვე გამოასწორონ შეცდომები.

აი, ასეთი უსაზვროდ კეთილია უფალი, მას ყველა უყვარს, სულერთია ვინ ხარ, მორწმუნე, ურწმუნო, წარმართი, ინდუსი, ბუდისტი…

სადაც გვინდა იქ ვილოცოთ, თუნდაც ნუ ვილოცებთ,  მას მაინც ვუყვარვართ და ყველა, ვინც გვერდით ყავს სიკეთის  მთესველ-მკეთებელია.

ს ე ქ ტ ე მ ბ ე რ ი

სექტემბერი ინარჩუნებს სიმწვანეს და ასევე სხვა ფერებითაც ფერავს ბუნებას, თუმცაღა სიშიშვლისთვისაც ამზადებს მას. ის ადამიანების დახმარებით ბუნებისგან წლის მანძილზე  დაგროვილი ბარაქის დასაბინავებლად ემზადება. ისეთი თავშენახულია სექტემბერი, რომ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.

დამალულ სიმდიდრეებს ინახავს ჩვენთვის, როცა დრო მოვა, ღმერთის ნებით რომ გამოაჩინოს და გაგვაოცოს, იცდის სიურპრიზების მოყვარული სექტემბერი. მას აქვს სხვანაირი წითელი, სხვანაირი ლურჯი და ისეთი ფერებიც, ჯერ სახელებიც რომ არ აქვთ. თავისუფალ დროს ატარებს მოსესთან. იკითხავთ რატომ?

მოსე ის ღვთის რჩეული კაცია, რომელმაც ებრაელ ხალხს საკუთარი რელიგია და ებრაული ბიბლია შეუქმნა. ამ ბიბლიას თორა ქვია. დღესაც იქ, ზეცაში, უკან არაფერზე იხევს და უფლის დავალებებს ზედმიწევნით ხარისხიანად ასრულებს. უყვარს მდიდარი სექტემბერი, იმიტომ, რომ თავადაც მდიდარი სულის პატრონია.

მაღალი მორალი აქვს მოსეს, მან ადამიანებს გააგებინა, თუ ვინაა ღმერთი – ერთი, მარადიული, მორალის საწყისი, რომელსაც არ აქვს დრო, ვინაიდან დროც თავადვე შექმნა სამყაროსთან ერთად, მას არ ჰყოლია არც თანაავტორი და არც დამხმარეები.

ღმერთს არ აქვს წარსული, არც აწმყო, არც მომავალი. ყოვლისმცოდნეა, რომელმაც იცის, თუ რას ვფიქრობთ, მისი შექმნილნი ვართ და არ ეცოდინება?

ებრაელთა რელიგია ანტიკური ხანიდან შემორჩენილი რწმენაა, რომელიც მონოთეიზმით ხასიათდება, ანუ ამცნობს ადამიანებს, რომ ღმერთი ერთია. თორა გვასწავლის, რომ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ კერპების თაყვანისცემა.

თორა გვეუბნება, რომ არ უნდა შექმნან ადამიანებმა ღმერთის ხატები, არც ქანდაკებები, ვინაიდან ის უბრალო მოკვდავთათვის უხილავია, და რაც მთავარია, ებრაელებსაც სწამთ სულის უკვდავებისა და მკვდრეთით აღდგომისაც, თუმცა მოსემდე იყო კიდევ ერთი ღირსეული ებრაელი კაცი იაკობი, რომელსაც ღმერთი ხილულად ეცხადებოდა სიზმრებში.

აბრამი, – მან პირველმა უარყო კერპები. იქადაგა მონოთეიზმი. ამისათვის უფალმა დააჯილდოვა ბევრი შვილით.

პირველი შვილი მისი იყო იშმაილი, მეორე ისააკი, რომელმაც გააგრძელა აბრამის სულიერი შრომა, ხოლო მისი შთამომავლობა გადახვეწა ეგვიპტეში, ღმერთმა წინასწარ იცოდა, რომ იქიდან გამოხსნის შემდგომ ებრაელები ისრაელის მიწას დაისაკუთრებდნენ.

ღმერთმა ისაკის ძე იაკობი და მისი შვილები გვალვით აიძულა ეგვიპტეში გადასულიყვნენ და ამ საქმისთვის აგვისტო გამოიყენა.

სექტემბერი თავდახრილი იდგა და ებრაელთა საცოდაობით გული უკვნესოდა, ნატრობდა, გამოჩენილიყო ვინმე, ვინც მათ ეგვიპტელთა მონობისგან და სიმწრისგან იხსნიდა, ჰოდა, გამოჩნდა მოსე, ის გახდა სექტემბრის საყვარელი ადამიანი, ფილოსოფოსი, უჭკვიანესი და უტკბილესი კაცი.

მრავალი ებრაელი დაიბადა ეგვიპტეში და გაჩნდა თაობები ებრაელი მონებისა. ისინი არ იმსახურებდნენ ამგვარ არაადამიანურ მოპყრობას. მოსემ მოახერხა ეთავა ებრაელთა ეგვიპტიდან გამოყვანა.

სინას მთასთან მოსემ მათ თორა გადასცა და საბოლოოდ აღთქმულ მიწაზე დაასახლა.

ღმერთმა მოსეს ძმის – აარონის შთამომავლობა ქონჰენების, იგივე ქურუმთა კლასად დაამტკიცა, რომლებიც შემდგომ ისრაელის ტაძრებში მსახურობდნენ.

ებრაელებმა იციან, მაგრამ ვინც არ იცით რა არის იუდაიზმი, გეტყვით, როცა მოსემ სინას მთაზე უფლისგან თორა მიიღო: – შედგებოდა ხუთი წიგნისგან: მსაჯულთა, მეფეთა, წინასწარმეტყველთა და ჟამთა აღმწერელთა წიგნებისგან.

თორას განკარგულებათა  დეტალების  ახსნა და ინტერპრეტაციები ღმერთმა მოსეს დააწერინა მთაზე, დააზეპირებინა კიდეც. ამგვარად წარმოიშვა ზეპირი თორა, რომელსაც ებრაელები ზეპირად გადასცემდნენ თაობებს,ოღონდ მხოლოდ სასულიერო პირებს, ქურუმებს, მსაჯულებს, რაბინებს. აი, იმ დროიდან მოყოლებული, სექტემბერი ეთაყვანება სასულიერო პირებს, მან იცის, მათი შრომა რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანთა სულებისთვის.

სექტემბერს ყოველთვის უკვირდა, რატომ ერჩოდნენ სხვა ერები ებრაელებს და რატომ სურდათ მათი ამოწყვეტა. ნუთუ ნიჭიერებისთვის და ნათელი გონების გამო?!

როცა უცხოტომელებმა ებრაელთა დევნა გააძლიერეს, თორას ზეპირი ტრადიციის გაწყვეტის შიშით ებრაელებმა ამ ზეპირი თორას ჩაწერა დაიწყეს. ეს საქმიანობა დაიწყეს ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომელიც გაგრძელდა მეშვიდე საუკუნემდე.

დღეს უკვე ზეპირი თორას რაბინულ ინტერპრეტაციებს თალმუდს უწოდებენ.

ორი ფილოსოფოსი, სექტემბერი და მოსე, სულით მდიდარნი, მუსაიფობენ.

ხშირად შეახსენებს ხოლმე მოსე სექტემბერს, რომ თორა არაა მისი შექმნილი, ის ზეციდანაა მოცემული და მოსემ იცის, ებრაელი ხალხი ღვთის რჩეულია, განსაცდელიც მეტი აქვთ, მათ მიწიერი, ბოროტი ძალები ებრძვიან, მაგრამ ებრაელები არასდროს გადაშენდებიან და არ წაიშლებიან ზოგიერთი  ერივით, ამიტომაცაა მშვიდად, რა თქმა უნდა, სექტემბერიც, მას ხომ მოსემ სიგიჟემდე შეაყვარა თავისი ხალხი…

ო ქ ტ ო მ ბ ე რ ი

ძალიან, უსაშველოდ საყვარელი ვინმეა, ტკბილი, გემრიელი, ბარაქიანი, ნამუსიანი, კაცური, ერთგული და საიმედო. ოქტომბერი, მოლიპულ  გზასავით კაცი არაა,  მასზე დაყრდნობა შესაძლებელია. ერთგულია და მდგრადი. მას შეგიძლია ბრმად ენდო. ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. სახელის გატეხვას თავის გატეხვა და სიკვდილი ურჩევნია.

უკვდავია, მაგრამ ერჩივნა მოკვდავი ყოფილიყო და ადამიანად დაბადებულიყო. არ ეშინია სიკვდილის, მოკვდავიც ასეთი იქნებოდა და იცით, რატომ უნდა ადამიანად ყოფნა? – რომ უყვარდეს ქალი, ვინმე, თავისი შესაფერისი, თავს ევლებოდეს, უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს, შვილები ყავდეს.

აინტერესებს, როგორია დაბადება, ბავშვობა, ყრმობა, სიჭაბუკე, სიჭარმაგე და სიბერე, ძალიან  უნდა, რომ უყვარდეს საყვარელი ქალის ნაოჭები.

ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო, – ეს სიტყვები მოსწონს და არსში გარკვევას ლამობს. ადამიანური ტკივილები სწყურია, სულიერიც, ფიზიკურიც.

ნატვრა აქვს აუხდენელი, ერთი თვე მაინც იყოს კაცი, მისთვის სულერთია, რა ეროვნებისა, რომელი ქვეყნის შვილი იქნება, რა რელიგიის, რომელ ენაზე მოსაუბრე. ნუ იქნება მდიდარი, იყოს ცარიელ-ტარიელი, უსახლკარო, ნუ იქნება განათლებული და აკადემიკოსი.

აინტერესებს, რას და როგორ გააკეთებს პატიოსანი შრომითა და გარჯით, ვის ეყვარება. უნდა სიღარიბე და გვერდით მოსიყვარულე ლამაზი ქალი, უანგაროდ რომ დარჩება მის გვერდით, ვიდრე სიკვდილი არ დააშორებთ. ნეტავ რას იზამს, როგორ შეძლებს იმ ქალის გაბედნიერებას, ან ის როგორ აუბამს მხარს და როგორ ააშენებენ ოჯახს, ძლიერსა და წელმაგარს, დაუნგრეველს, მაგრამ ეს ფუჭი ოცნებაა, არავინ აქცევს ადამიანად არასდროს, არცერთ წამს.

როგორი გიჟი ვარ, ფიქრობს ოქტომბერი, მაგრამ რა ვქნა, როცა ამგვარად ვაფრენო…

ა ხ ლ ა ნ დ ე ლ ი   დ რ ო

2017 წლის ოქტომბერი

ტკივილები, სევდა და სიხარული

ამგვარი რამ არასდროს მომხდარა, სამყაროს შექმნის დღიდან დღემდე. ექსპერიმენტების დრო დადგა.

იესომ გადაწყვიტა წელიწადის რამდენიმე დრო ან მათი ოჯახის წევრები დედამიწაზე გაეგზავნა ადამიანებად. აინტერესებდა, ვინ გამოთქვამდა ადამიანებთან ყოფნის სურვილს, ყველა მოიხმო უკლებლივ, რა თქმა უნდა, ექსპერიმენტატორებმა – ბუდამ, მოსემ და მუჰამედმაც მხარი აუბეს, შემოქმედთან შეთანხმდენენ, რომ ეს საქმე მოეგვარებინათ.

ღმერთსაც აინტერესებდა, მოეწონებოდათ თუ არა მათ ადამიანებად ყოფნა, ოღონდ ისინი ერთი თვით უნდა დარჩენილიყვნენ დედამიწაზე.

იქ დროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანები. იქ დრო დიდად ფასობს, იმიტომ, რომ სიცოცხლე ეცოტავებათ, ახალგაზრდობაა ხანმოკლე, ვინც ამას ხვდება, დროს არ კარგავს და უზრუნველი სიბერისთვის იღწვის, რომ მშვიდად გადაბარგდეს სააქაოდან საიქიოში.

დარბაზში შესვლამდე პირველად იხილეს ერთმანეთი წელიწადის დროებმა და თვეებმა. ერთურთს  არ შეხებიან, არც ხელი ჩამოურთმევიათ, როგორც კოლეგებს, არც უსაუბრიათ. ყველამ იცოდა ვინ ვინ იყო.

დარბაზში შესვლისას მხოლოდ მარტის ზურგს ჩაეხუტა ვიღაც და ეს აპრილი იყო. მარტი მოტრიალდა და მკერდზე მიიკრა პატარა აპრილი.

– მიყვარხარო, – ჩასჩურჩულა აპრილმა მარტს.

– უღრმესი მადლობაო, – უპასუხა მარტმა.

– რისთვის? – იკითხა გაოცებულმა აპრილმა, ისე, რომ თავი არც აუწევია.

– სიყვარულისთვის. მეც მიყვარხარ გოგო, ძალიან!

აპრილის გულში კიდევ ერთი პატარა გული გაჩნდა და აფეთქდა. ეგონა მოკვდებოდა სიხარულით, მაგრამ არ მოკვდა, ცხელი სისხლიც აუჩუხჩუხდა ძარღვებში, ზუსტად ისე, როგორც ეს შეყვარებულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე.

გასაოცარი, წარმოუდგენელი შეთავაზება აღმოჩნდა თითოეულისათვის. დაიბნენ, დადუმდნენ. ცოტახნით სიჩუმემ დაისადგურა.

იესო სათითაოდ აკვირდებოდა ყველას და იღიმოდა: – აბა რას იტყვით, ვის გინდათ… ენის პრობლემა არ გექნებათ, ქვეყანას თავად აირჩევთ, ოღონდ იქ ერთად უნდა იყოთ, მოვიფიქრებთ რამე სცენარს და იმის მიხედვით იმოქმედებთ იქ, ძალა თქვენ არ გაკლიათ, ღვთის წყალობა და ასე შემდეგ.

აგვისტო წამოდგა და თქვა, – მე მინდა ადამიანად გარდაქმნა, ისედაც დედამიწაზე ვარ, რაც თავი მახსოვს, კარგად ვიცნობ მათ.

– აბა, რომელს გაქვთ სურვილი, რომელი გარისკავთ და დადგებით აგვისტოს გვერდით.

იესომ ეს თქვა და აგვისტოს გვერდით დადგა, კეთილად იღიმოდა.

გაზაფხული წამოდგა და მოწიწებით მიმართა იესოს; – ბატონო, იქ ჩვეულებრივი მოკვდავები ვიქნებით თუ განსხვავებულები, მაინც?…

– ჩვეულებრივები, აბა რას ვამბობდი, ერთად უნდა იყოთო!

– ანუუუ…

– დიახ, ანუ… მოკვდავნი, თქვენივე ბუნებიდან გამომდინარე, შესატყვისი ადამიანური თვისებები მოგენიჭებათ. იქ სახელიც გექნებათ, გვარიც, პროფესიაც და ყველა საჭირო საბუთი. აბა რას იტყვით.

– იცით, მე გავრისკავდი, – წაილუღლუღა გაზაფხულმა: – მიყვარს მე დედამიწა.

– რა თქმა უნდა, გიყვარს დედამიწაც და ადამიანებიც, თქვენ ყველანი ხომ მათ ემსახურებით.

– დიახ! – ერთხმად უპასუხეს იესოს.

– შეიძლება მეც ვთქვა ერთი-ორიოდ სიტყვა?

– რა თქმა უნდა, მოსე, შენც და სხვებმაც.

– მოდით, გაზაფხულის ოჯახიდან მარტი გავუშვათ.

მარტი, რომელსაც ზეზეურად ეძინა, უცბად გამოფხიზლდა: – ჰოო?! გაიკვირვა, – და რა უნდა გავაკეთო იქ, ხმალი ვიქნიო?! ნეტავ ვის უნდა წავაცალო თავი, მე რა, ომის ღმერთი მარსი კი არ ვარ! ყველაფერი იყოს ისე, როგორც მაქვს, გთხოვთ!!!

– ცალკე დაგელაპარაკები მარტო – მეომარო! – რბილად მიმართა იესომ მარტს.

ყველას გაეცინა.

წინსწრებით გატყობინებ მკითხველო, იესოსა და მარტის განცალკევებულ საუბარს უკვალოდ არ ჩაუვლია.

ახლა ბუდა წამოდგა: – მოდით, იცით რა ვქნათ? შეარჩიოს აგვისტომ, ის იყოს ლიდერი და მან გადაწყვიტოს ვისთან ეიოლება ყოფნა.

– მშვენიერი აზრია, – დაეთანხმა იესო და აგვისტოს გადახედა, – აბა, ვის დაიყენებდი გვერდით. ხომ ხედავ, ყველას ეშინია, არადა, საშიში არაფერია.

– მე გვერდით დავიყენებდი ზამთარს, თავად გაზაფხულს და ოქტომბერს.

– რატომ ოქტომბერს და სექტემბერს არა? ოქტომბრის დროა და მის მაგივრად ვინ მართავს დედამიწაზე მაგ პერიოდს?! – იკითხა მუჰამედმა.

– ოღონდაც ეგ წაიყვანეთ და მე ჩავენაცვლები! – წარმოსთქვა შემოდგომამ.

ზამთარს, ოქტომბერს და გაზაფხულს ხმა არ ამოუღიათ, ჩუმად იდგნენ თავჩაქინდრულები და სახეზე სიხარული აჯდათ.

– ძალიან კარგი, – ჩაიღიმა იესომ, – აბა, სად გინდათ, რომ იყოთ, დედამიწის რომელ კონტინენტზე და რომელ ქვეყანაში კონკრეტულად, ოთხივემ იაქტიურეთ, ჩვენ მოგისმენთ, განვიხილავთ, გავაუმჯობესებთ თქვენს იდეებს. დაიწყე ლიდერო, აბა, სად წაიყვანდი ამათ.

აგვისტო შეფიქრიანდა, გასუსულები შეჰყურებდნენ, აინტერესებდათ რომელ ქვეყანას აირჩევდა აგვისტო.

– იცით, მე საქართველოში მინდა რომ წავიდეთ, მითუმეტეს ოქტომბრის თვეში.

– რატომ ასე დაბეჯითებით საქართველო?! – იკითხა ბუდამ.

– იმიტომ, რომ საქართველო საოცარი ქვეყანაა, ღვინის სამშობლო. იქ ზღვაცაა და მთაც. მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, თანაც დაპყრობილია რუსეთის მიერ, მაგრამ ამას ვერ იგრძნობთ, ისეთი ლაღები არიან ქართველები. არ მოვიწყენთ და არც მარტოობას ვიგრძნობთ, ვისთანაც გინდა მიდი, იქ  სტუმარი ღვთისაა და ისე მიგიღებს თითოეული ოჯახი, როგორც საკუთარ სისხლსა და ხორცს!

– ეჰ, ახლა რაღაც მონაკვეთებია ოკუპირებული, საბჭოთა კავშირის დროს მთლიანად არ ჰყავდა დაპყრობილი? 90-ინ წლებში ცოტახნით მიჩუმათდნენ, თორემ რუსები საქართველოდან არც არასდროს წასულან! – სინანულით აღნიშნა მოსემ. 

– დრო რომ მოვა, წავლენ! – პასუხი გასცა იესომ.

ერთი ბეწო ქვეყანაა, უცბათ ვნახავთ, ძველებური ტრადიციები აქვთ შენარჩუნებული, მრავალხმიან სიმღერებს მღერიან ყველა კუთხე-კუნჭულში, ეკლესიაშიც საოცრად გალობენ, ბევრი გალობა აქვთ და რაც მთავარია, რთველს ვნახავ და დავლევ ჩვენი იესოს სისხლს ბოლოს და ბოლოს! – სიტყვა დაასრულა აგვისტომ.

– მე საფრანგეთში მინდოდა! – ჩაიბუზღუნა ზამთარმა.

– არა, ჩვენ საქართველო გვჭირდება ყველას, დამიჯერეთ! – სასოწარკვეთილმა გადახედა იქ დამსწრეებს აგვისტომ.

– ჩუმად ვარ, იყოს ნება შენი! – თქვა ზამთარმა.

სხდომა დახურულად გამოცხადდა. წავიდა ოთხეული, რომ ორი კვირით ადრე მომზადებულიყვნენ გასამგზავრებლად. იესო ბუდა, მოსე და მუჰამედი კი განმარტოვდნენ, რომ განეხილათ ამ საოცარი ექსპერიმენტის მომდევნო დეტალები.

მ ა რ ი ა მ ი ს   გ ზ ი თ

თეთრ ღრუბლებზე დადგნენ იესო, ბუდა, მოსე, მუჰამედი! პირისპირ იდგნენ იესოსთან აგვისტო, ბუდასთან – ზამთარი, მოსესთან გაზაფხული, მუჰამედთან – ოქტომბერი.

თავზე მარჯვენა ხელის გულები დაადეს გამცილებლებმა წამსვლელებს. თვალები დახუჭეს და ოთხივემ თავთავიანთი ლოცვა წაიკითხა.

დიდ, უზარმაზარ ეკლიან ბურთებად გადაიქცნენ წამსვლელები, ნაცრისფერ, დამრგვალებულ ზღარბებს დაემსგავსნენ. ბუდას სიცილი აუტყდა და ეს სიცილი ყველას გადაედო.მერე ხელი ჰკრეს ბურთებს და ციდან გადმოყარეს ეგრეთ წოდებული ზღარბები.

მიწისკენ დაეშვნენ, შურდულებივით მოფრინავდნენ და ხედავდნენ სხვადასხვა ფერის ნათებებს, ჯერ ყვითელი იყო, მერე ვარდისფერი, ბოლოს ცისფერი, გზაში გრძნობდნენ, რომ იზრდებოდნენ, ჯერ თითქოს თევზებად გარდაიქმნენ, მერე რაღაც ფრინველებად, მერე თითქოს ცხოველებს დაემსგავსნენ, დამძიმდნენ, საკუთარი ხელები დაინახეს  და გაუკვირდათ, მერე აღარაფერი ახსოვდათ.

თვალები გაახილეს, პირქვე ეყარნენ მიწაზე, უცნაური სურნელი მოუვიდათ, სინამდვილეში ეს იყო ბალახისა და მინდვრის ყვავილების არომატი, შერწყმული ნოყიერი მიწის სუნთან.უკვე ადამიანებად იყვნენ ქცეულნი, წამოდგომა გაუჭირდათ, ერთმანეთს დაეხმარნენ და წამოდგნენ, ცოტახნით ფეხზე დგომა და მოძრაობაც გაუჭირდათ, კუნთები სტკიოდათ, მაგრამ ამანაც გაიარა.

სიხარულით შესცქეროდნენ ერთმანეთს, ლამაზები და ახალგაზრდები იყვნენ, მეტადრე გაზაფხული, ხორცშესხმულ კეთილ ფერიას ჰგავდა. მთვარე დაინახეს უზარმაზარი, ადამიანური თვალებით დაინახეს მწვანე მინდორი და ლამაზი მოლურჯო ფერის მთები, ღრმად ჩაისუნთქეს. მთვარე ჩადიოდა და მთის წვერს ეფარებოდა.

– აი, ესაა საქართველო! – თქვა აგვისტომ.

ჩაშავებულმა ცამ განათება დაიწყო, მზის ამოსვლის მომსწრენიც გახდნენ.

რა მშვენიერი ყოფილა გათენებაო, გაიფიქრეს ერთდროულად. მწვანე ბალახით დაფერილი ლამაზი გორები ჩანდა, მოშორებით უზარმაზარი მთები. საოცრება იყო. მიიხედ-მოიხედეს და უცბად ცხვირწინ შავი უზარმაზარი მანქანაც დაეყენებინა ვიღაცას. მერსედეს-ბენცის მარკის შავი ჯიპი იყო. იქიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა, ჯინსის შარვალი ეცვა და შავი, მოკლემკლავიანი მაისური, ხელი აწია მისალმების ნიშნად და მათკენ წამოვიდა ნელი და ლამაზი ნაბიჯებით. საოცრად დახვეწილი ვინმე იყო. ოთხეული დაბნეულები იდგა და შესცქეროდა…

ოთხივე ფიქრობდა, რომ ეს იყო ანგელოზი, იესოსგან მოვლენილი, ან ახალი აღთქმის რომელიმე ავტორი.

მოვიდა ტიპი და ამათ სათითაოდ ხელი ჩამოართვა. შარვლის უკანა ჯიბიდან პირადობის მოწმობები ამოიღო და დაურიგა.

– დახედეთ და დაიმახსოვრეთ სახელები, გვარები, ოთხივე ფილოლოგები ხართ, ფრანგული ენის სპეციალისტები. კლასელებიც ხართ და კურსელებიც. ეს ამდენი წლის მეგობრობის ისტორიები ძალიან მოსწონთ ქართველებს, მოიხიბლებიან. თქვენი დიპლომები მანქანაში მაქვს და მოგაწვდით მოგვიანებით.

– უკაცრავად, თქვენ ვინ ბრძანდებით? – იკითხა აგვისტომ.

– ჰო, რა თქმა უნდა, ვერ მიცნობდით, მარტი ვარ და აქ პეტრე მქვია. აი, ამ მანქანით უნდა გატაროთ და დაგიცვათ.

გაუხარდათ საცოდავებს, გულები აუჩუყდათ და მარტს მოეხვივნენ.

– გეყოთ, ნუ დამდორბლავთ ეხლა… – წარმოსთქვა მარტმა.

– ეგ რაღაა?! – იკითხა გაზაფხულმა.

– მომყევით! – ბრძანა პეტრემ  და წინ გაუძღვა ოთხეულს. მანქანაში რომ ჩასხდნენ, მაშინ გასცა პასუხი გაზაფხულს, – აი, რომ გაკოცებენ, მიხვდები.

აგვისტომ გაიგო თავისი სახელი და გვარი: – გიორგი ქართველიშვილი.

ოქტომბერი: – მათე ჭანუყვაძე.

გაზაფხული; – მაია შამუგია.

ზამთრისთვის თამარი შეურჩევიათ სახელად და გვარად ლიჩელი ყოფილა.

ყველანი 33 წლისანი იყვნენ, კლასელები, კურსელები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები.

სცენარის მიხედვით, მეზობლებიც იყვნენ და საბავშვო ბაღშიც ერთ ჯგუფში დადიოდნენ. პეტრე ვითომ ქმარი იყო გაზაფხულის და ერთად უნდა ეცხოვრათ.

ამგვარად შეუქმნეს წარსული და რეალობა უკვე ხუთეულს, დანარჩენი კი თავად უნდა დაეწერათ.

ადამიანის მიერ დაგებულ გზაზე გავიდნენ და წასრიალდნენ თბილისისკენ.

პეტრემ იცოდა, სადაც უნდა მისულიყვნენ. ოთხივეს თავი გვერდზე მოექცათ, გზას და ბუნებას შეჰყურებდნენ აღფრთოვანებულები.

– პეტრე, შენ ხომ იქაც კარგად იყავი სადაც იყავი, აქ როგორ დაგვხვდი?!

– ეჰ, აგვისტოვ, სანამ თქვენ აქ მარიამის გზით კომფორტულად მოფრინავდით, მე სულ წიხლებით ჩამომაგდეს!

– მართლა?! – დაიჯერა გულუბრყვილო გაზაფხულმა.

– ხუმრობს! – წარმოთქვა ზამთარმა.

– აბა რა, სულ პირველად თანამედროვე ხუმრობები, ტყუილები და შეურაცხყოფების მიყენებები ავითვისე ადამიანებისგან.

– ვაიმეეე! მე მგონი დაღლილი ვარ და მეძინება კიდეც, რა უცნაური შეგრძნებააა?! – ჩაიბურდღუნა ოქტომბერმა.

– მე კიდევ შემცივდასავით, – თქვა გაზაფხულმა და შეიშმუშნა.

– და არ მოგშივდათ? – იკითხა მარტმა.

– არ ვიცით ეგ.

მარტმა პატარა ბოთლებით წყალი მიაწოდა ყველას: – დალიეთ!

მოიყუდეს ბოთლები, დალიეს, გამოცოცხლდნენ და კარგ ხასიათზეც დადგნენ.

– მე მგონი გვწყუროდა! – წამოიძახა აგვისტომ, – სავსედ და მაძღრად ვგრძნობ თავს.

– მე მშია, ძალიან კარგად ვიცი, რომ მშია! – თქვა ოქტომბერმა.

– კარგია, თუ ზუსტად არკვევ, გშია თუ გწყურია, მაგისი გაგება ადამიანებსაც უჭირთ ხოლმე. – თქვა მარტმა და სვლას მოუმატა.

– და როგორ იქცევიან, როცა სწყურიათ? – იკითხა გაზაფხულმა.

– უმეტეს წილად მაინც ჭამენ ხოლმე, როცა სწყურიათ მაშინაც ჭამს უმეტესობა. უჰ, ჭამა მართლა მაგარი რაღაცაა. ეხლა მე თქვენ ხინკალს გაჭმევთ, გაგიჟდებით ისეთი გემრიელია.

პეტრემ მანქანა გააჩერა: – გადადით მანქანიდან, ნახეთ რა საინტერესო ადგილია.

ნისლიანი მთები ნახევარწრეზე ამოზიდულიყო, თითქოს თავები დაეხარათ და ქვემოთ, ულამაზეს ტბას დაჰყურებდნენ. მთების თავზე ცისფერი და მოწითალო ფერის სივრცე ჩანდა. უცნაურად ლამაზი ბუნება გადაიშალა მათ თვალწინ – უცნაური ცით.

ზემოდანაც ლამაზია დედამიწა, მაგრამ იქ, სადაც დგახარ და ამ მშვენიერების ცქერით ტკბები, არ შეიძლება უმადური იყო და არ გიყვარდეს სამყარო მთელი გულით.

როგორ შეიძლება ბუნებას მხოლოდ მესაკუთრის თვალით უყურებდე და არ ზრუნავდე მასზე!

ღმერთო, რა სიჩუმეა, არადა ბუნებაში სიჩუმე ხომ არ არსებობს, ეხლაც ხომ მოძრაობს დედამიწა, ამ წამსაც იღვიძებს ვიღაც და მზის სხივებით თბება, ჩიტები დაფრინავენ, ვიღაც დარდობს, ვიღაც ბედნიერია, გახარებულია და ვიღაცას გული აქვს გატეხილი… – ასე ფიქრობდა აგვისტო.

ამ ადგილით აღფრთოვანებულები და გაბრუებულნი ჩასხდნენ მანქანაში და იგრძნეს, რომ კარგი, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეს, ფილტვები თითქოს აქამდე დახშული ჰქონდათ და გაეხსნათ.

იარეს, იარეს და ზღვა დაინახეს, არ ღელავდა, ნაზად ირხეოდა. კინწისკვრით ჩამოცვივდნენ მანქანიდან და ნაპირისკენ გაიქცნენ, ჯერ ისევ ცარიელ პლაჟზე ტალღებს ლამაზი, ფერადი პატარა კენჭები გამოერიყა, მომპასის ფერად კამფეტებს ჰგავდა.

შ ა ვ ი   ზ ღ ვ ა

სუფთა იყო შავი ზღვა და ლურჯზე უფრო ლურჯი. გაზაფხულმა ნიჟარების შეგროვება დაიწყო. ციოდა, მაგრამ ფეხსაცმელები გაიხადეს და ფეხის გულები წყლით დაისველეს. წყალი სასიამოვნოდ თბილი იყო.ზღვა უხმობდა მათ, მოდით და ჩამეხუტეთ, მეთამაშეთო.

მარტს მოუნდა ზღვაში შესვლა და ცურვა, მაგრამ ცდუნებას გაუძლო, თუმცა ჯერ ისიც არ იცოდა, ცურვა შეეძლო თუ არა, ალბათ შეეძლო, რახან მოუნდა ზღვის ნაზ, მოშრიალე ტალღებთან ყოფნა.

იოდით გაჟღენთილმა ჰაერმა ისინი მიახვედრა, რომ მოშივდათ, მაგრამ არავინ ამბობდა ხმამაღლა – ვჭამოთო.

ზამთარმა ზღვის წყალი პეშვით აიღო და მოხვრიპა.

– როგორია! – ჰკითხა აგვისტომ ზამთარს.

პირი გააწკლაპუნა ზამთარმა: – რა ვიცი, ალბათ გემრიელი.

– და მლაშე არა?!

– რა ვიცი, ალბათ. მე მომეწონა.

– წავიდეთ, ხალხო, სადმე ვისაუზმოთ, უკვე გააღებდნენ კაფეებს, ბათუმში ან, ქობულეთში ვისაუზმოთ, თბილისამდე დაიხოცებით შიმშილით, – თქვა მარტმა.

– მოვკვდებით? – პირველად შეეშინდა გაზაფხულს სიკვდილის.

– არა მგონია, მოვკვდეთ, განა სიკვდილთან შესახვედრად გამოგვზავნეს?! – გაეღიმა ოქტომბერს და მზის სხივს სახე მიუშვირა: – თუნდაც მოვკვდე, აქ მინდა ყოფნა! – თქვა ოქტომბერმა.

– აუუ, წავიდა ეს ოცნებებში! წამოდი ეხლა ჩქარა!!! – ბრძანა აგვისტომ.

თავჩაქინდრულები გაჰყვნენ, მიდიოდნენ და თან ვერ მიდიოდნენ, ეძნელებოდათ ნაპირების დატოვება. თითქოს ფეხები არ ემორჩილებოდათ.

გულები იქ დარჩათ ზღვასთან და მის მაგივრად მკერდში სევდა ჩაუსახლდათ. სევდა! გაიგეს და იგრძნეს ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

„სუსტები ყოფილან ადამიანები, რატომ ვერ მივდივარ და უკან რატომ ვიხედები?!“ გაიფიქრა ზამთარმა.

მანქანაში რომ ჩასხდნენ, ზამთარს რატომღაც ნიკოლოზ სასწაულმოქმედი გაახსენდა, 85 წლის მოხუცი, კაც-ანგელოზი, რომელსაც არასდროს მიუტოვებია, მეტიც, ნიკოლოზმა ზამთრის პერიოდს სიხარული, ბედნიერება, ნათელი მისცა.

ადრე ახალი წლის შემობრძანებას გაზაფხულზე ზეიმობდნენ ადამიანები. ნიკოლოზმა იღვაწა იმისთვის, რომ მკვდარ სეზონად აღქმული ზამთარი სიხარულის, რწმენის და იმედის პერიოდად ექცია.

ზამთარი რომ გაეხარებინა, თოვლის პაპას როლიც მოირგო. არასდროს მიუტოვებია, ასე ერთგულად თანადგომა და სიყვარული მხოლოდ მშობელ მამას შეუძლია.

მართალია, უფალმა შექმნა, მაგრამ მამად ნიკოლოზი აირჩია. ისე მოენატრა, როგორც მამაზე უსაზღვროდ შეყვარებულ ქალიშვილს.

ჩაეძინა და სიზმარი ნახა, იქაც ნიკოლოზი იყო, რომელმაც უთხრა: – ჩემო საყვარელო, ლამაზო ქალიშვილო, მიყვარხარ!

ნიკოლოზმა თავზე ხელი გადაუსვა და შუბლზე აკოცა.

– გაიღვიძე გოგონიიი! – შეანჯღრიეს მეგობრებმა და ბათუმის ერთ-ერთ ულამაზეს კაფეში შევიდნენ სასაუზმოდ.

ყავა დალიეს თურქულად მოდუღებული და აჭარული ხაჭაპური მიირთვეს, რომელიც ზღვაში შესაცურებლად გამზადებულ ნავს ჰგავდა, ამოღრუნტულში ბლომად ჩადებული ცხიმიანი ყველითა  და ზედ დახლილი თოხლო კვერცხით.

დიდი სიამოვნება მიიღეს. ყველა ნელა მიირთმევდა, აგემოვნებდნენ, მხოლოდ ოქტომბერმა გადასანსლა უცბად და მარტის მიერ ნაქებ ხინკლებს ითხოვდა.

– ახლა არა, დილაა, გადამსუყდები და თან გასუქდები.

– გავსუქდე მერე, ჩემი სიმსუქნე რას მიზამს როო?!

– არ დაგავიწყდეს, ადამიანი ხარ, სხეული გაქვს, დაემსგავსები ბურთს! – პასუხი გასცა გაზაფხულმა.

– მერე რააა!

აგვისტოს ეშმაკურად ჩაეღიმა: – ქალებს აღარ მოეწონები, გული შეგაწუხებს, აქოშინდები და კუჭი გაგეზრდება, ღორმუცელად იქცევი.

ეს ბოლო წინადადება არ მოეწონა ოქტომბერს,  დადუმდა, იეჭვიანა, აგვისტომ ჩემი ოცნებების შესახებ ხომ არ იცისო.

ისევ ჩასხდნენ მანქანაში და მარტმა დაძრა მანქანა.

ეჭვები მოეძალა ოქტომბერს, ახლა იმაზე დარდობდა, ყველამ ხომ არ იცის ნეტა, მიჯნურობა რომ მწადიაო.

დაღალა ეჭვებმა და მიხვდა, რომ ადამიანი არ უნდა დაუმეგობრდეს ცუდ განცდას ეჭვს. ის აშკარად მტერი ამხანაგიაო, გაიფიქრა და დამშვიდდა.

არსად შეჩერებულან, არცერთ ქალაქში, არც სადმე გზაზე. მარტსაც დაღლა შეეტყო, ის ბრაზობდა იმის გამო, რომ ძილი უნდოდა, მაგრამ ჯიუტად მიჰქროდა თავისუფალ გზაზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში შეთხზულ ანეკდოტებს ყვებოდა, რისი მოსმენაც მოასწრო მანამ, სანამ თავისიანები შემოუერთდებოდნენ.

მცხეთაში შესვლამდე ყველას ყურადღება მიიპყრო მთის წვერზე მდგარმა გუმბათიანმა ტაძარმა, რომელიც თითქოს ამაყად დასცქეროდა საქართველოს ყოფილ დედაქალაქს და  იცავდა კიდეც მას არაღვთიური ძალებისაგან, ტაძრის გუმბათს კი ვერცხლისფერი ღრუბლები დაჰქათქათებდა. სასტუმროში დაბინავებამდე სვეტიცხოველში შევიდნენ.

ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწრნენ. პეტრე მობილური ტელეფონით ფოტოებს იღებდა და უხაროდა. გაოცებულები იყვნენ ბუნების სილამაზით.

სვეტიცხოველთან ახლოს საოჯახო ტიპის სასტუმროში დაბინავდნენ. დიასახლისი მეგობრულად შეეგება სტუმრებს და იკითხა, რას მიირთმევთო. ხინკლებსო, წამოიყვირა ოქტომბერმა, დიდი ინტერესი ჰქონდა ამ ხინკლების. აგვისტომ დაამატა: – მე მგონი ლუდი უხდება ხინკალს და თუ კარგი ჩაციებული ლუდი გაქვთ, მოგვიტანეთო. არაყიც უხდება ხინკალსო წარმოსთქვა დიასახლისმა, მაგრამ არაყი არ მოატანინეს.

დიასახლისმა უზარმაზარი, გამჭვირვალე ჭიქებით მოიტანა ლუდი, მუქი ყვითელი ფერის სითხე, თავს თეთრი, ქათქათა ღრუბლებივით დაჰფენოდათ ქაფი, რომლის პაწაწკინტელა ბუშტუკები  სწრაფად სკდებოდნენ და ქრებოდნენ.

თეთრ ფაიფურის თეფშზეც ბლომად ელაგა ხინკლები, ოხშივარი ასდიოდათ და მადისამღძვრელ სურნელს აყენებდნენ.

 გურმანებმა ხინკლის ორივე ხელით ჭამა დაიწყეს, ვინაიდან წესია ასეთი. წაავლებენ ხელს ხორცით სავსე ქისის მსგავს ტომარას, რომლის ნაოჭებს ზემოთ წამოსკუპულა თავი, ეგრეთ წოდებული კუჭი. მათემ ხინკლის კუჭები ბაფთებად აღიქვა. სხვების მსგავსად, მანაც წაავლო ხინკალს თავზე ხელი, დადო თავის თეფშზე, ასევე ორივე ხელით დაიკავა და ჩაკბიჩა, შეჭამა და ხელში შერჩა ხინკლის თავი, ბაფთა თუ კუჭი, ცოტახნით უცქირა და შემდგომ ეს კუჭებიც გადასანსლა.

სხვები თვალდახუჭულები მიირთმევდნენ და კუჭებს, ბაფთებს, კუდებს, რაც გინდათ ის დაარქვით, ტოვებდნენ თეფშზე, ანუ იმგვარად არ მიირთმევდნენ, როგორც მათე.

ოქტომბერი კუჭებიანად ყლაპავდა ხინკლებს ისე მოეწონა, თუმცა აგვისტომ გააფრთხილა კუჭები არ ეჭამა.

სხვანი რა ნეტარებაშიც იყვნენ, ამაზე საუბარი არც კი ღირს. ხინკალი იმგვარი საკვებია, თუ კაცი ხორცმოძულე არაა, აუცილებლად უნდა აღფრთოვანდეს კულინარიის ამ შედევრით.

ძილი მოერიათ და თავიანთ საწოლებზე დაეხეთქნენ. ჩაეძინათ, სიზმარი არცერთს უნახავს.

იმ ხუთიდან პირველს ზამთარს გაეღვიძა. ჩემოდანი გახსნა, ტანსაცმელი ამოალაგა. თავისთვის განკუთვნილი მობილური ტელეფონი აიღო და ჩართო. ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადაწია და გარეთ გაიხედა. ირგვლივ სისველე იყო, როგორც ჩანს, მთელი ღამე წვიმდა.

აბაზანაში შევიდა და ყველაფერი ისე გააკეთა , როგორც ნამდვილმა ქალმა. ისარგებლა ტუალეტით, შხაპი მიიღო და თავი უკეთ იგრძნო, მერე ამინდის შესაფერისი სამოსიც სწორად შეარჩია და სარკეში ჩაიხედა. მოეწონა საკუთარი თავი.

კარი გააღო და კიბეები ფრთხილი ნაბიჯებით ჩაიარა. ფოიეში დიასახლისი ვიღაც ქალთან ერთად ავეჯს სწმენდდა.

– გაიღვიძეთ უკვე?! – ჰკითხა დიასახლისმა.

– დიახ! – უპასუხა ზამთარმა.

– ყავას ხომ არ მიირთმევთ?

– არა, გმადლობთ.

– უკაცრავად და საით გაგიწევიათ?!

– სვეტიცხოველში.

– ჯერ დილის ხუთი საათია!

– მერე რა, მთავარია ღია იყოს.

– დიახ, ღიაა, რა თქმა უნდა.

ზამთარი გარეთ გამოვიდა და სვეტიცხოველს დააკვირდა, მონუსხული უმზერდა. ნელი ნაბიჯებით გაემართა მისკენ, გუმბათი იზიდავდა მაგნიტივით.

კარიბჭესთან შეყოვნდა, ფრანგულად ლაპარაკი შემოესმა. ეზოში ათი ფრანგი იდგა, რომლებიც ტაძარს ფოტოებს უღებდნენ.

ერთმა მაღალმა და ჭაღარა მამაკაცმა მიაქცია ზამთარს ყურადღება, გამოეყო ჯგუფს, მიუახლოვდა ქალს და დაჟინებით ჩააშტერდა. ზამთარმა უხერხულობა იგრძნო და თავი მორცხვად დახარა, ახლოს მოსულ მამაკაცს განერიდა და ტაძარში შევიდა.

თავსაბური არ ჰქონდა, ვიღაც ქალმა მიაწოდა, რომელიც ვარყალს წმენდდა, მერე სანთლებიც მისცა და ფული არ გამოართვა.

სამი სანთელი მისცა და აღფრთოვანებულმა უთხრა: – გილოცავ!

– მაპატიეთ, ვერ მიგიხვდით… რას მილოცავთ?!

– როგორ თუ რას შვილო, ულამაზესი ხარ, სასტიკად მშვენიერი!

გაოცდა ზამთარი, გაეღიმა და ქალის ხელს ხელით შეეხო, – გმადლობთ ქალბატონო, ძალიან მესიამოვნა თქვენგან შექება! – თქვა და შეტრიალდა თამარი.

– იხარე შვილო! – ზურგს უკან მიაძახა შუახნის ქალბატონმა ზამთარ-თამარს.

საფუძვლიანად დაათვალიერა ტაძარი. დიდხანს უყურა ქრისტეს სახეს, რომელიც თითქოს თვალებს  ხუჭავდა და ახელდა.

ნიკოლოზიც დაინახა, კოცნა გაუგზავნა შორიდან, შესცქეროდა და გულში ამაყად წარმოსთქვამდა, – მამა, მამიკო, შენ ჩემი მამა ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მე ვიყავი და მერე შენ გაჩნდი. მე რომ გიცნობდი და გიყურებდი, შენ აზრზეც არ იყავი, შე ნანატრო შვილო!

მართალი იყო ზამთარი, ნიკოლოზის მშობლები უფალს შვილს სთხოვდნენ, ძალიან განიცდიდნენ უშვილობას და პირობას იძლეოდნენ უფლის იმედად მყოფნი: – შენსავე ბოძებულ შვილს შენვე მოგიძღვნით უფალოო!

ასეც მოხდა, რომ გაიზარდა, სიცოცხლეშივე ხორცშესხმულ სასწაულმოქმედ ანგელოზად იქცა. მოხიბლული ზამთარი 85 წელი ელოდა ნიკოლოზს, რომ შეხვედროდა. მაშინ უკვე აზრზე იყო მოსული და საკუთარი შეცდომები გაცნობიერებულ-გააზრებული ჰქონდა აგვისტოს დახმარებით, მაგრამ მარტოობას ვერაფერს უხერხებდა, ინტუიციით გრძნობდა, რომ ნიკოლოზი ცაშიც იქნებოდა და მიწაზეც ზამთართან, ის გაუიოლებდა მძიმე ყოფას, შრომას, მოუტანდა სიმშვიდეს, ასწავლიდა სიყვარულის შეგრძნებას, მეგობრობას, პატიებას. ნიკოლოზმა გააგებინა და დაუმტკიცა, რომ თავად ზამთარს ეპატია უპატიო ქმედებანი, თუმცა ისიც უთხრა, რომ ეს ყველაფერი სატანას ბრალი იყო, რომლისგანაც თავის დაღწევაში დაეხმარა.

ზამთარი გრძნობდა, რომ ნიკოლოზი თვალს ადევნებდა და ეს შეგრძნება აძლიერებდა, რომ როგორც ქალი, ეხლა საქართველოს მიწაზე და ამ დიდებულ ტაძარშიც თავდაჯერებულად მდგარიყო. გულში სითბოს და სიკეთეს გრძნობდა და ეს ძალიან სასიამოვნო იყო. უყურებდა ნიკოლოზის სახეს და ცრემლები ღაწვებზე ეღვენთებოდა, ტუჩებიდან პირში ჩაუვიდა ცრემლები და იგრძნო ნაცნობი გემო, შავი ზღვის მლაშე და გემრიელი გემო.

ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო, მარცხნივ გაიხედა შეცბუნებულმა, ის ფრანგი კაცი ჯგუფს მოსწყვეტოდა და ზამთართან მოსულიყო.

კაცმა ინგლისურად ჰკითხა: – ეს ხომ ნიკოლოზის ხატია?

– დიახ! – უპასუხა ფრანგულად.

კაცი აღფრთოვანდა: – ფრანგული იცით?

ზამთარმა გაიღიმა: – კი, ვახერხებ.

– იცით, გიყურეთ, გიყურეთ და გავიფიქრე, როგორ შეიძლება ქალს ასე საოცრად უხდებოდეს ტირილი და ცრემლები. ლამაზი ხალხი ხართ, მაგრამ თქვენზე ლამაზი ქალი არსად მინახავს, ალბათ ამგვარია ქართული სილამაზე, ასე რომ, გამშვენებთ…

– და როგორი ვარ, მითხარით! – დაინტერესდა ზამთარი.

– ძალიან შავი თმა გაქვთ, ლურჯი, დიდი თვალები, ტუჩები მარწყვს გიგავთ, სწორი, ჩამოქნილი ცხვირი გაქვთ და თხელი, ფრესკული სახე, საუცხოოდ ლამაზი და პატარა ყურები, სხეულიც ლამაზი გაქვთ, რძისფერი ხომ?! დახვეწილი თითები, თქვენ რა, უკრავთ? მევიოლინეს ხელები გაქვთ. უზომოდ დახვეწილი ხართ, უნაკლო. მოულოდნელად, თამარმა იგრძნო, რომ მართლა ლამაზი და კაცებისთვის შესამჩნევი ქალი იყო.

დაიბნა ზამთარი, ჩაფიქრდა, არ იცოდა რა ეთქვა, შეათვალიერა  ფრანგი, მაღალი, თხელი აღნაგობის კაცი, თაფლისფერი თვალებითა და სრულიად თეთრი თმებით, მოხუცი არ იყო, ორმოცდაათი წლისაც არ იქნებოდა: – თქვენც ძალიან სიმპატიური ხართ, ტიპიური ფრანგი.

– მე თუ ტიპიური ფრანგი ვარ, თქვენ არაამქვეყნიური. არა, მართლა გეკითხებით, ადამიანი ხართ ნამდვილად?! შეიძლება შეგეხოთ?

ზამთარმა ხელი გაუწოდა, კაცი ეამბორა და ზამთარს  გული აუჩუყდა, მოუნდა ჩახუტებოდა ამ კაცს, მაგრამ თავი შეიკავა. კაცს ქალის ხელი ისევ თავის ხელებში ჰქონდა მოქცეული, რომ უცებ წაიჩოქა და ამოიკვნესა.

– რა დაგემართათ! – შეეშინდა ზამთარს.

კაცის ამხანაგები მოვიდნენ, ხელი შეაშველეს, მარცხენა ფეხის მუხლს ვეღარ შლიდა.მხარზე დიდი ჩანთა ეკიდა და ჩამოხსნეს. ზამთარი ფრანგების ჯგუფს გაჰყვა და ერთ ქალს ჰკითხა: – რატომ გახდა ასე უცებ ცუდათ,  რაშია საქმე?!

– ესეთი რამ ხშირად ემართება, ჰემოფილია აქვს და სისხლი ჩაექცეოდა მუხლში.

– ჰემოფილია?! – შეწუხდა, შეშფოთდა ზამთარი. გაიფიქრა, ეს ხომ მე გამოვუგზავნე ადამიანებსო და შერცხვა. დანაშაულის გრძნობამ შეაძრწუნა.

ქართველმა ღვთისმსახურმა სკამი გამოიტანა სატრაპეზოდან და გაჰყვიროდა: – არიქა, სასწრაფო გამოიძახეთ ვიღაცამ!

ფრანგმა ტურისტმა შეაჩერა ღვთისმსახური და ინგლისაურად უთხრა: – ნუ შეწუხდებით, არაა საჭირო, ჰემოფილია აქვს და თავად მიხედავს თავს.

– რაო, რა მითხრა ამ კაცმა?!

– რა და, ჰემოფილია აქვს და თავად მიხედავს თავსო, – გადაუთარგმნა ზამთარმა.

– ეგ რაღაა კაცო, პირველად მესმის! – ხელები გაასავსავა მღვდელმა.

– ეს სისხლის მემკვიდრეობითი დაავადებაა.

– ააა, გასაგებია, გავიგე, ესე იგი, მე არ ვინერვიულო?! რა შემიძლია  გავაკეთო, ერთი შენს გახარებას, კითხე მაგ ფრანგს სახელი, შევალ და მისთვის ვილოცებ. მეტი რა ვქნა ეხლა, სხვა რაღა გავაკეთო?!

ზამთარი მიუახლოვდა ფრანგს, რომლსაც შარვლის ტოტი მუხლსზემოთ ჰქონდა აწეული და მეგობარი კაცი ელასტიურ ბინტს მჭიდროდ ახვევდა მუხლზე.

– იცით, მამაომ მთხოვა, სახელი გკითხოთ, თქვენი ჯანმრთელობისთვის რომ ილოცოს.

– ჟაკი მქვია, უღრმესი მადლობა, მაგრამ კათოლიკე ვარ და შეიძლება?!

– მაგას მნიშვნელობა არა აქვს, კათოლიკე ხართ თუ მართლმადიდებელი, ლოცვა ლოცვააა! – უპასუხა ზამთარმა და შეტრიალდა.

– მოიცათ! – შეაჩერა ჰემოფილმა კაცმა, ჩანთიდან სუვენირი ამოიღო, კედელზე დასაკიდი პატარა ფაიფურის თეფში, რომელზეც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იყო გამოსახული: – ეს მამაოს ყურადღებისთვის, მადლიერების ნიშნად.

ზამთარმა გამოართვა თეფში.

ჟაკმა კი საოცარი სითბოთი უთხრა: – თუ არ გეჩქარებათ არ წახვიდეთ, არ მიმატოვოთ!

გაოგნებულმა ზამთარმა თავი დაუქნია და მამაოსკენ გაეშურა, რომელიც ისევ ასავსავებდა ხელებს, ვიშვიშებდა და გაიძახოდა, ღმერთო უშველე, შეეწიე ამ კაცსო!

– საჩუქარი გამოგიგზავნათ ჟაკმა.

– რისთვის ადამიანო, რატომ!

– თქვენ რომ შეგაწუხათ მისმა ტკივილმა და გაინიცდით, მადლიერების ნიშნად, მამაო.

– მე არაფერი მინდა, ეგ იყოს კარგად და!

– სირცხვილია მამაო, მიიღეთ, ეწყინება სტუმარს!

– კარგი, გამოგართმევ! უღრმესი მადლობა თქო, გაიხარე თქო და გამრავლდი შენს ცოლშვილში თქო, შეგიძლია გადასცე?

– შემიძლია, სიტყვა-სიტყვით.

– კარგი მაშინ, შევალ მე და ჟაკისთვის ვილოცებ, ხო, მოიცა ქალბატონო, აბა კითხე დანაყრებული თუა?

ზამთარმა გაიგო, რომ ჟაკს არ ესაუზმა.

მამაო ტაძარში შევიდა და იქიდან უზარმაზარი სეფისკვერი გამოიტანა, სოკოს ფორმისა, რომლის  თავზეც ისახებოდა წმინდა მარიამი ყრმა იესოსთან ერთად.

ზამთარმა მიუტანა ჟაკს მღვდლის მიერ გამოგზავნილი სეფისკვერი: – მიირთვით, მას სჯერა, რომ გიშველით.

– ეხლა შევჭამო?

ზამთარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია: – აბა ვნახოთ! – ჩაკბიჩა: – რა გემრიელიააა! მჯერა, რომ მიშველის.

ფეხზეც კი წამოდგა ჟაკი: – გადასხმას მაინც გავიკეთებდი, საშუალება რომ იყოს!

– გადასხმას? აქვე ვცხოვრობ სასტუმროში, წამობრძანდით.

– მართლა? – აღფრთოვანდა ჟაკი.

ჟაკი მეგობრებს მიუტრიალდა, – ამ ქალს გავყვები, თქვენ წადით, გადასხმას გავიკეთებ და ტაქსით მოვალ მოგვიანებით. შეყოყმანდნენ, მაგრამ დაუჯერეს ჟაკს, ხელი ჩამოართვეს და კარიბჭისკენ გაეშურნენ.

გაღიმებული ჟაკი მხარზე დაეყრდნო ზამთარს და კოჭლობით, ნელა-ნელა ამოძრავდა, პატარა ავტობუსიდან უყურებდნენ ჟაკს მეგობრები და ხელს უქნევდნენ. ერთმა შემოსძახა, ყოველ საათში ერთხელ დაგირეკავო.

მართლა ახლოს აღმოჩნდა სასტუმრო, ფოიეში შევიდნენ, ჟაკი სავარძელში ჩაჯდა. ზამთრის მეგობრები გამოვიდნენ სამზარეულოდან და უცხო სტუმარი რომ დაინახეს, მივიდნენ, გაეცნენ.

ზამთარმა თქვა, რა თქმა უნდა, ფრანგულად: – ჟაკს სისხლჩაქცევა აქვს, ვენაში წამალი უნდა გაიკეთოს.

ფრანგმა უზარმაზარი ჩანთიდან კოლოფი ამოიღო, იქ თეთრი ფხვნილით სავსე მინის დიდი ამპულა იდო, ასევე გამხსნელი, „ჟგუტი“, უზარმაზარი შპრიცი, ძალიან მსხვილი ნემსის წვერი, რომელიც პაწია ბოთლის რეზინის თავს ჩაარჭო, შიგნით წყლის მსგავსი სითხე ესხა, მანამდე კი თეთრფხვნილიან პატარა ბოთლს დამცავი გადასაკრავი ააძრო.

ჟაკმა გამხსნელი შპრიცით ამოიღო და ფხვნილით სავსე ბოთლში გადაიტანა, გათხევადებული წამალი შეანჯღრია, მერე უზარმაზარი შპრიცით ამოიღო ეს წამალი, ნემსი მოაძრო და „პეპელა“ წამოაცვა, მერე „ჟგუტი“ შემოირტყა მკლავზე, მუშტი შეკრა, თითებს ხან შლიდა და ხან კეცავდა,  ერთჯერადი  სპირტიანი ბამბა წაისვა და პეპლიანი შპრიცი ამობურცულ ვენაში შეიყვანა. ნელა უშვებდა წამალს, თავს მარტი ადგა, ის დაეხმარა „პეპლის“ ვენიდან გამოძრობაში. ისევ ერთჯერადი ბამბა წაისვა ჟაკმა და სანტავიკი გადაიკრა, მერე მკლავი მოხარა.

– როგორ ხარ ძმაო! – ჰკითხა აგვისტომ.

– კარგად მეგობარო და უკეთესადაც გავხდები. არის აქ კიდევ ოთახი? შევალ და დავისვენებ, იქნებ ამაღამაც დავრჩე.

– ჩვენ წასვლას ვაპირებდით, მაგრამ თუ დარჩენას აპირებ, ჩვენც დავრჩებით, არ მიგატოვებთ!

– მართლა?! – გაუკვირდა ჟაკს: – რა საოცარი ხალხი ხართ!

„მე სიკვდილს ხვალაც მოვასწრებ,

დღეს შენთან ყოფნა მინდა!“

ედუარდ უგულავა

ჟაკმა ფული გადაიხადა და თავის ნომერში შევიდა, მარტს მისი უზარმაზარი ჩანთა ეკავა.

ძმაო, – უთხრა აგვისტომ, – შენს გვერდით ვართ ოთახში, თუ რამ დაგჭირდეს, კედელზე დააბრახუნე და შემოვალთ. არ შეგეშინდეს, ჩვენ აქა ვართ.

– უღრმესი მადლობა, ხალხო! – მკერდზე ხელი მიიდო ჟაკმა და თვალები აუწყლიანდა.

– ჩვენც აქა ვართ გოგოები, დერეფნის დასაწყისში, – უთხრა ზამთარმა, შეგიძლია დამირეკო.

ჟაკმა თავისი მობილურის ნომერი უკარნახა ზამთარს და მან ზარი გაუშვა ჟაკის მობილურ ნომერზე. ჟაკმა დააფიქსირა ქალის ნომერი.

– გნებავთ რამე საჭმელი ან სასმელი, მოგართმევთ!-წამოიძახა გაზაფხულმა.

– დიახ, ყავა თუ შეიძლება, ფულს მოგცემთ!

– როგორ გეკადრებათ, მე გპატიჟებთ, უპასუხა გაზაფხულმა.

– თქვენც როგორი ლამაზი ხართ! – წამოიძახა ჟაკმა, – ამ ქალბატონმა აღმაფრთოვანა  ტაძარში და ავღნიშნე კიდეც და თქვენც ბიჭებო, მუშკეტერებს გავხართ! არ ვიცი, სიკეთეს როგორ გადაგიხდით, გაოგნებული ვარ…

– აბა რისთვის ვართ ადამიანები, ერთმანეთს ხელი თუ არ შევაშველეთ, – თქვა ოქტომბერმა, – ეხლა დაისვენეთ და მერე, კარგად გავიცნოთ ერთმანეთი.

– რა თქმა უნდა, მეგობარო,  თქვენ აღარასდროს დაგკარგავთ, ასე მგონია…

გაზაფხული პაკიპუკით წაგოგმანდა და ფინჯანით ყავა მიართვა ფრანგ სტუმარს. საწოლამდე მიიყვანეს, დაწოლაში დაეხმარნენ და ოთახიდან გამოვიდნენ.

იწვა ჟაკი და ამ ხალხზე ფიქრობდა, ღვთის მსახურზეც, მადლიერების გრძნობამ აატირა, ყავა გაუცივდა, მერე იმ ქალზე დაიწყო ფიქრი, ვინც სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ცვილის ქანდაკებასავით იდგა, ეს ქალი ხორცშესხმული სისპეტაკე და სიკეთე იყო.

„ვინ არიან?! ყველა ასეთი ლამაზი, ტანადი… როგორი ნათელი სახეები აქვთ!“ ფიქრობდა ჟაკი და ნატრობდა ფეხზე მალე დამდგარიყო, რომ ამ საყვარელ ადამიანებს ჩასჭიდებოდა, დამეგობრებოდა და არსად გაეშვა. ჩემთან დავპატიჟებო ყველას, თან გადავყვებიო….

ყავა გაახსენდა, ერთი ყლუპი მოსვა და ფინჯანი კვლავ ტუმბოზე დადგა.

მუხლში ტეხვის შეგრძნებამ შეაწუხა, გაჭირვებით მარჯვნივ გადაბრუნდა, დავიძინებ და ტკივილს თავს დავაღწევო…

ვერ დაიძინა, ოცნებებში წავიდა, ისევ ის ქართველი ლამაზი ქალი დაუდგა თვალწინ. ფიქრი აეკვიატა, იქნებ იმ კაცთაგან ერთ-ერთის ცოლია, ან თუ არაა გათხოვილი, ნეტავ ცოლად გამომყვება?! მიყვარს, უკვე მიყვარს! სახელი მაინც მეკითხა. ალბათ, ლამაზი ქართული სახელი ჰქვია. ეჰ, ნეტა ვის რაში ვჭირდები! რა სისულელეა!!! მაგრამ, მიყვარს, ერთი ნახვით შემიყვარდა, ჰმ! ვინ იფიქრებდა, თან, ამ ასაკში… – გაეღიმა და თვალები დახუჭა.

კარებზე ვიღაცამ ნაზად დააკაკუნა, მიხვდა, ვინც იყო  და ყურები ცქვიტა, თავი წამოსწია, დაძაბულობა იგრძნო, _ მობრძანდითო დაიძახა.

მოეჩვენა, რომ კარი უსაშველოდ ნელა იღებოდა, ისევ ის ნაძერწი ცვილის ქალი, ლურჯი თვალებითა და შავი თმით…

ჟაკი თითქოს გაშეშდა.

– ყველანი ჯვრის მონასტრის სანახავად წავიდნენ, მარტო დავრჩი, ჰოდა ვიფიქრე…

– ჩემზე ფიქრობდი?!

ქალმა თავი დახარა.

– რა გქვია!

– თამარი, – წაიჩურჩულა ზამთარმა.

– როგორც მეფე თამარი?!

– რა ვიცი, ალბათ.

– თამარ, შენ თავისუფალი ხარ?

– ვერ გავიგე!

– ქმარი გყავს?

– არა.

– მეგობარი მამაკაცი…

– ეს კაცები ვინც იხილე, ყველა ჩემი მეგობარია.

– რაო?! – გადაიხარხარა ჟაკმა, – მე მასეთ მეგობრებზე არ გეკითხები, აი, იმაზე, ქმარივით რომააა!

– არა, ეგეთი არ მყავს.

– თამარ, წამოხვალ საფრანგეთში, გამომყვები ცოლად? მოდი, აქვე ვიქორწინოთ და ერთად წავიდეთ. არ ვიცი,  შესაძლოა ხვალ მოვკვდე, ან ზეგ, ან არც არასდროს მოვკვდე, მაგრამ ვიცი, რომ შენთან მინდა ყოფნა, ამიერიდან, ყველა წუთი და წამი დამენანება უშენოდ, მიყვარხარ!!!

ჟაკმა უმწეოდ  გაიწვდინა ხელები თამარისკენ.

კართან მორიდებით მდგარი ქალი მოულოდნელად მოსწყდა ადგილს და ისიც მკლავ გაშლილი გაქანდა ჟაკისკენ. კაცს ტკივილმა თავი დაანება, გადმოხტდა საწოლიდან და თამარი მკერდზე მიიკრა. გაშმაგებით კოცნიდნენ ერთმანეთს. თამარი ხან ქართულად, ხანაც ფრანგულად გაიძახოდა, – წამოვალ. ყველგან წამოგყვები!

ნ ო ე მ ბ ე რ ი

როგორც იცით, შემოდგომა ჩაენაცვლა ოქტომბერს, ვინაიდან ის ქვემოთ იყო დედამიწაზე, კერძოდ, საქართველოში. სამი დღე გაძლო რაღაცნაირად, მაგრამ მეოთხე დღეს ამინდის მართვის სადავეები გაექცა და  წვიმებით ლამის დაალპო დედამიწა, ზეციდანაც კი სჩანდა ტალახი, ზოგან მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან, გზებზე გავიდა და სახლები დატბორა.

შემოდგომა ბრძანებას ელოდა, რომ  სხვისთვის გადაებარებინა ოქტომბრის საკეთებელი საქმე, სანამ თოვლი მომიყვანია დროზე გამათავისუფლეთო იხვეწებოდა, მაგრამ უთხრეს, – რაც გინდა, ის გააკეთე, თავად გადაჭერი პრობლემაო. ადგა და საქმე ნოემბერს გადააბარა, ნოემბერს, ბუზღუნა და ავ ბერიკაცს, მუდმივად წარბშეკრულს, გაღიზიანებულს, გაბრაზებულს, მავნებელს და შესაძლოა ბოროტსაც, თუმცა, არავინ იცოდა, რატომ იყო ნოემბერი ასეთი ავი და მყვირალა, გამანადგურებელი.

სიამოვნებით გავუწევ დუბლიორობას ოქტომბერსო, თქვა და შეჭმუხვნული შუბლი გაეხსნა, აღარც ნაოჭები ჰქონდა, უცბად გაახალგაზრდავდა, შუახნის მამაკაცს დაემსგავსა, ამგვარად მომღიმარი და დათაფლული ის არავის ახსოვს.

ამინდები ყველა ქვეყანაში გამოასწორა და ლამის მეორედ დააყენა გაზაფხული.

გახარებული იყო, რადგანაც ის აქამდე არასდროს არავის შეექო.

ბიბლიის ერთ-ერთმა შემქმნელმა მარკოზმა, გულწრფელად შეაქო: – შენ რა ყოჩაღი, ძლიერი და ლამაზი ვინმე ყოფილხარ, მე კიდევ ბოროტი მეგონე და ამისთვის ბოდიშს გიხდიო.

– სულაც არ ვარ ბოროტი, უბრალოდ, ჩემს თავს ვერ ვგრძნობდი აქამდე.

– ვერ გავიგე…

– ვერ ვგრძნობდი სხეულს, ვერ ვგრძნობდი ტკივილს, ვერც სიხარულს, ვერაფერს და ვიყავი გაბრაზებული, ხშირად საკუთარი თავისთვისაც დამიშავებია, რომ მტკენოდა.

– ეს არ ვიცოდი, მე მგონი არც არავინ იცოდა, ეხლა რას გრძნობ?

– სიხარული ვიგრძენი, ნდობა, რომ გამომიცხადეს. ოჯახი ვიგრძენი და თავად შემოდგომის მიმართ სიყვარული ვიგრძენი, მივხვდი, რომ ჩემიანებისთვის სულერთი არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვუხეშობდი და ადამიანებს, დედა-ბუნებას ვუშავებდი.

მარკოზმა მხარზე ხელი დაადო და უთხრა: – შენ, უბრალოდ გაიზარდე!

– აბა, ბერიკაცს რატომ მეძახით, მოხუცები ხომ აღარ იზრდებიან?!

– სულიერ ზრდაზე გითხარი.

წარბები ასწია ნოემბერმა, გაუღიმა მარკოზს და ასეთი ხმა ამოუშვა: – ააა!!!

– გაჩუმდი, როგორი მავნებელი ხმა გაქვს, გამომაყრუე!

– აი, ხედავ?! ამ წამს შეგეცვალა აზრი და მავნებელი მიწოდე, მე არც იქ ვუყვარვარ ადამიანებს, დედამიწაზე.

– მართლა?! არ გაქვს სწორი შეგრძნებები, შენ ძალიან კარგი ხარ, თუ ასეა, მაშინ ქართველებმა რატომ შეგადარეს წმინდა გიორგის და რატომ გიწოდეს გიორგობისთვე?!

– უი, ხოო! ეს აღსანიშნავი და დასაფასებელი ფაქტია, გმადლობ, რომ გამახსენე.

წავიდა ნოემბერი თავის სამუშაო ადგილას, – დავხედავ, ჩვენებსო!

მოათვალიერა საქართველო  დიდრონი  თვალებით, გაუკვირდა, რა პაწია ყოფილა ეს ქვეყანა, ჩემს თვალებში წერტილად მოსჩანსო და იპოვა კიდეც თავისიანები, სადღაც იყვნენ, ვიღაც ქართველის ვენახში და ყურძნის მტევნებს კრეფდნენ. დაინტერესდა ნოემბერი, აბა სად არიანო, დახედა რუკას და ნახა, რომ უკიდურეს აღმოსავლეთში იყვნენ, – კახეთში.

გადაიხარხარა ნოემბერმა და გაიხუმრა, – გლეხებო!!!

მავნებლური ფიქრები მოეძალა. ღრუბლები მოაგროვა და თითით, კონკრეტულად იმ სოფლის ცაზე დააყენა, სადაც დიდი რთველი გაეჩაღებინათ ადამიანებს.

ვიღაც ფრანგი ეკითხებოდა ვენახის პატრონს, – ასე ადრე რატომ კრეფ ყურძენსო. იმ კაცმა კი უპასუხა, – ხედავ, რა ცუდი ამინდებია, წვიმა დაიწყება ეხლა, მერე მზე ამოვა, ყურძნის მარცვლებში წვენი დაშრება და მტევნებიც გამსუბუქდება, მერე კარგი და ბევრი ღვინო როგორღა დავაყენოო?!

– უი, გამახსენდა, ჩვენი მევენახეებიც ასე იქცევიან ხოლმე!

– ჟაკ, ცოტა ხანში მოვრჩებით კრეფას და მერე კაი მწვადები და ქეიფი გველის…

– საქართველოში ყურძნის მოსავლის აღებას ეწოდება რთველი.

ოცდაერთ ნოემბერს ჩვენც გვაქვს დღესასწაული – „ბუჟოლე ნუვო!“

„მე თქვენ გაჩვენებთ ქეიფსა და ღვინოს!“ გაიფიქრა დაბოღმილმა ნოემბერმა, შეშურდა თავისიანების, ფიქრობდა, რა დაეშავებინა მათთვის, როგორ დაემწუხრებინა..

– რას აკეთებ! – შემოდგომის შეშფოთებულმა ხმამ შეაკრთო ნოემბერი.

– არაფერს!

– რა დაგავალე მე შენ!

ნოემბერი ჩაფიქრდა და თავი ჩაღუნა.

– არა, რა გთხოვე, გამიმეორე! – მკაცრად ჩაეძია შემოდგომა.

– ოქტომბერს დაემსგავსეო, – ჩაილუღლუღა ნოემბერმა.

– ხოდა, რატომ არ ჰგავხარ, არ შეგიძლია?!

– კი, როგორ არა, უბრალოდ, ვეხუმრები…

– ვის ეხუმრები, რა უფლებით! სახუმაროდ და სამასხარაოდ დაგსვი მაგ ადგილას?! როდის იყო, ოქტომბერი წვიმებით კახეთს ალპობდა, არ გრცხვენია?! მასეთი წვიმები მეც გამომივიდა, ორი დღე ვიტანჯე და გადმოგაბარე საქმე!…

სანამ ნოემბერმა პასუხი გასცა, გაბრაზებულმა შემოდგომამ ხელი უიმედოდ ჩაიქნია, შეტრიალდა და ჩაიბურდღუნა: – ტყუილად გენდე, არაფერი შენგან არ გამოვა, ყოველთვის დაბოღმილი იყავი, შენი ბოლომდე მიყვანილი საქმე  არ მინახავს!

– რატომ ამბობთ მაგას!

განრისხებული შემოდგომა შემოტრიალდა: – დაპირებებს, დავალებებს ან არ ასრულებ, ან სანახევროდ აკეთებ, იმას აკეთებ ბოლომდე, რაც თავად გაძლევს ხელს!!!

– ამჯერად ასე არ იქნება, გამოვასწორებ ამინდებს.

–  როგორც წესი და რიგია, ისე გაასწორებ, გლობალურ დათბობამდე არ მიხვიდე, გასაგებია? შეეშვი მაგათ, ნუ უთვალთვალებ და აკეთე შენი საქმე!

სკოლის მკაცრმა დირექტორმა გაკიცხა თავხედი მოსწავლე! ამ სცენას ჰგავდა შემოდგომისა და ნოემბრის პირისპირ დგომა.

წავიდა შემოდგომა და დარჩა მარტო გახევებული, შეურაცხყოფილი ნოემბერი. სიბრაზე ახრჩობდა, მაგრამ მაინც მიუტრიალდა საქმეს, ეხლა ღალატი არ შეიძლებოდა, მაგრამ იმათ თვალთვალზე მაინც არ უთქვამს უარი.

ერთ დღეს, მოწყენილმა და ქვემოთ ჩასულების თვალთვალით დაღლილმა ნოემბერმა ზამთრის ოჯახის წევრები თავისთან დაპატიჟა და დაჰპირდა, რომ ხუთივე ადამიანად ქცეულ, უკვდავ არსებას აჩვენებდა ახლოდან.

ენატრებოდათ დედა ზამთარი ოჯახის წევრებს, ამიტომაც მივიდნენ ნოემბერთან დეკემბერი, იანვარი და თებერვალი.

– დედას სახეს გვაჩვენებ მართლა? – იკითხა დეკემბერმა.

– გაჩვენებთ, სახესაც და ტანსაც, ოღონდ, თუ ღმერთი გწამთ, დედას ნუ ეძახით. დედა კი არა, შეყვარებული გოგოა.

– რას ამბობ! ვინ უყვარს?!

– კაცი!

– წამოდი, შეეშვი, არ უნდა მოვსულიყავით!

– ხელი გამიშვი თებერვალო, მაინტერესებს, რას ამბობს ეს!

– ხომ იცი როგორია, ტყუის!

– არ ვტყუი, დასხედით.

პულტი აიღო და უზარმაზარ ეკრანზე გამოჩნდა ქალის სახე.

– ესაა თქვენი ზამთარი.

– ლამაზია! – წამოიყვირა იანვარმა, – განაგრძე.

– განვაგრძობ, ოღონდ იცოდეთ, ამის უფლება, რასაც ვაკეთებ არ მაქვს, გაჩვენებთ, აგიხსნით. ამ ხუთიდან, ორი უკვე თავგზააბნეულია და იქ უნდათ დარჩენა.

– ვინ არიან!

– ზამთარი და ოქტომბერი.

გზააბნეულებად ნოემბერმა შეყვარებულები მოიხსენია.

– მოგვიყევი, გვაჩვენე, გვინდა ყველაფერი ვიცოდეთ ნოემბერო!

– ახლავე დეკემბერო.

ნოემბერმა თქვა, რომ საქართველოში მოხვედრისთანავე დაიწყო მათი მოგზაურობა. მთაც ნახეს, ბარიც, ზღვაც, ემოციებით აღივსნენ.  დედაქალაქთან ახლოს, ისტორიულ ქალაქ-მუზეუმში გაიცნეს ფრანგი ტურისტი ჟაკი, რომელმაც ზამთარს იმთავითვე მოსტაცა გული და დაისაკუთრა. მათ ჟაკი თბილისში მიიყვანეს სასტუმროში, სადაც ცხოვრობდა. ჟაკმა ისინი დაპატიჟა კახეთში რთველზე, თავისი ქართველი მეგობრის ოჯახში, რომელსაც ცისკარა ჰქვია და ჟურნალისტია. აქვს საკუთარი გამომცემლობა, ოცნებობს ჰქონდეს სტამბაც, რომ ის ძალიან დაუახლოვდა ამათ და მისი ასეთი სიახლოვე ხუთეულთან არის საშიში, კიდევ მეტად საშიშია ცისკარას ცოლი, ვინაიდან დაუმეგობრდა ზამთარსა და გაზაფხულს. ისინი ყველგან ერთად დადიან, – მაღაზიებში, რესტორნებში, ღონისძიებებზე, პიკნიკებზე, ჩვენი გოგოები არაფერს ამბობენ, მხოლოდ მსმენელები არიან. ის კიდევ ლაპარაკობს, თავისი სიყვარულის ისტორიაზე და ახლო მომავალში ელოდება სიყვარულის ნაყოფს.

დეკემბერმა, იანვარმა და თებერვალმა ვერ გაიგეს თუ რას ნიშნავს „სიყვარულის ნაყოფი“.

– ეს ახალი სიცოცხლის, ადამიანის დაბადებაა, შესაძლოა, ჩვენები მომსწრენი გახდნენ ამ ფაქტისა და ესაა ძალიან საშიში.

– კი მაგრამ, პატარა ადამიანის გაჩენა რატომ უნდა იყოს საშიში?! – იკითხა იანვარმა.

– საშიში მხოლოდ ერთისთვისაა, ზამთრისთვის.

– რატომ!

– მასაც მოუნდება სიყვარულის ნაყოფი და იმიტომ.

– სულ მთლად ადამიანად იქცევა?!

– დიახ, და იქ დარჩება, სამუდამოდ, დავკარგავთ!

– ოქტომბერს რაღა სჭირს, მაგას ვინ უყვარს.

– ოქტომბრის საქმე არაა კარგად. ამას დასჩემდა ღამღამობით ქალაქის ქუჩებში მარტო ხეტიალი, ბარ-რესტორნებში უყვარს ყოფნა და ტკბობა. იქ გაიცნო ქალი. იმაზე დარდობს და ფიქრობს ამ ბოლო დროს, მთვარეულივითაა.ეხლა იმ სახლს გაჩვენებთ, სადაც ესენი ცხოვრობენ.

ეკრანზე გამოჩნდა ძველი, ქვიშისფერი სახლი, ძველ თბილისში, ჩუქურთმებიანი, ულამაზესი აივნებით და კოშკით.

– ეს ძველი სახლი ვინ აარჩია? – იკითხა თებერვალმა.

– მარტმა. სახლის ერთი ფლიგელი მთლიანად იყიდა.

– პირველ სართულზე თავად დასახლდა გაზაფხულთან ერთად, უზარმაზარი ბინაა.

– მეორეზე აგვისტო და ოქტომბერი ცხოვრობენ ცალცალკე. აი, ზამთარი ბოლო სართულზე ცხოვრობს, კოშკი რომაა, ისიც მას ეკუთვნის. ჟაკი მიდის ხოლმე მასთან, დასხდებიან კოშკში, სვამენ ყავას და ლაპარაკობენ მთელი ღამე, ოღონდ არ ვიცი, რა აქვთ ამდენი სალაპარაკო და კიდევ, ერთმანეთს ეფერებიან.

– უიიი! – ერთხმად გამოხატეს გაოცება ზამთრის თვეებმა, არ იცოდნენ, სწყენოდათ თუ გახარებოდათ, ვერაფერს იზამდნენ, ისევ ღმერთის ნებით უნდა დამთავრებულიყო ეს ამბავი, ვინაიდან, დედმიწაზე ყველა ისტორიას დასაწყისიც აქვს და დასასრულიც.

ფ რ ა გ მ ე ნ ტ ე ბ ი

ნოემბერი ამბებს ყვებოდა, მაგრამ ყველაფერი მაინც არ იცოდა.

ხუთივემ იმდენი რამის გაკეთება და ნახვა მოასწრო, ზოგი ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ ვერ მოასწრებს. ფეხით მოიარეს სრულიად საქართველო, გარდა იმ ტერიტორიებისა, მტერმა ახლო წარსულში რომ მოსტაცა ქართველებს.

ოქტომბერს მოსვენება დააკარგვინა ერთმა ქალმა, რომელიც ბარში გაიცნო. ის თავის მეგობარ გოგონებთან ერთად ერთობოდა.

ოთხი დღე და ღამე მესიჯებს წერდნენ ერთმანეთს. სასიამოვნო იყო ეს მიმოწერა, მაგრამ ოქტომბერს ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა   და დაიწყებოდა ნამდვილი ურთიერთობა. ათი დღე და მორჩა, მერე გაქრებოდა ამ ქვეყნიდან. ერთხელაც, ნონამ თავის სახლში დაპატიჟა ჩვენი მათე, – იგივე ოქტომბერი.

ესტუმრა მათე ნონას, რომელიც დროებით მარტო ცხოვრობდა ორსართულიან, წითელი აგურის სახლში, ვინაიდან მშობლები დროებით საზღვარს გარეთ იმყოფებოდნენ. ეზო ძალიან პატარა ჰქონდა სახლს, მაგრამ რაც იყო, სანაქებოდ სუფთა და მოვლილი.

რომანტიული ვახშმის შემდგომ, ნონამ ის საძინებელ ოთახში შეიყვანა. მათეს არ სჯეროდა, რაც ხდებოდა… უცერემონიოდ გაშიშვლდა გოგონა.

ტანსაცმლის გახდა დაუწყო კაცს და მათეს შერცხვა, ოღონდ, მაინც ემორჩილებოდა, იგრძნო, რომ ქალი მართავდა და თავის  ნებაზე, უსიტყვოდ ბრძანებლობდა.

ლოგინის სასიყვარულო თამაშები ისევე მალე შეწყდა, როგორი სისწრაფითაც დაიწყო. დაღლილმა ნონამ გვერდი იცვალა და ფშვინვა ამოუშვა.

ძარღვებში სისხლი გაეყინა მათეს, თუ რამ სიამოვნება მიიღო, სიმწრად ექცა, ფიზიკურ ტკივილად…

გაწბილებულ მათეს სიყვარული ზიზღად ექცა.

გული დასწყდა ერთ რამეზე. ნონას დანახვაც კი არ სურდა, არამცთუ შეხვედრა. წამიერი იყო ის სიამოვნება, იყო და დამთავრდა, თითქოს არც ყოფილა.

დამთრგუნველი საწოლის სასწრაფოდ დატოვების სურვილი გაუჩნდა…

შეეშინდა, გოგოს არ გაეღვიძოს და ისევ ცოდვის მორევში არ გამხვიოსო. ჩუმად, კანკალით ჩაიცვა, დაავლო თავის ფეხსაცმელებს ხელი და ქურდივით გაიძურწა.

ფეხით იარა საბურთალოდან თავისუფლების მოედნამდე, დილის ათი საათი იყო, მივიდა სახლში  და სავარძელში ჩაესვენა.

გიორგი, იგივე აგვისტო თავს დაადგა, ჩუმად შემოსულიყო ბინაში.

– რა გინდა!

– რა გჭირს, მათე, რამ გაგაბრაზა?!

– შედი რა შენს სადგომში!

– არა, სანამ არ მეტყვი არ გავალ.

– სექსი მქონდა!

– მოგეწონა?

– ეს დაკითხვაა?!

– არა, გეკითხები, როგორც ახლობელს, მე ხომ არასდროს მქონია…

– რა გიშლის ხელს, წადი, მიდი!..

– გადაირიე ბიჭო?! რას მიყვირი, მტერი ვარ შენი, თუ ვეღარ მცნობ! თქვი, რას გრძნობ, მოგეშვება, დაწყნარდები ძმაო. წყალი მოგიტანო?

– მომიტანე, ხო!

გიორგიმ წყალი მიაწოდა. მათემ დალია.

– სინანულში ვარ!!! – ნიკაპი აუკანკალდა მათეს და ცრემლებიც გადმოყარა, – ქალთან ვიყავი!!!

– რატომ, სიყვარული ცოდვა არ არის!

– არ მყვარებია, მისი დანახვაც კი არ მსურს, თითქოს, მძულს კიდეც! რატომ დამემართა ეს, ეხლა დავისჯები, ხომ?

– რატომ უნდა დაისაჯო, ასეთი რამ ხშირად ემართებათ ადამიანებს. გეგონა გიყვარდა, და არ გყვარებია.

– აბა, რა იყო ეს! ჯერ კიდევ გუშინ, მასზე ვოცნებობდი და ეხლა…

– შეგეშალა, უბრალოდ ლტოლვა გქონდა ლამაზი გოგოს მიმართ. მომხდარმა ფაქტის წინაშე დაგაყენა,  მიხვდი, რომ არ გყვარებია. მორჩი ამაზე დარდს, ცოტაღა დაგვრჩა, წავალთ მალე.

– ღმერთი გაიგებდა?!

– რა თქმა უნდა.

– ვაიმე, რა სირცხვილია!

– არაა ეგ სირცხვილი. გინდა შენთან დავრჩე?!

– არა, წადი!

– კარგი.

გიორგი გავიდა ბინიდან და თავისი კარები ღიად დატოვა, გული უგრძნობდა, მათე შემოვიდოდა.

დიდხანს იჯდა მათე, არაფერზე ფიქრობდა, იმიტომ, რომ სიცარიელეს გრძნობდა, ჯოჯოხეთს ჰგავდა ეს სიცარიელე და არაფერში ყოფნას.

თითქოს ძარღვები გაუცხელდა და სისხლიც აუდუღდა, თითქოს გული სისხლის მიმოქცევას ვეღარ მართავდა… წამოხტა სავარძლიდან, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ჯოჯოხეთური ემოცია უნდა შეეგრძნო, განეცადა, ის, რაც კაცს ჭკუას აკარგვინებს და სუიციდამდე მიჰყავს.

შევარდა  სამზარეულოში, დიდი დანა აიღო და მაჯაზე გადაისვა, არაფერი უგრძვნია, უბრალოდ, ალუბლისფერმა სითხემ ამოასხა და იატაკზე დაიღვარა. „ნუთუ ეს ჩემი სისხლია?!“ გაიკვირვა მათემ და მზერა  იატაკიდან საკუთარ ჭრილობაზე გადაიტანა, მაგრამ რა ნახა?!.. ჭრილობა გამქრალიყო, ნაკაწრიც კი არ ჩანდა.

გიორგისთან შევარდა.

– გიორგი, გიორგი ნახე!

გიორგი ტელევიზორს უყურებდა, გამორთო, – რას შევხედო, აბა!

– ვენა გადავიჭერი და ვითომც  არაფერი, გესმის?!

– რატომ გიკვირს.

– მოგვატყუეს, არ ვართ ჩვენ ადამიანები!

გიორგიმ მათეს მკლავებში ხელები ჩაავლო, თვალებში ჩახედა და წყნარად უთხრა: – ცრუობ, ეს შენ იცოდი, რომ არ ხარ ადამიანი, უბრალოდ, ადამიანივით გამოიყურები, საიდან მოხვედი გაიხსენე, ეს ცილისწამებაა!

არ მოუხდა ოქტომბერს ადამიანად ყოფნა, თითებზე ჩამოსათვლელი დღეები იყო დარჩენილი ამ ექსპერიმენტის დასასრულამდე და ის ვერ ითმენდა, შფოთავდა გურმანი მათე, აგვისტო გვერდიდან არ სცილდებოდა და ამხნევებდა, – ცოტაღა დაგვრჩა, ცოტაღაო.

რაც შეეხება პეტრეს, ბოლო დღეებში მოსწყდა გუნდს და რაღაც საქმეების მოგვარება მოიმიზეზა, დილით მიდიოდა და გვიან, ღამით ბრუნდებოდა.

ვითომ მეუღლე მაია  შინ იჯდა და ნაირნაირ კერძებს ამზადებდა, დიასახლისობდა და პროდუქტების საყიდლადაც იშვიათად გადიოდა გარეთ.ბოლო დღეებში გაზაფხული აღმოჩნდა ის ერთადერთი, რომელთანაც ყველა იკრიბებოდა სავახშმოდ.

27 ოქტომბერს, პეტრემ მაიას უთხრა: – დღეს, საღამოს,  სუფრას რომ შემოუსხდებით, თუ არ ვიქნები, მაინც დამელოდეთ, მოგახსენებთ სერიოზულ  ინფორმაციას, რაც ეხება ჩვენს უკან გაბრუნებას.

– რა პრობლემაა, როგორც მოვედით, ისე წავალთ.

– არის პრობლემა, უბრალოდ ვერ გავქრებით.

– რატომ?

– გაგვიჩნდნენ მეგობრები, რომლებიც ინერვიულებენ ჩვენი გაუჩინარების გამო. განსაკუთრებით ბატონი ცისკარა, მუსიე ჟაკი. საიდუმლოს გამხელის უფლება კი არ გვაქვს.

2017 წლის 29 ოქტომბერს ცისკარამ ტელევიზორი ჩართო, რომ საინფორმაციო დილის გამოშვება ენახა. ყოველთვის ასე იქცეოდა დილით, ყავას სვამდა, თან ტელევიზორს უყურებდა და მერე სამსახურში მიდიოდა.

წამყვანმა გამოაცხადა, რომ დღეს, დილის ექვს საათზე, შავი მერსედეს ბენცის მარკის ჯიპი მდინარე თერგის უფსკრულში გადავარდა, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა. მანქანაში მძღოლის გარდა, ოთხი მგზავრი იჯდა. მანქანა მდინარიდან ამოღებულია. შიგნით მსხდომი პირების ვინაობა კი დადგენილია: – პეტრე ჯაიანი, მათე ჭანუყვაძე, მაია შამუგია და თამარ ლიჩელი.

გაოგნებულ ცისკარას ცხელი ყავით სავსე ჭიქა ხელიდან გაუვარდა, მიხვდა, იმათ თუ იპოვიდნენ, ცოცხლებიც აღარ იქნებოდნენ. არ გააღვიძა ფეხმძიმე მეუღლე, ვერც სამსახურში წავიდა…

ერთი თვე  ეძებდნენ დაკარგულებს, მაგრამ მათი გვამები არ მოიძებნა. ცისკარა აღმოჩნდა ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ისინი უკანასკნელად იხილა.

მთელმა საქართველომ შეიტყო, რომ ამ დაკარგულმა ხუთმა ადამიანმა, დიდი როლი შეასრულა მთარგმნელობითი საქმის წინსვლასა და განვითარებაში, მათ თურმე თანამედროვე ფრანგი მწერლების მრავალი რომანი და მოთხრობა უთარგმნიათ ქართულად, რომლებიც იბეჭდებოდა  ცისკარა გურამიშვილის მრავალპროფილიან ჟურნალში „ადამიერი“.

მეგობრების გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე, თბილისში, ცისკარას ნაქირავებ ბინაში, ადვოკატი მივიდა…

მეგობრებს მისთვის თავიანთი უძრავი ქონება დაეტოვებინათ.

იმ სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, პირველ სართულზე ცისკარამ საგამომცემლო ოფისი და სტამბა მოაწყო, მეორე სართულზე არსებული ორი ბინა გაყიდა და მესამე სართულზე თავად დასახლდა.

ის წიგნს წერდა თავის მეგობრებზე, ერთთვიან ურთიერთობაზე, რომლებთანაც ერთად, ამ მცირე დროში, მან იპოვა საკუთარი თავი, მიზანი და ადგილი. ის წერდა ადამიანებზე, რომლებიც ძალიან შეუყვარდა და ვერასდროს დაივიწყებდა. მეგობრების ფრანგულიდან გადმოქართულებული რომანები და მოთხრობები წიგნებად გამოსცა. დარდი კი ვაჟის დაბადებამ შეუმსუბუქა, რომელსაც პეტრე დაარქვა.

ჟაკს თამარის გარეშე ცხოვრების ხალისი დაეკარგა, საფლავი რომ მაინც ყოფილიყო, ის საქართველოში დარჩებოდა და საყვარელი ქალის საფლავთან მივიდოდა ხშირად, გაესაუბრებოდა, იტირებდა და იმ მიწას აკოცებდა, რომლის ქვეშაც თამარი იქნებოდა მოყოლილი, მაგრამ არა, ის და მეგობრები წყალმა წაიღო, სადღაც გაქრნენ, გადაიკარგნენ… და ჟაკს ერთ მშვენიერ, ზამთრის ცივ, თეთრად მორთულ პარიზში დილით, ახლად გაღვიძებულს, კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა სიცოცხლე და ცხოვრება თამარის გამო, რამეთუ გრძნობდა, თავისი ფიზიკური არსებობით ის თავისსავე გულით ატარებდა თამარის ხატებას – ერთგულებით, სიყვარულით, კვლავაც აცოცხლებდა მას, ერთადერთს, სულის, სხეულის ნაწილს, თითქოს ჩამოჭრილს, მტკივნეულს, მაგრამ, მაინც სასიამოვნოს, განუმეორებელს, საყვარელს და შეუცვლელს!

იყო რაღაც, რაც კვლავ აკავშირებდა საქართველოსთან, ცისკარას ოჯახი.

დ ე კ ე მ ბ ე რ ი

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის თვეა, კეთილია და გულმოწყალე, საშინლად გაბრაზებულიც კი, დამნდობი და უკან დამხევია, სევდიანია. დეკემბრის ბოლო დღეებში ადამიანები ჩაფიქრდებიან ხოლმე, თვალს გადაავლებენ განვლილ ცხოვრებას და იმასაც, თუ როგრ ჩაათავეს წელი,  რა იყო მათ ცხოვრებაში  ცუდი და კარგი.

ი ა ნ ვ ა რ ი

ახალ წელს ყველა იმედით ხვდება, თითქოს, თავიდან იწყებდნენ ცხოვრებას. იანვარი გულღია, მხიარული და ბრჭყვიალაა, ბავშვების საყვარელი თვე, ამ დროს,  თოვლის პაპა, ფიფქია და კეთილი ჭინკები ჩნდებიან. იქმნება მირაჟი  ზღაპრული სამყაროსი. თეატრალიზებულია ირგვლივ ყოველივე.

თ ე ბ ე რ ვ ა ლ ი

სიხარულის თვეა, ადამიანები ფიქრობენ, რახან თებერვალს მოვესწარით, მალე გაზაფხულიც მოვაო. ზღაპრის დასასრულივითაა თებერვალი! არა, არ ვიტყვი: – „ჭირი იქა, ლხინი აქაო“. ლხინი იქაც და აქაც, ბარაქა იქაც და აქაც. სიხარული, სიყვარული, იქაც და აქაც, სიმშვიდე და მშვიდობა, – სამუდამოდ!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

შუადღით, ცისკარას მეუღლემ თათიამ, თავის სამი  თვის ვაჟს, პეტრეს დახედა, ოთახიდან გამოსვლა რომ დააპირა, ფანჯრის მინაზე აშკარად ფრინველმა ნისკარტით დააკაკუნა და ორი თეთრი მტრედი დაინახა, მაშინვე ქმარს დაუძახა: – მოდი, ნახე, მტრედები გვესტუმრნენო.

ცისკარამ ისინი ოთახში შემოუშვა, შემოფრინდნენ და ბავშვის საწოლის თავზე შემოსხდნენ, ტკბილად აღუღუნდნენ, თათია დაიბნა.

ერთი მათგანი მხარზე დააჯდა ცისკარას, მერე, ფრინველმა ადამიანს ხელში დაჭერის და მოფერების უფლება მისცა. მტრედმა თავი ისე ასწია, ცისკარას ნისკარტი რომ კარგად დაენახა, პირში  ლალის თვალი ედო. ცისკარამ ხელი გაუწოდა, მტრედმა ლალის თვალი მის ხელის გულზე დადო და გაფრინდა მეორე მტრედთან ერთად.

ცისკარა  მიხვდა, რომ ეს იყო იმ საოცარი ხუთი მეგობრისგან სასწაულებრივი მოკითხვა.  მიხვდა, რომ ისინი აფრთხილებდნენ, ესწავლა ტკივილთან ერთად ცხოვრება, მართალია, სხეულებრივად აღარ არიან, მაგრამ მაინც არიან და ცისკარას გულის ჩაბნელებული ნაწილი სრულიად განათდა.